среда, 7 августа 2019 г.

ჰიპნოზის საიდუმლოებები ვლადიმირ ვლადიმირის ძე სიადრო

ჰიპნოზის საიდუმლოებები  ვლადიმირ ვლადიმირის ძე სიადრო 


 ჰიპნოზი რომ ცნობიერების განსაკუთრებული მდგომარეობაა, ადამიანებმა უძველესი დროიდან იცოდნენ. ყველა დროს მისი საიდუმლოება ცნობილი იყო მხოლოდ ზიარებულთა ვიწრო წრისათვის - ქურუმების, მკურნალების და ჯადოქრებისთვის. როგორც ყველა აუხსნელი მოვლენა, ჰიპნოზის შესახებ მრავალი მითი შეიქმნა, რომელთა უმეტესობა დღესაც არსებობს.
სიტყვა „ჰიპნოზი“ ბერძნული წარმოშობისაა.  ნიშნავს „ძილს“. ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ჰიპნოზი ითვლებოდა ნიკტას (ღამე) ვაჟიშვილად და სიკვდილის ღმერთის ტანატოსის ტყუპისცალ ძმად. მაგრამ ტყუპი ძმების მამა რომ  ერებუსი იყო - პირველქმნილი ქაოსის ღმერთი - ბევრისთვის არ არის ცნობილი. გასაკვირი არ არის, რომ ასეთი მშობლების შვილისადმი დამოკიდებულება ყოველთვის განსაკუთრებული იყო. საკმარისია აღინიშნოს, რომ ერების უმეტესობას აქვს ტაბუ დაძინებულთა და ძილის მიმართ. ითვლებოდა, რომ სული ძილის დროს მთელ მსოფლიოში მოგზაურობს, და თუკი ვინმე მის დაბრუნებას ხელს შეუშლის, ადამიანი მოკვდება, ან დემონები დაეუფლებიან მის სხეულს. გარდა ამისა, ძილი რეალობის საპირისპიროდ ითვლებოდა. ეს იყო (და არის) სხვა რეალობა, რომლის კანონები მკვეთრად განსხვავდება ჩვეულებრივი, ფიზიკური სამყაროს კანონებისგან. ფრენა, გარდაქმნა, გარდაცვლილ ნათესავებთან და მეგობრებთან შეხვედრები, წინასწარმეტყველური სიზმრები - ყველაფერ ამას თავისებურ ინტერპრეტაციას აძლევდნენ და ცდილობდნენ მის გამოყენებას.
მაგრამ ძილი არ ყოფილა ცნობიერების ერთადერთი შეცვლილი მდგომარეობა, რომელიც კაცობრიობისთვის იყო ცნობილი. ხელნაწერები და ლეგენდები მოგვითხრობენ საბრძოლო ტრანსის შესახებ, რომელიც მეომრებს აძლევდა საშუალებას არ დაენდოთ თავისი თავი და არ ეგრძნოთ ტკივილი, „თვალის მოშორების“ შესახებ, რასაც ჯადოქრები იყენებდნენ, მთვარეულობის შესახებ ... პრაქტიკულად ყველა ხალხში ხდება ხსენება იმისა, რომ ამ მდგომარეობის ნაწილი ხელოვნურად არის გამოწვეული. მართალია, ეს ნიჭი ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის, მხოლოდ ღვთის რჩეული მსახურებისთვის, ან მათთვის, ვისაც ბოროტ სულებთან აქვს კავშირი.
ჰიპნოზი (მათ შორის, მასობრივი) ცნობილი იყო ძველ ეგვიპტელებისათვის. სერაპისის ტაძრებში ჰიპნოზის საშუალებით განკურნება ჩვეულებრივი მოვლენა იყო. მოგვიანებით ეს პრაქტიკა გადაიღეს ძველმა ბერძნებმა. ჰიპნოზის გამოყენების შესახებ ცნობები მოცემული აქვს მარციალს, აგრიპას, პლუტარქს, აპულეუსს, აგრეთვე მოცემულია თალმუდში, ბიბლიაში, ლეიდენის პაპირუსში.
ახალი ერის დასაწყისში ევროპელებმა დროებით დაივიწყეს ჰიპნოზის შესახებ, ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად. ამის რამდენიმე მიზეზი იყო: ეკლესიის მზარდი გავლენა, ხოლო მოგვიანებით - ტექნოგენური ცივილიზაციის განვითარება. ჰიპნოზს მხოლოდ ერთეულები ფლობდნენ: მოგზაურები, რომლებიც დაეუფლნენ ჰიპნოზს აღმოსავლეთში მოგზაურობის დროს, და ადამიანები, რომლებიც დაბადებიდანვე იყვნენ ამ ნიჭით დაჯილდოებულნი. იშვიათად ეს ნიჭი გააჩნდათ ბერებს, და მაშინ ამას წარმოადგენდნენ, როგორც ღვთის მადლის შედეგს. სოლოვეცკის პატერიკში მოხსენიებულია ბერი, რომელმაც დასაჯა მის ბოსტანში შეპარული ქურდები. ორი დღე და ორი ღამე ქურდებმა ვერ შეძლეს ადგილიდან დაძრა, შემდეგ მოხუცი მათთან გავიდა. ქურდებმა პირობა დადეს, რომ პატიოსნად იცხოვრებდნენ, და მოხუცმა გაუშვა ისინი. ამის შემდეგ ისინი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ სავანეში, ეხმარებოდნენ ბერებს, დანარჩენზე პატერიკი დუმს. სხვა ადამიანებზე ზემოქმედების უნარს, თითქოს, ჩვეულებრივი ადამიანებიც ფლობდნენ. ხალხურ თქმულებებში მრავლად არის მოთხრობები ჯადოქრების შესახებ, რომლებისაც „ასულელებდნენ“ ადამიანებს, აიძულებდნენ ცეკვას მათი სურვილის საწინააღმდეგოდ ან შთააგონებენ მათ რაიმე საშიშს, რომ თავისი სახლიდან წასულიყვნენ. ნიჭიერ ჰიპნოტიზიორებად ბოშები ითვლებოდნენ, რომელთა ადამიანის ტრანსში შეყვანის ხელოვნება თაობიდან თაობას გადაეცემოდა.
არც ისე დიდი ხნის წინ დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ კაშპიროვსკის და ჩუმაკის სეანსები. მათი ზემოქმედება აუდიტორიაზე მთლიანად ჰიპნოზზე იყო აგებული. რასაც ისინი  აკეთებდნენ, ამაში არაფერი ყოფილა პრინციპულად ახალი, გარდა, ალბათ,  ტელევიზიისა. ქირურგიული ოპერაციები ჰიპნოზის ქვეშ ჯერ კიდევ XIX საუკუნის შუა წლებიდან არის ცნობილი. ინგლისელმა ექიმმა ჯეიმს ისდეილმა 300–ზე მეტი ასეთი ოპერაცია ჩაატარა. ხოლო წყლით დამუხტული ბოთლები და მალამოები მესმერს და მის პაციენტებს გვაგონებენ. მესმერმა, მის თანამედროვეთა მოგონებების თანახმად, მსგავსი მეთოდები გამოიყენა: თავისი მაგნიტური ენერგიით დამუხტა ქვაბები, რომელთა სახელურები ხელით ეჭირა პაციენტებს, იყენებდა კვერთხს, რომლის საშუალებითაც განახორციელებდა უკონტაქტო ზემოქმედებას, ასევე ბოთლებს წყლით. ყველა ეს ატრიბუტი საშუალებას აძლევდა პაციენტებისთვის შეექმნა ცნობიერების განსაკუთრებული მდგომარეობა, ხოლო თვითშთაგონება თავისას აკეთებდა. მესმერის დროს (XIX საუკუნის მეორე ნახევარი) ტერმინი „ჰიპნოზი“ ჯერ კიდევ არ არსებობდა. პირველად იგი 1843 წელს გამოიყენა შოტლანდიელმა ქირურგმა ჯეიმს ბრეიდმა. უკვე იმ დროს ჰიპნოზს რამდენიმე სინონიმი ჰქონდა - სუგესტია, მაგნეტიზმი, შთაგონება. სახელი გაჩნდა ორი მიზეზის გამო: ჯერ ერთი, პაციენტის ტრანსში შეყვანა ემყარებოდა ძილსა და რეალობას შორის ბალანსს. გარკვეული მეთოდების ზემოქმედების შედეგად პაციენტს ეძინებოდა, მაგრამ შენარჩუნებული იყო კავშირი ჰიპნოტიზიორთან - ე.წ. რაპოპორტი.
კითხვაზე, რას წარმოადგენს ჰიპნოზი, მეცნიერებმა არაერთგვაროვანი პასუხი გასცეს. შარკო  მიიჩნევდა მას განსაკუთრებულ ნერვულ მდგომარეობად, ისტერიის მსგავსს; ბერნჰეიმი განიხილავდა, როგორც შთაგონებულ ძილს, ზოგი მას განსაკუთრებულ ემოციად ან სულიერ მღელვარებად (აფექტად) მიიჩნევდა, ხოლო ვ. ბეხტერევი განიხილავდა მას, როგორც განსაკუთრებულ, სახეშეცვლილ ძილს. გაცილებით ნაკლები წინააღმდეგობა არსებობდა ჰიპნოზის ეტაპებთან დაკავშირებით.
ჰიპნოზის ეტაპები (ან ფაზები) მათი სიღრმით განსხვავდება. სულ არსებობს სამი: გათანაბრებადი, პარადოქსული და სომნამბულური. ჰიპნოზის გათანაბრებად ეტაპზე, როგორც სუსტი, ისე ძლიერი გამაღიზიანებლები ერთსა და იმავე ეფექტს იძლევა - სუსტ რეაქციას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანი სრულიად თანაბრად აღიქვამს მსუბუქ შეხებას და ძლიერ დარტყმას, არ აკეთებს განსხვავებას ყვირილსა და ჩურჩულს შორის. ჰიპნოზის პარადოქსულ ფაზაში სუსტი გამაღიზიანებლები იწვევს ძლიერ რეაქციას, ძლიერი კი - პირიქით. სიტყვა, რომელიც, პრინციპში, სუსტი გამაღიზიანებელია, მასში დიდ მნიშვნელობას იძენს და აღიქმება, როგორც გარდაუვალი კანონი. ჰიპნოტურ მდგომარეობაში კიდევ უფრო ღრმა შესვლისას იწყება მესამე ფაზა - სომნამბულური. ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს არაფერი არ უკვირს. მას შეუძლია გარდაიქმნას სხვა სახედ (თავი იგრძნოს ბავშვად, საპირისპირო სქესის არსებად, რომელიღაც ცნობილ ადამიანად, ცხოველად). სომნამბულას შეუძლია აღიქვას არარსებული ტკივილი, იგრძნოს დამწვრობა ცივ საგნებზე შეხებისას (ამავე დროს, კანზე მეორე ხარისხის დამწვრობა ჩნდება), ჰიპნოტიზიორის მითითებით აღიქვას მლაშე ან მწარე გემო, როგორც ტკბილი, მიბაძოს ცხენზე სიარულს ან დაკრიფოს ყვავილები ...
მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, ის, რაც ემართება ამ ფაზაში მყოფ ადამიანებს, არ ექვემდებარება არავითარ ლოგიკურ ახსნას. ცნობილმა ჰიპნოტიზიორმა რაიკოვმა შთააგონა გამოსაცდელს, რომ იგი იყო ცნობილი მოჭადრაკე პოლ მერფი, რომელიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ცხოვრობდა. ამ ადამიანმა არაფერი იცოდა მერფის შესახებ. მაგრამ ტალთან თამაშის დროს, როდესაც თავი „მერფი“ მიაჩნდა, იგი თამაშობდა, როგორც ადამიანი, რომლის თანრიგი უფრო მაღალი იყო, ვიდრე ჰქონდა ჰიპნოზის დაწყებამდე და მის შემდეგ. და, რაც მთავარია, მან შეიძინა მერფის თვისებები და ქცევის მანერა (გახდა აგრესიული, გაბედული, მოითხოვდა დიდ ჰონორარებს და ა.შ.). თუ თამაშის შედეგების გაუმჯობესება შეიძლება აიხსნას იმით, რომ ადამიანს ეჭვი აღარ ეპარება მის ქმედებებში და კონცენტრირებულია პრობლემის გადაჭრაზე, მაშინ უცნობი ადამიანის ქცევის მანერების კოპირება - ჰიპნოზის ერთ-ერთი ამოუცნობი საიდუმლოებაა.
გაღვიძების შემდეგ ადამიანს, რომელმაც გაიარა სომნამბულური ეტაპი, ჩვეულებრივ, არ ახსოვს არაფერი იქიდან, რაც მან გადაიტანა. თუმცა, ჰიპნოტიზიორის ბრძანებით მას შეუძლია განახორციელოს თავისი ქცევის და გარემოებების ყველა წვრილი დეტალი. ჰიპნოზის სომნამბულური ფაზა ძალიან იშვიათი მოვლენაა. ეს მდგომარეობა შეიძლება გამოწვეული იყოს მხოლოდ 20% შემთხვევაში.
განსაკუთრებით ხშირად ჰიპნოზი ტარდებოდა სპეციალურ შენობაში, სადაც ადვილდებოდა ტრანსში შეყვანა. იქ გამეფებული იყო ბინდბუნდი, უკრავდა მშვიდი მუსიკა, როგორც წესი, ცდილობდნენ ოთახების იზოლირებას გარე ხმებისგან. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ პაციენტის ძილი საერთოდ არ არის აუცილებელი პირობა ჰიპნოზისთვის. ადამიანის ჰიპნოტურ ტრანსში შეყვანა შესაძლებელი აღმოჩნდა ყოველგვარი ტახტისა და მბზინავ საგნებზე ან სანთლების ცეცხლზე ყურადღების გამახვილების გარეშეც. ამ მიმართულების ფუძემდებელი გახდა მილტონ ერიქსონი. მის მეთოდს დაარქვეს ერიქსონის ჰიპნოზი. თავისი წინამორბედებისგან განსხვავებით, მას ჰიპნოზში შეჰყავდა ფხიზლობის მდგომარეობაში მყოფი ადამიანები.
სამედიცინო აპარატურის გამოყენებით ჩატარებულმა გამოკვლევებმა მეცნიერებს საშუალება მისცა გაერკვიათ, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ჰიპნოტიზებული ადამიანის ტვინში. პირველ რიგში, მათ დაადგინეს, რომ ჰიპნოტური ტრანსის მთავარი მაჩვენებელია აგზნების კერის არსებობა ატროფირებული ქერქის შემთხვევაში. მაგრამ მოგვიანებით დადგინდა, რომ ჰიპნოზური ეფექტი არ საჭიროებს ქერქის ატროფირებას: საკმარისია შეიქმნას „პოტენციალების განსხვავება“, ანუ გადაჭარბებული აგზნების ცენტრი. ამ შემთხვევაში, ადამიანი არ აცნობიერებს, რომ ის ტრანსის მდგომარეობაშია, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ გაკვირვებით იხსენებს (ზოგჯერ კი მოწმეებსაც ცნობს) მისთვის სრულიად უჩვეულო მოქმედებებს. ამ მახასიათებლებზეა აგებული ნეიროლინგვისტური პროგრამირების ტექნოლოგიები, მასვე იყენებენ თაღლითები. რამდენიმე მაგალითს მოვიყვან.
არც ისე დიდი ხნის წინ, ავსტრიაში, ქალაქ კლაგენფურტში, მოხდა ფინანსური დაწესებულების საკმაოდ უჩვეულო ძარცვა.  ქალაქის ერთ-ერთ ბანკში შევიდა ორი სიმპათიური ახალგაზრდა გოგონა. ისინი მივიდნენ სალაროსთან, დააჰიპნოზეს მოლარე და აიძულეს მთელი ნაღდი ფულის მათთვის  გადაცემა, რომელიც იმ დროს ჰქონდა სეიფში, დაახლოებით ასი ათასი შილინგი. ამის შემდეგ მძარცველებმა მშვიდად დატოვეს ბანკი და გაუჩინარდნენ. დანაკლისი აღმოაჩინეს მხოლოდ მაშინ, როდესაც კონტროლიორმა დაიწყო სალაროს შემოწმება. მოლარემ ვერ ახსნა ფულის გაქრობა. მოწვეულმა ექიმმა დაადგინა: მოლარე ისევ ჰიპნოზის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა.
ცნობილმა ვოლფ მესინგმა როგორღაც აჩვენა მსგავსი ხრიკი ექსპერიმენტის სახით, რომელიც მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარდა. ყველაფერი სწრაფად და პრობლემების გარეშე მოხდა: „მე შემომთავაზეს 100 ათასი რუბლი სახელმწიფო ბანკში. მე მოლარესთან მივედი, მივაწოდე მას სკოლის რვეულიდან ამოხეული ფურცელი. გავხსენი ჩემოდანი და დავდგი პატარა ფანჯარასთან ბარიერზე. ხანდაზმულმა მოლარემ შეხედა ქაღალდს. გახსნა სალარო. 100 ათასი რუბლი გადათვალა და ჩემოდანში ჩააწყო... ჩემოდანი დავკეტე და მოშორებით დავდექი. დარბაზში მყოფმა მოწმეებმა ხელი მოაწერეს აქტს ჩატარებული ექსპერიმენტის შესახებ“.
ჰიპნოზის გამოყენებით ბანკების ძარცვა შედარებით იშვიათი მოვლენაა. ძალიან დიდი რისკია. უფრო ხშირად მოვლენები ქუჩაში ვითარდება. გაზეთებში ხშირად ვრცელდება ცნობები მოხერხებული  თაღლითების შესახებ, რომლებიც მსხვერპლის ნდობას იმსახურებენ. სცენარი, ჩვეულებრივ, ერთი და იგივეა: ადამიანი უახლოვდება მსხვერპლს (ყველაზე ხშირად ქალი), ისინი დიდხანს არ საუბრობენ, შემდეგ კი მსხვერპლი ყოველგვარი ძალდატანების გარეშე იწვევს ახალ ნაცნობს სახლში, აძლევს მას ყველა არსებულ ძივრფასეულობას და გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეიძლება დაივიწყოს რა მოხდა. მოგვიანებით, თავისი ქმედებების გაანალიზების შედეგად, მსხვერპლს არ შეუძლია იმის ახსნა, თუ რატომ მოიქცა ასე. ეს დაკავშირებულია ჰიპნოზის მნიშვნელოვან თავისებურებასთან: რეალობის კრიტიკული აღქმის სრულ ან ნაწილობრივ გამორთვასთან. ჰიპნოტიზიორის ნებისმიერი სიტყვა აღიქმება როგორც აბსოლუტური ჭეშმარიტება. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ჰიპნოტური ზემოქმედების  ქვეშ მყოფ ადამიანს შეუძლია გააკეთოს აბსოლუტურად ყველაფერი, რაც აზრად მოუვა თავში ჰიპნოტიზიორს? სპეციალისტები ასეთ მოსაზრებებს მიიჩნევენ ძალიან შორს პრაქტიკისგან. ჰიპნოზის მდგომარეობაში ადამიანს შეუძლია გააკეთოს მხოლოდ ის, რისთვისაც მორალურად მზად არის. თუ ჰიპნოტიზიორი შეეცდება აიძულოს მას იმოქმედოს მისი მორალური პრინციპების საწინააღმდეგოდ, ის სერიოზულ წინააღმდეგობას გადააწყდება.
არანაკლებ პოპულარულია მითი იმის შესახებ, რომ ჰიპნოტიზიორები რკინის ნებისყოფის მქონე  განსაკუთრებული ადამიანები არიან, გარდა ამისა, გააჩნიათ ზებუნებრივი შესაძლებლობები. სინამდვილეში, ეს ასე არ არის. ჰიპნოტიზიორთა უმრავლესობა უბრალოდ ფლობს საჭირო უნარებს და ტრანსში შეყვანის შესაბამის მეთოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჰიპნოზის სწავლა საერთოდ შეუძლებელი იქნებოდა. სხვათა შორის, ჰიპნოტურ ტრანსში ადვილად შესვლის უნარი, რომელიც ხალხის რწმენის თვალსაზრისით, სუსტი ნების ნიშანია, კარგი ჰიპნოტიზიორის ერთ– ერთი თვისებაა.
ხშირად შეიძლება შემდეგი ფრაზის მოსმენა: „ჩემი ჰიპნოზში შეყვანა არ შეიძლება, მე არ ვექვემდებარები ჰიპნოზს და არ მჯერა ამის“. ეს კიდევ ერთი გავრცელებული მცდარი მოსაზრებაა. სინამდვილეში, აბსოლუტურად ყველას შეყვანა შეიძლება ჰიპნოტურ მდგომარეობაში. საქმე ისაა, რომ ჰიპნოტური მდგომარეობა არ არის რაიმე უცხო ან თავსმოხვეული გარედან ჩვენი ორგანიზმისთვის. დღის განმავლობაში, ადამიანი არაერთხელ აღმოჩნდება ხანმოკლე ტრანსის მდგომარეობაში. ამ გზით ფსიქიკა თავს იცავს გადატვირთვისგან. ჰიპნოტური ტრანსი წარმოიქმნა, როგორც დამცავი რეაქცია, რომელიც საგანგებო სიტუაციებში წარმოიშობა. საგანგებო, ჰიპნოზის მსგავსი შენელება, ცხოველებშიც აღინიშნება. ადრე მოხეტიალე მეფოკუსეები ხშირად აჩვენებდნენ დაჰიპნოტიზებული ქათმის ტრიუკს, რომელსაც არ შეეძლო განძრევა, სანამ ფეხზე არ დააყენებდნენ.
ექიმებს, რომლებიც პრაქტიკაში იყენებენ ჰიპნოზს, ხშირად უწევთ პაციენტების გადარწმუნება იმაში, რომ ჰიპნოზი ერთგვარი ნარკოტიკული საშუალებაა, რომელიც იწვევს მიჩვევას. სინამდვილეში, ჰიპნოზისადმი რეალური მიჩვევა არ ხდება. პირიქით: რადგან ნებისმიერი ჰიპნოზს საფუძვლად უდევს თვითჰიპნოზი, ადამიანები სწრაფად სწავლობენ დამოუკიდებლად ჰიპნოტური ტრანსის მდგომარეობაში შესვლას. გარდა ამისა, თვითჰიპნოზი ზოგავს პაციენტების დროს და ფულს, ამიტომ საუბარიც არ არის ჰიპნოტური დამოკიდებულების არსებობის შესახებ.
ჰიპნოზის შესახებ უამრავი მითი შემთხვევით არ შექმნილა. ბევრ მათგანს საფუძვლად უდევს საკუთარ აზრებსა და მოქმედებებზე კონტროლის დაკარგვის შიში. მათ, ვინც გახდა მანიპულატორების მსხვერპლი, რომლებიც იყენებენ ნეიროლინგვისტურ პროგრამირებას, შეშფოთების ყველა მიზეზი აქვს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჰიპნოზი გარკვეულწილად წააგავს ქირურგის სკალპელს. მისი გონივრულად გამოყენებით შესაძლებელია დაავადებების განკურნება, ადამიანის შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენა, მათი დახმარება, ვინც მეხსიერება დაკარგა. ხოლო თაღლითობისგან თავდასაცავად, სპეციალისტების აზრით, საკმარისია მცირე სკეპტიციზმი და ჯანსაღი იუმორის გრძნობა.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised