понедельник, 9 сентября 2019 г.

„შესავალი სექტმცოდნეობაში“ რომან მიხაილოვიჩ კონი

რომან მიხაილოვიჩ კონი

„შესავალი სექტმცოდნეობაში“



2.4.3.  აზროვნების რეფორმირების რვა ნიშანი რ. ლიფტონის მიხედვით

        ლიფტონმა აღწერა რვა „... ფსიქოლოგიური დამახასიათებელი ნიშანი, რომლებიც დომინანტურია აზროვნების კორექტირების სოციალურ გარემოში“482. მათ შესაბამისად შეიძლება ვიმსჯელოთ „ტვინის გამორეცხვის“ ტექნოლოგიის გამოყენების შესახებ ნებისმიერ სიტუაციაში.

1. გარემოს კონტროლი

ლიფტონის თანახმად, ადამიანთა ურთიერთობების გარემოზე კონტროლი აზროვნების რეფორმირების უმთავრესი პრინციპია, რომელზეც სხვა დანარჩენია დამოკიდებული. იგი მოიცავს როგორც გარე სამყაროსთან ადამიანთა ურთიერთობის კონტროლს იმის გაკონტროლების საშუალებით, რასაც ადამიანი ხედავს, ესმის, წერს, გამოხატავს, ასევე კონტროლს შინაგან სამყაროზე (შინაგანი დიალოგი), კონტროლს იმაზე, თუ რა შეუძლია ილაპარაკოს ადამიანმა საკუთარ თავთან ურთიერთობისას. ასეთი კონტროლის შედეგად ადამიანი კარგავს თავის პირად ავტონომიას და შეერწყმება გარემომცველ და მის მაკონტროლებელ გარემოს, ხოლო მის ცნობიერებაში შეღწეული ჯგუფური იდეები თანდათანობით იწყებენ მისი შინაგანი დიალოგის კონტროლს.
  შედეგად ადამიანს შეუძლია თავის გარემოსთან ერთად გაიზიაროს რომელიმე განცდა, მაგალითად, ყოვლისმცოდნეობა ან „სამყაროღმერთის თვალით დაინახოს  “ 483, მაშინ, როდესაც ლიფტონის აზრით, იგი უნდა ცდილობდეს დამოუკიდებელ მსჯელობას და თვითგამოხატვას, მაგალითად, ყოვლისმცოდნეობის საკითხში, და ეყრდნობოდეს ფაქტებს დახურული იდეოლოგიური სისტემის მიღმა.

2. მისტიკური მანიპულირება

                 
ეს მხოლოდ იმიტომ კი არ ხდება, რომ სხვებზე დომინირებას მიაღწიო, არამედ გარკვეული იდეოლოგიის მიზნების განხორციელების მიზნით. ლიფტონი ამ მანიპულირებას მისტიკურს უწოდებს, გამომდინარე იქიდან, რომ „ყველაფრისმცოდნე ჯგუფის“ ან იდეოლოგიური ხელმძღვანელების მიერ დაპროგრამებული ქცევის და გრძნობების გარკვეული ტიპი კონკრეტული ინდივიდის მიერ აღქმული იქნება, ისე, თითქოს ისინი მასში სპონტანურად, მისთვის გაუგებარი გზით (მისტიკურად) მოხდა.
ინდივიდის ეს მისტიკური განწყობა გულისხმობს საკუთარი თავის, როგორც ავანგარდის, გაცნოებიერებას რაიმე სახის „მაღალი მიზნის“ მისაღწევად. ცნობიერების კონტროლისთვის  მისტიფიცირებულია მანიპულირების საშუალებები: პარტია, მთავრობა, ორგანიზაცია, რომლებიც წარმოდგებიან, როგორც ისტორიის, ღმერთის ან რაიმე ზებუნებრივი ძალების აგენტები და რომლებსაც უნდა ენდონ.
         ამ პროცესს დაქვემდებარებულ ადამიანებისგან აბსოლუტურ ნდობას ითხოვენ, ტოტალიტარული რეჟიმის მიერ გამოცხადებული უმაღლესი მიზნის ღირებულების რწმენას და მის, როგორც საკუთარის, მიღებას. მაგრამ როდესაც ნდობა უნდობლობას უთმობს ადგილს, როდესაც ადამიანისთვის ნათელი ხდება, რომ მის მანიპულირებას ეწევიან, მართალია, მას არ შესწევს გარე ძალებისგან დამალვის უნარი, მაგრამ საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით, ის გარე პირობებს ემორჩილება, ერწყმის გარემოს, ღალატობს თავის იდეალებს და იწყებს მონაწილეობას სხვების მანიპულირებაში.

3. სიწმინდის მოთხოვნა

ორგანიზაცია აწესებს ქცევის არარეალურ სტანდარტებს, რაც ხელს უწყობს გარემოს წინაშე დანაშაულის და სირცხვილის ატმოსფეროს შექმნას. მიუხედავად იმისა, თუ რა ძალისხმევას იყენებს ადამიანი, ის ყოველთვის განიცდის წარუმატებლობას, თავს ცუდად გრძნობს და კიდევ უფრო ბეჯითად მუშაობს.
 ასეთ ვითარებაში იდეოლოგიური ხელმძღვანელები განსჯიან სიკეთეს და ბოროტებას თავისი სამყაროს ფარგლებში და შეუძლიათ დანაშაული და სირცხვილის გრძნობის, როგორც ემოციური ბერკეტების გამოყენება მაკონტროლებელი და მანიპულირებადი გავლენისთვის484. დიდწილად მათი ძალა ვლინდება მიტევების უნარში.
           ასეთ იდეოლოგიურ ატმოსფეროში ადამიანი იწყებს ქცევას ღირებულებების დადგენილი ნორმების შესაბამისად: იგი ხედავს თავის ღირსებას ან, პირიქით, კიცხავს თავის თავს იდეოლოგიური რეპუტაციის შესაბამისად. თავის უწმინდურობას იგი აღიქვამს როგორც გარე გავლენის შედეგს, ამიტომ თავის ამოცანას ამ გარე სამყაროსთან ბრძოლაში ხედავს. რაც უფრო დამნაშავედ გრძნობს თავს ადამიანი, მით უფრო მეტი სიძულვილი აქვს მას გარე გავლენის მიმართ. ეს ყველაფერი იწვევს „მასობრივ სიძულვილს, ერეტიკოსებისგან წმენდას, პოლიტიკურ და რელიგიურ წმინდა ომებს“485.

4. პირადი აღსარების კულტი

აღსარების კულტი განისაზღვრება, როგორც ნებისმიერი აზრის, გრძნობის ან მოქმედების გაზიარებისა და აღიარების მითითება, რომელიც შეიძლება არ შეესაბამებოდეს ჯგუფის წესებს, რაც, ლიფტონის აზრით, პიროვნების საზღვრების განადგურებას იწვევს. ამ გზით მოპოვებულ ინფორმაციას არ პატიობენ და არ ივიწყებენ, არამედ იყენებენ კონტროლის მიზნით.
 ტოტალიტარული აღსარების ფუნქციები: ა) უწმინდურებისგან განწმენდის საშუალება; ბ) „სხვის ნებისადმი სიმბოლური დაქვემდებარების აქტი“; გ) გასაჯაროება ან მაკონტროლებელი ორგანიზაციისთვის შეტყობინება, გამჟღავნება „თითოეული პიროვნების ადამიანის ყველა შესაძლო ცხოვრებისეული გამოცდილების, აზრებისა და გატაცებების გამჟღავნება, განსაკუთრებით კი იმ ელემენტებისა, რომლებიც შეიძლება შეფასებული იყოს, როგორც დამამცირებელი“ 486. შედეგად „პირადი საკუთრება საკუთარ ცნობიერებასა და მის პროდუქტებზე - წარმოსახვასა და მეხსიერებაზე უკიდურესად ამორალურია“487.

5. წმინდა მეცნიერება

          საწყისი მდგომარეობა არის ის, რომ არსებობს უტყუარი მეცნიერება და აბსოლუტური მორალური პრინციპები, რომლებიც ჭეშმარიტ დოქტრინას წარმოადგენს ყველა ადამიანისთვის მსოფლიოში488. ამ დოქტრინას ფლობს მაკონტროლებელი ორგანიზაცია. „ტოტალიტარული გარემო ინარჩუნებს სიწმინდის აურას მისი ძირითადი დოგმის გარშემო… ეს სიწმინდე აშკარად ჩანს ძირითად საწყის მდგომარეობაში ეჭვის შეტანის აკრძალვაში (აშკარა ან არააშკარა) და მოთხოვნაში პატივი სცენ სიტყვის ავტორებს, სიტყვის ამჟამინდელ მატარებლებს და თვით სიტყვას“489 (სიტყვაში იგულისხმება უტყუარი ინფორმაციის წყარო - რ.კ.). ამრიგად, ინდივიდს თითქმის არ რჩება არავითარი შესაძლებლობა რაიმე ეჭვის, კითხვების ან ალტერნატიული თვალსაზრისის კუთხით.

6. ენის  დატვირთულობა  (ან ენის „დიდი ხნით შეჩერება“)

        მაკონტროლებელი გარემოს თვალსაზრისით, რეკომენდებულია სიტყვებისა და ფრაზების გამოყენება კატეგორიული, შეფასებითი მნიშვნელობით, რაც ამცირებს და ზღუდავს ჯგუფის წევრების აზროვნების უნარს შავ-თეთრი კლიშეებით. წინასწარ დადგენილი სწორი ფრაზების გამოყენება ხელს უწყობს წარმოსახვის, აზროვნების გამორთვას და მის მოწყვეტას რეალური ცხოვრებისეული გამოცდილებიდან.

7. დოქტრინა პიროვნებაზე მაღლა დგას

      ჯგუფის რწმენის თავსმოხვევა ინდივიდის გამოცდილების, ცნობიერების და მთლიანობის საპირისპიროდ.

8. არსებობის გაყოფა

„ტოტალიტარული გარემო მკვეთრად გამოყოფს მათ, ვისი არსებობის უფლებაც შეიძლება აღიარებული იყოს, და მათ, ვისაც ასეთი უფლება არ აქვს“490. სამყაროს მიმართ ასეთი დამოკიდებულება აგებულია რწმენაზე, რომ „არსებობს მხოლოდ ერთი გზა ჭეშმარიტი არსებობისკენ, არსებობის მხოლოდ ერთი დასაბუთებული საშუალება და რომ ყველა დანარჩენი, ნებსით თუ უნებლიეთ (საჭიროების შემთხვევაში), არაპროდუქტიული და მცდარია“491.
გარე ზემოქმედებით ცნობიერების შეცვლის ლიფტონის თეორიამ დიდი გავლენა იქონია ანტიკულტურ ლიტერატურაზე. კერძოდ, იგი გამოყენებულ იქნა რელიგიურ ჯგუფებთან მიმართებაში ფ. კონვეის და ჯ. ზიგელმანის წიგნში „ლომკა: პიროვნების უეცარი ცვლილების ამერიკული ეპიდემია“ (1979)492. დროთა განმავლობაში ლიფტონის შეხედულებებმა ევოლუცია განიცადეს. ის მივიდა დასკვნამდე, რომ აზროვნების რეფორმირება შეიძლება განხორციელდეს ფიზიკური იძულების ან ძალადობის გარეშე.
        ლიფტონის აზრით, ტოტალიტარული გარემო, „მაშინაც კი, როდესაც იგი არ მიმართავს ფიზიკურ ძალადობას, გადაშენების ან განადგურების შიშს იწვევს“493. გარემოს ტოტალიტარულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უახლოვდება ის ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, მაგრამ ვერც ერთი გარემო ვერასოდეს მიაღწევს სრულ ტოტალიტარიზმს494. ამ დათქმით, ლიფტონმა ფაქტოვრივად აღიარა, რომ ვერცერთი მაკონტროლებელი გარემო ვერ შეძლებს გარანტირებული წარმატების მიღწევას ...
ლიფტონისგან დამოუკიდებლად იმავე დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები, რომლებმაც შეისწავლეს  იმ ადამიანების ფსიქიკის ცვლილებები, რომლებიც ნაცისტური გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებში იმყოფებოდნენ. ამ თემატიკის ყველაზე ცნობილ ნამუშევრებს შორისაა ფსიქოლოგ ვ. ფრანკლის წიგნი „ადამიანი აზრის ძიებაში“, რომელშიც ის, ყოფილი პატიმარი, აღწერს ადამიანების ფსიქოპათოლოგიას საკონცენტრაციო ბანაკში, როგორც სპეციალისტი.
 ფრანკლი აღნიშნავს, რომ საკონცენტრაციო ბანაკებში ადამიანის არსებობა დეფორმირებული იყო495, მაგრამ „ვერასდროს შეძლებ იმის თქმას, თუ როგორ იმოქმედებს საკონცენტრაციო ბანაკი ადამიანზე: გადაიქცევა თუ არა იგი ტიპიურ პატიმრად, თუ ასე შებოჭილ მდგომარეობაში,  ამ ექსტრემალურ სასაზღვრო სიტუაციაშიც კი დარჩება ადამიანად. ყოველ ჯერზე თავად იღებს გადაწყვეტილებას. საუბარიც კი არ შეიძლება იმაზე, რომ საკონცენტრაციო ბანაკში ადამიანი აუცილებელი და იძულებითი სახით ემორჩილება გარემო პირობების ზეწოლას, რომლებიც აყალიბებენ მის ხასიათს“496. მაგრამ ფრანკლი აღიარებს, რომ ასეთები ბევრნი არ იყვნენ, და ხაზს უსვამს, რომ პიროვნების ცნობიერება  ექსტრემალურ სიტუაციებშიც კი არ შეიძლება შეიცვალოს მისი ნების გარეშე.
__________________


482 იქვე. გვ. 499.
483 იქვე. გვ. 500.
484 რ. ლიფტონი. „ტვინის გამორეცხვის“ ტექნოლოგია. ტოტალიზმის ფსიქოლოგია. მოსკოვი , 2005.გვ. 504.
485 რ. ლიფტონი. „ტვინის გამორეცხვის“ ტექნოლოგია. ტოტალიზმის ფსიქოლოგია. მოსკოვი , 2005. გვ. 504.
486 იქვე. გვ. 505.
487 იქვე.
488 იქვე. გვ. 508.
489 იქვე.
490 რ. ლიფტონი. „ტვინის გამორეცხვის“ ტექნოლოგია. ტოტალიზმის ფსიქოლოგია. მოსკოვი , 2005. გვ. 513.
491 იქვე. С. 514.
492 Conway F., Siegelman J. Snapping: America’s epidemic of sudden personality change. N.Y.: Delta, 1979.
493 რ. ლიფტონი. „ტვინის გამორეცხვის“ ტექნოლოგია. ტოტალიზმის ფსიქოლოგია. მოსკოვი , 2005. გვ. 515.
494 იქვე. С. 516.
495 იხ.: ვ. ფრანკლი . ადამიანი აზრის ძიებაში. მოსკოვი, 1990. გვ. 130.
496 ვ. ფრანკლი . ადამიანი აზრის ძიებაში. მოსკოვი, 1990. გვ. 143

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised