https://stapravda.ru/20190320/kak_vesennee_ravnodenstvie_otmechayut_kislovodskie_astronomy_131197.html
როგორ აღნიშნავენ გაზაფხულის ბუნიაობას კისლოვოდსკელი ასტრონომები
21 მარტს, მოსკოვის დროით 00 საათსა და 58 წუთზე დადგება გაზაფხულის ბუნიაობა - დღის სინათლისა და ბნელი დროის ხანგრძლივობა დედამიწაზე ერთნაირი იქნება.
უხსოვარი დროიდან ყველა ცივილიზაციაში ამ ბუნებრივ მოვლენას მისტიკურ თვისებებს მიაწერდნენ. არსებობს მრავალი რიტუალი და თქმულება, რომლებიც თან ახლავს ბუნიობას. ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით ცნობილია ცომისგან გამომცხვარი პაწაწინა ტოროლები. მათში მალავდნენ მონეტებს და მძივების მარცვლებს, ბავშვები კი ცდილობდნენ ჯოხზე წამოცმული თავიანთი ფრინველის რაც შეიძლება ცისკენ მაღლა აწევას. ისინი ასე მოუწოდებდნენ მიმომფრენ ფრინველებს სამშობლოში. ამავე დროს გოგონები სურვილებს ჩაითქვამდნენ ანთებულ სანთელთან, ხოლო მხვნელ-მთესველს სჯეროდა, რომ დედამიწა გამოფხიზლდა ზამთრის ძილისგან და რომ დრო იყო დაეწყოთ ხვნა. გაზაფხულის ბუნიობა უყურადღებოთ არც იმ ადამიანებმა დატოვეს, რომლებისთვის უცხო იყო მისტიციზმი. ბოლო დრომდე მეცნიერებმა ამ ზეციურ მოვლენას დაუკავშირეს ასტრონომის დღის აღნიშვნა.
დედამიწასა და მზეს შორის რთულ ურთიერთობებზე და შესაძლო მომავალ კატაკლიზმებზე ჩვენს პლანეტაზე „სპ“-ს კორესპონდენტს ესაუბრება რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მთავარი (პულკოვოს) ობსერვატორიის კისლოვოდსკის მთის ასტრონომიული სადგურის მთავარ მეცნიერ თანამშრომელი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი ანდრეი ტლატოვი .
– რა არის ბუნიობა და როგორ აღნიშნავენ მას ასტრონომები?
– ყველასთვის ცნობილია, რომ დედამიწის ღერძი გადახრილია მისი ორბიტის მიმართ მზის გარშემო. მაგრამ მარტში, ის პერპენდიკულარულად დგება ორბიტის სიბრტყის მიმართ გარკვეული დროის განმავლობაში. მაშინ მზე ანათებს დედამიწის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებს. ადრე ასტრონომ სტუდენტებს ჰქონდათ ლენინგრადიდან მოსკოვში (და პირიქით) ჩასვლის ტრადიცია ასტრონომთა დღის ერთად ხმაურიანად აღსანიშნავად. მაგრამ შემდეგ პროფესიული დღესასწაული გადაიტანეს სხვა თარიღისთვის, და ტრადიციაც გაქრა.
კისლოვოდსკის მთის ასტრონომიული სადგურის თანამშრომლებისთვის ბუნიობა ასტრონომიული გაზაფხულის დაწყების თარიღია. ამ დღიდან ჩვენს ნახევარსფეროში დღის საათების ხანგრძლივობა გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევძლებთ ოპტიკური ინსტრუმენტების უფრო დიდხანს გამოყენებას და მეტი ინფორმაციის მიღებას. ჩვენი, როგორც პატრულის, დაკვირვებები მზეზე ხომ გამთენიისას იწყება და მთავრდება შებინდების შემდეგ.
– კისლოვოდსკის მთის ასტრონომიულ სადგურს ხშირად უწოდებენ მზისას. არსებობს ასეთი სპეციალიზაცია?
– მართლაც, 1948 წლის ოქტომბრიდან, როდესაც შატჟათმაზის მთის პლატოზე, კისლოვოდსკიდან 23 კილომეტრში, სადამკვირვებლო სადგური გაიხსნა, ჩვენ განუწყვეტლივ ვაკვირდებით მზეს. ერთდროულად რამდენიმე ფენაში: ფოტოსფეროში, ქრომოსფეროში, გვირგვინში. პარალელურად, ჩვენ ვაკვირდებით სხვა პლანეტების თანამგზავრებს და ასტეროიდებს, მაგრამ მთავარი ობიექტი იყო და რჩება მზე. და ვინაიდან ანალოგიური მზის სადგურები დაიხურა ამ ათწლეულის დასაწყისიდან იაპონიაში, აშშ-სა და სლოვაკეთში, ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მზეზე დაკვირვების ხედების და დღეების რაოდენობის თვალსაზრისით, ჩვენ საუკეთესო სადგური ვართ მსოფლიოში.
განსაკუთრებით რთულია მზის გვირგვინზე დაკვირვება. ის დაბალკონტრასტულია და ატმოსფეროს ოდნავი დაბინძურებისას არ ჩანს. მტვრის დონე, როგორც ბუნებრივი, ასევე ანთროპოგენული, ზღვის დონიდან 1,700 მეტრის სიმაღლეზე ადის. სწორედ ამიტომ აირჩიეს სადგურის დამფუძნებლებმა მთის პლატო, რომელიც მდებარეობს 2100 მეტრის სიმაღლეზე.
– ათასწლეულის მიჯნაზე ბევრი ისაუბრეს პლანეტა დედამიწაზე მოახლოებული „სამყაროს დასასრულის“ შესახებ და რომ ჩვენს პლანეტას სწორედ მზე გაანადგურებს. იყო რაიმე საფუძველი პანიკისთვის?
– გასული საუკუნის შუა წლებში ჩვენი სადგურის დამფუძნებელმა მსტისლავ გნევიშევმა დაადგინა, რომ მზის აქტივობის 11 წლიანი ციკლი წყვილებშია გაერთიანებული. ასეთი წყვილის თითოეული კენტი ციკლი ბევრად უფრო აქტიურია, ვიდრე ლუწი. გამოთვლების თანახმად, მზის აქტივობის მომდევნო მძლავრი აფეთქება უნდა მომხდარიყო 23-ე ციკლში, უფრო ზუსტად, 1999 წელს. ამას დაემატა მზის დაბნელება, ათასწლეულების შეცვლა ... ასე რომ, ხალხი პანიკაში ჩავარდა.
თუმცა, არაფერი ექსტრაორდინალური არ მომხდარა. უფრო მეტიც, ჩვენმა მოწყობილობებმა დააფიქსირეს, რომ მზის აქტივობის დონე 1999 წელს გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე წინა ციკლებში. და ეს კლება გრძელდება დღემდე. ლაქები მზეზე მიმდინარე 24-ე ციკლში ძალიან ცოტაა. ხოლო 2009-2010 წლებში ორას დღეზე მეტხანს ლაქები მზეზე საერთოდ არ ყოფილა. რაც ასევე უჩვეულოა. მზის აქტივობის ასეთი „სუსტი“ ციკლები არ არის დაფიქსირებული ბოლო ასი წლის განმავლობაში.
– რატომ დაეცა მზის აქტივობა და როგორ ემუქრება ის დედამიწას?
– მზეზე ლაქების გაჩენის ბუნება არასაკმარისად არის შესწავლილი იმის ასახსნელად, თუ რამ გამოიწვია ვარსკვლავის აქტივობის ცვლილება. ნამდვილად შეიძლება იმის მტკიცება, რომ ამას არანაირი კავშირი არ აქვს ამ თერმობირთვულ რეაქტორში საწვავის რაოდენობის შემცირებასთან. წყალბადის მარაგი იქ იმდენად დიდია, რომ მისი უკმარისობის შემჩნევა შეიძლება მხოლოდ მილიარდობით წლის შემდეგ.
რაც შეეხება დედამიწაზე გავლენას, აქ ანალოგიის დამოწმება შეიძლება. XVII საუკუნეში, როდესაც მზეზე თითქმის არ იყო ლაქები, ევროპაში დაიწყო „მცირე გამყინვარების ხანა“. მაგრამ ადამიანებმა იგი გადაიტანეს. ახლაც გადავიტანთ. უფრო მეტიც, სათბურის ეფექტის გამო დედამიწაზე ტემპერატურის მომატებიდან გამომდინარე, მზის რადიაციის უმნიშვნელო შემცირება შესაძლოა სასიკეთოც კი აღმოჩნდეს.
– მყინვარული ხანის გარდა, კიდევ სხვა რა უბედურება შეუძლია მოუტანოს მზემ დედამიწას?
– 1859 წლის სექტემბერში ინგლისელმა ასტრონომმა კარინგტონმა შენიშნა, რომ მზეზე ერთი სფერო ძალიან კაშკაშა ხდება. ეს ფენომენი მხოლოდ ათი წუთი გაგრძელდა. ერთი დღის შემდეგ, პრობლემები დაიწყო დედამიწაზე. ყველგან იწოდა ტელეგრაფის ხაზები, მწყობრიდან გამოდიოდა ელექტროტექნიკა. აფრიკაში ჩრდილოეთის ციალიც კი შენიშნეს. ახლა ვიცით, რომ ეს იყო გიგანტური აალება, რომელიც დედამიწისკენ იყო მიმართული. რენტგენული გამოსხივების მძლავრი ნაკადის გარდა, ის უშვებს მიმდებარე სივრცეში მაღალენერგეტიკულ ნაწილაკებს და მზის ზედაპირული ფენების ნივთიერებას. ძნელი წარმოსადგენი არ არის, რამხელა უბედურება შეიძლება გამოიწვიოს ამგვარმა აალებამ თანამედროვე ქალაქებში.
გიგანტური აალებები წარმოიქმნება მაგნიტური ველის ანიგილაციის შედეგად ლაქებში შედარებით მცირე მონაკვეთზე. მაგრამ ვინაიდან ახლა მზეზე თითქმის არ არის ლაქები და მზის აქტივობის ციკლი მთავრდება, უახლოეს ორ-სამ წელიწადში ამ საფრთხის არ უნდა შეგვეშინდეს.
– კიდევ რა შეიძლება მოხდეს?
–მზის მასა დედამიწის მასას 330 ათასჯერ აღემატება. ამრიგად, მის სიღრმეში ან ზედაპირულ ფენებში მცირედი დარღვევებიც კი ძლიერ გავლენას მოახდენს ჩვენს პლანეტაზე. კისლოვოდსკის სადგურის მოწყობილობები რეგულარულად აფიქსირებს მზის გვირგვინის მასის ამოფრქვევას მიმდებარე სივრცეში. თუ პლაზმის ასეთი ღრუბელი აღმოჩნდება დედამიწაზე, ჩვენ დიდი უსიამოვნებები გვექნება. მაგრამ, საბედნიეროდ, ამის ალბათობა დიდი არ არის. ასევე საშიშია ეგრეთ წოდებული მზის ქარის მკვეთრი გაძლიერება. ის მუდმივად უბერავს და მოაქვს დამუხტული ნაწილაკები 200-300 კილომეტრის სიჩქარით წამში. ამ დაბომბვისგან ჩვენ გვიცავს დედამიწის მაგნიტური ველი. მაგრამ ზოგჯერ მზის ქარის სიჩქარე 600-1000 კილომეტრამდე წამში იზრდება, ამ შემთხვევაში დედამიწაზე იწყება გეომაგნიტური დარღვევები.
სადგურზე, ახალი მაგნიტოგრაფის წყალობით, ჩვენ შევქმენით კოსმოსური ამინდის პროგნოზირების კომპლექსი სამი კომპონენტის მიხედვით. ადრე, ასეთი პროგნოზები მხოლოდ აშშ-ში კეთდებოდა.
– ამ დღეებში სატელევიზიო არხზე „კულტურა“ აჩვენეს ცნობილი ინგლისელი ასტრონომის სტივენ ჰოკინგის წინასწარმეტყველების კომპიუტერული ანიმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გააშრობს მზე ერთ დღეს ოკეანეებს და გაადნობს ქვებს დედამიწაზე. ეს გარდაუვალია?
– დიახ. ფიზიკის კანონების თანახმად, ისეთი ვარსკვლავი, როგორიც ჩვენი მზეა, მისი არსებობის ბოლოს წითელ გიგანტად გადაიქცევა. ამასთან მისი ზომა და გამოსხივებული ენერგიის რაოდენობა ათჯერ გაიზრდება.
თუმცა, ადამიანები ამის გამო არ უნდა აღელდნენ. თანამედროვე კაცობრიობა არსებობს ას ათას წელზე ნაკლებს. და მან უკვე მიაღწია განვითარების პიკს. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ხუთი მილიარდი წელი წითელი გიგანტის გამანადგურებელ სიცხემდე. მზე გვაძლევს უამრავ დროს. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ თვითონ არ შევამციროთ კაცობრიობის სიცოცხლე.
ჩვენ უნდა გვიხაროდეს ყოველი ახალი დღის. განსაკუთრებით გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ. ვინაიდან ხვალიდან მზე თითოეულ ჩვენგანს კიდევ უფრო მეტ სინათლეს და სითბოს გვაჩუქებს.
ნიკოლაი ბლიზნიუკი
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised