среда, 3 августа 2016 г.

                                                                                  ჰუმანიტარულ გამომგონებლობის შესახებ

     გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, აიპადის ახალი ვერსიის წარდგენისას, სტივ ჯობსმა დაუფარავი და სრულიად გამართლებული პათოსით განაცხადა: „მხოლოდ ტექნოლოგია საკმარისი არ არის - ეს პოსტულატი კომპანია „Apple“ გენებშია ჩადებული“. ჩვენი ტექნოლოგია მჭიდროდაა დაკავშირებული თავისუფალ ხელოვნებასთან, ჰუმანიტარულ მეცნიერებებთან, აქედან გამომდინარეობს შედეგი, რომელიც ჩვენ გულებს აიძულებს იმღეროს“ [Carmody 2011].
მართლაც, ჰუმანიტარული კომპონენტი ძალიან ძლიერია თანამედროვე ცივილიზაციის ყველაზე თვალსაჩინო მიღწევებში. მათ შორის ისინი, რომლებსაც დიდი გავლენა აქვს ადამიანის ცხოვრებაზე, თავიდანვე წარმოადგენენ გარკვეული ჰუმანიტარული იდეის მატარებელს: ესთეტიკურის, ეთიკურის, ფსიქოლოგიურის ... გავიხსენოთ, რომ მარკ ცუკერბერგი, თითქმის მთელ პლანეტაზე აღიარებული ფეისბუკის (1.5 მილიარდი მომხმარებელი) სოციალური ქსელის შემქმნელი, სკოლაში ძველ ბერძნულ ენას სწავლობდა, ხოლო ჰარვარდში ფსიქოლოგის სპეციალობას დაეუფლა. ფაქტობრივად, ფეისბუკი თავიდან ჩაფიქრებული იყო როგორც ერთგვარი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი, ყველაზე შთამბეჭდავ პირთა შერჩევა ჰარვარდის სტუდენტთა ფოტოსურათების მიხედვით. ცუკერბერგის თქმით, „ფეისბუკი იმდენადვეა ფსიქოლოგია და სოციოლოგია, როგორც ტექნოლოგია» [Chase 2011]. ეს ცოდნის სამი განშტოების შერწყმის მაგალითია თანამედროვე ცივილიზაციის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ წამოწყებაში.
და მაინც შემთხვევითი არ არის, რომ ისეთ გიგანტთა მიღწევები, როგორიცაა «Apple» და Facebook, პირველ რიგში, აღიქმება, როგორც ტექნიკური. საქმე მხოლოდ იმაში კი არ არის, რომ მათი გამოთვლა შესაძლებელია ციფრულ პარამეტრებში, სიჩქარის, სიმძლავრის, პოპულარობის, ღირებულების, ფინანსური ინვესტიციების, საბირჟო აქციების ერთეულებში და ა.შ. ცივილიზაციის ამ მიღწევათა ინიციატივა სამეცნიერო-ტექნიკური დისციპლინებისა და იმ კომპანიებისგან მოდის, რომლებიც იწვევენ ჰუმანიტარებს თანამშრომლობისათვის. თავად ჰუმანიტარული მეცნიერებები, რომლებსაც ისეთივე  ფართო ცივილიზაციური პოტენციალი აქვთ, არ ავლენენ არავითარ ინიციატივას და არ იჩენენ არსებით ინტერესს მათი კვლევების პრაქტიკული შედეგების მიმართ.
წარმოიდგინეთ, რომ არსებობს ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და სხვა ფუნდამენტური მეცნიერებები, მაგრამ არ არის მათზე დაფუძნებული ტექნოლოგია. არ არის მანქანები და თვითმფრინავები. არ არის აგრონომია. არ არის საინჟინრო და საკონსტრუქტორო პროფესიები. მხოლოდ ბუნების შესწავლას აქვს ადგილი და არა მის ტრანსფორმაციას.
 ასეთ მდგომარეობაში იმყოფებიან ამჟამად ჰუმანიტარული მეცნიერებები. ისინი შეისწავლიან ადამიანს და კულტურული საქმიანობის ყველა სფეროს, მაგრამ პასიურები რჩებიან, რადგან არ გააჩნიათ საკუთარი ტექნოლოგიები. ისინი შეისწავლიან შემოქმედებას, მაგრამ თავად არაფერს ქმნიან. ენის შესწავლისას, ლინგვისტიკას არ გააჩნია უფლება შესთავაზოს ცვლილებები ლექსიკურ-გრამატიკულ სისტემაში შესატანად. ლიტერატურის შესწავლისას, ლიტერატურათმცოდნეობა არ ისახავს მიზნად გავლენა მოახდინოს მის განვითარებაზე. ფილოსოფია ჩართულია პოლემიკაში არსებული სამყაროს პირველადი პრინციპების და უნივერსალიების შესახებ, მაგრამ არ თავაზობს ახალ პრინციპებს ალტერნატიული სამყაროს შესაქმნელად.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კრიზისი

როდესაც ვმუშაობდი წიგნზე ჰუმანიტარულ მეცნიერებების მომავლის შესახებ, კოლეგებთან საუბრისას ხშირად მესმოდა: „თქვენ მართლა გჯერათ, რომ მათ მომავალი აქვთ?“ სამწუხაროდ, ასეთი რეაქცია გასაკვირი არ არის: შესაძლოა, რომ ერთ დღეს, არც თუ შორეულ მომავალში, ჰუმანისტიკა აღარ  იარსებებს როგორც სოციალურად მოთხოვნადი პროფესია.
თუ გადავხედავთ უმაღლეს განათლებაში გაბატონებულ ტენდენციებს, ნათელი გახდება, რატომ საუბრობენ ამჟამად დასავლეთში „ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კრიზისის“ შესახებ. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, 2005 წლიდან 2013 წლამდე სტუდენტთა საერთო რაოდენობა 13.5% -ით გაიზარდა. ყველაზე მეტად ეს შეეხო მათემატიკას (43.4%), ხოლო ყველაზე ნაკლებად -  ენების (2.5%), ისტორიისა და ფილოსოფიის შესწავლას (0.1%). სტატისტიკა ამერიკული უნივერსიტეტებისათვის უფრო მრავლისმთქმელია: მხოლოდ 7%-მა სტუდენტთა საერთო რაოდენობიდან აირჩია ჰუმანიტარული მეცნიერებები, ორჯერ ნაკლებმა, ვიდრე 1970-იან წლებში. სტუდენტთა ხვედრითი წილი, რომლებიც სპეციალიზირდებიან ჰუმანიტარულ მეცნიერებებში (majors),  სტუდენტთა საერთო რაოდენობიდან აშშ-ში დაეცა მხოლოდ 1970/71-დან  2012 წლამდე:
ინგლისური ენა და ლიტერატურა: 7,6 %-დან 3,0%-მდე  [Zakaria 2015: 16].
უცხო ენები და ლიტერატურები: 2,5%-დან  1,2%-მდე.
ისტორია: 18,5%-დან до 10,7%-მდე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებებს ადანაშაულებენ იმაში, რომ მათ არ მოაქვთ არავითარი პრაქტიკული სარგებლობა; მოწყვეტილი არიან თანამედროვე ცხოვრებას, ეკონომიკურ და ტექნიკურ პროგრესს; სარგებლობენ მეტისმეტად გართულებული ენით; მათი შესწავლა უნივერსიტეტში არ იძლევა დასაქმების და წარმატებული კარიერის გარანტიას.
 ამასობაში, ჰუმანიტარული განათლების როლი თანამედროვე საზოგადოებაში ჯერ კიდევ ძალიან მაღალია. ამერიკული კომპანიების ხელმძღვანელთა 60%-ს (652 რესპონდენტიდან) ჰუმანიტარული განათლების დიპლომი ჰქონდათ. დიდ ბრიტანეთში 650 პარლამენტის წევრიდან 65%-ს მიღებული ჰქონდა განთლება ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების დარგში, და მხოლოდ 10% - საბუნებისმეტყველო. გამოკითხვების თანახმად, დამსაქმებლები უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებში ყველაზე მეტად აფასებდნენ იმ თვისებებს, რომლებსაც ასწავლიან ჰუმანიტარული დისციპლინები:
89% — ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია;
81% — კრიტიკული აზროვნება და ანალიტიკური უნარი;
75% — პროფესიული პრობლემების ეთიკურთან დაკავშირების უნარი.
მაგრამ, მიუხედავად ჰუმანიტარული განათლების სარგებლობისა, 2010 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ფედერალური თანხებიდან სამეცნიერო კვლევებისათვის ჰუმანიტარულ დისციპლინებს გამოეყო მხოლოდ 0.45%. 2007- 2013 წლებში ევროკომისიის სახსრებიდან, რომლებიც განკუთვნილი იყო მეცნიერების დაფინანსებისათვის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე დაიხარჯა მხოლოდ 1.06% ( 55.6 მილიარდი ფუნტი სტერლინგიდან).
ყველა ამ მაჩვენებელს მხოლოდ არაპირდაპირ შეუძლია გამოხატოს ის სამწუხარო გრძნობა და იმედგაცრუება, რომელსაც განიცდიან  ჰუმანიტარები მზარდი გულგრილობისა და ჰუმანისტიკისადმი ქედმაღლური დამოკიდებულების ატმოსფეროში მათი პროფესიის, მათი მოწოდების მიმართ. ჰუმანისტიკის მომავალზე ფიქრისას ხშირად ორ ჟანრს აერთიანებენ: პაციენტის ჩივილს და ექიმის ვერდიქტს. აი რას წერს ცნობილი ამერიკელი ფილოსოფოსი და კანონთმცოდნე მართა ნუსბაუმი:
„მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში დაწყებით და საშუალო სკოლებში, კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში შემცირდა ჰუმანიტარული მეცნიერებების და ხელოვნების სხვადასხვა სახეობათა სწავლების მოცულობა. ცოდნის ამ სფეროს პოლიტიკოსები მიიჩნევენ უაზროდ და არასაჭიროდ; ეპოქაში, როდესაც საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად სახელმწიფოები ვალდებულნი არიან თავი დააღწიონ ყოველივე უსარგებლოს, ეს ცოდნა სწრაფად კარგავს თავის პოზიციებს სასწავლო პროგრამებში, და, ამავე დროს, მშობლებისა და შვილების გონებასა და გულებში“ [ნუსბაუმი 2014: 18].
ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის  ინგლისური ლიტერატურის პროფესორი ფრენკ დონაჰიუ მწუხარებით აღნიშნავს:
„ყველა უნივერსიტეტში სიმძიმის ცენტრი ისე გადაიხარა  ჰუმანიტარული მეცნიერებებისგან, რომ ყველაზე მართებული პასუხი კითხვაზე „გადარჩება თუ არა ჰუმანიტარული მეცნიერებები XXI საუკუნეში?“ არ იქნება არც „დიახ“, არც „არა“, არამედ „ვის აინტერესებს ეს?“ ... საუნივერსიტეტო კურსები პერიოდულად განახლდება, და ჰუმანისტიკისათვის უბრალოდ არ დარჩება ადგილი XXI საუკუნის სასწავლო გეგმებში“ [Donoghue 2010].
ამ კრიზისზე პასუხისმგებლობა ნაწილობრივ მაინც უნდა აიღონ მათ, ვინც მუშაობს ჰუმანიტარულ პროფესიებში. დღესდღეობით ყველაფერს გარემოებებს აბრალებენ: შრომის ბაზარს, ეკონომიკას, კორპორაციათა გაუმაძღრობას, ხელისუფლების ინტერესის ნაკლებობას, მომხმარებლობას მასობრივ საზოგადოებაში, ახალი ტექნოლოგიებით ზედმეტ გატაცებას, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გამორჩენის მცდელობას და ა.შ. მაგრამ, იქნებ, ჰუმანიტარებმა უფრო კრიტიკულად უნდა შეაფასონ საკუთარი მეთოდები, რათა მიხვდნენ, რატომ განიცდის კრახს მათ მიერ ასე აღზევებული ჰუმანისტიკის მორალური და ლიბერალური სული?
იმიტომ ხომ არ შეაქცია საზოგადოებამ XXI საუკუნეში ზურგი ჰუმანიტარულ მეცნიერებებს, რომ XX საუკუნეში, განსაკუთრებით მის მეორე ნახევარში, მათ თავად შეაქციეს ზურგი თავის საგანს - ადამიანს, და გადაერთნენ ტექსტების კვლევაზე, ჩავარდნენ ინტელექტუალურ აუტიზმში და დაკარგეს ადამიანისადმი ინტერესი, როგორც სულიერი და შემოქმედებითი არსებისადმი? ჰუმანისტიკა აღმოჩნდა ძველი დოგმატების ტყვეობაში, ოპერირებდა სპეციფიკაციებით, რომლებიც 1920-იან წლებში რუსულმა ფორმალიზმმა წამოჭრა, ხოლო 1930-1940-იან წლებში ამერიკულმა „ახალმა კრიტიკამ“: ყველაფერი ლიტერატურული დასულია წმინდა ლიტერატურულისკენ, ხოლო თავად ლიტერატურულობა ტექსტუალობამდე. არ არის არც მეტაფიზიკა, არც ბიოგრაფია,  არც ფსიქოლოგია, ცოცხალი ადამიანებიც არ არიან...
ჰუმანისტიკა გადაიქცა ტექსტოლოგიად და აღარ არის ადამიანთმცოდნეობა.
XVIII-XIX საუკუნეებში ჰუმანიტარული მეცნიერებები: მეტაფიზიკა, ლოგიკა, პოლიტიკური და სოციალური ფილოსოფია, რელიგიის ფილოსოფია, ეთიკა, ესთეტიკა, ისტორია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ხელოვნებათმცოდნეობა და ლიტერატურათმცოდნეობა, კულტურისა და ხელოვნების კრიტიკა, ენათმეცნიერება წარმოადგენდნენ მეცნიერებებს ადამიანისა და კაცობრიობის, და არა ტექსტების შესახებ, როგორიც ჰუმანისტიკა იქცა XX საუკუნის ბოლოს. ჰუმანისტიკა აერთიანებდა მთელ ცოდნას ადამიანის შესახებ და წარმოადგენდა მისი თვითშემეცნების „წინმსწრებ სარკეს“, განსაზღვრავდა დიდ კულტურულ-ისტორიულ ეპოქათა შეცვლას. განმანათლებლობის ეპოქა ფილოსოფიამ და ლიტერატურამ შექმნეს, ვოლტერმა, რუსომ, დიდრომ. ესთეტიკოსები, ლიტერატურათმცოდნეები, ენათმეცნიერები, პოეტები, დრამატურგები რომანტიზმის ეპოქის მაუწყებლები გახდნენ.
 ბოლო ათწლეულების მანძილზე ჰუმანიტარულმა მეცნიერებებმა დაკარგეს თავისი ფუნქცია, რისთვისაც იყვნენ მოწოდებულნი: კაცობრიობის  თვითშეგნებისა და  თვითშემოქმედებისათვის. ფილოსოფია აღარ წარმოადგენს მეცნიერებას სამყაროს საფუძვლების, მიზნებისა და მნიშვნელობის შესახებ და მიმართავს წარსულის ფილოსოფიური ტექსტების ანალიზს. ესთეტიკამ თავი დაანება ფიქრს მშვენიერის, ტრაგიკულის, კომიკურის, გმირულის შესახებ და გადაიქცა დისციპლინად, რომელიც იკვლევს ტექსტებს. იგივე შეიძლება ითქვას ეთიკის შესახებ, რომელიც „მეტაეთიკის“ რანგში აღარ იკვლევს სიკეთის, ბოროტების და ზნეობრივი არჩევანის პრობლემებს და აანალიზიზებს ეთიკური ენის დეკონსტრუქციას, სიტყვების „სიკეთე“, „ბოროტება“,  „მორალი“ დეფინიციებს.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უკან დახევა ისტორიისა და საზოგადოების წინა ხაზიდან, რეფორმატორული გზავნილის დაკარგვა შემოგვიბრუნდა დანაკარგით არა მხოლოდ ჰუმანიტარული ფაკულტეტებისათვის, რომლებიც გადაიქცნენ წყნარ თავშესაფრად ნაკლებად აქტიურ და კრეატიულ, „საარქივო“ ახალგაზრდებისთვის. ეს დანაკარგია მთელი კაცობრიობისათვის, რომელიც კარგავს მისი არსებობის მნიშვნელობას ისტორიაში, კულტურაში, ტექნიკაში, კომუნიკაციის პროცესებში, სწორედ ამ კომუნიკაციის საშუალებების გიგანტური ნაბიჯების გამო. მრავლდება საშუალებები - ქრება მიზანი. „მაიკროსოფტს“ ან „გუგლს“, როგორც გიგანტურ კორპორაციებს, არ შეუძლიათ თავისთავად განსაზღვრონ ჰუმანიტარული მნიშვნელობა იმისა, რასაც ისინი აწარმოებენ. ჩნდება მნიშვნელობების და მიზნების ვაკუუმი, რომლის შევსება ტექნიკას არ შეუძლია, ჰუმანისტიკას კი არ სურს. ფინანსური ქაღალდების და ინსტიტუციების იმ სიცარიელეს და დაუკმაყოფილებლობას, რომლის გამოც 2008-2009 წლებში დაიწყო გლობალური ეკონომიკური კრიზისი, უკვე დიდი ხანია გააჩნია პარალელები ჩვენი მაღალგანვითარებული ტექნიკური ცივილიზაციის ჰუმანიტარულ დაუკმაყოფილებლობაში.
იმისათვის, რომ მოხდეს თვითიზოლაციის ამ ტენდენციის უკუქცევა, საჭიროა რეორგანიზაციულ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ტრანსფორმაციის პროგრამა, რომელიც მოქმედებისკენ უბიძგებს და მომავლისაკენ იქნება მიმართული. ჰუმანისტიკის მიზანია ადამიანის თვითცნობიერება და თვითტრანსფორმაცია, და არა მხოლოდ ინდივიდის, არამედ მთელი კაცობრიობის. ჰუმანიტარული მეცნიერებები არ შემოიფარგლებიან მხოლოდ წმინდა კვლევითი მიდგომით და მოწოდებულნი არიან შეცვალონ ის, რასაც შეისწავლიან. თუ ჰუმანიტარულ მეცნიერებებში არ არის  ადგილი მომავლისათვის, არც მომავალში არ დარჩება ადგილი ჰუმანიტარული მეცნიერებებისათვის.

მეცნიერებიდან  პრაქტიკაზე. ჰუმანიტარული ტექნოლოგიები

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ტრანსფორმაციულმა პოტენციალმა ვერ ნახა აღიარება აკადემიურ დისციპლინათა სისტემასა და საუნივერსიტეტო პროგრამებში. აქ ერთი რგოლი აკლია. მეცნიერებები, როგორც ცნობილია, სამ ძირითად ჯგუფად იყოფა: საბუნებისმეტყველო, სოციალურსა და ჰუმანიტარულზე. პირველ ორს პრაქტიკული მოდულები გააჩნია - შესასწავლი საგნების ტრანსფორმაციის მეთოდები, ხოლო მესამეს ეს მოდული არ აქვს, უფრო სწორად, ჯერ კიდევ არ მოუძებნია თავისი ადგილი და ფუნქცია მეცნიერებათმცოდნეობის  სისტემაში.

საგანი                          მეცნიერებები                     პრაქტიკა
ბუნება                      საბუნებისმეტყველო               ტექნიკა
საზოგადოება         სოციალური                               პოლიტიკა
კულტურა               ჰუმანიტარული                           ?

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს (ფიზიკას, ქიმიას, ასტრონომიას, ბიოლოგიას და ა.შ.) აქვს პრაქტიკული გამოყენების სფერო - ტექნიკა, რომელიც გარდაქმნის იმას, რასაც ისინი შეისწავლიან: ბუნებას. მაგალითად, საავიაციო ან კოსმოსური ტექნიკა მუშაობს ფიზიკის მიერ შემუშავებულ პრინციპებზე და გარდაქმნის ბუნებას მისი კანონების ცოდნის საფუძველზე [1]. სოციალური მეცნიერებები (ეკონომიკა, სოციოლოგია, იურისპრუდენცია, პოლიტოლოგია, გეოგრაფია და სხვ.), თავისი პრაქტიკული მოდულის - პოლიტიკის მეშვეობით გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. ამის საფუძველზე ჩნდება პრაქტიკული დისციპლინები - სხვადასხვა სახის პოლიტიკა: ეკონომიკური, სახელმწიფო-ადმინისტრაციული, სოციალური, ეროვნული, კულტურული, შიდა, გარე...[2]
აქვს თუ არა ჰუმანიტარულ მეცნიერებებს პრაქტიკული შტო, კულტურულ ცხოვრებაზე მისი ზემოქმედების საშუალებები? საუბარია ერთგვარ „კულტურონიკაზე“, რომელიც ისევე ახდენს კულტურის ტრანსფორმაციას, როგორც ტექნიკა ბუნების, ხოლო პოლიტიკა საზოგადოებისა. ჰუმანიტარული მეცნიერებები განიცდიან მწვავე საჭიროებას საკუთარ ტექნოლოგიებსა და პოლიტიკაში, აქედან გამომდინარეობს ჰუმანიტარული აზროვნების  ტექნოლოგიზირების ან პოლიტიზირების მუდმივი მცდელობა, მისი სპეციფიკის იგნორირება კონსტრუქციულ განზომილებაში გასვლის გამო. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ტექნოლოგიზირება, საბუნებისმეტყველოს მსგავსად, მათი კიბერნეტიზირების, დიჰიტალიზირების მცდელობაა, რომელიც ჯერ კიდევ  სტრუქტურალიზმში იყო წამოწყებული. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა პოლიტიზაცია ნიშნავს დაუქვემდებარო ისინი ხელისუფლების სხვადასხვა დისკურსს, სოციალურ დაკვეთას, მმართველ იდეოლოგიას. ამით ჰუმანიტარულ მეცნიერებებს ეძლევა სხვა მეცნიერებათა პრაქტიკული განზომილება, მათთვის უცხო სპეციფიკა, ხდება ჰუმანიტარული პრაქტიკის შესაძლებლობების კომპრომეტაცია. დღეს ჰუმანიტარული მეცნიერებები თითქმის ვერ ახდენენ გავლენას მათი კვლევის საგანზე. მიჩნეულია, რომ ჰუმანიტარს უნდა ჰქონდეს ცოდნა, გამოგონება კი მისი საქმე არ არის. ჰუმანიტარულ მეცნიერებებს, ნამდვილად, დიდი ცოდნა აქვთ დაგროვილი, მაგრამ ნაკლებად ახდენენ ისეთი იდეების გენერირებას, რომლებსაც შეუძლიათ განსზღვრონ ცივილიზაციის განვითარება. მიზანი იმაშია, რომ ჰუმანიტარულ დისციპლინებს მისცენ პრაქტიკული მიმართულება, კი არ უარყონ მათი სპეციფიკა, არამედ სრულად გამოავლინონ.
ამასთან დაკავშირებით აუცილებელია ჰუმანიტარული ტექნოლოგიების ცნების შემუშავება. ეს არ ნიშნავს, რომ ჰუმანიტარულმა მეცნიერებებმა უნდა გადმოიღონ „ტექნო“ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე დაფუძნებული ტექნოლოგიებისგან. პირიქით, თავის დროზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებმა ეს ცნება ხელოვნებიდან გადმოიღეს. ბერძნული „techne“, ფაქტობრივად, ნიშნავდა „ხელოვნებას, მხატვრულობას, ოსტატობას“.  პლატონი და არისტოტელე «techne» სფეროს მიაკუთვნებდნენ მკურნალობას, ნადირობას, სახლთმშენებლობას, საფეიქრო საქმეს, ქანდაკებას, წინასწარმეტყველებას, ლირასა და ფლეიტაზე დაკვრას, სახელმწიფოს, გემის, ეტლის მართვის ხელოვნებას. დადგა დრო, რომ ჰუმანიტარებმა დაიბრუნონ ეს „ტექნე“. როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა საფუძველზე გამომუშავდება ბუნების ტრანსფორმირების ტექნიკა (ხელოვნება), ასევე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საფუძველზე შეიძლება გამომუშავდეს კულტურის ტრანსფორმირების ხელოვნება.
ჰუმანიტარული მეცნიერებები მათი სპეციფიკური მიმართულების გამო შემეცნების სუბიექტზე, თვით ადამიანზე, არსებითად უფრო კონსტრუქციულია, უფრო პრაქტიკულად ორიენტირებული არიან, ვიდრე საბუნებისმეტყველო და სოციალური. თვითშეგნების ყოველი აქტი თვითაგებულების აქტია, რადგან არ შეიძლება სოკრატესეული „შეიცანი საკუთარი თავის“ ბოლომდე შესრულება. ეს ნიშნავს, რომ სოციალური მეცნიერებები არ შეიძლება იყვნენ მთლიანად „მეცნიერული“, ისინი „განწირული“ არიან მოახდინონ მათი საგნის კონსტრუირება და ტრანსფორმირება. მაგრამ სწორედ მათი „თანდაყოლილი“ და გარდაუვალი კონსტრუქციულობის გამო ჰუმანიტარული მეცნიერებები უფრო გვიან  აცნობიერებენ მათ მეთოდოლოგიურ და ინსტიტუციურ შესაძლებლობებს, ვიდრე საბუნებისმეტყველო და სოციალური მეცნიერებები. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები არ წარმოადგენენ ბუნების ნაწილს, ხოლო ჰუმანიტარული მეცნიერებები კულტურის ნაწილია, რომელიც ამ გზით ახდენს საკუთარ თავზე რეფლექტირებას და საკუთარი თავის გარდაქმნას. ამ კონსტრუქციულ-გარდამქმნელი კომპონენტის გამოყოფა ჰუმანისტიკაში უფრო რთულია, ვიდრე ტექნოლოგიურის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, რომლებიც ბუნების გარდაქმნას გარედან ახდენენ, და არა კულტურის შიგნიდან.
უფრო მიღებული იყო ჰუმანისტიკის კონსტრუქციული მხარის რედუცირება, როგორც არასათანადო „მეცნიერულობის“ და „ობიექტურობის“ მოწმობისა  - არასრულფასოვნების კომპლექსი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების წინაშე. მაგრამ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები არ მალავენ თავის კავშირს ტექნოლოგიებთან, რომლებიც გარდაქმნიან სამყაროს და ქმნიან ცივილიზაციის მატერიალურ ბაზას.  პირიქით, ისინი ამაყობენ ბუნებაზე მათი ზემოქმედების სიმძლავრით. რატომ უნდა რცხვენოდეთ ჰუმანიტარულ მეცნიერებებს სათანადო პრაქტიკის, რომლებიც მიმართულია ენის, ლიტერატურის, ხელოვნების, მთლიანად  კულტურის გარდაქმნაზე?
 პრაქტიკული გამოყენების გარეშე ჰუმანიტარული მეცნიერებები ისეთი დარჩებიან, როგორიც  გახდებოდა ბოტანიკა მემცენარეობის და მებაღეობის გარეშე ან კოსმოლოგია კოსმოსში გაფრენის გარეშე. რა გავლენა აქვს კულტუროლოგიას თანამედროვე კულტურაზე ან პოეტიკას თანამედროვე პოეზიაზე? პრაქტიკულად არავითარი. ლიტერატურთმცოდნეობის ერთ-ერთი ამოცანა უნდა გახდეს ლიტერატურული შემოქმედების ახალი შესაძლებლობების შექმნა; სემიოტიკის და ლინგვისტიკის ამოცანა - ახალი ნიშნების, ლექსიკური ერთეულების ან გრამატიკული მოდელების შექმნა, რომლებიც ზრდიან ენის სიმდიდრეს და გამომხატველობას; ფილოსოფიის ამოცანაა ახალი უნივერსალიების და უნივერსუმების, ალტერნატიული სამყაროების პროექტირება.

ჰუმანიტარული გამომგონებლობა

გამომგონებლობის სფეროები

ჰუმანიტარული მეცნიერებები საუნებისმეტყველოზე არანაკლებ საჭიროებენ გამოგონებებს და გამომგონებლებს. ჩვენ მივმართავთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს კითხვით, თუ რა არის ამა თუ იმ აღმოჩენის ტექნიკური პოტენციალი? ასევე კანონზომიერია კითხვა, შეუძლია თუ არა ჰუმანიტარულ იდეას ან თეორიას ახალი კულტურული მოძრაობის, მხატვრული სტილის შექმნა, ენის ტრანსფორმაცია? შეიძლება თუ არა ამ იდეის საფუძველზე ახალი ინტელექტუალური საზოგადოების, ლიტერატურული მოძრაობის, შემოქმედებითი გარემოს შექმნა?
ისევე როგორც მეცნიერებები იყოფა საბუნებისმეტყველო, საზოგადოებრივსა და ჰუმანიტარულზე, გამოგონებაც სამი სახისაა: სამეცნიერო-ტექნიკური, სოციალურ-პოლიტიკური და ჰუმანიტარული.
სამეცნიერო-ტექნიკურს შეიძლება მიეკუთვნოს: საქსოვი დაზგა, ორთქლმავალი, დინამიტი, რკინაბეტონი, ლინზები და სათვალე, ტელესკოპი, რადიო, ავტომობილი, ავიაცია, კომპიუტერი, ვაქცინაცია, ჰიბრიდიზაცია, ანტიბიოტიკები, ბანკომატი, ლაზერი, ჰოლოგრაფია, ინტერნეტი.
სოციალური გამოგონება ნებისმიერი ახალი კანონი, ორგანიზაცია ან პროცედურებია, რომლებიც ცვლიან ქცევის და ადამიანებთან ურთიერთობების საშუალებებს. სოციალურ-პოლიტიკური გამოგონებების (მათ ეკუთვნის სამართალი და ეკონომიკა) მაგალითებია: კონსტიტუცია, პროფკავშირი, ბოისკაუტები, საკრედიტო და სადაზღვევო ორგანიზაციები, თავისუფალი ბაზარი, ფემინიზმი, ანარქიზმი, კომუნიზმი, სიონიზმი, უმუშევართა დახმარება, წითელი ჯვარი, ოლიმპიური თამაშები, გაერო, ადამიანის უფლებების დეკლარაცია.
ჰუმანიტარული გამოგონება ახალი ჰუმანიტარული იდეაა, მათ შორის მისი რეალიზაციის საშუალები კულტურული პრაქტიკის, ინტელექტუალური მოძრაობების, შემოქმედებითი ორგანიზაციების და თანამშრომლობის ფორმების სახით. ჰუმანიტარული გამოგონება მოიცავს კულტურის იმ სფეროს, რომელსაც შეისწავლიან ჰუმანიტარული მეცნიერებები: ენა, ლიტერატურა, ხელოვნება, ფილოსოფია, რელიგია, ფსიქოლოგია, კულტუროლოგია ... მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს შესაბამის დისციპლინებში და შეგნებულად დავაყენებთ ერთ რიგში სხვადასხვა ტიპის და მასშტაბის გამოგონებებს:
ენა: სომხური ანბანი, სლავური კირილიცა და გლაგოლიცა, ესპერანტო, ვოლაპიუკი, იდო და სხვა გეგმიური ენები, ინფორმაციული და კომპიუტერული ენები, მეცნიერების ფორმალიზებული ენები, უძველესი ენის— ივრითის აღორძინება, ორთოგრაფიული რეფორმები, ინდივიდუალური საავტორო ნეოლოგიზმები.
ლიტერატურა: კლასიციზმი, რომანტიზმი, გოთიკური რომანი, ნატურალური სკოლა, რეალიზმი, ნაამბობი, დეტექტივი, ფენტეზი, სიმბოლიზმი, ცნობიერების ნაკადი, ფუტურიზმი, სოციალისტური რეალიზმი, მეტარეალიზმი.
ხელოვნება: ფოტოგრაფია, კინო, არტ-დეკო, ბაუჰაუსი, ready-made, კუბიზმი, სიურეალიზმი, ნეორეალიზმი, სუპრემატიზმი, მინიმალიზმი, კონცეპტუალიზმი, კოლაჟი, ინსტალაცია, ვიდეოთამაშები.
ფილოსოფია: დიალექტიკა, იდეალიზმი, უტოპია, განმანათლებლობა, ზეადამიანის იდეა, დიალექტიკური მატერიალიზმი, ეგზისტენციალიზმი, კულტურულ-ისტორიული ციკლები, დეკონსტრუქცია, პოსტმოდერნიზმი.
ფსიქოლოგია: ფსიქოანალიზი, ოედიპოს კომპლექსი, არქეტიპი, ბიჰევიორიზმი, რორშახის ტესტი, ლუშერის ტესტი, IQ ტესტი, მრავლობითი ინტელექტი, ეგზისტენციური ფსიქოლოგია, ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია, ენეაგრამა.
რელიგია: გოთიკური ტაძარი, მესამე აღთქმა, სუფიზმი, კაბალა, პროტესტანტიზმი, მეთოდიზმი, დეიზმი, პანთეიზმი, ჰასიდიზმი, მორმონიზმი, თეოსოფია, ანტროსოფია, ათეიზმი, ღვთის ძიება, ორმოცდაათიანელობა, ბაჰაიზმი.
 ზოგიერთი გამოგონება შეიძლება მიეკუთვნოს შერეულ კატეგორიებს.
ტექნოჰუმანიტარული: ფოტოგრაფია, კინო, კომპიუტერული თამაშები, გიპერტექსტი …
სოციოჰუმანიტარული: დენდიზმი, ჰიპპი, პანკი, ემო, გოთები და სხვა ახალგაზრდული სუბკულტურები…
გამოგონებათა უმრავლესობას ჰყავს  ინდივიდუალური ავტორები, რაც ხაზს უსვამს იმ დისციპლინების, ჟანრების, მიმართულებების შემოქმედებით ბუნებას, რომლებიც თითქოს მუდამ არსებობდენ და თავისთავად გაჩნდნენ. მაგალითად, ენათმეცნიერების დამფუძნებლად ითვლება პანინი (ძველი ინდოეთი), ფილოსოფიის — ფალესი, ეპისთემოლოგიის — ქსენოფან კოლოფონელი, კინიზმის — დიოგენე, გოთიკური არქიტექტურის — აბატი სუგერიუსი, ზეთით ფერწერის — იან ვან ეიკი, პროტესტანტიზმის — მარტინ ლუთერი, ფემინიზმის — მერი უოლსტოუნკრაფტი, დეტექტივის — ედგარ პო, მეცნიერული ფანტასტიკის — მერი შელი, ეგზისტენციალიზმის — ს.კიერკეგორი, ანარქიზმის — მ.ბაკუნინი, ბიოჰივერიზმის — ჯონ უოთსონი, ლოგიკური პოზიტივიზმის — მორის შლიკი და ა.შ..
როგორც ამ მოკლე ჩამონათვალიდან ჩანს, ტრანსფორმაციული ჰუმანისტიკა  (transformative humanities) უნდა განვასხვავოთ ე.წ. „გამოყენებითისგან“ (applied humanities). ამ უკანასკნელში შედის საარქივო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო საქმე, მედიის პრაქტიკა, მენეჯმენტი და განათლება კულტურის სფეროში, დიჰიტალიზაცია, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების სხვადასხვა ფორმები და პოპულარიზაცია, დასვენების ორგანიზება და ა.შ. კულტურის მასებში გავრცელება, მისი მატერიალური და სოციალური უზრუნველყოფა იგივე არ არის, რაც ჰუმანიტარული გამომგონებლობა, რომელიც ქმნის ახალ ღირებულებებს და იდეებს კულტურაში.

           ჰუმნიტარული გამომგონელობის ტიპები

გამომგონებლობა ჰუმანიტარულ სფეროში უნდა გავვასხვავოთ უბრალოდ შემოქმედებისაგან ან მწერილობისაგან. დიდი ლიტერატურული ნაწარმოებიც კი ყოველთვის არ არის გამოგონება, და პირიქით, გამოგონებად შეიძლება იქცეს ტექსტი, რომელიც არ არის ღირსშესანიშნავი  მისი მხატვრული ღირსებებით. მაგალითად, „ანა კარენინა“ ლ.ტოლსტოის უდიდესი რომანია, მაგრამ არ არის ლიტერატურული გამოგონება. ნ.კარამზინის „საბრალო ლიზა“ კი, უბრალოდ, დამრიგებლური მგრძნობიარე მოთხრობა, ახალი ლიტერატურული მიმართულების, რუსული სენტიმენტალიზმის გამოგონება იყო. პ.ჩაადაევმა თავის პირველ „ფილოსოფიურ წერილში“ „რუსული ფილოსოფია“ გამოიგონა, დასაბამი მისცა  ერის რეფლექსიას საკუთარი თავის შესახებ, თუმცა ეს ტექსტი არ ჩაითვლება დიდ ფილოსოფიურ თხზულებად. მეორეს მხრივ, „სიკეთის გამართლება“, დიდი რუსი ფილოსოფოსის ვლადიმერ სოლოვიოვის ყველაზე მნიშვნელოვანი თხზულება, მრავალი ღრმა იდეის მატარებელია, მაგრამ საგამომგონებლო ფუნქციები არ გააჩნია.
გამომგონებლობა გარკვეული პრინციპის ან ხერხის შექმნაა, რომლებიც შემდეგ გამოიყენება სხვა ნაწარმოებების  შექმნაში. ამიტომ დიდი გამოგონები ხშირად არასრულყოფილი ქმნილებებია, არა მხოლოდ ლიტერატურასა და ფილოსოფიაში, არამედ ტექნიკაში. გავიხსენოთ პირველი ტელეფონები, გემები, ავტომობილები, თვითმფრინავები, კომპიუტერები - მათი ტექნიკური გულუბრყვილობა არ უშლიდა მათ ხელს ყოფილიყვნენ დიდი გამოგონებები. ესთეტიკურად სუსტი იყო პირველი ფოტოსურათები და კინოფილმები, მაგრამ ისინი ქმნიდნენ შემოქმედებითი საქმიანობის ახალ ფორმებს და ჟანრებს. გამოგონებას ბევრი საერთო აქვს მონახაზთან, შავად ნაწერთან, ჰიპოთეზასთან, ანუ არასრულად რეალიზებულ იდეასთან, რომელიც მოგვიანებით დეტალურად განსახიერდება.
მწერლობა და გამოგონება უნდა შეფასდეს საპირისპირო კრიტერიუმების საფუძველზე. მწერლობა ცდილობს მოცემული ტექსტის, ნაწარმოების სრულყოფას, ხოლო გამოგონება ადრე უცნობი პრინციპის ან იდეის შექმნას, რომლის საფუძველზეც შეიძლება შეიქმნას მრავალი სხვა ნაწარმოები. მწერლობა ერთეულის შექმნაა, საკუთარ თავში დასრულებულის, გამომგონებლობა კი - პოტენციურად საერთოს. გამოგონება აღმოაჩენს ნაწარმოებების მთელ რიგს, რომლებიც შეიქმნა ახალი პრინციპით ან მოდელით.
არსებობს ჰუმანიტარული გამომგონებლობის რამდენიმე ტიპი. განვიხილოთ ისინი ლიტერატურის მაგალითზე.
1. სპონტანური. ორიგინალური ნაწარმოების შექმნა, რომელიც შემდგომ პოულობს  მრავალ მიმდევარს /მიმბაძველს, პირველია ახალ მიმართულებებში,  სტილში, ხერხებსა და ჟანრებში. ეს ხდება ავტორის შეგნებული განზრახვის გარეშე, და მხოლოდ მოგვიანებით ავლენს თავის გავლენას ლიტერატურაზე, ხდება ათვლის წერტილი მომავალი თაობებისათვის. ასე, მაგალითად, დეტექტიური ჟანრის გამომგონებლად ითვლება ე.პო („მკვლელობა მორგის ქუჩაზე“,  1841). ნ.გოგოლი იყო ნაამბობის გამომგონებელი, აღადგენდა მთხრობელის სალაპარაკო ენას და მის ინტეგრირებას თხრობის დროს ბრჭყალების გარეშე ახდენდა.  მაგრამ ისინი არ ცდილობდნენ განსაკუთრებული ხერხის გამოგონებას, არამედ უბრალოდ ქმნიდნენ მათი ნიჭის შესაბამისად.
2. ექსპეტიმენტული. ავტორის მიზანია შექმნას ახალი მეთოდი, ჟანრი, თხრობის ტიპი და უქვებდებარებს თავის შემოქმედებას, მთლიანად ან ნაწილობრივ, ან მიზანს. ასეთია ექსპერიმენტული ლიტერატურის „პირმშო“, ლ.სტერნის რომანი „ტრისტრამ შენდის, ჯენტლმენის ცხოვრება და მოსაზრებები“, რომლის მრავალ გადახვევებში გააერთიანებულია საკუთარი აგებულების ხერხების გააზრება. ჯ.ჯოისი ექსპერიმენტს ატარებდა ენასა და სიუჟეტთან და შექმნა „ფინეგანის ქელეხი“, ანუ გამოიგონა რომანი-მითის ჟანრი და განსაკუთრებული, თითქმის შეუღწევი ენა, რომელიც გადაცემდა სიზმარის კოლექტიურ არაცნობიერს, რთულ ასოციაციურ ქსოვილს.
3. პროგრამული. ავტორი უბრალოდ კი არ წერს ექსპერიმენტულ ნაწარმოებებს, არამედ გამოდის ლიტერატურის ტრანსფორმაციის მთელი პროგრამით და მიზანმიმართულად ქმნის ახალ მიმართულებას, ანუ საკუთარ მხატვრულ ტექსტებთან ერთად ქმნის პროგრამულ ტექსტებს, მანიფესტებს, პროკლამაციებს, რომლებიც ამკვიდრებენ შემოქმედების ახალ ტიპს, და, რომელიც, თავის მხრივ, მოდის ძველის შესაცვლელად. მაგალითად, ვიქტორ ჰიუგოს „კრომველის“ წინასიტყვაობა ერთგვარი განაცხადია „პატენტზე“ - ფრანგული რომანტიზმის გამოგონებაზე და მის მნიშვნელოვან მხატვრულ ხერხზე,  გროტესკზე. რუსული ვერცხლის საუკუნის მრავალი ავტორი, საკუთარ მხატვრულ  შემოქმედებასთან ერთად, განსაზღვრავდა ახალი მიმართულებების თეორიულ ამოცანას, გამოდიოდა სიმბოლიზმის, აკმეიზმის, ფუტურიზმის, იმაჟინიზმის მანიფესტებით.
4. სისტემური. ეს იშვიათი შემთხვევაა, როდესაც გამოგონება არ შემოიფარგლება რომელიმე იდეით, ტექნიკით, ლიტერატურული მოძრაობით, მაგრამ სისტემატურად ხორციელდება ხელოვნების სხვადასხვა სფეროში. ავტორები თავის ამოცანად მიიჩნევენ ახალი ტექნიკის, სტილის და ჟანრის გამოგონებას. ასეთია OULIPO-ს -  „პოტენციური ლიტერატურის ცეხის“ საქმიანობა, რომელიც დაარსდა პარიზში 1960 წელს (რ.კენო, ჟ.პერეკი, ი.კალვინო და სხვ.). რუსულ ლიტერატურაში ასეთი სისტემური გამომგონებლობის თვისებები შეიძლება მოიძებნოს ა.ბელის და ვ.ხლებნიკოვის შემოქმედებაში. ისინი უნივერსალური გამომგონებლები არიან, რომლებიც შემოქმედებითი მიღწევებისკენ მრავალი მიმართულებით მიისწრაფვიან: იგონებენ ხერხებს, ჟანრებს, სიტყვებს, გრამატიკულ კონსტრუქციებს, კონცეფციებს, ფილოსოფემებს. ლინგვისტების ვარაუდით, ვ.ხლებნიკოვმა გამოიგონა დაახლოებით 14 ათასი სიტყვა და მთელი სიტყვაწარმოებული ბუდეები, როგორიცაა არსებითი სახელი სუფიქსით «аль» («взорваль, рыдаль, страдаль, видаль, играль» და სხვ.).
ამაში ენის შემქმნელები ემსგავსებიან უნივერსალურ ტექნიკურ გამომგონებელს თ.ედისონს,  რომელმაც სრულყო ყველაფერი, რასაც კი ხელს ჰკიდებდა, ის კი, თითქმის ყველაფერს ჰკიდებდა ხელს (მიღებული აქვს 1000-ზე მეტი პატენტი აშშ-ში და 3000 მსოფლიოს სხვა ქვეყნებში): ტელეგრაფი, ტელეფონი, ფონოგრაფი, კინოაპარატურა, შეიმუშავა ელექტრონათურის ერთ-ერთი პირველი ვარიანტი. ასეთივე დაუღალავი გამომგონებლები, რომლებიც მათი კონსტრუქციული ტექნიკური ფანტაზიის მეშვეობით ყველაფერს გარდაქმნიდნენ, რაც მათ აინტერესებდათ, იყვნენ ნიკოლა ტესლა და რ.ფულერი. ХХ საუკუნის ყველაზე მოსაზრებული მწერლები არიან პორტუგალიელი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი ფერნანდო პესოა, რომელიც წერდა ასამდე გამოგონილი მწერლის სახელით, და სერბი პროზაიკოსი და პოეტი მილორად პავიჩი. მან მრავალი ნაწარმოებისათვის შექმნა არაწრფივი ფორმა, რომელიც უკეთესად აღიქმება ჰიპერტექსტის სახით.
ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი სოციოჰუმანიტარი გამომგონებელი კაცობრიობის ისტორიაში ინგლისელი ფილოსოფოსი და სოციოლოგი იერემია ბენტამია (1748-1832). მან შექმნა უტილიტარიზმის ეთიკური მოძღვრება და ცხოვრების მიზანი განსაზღვრა, როგორც „ყველაზე დიდი ბედნიერება ყველაზე დიდი რაოდენობის ინდივიდისა“, შექმნა ალგორითმი, რომელიც იძლეოდა სიამოვნების და ტკივილის გამოთვლის საშუალებას («felicific სტატიის»). ბენტამს მრავალი იდეა ეკუთვნის, რომლებიც შეადგენენ თანამედროვე ლიბერალიზმის საფუძველს. კერძოდ, ამტკიცებდა რა ქალების თანასწორობას, ბენტამი გამოდიოდა განქორწინების ლეგალიზაციის მხარდასაჭერად, დაჟინებით მოითხოვდა ეკლესიის გამიჯვნას სახელმწიფოსაგან და განსაკუთრებით იცავდა ცხოველების უფლებებს. მან ენაში ისეთი სიტყვები შეიტანა, როგორიცაა „ინტერნაციონალური“, „კოდიფიკაცია“, „მაქსიმიზირება“, „მინიმიზირება“. 1804 წელს ნაპოლეონმა თავისი „კოდექსით“ევროპის სამართლებრივი სისტემა შეცვალა და მას საფუძვლად დაუდო ბენტამის იდეები. მისი არქივი მოიცავს ხუთ მილიონზე მეტ ხელნაწერ ფურცელს, ხოლო იდეები, რომლითაც მან  გაამდიდრა ცივილიზაცია,  ათეულობითაა, ასობით თუ არა.
ХХ საუკუნის ყველაზე მოსაზრებულ მხატვართა შორის შეიძლება სალვადორ დალის და ილია კაბაკოვის დასახელება (მან მოიგონა „ტოტალური ინსტალაციის“, „ალბომების“ და „სტენდების“ ჟანრი, ნარჩენებთან მუშაობა, კომუნალური ბინის ესთეტიკა ...). ფილოსოფოსებს შორის — ჟაკ დერიდა და ჟილ დელეზი, რომლებიც მხოლოდ მეცნიერები და მოაზროვნეები კი არ იყვნენ, არამედ თეორიული დისკურსის ახალი ჟანრების შემქმნელი, რომელშიც მათ შეიტანეს მრავალი ახალი ცნება, მეთოდი, დისციპლინური ველი („დეკონსტრუქცია“, „გრამატოლოგია“, „განსხვავება“, „რიზომა“, „შიზოანალიზი“  და სხვ.).
ჰუმანიტარულ სფეროში ბევრად უფრო რთულია გამომგონებლობის ელემენტების გამოყოფა, ვიდრე ტექნიკურში. ჰუმანიტარულ გამოგონებაში არ გასცემენ პატენტს, თუმცა კარგი იქნებოდა ასეთი წესის და ინსტიტუციის შემოღება ავტორის დაჯილდოების მიზნით, თუნდაც მორალურად, მაგრამ მთავარია ყურადღების გავამახვილება რადიკალური ინოვაციებისადმი კაცობრიობის აზროვნების და თვითცნობიერების სფეროში.
გამომგონებლობა შეიძლება ასევე გამოირჩეოდეს თავისი მასშტაბებით. მაგალითად, ლინგვისტიკის სფეროში შეიძლება ენის  გამოგონება (ესპერანტო), ან ანბანის (კირილიცა), ან ენის სასაუბრო, მოდერნიზებული ვერსიის (ივრითი), ან სიტყვათწარმოების საშუალებების (როგორც ვ.ხლებნიკოვმა ან ჯ.ჯოისმა), ან ერთეული სიტყვების, ნეოლოგიზმების (როგორც მ სალტიკოვ-შჩედრინმა, რომელმაც შექმნა სიტყვები «благоглупость» /„კეთილსულელობა“/ და «злопыхательство» /„გულღვარძლიანობა“/).
ამდენად, ჰუმანიტარული გამომგონებლობის ტიპოლოგია დაფუძნებულია მინიმუმ სამი კოორდინატის გადაკვეთაზე:
1. დისციპლინა (ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ენა, ლიტერატურა და ა.შ.).
2. ტიპი (სპონტანური, ექსპერიმენტული, პროგრამული, სისტემური).
3. მასშტაბი  (კულტურული მოღვაწეობის მთელი დარგი, მისი ნაწილობრივი ფორმები ან ცალკეული ელემენტები).

            გამომგონებლობა და  ლიტერატურათმცოდნეობა

 ლიტერატურათმცოდნეობაში, სამ ძირითად საზოგადოდ მიღებულ ნაწილთან: ლიტერატურის თეორიასთან, ისტორიასთან და კრიტიკასთან ერთად, უნდა მოიძებნოს ადგილი პროექციული საქმიანობისათვის,  ახალი ტექსტობრივი სტრატეგიების, ხერხების, ჟანრების, მიმართულებებისათვის. ლიტერატურათმცოდნეობას სჭირდება მეოთხე ნაწილი, რომელიც მიმართული იქნება არა ლიტერატურის წარსულისკენ (ისტორია), არა აწმყოსკენ (კრიტიკა), არა მარადიულისკენ (თეორია), არამედ მომავალისაკენ (პროგნოსტიკა, ევრისტიკა, კრეტორიკა).
საუბარია პრაქტიკულ, ექსპერიმენტულ ლიტერატურათმცოდნეობაზე, რომლის ნიმუშებს ვპოულობთ მწერლების, კრიტიკოსების და მოაზროვნეების ნაშრომებში და რომლებმაც დაასაბუთეს ლიტერატურის ახალი მიმართულებები ან გამოიკვლიეს ახალი მხატვრული ფორმების შესაძლებლობები. მათი ძალისხმევის სფეროა არა მხოლოდ პოეტიკა ან ესთეტიკაა, რომლებიც იკვლევენ ლიტერატურისა და ხელოვნების არსებულ კანონებს, არამედ ტრანსპოეტიკასაც და ტრანსესთეტიკასაც, რომლებიც აღმოაჩენენ ლიტერატურისა და ხელოვნების ახალ შესაძლებლობებს, ცდილობენ გარდაქმნან ის, რასაც სწავლობენ. წინსართი „ტრანს-“ ნიშნავს „იქით“, „გამჭოლს“, „შემდეგს“,  „მიღმას“, რაც აღინიშნება სიტყვის ძირეული ნაწილით. თეორიული დისციპლინათა სახელებთან მიმართებაში  „ტრანს-“ აღნიშნავს მეორად პრაქტიკას, ტექნოლოგიებს, რომლებიც წარმოიქმნენ მათ საფუძველზე და იწვევენ მათ მიერ შესასწავლი სფეროების ტრანსფორმაციას.
კულტურის არსებული დაყოფა პირველად პრაქტიკებზე და მათ შემსწავლელ თეორიებზე აშკარად არასრულია და არ იძლევა მრავალი დიდი ხელოვანის, მაგალითად, რუსული ვერცლის საუკუნის შემოქმედებითი წვლილის განსაზღვრის საშუალებას. დ.მერეჟკოვსკი, ვიაჩ.ივანოვი, ა.ბელი მწერლებიც იყვნენ და თეორეტიკოსებიც, მაგრამ მათ შემოქმედებაში არის რაღაც მესამე, რაც არ აქვთ წმინდა მწერლებს (ვთქვათ, ნ.ლესკოვს ან ა.ჩეხოვს), არც აკადემიურ მეცნიერებს (როგორებიც არიან ა.ვესელოვსკი ან ა. პოტებნია. ისინი არა მხოლოდ ქმნიდნენ ლიტერატურას და შეისწავლიდნენ მას, არამედ აფართოვებდნენ მის საზღვრებს, აღმოაჩენდნენ ახალ ეპოქას და სტილს (სიმბოლიზმი), გამომდინარე მისი ამოცანების  და შესაძლებლობების თეორიული ხედვიდან. ისინი იყვნენ არა მხოლოდ მწერლები და ლიტერატურათმცოდნეები, არამედ ერთგვარი „ლიტერატურათწამყვანები“, ანუ უკავშირებდნენ ლიტერატურულ პრაქტიკას (პოეზია, პროზა) ლიტერატურის თეორიას, ხოლო ეს უკანასკნელი გადაჰყავდათ ახალ, მეორად პრაქტიკაში, ახალი ლიტერატურული მიმართულების და მთელი კულტურული მოძრაობის პროგრამაში, რომელშიც იყო როგორც მხატვრული, ასევე თეორიული, ფილოსოფიური,  რელიგიური და სოციალური კომპონენტები ...
რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი, რომ ყველა ჰუმანიტარი -მცოდნედან  გადაკვალიფიცირდეს -წამყვანად. ჯანსაღი კონსერვატიზმი ხელს არ შეუშლის, და არც მე არ მოვუწოდებ მოვწყვიტოთ ანტიკურობას ანტიკურობის სპეციალისტები, პუშკინისტები პუშკინისტიკას და „გადავისროლოთ“ ისინი რეორგანიზაციული ჰუმანისტიკის უახლეს მიმართულებებზე. მაგრამ ყოველ ჰუმანიტარულ დისციპლინას, როგორც მთელს, სჭირდება პრაქტიკული განვითარება, რომ გარდაქმნას ცოდნა კონსტრუქციულ აზროვნებად და შემოქმედებით პროცესად. ლინგვისტებს შეუძლიათ გააფართოვინ ცოცხალი ენის ლექსიკა და გრამატიკა, რომელსაც ისინი სწავლობენ, შეავსონ ისინი ახალი კონცეფტებით და ლექსემებით, დაასაბუთონ ახალი გრამატიკული კონსტრუქციები, რომლებიც გახდიდნენ აზროვნებას უფრო მოქნილად და მრავალგანზომილებიანად. ლიტერატურათმცოდნეებს შეუძლიათ შექმნან ახალი ლიტერატურული მიმართულება, გამოაცხადონ ახალი მსოფლხედვა, როგორც ფ.შლეგელმა შთააგონა რომანტიკოსები, ვ.ბელინსკიმ რეალისტები, ა.ბრეტონმა  სიურეალისტები ...
აზროვნების ეს კონსტრუქციული საქმიანობა რომელ აკადემიურ რუბრიკას ეკუთვნის? რა არის ეს - მეცნიერება თუ მხატვრული ლიტერატურა? არც ერთი და არც მეორე. ეს ჰუმანიტარული გამოგონების სფეროა.

                 გამომგონებლობა და უნივერსიტეტები

ჩნდება კითხვა: არის თუ არა შესაძლებელი რომ ვასწავლოთ და ვისწავლოთ ჰუმანიტარული გამომგონებლობა  ისევე, როგორც შესაძლებელია ჰუმანიტარული მეცნიერებების სწავლება და შესწავლა? გასული ნახევარი საუკუნის მანძილზე აშშ საუნივერსიტეტო განათლების სისტემაში მოხდა ისეთი დარგის ინტეგრირება, როგორიცაა „შემოქმედებითი წერა“ (creative writing) - ლიტერატურული  შემოქმედება. დადგა ინსტიტუციალიზაციის და „შემოქმედებითი აზროვნების“, საგამომგონებლო საქმიანობის დრო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროში. რატომ ასწავლიან უნივერსიტეტებში ლექსების და მოთხრობების, მაგრამ არ ასწავლიან მხატვრული მანიფესტების წერას და ახალი სიტყვების და ენების შექმნას?
ჰუმანისტიკამ უნდა მოიცვას მეცნიერებაში აღიარებული ინტელექტუალური საქმიანობის ორივე მეთოდი: არსებული ფაქტების და პრინციპების შესწავლა და აღმოჩენა  და იდეებისა და ინსტრუმენტების გამოგონება, რომლებსაც შეუძლიათ საკვლევი საგნის გარდაქმნა.
თუმცა, თანმედროვე აკადემიურ ინსტიტუტებში არ არის გათვალისწინებული ადგილი კონცეპტუალური შემოქმედების ასეთი ფორმებისათვის. არსებობს ლიტერატურათმცოდნეობის და „შედარებითი კვლევების“ განყოფილებები; არსებობს ლიტერატურული შემოქმედების განყოფილებები (პროზა, პოეზია, დრამა). მაგრამ თუ არსებობს ასეთი ქვეგანყოფილებები უნივერსიტეტებში, სადაც მოაზროვნე ხელოვანებს, ლიტერატურის მშენებლებს, ისეთებს, როგორებიც არიან ფრიდრიხ შლეგელი, ფრიდრიხ ნიცშე, ფილიპო მარინეტი, ანდრეი ბელი, ანდრე ბრეტონი, ვალტერ ბენიამინი ან არტურ კესტლერი, შეეძლებათ მონახონ თავისი ადგილი, როგორც პროფესიონალებმა და მასწავლებლებმა?
წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია: აშშ-ში ფ.ნიცშეს შეაქვს განხცადება ფილოსოფიის კათედრის მასწავლებლის ვაკანსიაზე. ის წარადგენს წიგნს „ასე აცხადებდა ზარატუსტრა“ როგორც მისი კვალიფიკაციის მტკიცებულებას. წიგნს არც ერთი დამოწმება არ ახლავს, არც წყაროების ჩამონათვალი, არც გაუგებარი და პრეტენზიული მეტაფიზიკური დეკლარციებით სავსე სამეცნიერო აპარატურა,  რომელსაც ამპარტავანი ავტორი წარადგენს ძველი სპარსელი წინასწარმეტყველის საფარქვეშ.  ალბათ, ნიცშეს უარს ეტყოდნენ უმცროსი პედაგოგის პოზიციაზეც კი. ამავე დროს ათეულობით დამსახურებული  ფილოსოფიის პროფესორის აკადემიური კარიერა შედგა სწორედ ნიცშეს მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, კერძოდ მისი „ზარატუსტრას“ ფილოსოფიაზე ზეადამიანის შესახებ.
თანამედროვე აკადემიის ინტელექტუალური განწყობა ჰუმანიტარული გამოგონებლობის მიმართ მტრულია, თუმცა წინა რიცხვით ის ძალიან მაღლა ფასდება. ჰუმანიტარი გამომგონებლების შეხედულებები, თხზულებები და ბიოგრაფიები საგულდაგულო კვლევის ღირსად ითვლება, რომლისთვის ანიჭებენ ხარისხს და ტიტულს. თუმცა, გამომგონებლობის თავად კონსტრუქციული იმპულსი ხელს უშლის მის ინტეგრაციას აკადემიურ გარემოში. ეს პარადოქსი შეიძლება შევადაროთ სცენარს, რომლის მიხედვით უნივერსიტეტი დახურავდა საინჟინრო და სამედიცინო სკოლებს და საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილებებს იმ მოტივით, რომ ფიზიკის და ქიმიის განყოფილებებისაგან განსხვავებით, ისინი დაკავებული არიან გამოგონებებით, და არა აღმოჩენებით.
ჰუმანიტარულ გამომგონებლობას ისეთივე უფლება აქვს საუნივერსიტეტო კათედრებზე, როგორც ტექნოლოგიურ, პოლიტიკურ, სამედიცინო, იურიდიულ დისციპლინებს. იმისათვის, რომ ჰუმანიტარული დისციპლინები არა მხოლოდ გადარჩნენ XXI საუკუნეში, არამედ გააფართოვონ მათი ინტელექტუალური გავლენა საზოგადოებაზე, მათ გარდამქმნელ ენერგიას სჭირდება სოციალიზაცია და ინსტიტუციონალიზაცია. უნივერსიტეტებში უნდა განვითარდეს შემოქმედებითი აზროვნების და ჰუმანიტარული ტექნოლოგიების პროგრამები. სამეცნიერო საზოგადოებას არანაკლებ სჭირდება შემოქმედებითად მოაზროვნე ადამიანები, ისევე, როგორც მათ სჭირდებათ სამეცნიერო საზოგადოებები.

ინოვაციის გზები

იდეები
როგორც ცნობილია, ნილს ბორი იდეებში აფასებდა შემოქმედებით სიგიჟეს. „ჩვენ ყველა შევთანხმდით, რომ თქვენი თეორია გიჟურია, - მიმართა მან ვერნერ ჰაიზენბერგს. - საქმე იმაშია, საკმარისად თუ არის გიჟური იმისათვის, რომ იყოს სწორი“.
რას ნიშნავს  იყოს „საკმარისად გიჟური“ თანამედროვე პროფესიულ გარემოში, დაუპირისპირდე აკადემიური საზოგადოების დამკვიდრებულ კანონებს, რომელშიც საუკუნეების მანძილზე დამკვიდრებული ტრადიციები განუყოფელი არიან მოძველებულ ცრურწმენასთან? როგორია დღეს კონტრინტუიციური აზროვნების სტატუსი, რომელიც წამოაყენებს იდეებს და რომლებიც ეწინააღმდეგებიან საღ აზრს?
აქ საუბარია შემოქმედებით გამოწვევაზე - ქაოსის შეტანაზე  საყოველთაოდ მიღებული ფაქტებისა და ინტერპრეტაციის სისტემაში, რომლის მიზანია მისცეს მას ახალი ენერგიის მუხტი. ჟან-ფრანსუა ლიოტარი მას  უწოდებდა ექსპერიმენტულ ან „პარალოგიურ“ მეცნიერებას. ჩვენ განწირული ვართ ნაკლებად მიმზიდველ არჩევანზე გულმოდგინე, კეთილსინდისიერ ემპირიკასა და ანარქიული ექსპერიმენტებისადმი თავაწყვეტილ და  უმიზნო იმპულსს შორის? როგორ უნდა იყო „საკმარისად გიჟური“, რათა არ მოუტანო ჰუმანიტარულ მეცნიერებებს უფრო მეტად ზიანი, ვიდრე სარგებლობა, ხოლო, მეორე მხრივ, არ გამოფიტო ჭირვეული სტიქია, არ დაკარგო ინოვაცია მისი ადაპტაციის პროცესში?
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, რომლებიც უფრო რისკავენ და ენდობიან ჰიპოთეზებს და ფანტაზიებს, სიტუაცია, როგორი  პარადოქსულიც არ უნდა იყოს, უფრო მარტივად გამოიყურება. მეცნიერების ისტორია ნათლად აჩვენებს, რომ ბევრი საკვანძო იდეა, რომელმაც გადაატრიალა ჩვენი მსოფლმხედველობა, წარმოიშვა არა დადგენილი ფაქტების ათვისების შედეგად, არამედ როგორც ღია გამოწვევა და დაუმორჩილებლობა. ფილოსოფოსი და მეცნიერების მეთოდოლოგი პოლ ფოიერაბენდი, თავისებურად მხარს უბავს ნილს ბორს და აყალიბებს კონტრინდუქციის წესს. ეს „კონტრწესი, რომელიც რეკომენდაციას უწევს ჰიპოთეზების შემუშავებას და რომლებიც არ შეესაბამება დაკვირვევებს, ფაქტებს და ექსპერიმენტულ შედეგებს, არ საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას, რადგან არ არსებობს არც ერთი მეტ-ნაკლებად საინტერესო თეორია, რომელიც შეესაბამება ყველა ცნობილ ფაქტს“ [ფოიერაბენდი1986: 160].
სამწუხაროდ, ჰუმანიტარებისათვის კონტრინდუქციის ეს წესი კიდევ უფრო ნაკლებად არის ცნობილი, ვიდრე ბუნებისმეტყველ მეცნიერებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ჰუმანიტარ მეცნიერებს შეუძლიათ უფრო ხშირი მეთოდოლოგიური გარღვევა, გაბრწყინება და გაუცხოება ჭეშმარიტების და მტკიცებულებების საკუთარი კრიტერიუმების ბუნდოვანობის გამო. ფოიერაბენდი ამტკიცებს:
 „შემეცნება ... არ არის არაწინააღმდეგობრივი თეორიების რიგი, რომლებიც გვაახლოვებენ იდეალურ კონცეფციას. ის არ არის თანდათანობით დაახლოება ჭეშმარიტებასთან, არამედ წარმოადგენს ურთიერთგამომრიცხავი ალტერნატივების გადიდებულ ოკეანეს, რომელშიც თითოეული თეორია, ზღაპარი თუ მითი ერთი მთელის ნაწილებია, რომლებიც ერთმანეთს უბიძგებენ უფრო საფუძვლიანი განვითარებისაკენ; კონკურენციის ამ პროცესის წყალობით, ყველა მათგანს შეაქვს თავისი წვლილი  ჩვენი ცნობიერების განვითარებაში“  [ფოიარაბენდი 1975: 30].
ფაქტების და კონცეფციების ასეთი შეუსაბამობა ახდენს მეცნიერების ველის დინამიზირებას, აძლევს ახალი ფაქტების აღმოჩენის და ძველის გადახედვის საშუალებას. ეს უფრო ჰუმანიტარულ მეცნიერებებს მიესადაგება, სადაც შემეცნების პარადიგმები ნაკლებად მკაფიოდაა განსაზღვრული, ხოლო პროფესიული საზოგადოებები ნაკლებად მკაცრად ორგანიზებული. თუმცა, ჰუმანიტარულ მეცნიერებებში კონტრინდუქცია გაცილებით იშვიათად გამოიყენება, რაც აახლოვებს მათ მეთოდებთან, რომლებიც უკვე მოძველდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებშიც. ჯერ კიდევ  ნილს ბორამდე  დიდი ხნით ადრე პასკალმა თქვა: „... არაფერი ისე უკეთესად არ შეესაბამება გონებას, როგორც საკუთარი თავისადმი უნდობლობა“.
კონტრინტუიციური პრინციპი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში გულისხმობს სარისკო ჰიპოთეზების შექმნას, რაც შეიძლება დამტკიცდეს ან უარყოფილი იყოს სხვა მკვლევარების მიერ, ასევე ესკიზების და შავი ნაწერების შექმნას, რომლებიც შეიძლება დამუშავდეს ან ბოლომდე მიყვანილი იქნას სხვა ავტორების მიერ. ინტელექტუალური პროდუქტის  გარკვეული დაუხვეწაობა, დაუმთავრებლობა შეიძლება აღმოჩნდეს არა დაბრკოლება, არამედ სტიმული მისცეს შემდგომ შემოქმედებით განვითარებას პროფესიულ საზოგადოებებში. არაფერი არ აერთიანებს ადამიანთა გონებას უკეთესად, ვიდრე ახალი იდეის აფეთქება. მაშინაც კი, თუ ის ყალბი იქნება, მაგრამ მეცნიერული ცოდნისადმი მიმართებაში გამოყენებული უნდა იქნას იმავე წესი, რაც იურისპტუდენციაში. უმჯობესია გამართლებული იქნას ათი დამნაშავე,  ვიდრე გაასამრთლონ ერთი უდანაშაულო. უმჯობესია გახმაურდეს ათი საეჭვო იდეა, ვიდრე მიაჩუმათონ თუნდაც ერთი ჭეშმარიტი. უფრო მეტიც, სავარაუდოა, რომ ყალბი იდეა საერთოდ არ არსებობს. არსებობენ მეტ-ნაკლებად პროდუქტიული იდეები, „ბედნიერი“ ან „უბედური“.

პუბლიკაციები

რომელ აკადემიურ ჟურნალში შეიძლება მოიძებნოს ადგილი „კონტრინდუქციისათვის“, რუბრიკისათვის „მონახაზები და ჰიპოთეზები“, რომლებიც დააკანონებენ თამამი იდეების პუბლიკაციას, მათ გამოწვევას სამეცნიერო კონვენციების მიმართ? ბევრი აკადემიური ჟურნალის დახუთული ატმოსფერო ნაწილობრივ განპირობებულია  შიდა რეცენზიების სისტემით, რომელსაც, ჩემი აზრით, სჭირდება რადიკალური გადახედვა. ყველაზე თამამი ინოვაციური იდეები ძლიერ წინააღმდეგობას აწყდებიან იმ სისტემის მხრიდან, რომლის დანიშნულებაა შეინარჩუნოს პუბლიკაციათა მაღალი პროფესიული დონე, და, ამავე დროს, წაახალისოს ინტელექტუალური კონფორმიზმი და უფერულობა. რჩება შთაბეჭდილება, რომ ყველა სტატია ერთი დაიმავე ავტორის მიერაა დაწერილი, და მისდევს ერთ სტილს. იმისათვის, რომ გაიარონ ანონიმური შიდა შეფასების ფილტრი, ავტორები იძულებულნი არიან უარი თქვან საკუთარ ინდივიდუალობაზე და შეესაბამებოდნენ დადგენილ სტანდარტებს.
მიმაჩნია, რომ ასეთი ინტელექტუალური ტექნიკური კონტროლის სისტემა სასარგებლოა მხოლოდ იმ ავტორებისათვის, რომლებიც იმყოფებიან აკადემიური მოღვაწეობის საწყის ეტაპზე, - როგორც ასპირანტებისა და ახალგაზრდა მეცნიერთა კვალიფიკაციის ამაღლების პედაგოგიური ინსტრუმენტი. მაგრამ იმ მკვლევართა შრომებს, რომლებმაც უკვე შეიქმნეს რეპუტაცია და მაღალი აკადემიური წოდება გააჩნიათ, უნდა ჰქონდეთ პროფესიული ხარისხის პრეზუმფცია და აკადემიურ ჟურნალებში იბეჭდებოდნენ ყოველგვარი შიდა რეცენზიებისა და შესწორებების გარეშე, გარდა წმინდა სარედაქციო-კორექტურულისა. თავად ავტორი უნდა იყოს პასუხისმგებელი მისი ნაშრომის ხარისხზე კოლეგებისა და მკითხველის წინაშე.
კარგი იქნებოდა ჰუმანიტარულ. დისციპლინებში ახალი იდეების შეგროვების, შენახვისა და გავრცელების სისტემის შექმნა. ამ ელექტრონულ არქივს შეეძლობოდა მიეღო სტატიების პრეპრინტი მანამ, სანამ პროფესიული ჟურნალები მიიღებდნენ მათი გამოქვეყნების გადაწყვეტილებას. მონაცემთა ასეთი ბაზა ფიზიკაში, მათემატიკასა და სხვა ზუსტ მეცნიერებაში არსებობს კორნელის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მსოფლიოში ცნობილი მისამართით:  arXiv.org.  1991 წლიდან იქ უკვე შეგროვებულია თითქმის მილიონი ნაშრომი, მათ შორის გამოჩენილი, რომლებსაც მიღებული აქვღ პრესტიჟული საერთაშორისო პრემიები. ზოგიერთი მათგანი შემდგომ იბეჭდება პროფესიულ ჟურნალებში, გადალახული აქვთ შიდა რეცენზირების ბარიერი, ხოლო სხვებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ მეცნიერებაში, მაგრამ მათი პუბლიკაცია ვერ მოხერხდა. მაგალითად, გრიგორი პერელმანის ცნობილი მტკიცებულება ჰილბერტის თეორემისა, რომელსაც მიენიჭა ფილდის პრემია, დარჩა ელექტრონულ პრეპრინტად.
წარმოვიდგინოთ, რომ პერელმანი არ ყოფილიყო მათემატიკოსი, არამედ ფილოსოფოსი ან ფილოლოგი. პროფესიული კომუნიკაციის რომელი არხის მეშვეობით შეგვეძლო ჩვენ  გაგვეგო მისი აღმოჩენების შესახებ? უნდა შეიქმნას ანალოგიური ელექტრონული რეპოზიტარი ჰუმანიტარულ მეცნიერებებშიც. მისი ამოცანა იქნებოდა იდეების წარმოდგენა ყველაზე პირდაპირი და კონცენტრირებული ფორმით: არა როგორც „სტატიის“, რომელიც დატვირთული იქნებოდა მეორადი ინფორმაციით, არამედ როგორც ახალი იდეების, და გამოეტანა ისინი საჯარო ფორუმზე [3].

ჟანრები

ჰუმანიტარული მეცნიერებების თანამედროვე აკადემიურ ჟურნალებში შეიძლება მხოლოდ ორი ჟანრის ნახვა: (ა) სტატიების და (ბ) მიმოხილვების და რეცენზიების. სად არის სხვა ჟანრი, რომელიც საუკუნეების მანძილზე ხვეწდა ჩვენი ფანტაზირების, გაოცების, შემოქმედებითი აზროვნების უნარს? სად არიან მანიფესტები, აფორიზმები, ფრაგმენტები, ესკიზები, პროგრამები, ესე? შეიძლება წარმოიდგინოთ აფორიზმების ან მანიფესტების კრებული იმ ჟურნალების ფურცლებზე, რომლებსაც გამოცემენ პროფესიული ორგანიზაციების წევრებისათვის, მაგალითად, ლინგვისტების, ფსიქოლოგების ან სლავისტებისათვის?
როდესაც ფრიდრიხ შლეგელს სურდა მოეძებნა თანაზომიერი ჟანრული ფორმა მისი იდეებისათვის, მან მათ უბრალოდ „იდეები“ უწოდა. და ეს მართლაც იდეები იყო: სხვა აკადემიურ სტატიებთან შედარებით, რომლებიდანაც  ხშირად შეუძლებელია პროდუქტიული აზრის გამოტანა, მათ ეკავათ არაუმეტეს ხუთი-ათი სტრიქონისა. კ.მარქსის „თეზისებმა ფოიერბახზე“ ბიძგი მისცეს აზროვნების მრავალ მიმართულებას, მაგრამ დღევანდელ აკადემიურ გამოცემებში, ალბათ, არ გამოიძებნებოდა ადგილი ამ ორი 11 თეზისიანი გვერდისათვის, რადგან მათი ჟანრი არ იქნებოდა მეცნიერულად მიჩნეული. ინტელექტუალური დისკურსის ყველაზე კრეატიული, ლაკონური, ენერგიული ჟანრებისათვის არ არის  ხელმისაწვდომი აკადემიური მეცნიერება და პრესა.
როგორც ნიცშე ამბობდა, „არ ღირს იმ ფაქტების დამალვა, თუ როგორ მოდიან ჩვენთან ჩვენი აზრები. ყველაზე ღრმა და ამოუწურავ წიგნებშიც არის რაღაც აფორისტული და მოულოდნელი, როგორც პასკალის „აზრებში“ [ Nietzsche 1980: 35]. აღსანიშნავია, რომ „აზრები“შავადდაიწერა, როგორც ტრაქტატის საფუძველი სისტემატური თეოლოგიის შესახებ, და არ იქნა დასრულებული ავტორის ჩანაფიქრის შესაბამისად. მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს იყო მხოლოდ მონახაზი ან იდეა სუფთა სახით, აზრის მარცვალი და არა ნაყოფი, ანიჭებდა მათ ემბრიონისათვის დამახასიათებელ განსაკუთრებულ ენერგიას. მათი ზემოქმედების პოტენციალი მკითხველის ცნობიერებაზე იმის გამო იზრდება, რომ ისინი წარმოგვიდგებიან არა როგორც დასრულებული აზრი, არამედ, სწორედ როგორც ყლორტი, რომელიც მიმართულია თანაშემოქმედებისა და თანააზროვნებისაკენ.
ლაკონურობის პოეტიკა დასაბამს ანტიკურობაში იღებს (აფორიზმები, გნომები, ეპიგრამები) და საუკუნეების მანძილზე შთააგონებდნენ ყველაზე რადიკალურ  გონება-განწყობილებას და ყველაზე დინამიურ და ტრანსფორმაციულ ჟანრებს: ლუთერის და მარქსის თეზისებს, პასკალის „აზრებს“, გერმანელ რომანტიკოსთა ფრაგმენტებს, ნიცშეს აფორიზმებს. მიკროჟანრები პასუხობენ თანამედროვე კომუნიკაციების დაჩქარებულ ტემპს და შეუძლიათ ახალი სიცოცხლე შთაბერონ ჰუმანიტარულ დისციპლინებს, რომლებიც ახლა, როგორც არასდროს,  საჭიროებენ ინტელექტუალურ კონცენტრაციას და ლაკონურობას [4].

ჰუმანიტარული განათლება

მიხაილ ბახტინის აზრით,  „ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საგანია გამომხატველი და მეტყველი ყოფიერება. ეს ყოფიერება არასოდეს არ ემთხვევა თავის თავს და ამიტომ ამოუწურავია მის აზრსა და მნიშვნელობაში“ [ბახტინი 1986: 410]. შესაბამისად, ბახტინი გამოყოფს „შემეცნებითი საქმიანობის სხვადასხვა სახის აქტიურობას. უტყვი საგნის შემცნობის აქტიურობას და სხვა სუბიექტის შემცნობის აქტიურობას, ანუ შემცნობის დიალოგურ აქტიურობა“  [ბახტინი 1986: 161].
ბახტინის არგუმენტები ხელს უწყობენ ჰუმანისტიკაში ინტელექტუალური საქმიანობის განსაკუთრებული პრინციპების ფორმულირებას. ტექნოლოგიური და პოლიტიკური საქმიანობისაგან განსხვავებით, ჰუმანიტარული მიმართულია არა მატერიალურ ობიექტებზე და სოციალურ ჯგუფებზე, არამედ მოაზროვნე და მგრძნობიარე ინდივიდებზე, და იზიდავენ მათ შემოქმედებითი კომუნიკაციის აქტებში. ჰუმანიტარულ დისციპლინათა პოლიტიზაცია და ტექნოლოგიზაცია იწვევს მათი თავისებურებების აღიარების უარყოფას.
განათლება ჰუმანისტიკის ის მხარეა, რომელსაც მეტწილად ემუქრება თანამედროვე უნივერსიტეტის კორპორატივიზაცია. აქ ჩნდება ორი მნიშვნელოვანი კითხვა:
1. შეუძლია თუ არა ახალ ტექნოლოგიებს, რომლებიც დაფუძნებულია კომპიუტერების გამოყენებაზე, მაგალითად, დისტანციურ სწავლებაზე, ჩაანაცვლოს უნივერსიტეტი, ურთიერთმოქმედ, ერთად მომუშავე ინდივიდთა საზოგადოება, ინტელექტუალური ურთიერთობის ადგილი?
2. როგორია პრინციპული განსხვავება უნივერსიტეტისა, რომელიც სთავაზობს დიპლომის ან პროფესიის შეძენას, უნივერმაღისა ან სუპერმარკეტისაგან?
ეს კითხვები ერთმანეთთან დაკავშირებულია და გულისხმობს ერთ, საერთო პასუხს. უნივერსიტეტი საინფორმაციო ქსელი არ არის და არც ინტელექტუალური პროდუქციის სუპერმარკეტია; ეს ჰუმანიტარული ინსტიტუციაა, რომელიც განკუთვნილია კაცობრიობის თვითშემეცნებისათვის. ტექნოლოგიზაცია, ისევე როგორც კომერციალიზაცია, ძირს გამოუთხრის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დიალოგიურ ბუნებას - საუნივერსიტეტო განათლების დისციპლინურ და მეთოდოლოგიურ ბირთვს.  ა.პუშკინის ლექსში „წიგნის გამყიდველის საუბარი პოეტთან“  (1824) არის ერთი შესანიშნავი ფრაზა: „არ იყიდება ზეშთაგონება,/ძალგიძთ გაყიდვა ხელნაწერისა“. მასწავლებლები და სტუდენტები ერთმანეთს უზიარებენ არა მარტო ხელნაწერებს, ჩანაწერებს, წიგნებს და აზრებს, არამედ თავის შთაგონებას. ჰუმანიტარულ მეცნიერებებთან მხოლოდ ადამიანის შედარება შეიძლება,  როგორც მათ საგანთან და ამავე დროს, ადრესატთან; მხოლოდ ისინი არიან ღია დიალოგისათვის. ჰუმანიტარულ დისციპლინათა შესწავლა პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ როგორ ურთიერთქმედებენ სტუდენტები უნივერსიტეტში, რა ფორმის თვითგაგება და ადამიანური ურთიერთობა ჩნდება მათ შორის. მეტაფიზიკა, ეთიკა, ესთეტიკა, ლოგიკა, ფსიქოლოგია, აზრის ძიება, სილამაზის აღქმა, სიკეთის გაგება  - ყველაფერი პირდაპირაა ჩართული საუნივერსიტეტო ცხოვრების, ღირებულებების და ქცევის ნორმების შექმნაში.  უნივერსიტეტი ცოდნის მიღების და გამოყენების ადგილია, ინტელექტუალურ-ფსიქოლოგიური გარემო, სადაც პრაქტიკულად ხდება იმის განმტკიცება, თუ რა იქნა შესწავლილი აუდიტორიებში. თუ შევეხებით ჰუმანისტიკის ტრანსფორმაციულ პოტენციალს, უნივერსიტეტი არის არა მხოლოდ პირობა, არამედ მისი რეალიზციის პროდუქტი. უმაღლესი განათლების მთავარი შედეგია თავად უნივერსიტეტი, როგორც ადამიანის შემოქმედებითი შესაძლებლობების სრული თვითგახსნის სისტემა საკუთარი თავის და სხვების მიმართ.
განათლება ერთ ერთი ყველაზე საიდუმლო და ფარული ცხოვრების ნაწილია, ჭეშმარიტად ეგზისტენციალური გამოცდილება. პროფესიული საქმიანობა, თუნდაც შემოქმედებით სფეროებში, როგორც წესი, ხორციელდება წინასწარ დაუფლებულ ფორმებში და წინასწარგანსაზღვრულ ჟანრებში. ნახატი, ლექსი და ცეკვა მზა პროდუქტია, რომლისგან მათი შემოქმედი (იქნება ეს მხატვარი, პოეტი თუ ქორეოგრაფი) უკვე დისტანცირებულია. მსახიობები და მომღერლებიც კი, როდესაც სცენაზე გამოდიან, პუბლიკას აჩვენებენ იმას, რაც მათ წინასწარ მოამზადეს. განათლებაში კი ადამიანის შემოქმედებითი თვითრეალიზაციის საიდუმლოება უმეტესად ხორციელდება უშუალოდ და სპონტანურად, როგორც პიროვნების თვითქმნა აქ და ახლა, სხვა ადამიანებთან დიალოგის გზით. მათემატიკის, ფიზიკის ან ეკონომიკის შესწავლისას, ჩვენ არ ვიყენებთ ამ ცოდნას ბუნების და საზოგადოების შესახებ პირდაპირ საკუთარ თავთან მიმართებაში, მაგრამ ჰუმანიტარულ მეცნიერებებში ცოდნის სუბიექტი და ობიექტი ერთმანეთს ემთხვევა, ამიტომ განათლება აქ უშუალოდ გამოდის როგორც „შესაქმნელის“  ტრანსფორმაცია.
მეცნიერული კვლევისათვის „შედეგის განმეორებადობა“ ერთ-ერთი სავალდებულო მოთხოვნაა. საგანმანათლებლო პროცესის თავისებურება იმაშია, რომ მოიცავს არა მხოლოდ ცოდნის გადაცემას და შეძენას, არამედ ადამიანთა ურთიერთქმედების განუმეორებელ მომენტებს, „გარდაქმნას ცოდნის გზით“.  ზოგჯერ მიჩნდება კითხვა: „შესაძლებელი ხომ არ არის ჩემი ცოდნის კომპიუტერიზაცია? ლექციების ჩაწერა დისკზე სასწავლო პროგრამების „ციფრულ პაკეტში“ შეტანა?“ იმედი მაქვს, რომ პასუხი უარყოფითი იქნება. განათლება იმპროვიზაციული საქმიანობაა, რომელიც ავითარებს ადამიანის გაკვირვების და გაუთვალისწინებლად მოქმედების უნარს. განათლება სულაც არ ნიშნავს იმის შინაარსის გადმოცემას, რაც უკვე ცნობილია: ის წარმოშობს ერთობლივ შემოქმედებით მოვლენას მხოლოდ სხვა ადამიანთა თანდასწრებით. აქ ყველაზე მეტ ღირებულებას იძენს ცნობილის ღია დამოკიდებულება უცნობის მიმართ, რომელიც გამოიხატება როგორც ადამიანის არსებობის კითხვითობაში, რომელიც სხვა ადამიანისათვის ღიაა.
როგორც მ.ბახტინი წერდა, „თუ პასუხი არ წარმოქმნის ახალ კითხვას, იგი დიალოგიდან ვარდება და სისტემურ ცოდნაში შედის, ძირითადად, გაუპიროვნებულში“ [ბახტინი 1986: 161].  კითხვებს გააჩნია საკუთარი აიცულებელი ღირებულება: ისინი ეგზისტენციალური მოუსვენრობის და ინტელექტუალური შთაგონების წყაროა. ბახტინის ცნობილ თეზისს: „ხელოვნება როგორც პასუხისმგებლობა“ შეიძლება დავამატოთ პოსტულატი „აზროვნების  მთლიანად ჰუმანისტიკის კითხვითობის“  შესახებ.
ჰუმანისტიკისათვის კითხვების დასმა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. თვითონ მნიშვნელობა „იყო ადამიანი“ ეჭვქვეშაა მოქცეული: ადამიანთა მოდგმისათვის ოდესღაც განუყრელი ნიშნები, ისეთები, როგორიცაა სიცოცხლის და ცოდნის უნარი, ეტაპობრივად გადადიან ტექნიკურ და ბიოტექნიკურ მოწყობილობებზე. ჰუმანიტარულ დისციპლინებს მოქმედება უწევთ საკუთარი თავისადმი კითხვების დასმის რეჟიმში იმ მიზნით, რომ გააცნობიერონ მათი საგნის დაუცველობა და გაურკვევლობა, კერძოდ კი, ადამიანის.
ჰუმანისტიკის მიერ შემოთავაზებულ ნებისმიერ გამოსავალს ნაკლები ღირებულება აქვს, ვიდრე კითხვას, რომელზეც იგი ეძებს პასუხს, რადგან  შემოქმედებითად მოაზროვნე ადამიანი, საბუნემისმეტყველო და საზოგადოებრივი საგნების შესწვლისგან განსხვავებით, არ შეიძლება იყოს ობიექტივირებული. კაცობრიობის (და საკუთარი თავის) გამოჩენილმა მკვლევარებმა გვიანდერძეს არა მხოლოდ მათი  ცოდნის და მრწამსის სისტება, არამედ მათ მიერ კითხვის დასმის საშუალებები. მათი პასუხები თითქმის ყოველთვის საკამათოა, მაგრამ კითხვები ხშირ შემთხვევაში  უდაოა.



ჰუმანიტარულ ინოვაციათა ცენტრები

თუ უნივერსიტეტი მოწოდებულია გახდეს ინტელექტუალური შემოქმედების და გამომგონებლობის ცენტრი, უნივერსიტეტებში უნდა მოიძებნოს ადგილი ისეთი ცენტრებისათვის, რომლებიც კოორდინაციას გაუწევდნენ ჰუმანიტარულ კათედრებს და ინიციირებდნენ ჰუმანიტარული პრაქტიკის განვითარებას. საჭიროა ჰუმანიტარულ ინოვაციათა ცენტრები, რომლებიც შეიმუშავებენ და  უნივერსიტეტში განსახილველად გამოიტანენ შემდეგ საკითხებს: "რას ნიშნავს  იყო ადამიანი ფუნდამენტალური ტექნოლოგიების - ბიოლოგიური, ინფორმაციული, ნეიროკოგნიტური - განვითარების ეპოქაში? როგორ ზრდიან ისინი  ადამიანის პოტენციალს? როგორ უნდა იქნას შემუშავებული კაცობრიობის მომავალის ახალი ხედვა და კონცეპტუალური აპარატი მის შესასწავლად?“
საუნივერსიტეტო ჰუმანიტარულ ინოვაციათა ცენტრის უფრო დეტალური ტიპიური პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს და ამოცანებს:
1. ჰუმანისტიკის ახალი მიმართულებების განვითარება, რომლებსაც შეუძლიათ სწრაფად გააცნობიერონ ინტელექტუალური კლიმატის ცვლილება ХХI საუკუნეში,  განსაკუთრებით საბუნებუსმეტყველო მეცნიერებების და ახალი ტექნოლოგიების მიღწევები.
2. ადამიანის ტექნიკური და ბიოლოგიური ტრანსფორმაციის პრობლემების შესწავლა და ჰუმანისტურ პერსპექტივაში ხელოვნური ინტელექტის შექმნა ფილოსოფიის, თეოლოგიის, ფიზიკის, ბიოლოგიის და საინფორმაციო ტექნოლოგიების ფაკულტეტებთან თანმშრომლობის გზით.
3. ცვლილებების შესწავლა, რომლებიც გამოიწვია უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიების შემოტანამ ჰუმანიტარის საქმიანობაში, ინტერპრეტაციის მეთოდებში  და აკადემიური საზოგადოების ეთიკაში, ტრადიციულ შეხედულებებში ტექსტის, კითხვის, წერის შესახებ.
4. ინტელექტუალური „სწრაფი რეაგირების ძალთა“ დაარსება, რომლებიც შეძლებენ ოპერატიულად შეისწავლონ ახალი ტრენდები და პრობლემები, რომლებიც ცდებიან არსებულ დისციპლინათა საზღვრებს და მოითხოვენ მეცნიერული ცოდნის ახალი სფეროების ფორმირებას.
5. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ტრანსფორმაციული პოტენციალის გაძლიერება. ცენტრის მიერ შემუშავებული პროექტების მაგალითები: ლინგვისტიკის, როგორც სამეცნიერო დისციპლინის ზემოქმედება ენების განვითარებაზე; ესთეტიკისა და პოეტიკის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებით განვითარებაზე; ფილოსოფიის როლი კომპიუტერულ სიმულაციებში ვირტუალური სამყაროს აგებისას.
6. ახალ ჰუმანიტარულ დისციპლინათა შექმნა და განვითარება, რომლებიც შეისწავლიან XXI საუკუნის სოციალურ-კულტურულ პრობლემებს. მათ რიცხვში შეიძლება შევიდნენ: მეცნიერებათმცოდნეობა, ტექნოჰუმანისტიკა, ტექნოსოფია, ქოროლოგია, სემიურგია, პროექციული ლინგვისტიკა, სკრიპტორიკა, ტექსტონიკა...[5]
7. ინტელექტუალური დისკურსის ჟანრების გაფართოება, განსაკუთრებული აქცენტით წერის ექსპერიმენტული ტექნიკის და ლაკონური გამომხატველობითი ჟანრების განვითარებაზე, რომლებიც ადრე ამოღებული იყო აკადემიური პრაქტიკიდან (მანიფესტები, რეფერატები და სხვ.).
8. სპეციფიკური მეთოდებისა და შეფასების კრიტერიუმების განვითარება და აზროვნების შემოქმედებითი პოტენციალის, ინტელექტუალური ფანტაზიის შესაფასებლად; შემოქმედების თეორიის შემუშავება ჰუმანიტარულ დისციპლინათა მიმართებაში.
9. ჰუმანიტარულ გამოგონებათა რეგისტრაციის და „დაპატენტების“ და მათი შედეგების შეფასების და გავრცელების ფორმების შემუშავება.
10. ელექტრონული ქსელების და სხვა უახლესი ტექნოლოგიების გამოყენება არა მხოლოდ ჰუმანიტარული ცოდნის შენახვისა და გავრცელებისათვის, არამედ ახალი ინტელექტუალური გარემოს, ინტელნეტის ფორმირებისათვის, ექსპერიმენტული ნიშნური კონფიგურაციების შესაქმნელად, რომლებიც განასახიერებენ ჰუმანიტარული შემოქმედების და პროექტირების ახალ შესაძლებლობებს.

ჰუმანიტარულ ინოვაციათა ცენტრზე საუბრისას მე ვეყრდნობი ასეთი ცენტრის შექმნის გამოცდილებას დარემის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი). მე გახლდით მისი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი სამი წლის განმავლობაში (2012-2015), და აქ  მუშაობის გამოცდილებიდან გამომდინარე ბევრი იდეა წარმოიშვა [6].
ცენტრის საიტზე გამოდის ელექტრონული ჟურნალი „მინიმა. ინტელექტუალური მიკროჟანრების ჟურნალი“. აქ ხდება ინტელექტუალური წერის ისეთი მინიმალური ფორმების ლეგიტიმაცია, როგორებიცაა აფორიზმები, ფრაგმენტები, თეზისები, მანიფესტები, პროგრამები, იდეები, ნეოლოგიზმები, დეფინიციები, ჩანაწერები, ესკიზები, რადგან თანამედროვე აკადემიური წერის გაბერილი ფორმატები, არსებითად, მოხერხებულად არ იკითხება და არ სტიმულირებს შემოქმედებით აზრს.
მოქმედებს, თუმცა ჯერ კიდევ  მოკრძალებულ მასშტაბებში, „ახალ იდეათა რეპოზიტარი“ («Repositоry of New Ideas»). ნავარაუდებია იდეათა სხვა ცირკულაცია, ვიდრე დღეს არსებული ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. ნაწილობრივ ეს ჰგავს  პრეპრინტებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. ჩვენი საზოგადოების წევრებს შეუძლიათ თავისუფლად, ყოველგვარი კონტროლის და გაფილტვრის გარეშე განათავსონ იქ თავისი ტექსტები, თითოეული უნდა  შეიცავდეს  არა უმეტეს 2000 სიტყვისა. ახალ მონაწილეებს მოუწევთ სარედაქციო კონტროლის გავლა: სრულიად უგუნური იდეები, რა თქმა უნდა, გაიცხრილება, ისევე, როგორც საიტისათვის არაფორმატული ტექსტების დაბეჭდვის მცდელობა, მაგალითად, ლექსების.
არის რუბრიკა „ახალი ტერმინების და ცნებების ლექსიკონი“, რომელიც შემოთავაზებულია ჰუმანიტარულ მეცნიერებებში შესატანად. მინდა იმედი ვიქონიო, რომ ცენტრი გახდება ახალ იდეათა და ნიშანთა „ემისიის“ ერთგვარი ადგილი, რომლებიც შევლენ პროფესიული საზოგადოების ხმარებაში.
2014 წელს ცენტრმა ჩაატარა წარმომადგენლობითი საერთაშორისო კონფერენცია (ორმოცი მომხსენებელი) შემდეგ თემებზე:
კრეატიულობა და წარმოსახვა ჰუმანიტარულ მეცნიერებებში.
პარადიგმატული და მეთოდოლოგიური ინოვაციები ჰუმანისტიკაში.
ახალი ჟანრები და დისციპლინები ჰუმანისტიკაში.
ჰუმანიტარული კვლევები როგორც ახალი კულტურული პრაქტიკის საფუძველი.
ჰუმანიტარული და დიჰიტალური: ურთიერთ ტრანსფორმაციის საშუალებები.
ჰუმანისტიკა ეკოლოგიური საფრთხის წინაშე.
„მესამე კულტურა“: ურთიერთმოქმედება ჰუმანიტარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს შორის.

ყველა მოხსენება წარმოდგენილი იყო მანიფესტის სახით, სადაც მოხაზული იყო ახალი მიმართულებები ჰუმანიტარულ მეცნიერებებსა და პრაქტიკაში.
მომავალში შემოქმედებითი აზროვნების და ჰუმანიტარული ინოვაციების ასეთი ცენტრები უნდა შეიქმნას მსხვილ კვლევით უნივერსიტეტებში და გახდეს ტრადიციულ დისციპლინათა და ტრანსფორმაციულ პრაქტიკათა გადაკვეთის ადგილი. ცენტრები მხოლოდ რეფორმების დასაწყისია, ახალი მარცვალი ჰუმანისტიკაში, რომელმაც შემდგომ უნდა მოგვცეს  აღმონაცენი. საჭიროა კათედრები, პროგრამები, შემოქმედებითი აზროვნების განყოფილებები (Creative Thinking) და მთლიანად უნივერსიტებებთან არსებული პროფესიული ჰუმანიტარული სკოლები (Schools of the Humanities), იმავე სტატუსით, როგორც პოლიტიკური, იურიდიული, თეოლოგიური მეცნიერების ფაკულტეტები, სამედიცინო და ბიზნეს სკოლები,  რომლებიც ასწავლიან პრაქტიკულ საქმიანობას ამ სფეროებში. ასეთი სკოლები მოამზადებენ სპეციალისტებს ჰუმანიტარულ პრაქტიკაში - ლოგიკურ-მეტაფიზიკურში, ფსიქოლოგიურში, ეთიკურში, ესთეტიკურში, ლინგვისტურში, რომლებიც გავლენას ახდენენ ცივილიზაციის განვითარებაზე, მთლიანად საზოგადოებაზე.
ჰუმანიტარებს, როგორც ახალ „განდეგილებს“, ერთგვარ აკადემიურ უმცირესობას, უნდა გაუჩნდეს მათი მაღალი დანიშნულების განცდა, მისი ცენტრალური ადგილისა საგანმანათლებლო უნივერსუმში. ჰუმანიტარულ ინოვაციათა ცენტრის ფსიქოლოგიური მნიშვნელობა ამ პროფესიული სიამაყის ფორმირებაშია.

პასუხი შესაძლო შეპასუხებაზე

ზოგჯერ მიიჩნევენ, რომ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა პრაქტიკული კომპონენტია მათი სწავლება, პედაგოგიური საქმიანობა. ეს ასე არ არის. ასწავლიან საბუნებისმეტყველო და სოციალურ მეცნიერებებსაც, მაგრამ ეს ხელს არ უშლის მათ ჰქონდეთ თავისი განსაკუთრებული პრაქტიკული ზედნაშენი ტექნიკის და პოლიტიკის სახით (რომელთა სწავლება, თავის მხრივ, ასევე შეიძლება).
ზოგჯერ ამტკიცებენ, რომ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა პრაქტიკული კომპონენტია ლიტერატურული და მხატვრული შემოქმედება. ეს ასე არ არის. მხატვრული შემოქმედება არ არის ჰუმანისტიკის დარგი, მისი შესწავლის ობიექტია, როგორც ბუნებაა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა შესწავლის საგანი. ლიტერატურა, ფერწერა, მუსიკა, თეატრი და კინო ხელოვნების პირველადი სახეობებია, რომელსაც იკვლევენ ჰუმანიტარული დისციპლინები, როგორიცაა ესთეტიკა, კულტუროლოგია, ლიტერატურათმცოდნეობა, ხელოვნებათმცოდნეობა, მუსიკათმცოდნეობა. ჩვენ ასევე გთავაზობთ ზედნაშენს ამ დისციპლინებისათვის, თეორიიდან მეორად პრაქტიკაზე გადასვლას, რომელიც თვისობრივად განსხვავდება პირველადისგან,  „თეორიამდელისგან“.
შეიძლება შემეპასუხონ: ნუთუ შესაძლებელია ისეთი შემოქმედებითი ჟანრის სწავლება, როგორიცაა ლიტერატურული მანიფესტი? მაგრამ სტუდენტებს ხომ ასწავლიან პოეზის ან პროზის ხელოვნებას სამწერლო ოსტატობის, ლიტერატურული შემოქმედების კათედრებზე? რატომ არ შეიძლება ინტელექტუალური შემოქმედების კათედრების ორგანიზება, სადაც ჰუმანიტარი გამომგონებელი შეძლებდა მისთვის შესაფერისი ადგილის მოძებნას აკადემიურ საზოგადოებაში? და არა მხოლოდ კათედრების, არამედ მთელი სკოლების, იურიდიული, სამედიცინო, თეოლოგიური, საინჟინრო, ბიზნესის და სხვა ე.წ. „პროფესიული“ სკოლების მაგალითის მიხედვით, რომლებიც წარმოადგენენ მრავალი უნივერსიტეტის შემადგენელ ნაწილს. მათ შორის სრულიდ შესაძლებელია წარმოვიდგინოთ School of the Humanities, რომელიც მოამზადებს სპეციალისტებს ჰუმანიტარული ტექნოლოგიების და გამოგონებების ყველა მიმართულებით.
ტრადიციონალისტებს წამოყენებული აქვთ ასეთი არგუმენტი: როგორ შეუძლია მეცნიერებას გეგმაზომიერად მოახდინოს ენის და ლიტერატურის ფორმირება? შეიძლება ენა რომ „დაემორჩილეოს“? ის ცოცხალი ორგანიზმია, ერთ და იმავე სტიმულზე მას შეუძლია მრავალი არაპროგნოზირებადი რეაქცია ...
პირველ რიგში, ლიტერატურა ან ენა ასევე ინდივიდების მიერაა ჩამოყალიბებული. არ არსებობს „ხალხის მიერ მოგონილი სიტყვები“, „ხალხის მიერ შეთხზული სიმღერები“. ეს „ხალხური“ სიმღერები ვიღაცამ შექმნა, ვიღაც იწყებს მათ შესრულებას, ასევე ვინმე პირველად წარმოთქვამს ახალ სიტყვას, და შემდეგ ხდება მისი მიღება ან არ მიიღება ლინგვისტურ ან ფოლკლორულ გარემოში. სხვა გზა არ არსებობს.
გარდა ამისა, ნაგულისხმებია არა იმდენად მეცნიერება, რამდენადაც ჰუმანიტარული ტექნოლოგიები, რომლებიც იქმნება ამ მეცნიერებათა საფუძველზე კულტურაში შემოქმედებითი მუშაობისათვის. ჩვენ არ უარვყოფთ ტექნოლოგიების საჭიროებას, რომლებიც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან ერთად გარდაქმნიან ბუნებას და ქმნიან ცივილიზაციის მატერიალურ საფუძველს. ჩვენ არ ვაცხადებთ: კოსმოსი თავისთავად იმდენად სრულყოფილია, რომ მოდით ფიზიკამ შეისწავლოს მატერია, მაგრამ არ მოახდინოს მასზე ზემოქმედება, რადგან ყველაფერი, რაც ბუნებას სჭირდება, მას უკვე აქვს. ჩვენ არ ვართ ბორბლის და ბერკეტის წინააღმდეგი, არც თვითმფრინავის და გემის, არც კოსმოსური ჰომალდის და ელექტრონული ქსელების. თუ ჩვენ ჩვენ თავზე ვიღებთ  ღმერთის (ან ბუნების) მიერ შექმნილის შეცვლას, რა გვიშლის ხელს ადამიანის მიერ შექმნილი კულტურის შესაცვლელად?
კიდევ ერთი წინააღმდეგობა: განა არ არის საკმარისი შემოქმედებითი აზროვნების ხელოვნების პრაქტიკაში  გამოყენება  აკადემიური ჩარჩოების მიღმა? რა თქმა უნდა, ჰუმანიტარ გამომგონებლეს შეუძლია „გადარჩეს“ საუნივერსიტეტო საზოგადოების ფარგლებს გარეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მათ აღარ ექნება მრავალი მნიშვნელოვანი უპირატესობა: მათი ნაშრომები არ მიიღებენ დაფინანსებას, მათ აღარ ეყოლებათ მიმდევრები სტუდენტებს შორის, და, რაც მთავარია, ისინი მოწყვეტილი იქნებიან მთელი აკადემიური სისტემისაგან, რომელიც შეიქმნა ახალი იდეების განვითარებისათვის. თუმცა, თავად აკადემიური სისტემა, რომელიც ემიჯნება გამომგონებლობას, კიდევ უფრო მეტს კარგავს, ვიდრე წარსულით მოჯადოებული ჰუმანიტარული მეცნიერებები, განწირული არიან სტაგნაციისათვის.

                ჰუმანისტიკა და კაცობრიობის მომავალი

ამერიკული რევოლუციის დროს  ჯონ ადამსი, რომელიც მოგვიანებით ამერიკის შეერთებული შტატების მეორე პრეზიდენტი გახდა, ასე წარმოიდგენდა პოსტ-რევოლუციურ მომავალს:
„მე უნდა შევისწავლო პოლიტიკა და სამხედრო საქმე, რომ ჩვენ შვილებს ჰქონდეთ თავისუფლება ისწავლონ მათემატიკა და ფილოსოფია. ჩვენმა შვილებმა უნდა ისწავლონ მათემატიკა, ფილოსოფია, გეოგრაფია, ბუნებრივი ისტორია, გემთმშენებლობა, ნავიგაცია, კომერცია და სოფლის მეურნეობა, რომ მათ შვილებს ჰქონდეთ უფლება შეისწავლონ ფერწერა, პოეზია, მუსიკა, არქიტექტურა, სკულპტურა, გობელენები და ფაიფური“ [Adams 1780].
ასე იცვლება თაობათა შემეცნებითი პრიორიტეტები: ჰუმანიტარული მეცნიერება პირამიდის მწვერვალზე ექცევა. ეს ეხება ცივილიზაციის განვითარებას მთლიანობაში. უკანასკნელი რამდენიმე საუკუნის მანძილზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებმა მკვეთრად წაიწიეს წინ და დაიწყეს უფრო ძლიერი ზემოქმედება ცივილიზაციაზე, ვიდრე ჰუმანიტარულმა. მაგრამ ჰუმანისტიკის როლი აუცილებლად გაიზრდება იმისდა მიხედვით, როგორ შეძლებს კულტურის სამყარო სულ უფრო მეტად მოიცვას ბუნების სამყარო, სიმბოლურად და ტექნიკურად მოახდინოს მისი ინტეგრირება საკუთარ თავში. სამყარო დაახლოებით 13,8 მილიარდი წლისაა, მაშინ, როდესაც homo sapiens არა უმეტეს 200 ათასის, და მისი ისტორიული ჩამოყალიბება, რაც წერილობითი წყაროებითაა დაფიქსირებული, მხოლოდ 5500 წლის წინ დაიწყო. ბუნების სამყაროს ჰუმანიზაციასთან ერთად იზრდება ჰუმანისტიკის მნიშვნელობაც, რომელიც ასევე ვრცელდება ადამიანის მიერ შექმნილი მეცნიერებისა და ტექნიკის სამყაროზე. ეს იმის მანიშნებელია, რომ არა მხოლოდ იზრდება ჰუმანისტიკის წილი კაცობრიობის საერთო ინტელექტუალურ და ინფორმაციულ პროდუქტში, არამედ იზრდება მისი თემატური და მეთოდოლოგიური მოცულობაც. ჰუმანისტიკა პოტენციურად მოიცავს ყველა დისციპლინას, მათ შორის, საბუნებისმეტყველოს და ტექნიკურს, სოციალურს და პოლიტიკურს, რადგან ისინი ასევე ავლენენ ადამიანის შემოქმედებით პოტენციალს და გამოიყენება როგორც მისი შესწავლის მასალა. მეცნიერება ბუნების შესახებ ხომ არ ეკუთვნის თავად ბუნებას, ისინი ადამიანის მიერაა შექმნილი, და, შესაბამისად, შეიძლება განიხილებოდეს, როგორც ადამიანმცოდნეობის საგანი. ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია ჰუმანიტარულ ველში შედის, რადგან ბუნების შესწავლისას ისინი ავლენენ ადამიანის, როგორც შემეცნებითი, მოაზროვნე და შემოქმედებითი არსების შესაძლებლობებს.
ტექნიკის, ეკონომიკის, მრეწველობის, საკომუნიკაციო საშუალებების, საერთაშორისო ურთიერთობების ჰუმანიტარული კომპონენტი გაიზრდება. ხდება თანამედროვე წარმოების სულ უფრო მეტად გასულიერება, ინდივიდუალიზირება, ჰუმანიზირება. საკმარისია ყურადღების მიქცევა იმაზე, რაც ყველაზე თვალში საცემია: თანამედროვე რეკლამის აქცენტი პროდუქტის მატერიალური თვისებებიდან ბრენდის ღირებულ თვისებებზე გადადის, რაც ხელს უწყობს მატერიალური მოხმარებიდან სულიერი ათვისკებისკენ გადასვლას. თითოეული პროდუქტი უბრალოდ ნივთი კი არ არის, არამედ კიდევ ერთი შესაძლებლობა ადამიანისათვის გამოავლინოს საკუთარი თავი, მიუახლოვდეს მაქსიმუმს და აბსოლუტს.
ცოდნიდან შემოქმედებისაკენ. ინოვაციების სპეციალისტი ბრიუს ნუსბაუმი ასე ახასიათებს რევოლუციას ეკონომიკაში, რომელიც ჩვენ თვალწინ ხდება:
 „ჩვენთვის ცნობილ „ცოდნის ეკონომიკას“ ჩრდილავს რაღაც ახალი; ვუწოდოთ მას „შემოქმედების ეკონომიკა“ (Creativity Economy)...  ის, რაც ადრე იყო მთავარი კორპორაციებისათვის: ფასი, ხარისხი, ციფრული ანალიტიკური სამუშაო, რომელიც ასოცირებულია ცოდნასთან და ტვინის მარცხენა ნახევარსფეროსთან, საჩქაროდ გადაეცემა დაბალანაზღაურებად, კარგად გაწაფულ ჩინელებს, ინდოელებს, უნგრელებს, ჩეხებს და რუსებს. პროფესიული კომპეტენციის ახალი აქცენტი სულ უფრო გადადის შემოქმედებაში, მარჯვენა ნახევარსფეროში, რომელსაც მოსაზრებული კომპანიები ყოველნაირად იყენებენ თავისი მაქსიმალური ზრდისათვის ... აქ უკვე ლაპარაკი აღარ არის მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე, არამედ კრეატიულობაზე, ფანტაზიაზე და, უპირველეს ყოვლისა, ინოვაციებზე“ [ Nussbaum 2005].
თანამედროვე პოლიტიკურ და ბიზნეს ელიტაში დომინირებენ არა მათემატიკოსები და ფიზიკოსები, არამედ ჰუმანიტარული განათლების მქონე ადამიანები: ენები, კულტურა, საერთაშორისო ურთიერთობები, ისტორია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია ... ჰუმანიტარისათვის მთავარია  ალღოიანობა თანამედროვე ცივილიზაციის მთლიანი დინამიკისა და პერსპექტივების, მათ შორის, მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების მიმართ.  რაც უფრო წინ მიიწევენ ცოდნის სხვადასხვა სფეროები მათთვის სპეციფიკური ტრაექტორიით, მით უფრო ახლოს არიან ისინი ჰუმანიტარულ პრობლემატიკასთან. ისეთი მეცნიერები, როგორებიც არიან ს.ჰოკინგი ან რ.პენროუზი,  ფიზიკის, მათემატიკის, ბიოლოგიის და მედიცინის ათეულობით სხვა ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი, თავის პროფესიაში თანდათან ჩამოყალიბების შემდეგ გადადიან ჰუმანიტარულ საკითხებზე: მეტაფიზიკურ, ეთიკურ, ესთეტიკურ და შემეცნებითზე. რატომ უნდა დაუთმონ ჰუმანიტარებმა ეს ინიციატივა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს?
სამწუხაროდ, ჰუმანიტარების მსჯელობაში მათი დისციპლინების შესახებ ჯერ კიდევ სჭარბობს არასრულფასოვნების კომპლექსი, უკმაყოფილება საზოგადოების მიმართ, რომელმაც ისინი ვერ დააფასა. ჰუმანიტარები აღიქვამენ მათ პროფესიას, როგორც სულ უფრო დავიწროვებულ თავშესაფარს სამყაროში, სადაც დომინირებს გამორჩენის დევნა და გულქვა ტექნიკური პროგრესი. თავის ცნობილ წიგნში „ანტი-ინტელექტუალიზმი ამერიკულ ცხოვრებაში“ ისტორიკოსმა რიჩარდ ჰოფშტადტერმა ასე განსაზღვრა ჰუმანიტარ- განდეგილის ეს „პარადოქსული“ ტიპი:
„ბევრი მათგანი მიიჩნევს, რომ ერთადერთი ღირსეული პოზიციაა განდგომა. მათ არა იმდენად გარიყულობის ან ღია მტრობის ეშინიათ, რომელთან შეჩვევას უკვე შეურიგდნენ, როგორც გარდაუვალ ბედს, რამდენადაც ამ გარიყულობის შეგრძნების დაკარგვის ... ასეთია ფუნდამენტური პარადოქსი: თუმცა ანტიინტელექტუალიზმის გამოვლენა მათ გულზე ხვდებათ და აღიქმება, როგორც საზოგადოების სერიოზული სისუსტე, მაგრამ უფრო მეტად აშფოთებს და აწუხებს ის, თუ საზოგადოება მათ  იღებს“  [Hofstadter 1963: 393].
ჰოფშტადტერმა ეს წიგნი დაწერა 1960-იან წლებში, ინდუსტრიული საუკუნის ბოლო დეკადაში, როდესაც ინტელექტუალებს ჯერ კიდევ შეეძლოთ მათი საზოგადოებისგან გარიყულობის ანტიკონფორმიზმით და კაპიტალის ძალისადმი წინააღმეგობის გაწევით გამართლება. თუმცა, დღეს საზოგადოების კაპიტალს სწორედ იდეები წარმოადგენენ, და არა მატერიალური დაგროვება. სამყარო უფრო ღიაა ინტელექტუალური ინოვაციებისათვის, ვიდრე ოდესმე, ამიტომ ინტელექტუალთა ნებაყოფლობითი გარიყვა საზოგადოებისაგან დღეს აღიქმება როგორც უფრო პარადოქსული და დესტრუქციული.
XIX საუკუნეში ჯონ რასკინი ჩიოდა, რომ   მანქანებმა მუშებს წაართვეს  თავისუფლება, ღირსება და ინდივიდუალობა. ამ აზრს შეეკამათა თანამედროვე ბრიტანელი მოაზროვნე ჯეიმს მარტინი, რომელმაც ასე დაახასიათა მომავლის ინტელექტუალური ტექნოლოგიები: „XXI საუკუნეში მანქანები მეტად განსხვავებული იქნება. მათი გამოყენების უუნარობა მუშებს წაართმევს  თავისუფლებას, ღირსებას და ინდივიდუალობას“ [Martin 2007: 387].   ინტელექტუალების სამყაროსგან გაუცხოება, რომელიც სულ უფრო ინტელექტუალური ხდება, ნაკლებად გასაგებია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პოსტინდუსტრიული ეპოქა მანუფაქტურული ეკონომიკიდან სულ უფრო მიემართება საინფორმაციო  და ინოვაციური საზოგადოებისაკენ.
ჰუმანისტიკის მომავალი, ჩემი აზრით, დიდი შემოქმედებითი და სამყაროს გარდამქმნელი პროექტებია, რომელშიც ჰუმანიტარული მეცნიერებები მონაწილეობას მიიღებენ საბუნებისმეტყველო და სოციალურ მეცნიერებებთან ურთიერთქმედებაში. ან ჰუმანისტიკა გარდაიქმნება არქივისტიკად, ძველი ტექსტების შემგროვებლად და ინტერპრეტატორად, და გადაინაცვლებს ტექნოცენტრული ეპოქის პერიფერიაზე  ... ან დიკავებს წამყვან პოზიციებს სამყაროს ტრანსფორმაციში, რადგან ტექნო- და სოციოევოლუციის ყველა საიდუმლოება და შესაძლებლობა ადამიანშია, მის ტვინსა და გონებაში. დღეს სულ უფრო აშკარა ხდება, რომ „ყველაფრის ფიზიკური თეორიის“ შექმნა შეუძლებელია ადამიანის თვითშემეცნების გარეშე, იმიტომ, რომ სამყარო, როგორიც ის მოცემულია ჩვენთვის შესასწავლად და გამოსაკვლევად, განისაზღვრება ადამიანის სენსორიკის და ინტელექტის სტრუქტურით. ფიზიკოსები აქტიურად ერთვებიან კოგნიტიური, ფსიქოლოგიური, ლოგიკურ-ფილოსოფიური და თეოლოგიური პრობლემების დამუშავებაში (როჯერ პენროუზის, ჯონ ბაროუს, ფრენკ ტიპლერის, პოლ დევისი და სხვ. წიგნები). ჰუმანიტართა უმრავლესობამ კი ჯერ ვერ გააცნობიერა, რომ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა შეფერხება კრიტიკულ-დესტრუქციულ ეტაპზე უქმნის სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესს დაბრკოლებას, ან იწვევს თავად ჰუმანიტარული მეცნიერებების მარგინალიზაციას. მათი ადამიანთმცოდნეობის და „ადამიანთწამყვნობის“ ცენტრალური პრობლემები გადავლენ ფიზიკოსების, კოსმოლოგების, ეკოლოგების, ეთოლოგების, გენეტიკოსების და ა.შ. კომპეტენციაში.
მიმაჩნია, რომ დადგა დრო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მეთოდოლოგიური გამოფხიზლებისათვის და მოძრაობისათვის დეკონსტრუქციიდან დიდ კონსტრუქციულ მიდგომებსა გადაწყვეტილებებისათვის. ოდესღაც, პლატონისა და არისტოტელეს, კანტის და ჰეგელის ეპოქებში, ფილოსოფია მეცნიერებათა დედოფალი იყო, სათავეში ედგა კაცობრიობის გზას თვითშემეცნებისა და თვითგარდაქმნისაკენ, მაგრამ ნუთუ მხოლოდ იმისათვის, რომ ახლა მხოლოდ ფილოსოფიური ტექსტების ლოგიკურ-ლინგვისტური ანალიზისათვის მიემართა? ტექნოკიბერნეტიკული ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად ჰუმანიტარული მეცნიერებები სულ უფრო მეტად იქნებიან მოთხოვნადი, რადგან სამყაროს ყველა საიდუმლოების ამოცნობა ადამიანშია, მის უნარსა  და  ინტელექტში.
მაგრამ ჰუმანიტარული მეცნიერებები რომ გახდნენ ის, რაც შეუძლიათ და მოწოდებული არიან რომ იყონ, მათ საფუძველზე უნდა განვითარდეს ჰუმანიტარული პრაქტიკა, იმ სფეროების გარდაქმნის ტექნოლოგიები, რომლებსაც ადრე ეს მეცნიერებები მხოლოდ პასიურად სწავლობდნენ. ფილოსოფია დააპროექტებს ვირტუალურ სამყაროთა ონტოლოგიას, მათი არსებობის ამოსავალ პარამეტრებს, მათი დრო-სივრცის მეტრიკას, შემეცნებით და ღირებულ ორიენტირებს. ლოგიკა და ფსიქოლოგია ხელს შეუწყობენ ინტელექტის და ემოციური სფეროს შესაძლებლობების გაფართოვებას, მათ შორის დააპროექტებენ ხელოვნური ინტელექტის ახალ თვისებებს. ესთეტიკა და პოეტიკა მოხაზავენ ახალი მხატვრული და ლიტერატურული მოძრაობების შესაძლებლობებს . ლინგვისტიკა და სემიოტიკა განავითარებენ ენის ლექსიკურ და გრამატიკულ სისტემას და გააფართოვებენ სემიოსფერას, შექმნიან ნიშნების ახალ სისტემას. კულტუროლოგია შეიმუშავებს ახალ კულტურათა და ცივილიზაციათა პროექტებს, მათ შორის ექსპერიმენტულს და დაფუძნებულს ბუნებრივი და ხელოვნური ინტელექტის ურთიერთქმედებაზე.
გარდაქმნითი მიდგომა ცოდნის საგნების მიმართ არ ეწინააღმდეგება ჰუმანიტარული აზროვნების ტრადიციებს, რომელიც მრავალი საუკუნის მანძილზე ავანგარდში ედგა კაცობრიობას და მიმართულებას და მნიშვნელობას აძლევდა მის ისტორიულ განვითარებას. ის ფაქტი, რომ აკადემიურ გარემოში ჯერ კიდევ არ არის აღიარებული ჰუმანიტარულ გამოგონებათა და ტექნოლოგიების დამოუკიდებელი სტატუსი, ჰბადებს კითხვას, თუ რამდენად ადეკვატურად არის წარმოდგენილი  სხვადასხვა ინტელექტუალური შესაძლებლობები თანამედროვე უნივერსიტეტებში. ფილოსოფოსმა ალფრედ ნ.უაითჰედმა ასე განსაზღვრა უმაღლესი განათლების მისია: „უნივერსიტეტის ამოცანაა მომავლის შექმნა, რამდენადაც ამას ხელს შეუწყობს რაციონალური აზროვნება და ცივილიზებული აღქმა“ [Whitehead 1938: 233]. გამომგონებლობა ჰუმანისტიკის სფეროში კიდევ უფრო მიზანმიმართულია, ვიდრე სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, ხელს უწყობს მომავლის შექმნას.
ჩვენი ცივილიზაციის მომავალი მრავალ დისციპლინაზეა დამოკიდებული, მათ შორის, მათემატიკაზე, ნეიროფსიქოლოგიაზე, კიბერნეტიკაზე, ინფორმატიკაზე, კოგნიცისტივიკაზე, სემიოტიკაზე,  ხელოვნური ინტელექტის თეორიასა და პრაქტიკაზე ... მაგრამ ყველა ეს დისციპლინა, თავის მხრივ, დამოკიდებულია ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე, რადგან სწორედ ამ უკანასკნელის ფოკუსირება ხდება ნებისმიერი სუბიექტის თვითცნობიერებაზე, იქნება ეს ღმერთი,  ადამიანი თუ „მოაზროვნე“ მანქანა. უმაღლესი ტექნოლოგიები შესაძლებელია მხოლოდ იმდენად, რამდენადაც მათ შეუძლიათ ისწავლონ, იყონ ისეთი როგორიც არიან, იცოდენ საკუთარი თავი, ილაპარაკონ თავის შესახებ. როგორც დაგლას ჰოფშტადტერი აღნიშნავს, „ბოლოს და ბოლოს,  ჩვენ ჩაკეტილი მირაჟები ვართ, რომლებიც აღვიქვამთ და ვიგონებთ საკუთარ თავს, თვითრეფერენციის სასწაულს“ [Hofstadter 2007: 363]. ამ თვალსაზრისით, ჰუმანიტარული მეცნიერებები მოწოდებული არიან წინ გაუსწრონ ნებისმიერ გარღვევას კიბერ-, ნეირო- და ბიოტექნოლოგიაში. რადგან ჰუმანისტიკის დაფიქსირება ხდება ადამიანის თვითცნობიერებასა და თვითშექმნაზე, ის უფრო ახლოსაა მომავლის წყაროებთან.
დღეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და ტექნოლოგიები თავის თავზე იღებენ მომავლის ჩამოყალიბების პასუხისმგებლობას, ხოლო ჰუმანიტარული მეცნიერებები ხედავენ თავის დანიშნულებას იმაში, რომ შეინარჩუნონ და ახსნან წარსული. მაგრამ ასეთი პოლარული ორიენტაცია დროში გარდაუვალად უკავშირდება ამ დისციპლინების სპეციფიკას? კულტურისა და ისტორიის სამყარო უფრო ცვალებადია, ვიდრე ბუნების სამყარო. რატომ უნდა იყოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებები უფრო დინამიური და ღია მომავლისათვის, ვიდრე ჰუმანიტარული?
დღეს მნიშვნელოვანია არა იმდენად ტექნოლოგიური ინოვაციები რაკეტების ან კომპიუტერის სახით, რამდენადაც  ადამიანის შესაძლებლობების რადიკალური გაფართოება, ადამიანის თვითშექმნის ახალი გზები. ჟოელ გაროს თქმით, „კულტურული რევოლუცია, რომელშიც ჩვენ ვართ ჩართული, არ შეიძლება დავიდეს ბიტების და ბაიტების ისტორიამდე, როგორც ჰალილეის ცხოვრება დაწყვილებულ ლინზებამდე. რენესანსის ეპოქაში მთავარი ტელესკოპი კი არ იყო, არამედ იმის გაცნობიერება, რომ დედამიწა პატარა პლანეტაა, რომელიც ბრუნავს ჩვეულებრივი ვარსკვლავის გარშემო სამყაროს არაფრით არ გამორჩეულ ნაწილში. დღევანდელი ისტორია, პირველ რიგში, ეხება ადამიანის ტრანსფორმაციას, სამყაროსადმი დამოკიდებულებას <...> მიზანი იმაშია, რომ ორგანულად დავუკავშიროთ ერთმანეთს გონება და მანქანა, ისე მოვახდინოთ ადამინის ევოლუციის პროეცირება, რომ პირდაპირ გავავრცელოთ ჩვენი აზრების ძალა  [Garreau 2005: 11, 20].
პირველად ისტორიაში ადამიანებმა  შეიძინეს უნარი შექმნან რაღაც (ან, თუნდაც, ვიღაც) მათი მსგავსი. არა უბრალოდ შრომის იარაღები, ნიშნები, სიმბოლოები, მექანიზმები, არამედ ხელოვნური ინტელექტი, ხელოვნური ორგანიზმები, ცხოვრების ახალი ფორმები, ხოლო პერსპექტივაში - ადამიანის მსგავსი მოაზროვნე არსებები. ეს ყველაფერი უსასრულოდ აფართოვებს ადამიანის სფეროს. ჩვენი დრო შთამომავლობას შეიძლება დაამახსოვრდეს, როგორც ანტროპოეიის პირველი ეპოქა, ადამიანის მიერ ადამიანის  შექმნა კულტურისა და ტექნოლოგიების ერთობლივი ძალისხმევით. ევოლუცია, რომელსაც მილიონობით წლის განმავლობაში განკარგავდა ბუნება, ახლა, ინფო- და ბიოტექნოლოგიების წყალობით ადამიანის ხელში გადადის. კიდევ ერთხელ დავიმოწმებ ჯეიმს მარტინს: „ეს გადასვლა ევოლუციიდან, რომელსაც მართავს ბუნება, ევოლუციაზე, რომელსაც მართავს ადამიანი, არის უდიდესი ცვლილება მას შემდეგ, რაც წარმოიშვა ერთუჯრედიანი ცხოვრების ფორმა“  [Martin 2007: 275].
 დარჩებიან თუ არა ჰუმანიტარული მეცნიერებები ამ ევოლუციური პროცესის მიღმა, რომელიც აფართოვებს ადამიანის როლს სამყაროს და საკუთარი თავის გარდაქმნაში? უარყოფენ თუ არა ჰუმანიტარული მეცნიერებები თავის დანიშნულებას - განახორციელონ ადამინის მოდგმის თვითრეფლექსია და თვითრეალიზაცია? ხელიდან გაუშვებენ თუ არა ისინი უნიკალურ შესაძლებლობას შეისწავლონ ადამიანის ფენომენი მისი  უდიდესი და ყველაზე დრამატული ტრანსფორმაციის დროს?


ავტორი მ.ე.
თარგმანი მაია ფეილერი
01.08.2016

გავრცელება ავტორთან შეუთახმებლად აკრძალულია