http://www.lookatme.ru/mag/people/experience/191353-slavoj-zizek
სლავოი ჟიჟეკი ბრენდებზე, ვიდეო თამაშებზე და კომუნიზმის უკუღმა პირზე
„ხალხს სურს მშვიდად იცხოვროს და არ უნდა, რომ ის ვინმემ შეაწუხოს“
25 აპრილს გამოდის „გარყვნილის კინოგიდი: „იდეოლოგია“ - სლავოი ჟიჟეკის ფილოსოფიური კინობენეფისის მეორე ნაწილი. ჟიჟეკი, რომელიც რიგრიგობით გარდაიქმნება „ტაქსის მძღოლის“ ან „ბერლინის დაცემის“ გმირებად, გასაგებად განმარტავს, თუ რაზეა აგებული თანამედროვე იდეოლოგიები და რა მართავს ჩვენს ცნობიერებას ამა თუ იმ სიტუაციაში - კარიერის არჩევიდან ყავის სახლში წასვლამდე. Look At Me ჟიჟეკს მსხვილი კორპორაციების მუშაობის პრინციპებზე ესაუბრა, თითოეული ნაბიჯის გააზრების აუცილებლობაზე და ნიკიტა მიხალკოვზე.
ოლეგ ბარანოვის ინტერვიუ
დღეს ბევრი ადამიანი საკუთარ თავს მემარცხენე იდეებთან ასოცირებს, მაგრამ ამავე დროს პირობით „სტარბაქსში“ იმყოფებიან. არა, ეს ცუდი არ არის, მაგრამ ხომ არ არის ამაში რაიმე მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა?
ჩვენ ყველანი ჩვეულებრივი ადამიანები ვართ. და ყოველ წამს იდეოლოგიას ვემორჩილებით. არაფერი მაქვს იმის საწინააღმდეგო, რომ შევიარო „სტარბაქსში“. შეიძლება ყველგან ყოფნა - მთავარია, დარწმუნებული იყოთ იმაში, რას აკეთებთ იქ. მახსოვს ის მომენტი, როდესაც „სტარბაქსი“ იხსნებოდა და CNN ინტერვიუს იღებდა მის დამფუძნებლისგან. მან ყველაზე პრიმიტიული იდეოლოგიური თვალსაზრისი წარმოადგინა: „დღეს ამერიკის ქალაქებში შეკრებები ცენტრალურ მოედნებზე აღარ იმართება. “სტარბაქსი“ არ არის მხოლოდ ის ადგილი, სადაც შეიძლება ყავის დალევა, არამედ შეხვედრების ადგილიცაა“. ჩვენ გვჯერა ყავის სახლის ჭერქვეშ ადამიანების გაერთიანების იდეის, და ამის მიზეზი ჩვენ გვაქვს. მე არ ვამბობ, რომ უკეთესი ადგილი არ არსებობს და მხოლოდ „სტარბაქს“-ით უნდა დავკმაყოფილდეთ, გარდა ამისა, ჩვენ ყოველთვის გვაქვს შანსი ყველაფერი ისე გავაკეთოთ, როგორც გვსურს. საქმე იმაშია, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველას იდეოლოგიასთან გვაქვს საქმე. ამავდროულად, იდეოლოგია არ არის მხოლოდ გიჟური იდეების ერთობლიობა, როგორიც იყო კომუნიზმი, მაგალითად, მთელი სამყაროს გადარჩენისა და შეცვლის წინადადებებით. ეს არის მხოლოდ საზოგადოებაში დომინანტური თვალსაზრისი იმაზე, თუ რა ხდება გარშემო. დღეს გაბატონებულ იდეოლოგიას ჰედონისტურ ცინიზმს დავარქმევდი. მისი არსი მარტივია: არ დაიჯეროთ დიდი იდეების, ისიამოვნეთ ცხოვრებით, იყავით ყურადღებიანი საკუთარი თავის მიმართ. ცხოვრება ამავდროულად არის თქვენი საკუთარი სიამოვნება, ფული, ძალა, უპირატესობები. ეს არის ის, რასაც მე იდეოლოგიას ვეძახი, და ეს არის ის, რაც გაჟღენთილია ჩვენს დამოკიდებულებაში რაიმეს მიმართ, იქნება ეს სამუშაო თუ ზოგადად რეალობა. შეიძლება ეს სერიოზულად მიიღოთ ან არ მიიღოთ. თქვენი უფლებაა.
ფინჯან ყავასთან ან ქილა კოლასთან ერთად მათ კონტექსტსაც ვიყენებთ, არა? და ვინ ვის ემსახურება ჯერ კიდევ გაუგებარია...
ზოგადად, ამაზე მაქვს საუბარი. საუბარია არა თავად კოკა-კოლაზეა, არამედ იმაზე, თუ როგორ მუშაობს იგი. და არა მხოლოდ რაღაც გაუგონარი სიამოვნების დაპირებების გაგებით. ჩემი ინტერესი - და ამას მუდმივად ვუბრუნდები ჩემს საქმიანობაში - არის ის, თუ რამდენად კარგად ახერხებს იგი ჩვენი ფარული სურვილების დაკმაყოფილებას. როგორ უწყობს ხელს იდეოლოგია ადამიანის სურვილს გააკეთოს რაიმე კარგი - დაეხმაროს ღარიბებს და ა.შ. დასავლეთში შენ მიდიხარ „სტარბაქს“-ში და ხედავ უზარმაზარ პლაკატს, სადაც ნათქვამია: „ჩვენი ყავა ცოტა უფრო ძვირია, მაგრამ გაყიდვების 1% გვატემალის მშიერი ბავშვების დასახმარებლად მიდის“. ან: „1% მიდის ტროპიკული ტყეების დაცვაზე“. და თუ მათ ყავას დალევთ, მაშინ მასთან ერთად მიიღებთ გარკვეულ სოციალურ სოლიდარობას და იდეოლოგიურ კმაყოფილებას. სვამთ და ფიქრობთ: „მე რაღაც გავაკეთე საზოგადოებისთვის!“ და ეს ნამდვილად მუშაობს.
უმრავლესობა უარყოფს მოსაზრებას, რომ მსხვილი კორპორაციის პროდუქციის შეძენით ხეებს ვკლავთ ან ტბებს ვაბინძურებთ..
დიახ, ეს იგივე ისტორიის მეორე ნაწილია. ვფიქრობ, თქვენ თვითონაც არ გეპარებათ ეჭვი, თუ რა ზიანს აყენებთ გარემოს თქვენი არსებობით. და ადამიანების უმეტესობას საერთოდ არ სურს იცოდეს რაიმე ამის შესახებ. ალბათ გაგიკვირდებათ ამის მოსმენა უცხოსგან, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვლაპარაკობ როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, როგორიც სინამდვილეში ვარ. ჩვენ საკმაოდ ფარისევლები ვართ. ვფიქრობთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია უმსხვილესი კომპანიების საქმიანობის შედეგების გააზრება, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. ეს არის ქცევის ტიპიური ამერიკული მოდელი. არავინ იტყვის: „ჰეი, შენ, საქმის კურსში ჩაგვაყენეთ, როცა შემდეგი პატიმრის წამებას დაიწყებთ“. უფრო მეტიც, ჩვენ ვიტყვით: „კარგი, კარგი, თქვენ საქმეს მიხედეთ, მხოლოდ ისე, რომ ჩვენ არაფერი ვიცოდეთ ამის შესახებ“. ადამიანებს უნდათ მშვიდად ცხოვრება, არ უნდათ ვინმემ შეაწუხოს, არ სურთ ბევრი რამის ცოდნა.
ფილმში „უცხონი ჩვენს შორის“ ამ აზრს ასახავთ ჩხუბის სცენით და ამბობთ, რომ საჭირო ხდება ადამიანების იძულება იყვნენ თავისუფალი. ეს რამდენის დარწმუნება იქნება საჭირო.
- პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ „უცხონი ჩვენს შორის“ შესანიშნავი ფილმია, მოხარული ვარ, რომ შევძელი მისი ნახვა. დავუბრუნდეთ კითხვას - მე არ ვარ ტერორისტი სტალინისტი, არავის მოვუწოდებ ვინმეს წამებისკენ. მაგრამ მინდა აღვნიშნო ასეთი პარადოქსი: ადამიანებს, გარკვეული გაგებით, მოსწონთ იდეოლოგიის ტყვეობაში ყოფნა. განვიხილოთ ეს „სტარბაქსის“ მაგალითზე – თუ ვიზიტორს ეჭვი ეპარება აფრიკელი ბავშვების დახმარების შესახებ განცხადებების გულწრფელობაში, მისი ცხოვრება მაშინვე ნაკლებად კომფორტული გახდება.. და როდესაც ვამბობდი, რომ ადამიანებს უნდა აიძულონ იყონ თავისუფალი, მე ვგულისხმობდი შემდეგს (უნდა ვთქვა, საკმაოდ პესიმისტურად ვარ განწყობილი): ადამიანებს არც თავისუფლება სჭირდებათ და არც სიმართლე. იცით, რა სჭირდებათ? მათ სუპერეგო სჭირდებათ. ადამიანებს აქვთ სწრაფვა ყველაფერი თავისებურად გააკეთონ, მაგრამ მათ სჭირდებათ ვინმე, ვინც ზუსტად ეტყვის, თუ რა უნდა გააკეთონ. და ამ შემთხვევაში არ ღირს ილუზიების შექმნა დემოკრატიის დასავლური მოდელის მიხედვით. თუ მათ არ ჰყავთ ადამიანი, ვინც მიუთითებს, ისინი იბნევიან და არ იციან, რა უყონ თავიანთ თავისუფალ ნებას.
გაინტერესებთ ვიდეო თამაშები? ბოლო წლებში ისინი თავს საკმაოდ თამამი განცხადებების გაკეთების უფლებას აძლევენ თქვენს სფეროში.
- იცით, მე ძალიან სულელი ვარ და არ მაქვს საკმარისი მექანიკური მეხსიერება ვიდეო თამაშებისთვის. მაგრამ ჩემი ცამეტი წლის ვაჟი დიდი სპეციალისტია. და მან მაჩვენა ორი თამაში პოსტსაბჭოთა სივრციდან. პირველს მგონი ჰქვია „The Stalin Subway“ (რუსეთში ცნობილია, როგორც „მეტრო-2“ - რედ. შენიშვნა), სადაც თამაშობთ 1950-იანი წლების ოფიცერს, ხოლო გარშემო - მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი შენობაა, საიდუმლო მიწისქვეშა კომუნიკაციებით და ა.შ. და მეორე არის უკრაინული, იქ რაღაც ჩერნობილის შესახებაა.
S.T.A.L.K.E.R.?
დიახ, ზუსტად. ზოგადად, მეჩვენება, რომ დიდი დასავლური თამაშები, როგორიცაა Call Of Duty ან Assassin's Creed, უკვე აღარ არის მხოლოდ თამაშები. ისინი დიდ მნიშვნელობას იძენენ და მათი ნარატიული სტრუქტურები კინოს არ ჩამოუვარდება. ბოლოს და ბოლოს, XX საუკუნემ კინოს ნიშნის ქვეშ გაიარა და ახლა ჩვენ, როგორც ჩანს, ახალ ეპოქაში შევედით - სერიალების და ვიდეო თამაშების ეპოქაში. ამერიკას კი, მასობრივი კულტურის მთავარ მიმწოდებელს, აშკარად გადააქვს შემოქმედებითი ძალები კინოწარმოებიდან სერიალების წარმოებაზე. და მათ უკვე აქვთ უფრო დიდი გავლენა ადამიანებზე, ვიდრე ფილმებს. მე არ მაქვს საკუთარი თეორია, მაგრამ კარგი იქნებოდა იდეოლოგიის თვალსაზრისით გაგვეანალიზებინა მხატვრულ ფილმებზე სერიალების გამარჯვება.
თქვენ უყურებთ სერიალებს?
მაინც და მაინც არა. მაგრამ რაღაც სათქმელი მაქვს. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მე მძულს ექიმი ჟივაგოს ჰოლივუდური ვერსია ომარ შარიფისა და ჯული კრისტის მთავარ როლებში მონაწილეობით. მირჩევნია თერთმეტსაათიანი რუსული ვერსია ოლეგ მენშიკოვთან ერთად.
არ გამიკვირდებოდა, მენშიკოვზე უცებ რომ დაგეწყოთ საუბარი ნიკიტა მიხალკოვის „მზისგან დაღლილების“ ან „ციმბირელი დალაქი“ კონტექსტში. უბრალოდ, „ექიმი ჟივაგო“ მისი მონაწილეობით რუსეთშიც კი ყველას არ უნახავს.
მიხალკოვი ჩემთვის საკმაოდ სევდიანი ამბავია. ხომ არ ფიქრობთ, რომ ის განასახიერებს არც თუ ისე სასიამოვნო იდეას იმისა, რომ დიდი ხელოვნება რუსეთში მხოლოდ სახელმწიფოსთან ერთად დადის ხელიხელ? დიდი დრო არ დასჭირდება იმის დაჯერებას, რომ ეგრეთ წოდებული თავისუფლება რაღაც გამონაგონია. მაგალითად, პოლონეთში მსგავსი სიტუაციაა: ანდჟეი ვაიდამ თავისი მთავარი ფილმები კომუნიზმის დროს გადაიღო. და საერთოდ, ყოველთვის იყო, ვთქვათ, პატრიოტი რეჟისორი. მაგრამ მიხალკოვს დავუბრუნდეთ. ხომ არ ფიქრობთ, რომ „ციმბირელი დალაქი“ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ფილმია? არა, რა თქმა უნდა, მომწონს - მე ვიტყოდი კიდეც, სექსუალური თვალსაზრისით - მსახიობი ჯულია ორმონდი, მაგრამ ამას ვერ ვუკავშირებ იმას, რაც ფილმში ხდება, რატომღაც ყველაფერი უაზროდ მეჩვენება. მე ვიცნობდი ადამიანს, რომელიც იცნობდა ტარკოვსკის. მან კი, როდესაც დასავლეთში სიმსივნისგან კვდებოდა, ჩემს მეგობარს შესჩივლა, რომ დასავლეთში ის ვერასდროს შეძლებდა თანხების მოპოვებას ისეთი ფილმისთვის, როგორიც „სტალკერია“. მე ახლა არ ვცდილობ კომუნიზმის ქებას, უბრალოდ ისევ პარადოქსზე მივუთითებ: ყველას, მათ შორის დასავლეთშიც, ძალიან უნდოდათ სსრკ-ში კომუნისტური სისტემის განადგურება და იმედოვნებდნენ, რომ იქ დემოკრატიის მოსვლა გამოიწვევდა შემოქმედებითი აქტივობის ნამდვილ აფეთქებას. მაგრამ აფეთქება არ მომხდარა.
მეორეს მხრივ, კინოს ბილეთების ყიდვისას ყველაზე ნაკლებად, რაზეც უმეტესობა ფიქრობს, იდეოლოგიაა - თუნდაც მიხალკოვის შემთხვევაში.
ასეც არ არის. ხალხს ნამდვილად სურს გართობა. მაგრამ გარკვეული კუთხით, დომინანტური იდეოლოგიის მიერ ჩამოყალიბებული ნაკარნახევი იდეების ნაკრებით. ეს არ არის ისეთი იდეები, როგორც: „შეწირე სიცოცხლე ქვეყანას და დემოკრატიას“, არამედ ბევრად უფრო ჰედონისტურია – „იყავი ისეთი, ვინც ხარ“, „გამოავლინე შენი პოტენციალი“, „იყავი კრეატიული“ და ა.შ. დღეს კი იდეოლოგია მიმართულია კონკრეტულად საკუთარი პიროვნების პატივისცემაზე. ჩვენი თაობა კი - ფართო გაგებით - იდეოლოგიას უფრო მეტად ემორჩილება, ვიდრე ნებისმიერი სხვა ისტორიაში. სიცხადისთვის მოვიყვან მაგალითს. ადამიანები ხშირად ამბობენ, რომ კომუნიზმის იდეოლოგია წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან სკოლებშიც კი ბავშვები თვალწინ ხედავდნენ ყველა ამ ოფიციალურ ტექსტს და სერიოზულად არც კი აღიქვამდნენ მათ. მაგრამ საკუთარი გამოცდილებიდან - ვგულისხმობ ცხოვრებას ყოფილ იუგოსლავიაში - შემიძლია ვთქვა, რომ მმართველ წრეებშიც კი არავინ აღიქვამდა კომუნიზმის იდეებს პირდაპირი მნიშვნელობით. ყველას უფრო მეტად კარიერისტული იდეებით იყო გატაცებული. მე მყავს მეგობარი, რომელიც მუშაობდა სლოვენიის კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში. იცით, რატომ გაათავისუფლეს სამსახურიდან? იმიტომ რომ ზედმეტად სერიოზულად მოეკიდა ოფიციალურ იდეოლოგიას! ყოველთვის მაინტერესებდა, როგორ გამოდის, რომ ოფიციალური იდეოლოგია მხოლოდ მაშინ მუშაობს, თუ მას სერიოზულად არ აღიქვამენ. საბჭოთა კავშირში, როგორც ვფიქრობ, დაახლოებით იგივე ხდებოდა. ხრუშჩოვის ეპოქა კი, ალბათ, ბოლო იყო, როცა მმართველი წრეები მთელი გულით უჭერდნენ მხარს „სპუტნიკს“ და ა.შ. მის შემდეგ დადგა ბევრად უფრო ცინიკური მმართველობის დრო, და ნომენკლატურამ ფაქტიურად შეწყვიტა მის მიერ გამოცხადებული იდეების რწმენა.
დღეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ინტერნეტში შესვლა და თითქმის ყველაფრის გაგება მის გარშემო არსებულ სამყაროზე. მაგრამ გამოიწვევს კი ეს იმ გარემოებას, რომ საზოგადოება უფრო ცნობიერი გახდება?
აქ თავად კითხვის ფორმულირებაშია სირთულე. ერთის მხრივ, ინტერნეტი ნებისმიერ მსურველს უხსნის წვდომას მსოფლიოს ყველა ინფორმაციაზე, ხოლო მსურველებისთვის მიღებული ინფორმაციის რაოდენობა იზრდება. მაგრამ უმრავლესობისთვის, რომელიც არ არის განსაკუთრებით მზად გასარკვევად, და ეს არის ყველა ადამიანის დაახლოებით 99%, ინფორმაცია კიდევ უფრო ნაკლებია. ადრე, გაზეთის კითხვისას, შეიძლებოდა რაიმე გაბედული სტატიის ნახვა და გაკვირვება. დღეს კი - და ეს მეც მეხება - ადამიანებს უბრალოდ შეუძლიათ Yahoo!-ის მთავარ გვერდზე შესვლა, მაგალითად, ახალი ამბებისთვის თვალის გადავლება და დამშვიდება - რადგან იქ სიახლეები გაცილებით თავშეკავებული და საშუალოა. არსებობს კვლევები ამ თემაზე, რომლებიც აჩვენებს, თუ როგორ ავიწროებს ინფორმაციული ველის გაფართოება არჩევანის სივრცეს. ამის მიზეზი თავად საინფორმაციო არხებია. ჰეგელმა ასე თქვა: „დილის გაზეთი თანამედროვე ადამიანის დილის ლოცვაა“. ახლა, როგორც ჩანს, დილის ლოცვა ფოსტის შემოწმება და ახალი ამბების სათაურების წაკითხვაა. საკმაოდ ვიწრო ფანჯარაა ინფორმაციის სამყაროში, არა? ჩემმა მეგობრებმა ისრაელში მითხრეს, რომ ინფორმაციის ადვილად ხელმისაწვდომი წყაროები აცხადებენ პალესტინასთან კონფლიქტის შესახებ ამ უკანასკნელისთვის ძალიან არახელსაყრელ ჭრილში. ჭეშმარიტი ინფორმაცია ინტერნეტში არის, მაგრამ მისი მოძებნაა საჭირო, გასაგებია? ინტერნეტი კი დღეს ისე ვითარდება, რომ მოსახერხებელ და ჭეშმარიტ ინფორმაციას შორის კედელი სულ უფრო სქელდება. მაგრამ ჯერ-ჯერობით ყველაფერი არც ისე კრიტიკულ მდგომარეობაშია, ინტერნეტი რჩება უზარმაზარ ბრძოლის ველად. იცით, ექვსი თვის წინ უცნაური რამ შევნიშნე. როდესაც ყიდულობთ Apple მოწყობილობას - iPad-ს თუ სხვას, არ აქვს მნიშვნელობა, ნაგულისხმევად იღებთ სიახლეებს News Corporation-დან, რომლის მფლობელიც რუპერტ მერდოკია. არ მინდა რაიმე პარანოიდული დასკვნების გამოტანა და იმის თქმა, რომ ჩვენ ყველანი მართვადები ვართ, ეს უფრო იმაზეა, თუ რა შესაძლებლობებს აძლევს ინტერნეტი ძლიერ ორგანიზაციებს. და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს.
თუ ინტერნეტში ბრძოლებზე ვსაუბრობთ, არ შემიძლია არ ვიკითხო - ვინ უფრო მოგწონთ, ძაღლები თუ კატები.?
ერთმნიშვნელოვნად ძაღლები. კატები ბოროტები და ზარმაცები არიან, ძაღლები კი სულელები და ერთგულები. ძალიან ტოტალიტარული პოზიციაა, არა?
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised