воскресенье, 18 августа 2019 г.

რელიგიური ფანატიზმის მიმართ მორწმუნეთა დამოკიდებულების შესწავლა

რელიგიური ფანატიზმის მიმართ მორწმუნეთა დამოკიდებულების შესწავლა 
ეს სტატია ეძღვნება რელიგიური ფანატიზმის ფსიქოლოგიურ საფუძვლებს. მასში წარმოდგენილია რელიგიის ფსიქოლოგიის სხვადასხვა მკვლევარის მოსაზრებათა სინთეზი, ფანატიზმის კლასიფიკაცია და მისი ფსიქიკური კონსტელაციები. ფსიქოლოგიური კვლევების ანალიზის საფუძველზე ავტორებმა დაასკვნეს, რომ ფანატიზმი სულიერი სიღარიბის გამოვლინებაა, ნევროტულ პიროვნებათა თავშესაფარი, რომლებიც ცდილობენ, ფანატიზმის გამოყენებით, დაუმალონ საკუთარ თავს და სხვებს თავისი შინაგანი სულიერი კონფლიქტი და მისგან გამომდინარე აგრესიულობა, არასრულფასოვნების კომპლექსი და ეგოიზმი.
თანამედროვეობის მრავალი კვლევა უკავშირებს რელიგიურ სწავლებას ომსა და ტერორიზმს, რადგან რელიგიური ფანატიზმის ფენომენი იშვიათი არაა ჩვენს დროში.
ისლამმა, რომელიც წარმოიშვა არაბეთში, ცეცხლითა და მახვილით დაიპყრო ნახევარი მსოფლიო. კათოლიციზმი ჯვაროსნული ლაშქრობების მეშვეობით ცდილობდა თავისი ბატონობის განმტკიცებას. პროტესტანტებმა ამერიკის კოლონიზაციის შედეგად განახორციელეს მკვიდრი მოსახლეობის გენოციდი. სხვადასხვა სექტები ხშირად აწყობდნენ სისხლიან ანგარიშსწორებას მათ მიმართ, ვინც  არ ჩქარობდა სულის ხსნაზე ზრუნვას თავის ლიდერებთან.
რელიგიური ფანატიზმი სხვადასხვაგვარადაა აღწერილი. ასე, ე.მ. კალიუჟნაიას კვლევებში ფანატიზმი წარმოდგენილია, როგორც „ბრმა ეგზალტირებული რწმენა, რომელიც უკავშირდება შეუწყნარებლობას და აგრესიას სხვა სარწმუნოების მომხრეთა მიმართ“  [1; 12].
ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, რელიგიური ფანატიზმი არის „idées fixes“ - ადამიანის ფსიქიკას თავსმოხვეული მდგომარეობა. შეპყრობილობა და ხილვები, რომლებიც ხშირად თან ახლავს რელიგიურ ფანატიკოსთა ცხოვრებას, მიანიშნებენ ნორმიდან გადახრაზე და, საკუთრივ, წარმოადგენენ  ფსიქოპათიას.
ნერვული სისტემის ფსიქოპათური ორგანიზაცია ხშირად იწვევს მაღალ აგზნებადობას, ისტერიულობას, ფეთქებადობას. სწორედ ამიტომ, რელიგიური ფანატიკოსები გამოირჩევიან აგრესიასთან დაახლოებულ შეუწყნარებლობით, რომელიც მსუბუქი თუ მძიმე ფორმით, ფსიქოპათიის სიმძიმიდან გამომდინარე, - იარაღია ლიდერის ხელში.
ავადმყოფური გონება კერპს ქმნის რწმენიდან, დაჟინებით და შეუპოვრად მუშაობს თავის იდეააზე, სანამ არ აცნობებს ყველას ამის შესახებ, დაიწყებს მის თავგამოდებით დაცვას. ჯანმრთელ ფსიქიკას, რომელიც დაკავებულია თავისი ცხოვრებით, დრო არ აქვს დაფიქრდეს რწმენის საკითხებზე; არაჯანსაღი ფსიქიკა  კი იდეას ებღაუჭება.
უ. ჯემსის ფსიქოთერაპიაში მოცემულია პირადი რელიგიის განმარტება, რომელიც ახასიათებს ადამიანის ფსიქიკის მდგომარეობას და ღირებულებებს. ეს რელიგიური ფორმა გამორიცხავს რელიგიის ყველა გარე მახასიათებელს - თეორიულ ღვთისმეტყველებას, ამა თუ იმ რწმენის წეს-ჩვეულებებს და ტრადიციებს, შესასწავლად ტოვებს მხოლოდ ადამიანის ორგანიზაციას მის პირად რწმენაში - ცენტრშია ადამიანის შინაგანი განცდები, მისი მოვალეობა, სინდისი, რელიგიის კანონების, ადამიანისა და ღმერთისადმი დამოკიდებულება [2; 84].
ასე რომ, რელიგია, ფსიქოთერაპიული მეცნიერების აზრით, პიროვნების გრძნობების, მოქმედებების და გამოცდილების ერთობლიობას წარმოადგენს. ჭეშმარიტ რწმენაში არ არის მონობის და დამოკიდებულების ადგილი, ის უნდა იძლეოდეს ბედნიერ და ჰარმონიულ სიმშვიდეს, უნდა დაძლიოს ადამიანის შინაგანი შიშები.
სხვა მკვლევართა აზრით, ფანატიზმი „საკუთარი იდეის მიმართ დამახინჯებული დამოკიდებულებაა და მისი უარყოფის მკვეთრი მიუღებლობა“. რელიგიური ფანატიზმის თანდაყოლილი ყველაზე გავრცელებული თვისებაა საკუთარი იდეის ღირებულება და სხვა იდეების უარყოფა. დღეს ადამიანთა შორის არსებობს მოსაზრება, რომ რელიგიური ფანატიკოსი სასტიკი ტერორისტია, რომელიც ანადგურებს ყველას, ვინც მას გადაეყრება. ეს თემა ზოგადად ძალიან სპეციფიკურია, რადგან რელიგიური ფანატიზმი გამოიხატება არა მხოლოდ შეუწყნარებლობაში, არამედ ცრურწმენებშიც, რელიგიური გრძნობების გამოხატვის  გადამეტებაში, გამოირჩევა ეჭვიანობით და, რაც მთავარია, უმეცრებით.
ფანატიზმის პირველი უფრო ზუსტი განსაზღვრება ვოლტერმა გააკეთა: „ის, ვისაც ახასიათებს ექსტაზი და ხილვები, ვინც სიზმარს მიიჩნევს როგორც რაღაც რეალურს და მისი წარმოსახვის ნაყოფს როგორც წინასწარმეტყველებას, მას შეიძლება ეწოდოს ენთუზიასტი, მაგრამ ის, ვინც თავის სიგიჟეს უფრო აძლიერებს ადამიანების მკვლელობით, ის ფანატიკოსია“ [2; 84].
ვოლტერმა ფანატიკოსები ასევე ორ ტიპად დაყო - აგრესიულსა (ემოციური) და გულგრილზე. მათ შორის განსხვავება გამოიხატება რეაქციაში მათი იდეის მიუღებლობის გამო. ემოციურები მკვლელობას სჩადიან მყისიერ, ხოლო გულგრილები ეძებენ მათ, ვინც არ ეთანხმება, შეიმუშავებენ პოლიტიკას და ასევე იწყებენ ადამიანთა განადგურებას.
ვოლტერის აზრით, ამ მდგომარეობიდან გამოსავალია ფიქრის, აზროვნების, კვლევის უნარი, საკუთარი სარწმუნოებრივი მოძღვრების, ზნეობრივი ნორმების შესწავლა და მათი არსის ანალიზი. ჭეშმარიტებისა და მიუკერძოებლობის პოვნა ფანატიზმისგან ხსნაა.
გულუბრყვილობა იქნებოდა იმაზე ფიქრი, რომ ფანატიკოსი საზოგადოების მიერ არის გარიყული, ხოლო ფანატიზმი სისტემის არაჯანსაღი შეზღუდვა. ფანატიზმი ყოველთვის სოციალური ხასიათისაა. შემთხვევით არ მიიჩნევდა ნ. ბერდიაევი, რომ „ადამიანი არ შეიძლება იყოს ფანატიკოსი, როდესაც იგი ღმერთის წინაშე დგას. ის ფანატიკოსი ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მას სხვა ადამიანების წინაშე აყენებენ“.
რელიგიური ექსპანსია რელიგიური ფანატიზმის ყველაზე საშიში ფორმაა, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ადამიანის სულიერ სამყაროს, არამედ პოლიტიკურ პროცესსაც წარმოადგენს.
ფ.ნიცშემ თავის შრომებში აღწერა რელიგიური ექსპანსიის გაჩენის მიზეზი, როგორც საზოგადოებაში რაციონალური და ირაციონალური პრინციპების ცვალებადობა. მან რელიგიური ექსპანსიის დაწყება დაუკავშირა მიწების დაპყრობას, პოლიტიკური რეჟიმების დამყარებას, ძალაუფლების ხელში ჩაგდებას  და ცვლილებებს სოციალურ-ეკონომიკურ სტრუქტურებში.
მოკლე დროით დავუბრუნდეთ ისტორიას. გავიხსენოთ დამპყრობლები - ჩინგიზ ყაენის ჯარები. დაპყრობილი სახელმწიფოები იღებდნენ მჩაგვრელთა სარწმუნოებას, მათი ცხოვრების წესს და ტრადიციებს. ევროპელი კოლონიზატორები ასევე მისიონერული საქმიანობით ეპატრონებოდნენ აფრიკის და ამერიკის მიწებს, სარწმუნოების დახმარებით იმორჩილებდნენ მათ. ეს სირცხვილია ქრისტიანული და მუსულმანური სარწმუნოებებისთვის - წარსულის სირცხვილი, როდესაც რწმენა გამოიყენებოდა, როგორც ბატონობის დამყარების და მატერიალური სარგებლობისა და მოგების მიღების საშუალება.
თანამედროვე მსოფლიოში რელიგიური ექსპანსია ასევე ერთ-ერთი ლატენტური პრობლემაა, როდესაც მოძღვრებათა ზოგიერთი წარმომადგენელი, გააფთრებით იცავს თავის სარწმუნოებას, არ აძლევს მოსვენებას თავის  ახლობლებსა და ოჯახის წევრებს. ესეც ასევე ერთგვარი ექსპანსიაა, როდესაც ოჯახში ბავშვებს სცემენ, აიძულებენ დაესწრონ წირვას ეკლესიებში ან მეჩეთებში. როდესაც ზოგიერთი სწავლების წარმომადგენელი არ აძლევს ბავშვისთვის სისხლის გადასხმის საშუალებას, რადგან სწავლება კრძალავს ამას, და ბავშვი იღუპება, - ეს რელიგიური ექსპანსიაა, მხოლოდ მცირე მასშტაბის. მის გამო იტანჯებიან ისინი, ვისაც არ შეუძლია თავის დაცვა.
ფსიქოლოგიურად, რელიგიური ექსპანსია არის ძალაუფლების სურვილი, შიდა და გარე კონფლიქტი. განსაკუთრებით ხშირად, რელიგიური ექსპანსიის დროს, მთელი იდეოლოგია ერთი ლიდერისგან მოდის, რომელიც მასებს შთააგონებს რელიგიური „ძალადობისკენ“. რელიგიურ ექსპანსიაში მნიშვნელოვანია გარკვეული რელიგიის დომინირების დადგენა გარკვეული საზოგადოების გარკვეულ ტერიტორიაზე, როგორც თვითმიზანი.
საზოგადოება ისევე პასუხისმგებელია ფანატიზმის ნებისმიერი  აქტის გამო, როგორც ყველა ცალკე აღებული ადამიანი, ამიტომ ყურადღება ფანატიზმის ე. წ. „დადებითი“ ფორმების მიმართ ნებისმიერი ჯანსაღი სოციალური ინსტიტუტის ვალი და მოვალეობაა. არ არსებობს „კარგი“, „უწყინარი“ ფანატიზმი. მუსიკის ან სპორტის ახალგაზრდა ფანატებისგან შეიძლება გამოვიდნენ სრულიად სერიოზული პოლიტიკური ან რელიგიური ფანატიკოსები,  რადგან ფანატიზმის არსი და ფესვები ყოველთვის ერთნაირია.
ისტორიამ დაამტკიცა, რომ „ფანატიზმის აღმავლობა იწყება გარდამტეხ ეპოქებში. როდესაც ძველი სისტემები ინგრევა და ახლები ჯერ კიდევ არ შექმნილა, იწყება რწმენის ყველა დესტრუქციული ფორმის აფეთქება, როგორიცაა ფანატიზმი და ცრურწმენა. ეს აიხსნება იმით, რომ რწმენა, როგორც ნებისმიერი ადამიანისთვის თანდაყოლილი ძალიან მნიშვნელოვანი უნარი, გაურკვევლობის პერიოდებში ძლიერდება“.
ის გვეხმარება შფოთვასა და შიშთან გამკლავებაში, მწვავე გაურკვევლობის მდგომარეობის გადალახვაში ძველი, უსაფრთხო, კარგად ცნობილი სისტემებიდან ახალ, უცნობ და საშიშზე გადასვლის გამო. მაგრამ თუ ადამიანის სულში დესტრუქციული პროცესების დონე მაღალია, მაშინ რწმენა გადადის ავადმყოფურ  ფორმებში.
როგორ დავეხმაროთ ადამიანს, როგორ დავეხმაროთ ყველას არ გაეხვენ ფანატიზმის მახეში? ჭეშმარიტი რწმენა მარტივ პასუხს გვაძლევს: არ შეიძლება ღმერთთან დამოკიდებულების აგება ადამიანის მიმართ დამოკიდებულების გარეშე. სწორედ სიყვარულია გლობალური ვაქცინა ნებისმიერი ფსიქოლოგიური „ეპიდემიის“ წინააღმდეგ. ის აღადგენს სამყაროს მიმართ ნდობას, გვაძლევს ძალასა და რწმენას ცხოვრების ყველაზე რთულ გარემოებებში და საშუალებას გვაძლევს დავინახოთ სხვა ადამიანის სახე. ამიტომაც წმინდანები, რომელთაც შეეძლოთ რწმენისათვის გმირობის ჩადენა, არასოდეს ყოფილან ფანატიკოსები: მათი გული ყოველთვის სავსე იყო ღმერთისა და ადამიანის სიყვარულით.
ამ კვლევებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით არსებობს ასეთი აქტუალური რელიგიური ფანატიზმის თემა და მორწმუნეების დამოკიდებულება მის მიმართ.
ანალიზის მეთოდოლოგიურ საფუძველს წარმოადგენენ ისეთი ავტორების სამეცნიერო შრომები, როგორიცაა უილიამ ჯემსი, რომელიც წერდა რელიგიური გამოცდილების შესახებ, ფ.ა. სელივანოვი [3; 85], ე.მ. დრინოვა [5; 31], ლ. ფოიერბახი [6; 157]. ე.ნ. ლიულჩაკი [4; 16] წერდა „რელიგიური ფანატიზმის“ მოვლენის, წარმართობისა და სატანიზმის შესახებ, ი.მ. როი [7; 5] შეისწავლიდა ისეთ მოვლენას, როგორიცაა ფანატიზმში გადასული „რწმენა“, რ. მ. გრონოვსკაია - რწმენის ფსიქოლოგიის, მსოფლიო რელიგიების ისტორიის, რწმენის ადგილს ფსიქიკის სტრუქტურაში [8; 355].
კვლევის მიზანია: რელიგიური ფანატიზმის მიმართ მორწმუნეთა და არამორწმუნეთა დამოკიდებულების შესწავლა.
კვლევის ობიექტია: მორწმუნე და არამორწმუნე ადამიანები.
კვლევის საგანია: რელიგიური ფანატიზმი, როგორც რწმენისგან გადახრა და სიმახინჯე.
ზოგადი ჰიპოთეზა: მორწმუნეთა და არამორწმუნეთა დამოკიდებულება რელიგიური ფანატიზმის მიმართ განსხვავებულია.
 კერძო ჰიპოთეზა:
მორწმუნე ადამიანებს გაურკვევლობის, კერძოდ, რელიგიური ფანატიზმის მიმართ, ტოლერანტობა უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე არამორწმუნეებს;
მორწმუნე ადამიანებს ადამიანის სუბიექტური, ემოციურ-აზრობრივი წარმოდგენა საკუთარი თავის შესახებ და სუბიექტური, ემოციურ-აზრობრივი წარმოდგენა რელიგიური ფანატიკოსების მიმართ დადებითი აქვთ, არამორწმუნე ადამიანებთან შედარებით;
მორწმუნეთა ემოციური დამოკიდებულება ისეთი ცნებების მიმართ, როგორიცაა „რელიგიური ფანატიზმი“, „რწმენა“, „მე თვითონ“ უფრო დადებითია, ვიდრე არამორწმუნეთა.
კვლევის ამოცანები:
რელიგიური ფანატიზმისადმი მორწმუნეთა დამოკიდებულების პრობლემის თეორიული შესწავლა;
 რელიგიური ფანატიზმისადმი დამოკიდებულების კვლევის მეთოდების შერჩევა და დასაბუთება ;
 ექსპერიმენტული კვლევის ჩატარება მორწმუნეთა და არამორწმუნეთა შორის ურთიერთკავშირის გამოვლენის მიზნით.
სამეცნიერო ნაშრომი ეძღვნება რელიგიური ფანატიზმის ფსიქოლოგიურ საფუძვლებს, წარმოადგენს სხვადასხვა მკვლევართა მოსაზრებების სინთეზს რელიგიის ფსიქოლოგიის, ფანატიზმის კლასიფიკაციის და მისი ფსიქიკური კონსტელაციების შესახებ, ავითარებს აზრს ქრისტიანობისა და ისლამის დამოკიდებულების შესახებ რელიგიური შეუწყნარებლობის მიმართ წმინდა წერილებიდან ამონარიდების მაგალითებზე.
ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა, რომლის მიზანი იყო მორწმუნე და არამორწმუნე ადამიანთა დამოკიდებულების დადგენა რელიგიური ფანატიზმის მიმართ, გამოვიყენეთ „პირადი დიფერენციალის“ მეთოდიკა. ამ მეთოდიკის მიზანია ადამიანის სუბიექტური, ემოციურ-აზრობრივი  წარმოდგენის გამოვლენა საკუთარი თავის შესახებ და სუბიექტური, ემოციურ-აზრობრივი  წარმოდგენის გამოვლენა რელიგიური ფანატიკოსების მიმართ. კვლევის დასკვნით ეტაპზე ჩვენ ჩავატარეთ ეტკინდის „დამოკიდებულებების ფერადი ტესტი“, რომლის მიზანი იყო მორწმუნე და არამორწმუნე ადამიანთა ემოციური დამოკიდებულების გამოვლენა ისეთი ცნებების მიმართ, როგორიცაა „რელიგიური ფანატიზმი“, „რწმენა“, „მე თვითონ“.
კარლ გუსტავ იუნგი, პირიქით, ამბობდა რომ „რწმენა აუცილებელია ადამიანის პოზიტიური ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის“, ამით ის არც უარყოფს და არც ამცირებს მის მნიშვნელობას. კლასიკოსთა და ფსიქოთერაპიის ფუძემდებელთა ეს ორი მოსაზრება მიუთითებს ადამიანის ცნობიერებაში რწმენის ორმაგი გამოვლინების არსებობაზე. როგორც ჩანს, ეს მოსაზრებები გამოტანილი იქნა  გარკვეულ ემპირიულ ფაქტებზე დაყრდნობით, რომლებიც მიუთითებენ ადამიანზე  რწმენის, როგორც პოზიტიურ, ისე ნეგატიურ გავლენაზე. რელიგიური ფანატიზმი, როგორც ადამიანის განუვითარებელი სულიერების გამოვლინება აშკარად გამოიკვეთება მის შედეგებში. მანამდე ჩვენ ზემოთ აღვნიშნეთ, რომ არაჭეშმარიტი რწმენა თავისთავად პოზიტიურ თვისებებს საპირისპიროდ აქცევს [9; 130].
რელიგიური ფანატიზმი გვხვდება მრავალი რელიგიის მორწმუნეებს შორის და მათ პროვოცირებას იწვევს კონფლიქტზე, როგორც სხვა რწმენის, ასევე სხვა სარწმუნოების წარმომადგენელთა მიმართ. მისი ძირითადი სახეობებია:
წეს-ჩვეულებების რწმენა - ცრუ რწმენამდე მისული ღვთისმსახურების გარეგნული ფორმისა და ადათ-წესებისადმი მიდრეკილება;
 პურიტანობა - თვითმიზნად ქცეული ზნე-ჩვეულებების და წესების სიმკაცრე ყოველდღიურ ცხოვრებაში;
 პროზელიტიზმი - რელიგიისადმი მიზიდულობა თავსმოხვეული, შემპარავი და მზაკვრული გზით;
 რელიგიური ექსპანსია - რომელიმე რელიგიის მსოფლიო ბატონობისაკენ სწრაფვა მზაკვრული და ძალადობრივი საშუალებების გამოყენებით.
მსოფლიო ისტორია, სამწუხაროდ, სავსეა რელიგიური სიძულვილის შემთხვევებით, რომელიც უბიძგებდა სახელმწიფოებს და ხალხებს რელიგიური ომებისა (სამოქალაქო და ეთნიკური) და არაადამიანური დევნისკენ [10]. ხალხთა რელიგიური ისტორიაც სავსეა ერესის, განხეთქილების, დევნის და განკვეთის მაგალითებით, რაც  მკაფიოდ არის გამოხატული არაბებისა და თურქების მიერ დაპყრობილი ხალხების ისლამიზაციაში, დასავლური ეკლესიის ინკვიზიციაში, რამდენიმე ბიზანტიის იმპერატორის ხატების კულტის წინააღმდეგ ბრძოლაში ა.შ.
ფანატიზმის მთავარი მიზეზებია:
პოლიტიკური: ხალხში რელიგიური ფანატიზმის გაღვივების გზით პოლიტიკოსები ხანგრძლივი დროის მანძილზე ექსპლუატირებდნენ და იყენებდნენ რელიგიის ძალას საკუთარი ძალაუფლების გასაძლიერებლად, ან როგორც ექსპანსიის საბაბს;
 ფსიქოლოგიური: ფსიქოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფანატიზმი სულიერი სტრესის გამოვლინებაა, ნევროტულ პიროვნებათა თავშესაფარი, რომლებიც ცდილობენ ფანატიზმის გამოყენებით დაუმალონ საკუთარ თავს და სხვებს თავისი შინაგანი სულიერი კონფლიქტი და აქედან გამომდინარე აგრესიულობა, არასრულფასოვნების კომპლექსი და ეგოიზმი;
რელიგიური: ზოგიერთი რელიგიის მიერ ფანატიზმის წესად დამკვიდრება (მაგალითად, ისლამში, რწმენის გავრცელება „ცეცხლითა და მახვილით“) ან მორწმუნეთა გადაჭარბებული მომთხოვნელობა ახლობლების მიმართ, რაც გამოწვეულია მცნებების არასწორი გაგებით.
რელიგიური ფანატიზმის შედეგები ხალხისთვის, საზოგადოებისთვის და თავად რელიგიებისთვის ძალზე მრავალფეროვანია. მართლაც, ფანატიზმი:
უქმნის მორწმუნეს სულიერი თვითკმარობის და გარანტირებული ხსნის ილუზიას, ამშვიდებს მის სინდისს და შთააგონებს მას ფარისევლურ ცნობიერებას;
ამახინჯებს რწმენას, რადგან ართმევს ძვირფას თვისებას - მოყვასის სიყვარულს, რის გარეშეც რწმენა მკვდარია;
 ზღუდავს პიროვნების თავისუფლებას იძულებით, დევნით, მუქარით, დასჯით, ძალადობით;
უბიძგებს თავის მსხვერპლს რელიგიურ ომებში სხვა ადამიანების სიცოცხლისა და ცივილიზაციების მოსპობისკენ;
იწვევს ანტიპათიებს რელიგიურად გულგრილ ან ურწმუნო ადამიანებში, იყოლიებს მათ ათეიზმისკენ, რადგან ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ რელიგიები, იმის ნაცვლად, რომ ადამიანი გააკეთილშობილონ, უღვივებენ სიძულვილს  და სისხლიანი კონფლიქტებისკენ უბიძგებენ.
ფანატიზმი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს დაკავშირებული ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან, რადგან ჭეშმარიტ რწმენაში არ არის სიბრმავის, სიძულვილის და ძალადობის ადგილი. რელიგიური თავგამოდებულობა და გულმოდგინეობა სათნოებაა მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი სიყვარულითაა შთაგონებული და სუფთა გულიდან და ჭეშმარიტი რწმენიდან მოდის [11; 130]. ამგვარი განმანათლებლური გულმოდგინეობით და არა ბრმა ფანატიზმით გამოირჩეოდნენ მოციქულები, მოწამეები, მისიონერები და ბევრი სხვა მორწმუნენი, რადგან მათ რწმენას შთააგონებდა ღმერთისა და ადამიანის მიმართ ღრმა და უანგარო სიყვარული.
პავლე მოციქული ამბობს: „თუ მე მაქვს წინასწარმეტყველების ნიჭი ... და ყველა ცოდნა და მთელი რწმენა, მაგრამ არ მაქვს სიყვარული, მაშინ მე არაფერი ვარ". ჭეშმარიტი რწმენა ვლინდება ცხოვრების სიწმინდეში, ქმედით სიყვარულსა და თავგანწირულ მორჩილებაში.
პიროვნების რელიგიური თავისუფლება ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი უფლებაა, და ამიტომ ბევრ სახელმწიფოში იგი დაცულია კონსტიტუციით, რომელიც მოქალაქეს აძლევს უფლებას თვითონ აირჩიოს რელიგია ან არ აირჩიოს არც ერთი  მათგანი[12]. საერთაშორისო დონეზე რელიგიური თავისუფლება გაერომ მიიღო 1948 წელს, როგორც „ადამიანის უფლებათა მსოფლიო დეკლარაციის“ ნაწილი (მუხლი 18). იგი აღიარებულ იქნა უმეტეს ცივილიზებულ სახელმწიფოთა მიერ, რომლებმაც ის შეიტანეს თავის კონსტიტუციებში. ამის მიუხედავად, დღემდე ისტორიაში არაერთხელ გამოჩენილა თეოკრატიული ან ათეისტური რეჟიმები, რომლებიც უგულებელყოფდნენ ადამიანის ამ უფლებას.
მეორეს მხრივ, ზოგიერთი რელიგია ან სექტა, რომლებიც იყენებდნენ სახელმწიფოს ჩაურევლობას, არ იშურებდა მცდელობას მოეზიდა მომხრეები სხვა რელიგიებიდან, რისთვისაც  იყენებდნენ მუქარას, ქრთამს, ინტრიგებს და ა.შ. როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება სხვა რელიგიების წარმომადგენელთა მიმართ?
ერეტიკოსებისა და სხვა რელიგიების წარმომადგენლების შეცდომები და ცრურწმენები არ უნდა მივაკუთვნოთ ფანატიკურ შეუწყნარებლობას. გარდა იმისა, რომ ეს არ შეესაბამება ჭეშმარიტ რწმენას, ეს, როგორც ისტორია გვიჩვენებს, სრულიად უსარგებლოა. სხვა რწმენის ადამიანებთან ურთიერთობამ შეიძლება სასურველ შედეგამდე მიგვიყვანოს და გახდეს ნაყოფიერი მხოლოდ თანამოსაუბრის თავისუფალი დიალოგის და მისი პიროვნებისადმი ურთიერთპატივისცემის პირობით [13]. ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მორწმუნეებს შეუძლიათ თავიანთი რწმენის მიმართ გულგრილი იყვნენ და სხვა სარწმუნოებასთან  კომპრომისზე წავიდნენ.
სხვა რელიგიების პროზელიტიზმი საშიში არ იქნება მორწმუნეთათვის, თუ მათ კარგად იციან თავისი სარწმუნოება და ცხოვრობენ მასთან თანხმობაში. ამ შემთხვევაში მათ არ გაიტაცებთ უცხო რელიგიური აგიტაცია და პროპაგანდა.
სამეცნიერო სტატიაში განვიხილეთ მორწმუნე და არამორწმუნე ადამიანთა დამოკიდებულება „რელიგიური ფანატიზმის“ მოვლენის მიმართ. ჩვენი კვლევა ოთხი ეტაპისგან შედგებოდა. პირველ ეტაპზე ჩავატარეთ გამოკითხვა გაურკვევლობისადმი ტოლერანტობის შესახებ, რომლის მიზანი იყო გაურკვევლობის ტოლერანტობის დონის განსაზღვრა მორწმუნე და არამორწმუნე გამოსაცდელთა შორის. კვლევის შედეგები დამუშავდა სტანდარტული გზით, შემდეგ განსხვავებების დასადგენად გამოვიყენეთ მანა-უიტნის საგნების  U-ტესტი ამონაკრებ გამოსაცდელთა შორის. კვლევის შედეგების დამუშავების შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ გაურკვევლობისადმი ტოლერანტობის დონე გამოსაცდელთა  ორ ამონაკრებს შორის არ განსხვავდება, შესაბამისად, გაურკვევლობისადმი ტოლერანტობის დონე ერთნაირია მორწმუნეებსა და არამორწმუნეებში [14].
კვლევის მეორე ეტაპზე ჩვენ ჩავატარეთ მორწმუნეთა და არამორწმუნეთა ანკეტირება, რომლის მიზანი იყო რელიგიური ფანატიზმის მიმართ მათი დამოკიდებულების გამოვლენა. მონაცემთა ანალიზი ჩვენ ჩავატარეთ მან-უიტნის კრიტერიუმების დახმარებით და აღმოვაჩინეთ, რომ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები გამოსაცდელთა ორი ამონაკრებს შორის აღმოჩენილი არ  ყოფილა.
მესამე ეტაპზე ჩვენ გამოვიყენეთ მეთოდიკა „პირადი დიფერენციალი“,  რომლის მიზანი იყო გამოსაცდელთა საკუთარი თავისადმი დამოკიდებულების გამოვლენა, ასევე რელიგიური ფანატიზმის მიმართ. მონაცემები ასევე დამუშავდა მან-უიტნის კრიტერიუმის გამოყენებით. შედეგად დადგინდა, რომ რელიგიური ფანატიკოსებისადმი დამოკიდებულებაში არავითარი განსხვავება არ იქნა აღმოჩენილი [15; 200].
კვლევის მეოთხე ეტაპზე გამოყენებული იქნა ეტკინდის „დამოკიდებულებათა ფერადი ტესტი“, რათა გაგვერკვია მორწმუნე და არამორწმუნე ადამიანების დამოკიდებულება ისეთი ცნებების მიმართ, როგორიცაა „რელიგიური ფანატიზმი“, „რწმენა“, „მე თვითონ“.
ამრიგად, ჩვენს გამოსაცდელებზე ჩატარებული კვლევის შედეგად, შეიძლება შემდეგი დასკვნების გაკეთება:
 „რელიგიური ფანატიზმის“ მიმართ მორწმუნე და არამორმუნე გამოსაცდელთა შორის განსხვავება არ არის;
 ცნების „რწმენა“ ორ ამონაკრებს შორის ასევე არ არსებობს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება;
 ცნების „მე თვითონ“ ორ ამონაკრებს შორის ასევე არ არის განსხვავება.
ამრიგად, ჩვენ გამოსაცდელთა დამოკიდებულება, რწმენის მიუხედავად, ცნებების „რელიგიური ფანატიზმი“, „რწმენა“, „მე-თვითონ“ არ განსხვავდება.
შესაბამისად, ჩვენი კვლევის ჰიპოთეზა არ დადასტურდა.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ თანამედროვე პირობებში მთელი მსოფლიო საზოგადოებისთვის, ნებისმიერი სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებებისათვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს ექსტრემიზმი მისი გამოვლინების სხვადასხვა ფორმით. განსაკუთრებით საშიშია ექსტრემიზმი, რომელიც ამოფარებულია ეთნიკურ და კონფესიებს შორის კონფლიქტების ესკალაციის გამომწვევ რელიგიურ ლოზუნგებს.

ლიტერატურის სია

ნ.ა. კალუჟნაია. ფანატიზმი: პიროვნული და ჯგუფური ნიშნები// ფილოსოფიური მეცნიერებები. - № 9. - გვ. 66–81.
უ. ჯემსი. რელიგიური გამოცდილების მრავალფეროვნება. - მოსკოვი: რუსკაია მისლი, 2000. — 115 გვ.
ფ.ა. სელივანოვი. მცდარის და სწორის მოძებნა. - ტიუმენი: ტიუმენის სახელმწიფო უნივერსიტეტი. - 2003. - 120 გვ.
ე.ნ. ლიულჩაკი. სექტებში პრობლემების გამო აღმოჩნდებიან//კარაგანდის მართლმადიდებლური გაზეთი „აღდგომის დღე“. - № 5. - გვ. 16–17.
ე.მ. დრინოვა. რელიგიური ექსპანსია: სოციალურ-ფილოსოფიური ასპექტი//ფილოსოფია და საზოგადოება. - № 4 (56). - გვ. 31–36.
ლ. ფოიერბახი. რჩეული ფილოსოფიური ნაწარმოებები. ლექციები რელიგიის არსის შესახებ. - ტ. ІІ. — მოსკოვი: პოლიტიზდატი , - 313 გვ.
ი.მ. როი. როდესაც რწმენა ფანატიზმში გადადის. ელექტრონული რესურსი:      www.alexeyosipov.ru/web...v.../Pyt_razuma_2010_(A_I_Osipov).
ზ. ფროიდი. არაცნობიერის ფსიქოლოგია. — სანქტ-პეტერბურგი: პიტერი,  2004. — 502 გვ.
კ.გ. იუნგი. ფსიქოლოგია და რელიგია. - მოსკოვი: მარტისი, 1995. — 270 გვ.
მორწმუნე, რელიგიური ადამიანი თუ ფანატიკოსი?// ამავე სახელწოდების დისკუსიის მოკლე კონსპექტი. ბიბლიური სადისკუსიო კლუბი. - ელექტრონული რესურსი: cogmtl.net/Articles/084b.htm .
ბ.დ. პარიგინი, ბ.ა. ერუნოვი, ვ.რ. ბუკინი. რელიგიური განწყობა და მისი სტრუქტურა//მეცნიერული ათეიზმის საკითხები. - № 11. - გვ. 71–73.
გ. ჩისტიაკოვი. ფანატიზმის ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური საფუძვლები. - ელექტრონული რესურსი:  http://www.tapirr.com/ekklesia/chistyakov/esse/fanatizm.
ა. მურზაევი. ცრუ რელიგიური ფანატიკოსის პიროვნების ფსიქოლოგიური პორტრეტი. - ელექტრონული რესურსი: http://xn---.
რ.ა. აბუზიაროვი, ზ.ი. ტუაევა. სათავეები. ისლამი: სარწმუნოება, მორალი, კულტურა. - უფა. აღმოსავლური ეკონომიკურ-იურიდიული აკადემია, 1994. — 320 გვ.


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised