понедельник, 24 августа 2020 г.

ჰოლოკოსტის ენციკლოპედია

 ჰოლოკოსტის ენციკლოპედია 

ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლამ დაასრულა ვაიმარის რესპუბლიკის - საპარლამენტო დემოკრატიის - არსებობა, რომელიც დამყარდა გერმანიაში პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. 1933 წლის 30 იანვარს ადოლფ ჰიტლერი დაინიშნა რაიხსკანცლერის პოსტზე, და მალე ნაცისტური სახელმწიფო (რომელსაც ასევე მესამე რაიხს უწოდებენ) გადაიქცა იმ რეჟიმად, რომელშიც მოქალაქეებისთვის ძირითადი უფლებებიც კი არ იყო გარანტირებული. 1933 წლის 28 თებერვალს რაიხსტაგში (გერმანიის პარლამენტში) საეჭვო ხანძრის შემდეგ, მთავრობამ გამოსცა ბრძანებულება, რომლითაც შეაჩერა კონსტიტუციური სამოქალაქო უფლებების მოქმედება და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ეს ნიშნავდა, რომ მთავრობის დადგენილებები ძალაში შევიდოდა პარლამენტის წინასწარი  დამტკიცების გარეშე.

ჰიტლერის რაიხსკანცლერის თანამდებობაზე ყოფნის პირველივე თვეებში ნაცისტებმა შემოიღეს „კოორდინაციის“ პრაქტიკა - დაწესებულებების და ცალკეული პიროვნებების შესაბამისობის შემოწმება ნაცისტური პარტიის ხაზთან. კულტურა, ეკონომიკა, განათლება, კანონმდებლობა - ყველაფერი ნაცისტების კონტროლის ქვეშ მოექცა. ასევე ნაცისტები ცდილობდნენ გერმანიის ეკლესიების საქმიანობის „კოორდინირებას“ და მიუხედავად იმისა, რომ მათ ბოლომდე ვერ მიაღწიეს ამას, მაინც შეძლეს კათოლიკე და პროტესტანტი მღვდლების უმრავლესობის მხარდაჭერის მიღება.

ნაცისტური იდეების გასავრცელებლად ფართოდ გამოიყენებოდა პროპაგანდა. 1934 წლის აგვისტოში გერმანიის რაიხის პრეზიდენტ პაულ ფონ ჰინდენბურგის გარდაცვალების შემდეგ, ჰიტლერმა თავის თავზე პრეზიდენტის უფლებამოსილება აიღო. ჯარმა მას ერთგულების ფიცი მისცა. ჰიტლერის დიქტატურა ემყარებოდა იმას, რომ იგი ერთდროულად იყო რაიხსპრეზიდენტი (სახელმწიფოს მეთაური), რაიხსკანცლერი (მთავრობის მეთაური) და ფიურერი (ნაცისტური პარტიის ხელმძღვანელი). „ფიურერის პრინციპის“ შესაბამისად, ჰიტლერი იდგა კანონზე მაღლა და ერთპიროვნულად  განსაზღვრავდა სახელმწიფო პოლიტიკას.

მისი სიტყვა გადამწყვეტი იყო როგორც შიდა საკანონმდებლო საკითხებში, ასევე გერმანიის საგარეო პოლიტიკის საკითხებში. ნაცისტური საგარეო პოლიტიკა ემყარებოდა რასისტულ შეხედულებას, რომ გერმანიას ბუნებით ჰქონდა განკუთვნილი იარაღის ძალით მისი საზღვრების გაფართოება აღმოსავლეთისკენ და რომ მუდმივად მზარდი, რასობრივი უპირატესობის მქონე გერმანელი ერი დაამყარებს მუდმივ მმართველობას აღმოსავლეთ ევროპისა და საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. ამ საკითხში მნიშვნელოვანი როლი ქალებს ეკისრებოდა. მესამე რაიხი ატარებდა აგრესიულ დემოგრაფიულ პოლიტიკას, ახალისებდა „რასობრივად სუფთა“ ქალებს გაეჩინათ რაც შეიძლება მეტი „არიელი“ ბავშვი.

ამავე კონცეფციის ფარგლებში აუცილებელი იყო „დაბალი რასის“ წარმომადგენლების - ებრაელებისა და ბოშების განადგურება. ნაცისტური საგარეო პოლიტიკა თავიდანვე გულისხმობდა ომს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მის გასანადგურებლად, მშვიდობიანი წლები ფაშისტურმა რეჟიმმა მოანდომა გერმანელი ხალხის ომისთვის მოსამზადებლად. იდეოლოგიური ომის ფარგლებში ნაცისტებმა დაგეგმეს და განახორციელეს ჰოლოკოსტი, ებრაელთა მასობრივი ხოცვა, რომლებსაც მთავარ „რასობრივ“ მტრებად მიიჩნევდნენ.

რეჟიმის ღია კრიტიკას გესტაპო (საიდუმლო სახელმწიფო პოლიცია) და ნაცისტური პარტიის უსაფრთხოების სამსახური ახშობდა, მაგრამ ჰიტლერის მთავრობა პოპულარობით სარგებლობდა გერმანელთა დიდ ნაწილში. თუმცა მაინც არსებობდა გერმანული ოპოზიცია, რომელიც იბრძოდა ფაშისტური რეჟიმის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა  სხვადასხვაგვარად გამოიხატებოდა - მარტივი დაუმორჩილებლობით დაწყებული ჰიტლერის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობით დამთავრებული 1944 წლის 20 ივნისს.

მოკავშირეებმა დაამარცხეს ნაცისტური გერმანია და აიძულეს კაპიტულაცია  1945 წლის 8 მაისს.


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised