среда, 19 октября 2022 г.

თანატოსი ფსიქოანალიზის ცნება

 https://ru.m.wikipedia.org/wiki/%D0%92%D0%BB%D0%B5%D1%87%D0%B5%D0%BD%D0%B8%D0%B5_%D0%BA_%D1%81%D0%BC%D0%B5%D1%80%D1%82%D0%B8


სიკვდილის სწრაფვა

სიკვდილის სწრაფვა, სიკვდილის ინსტინქტი ან თანატოსი (ძველი ბერძნული θάνατος „სიკვდილი“) ფსიქოანალიზის ცნებაა, რომელიც როგორც ფენომენი საბინა შპილრეინმა აღმოაჩინა, ხმარებაში კი ზიგმუნდ ფროიდმა შემოიღო. შემდეგ ფროიდი ახდენს ცნების კონცეპტუალიზაციას, რომელიც მის ნაშრომებში მიუთითებს ცოცხალ ორგანიზმში პირველადი (არაცოცხალი, არაორგანული) მდგომარეობის აღდგენის სურვილის არსებობაზე. უპირისპირდება სიცოცხლის სწრაფვას. ზოგიერთ შემთხვევაში, იგი იდენტიფიცირებულია აგრესიულ მიზიდულობასთან ან მორტიდოს ენერგიასთან.


შინაარსი

 „სწრაფვის“ ცნება ფსიქოანალიზში

ზ. ფროიდის სწრაფვის კლასიკური თუალისტური თეორია

სიკვდილის სწრაფვის თეორიის განვითარება

ალტერნატიული თვალსაზრისი

ი.ი. მეჩნიკოვი

ჟან ბოდრიარი 

სიკვდილის სწრაფვის თანამედროვე კონცეფციები

ასევე იხ.

შენიშვნები

ლიტერატურა

ბმულები


„სწრაფვის“ ცნება ფსიქოანალიზში ჩასწორება

პირველად „სწრაფვის“ ცნება ფროიდმა გამოიყენა „სამ ნარკვევში სექსუალობის თეორიის შესახებ“ (1905), სექსუალური სწრაფვის ანალიზისას და შემდგომში დაასაბუთა ნაშრომში „მისწრაფებები და მათი ბედი“ (1915). ფროიდმა ეს ცნება შემდეგნაირად განსაზღვრა: „სწრაფვას  ჩვენ აღვიქვამთ, როგორც ცნებას, რომელიც იმყოფება სულიერისა და ფიზიკურის საზღვარზე, არის გაღიზიანების ფიზიკური წარმომადგენელი, რომელიც წარმოიქმნება სხეულის შიგნით და აღწევს სულში, ხდება სამუშაოს ერთგვარი განმსაზღვრელი, რომელიც უნდა შეასრულოს ფსიქიკამ ფიზიკურთან კავშირის წყალობით“.

ფსიქოანალიზის თეორიის მიხედვით, ყველა სწრაფვას აქვს მიზანი, ობიექტი, წყარო. სწრაფვის მიზანი კმაყოფილებაა, რაც მიიღწევა მისი დაძაბულობის მაქსიმალურად შემცირებით. სწრაფვის ობიექტი არის ისეთი ობიექტი, რომლითაც სწრაფვა აღწევს თავის მიზანს. სწრაფვის წყაროა აგზნების პროცესი სხეულის რომელიმე ორგანოში ან ნაწილში, რომელიც ფსიქიკურ დონეზე ვლინდება საკუთრივ მიდრეკილებით.


ზ. ფროიდის სწრაფვის კლასიკური დუალისტური თეორია ჩასწორება

მთელი თავისი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე ფროიდი ეწეოდა სწრაფვის თეორიის შემუშავებას. ამ პრობლემის შესახებ მისი შეხედულებების განვითარება აისახა მთელ რიგ ნაშრომებში და მოგვიანებით მიიღო სწრაფვის (დრაივების) პირველი და მეორე დუალისტური თეორიის სახელი. სიკვდილის სწრაფვა ჩამოყალიბდა და ჩართული იყო სწრაფვის სისტემაში მხოლოდ მეორე დუალურ თეორიაში.

სწრაფვის პირველმა დუალისტურმა თეორიამ მიიღო დასრულებული ფორმულირება ნაშრომში „სწრაფვები და მათი ბედი“ (1915). თვითგადარჩენის ინსტინქტი, რომელიც მიმართულია ინდივიდის შენარჩუნებაზე, უპირისპირდებოდა სექსუალურ მიზიდულობას, რომელიც მიმართული იყო სახეობის შენარჩუნებაზე. თუმცა, მოგვიანებით ნარცისიზმის, მაზოხიზმისა და აგრესიულობის პრობლემების შესწავლისას წარმოიშვა მთელი რიგი წინააღმდეგობები, რომელიც განპირობებული იყო სწრაფვების დრაივების ამ დაპირისპირებით. პირველი დუალისტური თეორიით უკმაყოფილებამ და 1920 წლის შემდეგ გაჩენილმა სიკვდილის თემით ფროიდის დაინტერესებამ აიძულა იგი გადაეხედა თავისი შეხედულებები.

სწრაფვის მეორე დუალისტური თეორია. დესტრუქციულობისა და სიკვდილისადმი ლტოლვის თემა არაერთხელ იყო წამოჭრილი და განხილული ფსიქოანალიტიკურ გარემოში. ყველაზე დესტრუქციული სწრაფვის აღმოჩენა საბინა შპილრეინს ეკუთვნის. თავად ტერმინი „სიკვდილის სწრაფვა“, როგორც კონცეპტი, არ ფიგურირებს ნაშრომში „დესტრუქცია, როგორც ჩამოყალიბების მიზეზი“. თუმცა, უკვე დღიურებში, წერილებში და სხვა დოკუმენტებში, ის გამოიყენება ზუსტად როგორც კონცეპტი. ასე, მაგალითად, ს. შპილრეინის დღიურში არის ჩანაწერი იმის შესახენ, რომ იგი წერს ნაშრომს „სიკვდილის სწრაფვის“ შესახებ. ფროიდმა მხოლოდ ცნობადობა მისცა ამ ცნებას. სიკვდილისადმი სწრაფვის ამ კონცეფციის განვითარებას ბიძგი მისცეს: თავად საბინა შპილრეინმა, ალფრედ ადლერმა, ვილჰელმ შტეკელმა, კარლ გუსტავ იუნგმა. თუმცა, ფროიდის დამსახურებაა ის, რომ მან შეძლო ამ განსხვავებული შეხედულებების გაერთიანება ერთ თანმიმდევრულ თეორიაში. მეორე დუალისტური თეორიის ძირითადი დებულებები ჩამოყალიბდა ნაშრომში „სიამოვნების პრინციპის მიღმა“ (1920 წ.). ახალი თეორიის თანახმად, სიკვდილის სწრაფვა (აგრესიულობა) ეწინააღმდეგებოდა სიცოცხლის სწრაფვას, რომელიც მოიცავდა სექსუალურ და თვითგადარჩენის ინსტინქტებს. „თუ ჩვენ მივიღებთ როგორც ფაქტს, რომელიც გამორიცხავს გამონაკლისს, - წერდა ფროიდი, - რომ ყველაფერი, რაც ცოცხლობს, კვდება შინაგანი მიზეზების გამო, უბრუნდება არაორგანულს, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ: ნებისმიერი სიცოხლის მიზანი სიკვდილია, და პირიქით - უსულო ცოცხალზე უფრო ადრე არსებობდა ... ოდესღაც  სრულიად უცნობმა ძალებმა უსულო მატერიაში ცოცხალ არსებათა თვისებები გააღვიძეს... დაძაბულობა, რომელიც მაშინ წარმოიქმნა ადრე უსულო მატერიაში, ცდილობდა დაბალანსებას: ეს იყო უსულოსთან დაბრუნების პირველი მცდელობა“.

     სიკვდილის სწრაფვის თეორიის განვითარება ჩასწორება

მეორე დუალისტური თეორია არ იყო აღიარებული ფსიქოანალიტიკოსთა უმრავლესობის მიერ ფროიდის სიცოცხლეში და არ მიიღო სათანადო განვითარება ფსიქოანალიზის თეორეტიკოსთა ნაშრომებში ფროიდის გარდაცვალების შემდეგ.

ფროიდის მოწაფეებს შორის მხოლოდ ალექსანდერმა, ეიტინგონმა და ფერენციმ მიიღეს სიკვდილის სწრაფვის იდეა (ალექსანდერმა მოგვიანებით შეიცვალა აზრი). შემდგომ მათ შეუერთდნენ პ. ფედერნი, მ. კლაინი, კ. მენინგერი, გ. ნუნბერგი და სხვები.

თავის ნაშრომებში ზიგმუნდ ფროიდი არ იყენებდა ტერმინს „თანატოსი“, ის იყენებდა ისეთ ცნებებს, როგორიცაა „სიკვდილის ინსტინქტი“, „სწრაფვა დესტრუქციისკენ“, „სწრაფვა აგრესიისკენ“, „სწრაფვა განადგურებისკენ“ [1]. თუმცა ბიოგრაფ ე.ჯონსთან საუბარში მან გამოიყენა სიტყვა „თანატოსი“ [1]. პირველად ტერმინი „თანატოსი“ ფსიქოანალიზის ფარგლებში გამოიყენა ვილჰელმ შტეკელმა, ეს ტერმინი ფართოდ გავრცელდა ფსიქოანალიტიკურ ლიტერატურაში პოლ ფედერნის წყალობით[en] [1].

კარლ მენინგერმა თავის ნაშრომში „ომი საკუთარ თავთან“ (1938) განიხილა თვითგამანადგურებელი ქცევის სხვადასხვა ფორმები, რომლებიც მან დაყო საკუთრივ თვითმკვლელობად, ქრონიკულ თვითმკვლელობად (ასკეტიზმი, მოწამეობა, ნევრასთენია, ალკოჰოლიზმი, ანტისოციალური ქცევა, ფსიქოზები), ლოკალურ თვითმკვლელობად (სხეულის დაზიანება, სიმულაცია, პოლიქირურგია, განზრახ უბედური შემთხვევები, იმპოტენცია და ფრიგიდულობა) და ორგანულ თვითმკვლელობად (სომატური დაავადებები). თითოეულ ამ შემთხვევაში მენინგერმა დაინახა სიკვდილის სწრაფვის არსებობა.

მელანი კლაინმა გამოიყენა სიკვდილის სწრაფვის იდეა ბავშვების ფსიქიკური დინამიკის შესასწავლად. კლაინის აზრით, შფოთვის განცდა განპირობებულია იმ საშიშროების წარმოშობით, რომლითაც სიკვდილის სწრაფვა გავლენას ახდენს ორგანიზმზე. მ. კლიაინმა ასევე აღმოაჩინა სიკვდილის სწრაფვის ეფექტი ბავშვებს შორის სხვადასხვა კონფლიქტში.

საინტერესოა, რომ სიკვდილის სწრაფვის იდეა კარგად მიიღეს საუკუნის დასაწყისში რუსმა ფსიქოანალიტიკოსებმა (ნ. ოსიპოვმა, ვინოგრადოვმა, გოლცმა). საკმაოდ დადებითად გამოეხმაურნენ სიკვდილის სწრაფვის იდეას ლ.ს.ვიგოტსკი და ა.რ.ლურია, რომლებმაც დაწერეს წინასიტყვაობა ფროიდის ნაწარმოების რუსულ თარგმანზე „სიამოვნების პრინციპის მიღმა“. თუმცა ფსიქოანალიზის დევნამ, რომელიც დაიწყო სსრკ-ში 1928 წლის შემდეგ, დიდი ხნით უპერსპექტივოდ დატოვა ფსიქოანალიტიკური იდეების სერიოზული განვითარება.


 ალტერნატიული თვალსაზრისი ჩასწორება

           ი.ი. მეჩნიკოვი  ჩასწორება

ი.ი. მეჩნიკოვმა, ორთობიოზის თეორიის ფარგლებში, რომელიც მან შეიმუშავა თავის ნაშრომში „ეტიუდები ადამიანის ბუნების შესახებ“ (1903), შემოიღო ტერმინი „სიკვდილის ინსტინქტი“ ან „ბუნებრივი სიკვდილის ინსტინქტი“. მეცნიერი ამტკიცებდა, რომ ცხოვრების ჰარმონიული, ჯანსაღი მიმდინარეობის პირობებში სიცოცხლის ინსტინქტი ბუნებრივად ქრება და ხანდაზმულობის პერიოდში (70-80 წლის შემდეგ) იცვლება სიკვდილის ინსტინქტით, რომელსაც ახასიათებს „უკვე დრომოჭმული ცხოვრებით კმაყოფილება და არარსებობის მოთხოვნილება“.[2]  ი.ი.მეჩნიკოვი ვექტორების ასეთ ცვლილებას განიხილავდა ჯანსაღი და დაბალანსებული ცხოვრების ერთგვარ იდეალად, რომელსაც ყველა ვერ აღწევს. მიზეზი იმისა, რომ სიკვდილის ინსტინქტი ადამიანში ყველგან არ გვხვდება, მეცნიერმა ადრეულ სიკვდილიანობაში, ავადმყოფობაში, ინსტინქტების დისჰარმონიაში დაინახა. მონოგრაფიაში „ეტიუდები ადამიანის ბუნების შესახებ“ და „ოპტიმიზმის ეტიუდები“ ი.მეჩნიკოვი ცდილობდა შეეგროვებინა ცალკეული მაგალითები ხანდაზმულთა გამოცდილების შესახებ სიკვდილის ინსტინქტის გამოვლინების პერიოდში.

…სიკვდილის ინსტინქტი, როგორც ჩანს, პოტენციური ფორმით, ბუდობს ადამიანის ბუნებაში. თუ ადამიანის სიცოცხლის ციკლი მის იდეალურ, ფიზიოლოგიურ კურსს გაჰყვებოდა, მაშინ ბუნებრივი სიკვდილის ინსტინქტი დროთა განმავლობაში გაჩნდებოდა - ნორმალური ცხოვრებისა და ჯანსაღი, ხანგრძლივი სიბერის შემდეგ. ალბათ ამ ინსტინქტს უნდა ახლდეს საოცარი შეგრძნება, ყველა სხვა შეგრძნებაზე უკეთესი, რაც ჩვენ შეგვიძლია განვიცადოთ. შესაძლოა, ადამიანის სიცოცხლის მიზნის შეშფოთებული ძიება სხვა არაფერია, თუ არა ბუნებრივი სიკვდილის დაწყების განცდის ბუნდოვანი სურვილის გამოვლინება. მასში რაღაც მსგავსი უნდა იყოს ახალგაზრდა ქალწულთა ბუნდოვან გრძნობებთან, რომლებიც წინ უსწრებს ნამდვილ სიყვარულს.

— ი.ი. მეჩნიკოვი. ეტიუდები ადამიანის ბუნების შესახებ. მ., 1961. – გვ.231

ი.ი.მეჩნიკოვის ვარაუდი სიკვდილის სწრაფვის თანმხლები დადებითი შეგრძნებების შესახებ ნაწილობრივ დადასტურებულია იმ ადამიანების გაცნდების კვლევებში, რომლებმაც განიცადეს კლინიკური სიკვდილი (ე.წ. სიკვდილთან ახლოს განცდები).


ჟან ბოდრიარი ჩასწორება

ნაშრომში „სიმბოლური გაცვლა და სიკვდილი“ (1976) ჟ. ბოდრიარი დიდ ყურადღებას უთმობს „სიკვდილის სწრაფვის“ ცნებას. ფილოსოფოსის აზრით, ფროიდისეული იდეის რადიკალიზმი ტოლია თავად საზოგადოებრივი სისტემის რადიკალიზმისა, მისი პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების გარკვეულ მომენტში. „სიკვდილის სწრაფვის“ ცნება სანქცირებს სიკვდილის გარკვეულ კულტურას საზოგადოებაში.

თუ დასავლეთ ევროპული აზროვნება, ჟ. ბოდრიარის აზრით, განვითარდა ან სიკვდილის უარყოფისა და სუბლიმაციის მიმართულებით, ან მისი დიალექტიზირების მიმართულებით, მაშინ ფროიდი, რომელიც ადასტურებს „სიკვდილის სწრაფვის“ იდეას, უარყოფს ამ გზებს. „სიკვდილი პირველად ჩნდება, როგორც ურღვევი პრინციპი, რომელიც უპირისპირდება ეროსს. თანაც სუბიექტის, კლასისა თუ ისტორიის განურჩევლად, ეს ორი სწრაფვის, ეროსის და თანატოსის შეუქცევადი დუალობაა, რომელიც ნაწილობრივ აღადგენს უძველეს მანიქეურ ხედვას სამყაროზე, როგორც ორი სწრაფვის, ეროსის და თანატოსის  სწრაფვის დაპირისპირებას...“. [3]  ამტკიცებდა რა სწრაფვათა დუალიზმს, ფროიდმა უარყო დასავლეთის ქრისტიანული მეტაფიზიკა. ჟ. ბოდრიარი თვლის, რომ სწრაფვათა დუალიზმი ნათლად არის ასახული წიგნში „სიამოვნების პრინციპის მიღმა“, ხოლო ფროიდის „კულტურით უკმაყოფილებაში“ ხედავს მონისტურ იდეას: „... დუალობა მთავრდება მხოლოდ სიკვდილის სწრაფვის ციკლით. . ეროსი ახლა სხვა არაფერია, თუ არა უზარმაზარი შემოვლითი გზა, რომლითაც კულტურა სიკვდილისკენ მიისწრაფვის, ყველაფერს თავის მიზნებს უქვემდებარებს...“. [4]

ზოგადად, ჟ. ბოდრიარი განიხილავს სიკვდილისკენ სწრაფვას არა როგორც ობიექტურ ბიოლოგიურ რეალობას, არამედ როგორც აბსტრაქტულ იდეას, ერთგვარ კულტურულ ფენომენს, „გონებრივ ჰიპოთეზას“, „თვით სიკვდილის რაციონალიზაციას“, მითს, მეტაფორას, რომელიც ასახავს თანამედროვე დასავლური კულტურის ფუნდამენტურ სტრუქტურას. ამაში ის ხედავს „სიკვდილის სწრაფვის“ იდეის თეორიულ მნიშვნელობას და ამ რაკურსით სთავაზობს ამ კატეგორიის გაგებისადმი მიდგომას - როგორც მითისადმი, რომელიც მოითხოვს საკუთარ ინტერპრეტაციას.

ეროსი სიკვდილის სამსახურში, კულტურული სუბლიმაციის პროცესი, როგორც ხანგრძლივი შემოვლითი გზა სიკვდილისკენ, სიკვდილის სწრაფვა, რომელიც კვებავს რეპრესიულ ძალადობას და მართავს მთელ კულტურას, როგორც დაუნდობელი ზე-მე, სიცოცხლის ძალებს, რომლებიც ჩაწერილია იძულებით გამეორებაში - ეს ყველაფერი მართალია, მაგრამ ეს ეხება ჩვენს კულტურას, რომელიც სიკვდილის გაუქმების მცდელობისას მკვდარს მკვდარზე აწყობს და რომელიც შეპყრობილია სიკვდილით, როგორც მისი მიზნით. ამ ყველაფერზე მეტაფორულად საუბრობს თავად ტერმინი „სწრაფვა“, და ამით აღნიშნავს პოლიტიკური ეკონომიის სისტემის განვითარების ამჟამინდელ ფაზას, როდესაც ღირებულების კანონი თავის სტრუქტურულ, ყველაზე ტერორისტულ ფორმაში პოულობს  დასრულებას კოდის უბრალო აკვიატებულ რეპროდუქციაში, როდესაც ღირებულების კანონი ჩნდება როგორც შეუქცევადი სამიზნე, როგორიცაა სწრაფვა, ჩვენი კულტურის საბედისწერო ბედი. ეს არის ერთი და იმავე კანონის იმანენტური გამეორების ეტაპი ცხოვრების ყოველ მომენტში. ეტაპი, როდესაც სისტემა აწყდება თავის საზღვრებს და მას უწევს სიკვდილის, როგორც მისი ობიექტური მიზნის, ან მთლიანად ინვესტირება, ან მთლიანად სიკვდილის,  როგორც დეკონსტრუქციის პროცესის, სწრაფვის სუბვერსია. ამ ყველაფერზე ერთდროულად საუბრობს სიკვდილის სწრაფვის მეტაფორა - რადგან სიკვდილისკენ სწრაფვა არის სისტემაც და მისი ანალოგიც, ამ გაორებაში ის გამოყოფს რადიკალურ კონტრმიზანმიმართულობას. ამას მითი გვეუბნება.

— ჟან ბოდრიარი. სიმბოლური გაცვლა და სიკვდილი. – მ,: დობროსვე, 2000. - გვ.272-273

ჟ. ბოდრიარი მიიჩნევს, რომ ვითარება, როდესაც სიკვდილის სწრაფვა განიხილება, როგორც „ობიექტური დისკურსი“, ნაკლებად ღირებულია. ამ პირობებში „სიკვდილის სწრაფვის“ იდეა ინტერპრეტირებულია მხოლოდ როგორც დასავლური პოზიტივისტური მეცნიერების ერთ-ერთი მომენტი, რომელიც თვითნებურად ჰყოფს ფსიქოლოგიურს და ბიოლოგიურს, სიცოცხლესა და სიკვდილს. ეს მეცნიერება, „პირდაპირი მნიშვნელობით, გამოიმუშავებს მკვდარს, უსულოს, როგორც მის კონცეპტუალურ ობიექტს, ასევე სიკვდილის განცალკევებას, როგორც საწყის აქსიომას, საიდანაც იგი იღებს შესაძლებლობას ჩამოაყალიბოს თავისი კანონები“. ფროიდი ცდილობდა „მოეთვინიერებინა სიკვდილი სიკვდილის სწრაფვის ნიშნით“, მოერგო იგი ფსიქოანალიზის ზოგად სისტემაში, ხოლო ჟ. ბოდრიარის აზრით, ეს იდეა თავისი არსით აუქმებს ყველაფერს, რაც ფსიქოანალიზით არის განვითარებული.

სინამდვილეში, თუ გვსურს შევინარჩუნოთ სიკვდილის სწრაფვის იდეის მთელი რადიკალურობა, ის უნდა იქნას განმარტებული ფროიდის და ფსიქოანალიზის საწინააღმდეგოდ. სიკვდილის სწრაფვა უნდა გავიგოთ, როგორც ფროიდის მიერ შემუშავებული ფსიქოანალიტიკური აპარატის პოზიტიური მეცნიერული ბუნების საპირისპირო. მასთან მიმართებაში ეს არ არის გამოკვეთილი ფორმულირება, არაა რადიკალური დასკვნა - ეს არის მისი საპირისპირო მხარე და ფსიქოანალიტიკოსები, რომლებმაც უარყვეს ეს ცნება, გარკვეული გაგებით, უფრო გამჭრიახები აღმოჩნდნენ, ვიდრე ისინი, ვინც ის ინერციით მიიღეს ფროიდის შემდეგ, და ვერც კი მიხვდნენ, თუ რაზე მიანიშნებდა ის. მართლაც, სიკვდილის სწრაფვა მას პოტენციურად უსარგებლოს ხდის, შორს ტოვებს ყველა ადრე განვითარებულ ფსიქოანალიტიკურ მიდგომას და კონცეფციას - ეკონომიკას, ენერგეტიკას, ტოპიკს, ფსიქიკასაც კი. და კიდევ უფრო მეტიც, რა თქმა უნდა, მე-19 საუკუნის სამეცნიერო მითოლოგიიდან მემკვიდრეობით მიღებული სწრაფვის ლოგიკას, რომელსაც თავად ეყრდნობა... კონტრმიზანდასახულობის პრინციპი, რადიკალური აზროვნების ჰიპოთეზა - მეტაეკონომიკური, მეტაფსიქიკური, მეტაენერგეტიკული, მეტაფსიქოანალიტიკური - სიკვდილი (და მის მიმართ სწრაფვა) არაცნობიერის მეორე მხარესაა, ის ფსიქოანალიზს უნდა ჩამოერთვას და მის წინააღმდეგ შეტრიალდეს.

— ჟან ბოდრიარი. სიმბოლური გაცვლა და სიკვდილი. – მ,: დობროსვე, 2000. - გვ.274-275

სიკვდილის სწრაფვის თანამედროვე კონცეფციები ჩასწორება

თანამედროვე ღრმა ფსიქოლოგიურ ცნებებს შორის, რომლებიც არა მხოლოდ ეყრდნობიან ფროიდის მიზიდულობის თეორიას, არამედ მცდელობებს მნიშვნელოვნად გადახედონ და განავითარონ მისი ძირითადი იდეები, შეიძლება დავასახელოთ კორდელია შმიდტ-ჰელრაუს „ლიბიდოს და ლეთეს მისწრაფებების ფსიქოანალიტიკური თეორიის ფორმალურ-ლოგიკური მოდელი“. ნაშრომში „სიცოცხლისკენ სწრაფვა და სიკვდილისკენ სწრაფვა. ლიბიდო და ლეთე“ (1995) შმიდტ-ჰელრაუ ატარებს ფროიდის მეტაფსიქოლოგიის ფუნდამენტურ გადახედვას და მის საფუძველზე ქმნის ფსიქიკის თანამედროვე მოდელს. ავტორის თვალსაზრისით, სწრაფვა არის ვექტორული სიდიდე, რომელიც განსაზღვრავს სწრაფვის მიმართულებას მხოლოდ ერთ მხარეს. მას შეუძლია გადაუხვიოს ამ მიმართულებიდან, მაგრამ ვერასოდეს დაბრუნდება უკან, რაც გამორიცხავს სიკვდილის სწრაფვის ფროიდისეულ გაგებას, როგორც „ადრინდელი მდგომარეობის აღდგენის სურვილს“. გარდა ამისა, შეუძლებელია იმის დადგენა, აქვს თუ არა მიზიდულობას მიზანი, რადგან ეს ნიშნავს მასში გარკვეული „მეხსიერების“ არსებობას. მაგრამ „მეხსიერება“ არსებობს მხოლოდ სტრუქტურების დონეზე, რომლებიც არ არიან მისწრაფებები. შმიდტ-ჰელრაუს აზრით, სიკვდილის სწრაფვა არ არის დესტრუქციული სწრაფვის იდენტური, ის არის კომპლექსი, რომელიც მოიცავს სწრაფვას და განდევნას, სწრაფვის, აღქმის და მოტორული განმუხტვის ელემენტებს. იგი ასევე გვთავაზობს უარის თქმას „აგრესიული მიზიდულობის“ ცნებაზე, აგრესიას განიხილავს, როგორც აფექტურ აქტს ან აფექტს, რომელიც დაკავშირებულია თვითგადარჩენასთან ან სექსუალობასთან.

შმიდტ-ჰელერაუ მიდის დასკვნამდე სიკვდილის სწრაფვის ინტროვერტული ბუნების შესახებ, რაც გულისხმობს უმოქმედობას. სიკვდილისკენ სწრაფვა თანდათან ხელს უწყობს სიცოცხლისკენ აქტიური მისწრაფების გადაადგილებას და ამით ხელს უწყობს ორგანიზმის ბალანსის შენარჩუნების პროცესს. სიკვდილის სწრაფვის პასიურ ბუნებაზე დაყრდნობით, შმიდტ-ჰელრაუ გვთავაზობს ამ სწრაფვის ენერგიას ეწოდოს ლეთე, ამ მითოლოგიურ გამოსახულებაში ხაზს უსვამს დავიწყების (განდევნის) არსებობას და მიდრეკილებას შინაგანად, არაცნობიერისკენ. 


ასევე იხ. ჩასწორება

ნეკროგილია

სიამოვნების პრინციპი

დამუშავება

ფსიქოანალიზის მთავარი წესი

მეტაფსიქოლოგია

სიღრმისეული ფსიქოლოგია 

თანატოლოგია

შენიშვნები ჩასწორება

↑ 1 2 3 ვ. ვ. ლეიბინი.  ფსიქოანალიზის ლექსიკონი-ცნობარი. — 2010. — ISBN 978-5-17-063584-9, ISBN 978-5-403-02959-9.

↑ ი. ი. მეჩნიკოვი. ეტიუდები ადამიანის ბუნების შესახებ. მ., 1961. — გვ.6

↑ ჟან ბოდრიარი. სიმბოლური გაცვლა და სიკვდილი. — მ,: დობროსვეტ, 2000. — გვ.268

↑ იქვე, გვ.269

ლიტერატურა ჩასწორება

ჟ. ლაპლანში. სიკვდილი და სიცოცხლე ფსიქოანალიზში. — სპბ., 2011.

ვ. ლოხი. ფსიქოანალიტიკური თეორიის საფუძვლები. მეტაფსიქოლოგია. მ., 2007

ზ. ფროიდ. სწრაფვანი და მათი ბედი//ზ. ფროიდი. არაცნობიერის ფსიქოლოგია. თარგმ. გერმ. ა.მ. ბოკოვიკოვმა. — მ., 2006

ზ. ფროიდი. სიამოვნების მიღმა//ზ. ფროიდი. არაცნობიერის ფსიქოლოგია. თარგმ. გერმ. ა.მ. ბოკოვიკოვმა. — მ., 2006

კ. შმიდტ-ჰელერაუ. სიცოცხლის სწრაფვა და სიკვდილის სწრაფვა. ლიბიდო და ლეთე. სწრაფვის და სტრუქტურული თეორიის ფსიქოანალიტიკური თეორიის შენაჯერი ფორმალურ-ლოგიკური მოდელი. — სპბ., 2003.

ბმულები ჩასწორება

ვ.ი. ნიკოლაევი. მეტაფსიქოლოგიის აღზევება და დაცემა. ჩანაწერები სიცოცხლისა და სიკვდილის ინსტინქტების თეორიის შესახებ.

კ. შმიდტ-ჰელერაუ.  მოწოდება პოსტ-ოედიპურ დისკურსისკენ მეტაფსიქოლოგიის შესახებ დისკუსიებში

ჯონ მილსი. ფიქრები სიკვდილის სწრაფვის შესახებ.  

 

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised