/
ვ.გ. ბოგომიაკოვი, ტ.ი. ბორკო. თანამედროვე ფუტუროლოგიის ფილოსოფიურ-ანთროპოლოგიური პრობლემები
http://futurologija.ru/bibl/bogomyakov-v-g-borko-t-i-filosofsko-antropologicheskie-problemy-sovremennoj-futurologii
ფ.მ. დოსტოევსკის ცნობილი სიტყვების პერიფრაზირებას თუ გავაკეთებთ ადამიანის სულის, როგორც სიკეთესა და ბოროტებას შორის ბრძოლის ველის შესახებ, სულზე შეიძლება ითქვას, რომ ის სოციალური და ინდივიდუალური მომავლის სხვადასხვა დისკურსებს შორის ბრძოლის ველია. ფუტუროლოგიურ სცენარებში, სადაც გლობალიზაციის, პოსტინდუსტრიული და საინფორმაციო საზოგადოების კონცეფციებია წინა პლანზე წამოწეული, ადამიანში მიმდინარეობს სხვადასხვა სოციალური ცვლილებები, წარმოიქმნება ახალი პრობლემური სიტუაციები, მაგრამ ადამიანი მაინც არ კარგავს თავის ანთროპიულ იდენტობას - ეს, არსებითად, დღევანდელი ადამიანია, რომელიც ახალ მძიმე პირობებში აღმოჩნდა.
ადამიანის უფრო რადიკალურ ცვლილებას, ვიდრე გლობალისტურ-პოსტინდუსტრიულ სცენარებში, ჩვენ ვხედავთ ნოოსფერული მომავლის სხვადასხვა სცენარებში. მაგრამ აქაც არის შედარებით მარტივი სციენტისტური პროგნოზები ნოოსფერიზაციის შესახებ განმანათლებლობის იდეების სულისკვეთებით. ასეთია სარატოველი მეცნიერის ა.კ. ადამოვის შრომები, რომელიც წერს, რომ კაცობრიობის განვითარების მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ მეცნიერები, გამომგონებლები და ნოვატორები. კაცობრიობა მალე გადავა ევოლუციის რაციონალურ მართვაზე; საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციების მარქსისტულ ჩამონათვალს ის ამატებს კიდევ ერთს - ნოოსფერულს, სადაც ძალაუფლების დამატებითი შტო იწყებს მოქმედებას - ინტელექტუალური [1; 97].
ნოოსფეროს სხვა კონცეფციებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კოლექტიური გონების შექმნის მომენტი. კოლექტიური გონება არის თემა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში განვითარდა ფანტასტიკურ ლიტერატურაში და ფანტასტიკურ კინემატოგრაფში: ნათქვამია ადამიანების გაერთიანებაზე საერთო ნეიროქსელში, ამასთან მათი პიროვნებები შენარჩუნებულია, მაგრამ მათი გონებრივი პოტენციალი ათჯერ იზრდება, შესაძლებელი ხდება როგორც ერთიანი ორგანიზმის მოქმედება.
ბოლო წლებში ჩვენთან და დასავლეთში სულ უფრო ხშირად საუბრობენ ტრანსჰუმანიზმზე, როგორც ერთგვარ ახალ ანთროპოლოგიაზე, რაც ვარაუდობს ადამიანში ისეთ რადიკალურ ცვლილებას, რომ გაურკვეველია, ხომ არ დაკარგავს ის თავის ანთროპიულ იდენტობას. ტრანსჰუმანისტურ განვითარებას სოციალურ-პოლიტიკურ დისკურსში შემოაქვს ახალი ცნებების მთელი სპექტრი: პოსტადამიანი, ტრანსადამიანი, ტექნოლოგიური სინგულარობა, ექსტროპია, ზეგონება, გონების ატვირთვა, პარადაიზ ინჟინერინგი და ა.შ. ახალი ცნებების ამ წრის მიღმა რადიკალური სოციალური ცვლილებები გამოიცნობა, რაც რადიკალურად გარდაქმნის ადამიანის ცხოვრების სამყაროს. ცვლილებები ხშირად შემაშფოთებელი და საშიშია. ტრანსჰუმანიზმის უშუალო წინამორბედებია სხვადასხვა ოკულტური და მაგიური ტრადიციები, იმორტალიზმი, რუსული კოსმიზმი და სხვა.
ტრანსჰუმანიზმი არის მოძრაობა, რომელიც დაფუძნებულია დებულებაზე იმის შესახებ, რომ ადამიანი არ არის ევოლუციის ბოლო რგოლი, მაშასადამე მას შეუძლია უსასრულოდ გაუმჯობესება. ამტკიცებენ, რომ ინტელექტის მუდმივად მზარდი ზემოქმედების გამო კაცობრიობა თავისი ევოლუციის ახალ საფეხურს მიუახლოვდა - პოსტბიოლოგიურს. ტრანსჰუმანიზმს ჰყავს მგზნებარე მიმდევრები და ჰყავს თავისი მოწინააღმდეგეები, როგორიცაა ფრენსის ფუკუიამა, მას მიაჩნია, რომ ეს მიმართულება მთლიანად ანადგურებს ჭეშმარიტი თანასწორობის მიღწევის იმედს. თუ დღეს ჩვენ, ამბობს ფ. ფუკუიამა, გვაქვს პრობლემები კანის ფერის ელემენტარული განსხვავებების გამო, რა შეგვიძლია ვთქვათ იმ დროზე, როდესაც ზოგიერთ ადამიანს ექნება ფრთები, რეფლექსის ამაჩქარებლები და მეხსიერების მნიშვნელოვნად გაფართოების უნარი [2].
ყველაზე პრიმიტიული არგუმენტი ტრანსჰუმანიზმის წინააღმდეგ: ადამიანის „ბუნებაში ჩარევის“ დაუშვებლობაა. ტრანსჰუმანისტები კი ამტკიცებენ, რომ აბსოლუტურად არ არსებობს მორალური ან სხვა მიზეზი, რატომ არ უნდა ჩავერიოთ ბუნებაში და გავაუმჯობესოთ იგი, თუ ამის გაკეთება შეგვიძლია დაავადებების განადგურებით და სოფლის მეურნეობის ეფექტურობის გაზრდით. დენატურალიზაცია, რომელიც ტრანსჰუმანიზმის ფილოსოფიის არსებითი ბირთვია, კულტურის ისტორიული ევოლუციის აუცილებელი ვექტორია. თანამედროვე ბიოლოგიური სახეობის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ხელოვნურ „მეორე ბუნების“ გარემოში, თავად არის მრავალსაუკუნოვანი ხელოვნური განვითარების პროდუქტი. ჩვენ ვხდებით ადამიანები ამ სიტყვის უმაღლესი მნიშვნელობით, ალბათ, ჩვენი ბიოლოგიური ბუნების საწინააღმდეგოდ; სწორედ ეს ამაღლებს ადამიანს ბევრად უფრო მეტად, ვიდრე მისი ვითომ არსებული „ბუნებრივი მორალი“. რა თქმა უნდა, დენატურალიზაცია შინაგანად ურთიერთგამომრიცხავი პროცესია, ვინაიდან არსებული „cultura — natura“-ს დიქოტომიური დაყოფა, ბუნებისა და კულტურის დაპირისპირება ფარდობითია, რადგან ისინი არ არსებობენ ერთმანეთის მიღმა.
ტრანსჰუმანიზმზე კამათი, ჩვენი აზრით, კიდევ ერთხელ გვაბრუნებს ადამიანის არსებობის ფუნდამენტურ პრობლემებთან, მარადიულ მცდელობებამდე, გავიგოთ, რა არის ადამიანი. არსებობს „ანთროპოლოგიური ყოველდღიურობის“ დონე წარმოდგენით „ბუნებრივ ადამიანზე“, ადამიანზე, როგორც ანთროპოგენეზის ან შემოქმედების მზა უცვლელი პროდუქტის შესახებ (ამ შემთხვევაში არ არის მნიშვნელოვანი ადამიანის გაჩენის მიზეზი). ადამიანის კიდევ ერთი გაგება არის მისი როგორც საოცარი არსების გააზრება, რომელიც იძულებულია მუდმივად გააფართოოს თავისი ყოფითი ჰორიზონტები.
ზოგიერთი ავტორი თვლის, რომ ტრანსჰუმანიზმი შეიძლება შეფასდეს, როგორც ჰუმანიზმის გაგრძელება. ეს დებულება ძალიან საინტერესოდ გვეჩვენება, რადგან მსოფლიო ისტორიასა და ფილოსოფიაში ჰუმანიზმის ერთი ხაზი არ არსებობდა. საკმარისია ითქვას, რომ არსებობს ფუნდამენტური განსხვავება საერო ჰუმანიზმს შორის, რომელიც ადასტურებს ადამიანის არსებობის ღირებულებას, ყოველი ინდივიდის ღირსებას, უფლებებსა და თავისუფლებებს; და რელიგიურ ჰუმანიზმს შორის, რომელიც გამომდინარეობს იქიდან, რომ ადამიანი არის რეალობის ონტოლოგიური ღერძი, „შემოქმედების გვირგვინი“, არსება, რომელმაც მიიღო ბრძანება მადლით გამხდარიყო ღმერთი და შეესრულებინა ყველა არსების გახრწნილების მონობიდან გათავისუფლების მეტაანთროპოლოგიური მოვალეობა. XVIII საუკუნიდან დაწყებული, ჰუმანიზმი ყალიბდება განმანათლებლობის იდეების საფუძველზე. XX საუკუნეში აშკარა ხდება განმანათლებლობის ჰუმანიზმის კრიზისი; ფილოსოფოსები აღნიშნავენ მრეწველობის, ტექნოლოგიებისა და მეცნიერების პროგრესსა და ჰუმანისტური ღირებულებების მტკიცებას შორის კავშირის ნაკლებობას. ჩნდება ჰუმანიზმის რამდენიმე ახალი ვარიანტი. ჰუმანიზმი ტრანსჰუმანისტთა აზრით, ერთი მხრივ, განმანათლებლური ჰუმანიზმის გაგრძელებაა ადამიანის არსებობის ღირებულების, ცალკეული ადამიანის პიროვნების ღირსების, უფლებებისა და თავისუფლებების მისი იდეალებით, მაგრამ ეს აღარ არის „ჩაკეტილი ჰუმანიზმი“, არამედ სურვილი მუდმივად დაძლიოს საკუთარი თავი და გასცდეს ყოველგვარ შესაძლებელ ზღვარს.
არსებობენ არულიად გასაგები ფილოსოფიური ეჭვები ბევრ ტრანსჰუმანისტურ იდეაში, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის ძირფესვიან გარდაქმნასთან. კერძოდ, იმ აზრში, რომ ტვინის შიგთავსის ხელოვნურ მატარებლებზე გადაწერით, შესაძლებელი იქნება წინა პიროვნების იდენტური პიროვნების შექმნა. იმორტალური პროცედურები, უპირველეს ყოვლისა, მიმართულია ეგრეთ წოდებული „პიროვნების ობიექტური თვისებების“ შენარჩუნებაზე, რითაც, რა თქმა უნდა, არ შემოიფარგლება პიროვნება. კიდევ ერთი ტრანსჰუმანისტური იდეა, რომელიც ეჭვს იწვევს, არის პარადაიზ ინჟინერინგის იდეა. ტრანსჰუმანისტები ამტკიცებენ, რომ ტვინში სიამოვნების ცენტრების გარდაქმნის ან ფარმაკოლოგიური სტიმულაციის საშუალებით, ჩვენ შევძლებთ განვიცადოთ ემოციების უფრო დიდი სპექტრი, უსასრულო ბედნიერება და ინტენსივობით შეუზღუდავი ბედნიერი განცდები ყოველდღე. დევიდ პირსი „გედონისტურ იმპერატივში“ წერს ყველა სახის სისასტიკისა და ტანჯვის გაუქმების ბიოლოგიურ პროგრამაზე, სპეციალური პრეპარატების დახმარებით ემოციური ცხოვრების გამდიდრების შესახებ, გენეტიკურად დაპროგრამებული კეთილდღეობის შესაძლებლობის შესახებ. ამ მოსაზრებებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ტრანსჰუმანიზმის თვალსაზრისი ახლოსაა ფილოსოფიური უტილიტარიზმის პოზიციასთან, რომლის მიხედვითაც სწორი ქმედება არის ისეთი ქმედება, რომლის შედეგი იქნება უდიდესი ბედნიერება ადამიანების უდიდესი ნაწილისთვის. აქსიოლოგიურად ეს პოზიცია ყოველთვის ძალიან დაუცველი იყო. პარადაიზ ინჟინირინგი, რომელიც, ტრანსჰუმანისტთა აზრით, გადაარჩენს ადამიანს ტანჯვისგან, დიდი ალბათობით გამოიწვევს სხვა დონის ტანჯვისა და სიამოვნების გაჩენას, რადგან სიამოვნება და ტანჯვა ქმნის განუყოფელ ერთობას ადამიანისთვის.
ასევე უნდა ითქვას ფუტუროლოგიურ კონცეფციებზე, რომლებიც ადამიანისა და რეალობის ყველაზე რადიკალურ ტრანსფორმაციას გულისხმობს. ზოგიერთი კონცეფცია ახლოსაა ტრანსჰუმანიზმთან, მაგრამ ცდილობს „ბოლომდე წასვლას“ ადამიანისა და მისი ბედის გაგებაში. ფილოსოფიურ დონეზე, ვთქვათ, ი.მ. შიშკინი აყალიბებს პროექციული ფილოსოფიის ძირითად პრინციპებს, რომლის მიხედვითაც გნოსეოლოგია ქმნის ონტოლოგიას, ახალი ცოდნის შექმნა ყოველთვის ახალი რეალობის შექმნაა; ადამიანის შემოქმედება არის რეალობის ონტოლოგიური საფუძველი; წარმოიქმნება ადამიანის შემოქმედებისა და კოსმიური პროცესის ტელეოლოგიური ერთიანობა; მსოფლიო არსებობას ადამიანი აღიქვამს, როგორც სრულიად ანთროპომორფულს. ასეთი პოზიცია, წერს ეს ავტორი, გულისხმობს ტრანსცენდენტურისა და იმანენტურის ერთიანობას, უფრო სწორედ, ეს არის იმანენტურ პროცესში აბსოლუტურის ფორმირებისა და ყოფნის მეტაფიზიკა [3; 275-288]. და მაინც, ყველაზე სავარაუდოა არა ადამიანის ყოვლისშემძლე ღმერთად გარდაქმნის ფუტუროლოგიური ვარიანტები, არამედ მომავლის უფრო ზომიერი ანთროპოლოგიური სცენარები.
ლიტერატურის სია
1. ა.კ. ადამოვი. ნოოსფეროლოგია. სარატოვი, 1999.
2. ფ. ფუკუიამა. ჩვენი პოსტადამიანური მომავალი: ბიოტექნოლოგიური რევოლუციის შედეგები. მ., 2008.
3. ი.მ. შიშკინი. თავისუფლების პროექციული მეტაფიზიკის სამი პრინციპი// ახალი ტექნოლოგიები და ადამიანის ევოლუციის გაგრძელება? მომავლის ტრანსჰუმანისტური პროექტი. მ.: გამომცემლობა „ლკი“, 2008. წყარო: http://www.utmn.ru/docs/6149.pdf
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised