გრონსკაია ირინა
გეშტალტის მეთოდის პერსპექტივები სოციოლოგიასა და სოციალურ თერაპიაში
ველის თეორიამ და, ზოგადად, გეშტალტის მეთოდოლოგიამ ყველაზე დიდი განვითარება მიიღო ფსიქოთერაპიის სფეროში. თუმცა, როგორც ჩანს, გეშტალტ-პარადიგმა შეიძლება ეფექტურად იქნას გამოყენებული მაკროსოციალური მოვლენების ანალიზისთვის. სოციალური პროცესების გეშტალტ ანალიზი წარმოადგენს არა მხოლოდ წმინდა თეორიულ ინტერესს, არამედ შეუძლია ეფექტურად დაგეგმოს სოციალური პროგრამები. კერძოდ, ამჟამად განიხილება რუსეთში სოციალურ-თერაპიული ჩარევის შესაძლებლობისა და აუცილებლობის საკითხი (2). ჩვენ არ გვაქვს ამომწურავი სისრულის პრეტენზია, ამიტომ შევეცდებით გავაანალიზოთ რუსული ეროვნული ხასიათი (ის აქტუალურია იმასთან დაკავშირებით, რომ რუსული ეთნოსი რუსეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს შეადგენს) გეშტალტის მიდგომის ძირითად კონცეფციებზე - კონტაქტის საზღვრების რეგულირების გზების თეორიასა და სელფ ფუნქციების თეორიაზე - დაყრდნობით, რომლებიც, როგორც ცნობილია, გამოიყენება არა მხოლოდ ინდივიდუალური ორგანიზმების, არამედ ჯგუფების ანალიზისთვის, მაგ. ორგანიზმების, რომლებიც სოციალური სისტემები არიან (3, 4).
„ხასიათის“ ცნებას იყენებენ ადამიანის ან ნივთის გარკვეულ სტაბილურ თვისებებზე მითითების მიზნით. ერის ხასიათზე საუბრისას, იგულისხმება, რომ მისი წარმომადგენლების მნიშვნელოვან ნაწილს აქვს პიროვნული თვისებების გარკვეული კონსტელაცია, რომლებიც მათ განასხვავებენ სხვა ხალხთა წარმომადგენლებისგან. გეშტალთ თერაპიაში ხასიათი განიხილება როგორც ფიქსირებული გეშტალტების (ფორმების) ერთობლიობა, რომლებმაც დაკარგეს კონტექსტუალობა. ხასიათი ვლინდება სამყაროსთან კონტაქტური საზღვრის რეგულირების გარკვეული გზით, რომლებიც ვლინდება სიტუაციის კონტექსტის მიუხედავად.
კონკრეტული სოციალ-თერაპიული პროგრამების შესამუშავებლად, რომლებიც მიმართულია ეთნოსის ფსიქოლოგიის შეცვლაზე, საჭიროა ორ კითხვაზე პასუხის გაცემა: როგორია ერის ხასიათის მთავარი ნიშნები? რამდენად ექვემდებარება შეცვლას აღნიშნული ნიშნები?
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საკონტაქტო საზღვრის რეგულირებადი კონფლუენტური და ინტროექტიული ტიპები განსაკუთრებით ტიპიურია რუსული ეროვნული ხასიათისთვის.
მაგალითად, კონფლუენტურ თავისებურებების შესახებ მოწმობენ შემდეგი თვისებები, რომლებსაც ტრადიციულად მიაწერენ რუს ხალხს: სიკეთე და მისი გამოხატვა ნებისმიერი ტომის ადამიანების მიმართ, გულითადი ღიაობა, ლმობიერება, თითქმის ხასიათის სისუსტე, გულჩვილობა, სხვისი უბედურებისადმი გულშემატკივრობა, გულუბრყვილობა, დროის ის გამოყენება, თითქოს მას არ აქვს საზღვრები, დიდი ჯგუფისადმი კუთვნილების მოთხოვნილება (კომუნატუროლობა, ნ. ბერდიაევის მიხედვით). კონფლუენტურ მექანიზმზე ასევე მოწმობს ტრადიციულად რუსებისადმი მიკუთვნებული ალკოჰოლიზმისკენ, ხანგრძლივ დღესასწაულებისკენ მიდრეკილება, რომელიც ინდივიდუალური საზღვრის გახსნის და სხვებთან ერთიანობის განცდას ქმნის. ჯგუფთან შერწყმის ტენდენცია ასევე დასტურდება რუსული ანდაზებით: „ყველამ ცოტ-ცოტა რომ გაიღოს, ღარიბსაც ეშველებაო“, „არ გაქვთ ასი მანეთი, მაგრამ ასი მეგობარი გყავთ“ (7). სიმარტივე, რომლითაც რუსი ანდობს თავის პირადულს უცნობ ადამიანს და რასაც შოკში მოჰყავს უცხოელები, ასევე ადასტურებს სხვებთან შერწყმის სურვილს.
რუს ხალხს ძალიან ძლიერი ინტროდუქციული მექანიზმი აქვს. ამას მოწმობს რუსი ხალხისთვის დამახასიათებელი გარე ხელმძღვანელობისადმი ლტოლვა, ძლიერი ლიდერის ან „კეთილი ბიძის“ რწმენა, რომელიც ყველა მათ პრობლემას მოაგვარებს. აღზრდის მოდელისგან ათვისებული დამოუკიდებლობის ნაკლებობა, რომელიც შერწყმულია საკუთარი თვითგამორკვევის უარყოფასთან, ასევე აღინიშნება ფოლკლორში: „მშვიდად იცხოვრე და უბედურებასაც არ გადაეყრები“. ამასთან გარე აგენტის როლი, რომელიც საკუთარი ავტონომიის დეფიციტს ავსებს, შეუძლია შეასრულოს როგორც ავტორიტარული მიდრეკილებების მქონე პოლიტიკურმა ლიდერმა, ასევე ინტენსიურად დანერგილმა იდეოლოგიურმა ან კულტურულმა შინაარსმა (მაგალითად, რელიგიური სექტების იდეოლოგია ან ამერიკული მასობრივი კულტურა). რუსი ფილოსოფოსი ი. ილინი ასე წერდა ეროვნული ფსიქოლოგიის შესახებ: „რუსი, რომელსაც არ ჰქონდა მომწიფებული ძლიერი ნებისყოფა, ნებისყოფას თავის მმართველისგან მოითხოვდა. მას ურჩევნია ყვირილი, სიმტკიცე და არა დაყოლიება, „დისკუსია“. მას ურჩევნია თვითნებობა და არა ნებისყოფითი უმნიშვნელობა. მას სჭირდება ხელისუფლების იმპერატიული დამაჯერებლობა“.
რუსი ადამიანის ხასიათის ინტროექციული ტიპი ასევე გამოიხატება მისი რელიგიურობის ხასიათში. რუსული სულის აღიარებული მცოდნე ნ. ბერდიაევი, ახასიათებდა რა რუსი ადამიანის რელიგიურობის თავისებურებებს, წერდა: „ფსიქოლოგიურად რუსული ორთოდოქსულობა არის მთლიანობა, ტოტალიტარიზმი… რელიგიურ-დოგმატურ ხასიათიდან გამომდინარე, რუსები ყოველთვის ორთოდოქსები ან ერეტიკოსები, რასკოლნიკები არიან. ყოველთვის მთავარი რჩება გარკვეული სახის ორთოდოქსული რწმენის აღიარება, ამით ყოველთვის განისაზღვრება რუსი ხალხისადმი კუთვნილება ... ტიპიურ რუსს არ შეუძლია დიდი ხნის განმავლობაში ეჭვის შეტანა, ის მიდრეკილია სწრაფად ჩამოაყალიბოს თავისთვის დოგმატი და მთლიანად მიენდოს ამ დოგმატს“. ბერდიაევი ასევე წერდა: „რუსული სულის რელიგიურმა ფორმაციამ მყარი თვისებები ჩამოაყალიბა - დოგმატიზმი, ასკეტიზმი, საკუთარი რწმენისთვის ტანჯვის მიღების უნარი, როგორიც არ უნდა იყოს ის, ტრანსცენდენტურისკენ სწრაფვა (ან მარადიულ ცხოვრებისკენ სხვა სამყაროში, ან კომუნიზმისკენ - ამ სამყაროს მომავლისკენ)“ (1).
რუსული მოსახლეობის ინტროექტიულობის, გარე მხსნელის რწმენის შესახებ მოწმობს მკურნალობის აყვავება, ასევე მკურნალობის მეთოდები, რომლებიც „ველურია“ თანამედროვე მეცნიერების თვალსაზრისით, და გავრცელებული არ არის არც ერთ სხვა ქვეყანაში - კოდირების, მასობრივი ჰიპნოზის სეანსები.
რუსი ერის ორგანიზმის საკონტაქტო ფუნქციების განვითარების თვალსაზრისით, ყველაზე მეტად წარმოდგენილია „იდის“ ფუნქცია და „პერსონას“ ფუნქცია, მაგრამ აბსოლუტურად განუვითარებელია „ეგოს“ ფუნქცია. კერძოდ, იდის ფუნქციების მძლავრ გამოვლინებებზე მიუთითებენ ისეთი თვისებები, რომლებიც ტრადიციულად მიეწერება რუსებს, როგორიცაა დისციპლინის და თვითდისციპლინის ნაკლებობა, მერყეობა, არაპროგნოზირებადობა სხვისთვის და საკუთარი თავისთვის, საკუთარი თავის კონტროლის შეუძლებლობა, ყველაფერში ზომის არარსებობა, ანარქიზმი, დაუდევრობა - ყბადაღებული რუსული „ეგებ“-ის იმედი, თამაშისა და ღრეობისადმი სიყვარული. ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ ევროპისთვის რუსეთი რჩება გამოუცნობი და ბადებს შეშფოთებას თავისი არაპროგნოზირებადობით. ნ. ბერდიაევი ამ გარემოებასთან დაკავშირებით წერდა: „რუსეთი კვლავაც რჩება სრულიად ტრანსცენდენტური, ერთგვარი საოცარი აღმოსავლეთი, რომელიც ზოგჯერ იზიდავს თავისი საიდუმლოებით, ზოგჯერ კი შეშფოთებას იწვევს თავისი ბარბაროსობით“.
„პერსონას“ ფუნქციის გამოვლინების შესახემ მოწმობს ზემოთ აღწერილი რუსული ეროვნული ხასიათისთვის თანდაყოლილი დოგმატიზმი. მიზანმიმართული საქმიანობის განხორციელების უუნარობა, სირთულეები დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებაში და გარე ხელმძღვანელობის ძებნა მიუთითებს იმაზე, რომ რუს ხალხს „ეგოს“ ფუნქცია სერიოზულად აქვს დაზიანებული.
ჩვენ არ შევჩერდებით ამ მდგომარეობის ისტორიულ მიზეზებზე - ამის შესახებ საკმარისად დაიწერა. უფრო დიდ ინტერესს იწვევს ფსიქოლოგიური მახასიათებლების შეცვლის შესაძლებლობა.
როგორც ჩანს, რუსეთის საზოგადოებაზე სოციალურ-თერაპიული გავლენის თვალსაზრისით, მიზანშეწონილია იქნება სოციალურ-პედაგოგიური პროგრამების ორგანიზება, რომლებიც მიმართული იქნება მათ მონაწილეთა პირადი პასუხისმგებლობის განვითარებაზე. ბუნებრივია, ამ სოციალურ გავლენას ექნება ლოკალური ხასიათი, მაგრამ მყარი ქარაქტეროლოგიური თავისებურებების ერთდროულად შეცვლა მთელი საზოგადოების მასშტაბით, განსაკუთრებით მათი ისტორიულად განპირობებული სტაბილურობის გათვალისწინებით, არ არის წარმოდგენილი, როგორც შესაძლებელი. როგორც ცნობილია, ველის თანამედროვე თეორია განიხილავს მორფოგენეტიკური ველების კონცეფციას (6). იგი ვარაუდობს, რომ უხილავი ველები იქმნება და წარმოადგენს ნებისმიერი მომავალი ფორმის, განვითარების და მოქმედების მატრიცას. ისინი მოქმედებენ დროსა და სივრცეში. მორფოგენეზი იწყება უკვე ორგანიზებული სისტემით, რომელიც არის მორფოგენეტიკური ჩანასახი. მთელ ველში განხორციელებული ცვლილებები მიმდინარეობენ მორფიკური რეზონანსის შედეგად. ფიზიკის სამყაროში მორფიკური რეზონანსის მაგალითია მუსიკალური ინსტრუმენტის სიმების ვიბრაცია კონკრეტული ხმის ტალღის საპასუხოდ. სოციალურ-თერაპიული ზომების ამოცანა იქნება ასეთი მორფოგენეტიკური სისტემის შექმნა. ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ უფრო პერსპექტიული იქნება სოციალურ-თერაპიული ზემოქმედების მიმართვა მოსახლეობის ახალგაზრდა ნაწილზე. ეს იმით არის განპირობებული, რომ ახალგაზრდები განსაკუთრებით მგრძნობიარე არიან ცვლილებების მიმართ, უფრო აქტიური სოციალურ მოქმედებაში და მათ მიერ ათვისებული სოციალური თერაპიის გამოცდილება ხანგრძლივ ზემოქმედებას მოახდენს სოციალურ გარემოზე.
სტიქიურად სოციალურ-თერაპიულ როლს ასრულებს გარკვეული ფსიქოლოგიური ტრენინგი, რომელიც მოსახლეობაზეა ორიენტირებული, უმეტესად ჰუმანისტური მიმართულების. თანამედროვე რუსეთში არსებული სოციოკულტურული სიტუაციის გათვალისწინებით, წარმოდგენილია, რომ სოციალური თერაპიის როლს ასევე ასრულებენ ფსიქოლოგიური განათლების სისტემებიც. საიდუმლოება არ არის, რომ დიპლომირებული ფსიქოლოგების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი შემდგომში აგრძელებენ მუშაობას სპეციალობით. ასევე ჯერ-ჯერობით შენარჩუნებულია ფსიქოლოგისადმი უნდობლობის სოციალური სტერეოტიპი და მისი ასოციაცია ფსიქიატრთან, რომელთან კონსულტაცია ტოლფასია საკუთარი თავის აღიარება ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანად. ჩვენი აზრით, ეს ზღუდავს მოსახლეობის მოთხოვნილებას ფსიქოლოგიური დახმარების მიღებაში, და მისი დაკმაყოფილება ხდება ფსიქოლოგიური განათლების მიღებით, რაც არ იწვევს სოციალურ დაგმობას.
იმედი გვაქვს, რომ ამ სტატიაში ჩვენ შევძელით იმის დემონსტრირება, რომ გეშტალტ-მეთოდოლოგია წარმატებით შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ ინდივიდებისა და მცირე ჯგუფების ქცევის ანალიზისთვის, არამედ მაკროოციალური პროცესების ანალიზისთვის. სოციალურ-თერაპიული ღონისძიებები ჩვენს მიერ ასევე გააზრებულია, როგორც გეშტალტ-მიდგომის გამოყენება, როგორც პიროვნული პასუხისმგებლობის შემუშავების ყველაზე ეფექტურ მეთოდი.
ლიტერატურა
1. ნ.ა. ბერდიაევი. რუსული კომუნიზმის სათავეები და მნიშვნელობა. - მოსკოვი: ნაუკა,1990. – გვ.9,18.
2. ვ.ი. გრიგორიევი. ვიტალისტური სოციოლოგია: აწმყოს და მომავლის პარადიგმა. – ბარნაული: რუსეთის აკადემიის ციმბირის ფილიალის ალტაის რეგიონალური სამეცნიერო ცენტრის გამომცემლობა, 2001. – გვ.164.
3. კ. ლევინი. ველის თეორია სოციალურ მეცნიერებებში. - სანქტ-პეტერბურგი, „სენსორი“, 2000. – 368 გვ.
4. ფ. პერლზი. გეშტალტ-თერაპიის თეორია. — მოსკოვი: ზოგადჰუმანიტარულ კვლევათა ინსტიტური, 2001. – 379 გვ.
5. რ. რეზნიკი. გეშტალტ-თერაპია: პრინციპები, თვალსაზრისი და პერსპექტივები. // გეშტალტ 95. მოსკოვის გეშტალტ ინსტიტუტის 1995 წლის მასალების კრევული. — მოსკოვი, 1996. – გვ. 6-12.
6. ჟ.მ. რობინი. ეკოლოგიური ნიში. ნარკვევი გეშტალტ-თერაპიაში ველის თეორიის შესახებ//გეშტალტი 94. მოსკოვის გეშტალტ ინსტიტუტის 1004 წლის მასალების კრევული. - მინსკი: ეკონომიკის სამინისტროს იპპ,1995. – გვ. 15-29.
7. ზ.ვ. სინკევიჩი. ეროვნული ურთიერთობების სოციოლოგია და ფსიქოლოგია. - სასწავლო სახელმძღვანელო. - სანქტ-პეტერბურგი. ვ.ა. მიხაილოვის გამომცემლობა, 1999. – გვ. 99-120.
ნოვოსიბირსკის გეშტალტ-ცენტრი
http://gestaltnsk1.narod.ru/gestaltsoc.htm
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised