понедельник, 22 ноября 2021 г.

„ჩემი საჯარო ბიბლიოთეკა“ სერგეი ნიკონოვი: „რაც საჯარო ბიბლიოთეკაშია, იქ სამუდამოდ დარჩება“


„ჩემი საჯარო ბიბლიოთეკა“

               სერგეი ნიკონოვი: „რაც საჯარო ბიბლიოთეკაშია, იქ სამუდამოდ დარჩება“

 http://nlr.ru/nlr_visit/RA4107/Moya-Publichka-Sergey-Nikonov

სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ჟურნალისტიკის კათედრის დოცენტი, პოლიტიკურ მეცნიერებათა კანდიდატი სერგეი ბორისოვიჩ ნიკონოვი გვესაუბრება სტუდენტებთან მუშაობის, კვანტური ინფორმაციის გადაცემისა და ახალგაზრდულ ტრენდებზე დაკვირვების შესახებ.

— როგორ მოხვდით პირველად საჯარო ბიბლიოთეკაში ?

პირველად საჯარო ბიბლიოთეკაში მოვხვდი, როდესაც ვეძებდი მასალას რეფერატისთვის ლენინგრადის ბიბლიოთეკის ტექნიკუმში სწავლის დროს. ასე აღმოვჩნდი ფონტანკა 36-ში მდებარე შენობაში, გაზეთების განყოფილებაში ინფორმაციის მოძიება მინდოდა. გარდა ამისა, იქ მოხვედრა უფრო ადვილი იყო, რადგან ამ შენობაში შესასვლელად უმაღლესი განათლება არ იყო საჭირო.

— გთხოვთ, მოგვიყევით ამბავი, რომელიც გიკავშირდებათ თქვენ და ბიბლიოთეკას.

— ეს ამბავი უკავშირდებოდა წინა სამუშაო ადგილს, როცა ჯერ კიდევ 1990-იან წლებში შინაგან საქმეთა ორგანოებში ვმსახურობდი. ეს არ ეხება უშუალოდ საჯარო ბიბლიოთეკას, არამედ იმას, რაც მოხდა უშუალოდ მის გვერდით. მახსოვს, როგორ ცდილობდნენ ქუჩაში მოეყიდათ ჩემთვის ძველი გამოცემა - „რუსული კანონმდებლობა ებრაელების შესახებ“ და მათი კომენტარები. იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო ტანსაცმლით ვიყავი, გამყიდველს ეჭვი არ გასჩენია. ბუნებრივია, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ვაჩვენე, დავაკავე და მილიციის განყოფილებაში მივიყვანე, რადგან მიმაჩნდა, რომ ასეთი გამოცემა უბრალო ადამიანის ხელში ვერ აღმოჩნდებოდა. წიგნს ჰქონდა ბეჭედი „ბიბლიოთეკა. ლასალის სახელობის მოედანი“ (ახლანდელი ხელოვნების მოედანი). რა ბედი ეწია შემდეგ ამ ადამიანს და გამოცემას, არ ვიცი.

— რას წარმოადგენს თქვენთვის საჯარო ბიბლიოთეკა?

—ჩემი საბიბლიოთეკო განათლების გათვალისწინებით, ჩემთვის ბიბლიოთეკა ინფორმაციის საგანძურია. საჯარო ბიბლიოთეკა გვაძლევს წარსულთან შეხების შესაძლებლობას. ახლა, სამწუხაროდ, ხშირად არ დავდივარ იქ, რადგან ვსარგებლობ მ. გორკის სახელობის პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკით, სადაც ვასწავლი. მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ვცდილობ ყველა სტუდენტი ქაღალდის მატარებლისთვის რუსეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გავაგზავნო, იმის გათვალისწინებით, რომ რეალური ინფორმაცია მხოლოდ იქ არის და არა ინტერნეტში. რაც საჯარო ბიბლიოთეკაშია, იქ სამუდამოდ დარჩება.

—  მართალია თუ არა მტკიცება, რომ ბიბლიოთეკები ყოველთვის იქნება, მიუხედავად იმისა, თუ როგორ განვითარდება ტექნოლოგიები?

—დიახ, მიუხედავად ყველაფრისა, ბიბლიოთეკები ყოველთვის უნდა არსებობდეს, როდესაც უშუალოდ ინფორმაციაზეა საუბარი, რადგან ის არსად ქრება. ამის მაგალითია იგივე გაზეთები, რომლებიც, თითქოს, ინტერნეტში გადადიან. მაგრამ 15-20 წლის შემდეგ ადამიანები დღევანდელ დღეზე ელექტრონულ რესურსებში ნამდვილად ვერაფერს იპოვიან.

მინდა ვთქვა შემდეგი: მაქვს განცდა იმისა, რომ ინტერნეტი მალე გაქრება. მე ცოტა ხნის წინ ჩემს ნაშრომში თემაზე „ნოოპოლიტიკა სახელმწიფოთა საგარეო პოლიტიკური საქმიანობის კომუნიკაციურ პროცესში“ ახალი მედია აღვწერე. და ჩემმა ჩინელმა კოლეგამ, ამ ნაშრომის რეცენზიაზე აღნიშნა, რომ „ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ჩინეთის ქმედებებზე როგორც ინფორმაციის გავრცელების, ასევე მასზე კონტროლის სფეროში, მათ შორის იმიტომ, რომ ამჟამად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა კვანტური გზით მონაცემთა გადაცემის სისტემაზე“. ჩინელმა მეცნიერებმა შემოგვთავაზეს პროგნოზის გაკეთება იმის შესახებ, იარსებებს თუ არა ახალი მედია ინფორმაციის გავრცელების კვანტურ-ფოტონური საშუალების ეპოქაში“. რომელ ინტერნეტზე შეიძლება საუბარი ამის შემდეგ?!

აღსანიშნავია, რომ არავითარი დაციფრვა ან ელექტრონული ვერსია ვერ შეცვლის ბეჭდურ გამოცემებთან მუშაობას. ეს არის მკითხველის მიღებულ ინფორმაციასთან ურთიერთქმედების სრულიად განსხვავებული პრინციპი. თუ ადამიანი იმუშავებს მხოლოდ იმით, რისი აღებაც შესაძლებელია ინტერნეტიდან, მაშინ ის შეწყვეტს საკუთარი თავის იძულებას ისწავლოს აზროვნება და მოხდება დეგრადაცია. ინტერნეტი იძლევა მხოლოდ ვიზუალურ სურათს, რომელიც სწრაფად მიეცემა დავიწყებას, ბეჭდური წიგნებისგან განსხვავებით. ჩინელი მეცნიერების კითხვას საჯარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობას გადავუგზავნიდი. და როგორ იმუშავებს ბიბლიოთეკები კვანტურ ეპოქაში? ის შორს არ არის. მზად არის ბიბლიოთეკა ასეთი სიახლისათვის?

— რას უსურვებთ რუსეთის ეროვნულ ბიბლიოთეკას?

—თვალყური ადევნოს ახალგაზრდულ ტრენდებს და შეძლოს ახალგაზრდა თაობასთან პროპაგანდის სფეროში მუშაობა. მე არ მეშინია სიტყვის პროპაგანდის გამოყენება. მას არ აქვს არც დადებითი და არც უარყოფითი კონოტაცია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს უნდა მოდიოდეს სასწავლო დაწესებულებებიდან, მაგრამ ბიბლიოთეკამაც თავად უნდა გამოიჩინოს ინიციატივა, მათ შორის წარმოაჩინოს საკუთარი თანამედროვე პოპულარული მოედნებისა და პლატფორმების საშუალებით. ალბათ, საჯარო ბიბლიოთეკისთვის არ იქნება პრობლემა ზოგჯერ გახდეს ახალგაზრდული კოლექტივებისა და ორგანიზაციების პრესკონფერენციების გამართვის ერთგვარი ცენტრი. შესვენების დროს კი მიაწოდოს გარკვეული ინფორმაცია თავად ბიბლიოთეკის შესახებ. ეს ასევე ხელს შეუწყობს ახალგაზრდების მოზიდვას მკითხველის ბილეთის მისაღებად და წიგნების წასაკითხად რუსეთის ეროვნული ბიბლიოთეკის კედლებში. ვფიქრობ, ეს გამოხმაურებას იპოვის ახალგაზრდების გულსა და გონებაში.

 ასევე შეიძლება ფიქრი სხვა ბიბლიოთეკებთან თანამშრომლობაზე, ვგულისხმობ არა მხოლოდ პეტერბურგში, არამედ ზოგადად მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაგალითად, შორეულ აღმოსავლეთთან და რუსეთის ჩრდილოეთ რეგიონებთან.

ჩაწერა ნატალია პეტროვამ


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised