пятница, 9 декабря 2022 г.

ზიგმუნტ ბაუმანი. სიყვარულისა და მარტოობის თეორია

 https://snob.ru/entry/174135/


ზიგმუნტ ბაუმანი. სიყვარულისა და მარტოობის თეორია


ფილოსოფოს ზიგმუნტ ბაუმანის წიგნი „რეტროტოპია“ (2017) ეძღვნება საკითხს იმის შესახებ, თუ რატომ ერიდებიან ადამიანები და ერები საკუთარ წარსულთან განშორებას. ამ დროული წიგნის რუსულად თარგმანი წელს გამომცემლობა ვციომ-ში გამოვიდა. მკითხველთა ყურადღებას ვთავაზობთ ფრაგმენტს მეოთხე თავიდან - „საშვილოსნოში შებრუნება“


... უილსონ კუპერის დამამშვიდებელი სიტყვების მიხედვით, „მარტოობა ხალხისთვის ისეთივე ნაცნობია, როგორც ნიჟარები სანაპიროზე“. საბედნიეროდ, „მარტოობა მხოლოდ განცდაა. და თუ გრძნობები ძალიან გაწუხებთ, მათი ტრანსფორმირება შეიძლება“. როგორ გავაკეთოთ ეს? გახსოვთ: „არავინ შეგიყვარებთ მანამ, სანამ საკუთარი თავი არ შეგიყვარდებათ... არ შეიძლება ველოდოთ, რომ თქვენ დაბალ თვითშეფასებას სხვისი გრძნობები შეცვლის. თუ საკუთარი თავის მიღება გიჭირთ, რაც არ უნდა მაამებელი იყოს სხვისი ქება, ეს ამ პრობლემებს არ მოგაშორებთ“. არ აქვს მნიშვნელობა, რისთვის დაგაფასებენ ან თქვენს განსჯას დაიწყებენ სხვები: „ისწავლეთ იყოთ მამაცი“. ნუ მოგერიდებათ მარტოობას უღალატოდ საჯაროდ: „იქნებ ახალ რესტორანში წასვლა განდათ ან  რომელიმე კონცერტზე, მაგრამ გეშინიათ, რომ მარტო მოგიწევთ ამის გაკეთება... ისწავლეთ იმის გაცნობიერება, რომ საკუთარი თავის საზოგადოებაში ნახვა ნორმალურია“. რჩევა თითქოს გასაგები და მარტივია, წესები კი ადვილად შესასრულებელი. მაგრამ რა მოხდება, თუ ისინი არ იმუშავებენ ისე, როგორც მოსალოდნელი იყო, და თქვენი ქმედებები არასაკმარისი აღმოჩნდება? „შეიძლება თქვენთვის რამეს გაკეთება“? თუ თქვენ მზად ხართ ვინმესთან ისაუბროთ თქვენს გრძნობებზე, მაშინ დიახ, საბედნიეროდ, შეგიძლიათ. არსებობენ ფსიქოთერაპევტები და საშუალებები, რომლებიც შეიძლება დაგინიშნონ.

ყველა სახის არასრულყოფილი „მე“-ს მსგავსად, მარტოობისგან დატანჯული „მე“, როგორც ამას არლი რასელ ჰოხშილდი იტყოდა, ახლა სთავაზობს/რეკომენდაციას უწევს/ითხოვს „აუთსორსინგზე გადაცემას“. ყველაფერი, რაც დარჩა ჩვენს ვითომდა ყოვლისშემძლე „მე“-ს, საკმარისად ძლიერია, რომ ჩვენი გრძნობების ტრანსფორმირება მოახდინოს, - დათრგუნოს სირცხვილის დამამცირებელი გრძნობა და თავად წავიდეს ახალ რესტორანში ან კარგ მაგარ კონცერტზე, თანხლების გარეშე.

არცთუ ბევრი ინსტრუმენტია დარჩენილი ჩვენს ცხოვრებაში. ფასტფუდისა და მობილური ტელეფონების ეპოქაში, მოძველებული სოციალიზაციის უნარები ან დავიწყებულია, ან სწრაფად ეძლევა დავიწყებას პრაქტიკის ნაკლებობის გამო. საზოგადოების აღიარების, ჩვენი პირადი არჩევანის მოწონებისა და თვითშეფასების საჯარო მხარდაჭერის ხელოვნება ასევე სწრაფად კნინდება, მაშინ როცა ტანჯვის კულტურა ხდება სიარულის, ცურვის, ჩაყვინთვისა და გაგების თანამედროვე შემცვლელი. „მნიშვნელოვანი სხვების“ მიერ გამოტანილ ვერდიქტებს აზრი დაეკარგა, რადგან ეს სხვები ჰორიზონტიდან გაცილებით ადრე ქრება, ვიდრე ისინი გახდებიან მნიშვნელოვანი, და ვიდრე ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა ვაღიაროთ მათი აზრის უტყუარობა. როგორც ჩანს, კუპერი აღიარებს ამ პრობლემას, მაგრამ ავიწყდება მისი ფესვები და ზიანი, რომელსაც ის აყენებს: „ვინმე შეიძლება იყოს მეგობარი, ოჯახის წევრი ან თუნდაც [sic! - ზ.ბაუმანი] საყვარელი, მაგრამ ვერცერთი, როგორც ჩანს [ისევ ეს დაწყევლილი გრძნობა! - ზ.ბაუმანი], ვერ შეძლებს თქვენი ცხოვრების სათანადოდ გამდიდრებას“; ხოლო ნარცისისთვის, რომელსაც ტვირთად აწევს საკუთარი თავისთვის მისჯილი მარტოობა, ყველა ეს ადამიანი და მათი შესაძლო როლები კიდევ უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი „ჩანს“. ასეთ მარტოსულ ადამიანს სხვასთან ურთიერთობის მოწონების ყიდვა მხოლოდ კონსულტანტებისა და ფსიქოთერაპევტების ბაზარზე შეუძლია.

იგულისხმება, რომ ამ ბაზარზე შეძენილი საქონელი დაეხმარება მყიდველებს აღჭურვაში ერთდროულად ორ ფრონტზე ბრძოლისთვის. ყიდვა საჭიროა (რეკომენდაციას იძლევიან კონსულტანტები და ფსიქოთერაპევტები, რომლებიც გვთავაზობენ თავიანთ მომსახურებას) ჩვენი თანამედროვეებისთვის დამახასიათებელი ორი გამოწვევის მისაღებად საკუთარ თავზე ნარცისული ზრუნვის და თვითრეფერენტობის მზარდი ტალღის პირობებში.

პირველი გამოწვევა არის იმ ზღურბლზე გაჩერება, რომლის მიღმაც „რაციონალური ეგოიზმის“ ნაქები ნარცისული პოზიცია ღირებულებიდან ტვირთად, აღიარებული „ნორმიდან“ დაგმობილ გარყვნილებად იქცევა; იმ ზღურბლზე, რომლის მიღმაც ნარცისული მიდრეკილებები, პროვოცირებული ადამიანებს შორის კავშირების ყოველდღიური რღვევით და გაძლიერებული ბაზრებისა და მედიის ერთობლივი ძალისხმევით, ემუქრება იმედისმომცემ, ამბიციურ და ავანტიურისტ ნარცისს ბოროტ ტიპად გადაქცევას, რაც გააქარწყლებს სხვებთან მნიშვნელოვანი (რომ აღარაფერი ვთქვათ მომგებიანი და სასიამოვნო) ურთიერთობების დამყარების შანსებს (მით უმეტეს, შენარჩუნებას). შემოთავაზებული დახმარების მაგალითებისთვის ამ პირველ პრობლემასთან დაკავშირებით, იხილეთ, მაგალითად, ტედ დოუსონის წიგნი „ეგოიზმი და თვითშთანთქმა, როგორ შეინარჩუნოთ თქვენი ურთიერთობები განადგურებისგან“ ან კეროლ ფრანკლინის „ნარცისიზმი: ნარცისი გაშიშვლდა“.

მეორე გამოწვევა უკავშირდება ნარცისული თავდასხმების ობიექტად გახდომის საფრთხეს. ამ სიტუაციისთვის რეკომენდაციების მაგალითები შეგიძლიათ იხილოთ, მაგალითად, ევა დელანოს ბროშურაში მეტყველი სახელწოდებით „ნარცისიზმის პრობლემის გადაჭრა: რა უნდა გააკეთოთ, თუ თქვენი პარტნიორი, მშობელი, მეგობარი ან კოლეგა ნარცისია“. თუმცა, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ზღვარი ექსპერტთა რეკომენდაციების ორ კატეგორიას შორის შორს არის გარკვეულობისგან და სიმყარისგან. ხელმძღვანელობენ რა კლიენტების/პაციენტების მოთხოვნებით, კონსულტანტები და ფსიქოთერაპევტები იძულებულნი არიან უხერხულად და გაუბედავად ლავირებდნენ ერთსა და იმავე ფენომენთან დაკავშირებულ ორ სრულიად საპირისპირო ამოცანას შორის: როგორ შეიძლება გახდე წარმატებული ნარცისი და როგორ შეიძლება ნარცისის განეიტრალება.

საზოგადოების დიდ ყურადღებას (განსაკუთრებით შვედეთში, მაგრამ ასევე მის საზღვრებს მიღმა) ახლა იპყრობს ერიკ განდინის ბოლოდროინდელი დოკუმენტური ფილმი „სიყვარულის შვედური თეორია“. ავტორი ხაზს უსვამს, რომ შვედეთის საზოგადოება „მდიდარია და ამ სიმდიდრის წყალობით ჩვენ გვაქვს თავისუფალი დრო. ჩვენ შეგვიძლია ის თვითგანვითარებასა და რეფლექსიას მივუძღვნათ“. მაგრამ ის მაშინვე დასძენს, რომ თუ კარგად დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ამ სპექტაკლში ბედნიერებასა და კეთილდღეობაზე, წინა პლანზე მარტოობა გამოდის. სტოკჰოლმში შინამეურნეობების 58% შედგება ერთი ადამიანისგან, ყოველი მეოთხე ქალაქის მცხოვრები მარტოობაში კვდება, ხოლო ანტიდეპრესანტების გამოყენება ბოლო 20 წლის განმავლობაში მეოთხედით გაიზარდა.

ტონი ჯეტონ სელინის კვლევამ „მარტოობა: თანამედროვე ეპოქის ვირუსი“ ჯონ დემარტინის შემდეგი შეფასება (ვიკიპედიის მონაცემების მიხედვით, იგი 28 ენაზე თარგმნილი ცხრა საერთაშორისო ბესტსელერის ავტორია) მიიღო: „ბალზამი მოუსვენარი სულისთვის, რომელიც ეძებს ურთიერთობას, თავისუფლებას და სიყვარულს უკაცრიელ სიცარიელეში“. ეს სიტყვები დაიბეჭდა წინა ყდის ზედა ნაწილში, მაგრამ მათ მოჰყვება სულ მცირე 30 სხვა ხმამაღალი ქება, რომელსაც ხელს აწერენ ცნობილი მეცნიერები და კოუჩინგის და  თერაპიის პრაქტიკოსები. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი ნამდვილად სერიოზულ კვლევას წარმოადგენს, ის დიდი წარმატებით და გავლენით სარგებლობს (სელიმი რეზიუმეში თავის შესახებ წერს, რომ იგი „ექსპერტია ადამიანის ქცევისა და შემეცნების სფეროში, საერთაშორისოდ ცნობილია ბიზნეს ლიდერებს, კომპანიების ხელმძღვანელებსა და მეწარმეებს შორის“). მისი თქმით, მან ეს წიგნი მიუძღვნა „იმ სულებს, რომლებიც განიცდიან უარყოფისა და განუყოფლობის ტკივილს და გრძნობენ განსხვავებას ნორმისგან, როგორც არ უნდა იყოს ეს გაგებული“. (р. xvii).

მოვლენა, რომელიც სელიმის წიგნის საგანი გახდა, ძალიან კარგად არის ცნობილი ჩვენს ყოველდღიურ გამოცდილებაში. ის ყველა ჩვენგანში იწვევს აღშფოთებას, მაგრამ, როგორც პარადოქსული არ უნდა იყოს (ან არც ისე პარადოქსული), ის შენარჩუნებულია და საზრდოობს ჩვენი ყოველდღიური ძალისხმევის წყალობით. როგორც სელიმი შესავალში წერდა: 

„განცალკევება, იზოლაცია, მარტოობა და განხეთქილება თან გდევთ ცხოვრების ყველა სფეროში. თქვენი ყოველდღიური მგზავრობიდან სამსახურში, აეროპორტებსა და რესტორნებში ყოველთვის შეხვდებით ადამიანებს, რომლებსაც მობილურ ტელეფონებში, აიპადებში, პლანშეტებში, კომპიუტერებსა და ლეპტოპებში აქვთ ჩარგული თავი და სასოწარკვეთილად ცდილობენ დაუკავშირდნენ, ესაუბრონ და მოუსმინონ მათ. მაგრამ, თუ გარშემო მიმოიხედავთ, დაინახავთ, რომ ისინი უგულებელყოფენ გარშემომყოფებს, არ ამყარებენ პირად კონტაქტებს მათთან, რცხვენიათ საუბრის დაწყება“.

ერთი შეხედვით, ამ აბზაცში არაფრის დამატება ან გამოკლება არ შეიძლება; მოკლედ არის ნათქვამი, მაგრამ ინფორმაციული და დამაფიქრებელია. მაგრამ ის, რაც შეიძლება აპატიო აბზაცს, არ შეიძლება აპატიო მთელ წიგნს. მას შემდეგ, რაც წაიკითხავთ მას მთლიანად, იმ იმედით, რომ იპოვით ყველა საჭირო ინფორმაციას და ზუსტ მითითებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა უპასუხოთ განგაშის სიგნალს გონივრულად და სად უნდა ველოდოთ პასუხს, ალბათ, იგრძნობთ, რომ წიგნს ბევრი რამ აკლია, რადგან ყველაზე მთავარი უთქმელი დარჩა. ის, რაც წიგნის სათაურში იყო მითითებული, როგორც თემაში შესავალი, ახლა ჩანს, როგორც მანევრი, რომელსაც ყურადღება გადააქვს  დაგეგმილი და დაპირებული გზიდან.

ჯერ კიდევ ХХ საუკუნის დასაწყისში, მუცლის ტიფის დაავადების ხშირი აფეთქების დროს, დაავადების დიაგნოსტირებისას სხეულის მაღალი ტემპერატურის შესაბამისად (40°C ან მეტი), ექიმები პაციენტებს ცივი წყლით სავსე აბაზანებში აწვენდნენ. მსგავს ლოგიკას ექვემდებარება ზემოთ აღწერილი დიაგნოსტიკისა და სოციალური აშლილობებისა და დაავადებების მკურნალობის პროცედურა. მსგავსებაა ეფექტურობის ხარისხშიც: ორივე შემთხვევაში, რაღაც აშკარად ჯერ კიდევ ცოცხალი, ჯანსაღი და ლამაზი, მთლიანად და უკვალოდ გადაეცემა „პასუხისმგებლობის აუთსორსინგზე/ინსორსინგზე“ სოციალურ მეცნიერებასა და პირადი კონსულტაციას შორის დღეს სავალალოდ ცნობილ ნაცრისფერ ზონას. ცხადია რომ დიაგნოზი, სემიოტიკა და მარტოობის შემოთავაზებული მკურნალობა, ამ „თანამედროვე ეპოქის ვირუსის“, არის ერთ-ერთი მრავალი მტკიცებულება იმისა, რომ ლოგიკა „იმავე წესით განადგურება“ ჯერ კიდევ ცოცხალია.

მარტოობა და მარტოობის შიში არ არის მხოლოდ ფართოდ გავრცელებული გრძნობები, არამედ ჩვენი დროის მტკიცედ დამკვიდრებული ფაქტებია, რომლებიც მყარად არის ფესვგადგმული ცვალებადი თანამედროვეობის ცხოვრებისეულ გამოცდილებაში; მაგრამ ასეთივე ფაქტია მტკიცე ზიზღი ყველაფრის მიმართ, რაც შეიძლება იყოს რადიკალურად ქმედითი ვაქცინა მარტოობის წინააღმდეგ, ან თუნდაც დროებითი ანტიდოტი მისი უხილავი ტოქსინების მიმართ: რადიკალური ზიზღი ყველა გრძელვადიანი და განსაკუთრებით არასპეციფიკური ორმხრივი ვალდებულებების მიმართ, რომლებსაც შეუძლიათ რადიკალურად დაძლიონ მარტოობა. წუთიერების და დროებითობის ატმოსფეროში, არცერთი გრძელვადიანი დაგეგმვა, თუნდაც ის ეფუძნებოდეს (საჩვენებლად მიღებული) ორმხრივი ვალდებულებების შეთანხმებას, არ იწვევს ნდობას. ხანგრძლივობა აფართოებს რისკის არეალს, მნიშვნელოვნად ზრდის უცნობების რაოდენობას ყოველი მოგების/წაგების და წარმატების ან წარუმატებლობის ალბათობის გამოანგარიშებისას. როდესაც რაიმე ურთიერთობის სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება და ნებისმიერი ალიანსი დადის ad hoc სტატუსზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქსელები, კონფედერაციები და შეთქმულებები განდევნიან მარტოობის აჩრდილს. ეს მოჩვენება დატრიალებს ყველა დონის ადამიანთა გაერთიანებებს, და ართმევს გრძელვადიან პერსპექტივას დღეს სასიხარულო ნებისმიერ სახის პიროვნებათშორის კავშირებს, თუნდაც საგულდაგულოდ აგებულს.

დავიწყოთ ადამიანური ერთიანობის ყველაზე დაბალი, ფუნდამენტური დონით – სასიყვარულო პარტნიორობის დონით ან „ორთა ზნეობრივი ურთიერთქმედებით“. ბელგიელი ფსიქოანალიტიკოსის პოლ ვერჰაგენის მონაყოლი მისი ამჟამინდელი დაცემის შესახებ იწყება შინამეურნეობის  პირობების განსაზღვრით. „სამყარო გაქრა“, წერს ვერჰაგე, და „ახლა მისი აღწერა მხოლოდ მრავალი ბრჭყალების დახმარებით შეიძლება: „სახლის დიასახლისმა“  „საუკეთესო მეგობრის“ ქმარი თავის ბინაში მიიწვია „ერთი ჭიქის დასალევად“. დღეს ყველა ეს სიტყვა აღარ ნიშნავს იმას, რასაც ოდესღაც ნიშნავდა... ოჯახური ცხოვრება ძალიან შეიცვალა, გუშინდელი წყვილი პრაქტიკულად გაქრა“. ამ გაუჩინარების შედეგებზე (თუ მიზეზებზე?) დაკვირვების შემდეგ ის განაგრძობს: „რომანტიკული სიყვარულის ძველმოდური აღიარება მხოლოდ ცარიელ ფრაზად იქცა. მარადიული სიყვარულის ყოფილი მოლოდინები დღეს არ არის აქტუალური, დღეს ეს არის სიყვარული „გარკვეული დროით“, „სანამ არ გაივლის“. ახალგაზრდა თაობა იშვიათად იყენებს ისეთ გამონათქვამებს, როგორიცაა „ჩემო სიყვარულო“ და „ჩემი ქმარი/ჩემი ცოლი“, ისინი ერთმანეთს მოიხსენიებენ, როგორც „პარტნიორებს“. (р. 1).

 „სასიყვარულო ურთიერთობების“ ამჟამინდელი მდგომარეობა დროებითი შეთანხმებების წარმავლობის ყველა ნიშანს ატარებს, მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივი და ცალსახაა. როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, „სიყვარული კუბოს კარამდე მაინც რჩება მოხუცების და ახალგაზრდების ოცნებად. რეალობაში მისი მიღწევის შეუძლებლობა კიდევ უფრო სასურველს ხდის მას“ (р. 2). ამ პარადოქსის ამოსახნელად გადამწყვეტი ნაბიჯი არის იმის გაცნობიერება, რომ „თუკი [გრძელვადიან სასიყვარულო ურთიერთობაში - ზ. ბაუმანი] მთავარი იყო სექსი, ახლა აქცენტი კეთდება უსაფრთხოებაზე. სიყვარული მარტოობის წამალია“ (კურსივი ზ. ბაუმანის).

მე ვიტყოდი, რომ სიყვარული გახდა ერთ-ერთი პაიკი გაუთავებელ თამაშში „უსაფრთხოება vs. თავისუფლება“, რომელსაც ადამიანური ბუნება ყველა ჩვენთაგანს ეთამაშება, აქტიურ და მიზანდასახულ, ზოგჯერ შთაგონებულ, ზოგჯერ ნაწყენ ადამიანებს, რომლებიც თავისი ცხოვრებით ცხოვრობენ და რომლებიც მისი მთავარი და გვერდითი პროდუქტები არიან, მისი მშენებლები, ავტორები და მსახიობები. ХХ საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც ზოგიერთ კედელს ანგრევდნენ, ზოგი კი თავად ინგრეოდა, „უსაფრთხოების მკაფიოდ განსაზღვრული საზღვრები“ (ვერჰაგეს სიტყვები) დაინგრა, რათა გაეხსნა კარიბჭე „მამაკაცებსა და ქალებს შორის ახალი და განათლებული ურთიერთობების“ თავისუფლებისკენ. დიდი მოლოდინები, რომლებიც წარმოიშვა ამ დაბნეულობაში, სწრაფად ქრებოდა დანგრეული კედლების გრუხუნის ქვეშ, როგორც კი მათ უკან, საიდანაც ისინი ელოდნენ, და წინასწარ ტკბებოდნენ და სურდათ ყველა რთულ კითხვაზე რეალური პასუხების გამოჩენას, სიცარიელე აღმოაჩინეს.

სანამ სიყვარული არ ჩქარობს დაიკავოს უსაფრთხოების მიმწოდებელის დაცარიელებული ოფისი, რომელიც მოემსახურება მარტოხელათა მზარდ არმიას, და ეწინააღმდეგება საკუთარი თავის ამ ოფისისთვის მისაღებ დონეზე ამაღლების მცდელობებს, ჩვენ ვერ დავინახავთ გამოსავალს თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის ჩიხიდან. რასაც თავისუფლება გვთავაზობს, დასაწყისშივე უარყოფს უსაფრთხოებას. უსაფრთხოებისა და თავისუფლებისკენ მოწოდებები იდეალურად არის დაბალანსებული ერთმანეთში, ამასთა მეტი უსაფრთხოებისა და მეტი თავისუფლების სურვილის წინააღმდეგობა დღეს უფრო გამოხატულია, ვიდრე ოდესმე. თეორიულად, ისინი შეუთავსებელია, მაგრამ პრაქტიკაში ისინი უმოწყალოდ ართმევენ ერთმანეთს მიმზიდველობას და მოქმედების უნარს. შეუძლებელია ერთდროულად თავისუფლებისა და უსაფრთხოების ზრდის უზრუნველყოფა, ერთი მხარის ზრდა გამოიწვევს მხოლოდ მეორე მხარის აგრესიულ დაუმორჩილებლობას. როგორ მოქმედებს მეტოქეობა თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის მარტოობის ბედზე? იმის არჩევა, რაზე დადებ ფსონს, ჰგავს არჩევანს ეშმაკსა და მორევს შორის.


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised