понедельник, 9 сентября 2019 г.

პოზიტიური ურთიერთობები, როგორც ადამიანთა თანაცხოვრების მთავარი კრიტერიუმი ბაუერი

ი. ბაუერი
პოზიტიურ ურთიერთობათა განვითარების პირობები


პოზიტიური ურთიერთობები, როგორც  ადამიანთა თანაცხოვრების მთავარი კრიტერიუმი

           საზოგადოებრივი თანაარსებობის ფორმირება, რომელიც მიზნად ისახავს პოზიტიურ ურთიერთობებს, გულისხმობს კოოპერაციის სტრატეგიების არა მარტო მეცნიერული შესწავლის გაგრძელებას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანმა ისწავლოს თავისი ბუნებრივი მიდრეკილებების გამოყენება და მისი კულტივირება. იმ სფეროში, სადაც ადამიანები სხვებზე არიან პასუხისმგებელნი, მაგალითად, როგორც ხელმძღვანელები, მედიცინაში, სკოლის პედაგოგიკაში, ფსიქოთერაპიაში, ურთიერთობების ჩამოყალიბების უნარი უნდა განვითარდეს ოსტატობის დონემდე [1]. ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ ამ მდგომარეობამდე. ძირითადი მიზეზი საზოგადოებრივ იდეოლოგიაშია, რომელიც მიმართულია კაპიტალიდან მხოლოდ მაქსიმალური მოგების მიღებაზე, ინდივიდუალური სარგებელის მიღწევაზე და ადამიანური რესურსების წინდაუხედავ ექსპლუატაციაზე.[2]
         ასეთ მდგომარეობას სრულად შეესაბამება ის მომენტი, რომ ადამიანური ურთიერთობების სფეროში ცოდნა პრაქტიკულად არავითარ როლს არ თამაშობს ეკონომიკის, მედიცინისა და პედაგოგიკის სწავლების კურსში. გარდა ამისა, ძნელია ისეთი სასწავლო დაწესებულებების მოძებნა, სადაც შეიძლება ცოდნის ამ სფეროში განათლების მიღება. სამწუხაროდ, „ხელმძღვანელთა კონსულტაციების“, „საკადრო საკითხებში მენეჯერთა ტრენინგის“, „კოუჩინგის“ და ა.შ. ბაზარზე ძალიან ბევრი წინადადებაა შემოსული არაკომპეტენტური ორგანიზაციებიდან. ადამიანური ურთიერთობების სფეროში, რა თქმა უნდა, საუკეთესო ექსპერტები ფსიქოთერაპევტები და ფსიქოთერაპიული მომზადების მქონე მედიკოსები არიან.… ურთიერთობების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტები მოკლედ კიდევ ერთხელ უნდა განვიხილოთ პოზიტიური ურთიერთობების განვითარების ძირითადი პირობების პრაგმატული აღწერის ან კოოპერატიული პროექტის განხორციელების ჭრილში. ეს კომპონენტებია:
სხვების დანახვა და სხვების მიერ ჩვენი დანახვა ,[1]
მესამე პირის ინტერესების პატივისცემა,
ემოციური რეზონანსი ,
ერთობლივი ქმედებები და
მოტივებისა და განზრახვის ურთიერთგაგება

            არცერთი ეს პირობა არ არის ტრივიალური, რის შესახებაც მოწმობს ის ფაქტი, რომ ურთიერთობები, იქნება ეს სამსახურებრივი ურთიერთობები, მეგობრულ წრეში თუ პარტნიორებთან - შეიძლება დაინგრეს თუნდაც ერთ-ერთი კომპონენტის მუდმივი არარსებობის გამო.
          პირველი პირობა პოზიტიური ურთიერთობების განვითარებისთვის არის სხვების დანახვა და სხვების მიერ ჩვენი დანახვა. ადამიანებს სურთ (მ.შ. ნეირობიოლოგიის თვალსაზრისითაც), რომ ისინი აღიქვან როგორც ინდივიდები. [2]  მხოლოდ იმის შეგრძნება, რომ შენ ასე აღიქვამენ, უკვე ხელს უწყობს ურთიერთობას და მოტივაციას ქმნის. უგულებელყოფა სპობს ურთიერთობებს და მოტივაციას, ის აგრესიის იმპულსების განვითარების საწყისი წერტილია. [3] ადამიანის, როგორც მრავლიდან ერთერთის მიმართ მოპყრობა, არ ჰბადებს სიმპათიას. მაგრამ ის, ვისაც არ სურს რომ იყოს დანახული, ვინც მუდმივად ეძებს თავშესაფარს,  და, როგორც წესი, გაუცნობიერებულ სქემას მისდევს, ის ნამდვილად არ იქნება დანახული. ამიტომ, იმისათვის რომ იყო დანახული, აუცილებელია საკუთარი თავის როგორც პიროვნების გამოვლინების მზადყოფნა, აუცილებელია  იყო ღია და ის, ვინც ხარ. მაშინ  ადამიანი არამარტო უკეთესად იქნება სხვების მიერ აღქმული, ის ასევე უკეთ შეძლებს სხვების აღქმას.
          კარგი ურთიერთობების განვითარების მეორე პირობაა სხვა ადამიანის ინტერესების პატივისცემა. ყურადღების და ინტერესის გამოხატვა იმის მიმართ, თუ რა აინტერესებს სხვა ადამიანს - თანაგრძნობის გამოხატვის ძალიან მარტივი ფორმაა, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს ურთიერთობების განვითარებისათვის. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება სავსეა ამის მაგალითებით. თანამშრომელს სურს კოლეგის (ან უფროსის) ყურადღების გამახვილება დოკუმენტზე, რომელშიც მას რაღაც ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია. თუ მის შენიშვნას ყურადღებას არ მიაქცევენ, ასეთი ქცევა აღიქმება, როგორც უგულებელყოფა. ხელმძღვანელები, რომლებმაც დისკუსიის დროს არ იციან თავისი თანამშრომლების ყურადღებით მოსმენა, კარგავენ მათ ლოიალობას. მსგავსი სიტუაციაა პირად ურთიერთობებშიც: მამაკაცს (ან ქალს) რაღაც მომხიბლავად მიაჩნია და სურს პარტნიორის ყურადღების მიქცევა, პარტნიორი კი თავსაც კი არ წევს, რომ შეხედოს. არც ერთი ადამიანი, ვინც სხვა ადამიანს აფასებს, ასე არ მოიქცევა.
          მესამე პირობაა ემოციური რეზონანსი (გამოძახილი), ანუ სხვა ადამიანის განწყობის გაზიარების ან საკუთარი განწყობის სხვებზე გადადების უნარი. რეზონანსს იძულებით ვერ მიაღწევ, მაგრამ ნებისმიერი თვალსაზრისით ის არის დამაკავშირებელი ელემენტი, რომელიც მაღალ მოტივაციას ქმნის. მას, ვისაც ბუნებით არ აქვს ბოძებული ეს უნარი, შეუძლია მცირე შინაგანი ყურადღების გამოხატვით, ყოველ შემთხვევაში, არ დაუშვას მაინც ურთიერთობების დარღვევა ამ პირობის უგულებელყოფის გამო. კოლეგასთვის, რომელიც გიყვებათ საყვარელი კატის ან ძაღლის სიკვდილის შესახებ, იმის თქმა, რომ ერთ დღეს ყველანი დავიხოცებით, რეზონანსის არქონის მაგალითია.
         „ურთიერთობების“ მეოთხე ელემენტია ერთობლივი მოქმედება. გარკვეული კონკრეტული შემთხვევების ერთობლივი შესრულება, როგორც წესი, საერთოდ არ არის დაფასებული, თუმცა ეს ასპექტი, სინამდვილეში, ერთ-ერთი ფუნდამენტურია ურთიერთობების განვითარებისთვის. პირადი მონაწილეობა რომელიმე აქციაში, კოლეგებთან, პარტნიორთან ან შვილებთან ერთად შესრულებული კონკრეტული საქმე,  - და არა  მისი სხვებისთვის დავალება, - ქმნის ურთიერთობების სტაბილურ ენგრამას. სწორედ ამიტომ სიზარმაცისკენ და კომფორტისკენ მიდრეკილება პრინციპულად ცუდად არის შერწყმული კარგი ურთიერთობების დამყარებასთან. ურთიერთობებისთვის განძრევის სურვილის არქონა სამართლიანად აღიქმება სხვა ადამიანის მიერ, როგორც მოტივაციის არარსებობის ნიშანი (იხ. თავი 2 ურთიერთკავშირის შესახებ მოძრაობასა და მოტივაციას შორის).
              ურთიერთობების მეხუთე ელემენტი და გარკვეულწილად, ურთიერთობების შექმნის ხელოვნების „მაღალი კლასია“  მოტივებისა და მიზნების გაგება. ეს გაგება ჩვეულებრივ მიიღწევა მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველა წინა პირობა სრულდება. გაგებას მუდმივი აზროვნება სჭირდება. ეკონომიის გასაგებ, მაგრამ ნეგატიურ ზომებს, რომელსაც ჩვენი ტვინი მიმართავს, მიეკუთვნება ის, რომ იგი თავს იცავს ძალისხმევისგან, რომელიც დაკავშირებულია სხვისი ქმედებების მოტივების მუდმივად გადახედვის აუცილებლობასთან, და სხვა ადამიანებს მიაწერს მოტივებს და ზრახვებს ტიპიური სქემის შესაბამისად, რომელიც წინა გამოცდილებას ეყრდნობა. არსებული ურთიერთობებისადმი ასეთი მიდგომა ხშირად იწვევს სავალალო შედეგებს.
          მოტივაციის უზარმაზარი პოტენციალი ხშირად არ არის რეალიზებული მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა ადამიანებს აფასებენ ისე, რომ ვერ გაუგიათ მათი. მოტივების, მიზნების, მიდრეკილებების ან ანტიპათიების სწორად გაგება სხვა ადამიანების პოტენციალის გახსნის გადამწყვეტი პირობაა. სხვა ადამიანის გასაგებად საჭიროა არა მხოლოდ დაკვირვების და ინტუიციური შესაძლებლობების ნიჭი, არამედ, პირველ რიგში, მათთან საუბრის უნარი.[4]


[1]     მხედველობაში გვაქვს არა მარტო ოპტიკური აღქმა,  თუმცა ადამიანებს ზუსტად ამ „არხით აღვიქვამთ ინტენსიურად. ამ შემთხვევაში „ხედვა“ უფრო ფართოდ არის განხილული, როგორც „აღქმა“.
[2]    იხ. ამის შესახებ თავი 2, ასევე: Honneth. 1992.
[3]    იხ. თავი 3.
[4]     ურთიერთობებში კომპეტენურობის სწავლება სხვადასხვაგვარად შეიძლება, მაგალითად, სუპერვიზორულ ჯგუფებში ან ხელმძღვანელებისთვის განკუთვნილ სემინარებზე მეცადიონეობის დროს, მაგრამ დეფიციტის შევსების ყველაზე ინტენსიური გზა ურთიერთობების განვითარებისა და შენარჩუნებაში არის ფსიქოთერაპია. ეს იძლევა ნდობის პირობებში თუნდაც დელიკატური და რთული საკითხების განხილვის საშუალებას.







Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised