понедельник, 21 сентября 2020 г.

ადამიანი ტოტალიტარული კულტურის სისტემაში: იდეალისა და ღირებულებების სისტემის ტრანსფორმაცია კიარა რიდი

 

კიარა რიდი

ადამიანი ტოტალიტარული კულტურის სისტემაში: იდეალისა და ღირებულებების სისტემის ტრანსფორმაცია

 

1 თავი

 „ტოტალიტარული კულტურის“ ცნება მჭიდრო კავშირშია „ტოტალიტარიზმის“ და „ტოტალიტარული იდეოლოგიის“ ცნებასთან, რადგან კულტურა ყოველთვის ემსახურება იდეოლოგიას, როგორიც არ უნდა იყოს ის. ამიტომ, იმისათვის, რომ გავიგოთ, რა არის ტოტალიტარიზმის კულტურა, რამდენიმე სიტყვით უნდა ითქვას იმის შესახებ, რასაც ჰქვია ტოტალიტარიზმი, ტოტალიტარული საზოგადოება.

ტოტალიტარიზმი (შუა საუკ. ლათ. totalis - მთელი, მთლიანი, სრული) - 1) სახელმწიფოს (ტოტალიტატური სახელმწიფოს) ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ხასიათდება მისი სრული (ტოტალური) კონტოლით საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროზე, კონსტიტუციური უფლებების და თავისუფლებების ფაქტობრივი ლიკვიდაციით, რეპრესიებით ოპოზიციისა და სხვაგვარად მოაზროვნეთა წინააღმდეგ (მაგალითად, ტოტალიტარიზმის სხვადასხვა ფორმები ფაშისტურ იტალიაში, გერმანიაში, კომუნისტური რეჟიმი საბჭოთა კავშირში, ფრანკიზმი ესპანეთში და ა.შ. - XX საუკუნის 20-იანი წლების ბოლოდან) ... 2) პოლიტიკური აზროვნების მიმართულება, რომელიც ამართლებს ეტატიზმს, ავტორიტარიზმს. XX საუკუნის 20-იანი წლებიდან ტოტალიტარიზმი გახდა ფაშისტური გერმანიისა და იტალიის ოფიციალური იდეოლოგია.

ტოტალიტარიზმი პოლიტოლოგიის თვალსაზრისით არის საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობის ის ფორმა, რომლის თანახმადაც, პოლიტიკურ ძალას საზოგადოება სრული (ტოტალური) კონტროლის ქვეშ ჰყავს, მთლიანად აკონტროლებს ადამიანის ცხოვრების ყველა ასპექტს. ოპოზიციის გამოვლინება ნებისმიერი ფორმით სასტიკად და უმოწყალოდ ჩახშობილია სახელმწიფოს მიერ. ტოტალიტარიზმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავისებურებაა ხალხის მხრიდან ამ ხელისუფლების სრული მოწონების ილუზიის შექმნა. ისტორიულად „ტოტალიტარული სახელმწიფოს“ ცნება (იტალ. stato totalitario) გაჩნდა 1920-იანი წლების დასაწყისში ბენიტო მუსოლინის რეჟიმის დახასიათების მიზნით. ტოტალიტარულ სახელმწიფოს ახასიათებდა კანონით შეუზღუდავი ძალაუფლება, კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების ლიკვიდაცია, განსხვავებულად მოაზროვნეთა წინააღმდეგ რეპრესიები და საზოგადოებრივი ცხოვრების მილიტარიზაცია. იტალიური ფაშიზმისა და გერმანული ნაციზმის სამართალმცოდნენი ამ ტერმინს დადებითად იყენებდნენ, ხოლო მათი კრიტიკოსები - უარყოფითად. ომისშემდგომ წლებში სტალინიზმისა და ფაშიზმის ტოტალიტარიზმის წარწერით გაერთიანება ფართოდ გამოიყენებოდა როგორც სამეცნიერო კვლევებში, ასევე ანტიკომუნისტურ პროპაგანდაში.

თავის ნაშრომში „ტოტალიტარული დიქტატურა და ავტოკრატია“ (1956) კარლ ფრიდრიხმა და მისმა ყოფილმა ასპირანტმა ზბიგნევ ბზეჟინსკიმ, სტალინური საბჭოთა კავშირის, ნაცისტური გერმანიისა და ფაშისტური იტალიის ემპირიული შედარების საფუძველზე, ჩამოაყალიბეს ტოტალიტარული საზოგადოების რამდენიმე განმსაზღვრელი მახასიათებელი. თავდაპირველი სია ექვსი პუნქტისგან შედგებოდა, მაგრამ წიგნის მეორე გამოცემაში ავტორებმა კიდევ ორი დაამატეს, მოგვიანებით სხვა მკვლევარებსაც შეჰქონდათ განმარტებები:

1. ერთი ყოვლისმომცველი იდეოლოგიის არსებობა, რომელზეც აგებულია საზოგადოების პოლიტიკური სისტემა.

2. ერთადერთი პარტიის არსებობა, რომელსაც, როგორც წესი, დიქტატორი ხელმძღვანელობს, და რომელიც გაერთიანებულია სახელმწიფო აპარატსა და საიდუმლო პოლიციასთან.

3. სახელმწიფო აპარატის უკიდურესად მაღალი როლი, სახელმწიფოს შეღწევა საზოგადოების პრაქტიკულად ყველა სფეროში.

4. პლურალიზმის ნაკლებობა მედიაში.

5. ინფორმაციის ყველა ლეგალური არხის, ასევე საშუალო და უმაღლესი განათლების პროგრამების მკაცრი იდეოლოგიური ცენზურა. სისხლის სამართლის სასჯელი დამოუკიდებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის.

6. სახელმწიფო პროპაგანდის დიდი როლი, მოსახლეობის ცნობიერების მასობრივი მანიპულირება.

7. ტრადიციების, მათ შორის ტრადიციული მორალის, უარყოფა, და საშუალებების არჩევის სრულად დაქვემდებარება მითითებულ მიზნებისთვის (ახალი საზოგადოების“ შექმნა).

8.     ძალოვანი სტრუქტურების ხრიდან მასობრივი რეპრესიები და ტერორი.

9.                    ინდივიდუალური სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების განადგურება.

10.                ეკონომიკის ცენტრალიზებული დაგეგმარება.

11.                მმართველი პარტიის თითქმის ყოვლისმომცველი კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე და მოსახლეობაში იარაღის გავრცელებაზე.

12.                ექსპანსიონიზმისკენ მიდრეკილება.

13.                ადმინისტრაციული კონტროლი მართლმსაჯულების განხორციელებაზე.

14.                სახელმწიფო, სამოქალაქო საზოგადოებასა და პიროვნებას შორის ყველა საზღვრის წაშლის  მცდელობა.

ზემოთ მოყვანილი ჩამონათვალი არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი რეჟიმი, რომელსაც ახასიათებს თუნდაც ერთი მითითებული თვისება, უნდა ჩაითვალოს ტოტალიტარულად. კერძოდ, ზოგიერთი ჩამოთვლილი მახასიათებელი სხვადასხვა დროს ასევე დემოკრატიულ რეჟიმებსაც ახასიათებდა. ანალოგიურად, რომელიმე მახასიათებლის არარსებობა არ წარმოადგენს საფუძველს რეჟიმის არატოტალიტარულად კლასიფიკაციისთვის. თუმცა, პირველი ორი მახასიათებელი, ტოტალიტარული მოდელის მკვლევარების აზრით, მისი ყველაზე ნათელი მახასიათებლებია.

 

ტოტალიტარიზმის ფსიქოლოგიურ მიმზიდველობის შესახებ

ყოფილი დესპოტი მმართველი ან არ მოითხოვდა ქვეშევრდომებისგან მის შეხედულებებსა და მეთოდებზე ნებაყოფლობით შინაგან თანხმობას, ან მას არ ჰქონდა ასეთი მოთხოვნების დამკვიდრების შესაძლებლობა ძალის გამოყენებით. იგულისხმებოდა, რომ ტირანს ემორჩილება ყველა; მაგრამ რადგან ეს ასე იყო, ის, როგორც წესი, აღარ ზრუნავდა იმაზე, რას ფიქრობენ მის შესახებ ქვეშევრდომები, ოღონდ არ გამოეხატად თავისი აზრები ღიად, თუნდაც იმიტომ, რომ  ვერ გაარკვევდა, რას ფიქრობდნენ მასზე სინამდვილეში.

ჩვენი დროის ტოტალიტარულ სახელმწიფოებში მასმედიას აქვს ყველა ადამიანის ცნობიერებაზე თითქმის შეუზღუდავი ზემოქმედების შესაძლებლობა. დღევანდელი ტექნოლოგია უზრუნველყოფს კერძო პირის ნებისმიერი ნაბიჯის თვალთვალის საშუალებას. ეს და კიდევ სხვა რამ  ტოტალიტარულ დიქტატურას იმის მტკიცების შესაძლებლობას აძლევს, რომ ქვეშევრდომები თავისუფალნი არიან თავიანთ აზრებში, ხოლო თანამედროვე ტექნოლოგია და მასობრივი საზოგადოება უცილობლად მოითხოვს ამას ადამიანის ძალის გამოყენების ბევრ სფეროში - და ამასთანავე უზრუნველყოს, რომ ქვეშევრდომები იცავდნენ იმ რწმენას, რომლის მათთვის შთაგონებასაც საჭიროდ მიიჩნევს სახელმწიფო. ასე რომ, წარსული დიქტატურების პირობებში შეიძლებოდა სისტემის შიგნით არსებობა და აზრების გარკვეული დამოუკიდებლობის შენარჩუნება, ხშირად კი გარკვეული მოქმედებების განხორციელება, საკუთარი თავისადმი პატივისცემის შენარჩუნება, მაშინ როდესაც თანამედროვე ტოტალიტარულ სახელმწიფოში შეუძლებელია ამ თვითპატივისცემის შენარჩუნება, ამავე დროს სისტემასთან შინაგან წინააღმდეგობაში ყოფნა შეუძლებელია. დღეს თითქმის ყველა ნონკონფორმისტი დგას არჩევანის წინაშე: ან საკუთარი თავი წარმოაჩინოს როგორც ამ ხელისუფლების მტერი და განიცადოს დევნა და უფრო მეტად  იყოს განადგურებული, ან საზოგადოებაში აღიაროს ის, რაც ღრმად სძულს და ფარულად ეზიზღება. ტოტალიტარულ სახელმწიფოებში რეჟიმის მოწინააღმდეგეები ცხოვრობენ შეცდომის დაშვების მუდმივი შიშის ქვეშ - გამოავლინონ თავისი ნამდვილი გრძნობები, წავიდენ რისკზე და საფრთხის ქვეშ დააყენოს თავისი, ან თუნდაც მისი ოჯახის წევრების სიცოცხლე. ამიტომ ისინი იძულებული არიან იყვნენ უზადო მსახიობები. ამისათვის საჭიროა გაითავისოს, შეისისხლხორცოს როლი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გახდება ტოტალიტარული სახელმწიფოს მორჩილი წევრი, ადამიანი შეიძლება მშვიდად იყოს, რომ არ გამოიწვევს ეჭვს რაიმე ბრძანების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

ტოტალიტარიზმის მიზიდულობა მდგომარეობს სამყაროს ყველაზე მწვავე შინაგანი კონფლიქტების საკუთარ თავთან მშვიდობიანი მოგვარების დაპირებაში, რომელიც იძლევა საკუთარი უსაფრთხოების და სხვებთან თანხმობის გრძნობას. სამწუხაროდ, რეჟიმის მოწინააღმდეგეებისთვის, ეს შეთანხმება და მშვიდობა მიიღწევა მხოლოდ დამოუკიდებლობის, თვითპატივისცემისა და ადამიანური ღირსების დაკარგვით. ტოტალიტარულ სახელმწიფოებში სიმშვიდის მიღწევა მხოლოდ  სულის დაღუპვის გზით მიიღწევა.

ტოტალიტარიზმის ჩამოყალიბების ისტორია იტალიაში, გერმანიაში, რუსეთში. მსოფლიოში ტოტალიტარიზმის ძირითადი ან ადრე არსებული ფორმებია შემდეგი: კომუნისტური ტოტალიტარიზმი, თეოკრატიული, ტომობრივი, მემარჯვენე.

თეოკრატიული ტოტალიტარიზმი არსებობს იმ ქვეყნებში, სადაც პოლიტიკური ძალაუფლება მონოპოლიზებული აქვს ერთ პარტიას - ჯგუფს ან ინდივიდს, რომლებიც მართავენ რელიგიური პოსტულატების შესაბამისად. თეოკრატიული ტოტალიტარიზმის ყველაზე გავრცელებული ფორმაა ის, რომელიც დაფუძნებულია მუსულმანურ რელიგიაზე (მაგ. ირანი და საუდის არაბეთი).

ტომობრივი ტოტალიტარიზმი თანდათან გაჩნდა აფრიკის ქვეყნებში, როგორიცაა ზიმბაბვე, ტანზანია, უგანდა და კენია. აფრიკის სახელმწიფოთა უმრავლესობის საზღვრები ადმინისტრაციულ საზღვრებს შეესაბამება, რომლებიც წარმოიშვა ევროპული კოლონიზაციის დროს. შემდგომ, აფრიკის ტიპიური ქვეყანა მრავალი ტომისგან შედგებოდა. ტოტალიტარიზმის ეს ფორმა დამკვიდრდა, როდესაც კონკრეტული ტომის ინტერესების მქონე პოლიტიკურმა პარტიამ მოახდინა ძალაუფლების მონოპოლიზაცია. ამ ტიპის ტოტალიტარიზმი ყველაზე სრულად არის წარმოდგენილი აფრიკაში.

დაბოლოს, არსებობს მემარჯვენეების ტოტალიტარიზმი, რომელიც იძლევა ინდივიდუალური ეკონომიკური საქმიანობის საშუალებას, მაგრამ ზღუდავს პოლიტიკურ თავისუფლებას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ტოტალიტარიზმის კომუნიზმად გადაქცევის საფრთხე არსებობს. ამ ტიპის ტოტალიტარიზმის მაგალითებია ფაშისტური რეჟიმი იტალიაში, ნაცისტური გერმანია და ლათინური ამერიკის მრავალი დიქტატურა, რომელიც არსებობდა 1980-იან წლებამდე.  

ჩვენთვის საინტერესო სახელმწიფო მოღვაწეებიდან სწორედ ბენიტო მუსოლინიმ პირველმა გამოიყენა ეს ტერმინი საკუთარი რეჟიმის განსაზღვრისთვის, ლევ ტროცკიმ იგი გამოიყენა ფაშიზმის და სტალინიზმის როგორც „სიმეტრიული ფენომენების“ აღსანიშნავად თავის წიგნში „პერმანენტული რევოლუცია“, რომელიც 1936 წელს გამოქვეყნდა. ჰანა არენდტმა პოპულარიზაცია გაუწია ტერმინს „ტოტალიტარიზმი“ 1951 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში „ტოტალიტარიზმის სათავეები“, რომელშიც აჩვენა გერმანიასა და სტალინურ რუსეთს შორის არსებული მსგავსება და განსხვავებები.

ცივი ომის პერიოდში ეს ტერმინი ძალიან პოპულარული გახდა, როგორც სსრკ-ს დისკრედიტაციის გზა, და ასევე იმისთვის, რომ ხაზგასმით ეჩვენებინათ, თუ მეორე მსოფლიო ომში თავისუფლებისთვის ბრძოლა ცივი ომის დროს კომუნიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში როგორ გადაიზარდა. ამიტომ, ეს ტერმინი განსაკუთრებით გავრცელებულია შეერთებულ შტატებში, ასევე სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით ნატოს ქვეყნებში, და გამოიყენებოდა რეჟიმის აღსანიშნავად ყველა ნაციონალისტურ, იმპერიალისტურ, ფაშისტურ და კომუნისტურ ქვეყნებში. ტერმინის ეს გაგება დღემდე ყველაზე გავრცელებულია.

ამის მიუხედავად, ფრანკოს ეპოქის ესპანეთი ან მუსოლინის ეპოქის იტალია თანამედროვე მკვლევარების მიერ (ჰანა არენდტის წინადადებით) უფრო მეტად განიხილება როგორც ავტორიტარულ, ვიდრე ტოტალიტარული რეჟიმი.

ტოტალიტარიზმი ნაცისტურ გერმანიაში ყოვლისმომცველ ხასიათს ატარებდა და ეფექტური იყო, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, გერმანული საზოგადოების რადიკალური გარდაქმნისთვის.

ნაცისტურმა ტოტალიტარიზმმა, რომლის საფუძველზეც მოხდა ეკონომიკის გაუმჯობესება და აღებული იქნა რევანში ვერსალის ზავის შედეგად მიყენებული უსამართლობის გამო, მიაღწია რეალურ შედეგებს ძლიერი ნაციონალისტური საზოგადოების მშენებლობაში.

ტოტალიტარიზმის ტერმინის გამოყენება კომუნისტური პარტიების მიერ მართულ ქვეყნებში ნაციზმისა და სოციალიზმის გაერთიანების მიზნით, რთული საკითხია. ეს დილემა სინამდვილეში არსებობს ქვეყნებში, რომელსაც მართავს ერთადერთი პარტია, ანუ დიქტატორული რეჟიმი (როგორც სსრკ-სა და ჩინეთში), და არა იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიული ელემენტებია (როგორც ნიკარაგუაში).  ამ მიზეზის გამო, ზოგ მკვლევარს ურჩევნია სტალინიზმზე ან სოციალიზმზე საუბარი მხოლოდ ყველაზე მკაფიოდ გამოვლენილი კომუნისტური იდეოლოგიის გაგებით. სხვები, პირველ რიგში, ისინი, ვინც ლიბერალური პარტიების წევრები არიან, პირიქით, არ განასხვავებენ კომუნიზმის სხვადასხვა ტიპებს, მაგრამ აღიარებენ განსხვავებას რეალიზებულ კომუნიზმს (იგულისხმება სსრკ და მისი სატელიტი ქვეყნები) და იმ კომუნიზმს შორის, რომელიც არასოდეს ყოფილა ჩართული კომუნისტურ კოალიციებში და გაერთიანებებში სხვა ქვეყნებთან.  

მიმდინარეობა, რომელიც წარმოადგენდა საერთაშორისო კომუნისტური მოძრაობის უმცირესობას, სტალინის და მის წინამორბედთა დროს გამოდიოდა დიქტატორული ბატონობის წინააღმდეგ, მაგალითად, ტროცკიზმით შთაგონებული ანარქო-კომუნისტური მოძრაობების და მეოთხე ინტერნაციონალის მეშვეობით, ხოლო პარტიული კომუნისტები ყველაფერში მისდევდნენ მარქსიზმს და ეთანხმებოდნენ საბჭოთა მთავრობის ტოტალიტარულ ხაზს. ... ამავე დროს, დასავლეთის კომუნისტური პარტიები, როგორიცაა ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტია ალექსანდრე დუბჩეკის მეთაურობით, რომელიც ავტორია კონცეფციისა „კომუნიზმი ადამიანის სახით“,  და უნგრეთის მშრომელთა პარტია, მრავალი თვალსაზრისით ეწინააღმდეგებოდა სტალინიზმის თეორიასა და პრაქტიკას.

როგორც ნაცისტური, ისე სტალინური რეჟიმები ემყარებოდა მკაცრ ერთპარტიულ სისტემას, რომელიც უშუალოდ უკავშირდებოდა ქარიზმატული ლიდერის არსებობას, ფართოდ იყენებდნენ ტერორსა და პროპაგანდას, ისევე როგორც „პოლიტიკურ პოლიციას“. ეს ორი იდეოლოგია, ანალოგიური პროცესებით, თითქოს ერთმანეთს „შთააგონებდა“; თითოეული ხედავდა მეორეში მტრული იდეოლოგიის განსახიერებას, თუნდაც მოკავშირეობის პირობებში აღმოსავლეთ ევროპის გაყოფის მიზნით. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის დარღვევის შემდეგ 1941 წელს, „ღერძის“ ქვეყნების ძალები შთაგონებულნი იყვნენ ანტიკომუნისტური იდეოლოგიით, ხოლო საბჭოთა კავშირი გამოდიოდა ანტიფაშიზმის მთავარ აპოლოგეტად, რაც მის მოქმედებას მორალურ გამართლებას აძლევდა.   

ჰანა არენდტი, როგორც ტოტალიტარიზმის თეორეტიკოსი. ტოტალიტარიზმის თეორიამ ფართო გავრცელება მიიღო ფილოსოფოსის ჰანა არენდტის წიგნის „ტოტალიტარიზმის სათავეების“ გამოქვეყნების შემდეგ (1951). ყურადღების ცენტრში მოექცა მასშტაბური ტერორი და უპრეცედენტო ძალადობა, რომელიც დაკავშირებულია ჰოლოკოსტსა და გულაგთან. არენდტს მიაჩნდა, რომ რეჟიმის საფუძველი იყო ოფიციალური იდეოლოგია, რომელიც აცხადებდა თავის უნარზე ახსნას ადამიანის საქმიანობის ყველა ასპექტი. მისი აზრით, იდეოლოგია ხდებოდა დამაკავშირებელი რგოლი ადამიანებს შორის და მათ დაუცველად ხდიდა სახელმწიფოს, მათ შორის, დიქტატორის ტირანიის წინააღმდეგ.

არენდტს მიაჩნდა, რომ თუმცა იტალიური ფაშიზმი დიქტატურის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენდა, ნაციზმი და სტალინიზმი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა მისგან. ამ ქვეყნებში სახელმწიფო მთლიანად ექვემდებარებოდა ერთი პარტიის კონტროლს, რომელიც წარმოადგენდა ან ერს, ან პროლეტარიატს. მუსოლინის ფაშიზმი, არენდტის აზრით,  პირიქით, სახელმწიფოს პარტიაზე მაღლა აყენებდა. არენდტმა ასევე ხაზი გაუსვა ნაცისტური რეჟიმის პანგერმანიზმის და სტალინური რეჟიმის პანსლავიზმის როლს, როგორც „კონტინენტური იმპერიალიზმის“ კერძო შემთხვევებს და მისთვის დამახასიათებელ რასიზმს.

უნდა აღინიშნოს, რომ სხვა პოლიტიკური თეორეტიკოსებისგან განსხვავებით, რომლებიც ცდილობდნენ სტალინური ტოტალიტარიზმის, როგორც კოლექტივისტური კომუნისტური იდეოლოგიის შედეგის წარმოჩენას, როგორც ასეთის, არენდტი ტოტალიტარიზმის მთავარ მიზეზად ატომიზაციას, მასების დაქსაქსულობას მიიჩნევდა, რის შედეგადაც მათ არ შეეძლოთ თვითორგანიზება და ამიტომ მათ გარე მობილიზაცია სჭირდებოდათ. ამავე დროს, არენდტმა ხაზი გაუსვა, რომ ლენინის რეჟიმი ჯერ კიდევ არ იყო ტოტალიტარული.

არენდტის მსგავსს შეხედულებებს მოგვიანებით იზიარებდნენ სხვა ფილოსოფოსები და ისტორიკოსები, კერძოდ, ერნსტ ნოლტე, რომელიც ნაციზმს განიხილავდა, როგორც ბოლშევიზმის ანარეკლს. ფრიდრიხი, ლინცი და სხვა ისტორიკოსები იმ მოსაზრებას ემხრობიან, რომ ნაციზმი მაინც უფრო ახლოს იყო იტალიურ ფაშიზმთან, ვიდრე სტალინიზმთან.

 

2 თავი

 

ტოტალიტარულ სახელმწიფოში კულტურაც ტოტალიტარულია. საბჭოთა კავშირი, როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, ტოტალიტარული სახელმწიფოა, ამიტომ საბჭოთა კავშირში კულტურაც ტოტალიტარული უნდა იყოს. რა არის ტოტალიტარული კულტურა, რით განსხვავდება ის სამართლებრივი სახელმწიფოს კულტურისგან, ამას ახლა გავარკვევთ. ამისათვის ჩვენ განვიხილავთ ტოტალიტარული კულტურის ძირითად ასპექტებს.

ტოტალიტარული კულტურა მასობრივი კულტურა. ტოტალიტარული იდეოლოგები ყოველთვის ცდილობდნენ სახალხო მასების დამორჩილებას. და სწორედ მასების, რადგან ადამიანები არ განიხილებოდნენ როგორც ინდივიდები, არამედ როგორც მექანიზმის, სისტემის ელემენტები, რომელსაც ტოტალიტარული სახელმწიფო ეწოდება. ამან ასახვა კულტურაშიც ჰპოვა.

კოლმეურნეობაში გლეხები იკრიბებოდნენ სოფლის შეკრებაზე, სადაც განიხილავდნენ მწვავე პრობლემებს და აცხადებდნენ პარტიის გადაწყვეტილებებს ამა თუ იმ პრობლემასთან დაკავშირებით. თუ სოფელში მიდიოდა პროცესი რომელიმე კულაკის წინააღმდეგ, მაშინ მთელი ხალხი იკრიბებოდა: ყველაფერი საჩვენებელ ხასიათს ატარებდა. უზარმაზარი ხალხის მასები ერთად იკრიბებოდნენ დემონსტრაციებზე, მიტინგებზე, მიჰქონდათ ლენინის, სტალინის უზარმაზარი პორტრეტები, უსმენდნენ ორატორების მგზნებარე გამოსვლებს, რომლებიც ელაპარაკებოდნენ იმაზე, თუ რა უნდა გააკეთონ მათ (ხალხმა) და რას გააკეთებენ უფრო ნათელი მომავლის მისაღწევად.
       კულტურა ატარებდა მასობრივ უტილიტარულ, შეიძლება ითქვას, პრიმიტიულ ხასიათსაც. საზოგადოება, ხალხი განიხილებოდა, როგორც მასა, სადაც ყველა თანასწორია (პიროვნება არ არსებობდა, არსებობდნენ სახალხო მასები). შესაბამისად, ხელოვნება ყველასთვის გასაგები უნდა იყოს. ამიტომ ყველა ნაწარმოები რეალისტური იყო, მარტივი და ყველა ობივატელისთვის ხელმისაწვდომი. ნახატები - განსაკუთრებით ხშირად იწერებოდა პეიზაჟები, სცენები მუშათა ცხოვრებიდან ან ბელადების პორტრეტები; მუსიკა იყო მარტივი, რთული კომპოზიციების გარეშე, რიტმული, ენერგიული; ლიტერატურაში იქმნებოდა საგმირო სიუჟეტები.
        ტოტალიტარულ კულტურაში ყოველთვის არსებობს „ბრძოლის კულტი“. ტოტალიტარული იდეოლოგია ყოველთვის ებრძვის იდეოლოგიას, განსხვავებულად მოაზროვნეთ, იბრძვის ნათელი მომავლისთვის და ა.შ. და ეს, ბუნებრივია, კულტურაზეც აისახება. საკმარისია გავიხსენოთ სსრკ-ის ლოზუნგები: „თანამედროვეობისგან გამიჯვნის წინააღმდეგ!“, „რომანტიკული დაბნეულობის წინააღმდეგ“, „კომუნიზმისთვის!“, „ძირს ლოთობა!“ და ა.შ. ეს მოწოდებები და შეგონებები  ყველგან თან სდევდა საბჭოთა ადამიანს, სადაც არ უნდა ყოფილიყო: სამსახურში, ქუჩაში, შეხვედრაზე, საზოგადოებრივ ადგილებში.

უნდა აღინიშნოს, რომ ბრძოლის კულტმა წარმოშვა მილიტარიზმი ცხოვრების ყველა სფეროში. კულტურაში ეს გამოიხატა „მებრძოლის იდეოლოგიაში“. სსრკ-ში ასეთი მებრძოლები იყვნენ აქტივისტები, ადამიანები, რომლებიც პარტიის „რელიგიას ქადაგებდნენ“. იდეოლოგიური არმია სსრკ-ში ძალიან დიდი იყო. მაგალითად, ყაზახეთის ცენტრალური კომიტეტის მდივანმა მორიგ იდეოლოგიურ შეხვედრაზე ამაყად განაცხადა, რომ 1979 წლის მოსავლის აღებაში კოლმეურნეებთან ერთად მონაწილეობს „იდეოლოგიურ მუშაკთა დიდი რაზმი - 140 ათასზე მეტი აგიტატორი და პოლიტინფორმატორი, მონაწილეობენ ლექტორი და პოლიტიკური მომხსენებელი, კულტურის და განათლების მუშაკები, ლიტერატურისა და ხელოვნების მოღვაწეები“. იდეოლოგიური ფრონტის ხელმძღვანელი მ. სუსლოვი, მიმართავდა რა თავის ყველა ჯარისკაცს, საუბრობდა „მრავალმილიონიანი იდეოლოგიური კადრების არმიაზე“, რომელმაც „უნდა მოიცვას თავისი გავლენით მთელი მასა და ამავე დროს მივიდეს თითოეულ ადამიანამდე“. თუ არსებობს ბრძოლა, მაშინ იქ მტერია. სსრკ-ში მტრები იყვნენ ბურჟუები, კულაკები, ვოლუნტარისტები, დისიდენტები (განსხვავებულად მოაზროვნენი). მტრებს ყველანაირად გმობდნენ და სჯიდნენ. მათ გმობდნენ კრებებზე, პერიოდულ გამოცემებში, ქმნიდნენ პლაკატებს და ავრცელებდნენ სააგიტაციო ფურცლებს. ხალხის განსაკუთრებით ბოროტ მტრებს (იმ დროის ტერმინი) პარტიიდან რიცხავდნენ, ათავისუფლებდნენ, აგზავნიდნენ ბანაკებში, ციხეებში, იძულებით სამუშაოებზე (მაგალითად, ტყეში ხეების ჭრაზე) და ხვრეტდნენ კიდეც. ბუნებრივია, ეს ყველაფერი თითქმის ყოველთვის დემონსტრაციულად ხდებოდა.
        მტრებად შეიძლებოდა  მეცნიერებიც გამოეცხადებინათ ან მთელი მეცნიერება. გთავაზობთ ციტატას 1956 წლის უცხო სიტყვების ლექსიკონიდან: „გენეტიკა არის ფსევდომეცნიერება, რომელიც ემყარება გენების, მემკვიდრეობითობის ზოგიერთი მატერიალური მატარებლის არსებობის მტკიცებას, რომლებიც თითქოს უზრუნველყოფენ მემკვიდრეობითობას ორგანიზმის ამა თუ იმ ნიშნების შთამომავლობაში და რომლებიც თითქოს ქრომოსომებშია“.
ან, მაგალითად, ციტატა სხვა წყაროდან: „პაციფიზმი ბურჟუაზიული პოლიტიკური მოძრაობაა, რომელიც ცდილობს მშრომელ ხალხს ჩაუნერგოს მუდმივი მშვიდობის უზრუნველყოფის ცრუ აზრი კაპიტალისტური ურთიერთობების შენარჩუნებისას ... მასების რევოლუციური მოქმედებების უარყოფით, პაციფისტები ატყუებენ მშრომელ ხალხს და ნიღბავენ მშვიდობის შესახებ უაზრო ყბედობით ბურჟუაზიის მზადებას იმპერიალისტური ომისთვის“.

თუნდაც სტატიები წიგნში, რომელსაც მილიონობით ადამიანი კითხულობს. ეს უდიდეს გავლენას ახდენს მასებზე, განსაკუთრებით ახალგაზრდებზე. ეს ლექსიკონი ხომ სკოლის მოსწავლეებმაც და სტუდენტებმაც წაიკითხეს.

 

პიროვნების კულტი საბჭოთა კავშირში. ბელადები საბჭოთა კავშირში მისი არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში თითქმის ღმერთებად ითვლებოდნენ. 70-იანი წლების პირველი ნახევარი იყო დრო, როდესაც დაიბადა გენერალური მდივნის კულტი. იდეოლოგია მოითხოვს ბელადს - ქურუმს, რომელშიც ის თავის გარე, სხეულებრივ განსახიერებას პოულობს. ბრეჟნევის კარიერა, ძირითადი თვისებებით იმეორებს მისი წინამორბედების, სტალინისა და ხრუშჩოვის კარიერას, და საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ დასკვნა, რომ საბჭოთა ტიპის სახელმწიფოსთვის ბელადის გარეშე არსებობა შეუძლებელია. ბელადის სიმბოლო შეინიშნება საბჭოთა კავშირის მთელ კულტურაში. ბევრი მაგალითის მოყვანა არ არის საჭირო, საკმარისია გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ ნებისმიერი წიგნის წინასიტყვაობაში, თუნდაც სამეცნიერო წიგნისა, ყოველთვის იყო ნახსენები ბელადი. არსებობდა უამრავი წიგნი, ნახატი, ქანდაკება და ფილმი ბელადების შესახებ. მაგალითად, „ვ. ულიანოვი-გიმნაზისტის“ ძეგლი ულიანოვსკში.
      „ტოტალიტარული გმირი“. გმირი გამოდის, როგორც ახალი ცხოვრების მშენებელი, რომელიც გადალახავს ნებისმიერი სახის დაბრკოლებებს და ამარცხებს ყველა მტერს. შემთხვევითი არ არის, რომ ტოტალიტარულმა კულტურებმა საკუთარი თავისთვის შესაფერისი განმარტება მოძებნეს - „გმირული რეალიზმი“. ჩვენ პრობლემის მხოლოდ ერთ ასპექტზე შევჩერდებით, ტოტალიტარული საზოგადოებისთვის დამახასიათებელ რკინისა და ფოლადის სიმბოლიკაზე. ის დაარსების დღიდან ასოცირდება ბოლშევიზმთან. ტროცკი წერდა, რომ იოსებ ჯუღაშვილმა სტალინის ფსევდონიმი, რომელიც სიტყვა „ფოლადიდან“ მომდინარეობს, 1912 წელს აიღო. „იმ პერიოდში იგულისხმებოდა არა იმდენად პიროვნული მახასიათებელ, რამდენადაც მიმართულების მახასიათებელი. უკვე 1907 წელს მომავალ ბოლშევიკებს „მტკიცეს“ უწოდებდნენ, ხოლო მენშევიკებს „რბილებს“. მენშევიკების ბელადი პლეხანოვი ირონიულად უწოდებდა ბოლშევიკებს „უდრეკს“. ლენინმა ეს განმარტება მიიღო, როგორც ქება. 1907 წელს ლუნაჩარსკი საუბრობდა ახალ მებრძოლთა სულის „რკინისებურ მთლიანობაზე“. მოგვიანებით ის აღფრთოვანებით წერდა, რომ პროლეტარიატის ორგანიზების პროცესში ინდივიდი გადაიდნობა რკინიდან ფოლადად. ნიკოლაი ოსტროვსკის ცნობილ წიგნში „როგორ იწრთობოდა ფოლადი“ (1932-1934) მეტაფორა გავრცელდა ბოლშევიკური კადრების აღზრდაზე. გასული საუკუნის 30-იან წლებში ამ მეტაფორამ შეაღწია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. დაიწყეს ლაპარაკი „ბელადისა და პარტიის რკინის ნებაზე“, ბოლშევიკების „ფოლადისებურ ერთიანობაზე“, რომლებსაც ვერ შეაშინებენ პოლარული ყინული მთები, მფრინავებზე, ამ „რკინის ადამიანებზე“. და ეს მხოლოდ რამდენიმე ამ სახის მაგალითია.

ტოტალიტარული რეჟიმის ეთნიკური და რელიგიური ელემენტები. განათლების პრობლემა.  ცნობილია მოსაზრება, რომ რელიგია და ნაციონალიზმი ნაყოფიერი საფუძველია ყველა სახის ცრურწმენისთვის. ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ აკადემიურ გამოცემებში მითითებულია როგორც ცრურწმენის ძირითადი, ყველაზე სტაბილური, „სიცოცხლისუნარიანი“ გამოვლინების ფორმები, უპირველეს ყოვლისა, რელიგიასთან დაკავშირებული ცრურწმენები, და ეროვნულ-ეთნიკური ცრურწმენები. მაგრამ, ამავე დროს, ჩვენს მიერ გამოვლენილი ცრურწმენების მახასიათებლები არა მხოლოდ გარკვეულწილად ადასტურებენ ამას, არამედ იძლევიან დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ამ განცხადებას ასევე უკუძალა აქვს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმ შემთხვევებში, როდესაც ადამიანებში ძლიერია „ცრურწმენადი“ აზროვნება, მაშინ მოვლენები და თეორიები, რომლებსაც აქვთ საკმაოდ მნიშვნელოვანი რელიგიური და ეროვნულ-ეთნიკური საფუძველი, აღმოჩნდებიან ხელსაყრელ გარემოში, იღებენ საკმაოდ მძლავრ მხარდაჭერას ცრურწმენების სახით, რომლებიც გარდაიქმნებიან მასობრივი ცნობიერების მანიპულირების ინსტრუმენტად. ასე, მაგალითად, ინკვიზიციის დროს არა მხოლოდ თეოლოგები აღვივებდნენ მიზანმიმართულად ბრბოს ვნებებს, არამედ თვით სახალხო მასებიც, მათი უცოდინარობა და გრძნობებით აღქმა ბევრად სტიმულირებდნენ თეოლოგების აქტიურობას. ბოლო მსოფლიო ომის დროს ფაშისტური იდეოლოგიის ანტისემიტიზმმა გამოხმაურება ჰპოვა არა მხოლოდ ნაციონალისტურ ორგანიზაციებში დაპყრობილ ტერიტორიებზე, რომლებიც ღიად თანამშრომლობდნენ ოკუპანტებთან, არამედ, ნაწილობრივ, „უბრალო“ ხალხის მასობრივ ცნობიერებაში, რაც საშუალებას აძლევდა ჩატარებულ რეპრესიებს თავდაპირველად გამართლებაც კი მოეპოვებინათ მოსახლეობის თვალში.

ბოლშევიზმის, როგორც ტოტალიტარიზმის ისტორიული ფორმის, მრავალი კრიტიკოსი აღნიშნავს მასში ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ტენდენციას: რაციონალისტურს და ირაციონალისტურს. შესაბამისად, რაციონალისტების მხრიდან ისმის საყვედური არასაკმარის „რაციონალურობაში, სხვები კი გადამეტებულ რაციონალიზმში სდებენ ბრალს. ჭეშმარიტებასთან ახლოს არის ა. კამიუს აზრი, რომ „რუსულმა მარქსიზმმა“ საერთოდ უარყო ირაციონალური სამყარო, მაგრამ ამავე დროს „კარგად შეეძლო მისი გამოყენება“. ჩვენთვის მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ორივე ეს ტენდენცია ირჩევს ცრურწმენას თავისი პოზიციების გასამყარებლად.

ეთნიკური ცრურწმენების განხილვისას ტოტალიტარული სისტემის, როგორც ამ სისტემის ტექნოლოგიური ინსტრუმენტის განუყოფელი ნაწილის, დამკვიდრებისთვის ამოქმედებული საშუალებების მთლიან კომპლექსში, მათ შეიძლება მიენიჭოს ერთგვარი ფუნქციური ეკვივალენტის როლი. ეს უკანასკნელი ცნება აღებულია ზოგადად მიღებულ სოციოლოგიურ ინტერპრეტაციაში. ამ ასპექტში, ეთნიკური ცრურწმენებით ხორციელდება აგრესიის „არხების“ ფუნქცია ან ჯგუფური სიძულვილის გამოხატვის სხვა ფორმები სასურველი მიმართულებით. ამასთან ერთად, ფუნქციონალური ექვივალენტის ცნების შემოღება გულისხმობს ცრურწმენების ცვალებადობის გარკვეულ დიაპაზონს, რომლის ფარგლებშიც შეიძლება შესრულდეს მითითებული ფუნქცია. თუ კონკრეტულ ეთნიკურ ჯგუფთან შეუძლებელია მტრის სახის იდენტიფიცირება, მაშინ როგორც შემცვლელს, ეკვივალენტს იყენებენ ცრურწმენების კლასის, სოციალური ან პოლიტიკური ჯგუფის წინააღმდეგ. ამრიგად, ტოტალიტარიზმის თეორიასა და პრაქტიკაში ეთნიკური ცრურწმენა თავის მნიშვნელობას იძენს არა მხოლოდ ცრურწმენის საკუთარი ბუნებიდან გამომდინარე, არამედ დიდწილად ტოტალიტარიზმი ახდენს უკვე არსებული ეთნიკური და სხვა ცრურწმენების აქტუალიზებას მასობრივ ცნობიერებაში, იყენებს მათ, „ექსპლუატაციას უწევს“, როგორც ყველაზე შესაფერის ინსტრუმენტს კონკრეტულ შემთხვევაში.

არა ნაკლებ მნიშვნელოვან როლს ეს ინსტრუმენტი თამაშობს საგანმანათლებლო სისტემის მშენებლობაში ტოტალიტარული რეჟიმის ფარგლებში.

 სკოლაში ასწავლიდნენ ისე, როგორც ეს სურდა პარტიას, და მხოლოდ იმ საგნებს, რომლებიც სურდა პარტიას. გარდა ამისა ტარდებოდა დიდი „იდეოლოგიური მუშაობა“. ასეთი მუშაობის ნათელი მაგალითია შემდეგი შემთხვევა.
     
„ნიუ-იორკ თაიმს“-ის კორესპონდენტი ბავშვთა დღესასწაულს დაესწრო მოსკოვის ერთ-ერთ სკოლაში. ის ასე აღწერს დღესასწაულს: „ჯერ შემოირბინეს გოგონებმა წითელ ქვედაბოლოებში, წითელი ბაფთებით თმებში. ყველა გოგოს ხელში წითელი ალამი ეჭირა. შემდეგ ბიჭები შემოვიდნენ ხაკისფერ ჩაფხუტებში, რომელზეც დიდი წითელი ვარსკვლავები ჰქონდათ მიმაგრებული, და დაიწყეს სიმღერები რევოლუციის, „დიდებით შემოსილი დღესასწაულის“ შესახებ. სხვა ბავშვები ჩაცმული იყვნენ ცისფერ და მწვანე სამოსში, ხელში ჰქონდათ შემოდგომის ფერის ხელოვნური თაიგულები, ისინი მღეროდნენ: „დიდება ჩვენს დიად სამშობლოს, იყოს იგი ძლიერი და ლამაზი მომავალში“. შემდეგ მთელმა ჯგუფმა სიმღერა დაიწყო, ხოლო მასწავლებელი ფორტეპიანოზე უწევდა აკომპონირებას:

 

ჩვენი სამშობლო მშვიდობის სადარაჯოზეა

ძლევამოსილია წითელი არმია,

ჩვენი სამშობლო ძლიერია,

ის იცავს მვიდობას.


         მოდაში იყო ახალდაბადებულთა სახელების შეცვლა და ახალი სახელები: მმაჩის ბიუროებში კედელზე გამოკრული ჰქონდათ საინსტრუქციო და სარეკომენდაციო სიები სახელებით. გოგონებისთვის სთავაზობდნენ შემდეგ სახელებს: ატლანტიდა, ბრუნჰილდა, ინდუსტრია, ოქტიაბრინა, ფევრალინა, იდეა, კომუნა, მაინა. ბიჭებისთვის - ჩერვონეცი, სპარტაკი, ტექსტილი, სტიაგი, ვლადილენი.

 განათლების სისტემა მოწოდებული იყო უზრუნველყო ტოტალიტარული რეჟიმი მოსახლეობის მასიური მხარდაჭერით, რომელზეც ზემოქმედება გულისხმობდა ხანგრძლივ და დახვეწილ მუშაობას, პირველ რიგში, ახალგაზრდა თაობასთან.

ტოტალიტარული რეჟიმის კულტურული ასპექტი. საბჭოთა ხელოვნებას საფუძვლად დაედო სოცრეალიზმი ან სოციალისტური რეალიზმი. ოცდაათიანი წლები იყო სოციალისტური რეალიზმის გავრცელებისა და სსრკ-ში მისი გამარჯვების პერიოდი. სოციალისტური რეალიზმის მეთოდების არსი მდგომარეობდა სინამდვილის ჭეშმარიტ, ისტორიულად კონკრეტულ გარემოში ასახვას. სოციალისტური რეალიზმის დამახასიათებელი ნიშნებია: იდეურობა, პარტიულობა და ხალხურობა. სოციალისტური რეალიზმის მთავარი თემა იყო შრომის, გმირობის, შრომითი გმირობის, სახალხო მეურნეობის მიღწევების განდიდება.
       ტოტალიტარიზმი ლიტერატურაში. 30-იანი წლების პირველ ნახევარში სოციალისტური რეალიზმის თეორიის გაფორმებასთან ერთად გაჩნდა „სინამდვილის რევოლუციურ განვითარებაში ასახვის“ ფორმულა. ფაქტობრივად ასახვის სფეროდან გაქრა ყველა კონფლიქტი პიროვნებასა და სახელმწიფოს, ხელისუფლებას შორის, კონფლიქტები, რომლებიც წარმოიშვა ძალადობრივი კოლექტივიზაციის, ადმინისტრაციული გადასახლების, რეპრესიების, ოჯახებში კონფლიქტების შედეგად, კოლექტივში, ომის, შიმშილის, გაჭირვების და სიღარიბის დროს. არ უნდა დაეწერათ სიკვდილის (გარდა გმირულის), ეჭვების, სისუსტის შესახებ და ა.შ. ჟურნალებში იყო შეხსენებები „ნაკლოვანებების მხილების“ შესახებ, „ყველაფრისა, რაც ხელს უშლის ჩვენს წინსვლას“. იმ დროს ბ. რიურიკოვუ თავის ერთ-ერთ სტატიაში წერდა: „... და თუ ჩვენი საზოგადოება, სახელმწიფო ამხელს და სასტიკად სჯის ხალხის მტრებს, ჩვენი სისტემის მტრებს, მაშინ საბჭოთა ლიტერატურამაც უნდა ამხილოს და დასაჯოს ძველი სამყაროს წარმომადგენლები. საბჭოთა მწერლებმა ქმნიდნენ ნაწარმოებებს საბჭოთა ხალხის გმირული შრომის შესახებ, რომელიც განპირობებული იყო მაღალი ცნობიერებით და თავგანწირული თავდადებით. 
       ტოტალიტარიზმი არქიტექტურაში.  არცერთ ხელოვნებას არ ძალუძს გამოხატოს ძლიერება და სიდიადე ისე, ისე დათრგუნოს ყველაფერი ინდივიდუალური, განსაკუთრებული, როგორც მონუმენტურ არქიტექტურას. საკმარისია მხოლოდ საბჭოთა ქალაქების დათვალიერება: ყველგან აგურის ან პანელის ბლოკებია, ერთნაირი სახლები. საბჭოთა კავშირში ყველგან მოგზაურს შეუძლია დაინახოს ეს მონოლითები ფანჯრიდან, რაც ციხის ბარაკების შთაბეჭდილებას ტოვებს. საცხოვრებელი სახლების  მშენებლობას უტილიტარული ხასიათი ჰქონდა: არაფერია ზედმეტი, მხოლოდ ის, რაც ხალხს სჭირდება გადარჩენისთვის. ერთნაირ სახლებში ერთნაირი ადამიანები ცხოვრობდნენ.

თუ სკულპტურის შესახებ ვისაუბრებთ, გაბატონებული იყო ბელადების გაოსახულებები (ლენინის, სტალინის ბიუსტები და ძეგლები) ან საბჭოთა მშრომელთა თემაზე შექმნილი კომპოზიციები. სოციალისტური რეალიზმის სკულპტურის ტიპური მაგალითია მუხინას ქანდაკება „მუშა და კოლმეურნე ქალი“ მოსკოვში სახალხო მეურნეობის მიღწევების გამოფენაზე.
           ტოტალიტარიზმი მუსიკაში. მუსიკაში ჭარბობდა მძიმე მონოტონური მელოდიები. ძირითადად მარშები. გარდა ამისა, საბჭოთა ხალხი მღეროდა სიმღერებს ბელადის, სოციალიზმის, სოციალისტური გმირობის შესახებ. აგალითად:

 

ლენინი ყოველთვის ცოცხალია

ლენინი ყოველთვის შენთანაა:

მწუხარებაში, იმედსა და სიხარულში;

ლენინი შენს ბედშია,

ყოველ ბედნიერ დღეში,

ლენინი შენშია და ჩემში ...

 

ან, მაგალითად, პიონერების სიმღერა:

კოცონებად აინთეთ, ცისფერო ღამეებო,

ჩვენ პიონერები ვართ, მშრომელთა შვილები.

ბედნიერი წლების ეპოქა ახლოვდება

პიონერების შეძახილი - ყოველთვის მზად იყავი!


      ტოტალიტარიზმი ფერწერაში. ტოტალიტარულ სახვით ხელოვნებაში ახალი ჟანრი გახდა პლაკატი. პლაკატები ძალიან მრავალფეროვანი იყო: მოწოდებები, დარიგებები, პროგრამები, განცხადებები, მაგრამ ყველა მათგანს ჰქონდა სააგიტაციო იდეოლოგიური ხასიათი. გარდა ამისა, იყო ბევრი სააგიტაციო ფურცელი, ტრანსპარანტი და ა.შ. მაგალითად, ცნობილი პლაკატი: „შენ ჩაეწერე მოხალისედ?“ ან „შრომითი სემესტრი - ფრიადზე!“.
        წამყვანი მხატვრები-სოცირეალისტები იყვნენ: იური პიმენოვი „იძლევი მძიმე მრეწველობას!“, ალექსანდრ დეინეკა „პეტროგრადის დაცვა“, „ტექსტილის მუშაკები“, ბორის იოგანსონი „კომუნისტების დაკითხვა“.

კულტურის მართვა. კულტურის მართვა ხორციელდებოდა შემდეგი სქემის მიხედვით:

საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის კულტურის განყოფილება (იდეოლოგები), კულტურის სამინისტრო, კულტურის სამინისტროს დეპარტამენტები, მაგალითად, სსრკ მწერალთა კავშირი ან სსრკ მხატვართა კავშირი. ყველაფერი ზევით, პარტიაში წყდებოდა, რა უნდა დაწერონ, დახატონ, შექმნან  და რა არა. შემდეგ ამ გადაწყვეტილებებს აცნობდნენ პასუხისმგებელ პირებსა და ორგანიზაციებს.

საბჭოთა იდეოლოგები ასე წარმოადგინდნენ შემოქმედებითი კავშირების მიზნებს: „სსრკ მხატვართა კავშირის ამოცანაა ხელი შეუწყონ მხატვრებს მაღალმხატვრული ნამუშევრების შექმნაში, რომლებიც მასებს აღზრდიან კომუნისტური იდეების სულისკვეთებით. კავშირი მუშაობს მისი წევრების იდეურ- პოლიტიკური დონის და პროფესიული ოსტატობის ამაღლებაზე, მათი შემოქმედების პოპულარიზაციაზე“.

ტოტალიტარული სახელმწიფოს კულტურაში ბატონობს ერთი იდეოლოგია და მსოფლმხედველობა. როგორც წესი, ეს არის უტოპიური თეორიები, რომლებიც ახდენენ ხალხის საუკუნოვანი ოცნების რეალიზაციას უფრო სრულყოფილ და ბედნიერ  საზოგადოებრივ წესრიგზე, რომელსაც საფუძვლად უდევს ადამიანებს შორის ფუნდამენტური ჰარმონიის მიღწევის იდეა. ტოტალიტარული რეჟიმი იყენებს ერთი ასეთი იდეოლოგიის, როგორც ერთადერთი შესაძლო მსოფლმხედველობის მითოლოგიზირებულ ვარიანტს, რომელიც ერთგვარ სახელმწიფო რელიგიად იქცევა. იდეოლოგიაზე ამ მონოპოლიით გამსჭვალულია ცხოვრების, განსაკუთრებით კულტურის, ყველა სფერო. საბჭოთა კავშირში ასეთი იდეოლოგია გახდა მარქსიზმი, შემდეგ ლენინიზმი, სტალინიზმი და ა.შ.

ტოტალიტარულ რეჟიმში, გამონაკლისის გარეშე, ყველა რესურსი (მატერიალური, ადამიანური და ინტელექტუალური) მიმართულია ერთი უნივერსალური მიზნის - საყოველთაო ბედნიერების კომუნისტური სამეფოს მისაღწევად.

3 თავი

 

ანტიუტოპია მხატვრულ ლიტერატურაში, როგორც ტოტალიტარული ეპოქის მოვლენა. უტოპიისა და ანტიუტოპიის ჟანრის წარმოშობა და განმარტება.

უტოპია ლიტერატურული ჟანრია, რომელიც შეიცავს იდეალური საზოგადოების სურათს, რომელშიც აბსოლუტურად ბედნიერი ადამიანები ცხოვრობენ სრულყოფილ სახელმწიფოებრივი სტრუქტურის პირობებში. უტოპია ალტერნატიული ისტორიაა; უტოპიის მოქმედების ადგილები შექმნილია ადამიანების ან სხვა ცოცხალი არსებების მიერ senza უმაღლესი ძალების დახმარების და ჩარების გარეშე, და ამით უტოპია, როგორც ჟანრი, განსხვავდება ზღაპრის, მითისა და ფანტასტიკისგან. შეიძლება ითქვას, რომ უტოპიაში გარემო კონკრეტიკას მოკლებულია - ეს შეიძლება იყოს კუნძული, კონტინენტი, რომელიც რუკაზე რეალურად არ არის აღნიშნული, მაგრამ უტოპიური საზოგადოების საცხოვრებელი ადგილია. საზოგადოება ორგანიზებულია უმრავლესობის ავტორიტეტისადმი უმცირესობის დაქვემდებარების პრინციპის შესაბამისად.

ნეგატიური უტოპიის ელემენტები აისახა ჰერბერტ უელსის მრავალმხრივ შემოქმედებაში - რომანებში „სამყაროთა ბრძოლა“, „ბრძოლა ჰაერში“. „უელსის სოციალურ-ფანტასტიკური რომანები, - წერდა რუსი მწერალი ევგენი ზამიატინი 1922 წელს, - უტოპიისგან განსხვავდება იმდენად, რამდენადაც პლუს „ა“ განსხვავდება მინუს „ა“-სგან: ეს არ არის უტოპია, არამედ, უმეტეს შემთხვევაში ფანტასტიკური რომანის მხატვრულ ფორმაში შემოსილი სოციალური პამფლეტია“. ფანტასტიკა უტოპიის მნიშვნელოვანი ელემენტია. უტოპიური რომანების ავტორები ყოველთვის თამამად იყენებდნენ ფანტასტიკური აღწერის ხერხებს. მაგრამ, ამის მიუხედავად, უტოპია, როგორც ხელოვნების ტრადიციული და საკმაოდ გარკვეული სახეობა, განსხვავდება წმინდა ფანტასტიკური ლიტერატურისგან ან თანამედროვე სამეცნიერო ფანტასტიკისგან, რომელიც ყოველთვის არ არის ჩართული მომავლის შესაძლო სურათის შექმნაში. უტოპია ასევე განსხვავდება ხალხური ლეგენდებისგან „უკეთესი მომავლის შესახებ“, რადგან ის, საბოლოო ჯამში, ინდივიდუალური ცნობიერების პროდუქტია. უტოპია განსხვავდება სატირისგან (თუმცა ხშირად შეიცავს სატირულ ელემენტს), რადგან იგი, როგორც წესი, აკრიტიკებს არა რომელიმე კონკრეტულ მოვლენას, არამედ საზოგადოებრივი მოწყობის პრინციპს. დაბოლოს, იგი ასევე განსხვავდება ფუტუროლოგიური პროექტებისგან, რადგან წარმოადგენს ხელოვნების ნაწარმოებს, რომელიც პირდაპირ არ შეესაბამება გარკვეულ სოციალურ ეკვივალენტს და ყოველთვის გამოხატავს ავტორის სიმპათიებს და ანტიპათიებს, გემოვნებას და იდეალებს“.  

საბჭოთა უტოპიამ აითვისა რუსული უტოპიური ლიტერატურის ის ტრადიციები, რომლებიც უკვე შეიმჩნეოდა მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში. ერთი მხრივ, რუსული ლიტერატურისთვის დამახასიათებელი სოციალისტური უტოპიისკენ სწრაფვა, ხოლო, მეორე მხრივ, ეს ანტიუტოპიაა.

ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ ერთ და იმავე 1920 წელს გამოიცა ორი მნიშვნელოვანი უტოპია - ევგენი ზამიატინის ანტიუტოპიური რომანი „ჩვენ“, რომელმაც დასაბამი მისცა ამ ჟანრის განვითარებას მე-20 საუკუნის მსოფლიო ლიტერატურაში.

ევგენი ზამიატინის ცხოვრებასა და შემოქმედებაში რომანმა „ჩვენ“ სერიოზული როლი ითამაშა. მან ვერ შეძლო მისი გამოქვეყნება რუსეთში, ნაწარმოები აღმოჩნდა პრაღაში, სადაც გამოქვეყნებული იქნა ჩეხურ ენაზე. 1924 წელს ჩნდება რომანის ჩეხური ვარიანტის თარგმანი ინგლისურ ენაზე. პირველად რუსულ ენაზე რომანი „ჩვენ“ გამოქვეყნდა 1927 წელს პრაღაში, ჟურნალში „ვოლია როსიი“.

ანტიუტოპიაში „ჩვენ“ ასახულია არასასურველი მომავალი, რომანი აფრთხილებდა ყაზარმული კომუნიზმის გავრცელების საშიშროებაზე, რომელიც  პიროვნებას, ინდივიდუალობას, სოციალური და კულტურული კავშირების სიმდიდრეს ანადგურებდა ანონიმური, ბრმა კოლექტიურობის გამო. რომანის „ჩვენ“ გამოქვეყნებამ საზღვარგარეთ გამოიწვია მწერლის სასტიკი დევნა მშობლიურ ქვეყანაში. ზამიატინის ყველაზე პირქუში საშიშროება გამართლდა, რომელიც მან გამოხატა ჯერ კიდევ 1921 წელს თავის სტატიაში „მეშინია“.

ზამიატინის რომანიდან გზას იკვლევს ორი მსხვილი ანტიუტოპია - ინგლისელი მწერლის ოლდოს ჰაქსლის რომანი „მშვენიერი ახალი სამყარო“ და ჯორჯ ორუელის რომანი „1984“. ორივე ამ ავტორმა ასავალ წერტილად აირჩია ზამიატინის ანტიუტოპია.

   ეს ფაქტი ფართოდ არის აღიარებული ლიტერატურის ისტორიკოსების მიერ. როგორც კრიშნა კუმარი წერს თავის წიგნში „უტოპია და ანტიუტოპია ჩვენს დროში“, რომანს „ჩვენ“ „ახლო კავშირი აქვს, როგორც წარსულთან, მაგალითად, ჰერბერტ უელსთან, ასევე მომავალთან - „მშვენიერ ახალ სამყაროსთან“ და „1984“-სთან. შეტევები მექანიკური, დაუფიქრებელი არსებობის უტილიტარიზმსა და  უტოპიაზე ზამიატინს აკავშირებს ჰაქსლისთან, რომანში ჯაშუშებისა და ზედამხედველების არსებობა, აზროვნებისა და ენის კონტროლი ორუელის კოშმარს მოგვაგონებს“.

მართლაც, ჰაქსლის „მშვენიერ ახალი სამყაროში“ შეიძლება მონახოს  ზამიატინის რომანთან საერთო ელემენტები. ეს ტექნიკური რაციონალიზაციაც არის და დაუფიქრებელი სიამოვნება, ოჯახის უარყოფა და სრული სექსუალური თავისუფლება, რასაც აცხადებს ლოზუნგი: „ყველა ადამიანი ყველას ეკუთვნის“.

მაგრამ ჰაქსლი არ იცნობდა ზამიატინის წიგნს, რის შესახებაც 1962 წელს ის წერდა კოლინზს: „ზამიატინის წიგნის შესახებ 3-4 წლის წინ გავიგე“.

პირიქით, ჯ.ორუელი კარგად იცნობდა ზამიატინის რომანს და ჯერ კიდევ 1946 წელს, ანუ მისი ანტიუტოპიის „1984“ დასრულებამდე მან დაწერა მისი რეცენზია. ამიტომ, არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ზამიატინი გარკვეულ გავლენას ახდენდა ორუელის ანტიუტოპიის შექმნაზე.  

სხვათა შორის, ამ რეცენზიაში, სადაც აღნიშნულია რომანის „ჩვენ“ სიახლოვე ჰაქსლის ანტიუტოპიასთან, ორუელმა დაწერა: „სავსებით შესაძლებელია, რომ ზამიატინს არც კი უფიქტია თავისი სატირის მთავარ სამიზნედ საბჭოთა რეჟიმი აერჩია. ალბათ, ზამიატინის მიზანი იყო არა კონკრეტული ქვეყნისმ არამედ იმის ჩვენება, თუ რა საშიშროებას გვიქმნის  მანქანური ცივილიზაცია“ .

ეს ყველაფერი მოწმობს იმის შესახებ, რომ რუსული უტოპიური რომანის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია უკვალოდ არ ქრება, რომ ის დღემდე განაგრძობს თანამედროვე ლიტერატურის საზრდოობას. ეს კრებული, რომელიც წარმოადგენს ХХ საუკუნის რუსული უტოპიური რომანის ანთოლოგიას, აცნობს მკითხველს ამ ჟანრის ყველაზე თვალსაჩინო და დამახასიათებელ ნაწარმოებებს შემდეგი მწერლებისა: ბრიუსოვის, ფედოროვის, ზამიატინის და სხვ. ეს ნაწარმოებები მოწმობენ არა მხოლოდ რუსი მწერლებისთვის დამახასიათებელი უტოპიური აზროვნების სითამამესა და ორიგინალობაზე, არამედ მათი ნაწარმოებების  მაღალ მხატვრულ ღირსებებზე.

 

დასკვნა

იდეოლოგია და პარტია იქმნებოდა თანამედროვე დემოკრატიის განვითარების პროცესში. ყველა ტოტალიტარულმა მოძრაობამ წამოაყენა დემოკრატიული ლოზუნგები და მიზნები, და ამ თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ ისინი განასახიერებენ აბსოლუტისტურ, ავტოკრატიულ დემოკრატიას, რომელიც კონსტატირებს კონსტიტუციურ დემოკრატიასთან. ტოტალიტარული იდეოლოგიების უტოპიური და ქილიასტური ხასიათი მათ ფსევდო-რელიგიურ დატვირთვას ანიჭებს. მარქსმა რელიგიას ხალხისთვის ოპიუმი უწოდა და ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას ტოტალიტარულ იდეოლოგიებზე. ისინი ანაცვლებენ გონებას რწმენით, ხოლო ცოდნას და კრიტიკას მაგიური შელოცვებით. მათი არსებობის მანძილზე ტოტალიტარული რეჟიმები შთააგონებდნენ ერთმანეთს და აღწევდნენ გარკვეულ წარმატებებს სოციალურ და ეკონომიკურ სფეროში სასტიკი ურთიერთკონკურენციის პირობებში.

 ერთ–ერთი განხილული ტოტალიტარული სისტემის ფარგლებში კულტურული პროცესების განვითარების მაგალითის გამოყენებით, ჩვენ გავაანალიზეთ მასებზე ზემოქმედების ზოგადი მექანიზმები და მათთან კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობა, რაც თანაბრად ახასიათებს გერმანიას, იტალიასა და საბჭოთა კავშირს.

ლიტერატურაში უტოპიის და დისტოპიის ჟანრის შექმნა და განვითარება იყო კანონზომიერი რეაქცია ამ ისტორიული პერიოდის განმავლობაში მსოფლიოში მიმდინარე სოციოკულტურული პროცესების მიმართ. ანტიუტოპია, როგორც კონტრკულტურული ფენომენი, ჩვენი აზრით, ყველაზე სრულად ასახავს იმედგაცრუებას სახელმწიფოებრიობის იდეასთან დაკავშირებით (ისეთ უკიდურეს გამოვლინებაში, როგორიცაა ტოტალიტარიზმი) და მცდელობას განამტკიცოს ინდივიდუალურობის ღირებულება.

 

ბიბლიოგრაფია

 

·  Orwell, George1984 – Mondadori – Milano 1980

·  Shane, Alex M. The life and works of Evgenij Zamjatin – University of California Press – Los Angeles 1968

·  Suvin DarkoMetamorphoses of Science Fiction – Yale University Press – 1979

·  ვიაჩესლავ შესტაკოვი XX საუკუნის უტოპია და ანტიუტოპიაგამომცემლობა მოსკოვი – 1990

·  Zamjatin, Evgenij IvanovičGerbert Uells, v Lica  Čechov Publishing House – New York 1955

·  ევგენი ივანოვიჩ ზამიატინიჩვენ ლენიხდატისანქტ-პეტერბურგი, 2013

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised