суббота, 9 июля 2022 г.

მაგნიტური ქარიშხლები: როგორ გავლენას ახდენენ ჯანმრთელობაზე და როგორ შეიძლება მათგან თავის დაცვა

 https://tass.ru/obschestvo/4546251

მაგნიტური ქარიშხლები: როგორ გავლენას ახდენენ ჯანმრთელობაზე და როგორ შეიძლება მათგან თავის დაცვა

სექტემბრის დასაწყისიდან დედამიწაზე მოხდა მზეზე აფეთქებებით გამოწვეული რამდენიმე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი. თუ როგორ მოქმედებს ეს  მოვლენა  პლანეტაზე და ადამიანზე - რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს მასალებშია.

შემოდგომის პირველ კვირებში აშშ–ს ოკეანეების და ატმოსფეროს ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამოაცხადა რამდენიმე მომავალი მაგნიტური ქარიშხლის შესახებ. განსაკუთრებით ძლიერი ქარიშხალი რუსეთის ცენტრალურ ნაწილს 7 და 8 სექტემბერს დაატყდა თავს. ასეთ დღეებში ექიმები აღნიშნავენ სისხლძარღვთა და გულის დაავადებების მქონე ადამიანების მხრიდან ჩივილის ზრდას - სწორედ მაშინ ხდება მათი ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება. რასთან არის ეს  დაკავშირებული? 

რას წარმოადგენს მაგნიტური ქარიშხალი 

დედამიწის ირგვლივ არის უხილავი გარსი - მაგნიტოსფერო, რომელიც იცავს ჩვენს პლანეტას მზის რადიაციისგან. კოსმოსიდან მასზე ზემოქმედებას ახდენს მზის ქარის ნაკადი - ასე უწოდებენ იონიზირებულ ნაწილაკებს, რომლებიც მუდმივად იფანტებიან მზიდან 400 კმ/წმ სიჩქარით. ჩვეულებრივ, მზის ქარის წნევის ძალა და დედამიწის მაგნიტური გარსის წნევა თანაბარია.

მაგრამ როდესაც მზეზე აფეთქებები ხდება, მზის ქარის სიჩქარე იზრდება, წნევის ბალანსი იცვლება, მაგნიტოსფერო, თითქოსდა, იკუმშება დედამიწაზე და მასში დენების სიდიდეები იწყებს ცვლილებას. მეცნიერები წნევის ამ „რწევას“ მაგნიტურ ქარიშხალს უწოდებენ. 

არის თუ არა კავშირი? 

არ არსებობს მეცნიერთა ცალსახა მოსაზრება იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს ეს ბუნებრივი მოვლენა ადამიანებზე და ცხოველებზე. ზოგიერთ მათგანს სჯერა, რომ მაგნიტური ქარიშხალი დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, რადგან ისინი ხელს უწყობენ რთულ გარემო პირობებთან ადაპტაციას. სხვები თვლიან, რომ არ არსებობს კავშირი მაგნიტურ ქარიშხალსა და გულის შეტევას ან თავის ტკივილს შორის. საქმე ისაა, რომ ამ თემაზე ჯერ კიდევ არ არის დიდი კვლევები. 

„ადამიანის ჯანმრთელობასა და მდგომარეობაზე მაგნიტური ქარიშხლის გავლენის შესწავლის მიზნით, აუცილებელია გვქონდეს მკაფიო კრიტერიუმები, რომელთა გაზომვაც შესაძლებელია“, - ამბობს ალექსეი სტრუმინსკი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი. „თავის ტკივილი ან ტაქიკარდია არ არის კრიტერიუმი, ასეთი სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა მრავალი მიზეზით, იგივე ამინდის ცვლილებით, მაგალითად, ატმოსფერული წნევის ცვლილებით. მაგნიტური ქარიშხალი კი არ მოქმედებს ატმოსფერულ წნევაზე."

   მაგნიტური შტორმის დროს ჰიპერტონიკებს სჭირდებათ მეტი წყლის დალევა და მარილის მიღების შემცირება, რადგან მარილი ინარჩუნებს სითხეს ორგანიზმში და იწვევს წნევის მატებას. ხოლო ჰიპოტონიკებს შეუძლიათ მიიღონ ელეუტეროკოკის ან ლიმონის ბალახის მატონიზირებელი ნაყენი

                                                ელენა ტიხომიროვა, ექიმი თერაპევტი


თუმცა, ბევრ ექიმს განსხვავებული აზრი აქვს. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრმა იგორ ბობროვნიცკიმ განუცხადა TASS-ს, რომ მზის რეკორდულმა აფეთქებებმა, რომლებიც ბოლო დღეებში დაფიქსირდა, შეიძლება გავლენა იქონიოს მეტეოდამოკიდებული ადამიანების კეთილდღეობაზე.

„მზეზე აფეთქებები, ისევე როგორც სხვა გეო- და გეო-ჰელიომაგნიტური ფაქტორები, არ მოქმედებს ყველა ადამიანზე ნეგატიურად. ისინი გავლენას ახდენენ ეგრეთ წოდებულ მეტეომგრძნობიარე ადამიანებზე, რომლებსაც დასუსტებული აქვთ ორგანიზმის ზოგიერთი სისტემა, ჯანმრთელ ადამიანებზე ასეთი ფაქტორები არ მოქმედებს“, - თქვა  აკადემიკოსმა.

ბობროვნიცკიმ განმარტა, რომ ადამიანებზე ელექტრომაგნიტური დარღვევების ზემოქმედების მექანიზმები ცუდად არის შესწავლილი. თუმცა, იმ პაციენტებშიც კი, რომლებმაც არ იციან მზის აფეთქების ფაქტის შესახებ, შეინიშნება გუნება-განწყობის გაუარესება.

მზის აფეთქებების გამო ვარაუდობენ მაგნიტური ველის დარღვევის ზემოქმედების რამდენიმე ეფექტს: ეს არის არტერიული წნევის მატება, შრომისუნარიანობის დაქვეითება, თავის ტკივილი, გაზრდილი შფოთვა და ქრონიკული დაავადებების გამწვავება, მათ შორის ალერგიის.

                                             იგორ ბობროვნიცკი, რუსეთის მეცნიერებათა 

                                                                 აკადემიის წევრ-კორესპონდენტი

 არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანი ინსტინქტურად აღიქვამს დედამიწის მაგნიტურ ფონზე არსებულ რყევებს როგორც სიცოცხლისთვის საფრთხეს. ხოლო სტრესის ჰორმონების – კორტიზოლისა და ადრენალინის მატება იწვევს  სისხლძარღვთა სპაზმს და წნევის მატებას.

ექიმების რჩევა

იმისდა მიუხედავად, რომ მეცნიერებს ჯერ კიდევ არ აქვთ საკმარისად შესწავლილი, თუ როგორ მოქმედებს მაგნიტური ველის რყევები ორგანიზმზე, ექიმები ურჩევენ ადამიანებს, რომლებიც ცუდად იტანენ წნევის მომატებას, თავი დაიზღვიონ მაგნიტური ქარიშხლის დღეებში და დაიცვან მარტივი წესები. 

„ასეთ დღეებში ჩვენ ვამჩნევთ, რომ ჰიპერტონიკებში წნევა იმატებს, ჰიპოტონიკებში კი პირიქით ეცემა, - განმარტავს თერაპევტი ელენა ტიხომიროვა, - ამ პრობლემების ნიველირებისთვის, ჰიპერტონიკწბს  მეტი წყლის დალევა სჭირდებათ და მარილის მიღების შემცირება ამ პერიოდში, რადგან მარილი ინარჩუნებს ორგანიზმში სითხეს და იწვევს წნევის მატებას, ხოლო ჰიპოტონიკებს შეუძლიათ მიიღონ ელეუტეროკოკის ან მაგნოლიის ვაზის მატონიზირებელი ნაყენი“. 

მაგნიტური ქარიშხლის დროს ასევე მნიშვნელოვანია მეტეომგრძნობიარე ადამიანებისთვის კარგი ძილი, თავი აარიდონ დიდ დატვირთვას, სპორტს, დამღლელ სიარულს მაღაზიებში ან აგარაკზე მაღში მუშაობას.  

კარინა სალტიკოვა, მარია სოტსკოვა


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised