„სიტუაცია ახლა უფრო უარესია, ვიდრე ლოკდაუნის დასაწყისში“
ფსიქიატრი ანდრეი შმილოვიჩი - რა ნევროლოგიური და ფსიქოგენური აშლილობა გამოიწვია პანდემიამ და როგორ ვუმკურნალოთ მათ
https://iz.ru/1150112/ekaterina-iasakova/seichas-situatciia-khuzhe-chem-v-nachale-lokdauna
გადატანილმა COVID-19-ის შედეგებმა ერთი-ორი თვის განმავლობაში შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს კოგნიტურ ფუნქციებზე, გამოიწვიოს ძილის, მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის და ინტელექტუალური დაქვეითების დარღვევები. სერიოზული ფსიქიკური პრობლემები გახანგრძლივებული პანდემიის შედეგად - რეაქტიული დეპრესია, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობები და სხვა - შეიძლება გაგრძელდეს ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში, განაცხადა ნ.ი. პიროგოვის სახელობის რუსეთის ეროვნული კვლევითი სამედიცინო უნივერსიტეტის ფსიქიატრიისა და სამედიცინო ფსიქოლოგიის კათედრის გამგემ, სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორმა ანდრეი შმილოვიჩმა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში. მისი თქმით, ახლა სიტუაცია მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ბევრად უარესადაა, ვიდრე ლოკდაუნის დასაწყისში: იზრდება ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც ფსიქიატრის დახმარება ესაჭიროება. მათ შორის ბევრი მოზარდია, რომელსაც აქვს სუიციდური რისკის გაზრდილი დონე, და მოხუცები, რომლებიც უარს ამბობენ სახლიდან გასვლაზე, არ ჭამენ და არ იძინებენ. ამასთან, ფსიქიატრია არ შედის სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის სისტემაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით კი სპეციალისტების მწვავე დეფიციტია.
— შეიძლება COVID-19-მა გამოიწვიოს ორგანული ფსიქიკური აშლილობა?
— და ასეც ხდება. თუმცა უფრო სწორი იქნება ამ პრობლემას დავარქვათ არა ფსიქიატრიული, არამედ ნევროლოგიური. გართულებები შეიძლება საკმაოდ სერიოზული იყოს. ვირუსს ნამდვილად აქვს ნეიროტროპიულობა. ბევრს შეხვდა ისეთი ნევროლოგიური სიმპტომები, როგორიცაა ანოსმია და პაროსმია - ყნოსვის დაკარგვა და გაუკუღმართება, სუნის შეგრძნება, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს.
ამავდროულად, რა თქმა უნდა, ვირუსი გავლენას ახდენს კოგნიტურ ფუნქციებზეც, განსაკუთრებით პირველ თვეში ტემპერატურის ვარდნისა და ინტოქსიკაციის შეწყვეტის შემდეგ. ასთენიის - სისუსტის, უხალისობის, დაღლილობის და ძილის დარღვევის გარდა - ჩვენ ვხედავთ მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის, ინტელექტუალურ დარღვევას და მრავალი სხვა კოგნიტური ფუნქციის დარღვევას, რომელიც ადამიანს სჭირდება, განსაკუთრებით გონებრივი მუშაობის სფეროში მომუშავეებს.
ამის შესახებ შემიძლია ვიმსჯელო არა მხოლოდ ჩემი პაციენტების, არამედ სტუდენტებისა და ორდინატორების მიხედვით, რომლებსაც ფსიქიატრიას ვასწავლი. ავადმყოფობის შემდეგ მასალის ათვისების უნარი, როდესაც ისინი სკოლაში ბრუნდებიან, გარკვეული დროით მცირდება. ამის თქმა შემიძლია ჩემს შესახებაც. მეც გადავიტანე ავადმყოფობა და საკმაოდ სერიოზული კოგნიტური სირთულეები განვიცადე დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში. მაგრამ ყველაფერი აღდგა, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის. კლინიკური პრაქტიკა აჩვენებს, რომ ასეთი ორგანული სიმპტომატიკა შეიძლება გაგრძელდეს ერთი თვე, მაქსიმუმ ორი.
—ბევრი ადამიანი ჩივის, რომ ავადმყოფობის შემდეგ სისუსტე და დაღლილობა თვეების განმავლობაში გრძელდება. შეიძლება ეს სიმპტომები, გამოვლინებების ხანგრძლივობის შემთხვევაში, შემდგომში გადავიდეს ფსიქიატრიის კატეგორიაში?
— არა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ კორონავირუსი არ იწვევს ეგრეთ წოდებულ ორგანულ დეპრესიას ან ფსიქოზს. დიახ, ის პროვოცირებს ასთენიას, ფსიქოორგანულ სინდრომს, კოგნიტური ფუნქციების დარღვევას, ფიზიკურ დაღლილობას, მაგრამ არა დეპრესიულ აშლილობას და, როგორც თქვენ ამბობთ, ასე ხანგრძლივს, თითქმის მრავალწლიანს, ან თუნდაც დამუდამოს მომავალში. თუ ადამიანს გადატანილი ავადმყოფობის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში შეენიშნება ფსიქიკური პრობლემები, დიდი ალბათობით, ამის მიზეზი პანდემიით გამოწვეული სოციალური ძვრები და ფსიქიკური ტრავმა იყო.
— ანუ ეს უკვე აღარ არის ვირუსის შედეგები?
—არა, ეს მხოლოდ სოციალური და ფსიქოლოგიური შედეგებია..
—რამდენად რთულია ახლა სპეციალისტებისთვის პანდემიით გამოწვეული თავზარის შედეგებთან გამკლავება? რამდენი ხანი სჭირდება პაციენტის მართვას?
— პროცესი შეიძლება საკმაოდ ხანგრძლივი იყოს - ერთ წლამდე ან მეტხანს. ფსიქოგენური დარღვევები, მათი წარმოშობის გათვალისწინებით, შენარჩუნდება მანამ, სანამ იარსებებს ფსიქიკური ტრავმა, რომელიც ადამიანმა ვერ გადაიტანა. ეს ყველაფერი დამოკიდებულია მის შესაძლებლობებზე. სტრესული აშლილობისგან გამოსავალი არის არა მხოლოდ სტრესული ზემოქმედების გაქრობა, არამედ ინდივიდის რთული მუშაობა მის დამუშავებაზე. საუბარია ახალ საცხოვრებელ პირობებთან ადაპტაციაზე, რომლებიც უფრო უარესია, ვიდრე ადრე იყო. ამ ადაპტაციის სიჩქარე და ტემპი დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ხასიათი აქვს ადამიანს და რამდენად წარმატებით იყო შესაძლებელი ფსიქოთერაპიული სამუშაოსა და სამკურნალო პრეპარატების შერჩევა. საშუალოდ ამას სჭირდება 3-6 თვიდან ერთ წლამდე.
—როგორია რუსეთში პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა?
—ჩემი დაკვირვებით, ახლა სიტუაცია უფრო უარესია, ვიდრე ლოკდაუნის დასაწყისში. იზრდება ფსიქიკური დახმარების საჭიროების მქონე ადამიანების რიცხვი. მე ამას ვხედავ, ბევრი ჩემი კოლეგა ხედავს. ისევ და ისევ გავიმეორებ, ფსიქიკური აშლილობები, რომელთა მოწმეც ჩვენ ვართ, უფრო მეტად უკავშირდება არა თავად ინფექციას, არამედ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს. ბევრმა დაკარგა სამსახური, ოჯახი, მეგობრები. ადამიანებს ტანჯავთ შფოთვა, ფობიური, ჰიპოქონდრიული, დეპრესიული, რეაქტიული მდგომარეობები.
— რამ შეიძლება მოახდინოს ფსიქიკური ჯანმრთელობის აღდგენის ასეთი ხანგრძლივი დროის პროვოცირება?
— კარანტინსა და კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაცია არ არის მხოლოდ ლოკდაუნი, დისტანცია და სახლში ჯდომა. ეს სერიოზული და ღრმა ცვლილებებია არა მხოლოდ ცხოვრებაში, არამედ ფილოსოფიაში, ადამიანის მსოფლმხედველობაში. სოციალური კონტაქტები და თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის. ერთიც და მეორეც ადამიანის ორი მთავარი, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ბიოლოგიური, ბუნებრივი ღირებულებებია. ამ წლიური შემთხვევის შედეგად ისინი წართმეული იქნა. ადამიანისთვის ეს არის ყველაზე ღრმა გარდატეხა მისი შეხედულებების სტრუქტურაში ცხოვრების შესახებ, ძალიან მძიმე ეგზისტენციალური ცვლილებები ფსიქიკაში.
გარდა ამისა, საუბარია ეკონომიკურ კრიზისზე არა რომელიმე ქვეყანაში ან მსოფლიოში, არამედ კონკრეტულ ოჯახში. ბევრ ოჯახს წლების განმავლობაში ოფლითა და სისხლით აშენებული ბიზნესი უცებ ჩამოეშალა და ერთ წამში დაენგრა. ადამიანებს ისევ, როგორც 90-იან წლებში, გატეხილი ვარცლი შერჩათ ხელში. ჩვენ ვხვდებით პაციენტებს, რომლებიც განიცდიან მძიმე რეაქტიულ მდგომარეობებს გაჭიანურებული სტრესის გამო, ეჭვებს ცხოვრების ძირითად ღირებულებებში. ეს არის ეგრეთ წოდებული ფსიქოგენური დაავადებები: რეაქტიული დეპრესია, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა და სხვა სახის შფოთვა. ეს არის ყველა სახის ადაპტაციის დარღვევა, სხვადასხვა სახის აკვიატება, ობსესია, ძალიან ბევრი ჰიპოქონდრიულ რეაქცია და ა.შ.
—კიდევ რას უჩივიან თქვენი პაციენტები სამსახურის დაკარგვის გარდა??
— ჩემი პაციენტებისთვის ყველაზე მძიმე დანაკარგი მათი საყვარელი ადამიანების სიკვდილია. ზოგიერთ შემთხვევაში, ადამიანები ებრძვიან ამ დაავადებას კვირების ან თვეების განმავლობაშიც კი. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ახლობელ ადამიანებს, როგორც საქანელაზე, ან უჩნდებოდათ იმედი, ან ყველაფერი კრიტიკული იყო. შედეგად, დაავადება იმარჯვებდა.
მრავლადაა სასურველი, ხანგრძლივი და სტაბილური ურთიერთობების გაწყვეტის შემთხვევები: ადამიანები შორდებიან ერთმანეთს, რადგან ვერ გაუძლეს ფსიქოლოგიურ ოჯახურ კრიზისს. ძალიან ბევრი ფსიქიკური აშლილობა ბავშვობაში და მოზარდობაში დაკავშირებულია ამ პრობლემასთან.
დიდია მიმართვების რაოდენობა, რომლებიც დაკავშირებულია საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით მშობლებთან კონტაქტის ხანგრძლივ გაწყვეთასთან, განსაკუთრებით თუ ისინი მოხუცები არიან. მათ გამო მუდმივი შიში ასევე საკმაოდ სერიოზული დამღლელი და ტრავმული ფაქტორია.
—როგორ იმოქმედა გასულმა წელმა ბავშვებზე და მოზარდებზე?
—ბევრი მათგანისთვის, ე.წ დისტანციური შესწავლის შედეგად, ცოდნის დონე ძალიან დაბალი აღმოაჩნდა. სკოლაში ისინი მასწავლებლების საკმაოდ მკაცრი მოთხოვნების, სატესტო სამუშაოების წინაშე დადგნენ. გასაკვირი არ არის, რომ ბავშვებისა და მოზარდების დიდი ნაწილი სირთულეებს განიცდის. ვისაც ფსიქიკაში სუსტი ადგილები ჰქონდა, სერიოზულად, პათოლოგიურად იტანჯება, მძიმე დეპრესიულ და ფსიქოზურ მდგომარეობებშიც კი ვარდებიან. სუიციდური ქცევის დონე მკვეთრად გაიზარდა მოზარდებში. ოპოზიციის, პროტესტის, არასუიციდური თვითდაზიანების, აგრავაციის ძალიან ბევრი რეაქციაა - ეს არის ის, რის წინაშეც დგანან ახლა ბავშვთა და მოზარდების ფსიქიატრები.
— ხანდაზმული ადამიანები ყველაზე დიდხანს იყვნენ სახლში. რა პრობლემები აქვთ მათ?
—ხანდაზმული ადამიანი უფრო ხშირად ფიქრობს მარადიულზე. როცა ის შეიტყობს, რომ ვიღაცას უბედურება დაატყდა თავს, ტელევიზორში ხედავს და ინტერნეტით იგებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ კვდებიან ცნობილი ხანდაზმული ადამიანები, ბუნებრივია, მათ უჩნდება სიკვდილის შიში. ხანდაზმული ადამიანები აღარ გადიან სახლიდან, კატეგორიულ უარს ამბობენ კონტაქტებზე, ეცემა მათი გუნება-განწყობა. ძალიან ხშირად ასეთ სიტუაციაში ისინი წყვეტენ ჭამას, ძილს და მათი სომატური დაავადებები მწვავდება.
—რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს პანდემიის შედეგები?
— ვფიქრობ, ისინი გაგრძელდება რამდენიმე წლის განმავლობაში, რადგან ფსიქოლოგიური განხეთქილება, რომელიც გასული წლის განმავლობაში მოხდა, ძალიან ღრმაა. ეს არ არის წამიერი პრობლემები, რომლებსაც ჩვეულებრივ წვრილმანებს უწოდებენ. არა. ეს არის ფსიქიკის ძალიან მნიშვნელოვანი, ღრმა გარდატეხა, რომლებიც მოხდა ბუნებრივი ინსტინქტების დონეზე.
—რა პრობლემები გამწვავდა უკვე ახლა, პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ?
—როგორც მოსალოდნელი იყო, მნიშვნელოვნად გაიზარდა შფოთვით-ფობიური აშლილობისა და ჰიპოქონდრიის მქონე პაციენტების რაოდენობა. თუმცა არის სიურპრიზებიც. მაგალითად, მოულოდნელად, ბევრისთვის მოულოდნელად, გაიზარდა კვებითი დარღვევების მძიმე ვარიანტების მქონე პაციენტების რიცხვი. ამ პაციენტებთან ახლა საკმაოდ ხშირად მაქვს საქმე. ჩნდება შთაბეჭდილება, რომ სწორედ აშლილობების ეს ჯგუფი დღეს იზრდება. ძნელი სათქმელია, რამდენად არის ეს გამოწვეული პანდემიით.
—არის თუ არა დღეს გათვალისწინებული რაიმე ფსიქოლოგიური ან ფსიქიატრიული დახმარება მათთვის, ვინც გადაიტანა COVID-19?
—რა თქმა უნდა. ადამიანს შეუძლია მივიდეს თავის რაიონულ დისპანსერში ან პოლიკლინიკაში, სადაც განლაგებულია ამ დისპანსერის ფილიალი, ფსიქოლოგთან ან ფსიქოთერაპევტთან მიღებაზე, გაიაროს ფსიქოთერაპიული ან ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის გარკვეული კურსი, მათ შორის სამედიცინო ფსიქიატრიული, საჭიროების შემთხვევაში. მე ვერ ვისაუბრებ ჩვენი ქვეყნის რეგიონულ დაწესებულებებზე, მხოლოდ მოსკოვის მიხედვით ვიმსჯელებ.
— ასეთ შემთხვევებთან ხშირად გაქვთ შეხება?
— დიახ. ბევრი მოდის. მუდმივად მაქვს შეხება.
შეიძლება თუ არა საჭირო გახდეს დამატებითი სპეციალისტი ფსიქიატრების დახმარება პაციენტების მზარდი რაოდენობის გათვალისწინებით?
— იძულებული ვარ ვთქვა, რომ მოსკოვშიც და მთლიანად რუსეთში კადრების დიდი დეფიციტია: არ არის საკმარისი ფსიქიატრი, ისევე როგორც არ არის საკმარისი ფსიქიატრიული დაწესებულებები. დღეს ფსიქიატრებზე დატვირთვა კოლოსალურია, ზოგჯერ გადამეტებული. ექიმები დისპანსერებში ვერ უმკლავდებიან. პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა მთელმა ფსიქიკურმა პათოლოგიამ აჩვგამოავლინაენა ფსიქიატრიული სამსახურების სუსტი ადგილები.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი დაფინანსების ნაკლებობაა. ფსიქიატრია არ შედის სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის სისტემაში სხვა სამედიცინო სპეციალობებისგან განსხვავებით, და ფინანსდება უშუალოდ ფედერალური და ნაწილობრივ რეგიონული ბიუჯეტიდან. სამწუხაროდ, ფსიქიატრიისთვის თანხები კვლავ დარჩენილის პრინციპით არის გამოყოფილი. ჯერ პედიატრიას, ონკოლოგიას, ქირურგიას, გინეკოლოგიას, თერაპიას უჭერენ მხარს, ბოლოს კი ფსიქიატრიაა. ეს ტენდენცია მრავალი წელია არსებობს, და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ასეთ ვითარებაში ახალგაზრდებისთვის პროფესიის პოპულარობის ამაღლება ძალიან რთულია – ისინი არ მიდიან ფსიქიატრიაში.
— როგორია კადრების დეფიციტი? რა სახსრებია საჭირო პრობლემის მოსაგვარებლად?
— მე არ ვარ ეკონომისტი, მაგრამ ვფიქრობ, რომ დაფინანსება უნდა გაორმაგდეს მაინც. დიდი იმედი მაქვს, რომ დღევანდელ ვითარებაში ჩვენი სახელისუფლებო სტრუქტურები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩვენს სპეციალობაში კადრების დეფიციტი, რა თქმა უნდა, განსხვავებულია. ბევრი რამ არის დამოკიდებული რეგიონზე და კონკრეტულ ქალაქზე. გამოთვლები ძალიან მიახლოებითია, ხოლო გამოქვეყნებული მონაცემები წარმოდგენილია ძალიან ფართო გაფანტვით - 15%-დან 90%-მდე. სამწუხაროდ, მედიცინაში ეკონომიკის კანონები არ მუშაობს ისე, როგორც სხვა დარგებში. შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ, თუმცა დაავადებები ეკონომიკურ წიგნებს არ კითხულობენ, ბუნების კანონები კი ჩვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე არ ყალიბდება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჯანდაცვა არ შეიძლება იყოს მომგებიანი სახელმწიფოსთვის. ეს დოტაციური სფეროა.
—ისტორიულად, ადამიანები ერიდებიან ნევროლოგიურ-ფსიქიატრიულ დისპანსერებში მიმართვას. შეცვალა თუ არა პანდემიამ დამოკიდებულება ექიმი ფსიქიატრების მიმართ?
—დამოკიდებულება ნამდვილად იცვლება. ჯანმრთელობა სულ უფრო და უფრო პრიორიტეტული ხდება ადამიანებისთვის, ის კი შეუძლებელია ფსიქიკური წონასწორობის გარეშე. ახლა 2000-2010 წლებში დაბადებულ ახალგაზრდა თაობას აღარ აქვს ფსიქიატრების კატეგორიული მიუღებლობა, ამ ასაკობრივ ჯგუფებში ისინი უყოყმანოდ საუბრობენ სპეციალისტებთან მიმართვაზე. გარკვეული ცვლილებები მოხდა მოზრდილებშიც: ადამიანებს აღარ აქვთ ფსიქიატრების შიში, ყოველ ჯერზე რწმუნდებიან, რომ არ არსებობს არავითარი აღრიცხვა, არ არსებობს მკაცრი შეზღუდვები. თუ ადამიანი მივა დისპანსერში და ექიმთან მიღებაზე ჩაეწერა, მას არ გაათავისუფლებენ სამსახურიდან, არ დაუწესებენ ყბადაღებულ კლიშეებს - ეს ყველაფერი ძალიან შორეული წარსულის მითებია. ვიზიტები ფსიქიატრებთან მატულობს.
—საყოველთაოდ მიღებულია, რომ განსაცდელი გამოწრთობს ადამიანს. შეგიძლიათ ასე თქვათ COVID-19 პანდემიის შემთხვევაში?
— მესმის, რომ სასურველია დავასრულო ოპტიმისტურ ნოტზე: როგორც ამბობენ, ვისაც მწუხარება არ უნახავს, არასოდეს სცოდნია ბედნიერება. მაგრამ მართალი გითხრათ, ეს ასე არ არის. ჩემი აზრით, იმაში, რაც ხდება, პლიუსი ბევრად ნაკლებია, ვიდრე მინუსი.
===
https://meduza.io/feature/2020/04/09/dmitriy-peskov-ne-budet-polzovatsya-blokatorom-virusov
დიმიტრი პესკოვი არ გამოიყენებს „ვირუსის ბლოკატორს“
ის უბრალოდ მიიჩნევდა ბლოკატორს „პრევენციულ საშუალებად“ იაპონიიდან
2020 წლის 8 აპრილს ვლადიმერ პუტინის რეგიონების ხელმძღვანელებთან თათბირის დროს მისი პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი მოვიდა პიჯაკის ლაცკანზე მწვანე ბეიჯიკით. ეს აღმოჩნდა ე. წ. ვირუსის ბლოკატორი - მრავალი მსგავსი პროდუქტიდან ერთ-ერთი, რომელიც თითქოს იცავს ბაქტერიებისა და ვირუსებით ინფიცირებისგან. მათი მწარმოებლები, თუ ვიმსჯელებთ საიტ ozon.ru-ზე ერთ-ერთი ამ პროდუქტის აღწერით, სთავაზობენ მას, როგორც „ბაქტერიებისგან, ვირუსებისგან დაცვის ... და სადეზინფექციო ეფექტის მქონე ინდივიდუალურ საშუალებას“.
ამ სახის ყველა პროდუქტი, როგორც მთავარი მოქმედი საშუალება, მიუთითებს ქლორის დიოქსიდზე, რომელიც გამოიყენება ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობაში, როგორც გამათეთრებელი, და სადეზინფექციო საშუალება. მაგრამ ქლორის დიოქსიდი მომწამვლელი აირია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და ხველა. ჯერ კიდევ 2019 წელს, აშშ-ს კვების პროდუქტებსა და წამლებზე კონტროლის სამმართველომ (FDA) გამოსცა სამახსოვრო მომხმარებლებისთვის რეკომენდაციით არ გამოიყენონ ქლორის დიოქსიდის შემცველობის ნებისმიერი პროდუქტები, რომლებიც რეკლამირებულია, როგორც სამკურნალო საშუალება, და მყიდველს სთავაზობენ მკურნალობას ან სხვადასხვა დაავადებების პროფილაქტიკას, გრიპიდან აუტიზმამდე და აივი-ს.
თათბირის დროს შეამჩნიეს, რომ დიმიტრი პესკოვს ჰქონდა ბეიჯიკი AirDoctor Portable. პრეზიდენტის პრესმდივანმა მოგვიანებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან ის აფთიაქში შეიძინა, მაგრამ ამ მასალის გამოქვეყნების დროისთვის „მედუზა“-ს კორესპონდენტებმა ვერ აღმოაჩინა იგი დედაქალაქის არცერთ სააფთიაქო ქსელში. სახელმწიფო ქსელში „დედაქალაქის აფთიაქები“ „მედუზას“ განუცხადეს, რომ მათ ასორტიმენტში მსგავსი პროდუქტი არასდროს ჰქონიათ. ის ასევე არ იყიდება აფთიაქებიდან წამლების ონლაინ მიწოდების სერვისებში.
მიუხედავად ამისა, ერთ-ერთ აფთიაქში „მედუზას“ კორესპონდენტს განუცხადეს, რომ ასეთი ბლოკატორები ადრე ჰქონდათ გაყიდვაში. თავად პესკოვმა კი დააზუსტა „მედუზასთვის“, რომ მან თავისი ბლოკატორი შეიძჳნა დაახლოებით ოთხი კვირის წინ მოსკოვის ცენტრში მდებარე აფთიაქში.
რუსულმა კომპანიამ AirDoctor-ის ბლოკატორების დისტრიბუტორმა თავის გვერდზე „ვკონტაქტე“ უკვე დაიტრაბახა, რომ მის პროდუქციას პრეზიდენტის პრესმდივანი იყენებს. თუმცა, მან თავად განუცხადა „მედუზას“, რომ ამას აღარ გააკეთებდა.
„ვირუსის ბლოკატორების“ ეს დისტრიბუტორი დღემდე იღებს შეკვეთებს მიწოდებაზე. პროდუქცია AirDoctor Portable ბრენდის სახელით რუსეთში ვრცელდება ონლაინ მიწოდების საიტემის საშუალებით - მაგალითად, „იანდექს.მარკეტის“ ან „ოზონის“. „იანდექს-მარკეტ“-ზე, პროდუქტის აღწერილობის ნაწილში ნათქვამია, რომ ეს არის ჰაერის გამწმენდი პროდუქტი, მის შემადგენლობაში შედის - ქლორის დიოქსიდი, მოქმედების რადიუსი - ერთი კუბური მეტრი, ეფექტურობა - 30 დღე. აღწერილობაში არაფერია ნათქვამი ამ პროდუქტის მოქმედების ან გვერდითი ეფექტების შესახებ. თუმცა, რეალურ გაყიდვაში ეს ბლოკატორები ამ მასალის გამოქვეყნების მომენტისთვის არცერთ პოპულარულ ონლაინ ბაზარზე არ ყოფილა - საიტებზე ითქვა, რომ „პროდუქტი გათავდა“.
პროდუქტის აღწერილობაში ozon.ru-ზე ნათქვამია, რომ Air Doctor „იაპონელი მეცნიერების ახალი მიღწევაა“, ხოლო ვებსაიტზე blokator-virusov.ru ნათქვამია, რომ მათი „პროდუქცია მზადდება მხოლოდ იაპონიაში“ და „პროდუქციის ანალოგები და დაბალი ხარისხის ასლები სხვა ქვეყნებიდან არ იძლევა ასეთ მყარ ეფექტს“.
რუსი დისტრიბუტორის ონლაინ მაღაზია „გრიპის და გაციების საწინააღმდეგო ბეიჯი Air Doctor“ ინდივიდუალურ მეწარმე ნატალია მარინიჩს ეკუთვნის, რომელიც, როგორც ინდივიდუალური მეწარმე (SPARK-ინტერფაქსის მონაცემთა ბაზის მიხედვით), 2017 წლის იანვარშია რეგისტრირებული ვლადივოსტოკში. მისი პატენტური რწმუნებულის ინფორმაციით, მარინიჩმა 2019 წლის დასაწყისში გადასცა Air Doctor-ის სავაჭრო ნიშანი იაპონურ კომპანია „კიოიუ ზოტიუგიკუ კო“-ს - ეს კომპანია იაპონიის პრეფექტურის ვაკაიამას დედაქალაქიდან ყიდის ფუმიგატორებს და ჰაერის არომატიზატორებს. ამასთან, ამ იაპონური კომპანიის ოფიციალურ ვებსაიტზე ისეთი პროდუქცია, როგორიცაა ვირუსის ბლოკატორი Air Doctor, არ არის ჩამოთვლილი. კიდევ ერთი მსგავსი პოპულარული ბლოკატორი - Nanoclo2 ფირმა Protex-დან - ეტიკეტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ასევე იწარმოება იაპონიაში, მაგრამ იმპორტიორი ინდივიდუალური მეწარმეა ნოვოსიბირსკის რეგიონიდან.
საკონტაქტო ტელეფონით დისტრიბუტორი Air Doctor-ისთვის დასმულ კითხვაზე ამ პროდუქციაზე სამედიცინო სერთიფიკატების ან ლიცენზიების შესახებ, „მედუზამ“ მიიღო პასუხი, რომ ეს „სამედიცინო პრეპარატი კი არ არის, სადეზინფექციო საშუალებაა, ამის დოკუმენტები ჩვენ გვაქვს“. თუ რა სახის დოკუმენტებია ეს, ოპერატორს გაუჭირდა პასუხის გაცემა, და თხოვნაზე დაკავშირებოდა ნატალია მერინიჩს, დაჰპირდა, რომ კითხვას გადასცემდა მას, და დაკიდა ყურმილი.
თავად დიმიტრი პესკოვმა დღეს ჟურნალისტებთან აღიარა, რომ არ იცის, ეხმარება თუ არა ეს ბეიჯი ვირუსების წინააღმდეგ. უფრო მეტიც, პრეზიდენტის პრესმდივანი აღმოჩნდა ექსპერტთა მოსაზრების საქმის კურსში, რომ ბეიჯი შესაძლოა საზიანო იყოს. „მოგეხსენებათ, ახლა ყველა ატარებს ყველაფერს, რაც შეუძლია, რაიმე სახის პრევენციული საშუალების თვალსაზრისით“, - ასე განმარტა მან თავისი ქმედება.
მსგავსი „ვირუსის ბლოკატორების“ ერთ-ერთმა მწარმოებელმა, რუსულმა კომპანია „ინნოკოლოიდმა“ 9 აპრილს განუცხადა „ღია მედიას“, რომ აჩერებს თავისი პროდუქტის გამოშვებას „ეთიკური მიზეზების გამო“. პასტერის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ვებსაიტზე, რომლის დასკვნაც იყო ნახსენები „ბლოკატორის“ აღწერაში, 9 აპრილს გაჩნდა შეტყობინება, რომელიც უარყოფდა ამ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ ვირუსის ბლოკატორის ტიპის პროდუქციის მოწონებას. იქ აღიარებული იქნა, რომ გრიპის და ადენოვირუსული ვირუსების აქტივობაზე ბლოკატორის ეფექტის დასადგენად ჩატარდა ექსპერიმენტები, მაგრამ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი აზუსტებს, რომ „ინსტიტუტს არ გაუცია პროდუქტის ანტივირუსული აქტივობის დამადასტურებელი სერთიფიკატი, ვინაიდან მას არ გააჩნია ასეთი უფლებამოსილებები“.
იმავე დღეს, 9 აპრილს, უშიშროების საბჭოს სხდომაზე დიმიტრი პესკოვი „ვირუსის ბლოკატორის“ ბეიჯის გარეშე გამოჩნდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised