пятница, 1 февраля 2019 г.

ხმის მიცემა, როგორც მრავალხმიანობა. არჩევნების შესახებ


ხმის მიცემა, როგორც მრავალხმიანობა. არჩევნების შესახებ
პრაქტიკულად ყველა თანამედროვე საარჩევნო სისტემაში მოქმედებს პრინციპი: ერთი ადამიანი - ერთი ხმა. და ეს ხმა მთლიანად ერთი კანდიდატის ან ერთი პარტიისთვის არის განკუთვნილი. ასახავს კი ეს პრინციპი ამომრჩეველთა რეალურ არჩევანს? რასაკვირველია, არა ერთი ადამიანი მოიძებნება, რომელიც  ერთი პარტიის ან ერთი კანდიდატის ერთგული იქნებადა მათ ხმას მისცემს „ხმამაღლა“. მაგრამ არსებობს ბევრი ისეთიც, ვისაც სურს მხარი დაუჭიროს ორ ან მეტ კანდიდატს. მოვიყვან პირობით მაგალითს: ჩემში სიმპათიას იწვევს მწვანეთა პარტიის ზოგიერთი პოზიცია, და მე მზად ვარ მათ მივცე ჩემი ხმის წილი, ვთქვათ, ერთი მეათედი. იგივე წილი - ლიბერტარიანელებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მოქალაქეებზე სახელმწიფოს ძალადობას, დაბეგვრის გაუქმების (ანარქო-კაპიტალიზმი) ჩათვლით. და, ვთქვათ, სამი მეათედი - რესპუბლიკელებს. ხოლო დარჩენილი ნახევარი - დემოკრატებს. მე მინდა, რომ ხმების დათვლის დროს ჩემი არჩევანი ამგვარად ყოფილიყო გათვალისწინებული. ჩემი მეათედი წილები მიემატოს  პატარა პარტიებს, რაც დაეხმარება მათ დიდი პოლიტიკის ავანსცენაზე გასასვლელად.
„დიდ მონაცემთა“ თანამედროვე ტექნოლოგია იძლევა ინდივიდუალური ხმების ყველაზე პატარა წილების (ინგლისურ ენაზე ამას ზოგჯერ უწოდებენ  cumulative voting) ადვილად დაფიქსირების საშუალებას. არსებითად, ეს თითქმის არაფრით არ განსხვავდება ფინანსური ინვესტიციებისგან სხვადასხვა კომპანიების აქციებში, წილობრივ საინვესტიციო ფონდებში (ე.წ. ორმხრივი).  იმ ფონდს, რომელსაც მე ყველაზე მეტად ვენდობი და რომელიც პოტენციურად ყველაზე მომგებიანად მიმაჩნია, მე არ ვანდობ ჩემს მთლიან დანაზოგს, არამედ გავანაწილებ მას სხვადასხვა ფონდებს შორის, ან, როგორც ამბობენ, ჩემი პორტფელის დივერსიფიკაციას მოვახდენ. რატომ არ შემიძლია ასე მოვიქცე ჩემს პოლიტიკურ ინვესტიციებთან დაკავშირებითაც და გამოვიყენო ისინი ჩემი ქვეყნის მომავლისთვის? ერთი ხმა, ფაქტობრივად, ჩემი ინვესტიციების 100%-ს შეადგენს, და მე შემიძლია მათი განაწილება, როგორც საჭიროდ მივიჩნევ.
 ადამიანი შინაგანად ჰეტეროგენულია, როგორც საზოგადოება, რომელსაც ეკუთვნის. მოსახლეობაში იშვიათად გვხვდებიან ერთი პოლიტიკური პლატფორმის ქომაგები ან ფანატიკოსები, რომლებიც მისთვის თავდაუზოგავად შრომობენ და მისი ერთგულები არიან 100%-ით და არ ესმით სხვა პოზიციების ხმა, სხვა პერსპექტივების ძახილი. ალექსანდრე შიმანმა ფსიქოლოგიურად ზუსტად შენიშნა თავის „დღიურებში“: „ალბათ, სულიერად როგორ მსუბუქად გრძნობენ თავს ის ადამიანები, რომლებმაც ყოველთვის ასე მარტივად და ადვილად იციან, ვის უჭერენ მხარს და ვის წინააღმდეგ გამოდიან! ზოგჯერ მეჩვენება, რომ ცხოვრებაში არასოდეს ვყოფილვარ ასი პროცენტით რომელიმე პარტიის მხარეზე, რომელიმე ბანაკში. მძულს ეს „ასიპროცენტიანობა“. მოქმედი ხმის მიცემის სისტემა ადამიანს მონოლითურობას აიძულებს, რაც ფსიქოლოგიურად მისთვის უცხოა. ცხოვრების ყველა სხვა სფეროში ჩვენ უფლება გვაქვს გამოვავლინოთ განსხვავებული გემოვნება, პოზიციები, გვიყვარდეს რეალიზმი და რომანტიზმი, პუშკინი და პასტერნაკი, კანტი და ნიცშე, მოცარტი და სტრავინსკი, კაპიტალი ჩავდოთ ნავთობისა და კომპიუტერულ კომპანიებში. და მხოლოდ ხმის მიცემის პოლიტიკური სისტემა გვაიძულებს აბსოლუტურ მონოლითურობას: 100% ერთ პარტიას და 0% დანარჩენ სხვას.
ყველაზე დემოკრატიულ საზოგადოებაშიც კი პოლიტიკური თავისუფლება შეზღუდულია „ერთხმიანობის“  პრინციპით. დემოკრატიის გაღრმავების მომდევნო ეტაპს წარმოადგენს ამომრჩეველთა უფლებათა აქტუალიზაცია შინაგან მრავალხმიანობაზე. თუ დემოკრატია ათავისუფლებს საზოგადოებას მონოლითურობისგან, მაშინ შემდეგი ნაბიჯი იქნება მისგან ყველა მოქალაქის გათავისუფლება. რა უპირატესობა ექნება ხმის მიცემის ასეთ სისტემას, როდესაც თითოეული ამომრჩევლის განკარგულებაში იქნება არა ერთი ხმა, არამედ პოლიტიკურ ინვესტიციათა ასი პროცენტი?
პირველ რიგში, ეს არის ანალიტიკური მიდგომა კენჭისყრის პროცედურის მიმართ: მე ვადარებ სხვადასხვა პარტიების პოზიციებს, კანდიდატთა პროგრამებს და რაციონალურად ვანაწილებ ჩემს პორტფელს მათ ელექტორალურ აქციებს შორის. ეს არის დაკვირვებული, საპასუხისმგებლო მიდგომა საკუთარი საარჩევნო უფლებების, როგორც პოლიტიკური კაპიტალის მიმართ, რომელიც საჭიროებს დივერსიფიკაციას.
მეორეც, მცირე პარტიების შანსები იზრდება, რომლებსაც მანამდე არ შეეძლოთ ჰქონოდათ პრეტენზია საზოგადოებაში მნიშვნელოვან წონაზე, რადგან ხმების მთლიანი რაოდენობა მხოლოდ დიდ პარტიებთან გადადიოდა, ან, როგორც ეს რუსეთში ხდება, ძირითადად ერთ კანდიდატთან. ამრიგად, საზოგადოების პოლიტიკურ სისტემაში ძლიერდება პლურალიზმი.
მესამე, მოქალაქეებს შორის უფრო ღია და სანდო ურთიერთობები მყარდება, რადგან მოქალაქეებს შეუძლიათ თავისი მოსაზრებების გამოხატვა ნაწილობრივი შეთანხმება-უთანხმოების, და არა თანხმობისა ან უთანხმოების გზით. ერთხმიანი (მონოელექტური) სისტემის შემთხვევაში ამომრჩეველი მთლიანად ერთ კანდიდატს აფილირებს, რომელიც უპირისპირდება მეორეს. მრავალხმიანი სისტემის შემთხვევაში  მოქალაქეები გამოავლენენ ნაწილობრივ თანხმობას და უთანხმოებას ერთმანეთის მიმართ, სწავლობენ კომპრომისების მოძებნას, რადგან მათი არჩევანის დიაპაზონში სხვადასხვა კანდიდატები აღმოჩნდებიან. მეზობლებს ან კოლეგებს შეუძლიათ სხვადასხვა პროპორციაში ხმის მიცემა რესპუბლიკელებისთვის,  დემოკრატებისთვის, დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის, სოციალ-დემოკრატებისთვის, ანუ იწყებენ მეგობრულ გადაძახილს. შავ-თეთრი ადგილს მრავალფეროვნებას უთმობს. თითოეული ამომრჩევლის აზროვნებაში შეიძლება წარმოდგენილი იყოს არა ერთი პოზიცია, რომელსაც ის ვალდებულია მისცეს მთლიანი ხმა, მთელი სპექტრი. პოლიტიკური ლანდშაფტის მრავალფეროვნება შინაგანად არის ათვისებული, გარდატყდება ამომრჩეველთა ტოლერანტულ აზროვნებაში.
ელექტრონულ ხმის მიცემის გავრცელებასთან ერთად ასეთი დანაწევრებული, წილობრივი პრინციპი პრაქტიკულად სულ უფრო განხორციელებადი ხდება. ელექტორატი გარდაიქმნება ელექტრონატად. ამომრჩევლის წინაშე მონიტორი და ცხრილია, რომლის თითოეულ უჯრედში მას შეუძლია შეიტანოს პროცენტების გარკვეული რაოდენობა, რომ ჯამმა 100% შეადგინოს. ამით პარტიათა ერთმანეთის მტრობის ნაცვლად წინა პლანზე გამოდის საინვესტიციო პროექტების მრავალფეროვნება, სადაც თითოეულ მოქალაქეს შეაქვს თავისი პოლიტიკური კაპიტალი მომავლის სხვადასხვა ვერსიაში. ამ შემთხვევაში მოქალაქეების ინტერესები ერთმანეთს ავსებს. ისეთი კორპორაციების მეანაბრეები, როგორიცაა  Apple, Google, Microsoft, Amazon, Ford, Toyota, Coca-Cola, Walmart, ერთმანეთს არ მტრობენ, რადგან მათი კაპიტალის წილი ინვესტირებულია სხვადასხვა ბიზნეს-პერსპექტივებში და ერთის დაჩქარებული რეალიზაცია არ ნიშნავს მეორეს სრულ მარცხს. ეს არის ინკლუზიური და არა ექსკლუზიური აზროვნება; პოლიტიკური ინვესტიციების გონივრული დივერსიფიკაცია და არა ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა. თითოეული ხმის გაყოფადობის გამო იქმნება არა მხოლოდ ფორმალური, არამედ კოგნიტური და ემოციური დემოკრატიის ჭეშმარიტად პლურალისტური სტრუქტურა. ჩვენ ვსწავლობთ ჩვენში სხვადასხვა ხმების მოსმენას და მათ შორის გონივრული პროპორციების და კომპრომისების მოძებნას. თითოეული ამომრჩეველი ხდება მთელი პოლიტიკური კოსმოსის მიკროკოსმოსი.


თარგმანი
01.02.2019

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised