воскресенье, 25 июля 2021 г.

მზე დედამიწის კოსმოსური მკვლელია


 მზე დედამიწის კოსმოსური მკვლელია

 https://naukatv.ru/articles/823

მზე სიცოცხლის წყაროა დედამიწაზე, მაგრამ სწორედ მას შეუძლია კაცობრიობის დაღუპვა. სუპერაფეთქებებს შეუძლიათ თანამგზავრების და მიწისზედა ელექტრონიკის მწყობრიდან გამოყვანა, პლანეტის გლობალური ბლეკაუტის ქაოსში ჩაგდება. ასევე, ჩვენს ვარსკვლავს შეუძლია სერიოზულად გავლენა იქონიოს კლიმატზე - მაგალითად, მოახდინოს ახალი მყინვარული ხანის პროვოცირება. ყველამ იცის ულტრაიისფერი გამოსხივების მავნებლობის შესახებ, რაც არ შეიძლება ითქვას კოსმოსური ამინდის საფრთხეებზე.

ადამიანის მიერ შემჩნეული აფეთქებები

1859 წლის 1 სექტემბერს ინგლისელმა ასტრონომმა რიჩარდ კარინგტონმა შენიშნა, რომ მზეს გამოეყო ორი კაშკაშა ბურთი, რომლებიც სწრაფად იზრდებოდა. ძლიერმა აფეთქებამ გამოიწვია პლაზმის უზარმაზარი ღრუბლის ამოფრქვევა. იგი შეეჯახა დედამიწის მაგნიტოსფეროს და გამოიწვია ყველაზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალის პროვოცირება ისტორიაში! ღამე ამერიკასა და ევროპაში დღედ იქცა. სინათლე  მოეფინა ჩრდილოეთის ციალის ციმციმისგან. თითქოს ქალაქები ცეცხლში გახვეულიყო. გაითიშა ელექტროენერგია, მწყობრიდან გამოვიდა ტელეგრაფი. აპარატიდან ნაპერწკლები იყრებოდა, წვავდა ქაღალდს. მაშინ ბევრს ეგონა, რომ სამყაროს აღსასრული დადგა.

კარინგტონის მოვლენა იყო იმის ნათელი მაგალითი, თუ რა საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს მზე ადამიანის ცივილიზაციისთვის. დღეს, როდესაც ელექტროობამ ცხოვრების ყველა სფეროში შეაღწია, ასეთი მზის ქარიშხლის შედეგები შეიძლება ბევრად უფრო მასშტაბური იყოს!

მაგალითად, 1989 წლის 13 მარტს მზეზე მოხდა არცთუ  ძლიერი აფეთქება. ამის მიუხედავად, კვებეკის მთელი პროვინცია ცხრა საათის განმავლობაში სიბნელეში აღმოჩნდა. ელექტრომომარაგების სისტემაში გაჩნდა ინდუქციური დენები, რომლებმაც გადაწვა ტრანსფორმატორები. მილიონობით ადამიანი სინათლის გარეშე დარჩა.

და თუ წარმოვიდგენთ, რომ მაგნიტური ქარიშხალი რამდენჯერმე ძლიერი იქნება? მაშინ კაცობრიობას გლობალური ბლეკაუტი ემუქრება. იმ პირობებში, როდესაც ელექტრონიკა აკონტროლებს ფაქტიურად ყველაფერს: მრეწველობას, ფინანსებს, მედიცინას, უსაფრთხოებას, თავდაცვის ტექნოლოგიებს - ამგვარი მოვლენა გამოიწვევს ყველაზე არაპროგნოზირებად შედეგებს, მასშტაბური ეკონომიკური კრიზისიდან ბირთვული ომის დაწყებამდე. რა თქმა უნდა, იმ დროიდან მრავალი მილიარდი დოლარი ჩაიდო ქსელების დასაცავად გადატვირთვისგან. მაგრამ, თუ მზეზე მოხდა სუპერაფეთქება, კაცობრიობა თავის განვითარებაში ათწლეულებით უკან დაიხევს. ერთ მომენტში, შეიძლება დავრჩეთ კავშირის, ტელევიზიისა და მრავალი სხვა მნიშვნელოვანი ტექნოლოგიის გარეშე.

მზე, როგორც თერმობირთვული რეაქტორი

ყოველდღე ჩვენ ვუყურებთ მზეს, მაგრამ ნაკლებად გვესმის, თუ რასთან გვაქვს საქმე! სინამდვილეში, ჩვენი მნათობი უზარმაზარი თერმობირთვული რეაქტორია, და მისი მასა დედამიწის მასას 333,000-ჯერ აღემატება. ამ გიგანტური პლაზმური ბურთულის ზედაპირზე ტემპერატურაა დაახლოებით 5772 K, ხოლო ბირთვის ტემპერატურა 13 მილიონ°C აღწევს! მზის პლაზმა მუდმივად კურსირებს ცხელი ბირთვიდან მნათობის უფრო ცივ ზედაპირამდე. ამ ეფექტს კონვექცია ეწოდება. ამასთან, პლაზმას გააჩნია კარგი ელექტროგამტარობა, რომელიც ლითონების ელექტრულ გამტარობის მსგავსია, ამიტომ მისი მოძრაობის წყალობით იქმნება მაგნიტური ველი. ეს მაგნიტური ველი არაერთგვაროვანი და ცვალებადია.

„მზეს, როგორც პერიოდულ ვარსკვლავს, აქვს აქტივობის ციკლი: დაახლოებით 11 წელიწადში ერთხელ, ჩვენ ვაკვირდებით ე.წ. მზის აქტივობის მაქსიმუმს, როდესაც მზის მაგნიტური ველის ინტენსივობა გაზრდილია, მასზე ბევრი ლაქაა, ლაქები კი ოდნავ მაღალი მაგნიტური ველის მქონე ადგილებია“, - განმარტავს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ანატოლი პეტრუკოვიჩი.

როგორ ჩნდება მზის აფეთქებები?

ძლიერი მაგნიტური ველები აფერხებს პლაზმის გადაადგილებას ბირთვიდან ზედაპირზე: ის უფრო სწრაფად ცივდება, შედეგად, მზის ლაქები დაახლოებით 1200° C-ით უფრო ცივია, ვიდრე მის გარშემო მონაკვეთი. ამიტომ, ისინი ბნელი გვეჩვენება, თუმცა მაინც ასხივებენ კაშკაშა სინათლეს. სწორედ მზის ლაქებია მზეზე უდიდესი აქტივობის სფეროები. თუ ლაქა ბევრი ჩნდება, ლაქების ერთი ჯგუფის შიგნით გამავალი მაგნიტური ხაზები შეიძლება დაუკავშირდეს სხვა ჯგუფის ლაქების მაგნიტურ ხაზებს, რომლებსაც აქვთ საპირისპირო პოლარობა. ამ პროცესის თვალსაჩინო შედეგია მზის აფეთქება - უზარმაზარი რაოდენობით პლაზმის გამოყოფა კოსმოსურ სივრცეში.

 „ციმციმი აფეთქებაა მზეზე. თანაც კოლოსალური სიმძლავრის აფეთქება, როდესაც გამოიყობა ენერგია, რომელიც იმ ენერგიის ტოლია, რომელსაც კაცობრიობა 10 მილიონი წლის განმავლობაში გამოიყენებს! ეს ენერგია 10 წამში გამოიყოფა. და იმ უზარმაზარ მანძილზეც კი, რომელზეც დედამიწა მზიდან დაშორებულია (150 მილიონი კმ), ასეთი ძლიერი აფეთქების შედეგები, სამწუხაროდ, საგრძნობია“, - ამბობს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პ.ნ. ლებედევის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის „მზის რენგენული ასტრონომიის“ ლაბორატორიის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი სერგეი ბოგაჩოვი.

მზის აალების ერთ-ერთი შედეგი მზის რადიაციაა. დედამიწის მახლობლად სივრცეში დამუხტული ნაწილაკები მოფრინავენ: პროტონები და ჰელიუმის იონები. ისინი სერიოზულ საფრთხეს წაროადგენენ კოსმონავტებისთვის. მაგალითად, 1972 წელს, როდესაც ამერიკელი ასტრონავტები დაეშვნენ მთვარეზე, მოხდა მზის მძლავრი აფეთქება. „აპოლონის“ ეკიპაჟი რომ არ აცდენოდა დამუხტული ნაწილაკების ნაკადს, ასტრონავტები შეიძლება სხივური დაავადებისგან დაღუპულიყვნენ. საბედნიეროდ, მას შემდეგ ტექნოლოგიამ დიდი ნაბიჯები გადადგა, და დღეს საერთასორისო კოსმოსური სადგურის ეკიპაჟი უკეთესად არის დაცული მზის რადიაციისგან.

მაგრამ დღემდე ვერ მოხერხდა კოსმოსური ტექნიკის სრულად დაცვა მზის გამოსხივებისგან. დამუხტული ნაწილაკების ნაკადებს პერიოდულად გამოჰყავთ მწყობრიდან კოსმოსური აპარატები და, პირველ რიგში, თანამგზავრების ელექტრონიკა და საბორტო აპარატები. დედამიწის ატმოსფეროს იონიზირებით, დამუხტული ნაწილაკები რადიოკომუნიკაციების ხარისხზეც კი მოქმედებენ.

სერგეი ბოგაჩოვი აღნიშნავს: „თანამედროვე მიკროსქემა, როდესაც მასში აღწევს მძიმე იონი გარანტირებულად გამოდის მწყობრიდან. თუ ასეთი იონები თანამგზავრში ნაკადების სახით გადიან, მისთვის გადარჩენის ალბათობა ძალიან დაბალია. დაცვა აქ პრინციპში შეუძლებელია. თანამგზავრების მწყობრიდან გამოსვლა  ძალზე სერიოზული მოვლენაა. მწყობრიდან გამოსული თანამგზავრის შეცვლა დღეში ან წელიწადში შეუძლებელია. და თუ ასეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თანამგზავრები ათობით ან ასობით გამოვა მწყობრიდან, მათ ჩანაცვლებას ათწლეულები დასჭირდება“. 

 გეომაგნიტური ქარიშხალი

გეომაგნიტური ქარიშხალი სერიოზული უსიამოვნებით ემუქრება კაცობრიობას. ეგრეთ წოდებული მზის შტორმი ხდება მაშინ, როდესაც დედამიწა პლაზმის ღრუბელს გზაზე გადაეღობება. როდესაც ჩვენს პლანეტას უახლოვდება, ის უზარმაზარი ზომისაა: მილიონამდე კილომეტრია დიამეტრში. მაგრამ, რაც მთავარია, ამ პლაზმას აქვს საკუთარი მაგნიტური ველი, და ეს მაგნიტური ველი იწყებს ურთიერთქმედებას დედამიწის მაგნიტურ ველთან, რის შედეგადაც იწვევს მის რხევებს.

„ეს რხევები, რომლებიც იქმნება დიდ სიმაღლეზე კოსმოსში კოლოსალური მოვლენის, შეჯახების შედეგად, თითქოს სიმებზე მიირბის ქვემოთ, დედამიწის ზედაპირზე. არსებითად, მაგიდაზე მოთავსებული ნებისმიერი ჭურჭელი იწყებს ამ რხევების შეგრძნებას“, - ამბობს სერგეი ბოგაჩოვი.

მაგნიტური ველის ამგვარ რყევებს შეუძლია დიდი სიგრძის დახურულ იზოლირებულ წრეებში გამოიწვიოს ელექტროენერგია. უპირველეს ყოვლისა, ელექტროგადამცემი ხაზებით, რომლებიც, ობობის ქსელის მსგავსად, მთელ ჩვენს პლანეტას ახვევს. მაგნიტური ქარიშხლის დროს მათში იგივე პროცესები მიმდინარეობს, როგორც ფარადეის ცნობილ ჩარჩოში სკოლაში ჩატარებული ექსპერიმენტიდან: თუ მის გვერდით არის კოჭა, რომლის მაგნიტური ველი იცვლება, წარმოიქმნება ინდუქციური დენები.

„რხევებს შეუძლიათ დენის წარმართვა ელექტროსისტემებში, სხვადასხვა სახის სადენში, მათ შორის ადამიანის ორგანიზმში, სადაც ასევე არის გამტარი სისტემები: სისხლძარღვთა, ნერვული. ცვლადი ველის ზემოქმედება გამტარ სისტემებზე წარმოადგენს ადამიანზე მაგნიტური ქარიშხლების ზემოქმედების ფიზიკურ საფუძველს, რაც ფართო მსჯელობის საგანია“, - აზუსტებს სერგეი ბოგაჩოვი.

 გავლენა ადამიანზე

წელიწადში დაახლოებით 50-60 მაგნიტურ ქარიშხალს განვიცდით, მაგრამ აქვთ თუ არა მათ უშუალო გავლენა ორგანიზმზე? ეს საკითხი სადისკუსიო რჩება მეცნიერებს შორის. მაგრამ ფაქტები თავისთავად მეტყველებს: გეომაგნიტური ქარიშხლების დროს ბევრი ადამიანი თავს ცუდად გრძნობს, უჩივის წნევის ცვალებადობას, თავის ტკივილს, ძილიანობას და დაღლილობას. მაგნიტური ქარიშხლის დროს ხდება ცვლილებები გარემოში: კერძოდ, იცვლება ატმოსფერული წნევა. ჯანმრთელი ადამიანი ამას, ალბათ, ვერ იგრძნობს. მაგრამ გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებისთვის მზიან ამინდს შეუძლია ნეგატიური გავლენა იქონიოს.

„ეს დადასტურებულია სტატისტიკურად: დიდი მაგნიტური ქარიშხლების დროს ორჯერ იზრდება ინფარქტებისა და ინსულტების რაოდენობა. შემოწმებულია დედამიწის სხვადასხვა ადგილას! ადამიანის ორგანიზმში ცირკულირებს დაახლოებით 5 ლიტრი სისხლი. და როდესაც ანალიზებს ვაბარებთ, ხდება სისხლში ისეთი რეაქციის შეფასება, როგორიცაა ერითროციტების დალექვის სიჩქარე. შეინიშნებოდა გამოკვეთილი კანონზომიერება: ეს მაჩვენებელი იცვლება მაგნიტური აქტივობიდან გამომდინარე“, - ამბობს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ნ.ვ. პუშკოვის სახელობის დედამიწის მაგნეტიზმის, იონოსფეროსა და რადიოტალღების გავრცელების ინსტიტუტის კოსმოსური ამინდის პროგნოზირების ცენტრის (IZMIRAN) ხელმძღვანელი სერგეი გაიდაში.

IZMIRAN–მა შეიმუშავა რეკომენდაციების სია მიოკარდიუმის ინფარქტისა და არტერიული ჰიპერტენზიის მქონე ადამიანებისთვის გეომაგნიტური აქტივობიდან გამომდინარე სხვადასხვა სამედიცინო პრეპარატების მიღებასთან დაკავშირებით, და ასევე შექმნა ავტომოპასუხე, რომელიც 24 საათის განმავლობაში იტყობინება გეომაგნიტური ველის მდგომარეობის შესახებ და იძლევა პროგნოზს (შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 8 (495) 851 –19–34). პოტენციურ ინსულტიან პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია კოსმოსური ამინდის საფრთხეების შესახებ და ექიმის დახმარებით ან დამოუკიდებლად მიიღონ ზომები: დაარეგულირონ მედიკამენტების დოზა, უზრუნველყონ თავიანთი სიმშვიდე და ა.შ.

ცოტა ხნის წინ იაპონელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მაგნიტური ქარიშხალი ზრდის მამაკაცებში სუიციდის რისკს. მათ ასეთი დასკვნები გააკეთეს 1999 წლის დასაწყისიდან 2008 წლის ბოლომდე თვითმკვლელობის სტატისტიკის ანალიზის საფუძველზე. აღმოჩენილი იქნა მკაფიო კორელაცია მაგნიტურ აფეთქებებსა და სუიციდს შორის მამრობოთი სქესის იაპონელებში.

 კლიმატის ცვლილებები: სუსხი თუ დათბობა?

მზის აქტივობის ცვლილებები გავლენას ახდენს დედამიწის კლიმატზე. არსებობს სამეცნიერო თეორიები, რომლებიც ხედავენ კავშირს სუპერაფეთქებებსა და სახეობათა მასობრივ გადაშენებას შორის.

„ყველაზე ცნობილი გადაშენებაა დინოზავრების გადაშენება. მანამდე ადრე ანალოგიური გადაშენებები იყო, რომლის მიზეზებსაც ეძებენ: ან კლიმატის მკვეთრ ცვლილებაში, ან მეტეორიტის დაცემაში. ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი შეიძლება იყოს მზის სუპერ აფეთქება, რომლის ენერგია და მასშტაბები საშუალებას აძლევს მზის გამოსხივებას მიაღწიოს დედამიწის ზედაპირამდე და მნიშვნელოვნად დააზიანოს, გაანადგუროს ბიოსფერო“, - ამბობს სერგეი ბოგაჩოვი.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ გამყინვარების პერიოდები დაემთხვა მზის აქტივობის შემცირებას. არსებობს მოსაზრება, რომ მომავალში მნათობს შეუძლია უბრალოდ გაგვყინოს - მისი აქტივობა შემცირდება, და დაიწყება ახალი გამყინვარების პერიოდი.

„გამყინვარების პერიოდები ემთხვეოდა მზის აქტივობის შემცირებას. კერძოდ, იყო ასეთი ბოლო პერიოდი: მაუნდერის მინიმუმი. გალილეომ მზის ლაქები 300 წელზე მეტი ხნის წინ აღმოაჩინა. მათ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ, შემდეგ კი ლაქები მოულოდნელად გაქრა“, - განმარტავს  IZMIRAN– ის დირექტორი ვლადიმერ კუზნეცოვი.

1645-1715 წლებში ასტრონომები ვერ ამჩნევდნენ მზის ლაქებს. ამავე დროს, ევროპაში ანომალურად მკაცრი ზამთარი იყო. ჰოლანდიაში არხები ყინულით იყო დაფარული. სუსხმა გაზაფხულზე და ზაფხულშიც კი გამოიწვია მოსავლის და ხეხილის ბაღების განადგურება. ევროპის რიგ ქვეყნებში სასურსათო კრიზისი დაიწყო.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ასეთი აცივება მომავალშიც უნდა განმეორდეს. თუმცა, მათ ჯერ არ შეუძლიათ დაასახელონ ზუსტი წელი ან თუნდაც საუკუნე, როდესაც სტარტს აიღებს ახალი მცირე გამყინვარების პერიოდი.

ერთ-ერთი ყველაზე პესიმისტური ჰიპოთეზის თანახმად, მზე საბოლოოდ გაანადგურებს სიცოცხლეს დედამიწაზე მისი გახურებით. ჩვენთვის შეუმჩნევლად უზარმაზარი კოსმოსური თერმობირთვული რეაქტორი ცხელდება - ეს პროცესი მილიარდობით წელი გაგრძელდება.

 „მზის გაცხელება თანდათან გამოიწვევს იმ გარემოებას, რომ ყოველ 100 მილიონ წელიწადში ერთხელ ტემპერატურა დედამიწაზე დაახლოებით 1 გრადუსით გაიზრდება. ანუ მილიარდი წლის შემდეგ პირობები უკვე არაკომფორტული იქნება სიცოცხლისთვის. ეს არის საშუალო ტემპერატურის ზრდა 10 გრადუსით და წყლის აორთქლება - აორთქლებისას ის დედამიწას კიდევ უფრო გაათბობს“, - აღნიშნავს ლეონიდ ლეედცოვი, პ.კ. შტერნბერგის სახელობის სახელმწიფო ასტრონომიული ინსტიტუტის მზის ფიზიკის განყოფილების მეცნიერ თანამშრომელი.

ზოგიერთი მეცნიერი ჩვენს პლანეტას ვენერას ბედს უწინასწარმეტყველებს - შემთხვევითი არ უწოდებენ მას დედამიწის დას. ჰიპოთეზების თანახმად, აქც იყო ოკეანეები. მაგრამ რადგანაც მისი ორბიტა მზესთან უფრო ახლოს მდებარეობს, ვენერა სწრაფად მოიცვა სათბურის ეფექტმა: ოკეანეების ადგილას მან დატოვა გოგირდმჟავას ღრუბლებით დაფარული უდაბნო და ატმოსფერო, რომელიც თითქმის მთლიანად ნახშირორჟანგისგან შედგებოდა. მსგავს სიტუაციაში მომავალში შეიძლება დედამიწაც აღმოჩნდეს.

აპოკალიფსის პერსპექტივა, თუნდაც შორეულ დროში, მეცნიერებს აიძულებს შეიმუშაონ B გეგმა და მოძებნონ „სათადარიგო პლანეტა“ - ტყუილად ხომ არ აბანდებს აშშ უზარმაზარ თანხებს მარსიანულ პროგრამაში და სერიოზულად საუბრობს კოსმოსის კოლონიზაციაზე. კაცობრიობის ხსნის ეს გეგმა აბსოლუტურად ფანტასტიკურად გამოიყურება, მაგრამ ფიზიკის კანონებს ეს არ ეწინააღმდეგება. მეცნიერებამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლებელი არაფერია, ე.ი. არსებობს შანსი არ მივცეთ მზეს ჩვენი ცივილიზაციის განადგურების საშუალება.


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised