понедельник, 25 октября 2021 г.

ავტოგრაფი | „კულტურული განსხვავებები და პოლიტიკური საზღვრები გლობალური მიგრაციის ეპოქაში“

 https://postnauka.ru/books/41330

ავტოგრაფი | „კულტურული განსხვავებები და პოლიტიკური საზღვრები გლობალური მიგრაციის ეპოქაში“

თანამედროვე სამყაროში „საზღვრის“  ცნების, მოქალაქეობის ფენომენისა და ეროვნული ცენტრიზმის შესახებ

2014 წელს გამოქვეყნდა პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის ვლადიმერ მალახოვის წიგნი, რომელიც მიეძღვნა „საზღვრის“ ცნებას და მის როლს თანამედროვე სამყაროში. პოსტნაუკამ უკვე გამოაქვეყნა თავი ამ ნაშრომიდან, ჩვენ კი ახლა გავესაუბრებით ავტორს მისი კვლევის, ეროვნული იდენტობის ფენომენებისა და მიგრაციის პროცესების შესახებ.

—რამ მოახდინა გავლენა თქვენს გადაწყვეტილებაზე დაგეწერათ წიგნი ამ თემაზე?

— რაც სერიოზულად მაწუხებდა, როგორც მოქალაქეს და მკვლევარს, იყო პოლიტიკური საზღვრების სტილიზაცია, როგორც კულტურულის ან ცივილიზაციურის. ძალიან ხშირად, იქ, სადაც საზღვარს პოლიტიკური ხასიათი აქვს, მას განმარტავენ, როგორც თითქოს, კულტურით  განპირობებულს. დღევანდელი სოციალური მეცნიერება, კერძოდ კონსტრუქტივისტული მიმართულება სოციალურ მეცნიერებაში, გვთავაზობს სხვა გზით წასვლას, კერძოდ: ლოგიკის შეცვლას და საზღვრების ისე განხილვას, რაც კონსტატირებს განსხვავებებს. ეს შეიძლება მთლად ცხადი არ იყოს, მაგრამ ასეა. თუ გავლილია საზღვარი, ვთქვათ, იურიდიული, სიმბოლური, სოციალური, მაშინ ის განსხვავებები, რომლებიც შეიძლება ძალიან არაარსებითი, უმნიშვნელო იყოს ადამიანებისთვის, უცებ გახდება მნიშვნელოვანი.

— რატომ ხდება ეს? ეროვნული იდენტობაა?

აი მაგალითი: ვინმესთვის აქვს მნიშვნელობა, რომ მისი მეზობელი, ვთქვათ, ებრაელია? ადამიანის ეთნიკური კუთვნილება შეიძლება 25-ე ადგილზე იყოს, როგორც მისი ინდივიდუალური იდენტურობის, ასევე მის გარშემო მყოფი ყველა ადამიანისთვის. ადამიანებმა შეიძლება არ განასხვავონ ერთმანეთი ამ ნიშნით. მაგრამ წარმოიდგინეთ საზოგადოება, რომელშიც თქვენი ეთნიკური კუთვნილება განაპირობებს თქვენს ხელმისაწვდომობას სოციალურ რესურსებზე. აუცილებელი არ არის ეს იყოს მესამე რაიხი, ეს შეიძლება იყოს საბჭოთა კავშირი, სადაც ებრაელებისადმი კუთვნილება შეიძლება ყოფილიყო მიზეზი იმისა, რომ თქვენ ვერ ჩააბარებდით გარკვეულ უმაღლეს სასწავლებელში. და პირიქით, თუ თქვენ მიგაკუთვნეს, ვთქვათ, თათრებს ან ტაჯიკებს, თქვენ შეგეძლოთ სწორედ ასეთ უნივერსიტეტში სწავლა. ამრიგად, თქვენი ეთნიკური კუთვნილება შეიძლება არარელევანტური ყოფილიყო თქვენი იდენტობის სტრუქტურაში, მაგრამ ის აღმოჩნდა რელევანტური სოციალური ურთიერთობების სტრუქტურაში. განსხვავებები, რომლებიც უმნიშვნელო იყო (და ამ გაგებით არ არსებობდა), გახდა მნიშვნელოვანი  და იწყებდა არსებობას  საზღვრის გაყვანის შედეგად. გამოდის, რომ განსხვავებები კი არ განსაზღვრავს საზღვარს, არამედ პირიქით.

— როგორ იქმნება ეს საზღვრები?

— სხვადასხვა გზით. ეს შეიძლება იყოს იურიდიული საზღვარი, რომელსაც ატარებს გარკვეული პოლიტიკური რეჟიმი, მაგალითად, აპარტეიდის რეჟიმი. და მაშინ გარკვეული ნიშნის საფუძველზე - რასობრივის თუ „ეთნიკურის“ (ეს არის ძალიან რთული კატეგორია) - ხდება ადამიანთა დაჯგუფება. „რასობრივი“ საზღვარი იწყებს იმის განსაზღვრას, თუ სად და ვის აქვს დასახლების უფლება, სად უნდა შევიდეს და სად არის აკრძალული შესვლა და ა.შ. ან კასტებად დაყოფის სისტემა, რომელიც განსაზღვრავს ადამიანების მდგომარეობას სოციალურ სივრცეში. თუმცა იურიდიულად კასტური დაყოფა დიდი ხანია აღარ არსებობს ინდოეთში, ისინი არსებობენ როგორც სიმბოლური საზღვრები.

ერთი შეხედვით,  თითქოს აშკარად ჩანს, რომ ადამიანები ერთმანეთისგან მრავალი პარამეტრით განსხვავდებიან: გენდერული, ასაკობრივი, სოციალურ სტატუსური, რელიგიური. მაგრამ რომელი მათგანი გახდება მნიშვნელოვანი, რელევანტური ადამიანების ურთიერთქმედებაში და რომელი არარელევანტური - ეს განისაზღვრება არა „ობიექტური რეალობით“, არა განსხვავებებით, როგორც ასეთის, არამედ იმის მიხედვით, ხედავენ თუ არა ადამიანები ამ განსხვავებებს.

— რა არის თქვენი წიგნის მთავარი თეზისი?

— რამდენიმეა. ვინაიდან წიგნი შედგება ცალკეული სტატიებისგან, შეიძლება ითქვას, რომ თითოეულ თავ-სტატიას აქვს თავისი მთავარი თეზისი. მაგრამ არსებობს მთავარიც. ალბათ მთავარი, რისი ჩვენებაც მინდოდა, იყო ესენციალისტური ლოგიკის საეჭვოობა, პრობლემატურობა.

 ესენციალიზმი არის მიდგომა სოციალური რეალობისადმი, რომელიც განიხილავს ადამიანთა ერთობას, როგორც რაღაც თავისთავად ცხადს.

მაგრამ ადამიანთა ერთობა უნდა იყოს აღწერილი არა როგორც ის, რაც ბუნებით არის მოცემული, არამედ როგორც ის, რაც წარმოიქმნება, კონსტრუირებულია სოციალურ ურთიერთქმედებაში. მე ვამტკიცებ, რომ განსხვავებები და დაყოფა, რომელსაც ადამიანები აკეთებენ, ლოგიკურად პირველადი უნდა იყოს. მთავარია, სურვილი იყოს, საზღვრები კი ყოველთვის დაფიქსირდება.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კატეგორიები, რომლებშიც ჩვენ წარმოვიდგენთ სოციალურ სამყაროს, არანაირად არ არის თვით რეალობის რაიმე სახის უნივერსალური განსაზღვრება. ეს არის რეალობის ხედვის, სტრუქტურირების, მისი გაყოფის გზები. ანუ გაყოფის (დაყოფის) კატეგორიები ერთ და იმავე დროს, არის როგორც ეპისტემოლოგიური, ასევე პოლიტიკური ინსტრუმენტი. მაგალითად, ჩვენ ადამიანებს ვყოფთ ადამიანებს შავკანიანებად, თეთრკანიანებად და ყვითელკანიანებად, ან ებრაელებად და არაებრაელებად, ან ოქსბრიჯის კურსდამთავრებულებად და ნახევრად წიგნიერებად, რომლებიც კოკნის დიალექტზე საუბრობენ. რომელ ოპტიკას ავირჩევთ, განსაზღვრავს ჩვენს ხედვას. ეს, რაც ეპისტემოლოგიას ეხება. რაც შეეხება პოლიტიკურ განზომილებას, კატეგორიები არის ის ინსტრუმენტი, რომელიც გვეხმარება სოციალური და პოლიტიკური სივრცის სტრუქტურირებაში, კლასიფიკაციაში, ანუ გაყოფაში. ეს შეიძლება იყოს დინასტიის კატეგორიები, როგორც შუა საუკუნეებში, ან  კონფესიის კატეგორიები, როგორც დღეს ფანატიკოსებისთვის  ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოდან. ეს შეიძლება იყოს ერის კატეგორია, რომელიც ასე მყარად ჩამოყალიბდა მოდერნის, როგორც ცნების  დადგომასთან ერთად.

შემდეგი თეზისი. თუ კატეგორიები არის დაყოფის ინსტრუმენტი, მაშინ საინტერესოა იმის მიკვლევა, თუ რატომ ხდება სხვადასხვა შემთხვევებში განსხვავებული ნიშნები აღება გაყოფის საფუძვლად. მაგალითად, შეერთებული შტატების შემთხვევაში, დღეს ასეთი საფუძველია ენა. რასა უკვე უკანა პლანზე გადავიდა, აღარ არის სიმბოლური საზღვრების მარკერი, როგორც ეს იყო ჯერ კიდევ 1960-იან წლებში. ახლა ასეთი მარკერი ენა გახდა. მე მხედველობაში მაქვს განსხვავება „ისპენიქსა“ და ინგლისურენოვანებს შორის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკული საჯარო დებატებისათვის. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე რელიგია.

ევროპაში კი ასე არ არის: იქ ასეთი მარკერი რელიგიაა. ეს არის სიმბოლური დაყოფა (პოსტ) ქრისტიანულ ავტოქტონურ მოსახლეობაზე და ჩამოსულ მუსულმანებზე, უფრო სწორად, რელიგიისადმი ინდიფერენტულ ევროპელებზე, ერთი მხრივ, და მორწმუნეებზე ისლამური ქვეყნებიდან, მეორე მხრივ. რუსეთში, ასეთი სიმბოლური მარკერის როლს ეთნიკური წარმომავლობა ასრულებს, რასაც არ უნდა გულისხმობდნენ ამაში. ეთნიკურობა შეიძლება გაგებული იყოს როგორც ფენოტიპური მახასიათებლები (თავის ქალა, ცხვირის ფორმა, თვალების ჭრილი, შავგვრემანი, ან პირიქით, კანის ღია ტონალობა და ასე შემდეგ), შეუძლიათ გაიგონ ენა, ზოგიერთი ადათ-წესები და ტრადიციები (არაყს სვამ - არაყს არ სვამ). ჩვენიანი/ არა ჩვენიანი რუსეთში განისაზღვრება „ეთნიკური“  ნიშნებით.

—  როგორ  ყალიბდება ეს კატეგორიები გასამიჯნად? ენობრივი, რელიგიური.

— ეს აის ყველაზე საინტერესოა. ეს ზუსტად ეს უნდა იყოს  შესწავლილი. კონკრეტულად რა ხდება სოციალურ ურთიერთობებში, რაც იწვევს ამ ცვლილებებს კატეგორიზაციებში? რა არის ის კონტექსტები, რომლებშიც ესა თუ ის კატეგორიები იკვეთება წინ, სხვა კი უკან იხევს? შტატებშიც ხომ  XX საუკუნის შუა პერიოდამდე აზროვნებდნენ რასის კატეგორიებში.  გავიდა 40-50 წელი, და რასაც უკანა პლანზე გადიწია.

ახლა შემდეგი საკითხი: საზღვრები მიგრაციის ეპოქაში. შემთხვევით არ დავამატე ეს წიგნის სათაურში. საქმე იმაშია, რომ გლობალური მიგრაციების ფენომენი გვაიძულებს გადავხედოთ საზოგადოებათმცოდნეობის ზოგიერთ ძირითად ეპისტემოლოგიურ ვარაუდს, კერძოდ იმას, რასაც სოციალური თეორეტიკოსები მეთოდოლოგიურ ნაციონალიზმს უწოდებენ.

— რა არის ეს?

— ეს არ არის ჩვეულებრივი, იდეოლოგიური ნაციონალიზმი, არამედ მეთოდოლოგიური მითითებაა. ეს არის შეხედულება სამყაროზე, რომელშიც ის აღიქმება, როგორც ბუნებრივად დაყოფილი ერებად. არა დინასტიებად, არა კონფესიებად, არც რასებად, არამედ ერებად. ეს არის ერთგვარი ოპტიკა, რომელიც გვთავაზობს სამყაროს ასე დანახვას, როგორც  „ნაციონალისტურის“. ჩვენ გამოვდივართ მოცემულობიდან სახელად ერი (ან ერი- სახელმწიფო, რაც ამ შემთხვევაში მეტნაკლებად ერთი და იგივეა), და ჩვენ ვუყურებთ სამყაროს თითქოსდა ამ ერი-სახელმწიფოს შიგნიდან. შედეგად, ჩვენ მიგრაციას ვუყურებთ როგორც რაღაც გამოწვევას, როგორც „პრობლემას“, ხოლო მიგრანტებს, როგორც არასასურველ გადამთიელებს, საეჭვო სუბიექტებს, რომლებიც კვეთენ ეროვნულ საზღვრებს.

 ამ ოპტიკაში მიგრაციის ფენომენი ჩნდება როგორც ერთგვარი ანომალია, როგორც გარკვეული რეგიონების ეკონომიკური დეგრადაციის შედეგი.

და ამით ჩვენ ვერ ვამჩნებთ მოვლენათა დიდ რაოდენობას. მაგალითად, ისეთ მოვლენას, როგორიცაა ტრანსნაციონალური საზოგადოება. ემიგრანტების - სხვა ქვეყნებიდან მოსულთა საზოგადოებებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ რომელიმე ქვეყანაში - უწოდებენ არაზუსტ სიტყვას „დიასპორა“, ისინი ქმნიან არსებობის, სოციალური პრაქტიკებისა და იდენტურობის ისეთ ფორმებს, რომლებიც არ ჯდება ჩვეულ სქემებში. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ მიგრაცია არა მხოლოდ და არა იმდენად ღარიბი და უბედური ადამიანები არიან, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ თავიანთი ქვეყანა ეკონომიკური თუ პოლიტიკური მიზეზების გამო.

მიგრაცია მობილობაა. მიგრაცია განუყოფელია მოდერნიზაციისგან, ასევე კრეატულობისგან, რადგან ადამიანთა დიდი ნაწილი ტოვებს თავის ქვეყნებს არა იმიტომ, რომ ცუდად გრძნობენ თავს, არამედ იმიტომ, რომ არ შეუძიათ საკუთარი თავის რეალიზაცია იმ ადგილას, სადაც ისინი ცხოვრობენ. ისინი, პრინციპში, იქ ცუდად არ გრძნობენ თავს, მაგრამ მათ სხვა რამ სურთ და იმედი აქვთ, რომ ამ რაღაცას სხვა ქვეყანაში იპოვიან. ყველა სახის მენეჯერი, ბიზნესმენი, მხატვარი, მსახიობი ასევე მიგრანტები არიან. თუ ჩვენ მიგრაციას შევხედავთ ნაციოცენტრისტული  სათვალეებით, ჩვენ ვერ შევამჩნევთ ამ ფენომენებს, ჩვენ დავინახავთ მხოლოდ გამოწვევებს ჩვენი nation state-ს  მიმართ და დეგრადაციას განუვითარებელ (ისინი ასევე „განვითარებად“) ქვეყნებში, რომლებიც ადამიანებს მიგრაციისკენ უბიძგებენ.

სინამდვილეში, გლობალური მიგრაციების ფენომენი - და მას უფრო ზუსტად ვუწოდოთ მოძრაობების, გადაადგილების ფენომენი - არის მოვლენა,  რომელიც თან ახლავს კაცობრიობას სულ მცირე ბოლო 150 წლის განმავლობაში. ეს ინდუსტრიული საზოგადოების ფენომენია, ინდუსტრიული ცივილიზაციის ფენომენი. და ვიმეორებ, ნაციოცენტრიზმი, ან მეთოდოლოგიური ნაციონალიზმი, არის ის ოპტიკა, რომელიც ხელს უშლის მიგრაციის მოვლენის სრულად დანახვას.

სხვათა შორის, მე ვნახე უბრალო მოაზროვნე ადამიანების გამოძახილები, რომლებმაც წაიკითხეს წიგნი და მეთოდოლოგიური ნაციონალიზმის ჩემს კრიტიკაში დაინახეს არსებული წესრიგის ერთგვარი შელახვა. თითქოს მე მოვუწოდებ სამყაროს მოწყობის შეცვლისკენ. რა თქმა უნდა, საუბარი ამის შესახებ არ არის. მე არ ვარ გიჟი და მესმის, რომ უახლოეს პერსპექტივაში სამყაროს დაყოფა ერ-სახელმწიფოებად იქნება დომინანტური - პოლიტიკურად. მე ეჭვქვეშ ვაყენებ არა სამყაროს მოწყობას, არამედ შეხედულების   სტრუქტურას.

— რა ემართება ეროვნულ საზღვრებს და ეროვნულ იდენტობებს მიგრაციის  პირობებში?

— ეროვნული საზღვრები არა მხოლოდ და არ იმდენად პოლიტიკური და იურიდიულია, ანუ ისეთი, რომლებსაც იცავენ მესაზღვრეები, მებაჟეები და ასე შემდეგ, არამედ ასევე კულტურულ- ფსიქოლოგიური საზღვრებია. და აქ ჩნდება კითხვა კუთვნილების, ჩართულობის შესახებ „ჩვენ-საზოგადოებაში“. იმის შესახებ, თუ ვინ არის ჩართული და ვინ არის გარიცხული „ჩვენ-ჯგუფიდან“, ანუ ერიდან. და რა არის ერი, რა არის ხალხი? არსებობს, როგორც სულ მცირე,  მისი განსაზღვრის, წარმოსახვის ოთხი გზა.

ხალხი, ან ერი, შეიძლება წარმოვიდგინოთ, პირველ რიგში, როგორც ეთნიკური სხეული, და მეორეც, როგორც პოლიტიკური სხეული (როგორც თანამოქალაქეობა); ის შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც სუვერენიტეტის წყარო, ძალაუფლების სუბიექტი, ანუ ის, რასაც აპელირებენ ბატონობის ლეგიტიმაციისთვის რომელიმე სახელმწიფოში; და ბოლოს, ხალხი შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც ადამიანთა ერთობლიობა, რომლებიც გაერთიანებულია ვალდებულებებისა და უფლებების კავშირით. ანუ ხალხი არის welfare state  შემქმნელი და მფლობელი, საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს შემქმნელი და მფლობელი, ან, როგორც გერმანელები ამბობენ, Sozialstaat, სოციალური სახელმწიფოს. ეს არის სახელმწიფო, რომელიც თავის მოქალაქეებს აძლევს სოციალური უფლებების გარანტიას. ვინც ფლობს ამ უფლებებს, ეკუთვნის ხალხს. და ვინც მოკლებულია ამ უფლებებს, არ ეკუთვნის ხალხს. და ბოლოს, ხალხს მიეკუთვნება ისინი, ვინც გარკვეულ ვალდებულებებს კისრულებს თავისი თანამოქალაქეების წინაშე (მაგალითად, გადასახადები, მაგრამ არა მხოლოდ, ასევე არსებობს სხვადასხვა სახის მორალური ვალდებულებები). და ვისაც არ აქვს ასეთი ვალდებულებები, არ ეკუთვნის ხალხს.

ახლა მოდით შევხედოთ მოქალაქეობას. მოქალაქეობა არ არის მხოლოდ და იმდენად პასპორტი. ეს არ არის მხოლოდ თქვენი კუთვნილება სახელმწიფოსადმი, რომლის იურისდიქციაში ხართ, და არა მხოლოდ უფლებების ერთობლიობა. ის ასევე კუთვნილებაა - კუთვნილება ვალდებულებების, ერთობლივი პრაქტიკის მეშვეობით, რომლებიც ამ ვალდებულებებს წარმოშობს. არსებობს ბევრი ისეთი სიტუაცია, როდესაც ადამიანები დე იურე არ არიან მოქალაქეები, ანუ მათ არ აქვთ იმ ქვეყნის პასპორტი, სადაც ისინი ცხოვრობენ, მაგრამ ისინი არიან დე-ფაქტო მოქალაქეები, რადგან ცხოვრებაში ისინი ეკუთვნიან ადამიანთა საზოგადოებას ამ ქვეყანაში, რომელიც - ეროვნულია. ისინი ეკუთვნიან მას, მაგალითად, იმიტომ, რომ მათ ჰყავთ მეგობრების წრე ამ ქვეყანაში, რომ მეზობლები აღიქვამენ მათ როგორც თავისიანებს, რომ ისინი იხდიან გადასახადებს, რომ დაკავებულნი არიან მცირე ბიზნესით, და ამიტომ აქვთ ეკონომიკური და სოციალური კავშირები და ასე შემდეგ .... ანუ სახეზეა მათი ფაქტობრივი კუთვნილება „ხალხისადმი“ ამ კუთვნილების ფორმალური დაფიქსირების გარეშე. რა თქმა უნდა, არის პირდაპირ საპირისპირო სიტუაციები: ფორმალურად ადამიანი არის მოქალაქე, ფაქტობრივად კი არა. არ იხდის გადასახადებს და არც ვალდებულებები აქვს ნაკისრი. ან იმ ქვეყანაში არ ცხოვრობს, რომლის პასპორტს ის ფლობს.

ერთი სიტყვით, მოქალაქეობის ფენომენი ძალიან საინტერესოა. მე მივმართავ მას სხვადასხვა ასპექტში, მათ შორის პოლიტიკურ-იურიდიულშიც. კერძოდ, მე ვსაუბრობ მოქალაქეობის რეჟიმებზე ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში, ასევე ნორვეგიისა და შვეიცარიის შესახებ, რომლებიც არ შედიან ევროკავშირში. კერძოდ: რა შეიცვალა ამ რეჟიმებში 1980-1990-იან წლებში და 2000-იანი წლების დასაწყისში, რა ხდება დღეს, რა მდგომარეობაა ეგრეთ წოდებულ jus soli– სთან, მიწის უფლებასთან, ანუ მოქალაქეობის მიღების უფლებასთან დაბადების ფაქტის მიხედვით ამ თუ სხვა ქვეყანაში მშობლების მოქალაქეობის მიუხედავად? შემდეგ, ორმაგი მოქალაქეობის ინსტიტუტი, რა დამოკიდებულება ჰქონდათ მის მიმართ 30 წლის წინ, რა დამოკიდებულება აქვთ ახლა, რა შეიცვალა მოქალაქეობის „ფილოსოფიაში“, პოლიტიკაში და მოქალაქეობის შესახებ კანონებში.

ზოგადი დასკვნა, რომლის გაკეთებასაც მე ამა თუ იმ გზით ვცდილობ, არის იმის ბუნების გადახედვის აუცილებლობა, რასაც ჩვენ ეროვნულ საზოგადოებას ვუწოდებთ.

ვფიქრობ, რომ სულ უფრო მეტ ძალას იკრებს იმის გაგება, თუ რა არის ეროვნული საზოგადოება - ეს არ არის წარმოშობის ან თუნდაც კულტურის საზოგადოება, ეს არის მოქალაქეთა საზოგადოება, რომლებიც იზიარებენ გარკვეულ პოლიტიკურ ღირებულებებს. ამავე დროს, თავად მოქალაქეები შეიძლება ძალიან განსხვავდებოდნენ კულტურული და საიდენტიფიკაციო თვალსაზრისით. მაგალითად, ერთდროულად შეიძლება იყვნენ ბრიტანელები და მუსულმანები, რუსები და თათრები და ა.შ.

და აქ ჩვენ მივდივართ პრობლემურ საკითხთან, რომელიც მოთავსებულია "მულტიკულტურალიზმის" რუბრიკაში. ამ თემაზე სტატიებში ვცდილობ გავაქარწყლო აქ დაგროვილი გაუგებრობები. მაგალითად, იდეა, თითქოს  ყველგან ევროპაში შეუბუშბევა გადასვკა კულტურული მრავალფეროვნებიდან  კულტურულად ჰომოგენური საზოგადოების იდეალზე. სინამდვილეში არავინ ცდილობს სიტუაციის უკან დაბრუნებას, პირობით 1950 წელს, როდესაც ევროპაში „სამხრეთელების“ მასობრივი შემოდინება ჯერ არ დაწყებულა. „მულტიკულტურალიზმიდან“ ამ გაგებით - მოსახლეობის კულტურული მრავალფეროვნების თვალსაზრისით - არავინ ამბობს უარს. (ალბათ, მხოლოდ ულტრამემარჯვენე რადიკალები). საუბარი ეხება პოლიტიკის გადახედვას ამ მრავალფეროვნებასთან მიმართებაში. მაგრამ აქაც ყველაფერი გაცილებით რთულია, ვიდრე ბევრს ჰგონია.


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised