понедельник, 23 ноября 2020 г.

15 სიკვდილმისჯილი სერიული მკვლელი, რომლებსაც აქვთ ფანკლუბები, ჯგუფები და მეუღლეებიც ჰყავთ


15 სიკვდილმისჯილი სერიული მკვლელი, რომლებსაც აქვთ ფანკლუბები, ჯგუფები და მეუღლეებიც  ჰყავთ

 http://nevsedoma.com.ua/index.php?newsid=299124

ძნელია გასაგებად, მაგრამ სერიულ მკვლელებს თაყვანისმცემელი ქალები ჰყავთ! თანაც იმდენად ერთგული, რომ მზად არიან დაქორწინდნენ მათზე და ციხეში იშვიათი ხანმოკლე პაემანით დაკმაყოფილდნენ. აღმოჩნდა, რომ ეს ჰიბრისტოფილიაა - სექსუალური მიზიდულობა საშიში დამნაშავის მიმართ, რომელმაც შოკისმომგვრელი მკვლელობა ჩაიდინა. ავსტრიელ ფრიცლს, რომელსაც 25 წლის განმავლობაში თავისი ქალიშვილი ტყვეობაში ჰყავდა და ძალადობდა მასზე, და ამერიკელ მკვლელს ჩარლზ მენსონს საკუთარი ფანკლუბები აქვთ, ხოლო ნორვეგიელი ბრეივიკი ასობით წერილს იღებს ქალბატონებისგან. 

         რატომ მიისწრაფიან ქალები სიკვდილმისჯილების - მკვლელების თუ მოძალადეებისკენ, რა გამართლებას პოულობენ მათთვის? სტენდ-აპის კომიკოსმა კეტრინ ტეიტმა ერთხელ მათ პატარა სცენაში დასცინა, სადაც გოგონა აპირებდა დაქორწინებას კაციჭამია სერიულ მკვლელზე: „მან მისი  ყველა მსხვერპლის მხოლოდ ერთი პატარა ნაჭერი შეჭამა...“. სასამართლო ფსიქოლოგი ავსტრალიის სამართლის, იუსტიციის და სოციალური ცვლილებების კვლევის ცენტრიდან ქალბატონი შერიდანი მიიჩნევს, რომ „ქალებს, რომლებსაც აქვთ ურთიერთობა სიკვდილმისჯილ პატიმრებთან, ბევრი საერთო აქვთ მათთან, ვინც ცნობილ ადამიანებს წერილებს უგზავნის. ისინი ფიქრობენ, რომ მონაწილეობენ საოცარ და სტატუსის მქონე მამაკაცებთან ურთიერთობაში და, მათი აზრით, მათ შეძლეს მოეზიდათ ულტრა-ალფა-მამრობითი სქესის ადამიანი, რომელსაც შეუძლია სასტიკი ძალადობრივი ქმედებები ჩაიდინოს“. 

15. რენდალ ვუდფილდი (მკვლელი I-5) 


        რენდალ ვუდფილდს მეტსახელად მკვლელ I-5-ს უწოდებენ ტრასა I-5–ზე ჩადენილი დანაშაულების გამო, რომელიც გადის ვაშინგტონის, ორეგონის და კალიფორნიის გავლით. სამ პატიმრობას 1970-იანი წლების დასაწყისში ჩადენილი წვრილმანი დანაშაულების გამო, როგორიცაა ვანდალიზმი და საჯაროდ გაშიშვლება, ხელი არ შეუშლია ვუდფილდისთვის გამხდარიყო Green Bay Packers-ის მოთამაშე ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში, ნიუ-იორკში, 1974 წელს. მისი მსხვერპლი 14-დან 37 წლამდე ასაკის ადამიანები იყვნენ; გამომძიებლებმა იგი 18 დანაშაულს დაუკავშირეს და კიდევ 26-ში ეჭვმიტანილი იყო. 1979-1981 წლებში იგი იტაცებდა, სცემდა და აუპატიურებდა თავის მსხვერპლს. ამჟამად ვუდფილდი სამუდამო პატიმრობაში იმყოფება ორეგონის სახელმწიფო ციხეში. მისი ბოროტმოქმედების შესახებ ანა რულმა დაწერა წიგნი „მკვლელი I-5“, ხოლო 2011 წელს ამ წიგნის მიხედვით გადაიღეს ფილმი ციკლში „ცხოვრების აღწერა“ სახელწოდებით „ნადირობა მკვლელ I-5–ზე“. 

       მისი შემზარავი ამბავი საკმარისი უნდა ყოფილიყო ამ კაცისგან შორს თავის დასაჭერად, მაგრამ საკვირველი ის არის, რომ გისოსებს მიღმა ყოფნის დროს ვუდფილდი სამჯერ დაქორწინდა და ორჯერ განქორწინდა. ჯერ კიდევ 2006 წელს მას ჰქონდა აკაუნტი MySpace-ში, რომელიც შექმნეს და მიჰყავდათ მის მეგობრებს და ახლობლებს. თავად რენდალს არ ჰქონდა ინტერნეტზე წვდომა. მის პროფილში შეგიძლიათ წაიკითხოთ შემდეგი: „მე ვარ რენდი, 55 წლის. სიცოცხლის დარჩენილ დღეებს ციხეში ვატარებ, რადგან ჩადენილი მაქვს მკვლელობები და მრავალი სხვა დანაშაული. ადრე მე ვთამაშობდი Green Bay Packers-ში“. როგორც ჩანს, ქალბატონები უბრალოდ ვერ უძლებენ ცდუნებას ასეთი გულუბრყვილო,  სანდომიანი ადამიანის მიმართ. 


14. ფილიპ იაბლონსკი 


         თითქმის ყველა ქალი, ვინც ფილიპ იაბლონსკის შეხვდა, მისი მომხიბვლელობის გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. რა თქმა უნდა, თუ ცოცხალი გადარჩებოდნენ. ის გაიზარდა ოჯახში, სადაც მამამისი სცემდა და აუპატიურებდა მის დებს. ასაკის მატებასთან ერთად ფილიპმაც გადაიღო ოჯახური ტრადიციები და გახდა მოძალადე და მკვლელი. 

         1968 წელს მან იქორწინა ელისზე, მაგრამ იგი მალე გაიქცა: რატომღაც მას არ მოეწონა, როცა სექსის დროს ფილიპმა სახეზე ბალიში დაადო და მისი დახრჩობა სცადა. შემდეგ იაბლონსკიმ ქუჩაში გაიცნო ჯეინი. მან იგი პირველ პაემანზევე გააუპატიურა, მაგრამ გოგონას ამის შესახებ არავისთვის უთქვამს. უფრო მეტიც, განაგრძო მასთან შეხვედრა. წყვილი ერთმანეთს 1972 წელს დაშორდა, ხოლო 1977 წელს ის უკვე ლინდასთან ერთად იყო. მათ ქალიშვილი შეეძინათ, მაგრამ ლინდამ ის მალე მიატოვა, რადგან მან აღიარა სიდედრის გაუპატიურება. როდესაც ლინდას ბავშვის ნივთები მიჰქონდა, იაბლონსკიმ იგი მოკლა. 

       იგი დამნაშავედ ცნეს ლინდას მკვლელობაში, მან ციხეში 12 წელი გაატარა. როდესაც გისოსებს მიღმა იმყოფებოდა, 1982 წელს გაზეთში განცხადება განათავსა, რომელშიც ითხოვდა ვინმეს მისთვის წერილი მიეწერა. მას ვინმე კეროლ სპადონიმ უპასუხა. ისინი დაქორწინდნენ, როდესაც ის სასჯელს იხდიდა, ხოლო  გათავისუფლების შემდეგ ფილიპე თავის ახალგაზრდა მეუღლესთან გადავიდა საცხოვრებლად. 1991 წლის 22 აპრილს მან ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და გააუპატიურა 38 წლის ფატიმა ვანი, რომელსაც ზურგზე ამოაჭრა სიტყვები „მე მიყვარს იესო“. ქალს სხეული დასახიჩრებული ჰქონდა, თვალები ამოთხრილი და ყურები მოჭრილი.  მეორე დღეს, 1991 წლის 23 აპრილს, იაბლონსკიმ დაახრჩო თავისი ცოლი კეროლი, შემდეგ კი გააუპატიურა და ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა მისი 72 წლის სიდედრი ევა პეტერსონი. 27 აპრილს მან გაძარცვა და ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა 58 წლის ქალი იუტაში. 

      იაბლონსკის სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, ის დღესაც სიკვდილმისჯილთა საკანში იმყოფება, წერს აპელაციებს, მაგრამ სასამართლო უარს ეუბნება შეწყალებაზე. დაპატიმრების დროს ის 45 წლის იყო. კითხვაზე, თუ რომელ ისტორიულ პიროვნებასთან სურს შეხვედრა, ერთ-ერთ ინტერვიუში მან აღნიშნა: „ჯეკ მფატრვთან, ჰიტლერთან და სხვა მასობრივ მკვლელებთან“. [ვიკიპედიაში ეწერა, რომ იაბლონსკი ციხეში გარდაიცვალა 73 წლის ასაკში 2019 წლის 27 დეკემბერს].  


13. ხუანა ბარასა. მოხუცი ქალების მკვლელი



        ამ სიაში მხოლოდ მამაკაცები არ არიან ... ადრე პროფესიონალი რესტლერი რინგზე, მექსიკელი ხუანა ბარაზა მკაცრი მეტოქე იყო, რომელიც lucha libre-ს სტილში გამოდიოდა, მექსიკური პროფესიული რესტლინგის ერთ-ერთ სახეობაში, სადაც მონაწილეები სახეს მალავენ ნიღბის ქვეშ. მაგრამ მისი საქმიანობა რინგის გარეთ ბევრად უფრო საშინელი იყო. ცნობილი როგორც „მოხუცი ქალების მკვლელი“ („The Old Lady Killer“), ბარასამ უმოწყალოდ მოკლა მინიმუმ 40 მოხუცი ქალი. პოლიციის ცნობით, იგი შურს იძიებდა მოხუც ქალბატონებზე დედის მიერ მიყენებული შეურაცხყოფის გამო. 

         მკვლელობების თვითმხილველები აცხადებდნენ ქალის ტანსაცმელში გადაცმული მამაკაცის შესახებ. მამაკაცური სახის ნაკვთებისა და კუნთოვანი სხეულის გამო ხუანა მამაკაცად მიაჩნდათ. ამიტომ დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეძლეს მისი დაჭერა ... ბარასა 2008 წლის გაზაფხულზე გაასამართლეს და დამნაშავედ ცნეს დამამძიმებელი მკვლელობის 16 პუნქტის მიხედვით და ქურდობაში. მას 759 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს პირობით-ვადამდე გათავისუფლების უფლებით გისოსებს მიღმა გატარებული 50 წლის შემდეგ. 

         შეიძლება იფიქროთ, რომ სიყვარული და ქორწინება სულაც არ არის ბარასასთვის შესაფერისი, მაგრამ ეს ასე არ არის. ცხრა წლის პატიმრობის შემდეგ, მან და კიდევ ერთმა პატიმარმა, 74 წლის მკვლელმა მიგელ ანხელმა, ერთგულების ფიცი დადეს გისოსებს მიღმა ყოფნის დროს. გავრცელებული ინფორმაციით, წყვილი ერთი წლის განმავლობაში ხვდებოდა ერთმანეთს, სანამ გადაწყვეტდნენ გაესაჯაროებინათ თავისი რომანი ციხეში. 

12. ანხელ მატურინო რესენდისი. რკინიგზის მკვლელი


         ამ კაცმა სულ ცოტა 16 ადამიანი მოკლა, მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა 50 წლის ნენსის მასთან ურთიერთობის დამყარებაში. ანხელ მატურინო რესენდისი, ასევე ცნობილი როგორც „რკინიგზის მკვლელი“, გადაადგილდებოდა ტეხასის შტატში სატვირთო მატარებლების ვაგონით და რკინიგზის მახლობლად მდებარე სახლების მაცხოვრებლებს ძარცვავდა და კლავდა. პოლიციის ცნობით, მის ანგარიშზე უფრო მეტი მსხვერპლი იყო, მაგრამ სასამართლოში მხოლოდ 15 ადამიანის მკვლელობაში მისი მონაწილეობის დამტკიცება შეძლეს. რესენდისი ძარცვავდა, აუპატიურებდა და კლავდა ადამიანებს, შემდეგ კი რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში მათ სახლებში რჩებოდა საცხოვრებლად. იგი არჩევდა რკინიგზის მახლობლად ან შორეულ ადგილებში მდებარე სახლებს, ამიტომ მის მიერ ჩადენილი დანაშაულები დიდი ხნის განმავლობაში შეუმჩნეველი რჩებოდა. 

        სამკაულებს, რომელსაც თავის მსხვერპლს ჰპარავდა, ის აგზავნიდა მექსიკაში თავის მეუღლესთან. ანხელი დააპატიმრეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი და დათანხმდა პოლიციას დახმარებაზე და გასცა დამნაშავე. რესენდისი დამნაშავედ ცნეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს 1999 წელს. 2000 წელს ნენსიმ მას წერილი მიწერა, ხოლო 2001 წელს მათ იქორწინეს საპატიმროში. „მე კარგად განათლებული საშუალო კლასის წარმომადგენელი ვარ. მაქვს საკუთარი სახლი და ჩემი საკუთარი სატვირთო მანქანა“, - განუცხადა ნენსი რესენდისმა გამომცემლობა  Houston Chronicle. „არაფერს, რაც მან გააკეთა, არ ვამართლებ. მაგრამ ის უბრალოდ ადამიანია, და მე ის მიყვარს“. 

         რადგან რესენდისი ტექნიკურად ჯერ კიდევ იყო მექსიკელ მეუღლეზე დაქორწინებული, მისი ახალი ქორწინება იურიდიულად არ იქნა აღიარებული. 2006 წელს „რკინიგზის მკვლელისთვის“ გამოტანილი სიკვდილის განაჩენი ტეხასის ჰანცვილის ციხეში აღსრულდა, და მისი ორივე ცოლი ერთბაშად დაქვრივდა. 

11. არტურ შოუკროსი. „მკვლელი მდინარე ჯენესიდან“ 


       1972 წელს არტურ შოუკროსმა მოკლა თავისი პირველი მსხვერპლი, უფრო სწორედ გაიტაცა, გააუპატიურა და მოკლა 10 წლის ჯეიკა ბლეიკი და 8 წლის კარენ ენ ჰილი. ამ საშინელი დანაშაულის გამო შოუკროსი დააპატიმრეს და 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ 12 წლის შემდეგ იგი გაათავისუფლეს - ციხის სოციალურმა მუშაკებმა ის უსაფრთხოდ მიიჩნიეს საზოგადოებისთვის. გათავისუფლების შემდეგ, შოუკროსმა ათზე მეტი მკვლელობა ჩაიდინა როჩესტერში, ნიუ იორკის შტატში. ის თავისი მეგობარი ქალის მანქანით დადიოდა ქალაქში, დაედევნებოდა და კლავდა ადამიანებს. 1990 წლიდან 1998 წლამდე მან მინიმუმ 12 ქალი მოკლა (ყველა, ერთის გარდა მეძავი იყო). 

         იგი სრულიად შემთხვევით დააპატიმრეს: ის შარდავდა ხიდის ქვეშ მდინარე ჯენესისთან, ხოლო იქვე მისი შემდეგი მსხვერპლის უსიცოცხლო გვამი იყო. შოუკროსს მიესაჯა 250 წლით თავისუფლების აღკვეთა, მოგვიანებით განაჩენი შეცვალეს უვადო პატიმრობით. არტურის ციხეში მას არაერთხელ ეწვივნენ ფსიქიატრები და რეპორტიორები, ის ხალისით თხზავდა მათთვის საშინელ და აბსოლუტურად წარმოუდგენელ ისტორიებს თავისი წარსულის შესახებ. გასაკვირია, რომ ციხეში ყოფნისას მან იქორწინა თავის ძველ სიყვარულზე სახელად კლარა დ. ნილზე. თუმცა მოგვიანებით ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. 2008 წელს შოუკროსმა შესჩივლა მცველებს, რომ მას ტკივილი აწუხებდა; იგი ჰოსპიტალში  გადაიყვანეს,  მკვლელი გულის შეტევით გარდაიცვალა. 

10. რამირეს სანჩესი 

       ვენესუელელი ტერორისტი ილიჩ რამირეს სანჩესი (Ilich Ramirez Sanchez)  სამუდამო პატიმრობას იხდის საფრანგეთში 1970-80-იან წლებში ჩადენილი მკვლელობებისთვის. 1982 წელს მან მონაწილეობა მიიღო პარიზის დაბომბვაში, როდესაც 63 ადამიანი დაშავდა და ერთი დაიღუპა. იგი ასევე ეჭვმიტანილია საფრანგეთში განხორიელებულ ტერაქტში მონაწილეობაში, რომლის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 150  დაშავდა.

         1997 წელს იგი გაასამართლეს ორი ფრანგი საიდუმლო აგენტის მკვლელობისთვის. ის ასევე პასუხისმგებელია პარიზში 1974 წელს ხელყუმბარის აფეთქებაში, რომლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ოცდაათი დაშავდა.

        რამირეს სანჩესს იცავდა ადვოკატი იზაბელ კუტან-პეირი, რომელსაც შეუყვარდა მისი კლიენტი. გრძნობები ორმხრივი აღმონდა, და ისინი დაქორწინდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ტერორისტი ჯერ კიდევ კანონიერად იყო დაქორწინებული თავის წინა მეუღლეზე. 


9. სიუზან „სეიდი“ ატკინსი, „მენსონის ოჯახის“ წევრი 


        ამერიკელი მანიაკის ჩარლზ მენსონის მიმდევარი სიუზან „სეიდი“ ატკინსი გარდაიცვალა ციხის საავადმყოფოში 2009 წელს. 61 წლის დამნაშავე ტვინის კიბოთი გარდაიცვალა. ატკინსი გარდაიცვალა მენსონის სექტის წევრებიდან პირველი, რომლებსაც 70-იან წლებში სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ ცხრა რიტუალური მკვლელობის გამო. 1969 წელს სექტანტების მიერ სასტიკად მოკლულ ცხრა ადამიანს შორის იყო რეჟისორ რომან პოლანსკის მეუღლე, მსახიობი შერონ ტეიტი. თავად პოლანსკი ევროპაში იმყოფებოდა გადაღებებზე მის ოჯახზე თავდასხმის დროს; მისი მშვენიერი ცოლი შერონი, რომელიც ცხრა თვის ფეხმძიმედ იყო და მათი ოთხი მეგობარი სახლში იმყოფებოდნენ. ატკინსი და მანსონის ჯგუფის წევრები სასტიკად გაუსწორდნენ ხუთივეს. სწორედ 21 წლის ატკინსმა დანით 16 დარტყმა მიაყენა 26 წლის ტეიტს. სანამ პოლანსკისა და ტეიტის სახლს დატოვებდნენ, სიუზანმა მსხვერპლის სისხლით შესასვლელ კარზე დაწერა სიტყვა „ღორი“. 

        მენსონის აზრით, ამ პირველმა მკვლელობამ სრული წარმატება მოიპოვა, და მან გადაწყვიტა გაემეორებინა ეს გმირობა მეორე საღამოს. „ოჯახი“ ლოს ანჯელესის მდიდარ უბანში, ლოს ფელისში ჩავიდა. მანსონის არჩევანი ულამაზეს თეთრ ვილაზე შეჩერდა, და იქ მცხოვრები მეუღლეები ლენო და როზმარი ლაბიანკა იმავე სისასტიკით მოკლეს. მაშინ, 1969 წელს, მთელი ამერიკა შოკირებული იყო ამ მკვლელობებით, ხოლო კალიფორნიაში ნამდვილი პანიკა დაიწყო. 

         გამოძიება ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ ყოველთვის ჩიხში აღმოჩნდებოდა. ეს დანაშაულები შემთხვევით გახსნეს, როდესაც 1969 წლის ნოემბერში სიუზან ატკინსი დააპატიმრეს პროსტიტუციისა და ქურდობისთვის. სიუზანი ნარკომანი შელი ნადელთან ერთად აღმოჩნდა საკანში და მის მიმართ სიმპათიით განიმსჭვალა, ყველაფერი უამბო ჩარლზ მენსონის „ოჯახის“ შესახებ და რომ თავად მან „დააგემოვნა ფეხმძიმე ქალის სისხლი“. სიუზანმა აღიარა რვა მკვლელობაში თანამონაწილეობა, მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, რაც შემდეგ სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს. ატკინსმა 40 წელი გაატარა კალიფორნიის ციხეში. ამ დროის განმავლობაში მან ორჯერ მოახერხა დაქორწინება: დონალდ ლი ლეიშერზე (ქორწინება 1981 წლიდან 1982 წლამდე გაგრძელდა) და ჯეიმს უაინჰაუსზე (1987 წლიდან 2009 წლამდე). 

        პირველად ის დაქორწინდა შეშლილ მილიარდერზე, მაგრამ ერთ წელიწადში ატკინსმა ყველაფერი გაარკვია. მან გააუქმა ქორწინება, როგორც კი გაარკვია, რომ მისი ქმარი არც ისე მდიდარი იყო და დაახლოებით 30-ჯერ იყო დაქორწინებული. ატკინსმა ბედნიერება ჰპოვა ჰარვარდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტ ჯეიმს უაითჰაუსთან - მათ 1987 წელს იქორწინეს და 2009 წლამდე ერთად იყვნენ ატკინსის ტვინის სიმსივნით გარდაცვალებამდე 

8. ჰენრი ლუის უოლესი. „გამგუდველი ტაკო ბელიდან“ 

 

        ჰენრი ლუის უოლესმა, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც „გამგუდველი ტაკო ბელიდან“, 10 ქალი მოკლა შარლოტაში, ჩრდილოეთ კაროლინა. მან მკვლელობები 1990 წელს დაიწყო, და მისი პირველი მსხვერპლი გახდა გოგონა სახელად ტაშონდა ბეთეა. ორი წლის შემდეგ მან მოკლა მეძავი შერონ ნენსი. მომდევნო ორი წლის განმავლობაში უოლესმა დაახრჩო და გააუპატიურა კიდევ რვა ქალი, სანამ იგი ბოლოს და ბოლოს არ დააპატიმრეს. მან აღიარა ყველა დანაშაული და საშინელი დეტალებით ყვებოდა მათ შესახებ. მან დეტალურად აღწერა როგორ აუპატიურებდა, ძარცვავდა და კლავდა. უოლესს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. 

          1998 წლის 5 ივნისს უოლესი დაქორწინდა ციხის ყოფილ ექთანზე, რებეკა ტორიხასზე; საქორწილო ცერემონიალი იმ კამერის გვერდით გაიმართა, სადაც იგეგმებოდა მისი განაჩენის შესრულება. უოლესმა მრავალჯერ  მიმართა აპელაციით იმ იმედით, რომ სიკვდილით დასჯას შეუცვლიდნენ, მაგრამ ყველა თხოვნა უარყოფილი იქნა. უოლესი ამჟამად სასჯელს იხდის სიკვდილმისჯილთა საკანში ქალაქ როლის ცენტრალურ ციხეში სიკვდილით დასჯის მოლოდინში. 

7. ოსკარ ბოლინი  


        ბოლინი მსჯავრდებულია 26 წლის ტერი ლინ მეთიუს მკვლელობისთვის, რომელიც სცემა, გააუპატიურა, დაახრჩო და გზის პირას დააგდო 1986 წელს. გამომძიებლებმა მალევე აღმოაჩინეს იმავე წელს ჩადენილი კიდევ ორ მკვლელობაში მისი მონაწილეობის დამაჯერებელი მტკიცებულებები - 25 წლის ნატალი ჰოლის და 17 წლის სტეფანი კოლინის, რომელსაც თავი გაუტეხა და შემდეგ ყელი გამოჭრა. პოლიცია ეჭვობს, რომ მან შესაძლოა სხვა მკვლელობაც ჩაიდინა.

        ამის მიუხედავად, როზალი მას უდანაშაულოდ თვლის. როზალი უფლებადამცველია, სიკვდილმისჯილთა ინტერესებს იცავს. მან დატოვა ქმარი და შვილები ბოლინზე რომ დაქორწინებულიყო. მათ 1996 წელს იქორწინეს და აღთქმა ერთმანეთს ტელეფონით მისცეს (როზალი საკუთარ ბინაში იყო საქორწილო კაბაში გამოწყობილი, ხოლო ბოლინი ნარინჯისფერ სამოსში სიკვდილმისჯილთა საკანში). როზალის მკვლელთან ქორწინება ძალიან ძვირად დაუჯდა: იგი იძულებული გახდა უარი ეთქვა დედის  უფლებებზე და შვილები მიეტოვებინა. 

        [ვიკიპედიის თანახმად, ბოლინი სიკვდილით დასაჯეს 2016 წლის 7 იანვარს)


6. ჩარლზ დენტონ (ტექსი) უოტსონი, ან შეშლილი ჩარლი - მენსონის კომუნის კიდევ ერთი წევრი 


          ეს მკვლელი მენსონის მარჯვენა ხელი იყო. მსჯავრდებულია შერონ ტეიტის, სტივენ პერენტის, ებიგაილ ფოლჯერის, ვოიცეხ ფრიკოვსკის და ჯეი სებრინგის, ლენო და როზმარი ლაბიანსკის მკვლელობისთვის. მას პირადად ეჭირა შერონი, როდესაც ატკინსი დანით კლავდა ფეხმძიმე ქალს (თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც - სწორედ უოტსონმა მიაყენა დანით დარტყმები შერონს). მაგრამ ნამდვილად უოტსონმა ამოტვიფრა სიტყვა „ომი“ მის მიერ მოკლული ლაბიანკის მუცელზე. 

        ნაფიცმა მსაჯულებმა უოტსონი დამნაშავედ ცნეს; 1971 წლის ოქტომბერში შეშლილ ჩარლის გაზის საკანი მიესაჯა. ის გადაურჩა სიკვდილით დასჯას საქმის „ხალხი ანდერსონის წინააღმდეგ“ წყალობით, როდესაც კალიფორნიაში გაუქმდა 1972 წლამდე გამოტანილი ყველა სასიკვდილო განაჩენი. თვითონ უოტსონი ახლა სამუდამო პატიმრობას იხდის მულ კრიკის ციხეში, აიონაში, კალიფორნია. მას 13-ჯერ უარი ეთქვა ვადამდელ გათავისუფლებაზე. პატიმრობის პერიოდში მან მიიღო ქრისტიანობა, დაქორწინდა, ოთხი შვილის მამა გახდა და დაწერა ავტობიოგრაფია სათაურით „Will You Die For Me?“ („შენ მოკვდები ჩემთვის?“). 2016 წელს მან ოფიციალური თხოვნა გაგზავნა, რომ ჩაესწორებინათ მის შესახებ სტატია ვიკიპედიაში, სადაც, მისი აზრით, ბევრი ინფორმაცია მისი „გმირობის“ შესახებ დამახინჯებულია. 

        1979 წელს ჩარლზმა იქორწინა კრისტინ ჯოან სვეგზე; მეუღლე რეგულარულად სტუმრობდა ქმარს და მათ 4 შვილი შეეძინათ. მათი ქორწინება 1996 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდა: მენსონის ბანდის მიერ სასტიკად მოკლული შერონის  დედის, დორის ტეიტის წყალობით, უოტსონს უარი ეთქვა მეუღლესთან პაემანზე. 2003 წელს კრისტინმა გაიცნო სხვა და დაშორდა ჩარლზს; თუმცა მათი ურთიერთობები მეგობრული დარჩა.

5. ანჯელო ბუონო, პირველი ჰილსაიდელი გამგუდველი 


       ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სულისშემძვრელი სიუჟეტი ამერიკული კრიმინალისტიკის ისტორიაში. ჰილსაიდელ გამგუდველთა ისტორია არაერთხელ იქნა ეკრანიზირებული და გამოყენებული კრიმინალური დრამის რომანტიკოსების მიერ. „ჰილსაიდელი გამგუდველები“ ან „გამგუდველები  გორაკიდან“ ის მეტსახელია, რომელიც დაარქვეს ერთად მოქმედ სერიულ მკვლელებს - ბიძაშვილებს კენეტ ბიანკის და ანჯელო ბუონოს. ისინი პასუხისმგებელნი არიან სულ მცირე 12 გოგონას გატაცებაში, გაუპატიურებაში, წამებასა და მკვლელობაში 1977-1979 წლებში. 

        ბუონო და ბიანკი ბუონოს მანქანით მოგზაურობდნენ ლოს ანჯელესში, სარგებლობდნენ პოლიციის ყალბი სამკერდე ნიშნებით, რათა ქალები დაერწმუნებინათ, რომ ისინი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები იყვნენ. მათი მსხვერპლი სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები იყვნენ, 12–დან 28 წლამდე. ძმებს ისინი სახლში მიჰყავდათ, სადაც აუპატიურებდნენ, აწამებდნენ და კლავდნენ; შემზარავ ექსპერიმენტებს ატარებდნენ, იყენებდნენ მოკვდინების სხვადასხვა მეთოდს, მათ შორის დახრჩობას, სასიკვდილო ინექციას, ელექტროშოკს და მხუთავი გაზით მოწამვლას. მკვლელობების ჩადენის პერიოდში ბიანკი ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის მოხალისეთა შტაბში ირიცხებოდა და მონაწილეობაც კი მიიღო პოლიციის რამდენიმე რეიდში ჰილსაიდელი გამგუდველების გამოვლენის მიზნით! 

       1983 წელს ბუონო დამნაშავედ ცნეს და უვადო პატიმრობა მიუსაჯეს პირობით-ვადამდელი განთავისუფლების შესაძლებლობის გარეშე. სამი შვილის დედა და კალიფორნიის შტატის დასაქმების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კრისტინ კიზუკა ცოლად გაჰყვა ბუონოს 1986 წელს. მათ ერთმანეთი გაიცნეს, როდესაც კრისტინი ციხეში ქმრის სანახავად მიდიოდა. 2002 წელს ბუონო გარდაიცვალა თავის საკანში გულის შეტევით. 

4. კენეტ ბიანკი - მეორე ჰილსაიდელი გამგუდველი 


         როგორც ამბობენ, წყვილში ყოველთვის არის ლიდერი. მაგრამ კენეტი და მისი ბიძაშვილი, ანჯელო ბუონო, რომლებიც ცნობილი იყვნენ, როგორც ჰილსაიდელი გამგუდველები, როგორც ჩანს, თანაბრად შეშლილები, გარყვნილები და ლიდერები იყვნენ. კენეტი ასევე ეჭვმიტანილი იყო სამ გაუხსნელ მკვლელობაში მის მშობლიურ როჩესტერში („მკვლელობები ანბანის მიხედვით“). დაკავების შემდეგ, კენეტ ბიანკიმ გამომძიებლებს განუცხადა, რომ მას პიროვნების გაორება ჰქონდა. მასში ორი განსხვავებული ჰიპოსტასი თანაარსებობს, და ის პასუხისმგებელი არ არის თავისი მეორე „მე“-ს მოქმედებებზე. ის რომ ფსიქიკურად შეშლილი იყო, ცხადია. მაგრამ პასუხისგება მაინც მოუწია: კენეტი სამუდამო პატიმრობას იხდის ვაშინგტონში. 

         შეწყალების მისაღებად, ბიანკიმ ბუონო ჩაუშვა. სასჯელის მოხდის დროს მან გაიცნო 23 წლის დამწყები მსახიობი და მწერალი ვერონიკა კომპტონი. ვერონიკა ქალის შეტყუებას ცდილობდა მოტელში და ბიანკის სპერმის მიგდებას, გაუპატიურების და მკვლელობის იმიტაციას ჰილსაიდელ გამგუდველთა სტილში, გამოძიებისთვის კვალის არევის მიზნით. მაგრამ მზაკვრული გეგმა გახსნეს, და კომპტონი დააპატიმრეს. 

        კომპტონის წარუმატებლობის შემდეგ, კენეტს არ სურდა მასთან რაიმე კავშირი ჰქონოდა, თუმცა კომპტონი არ აღშფოთებულა და გადაერთო დუგლას დენიელ კლარკზე, რომელიც 7 ქალისთვის თავის მოკვეთისთვის იჯდა. 

      1989 წელს კენეტ ბიანკი შირლი ბუკზე დაქორწინდა, მათი რომანი მხოლოდ სატელეფონო საუბრებისა და წერილების საშუალებით განვითარდა. პირველად ისინი პირისპირ შეხვდნენ ქორწილის დღეს. საინტერესო ფაქტია: შირლი თავდაპირველად დაინტერესებული იყო ტედ ბანდით (სერიული მკვლელი-ნეკროფილი, იხ. ქვემოთ), მაგრამ მისი დაინტერესება ვერ შეძლო. 

3. ტედ ბანდი - ლამაზი მკვლელი  


        ყველა დროის ერთ–ერთი ყველაზე „ნაყოფიერი“ სერიული მკვლელი, ტედ ბანდი სარგებლობდა თავისი მიმზიდველობით მსხვერპლის ნდობის მოსაპოვებლად. ის ჩვეულებრივ ეცნობოდა მათ საზოგადოებრივ ადგილებში, თავს ხელისუფლების წარმომადგენლად ასაღებდა, რათა შემდეგ გაეტაცებინა, ეწამებინა, გაეუპატიურებინა და მოეკლა  განმარტოებულ ადგილას. ზოგჯერ ის შეიჭრებოდა მსხვერპლთა სახლებში, ხელკეტით სცემდა მათ, აუპატიურებდა და ახრჩობდა. გატაცებული გოგონების მკვლელობის შემდეგ, მათ კვლავ განმეორებით აუპატიურებდა და ანაწევრებდა (მინიმუმ 12 მსხვერპლს თავი ხერხით მოაჭრა, თან წაიღო და ბინაში ინახავდა როგორც  ტროფეის). მსხვერპლთა გადარჩენილ სხეულებზე დაყრდნობით (მაგალითად, ლიზა ლევის) შეიძლება ითქვას, რომ ბანდი კანიბალი იყო. მან აღიარა 30 მკვლელობა, მაგრამ შეიძლება მეტიც ყოფილიყო. 

        1977 წლის 15 იანვარი გახდა ყველაზე „სისხლიანი“ დღე მის „კარიერაში“. ფლორიდას შტატში, ტალაჰასში, ის შეიჭრა ქალთა საერთო საცხოვრებელში, სასტიკად სცემა ხელკეტით სამი გოგონა და კიდევ ორი მოკლა ​​... და ამ ყველაფრის მიუხედავად, მას ჰყავდა უამრავი თაყვანისმცემელი ქალი, რომლებიც მას წერილებსა და საჩუქრებს უგზავნიდნენ, როდესაც ის პატიმრობაში იმყოფებოდა. რა თქმა უნდა, მას შეეძლო ქალბატონების მოხიბვლა, ჰქონდა მაღალი IQ და ოსტატურად განაწყობდა საკუთარი თავის მიმართ. გარდა ამისა, მან ორჯერ მოახერხა ციხიდან გაქცევა. 

       მედიამ ბანდი სუპერვარსკვლავად აქცია, მას მოსვენებას არ აძლევდა ასობით ჟურნალისტი, ჰყავდა თაყვანისმცემლების მთელი არმია. ერთ-ერთი ბოლო სასამართლო სხდომის დროს მან თავის მეგობარ კეროლ ენ ბუნს ცოლობა სთხოვა, და ის დათანხმდა! სასაცილოა, მაგრამ ფლორიდას შტატის კანონის თანახმად, თუ მოსამართლის თანდასწრებით სთხოვთ ქალს ცოლობას, ქორწინება ოფიციალურად ითვლება. 1982 წელს კეროლ ენ ბუნს ტედისგან ქალიშვილი შეეძინა. 1989 წელს ბანდი სიკვდილით დასაჯეს ელექტროსკამზე ფლორიდის შტატის ციხეში, ის 43 წლის იყო. ბანდის შესახებ ათზე მეტი ფილმი გადაიღეს, დაწერეს წიგნები და სიმღერები, მაგალითად, ისეთმა ჯგუფებმა, როგორიცაა Cannibal Corpse და Macabre, ის South Park-იერთ-ერთის  ეპიზოდის გმირია, სახელწოდებით „ჯოჯოხეთი დედამიწაზეHell 2006“. 

2. რიჩარდ რამირესი - ღამის სტალკერი  


        1984-85 წლებში ლოს-ანჯელესი მზადყოფნაში იმყოფებოდა, რადგან მკვლელი მთელ ქალაქს ატერორებდა. მოუხელთებელმა სერიულმა მკვლელმა ტერორის ნამდვილი კამპანია გახსნა კალიფორნიის მოსახლეობის წინააღმდეგ. ღამით ის ეჭრებოდა ხალხს სახლებში, ძარცვავდა, აუპატიურებდა, კლავდა. ამასთან, ის განზრახ ტოვებდა ზოგიერთ მსხვერპლს ცოცხალს. მალე ის თავისებურად აცხადებს სატანიზმისადმი მიდრეკილებას - იგი ტოვებს პენტაგრამის გამოსახულებებს დანაშაულის ადგილზე, ის ასევე აიძულებდა თავის მსხვერპლს ეთქვა: „მე მიყვარს სატანა“. პოლიციელები დაბნეულები იყვნენ, მათ ვერ შეძლეს იმ შაბლონის ზუსტად განსაზღვრა, რომლითაც მანიაკი მოქმედებდა, ამიტომ მას „Night Stalker“ - ღამის სტალკერი უწოდეს. მანიაკი თავს ესხმოდა სრულიად განსხვავებულ ადამიანებს, რაც არ არის დამახასიათებელი სერიული მკვლელებისთვის, რომლებსაც, როგორც წესი, აქვთ მსხვერპლის საკუთარი მკაფიოდ განსაზღვრული ტიპაჟი. მეტსახელი „ღამის მონადირე“ რამირესს ძალიან მოსწონდა, რადგან მისი საყვარელი სიმღერა იყო ჯგუფ AC/DC-ის სიმღერა „Night Prowler“.

        რიჩარდ რამირესი მისტიკური მანიაკი აღმოჩნდა, ერთ-ერთი ყველაზე შეშლილი სერიული მკვლელი ამერიკის ისტორიაში. იგი დამნაშავედ ცნეს 13 მკვლელობაში, ხუთი მკვლელობის მცდელობაში და 11 გაუპატიურებაში. 1989 წელს მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ქალთა შორის, ვინც მას ციხეში წერდა, იყო ჟურნალის რედაქტორი დორინ ლაოი, რომელზეც იგი 1996 წლის ოქტომბერში დაქორწინდა - ქორწილი გაიმართა ციხის შენობის  პაემანის ოთახში. 1997 წელს ლაოიმ CNN-ის კორესპონდენტს უთხრა: „ის კეთილი და მხიარულია, მომხიბვლელი. მე უბრალოდ მჯერა მისი. ჩემი აზრით, ო.ჯეი სიმპსონის დანაშაულის უფრო მეტი მტკიცებულება არსებობდა, მაგრამ ყველამ ვიცით, როგორ დასრულდა ეს“. ლაოი თვითმკვლელობით იმუქრებოდა, თუ რამირესის განაჩენს სისრულეში მოიყვანდნენ. მაგრამ მოგვიანებით ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. 

       2007 წლიდან მანიაკს აღარ ჰყავდა მომსვლელები, ხოლო სიცოცხლის ბოლო წლებში რამირესმა უარი თქვა ვინმესთან შეხვედრაზე. რამირესი უმეტეს დროს თავის საკანში, ტელევიზორის წინ ატარებდა. ამის მიუხედავად, ის ყველაზე პოპულარულ პატიმრად რჩებოდა და მის მიმართ ინტერესი არ ცხრებოდა. რამირესმა 23 წელი გაატარა სიკვდილმისჯილთა საკანში და 2013 წელს გარდაიცვალა სიმსივნით 53 წლის ასაკში. 

ჩარლზ მენსონი, კულტის ლიდერი  


          ამ სიაში ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც მანიაკი „თითქმის“ დაქორწინებულია. ჩარლზ მენსონმა სიცოცხლის დიდი ნაწილი სიკვდილმისჯილთა საკანში გაატარა, მაგრამ 80 წლის ასაკშიც კი, მენსონის „ოჯახის“ კულტის ლიდერი სიყვარულს გისოსებს მიღმა პოულობს - ახალგაზრდა ქალს, სახელად ეფტონ ელეინ ბერტონს, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ვარსკვლავი. მენსონს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს შერონ ტეიტისა და სხვების მკვლელობისთვის, მაგრამ კალიფორნიამ გააუქმა სიკვდილით დასჯა და განაჩენი უვადო პატიმრობით შეუცვალა. 

         მანიაკს დიდხანს ჰქონდა მიმოწერა ვარსკვლავთან, 2014 წელს ისინი დაინიშნენ და დაქორწინების ნებართვა მიიღეს. გოგონა ცხრა წლის განმავლობაში დადიოდა მენსონის სანახავად, გახდა მისი დამცველი, განაგებდა რამდენიმე საიტს მენსონის მხარდასაჭერად და ამტკიცებდა მის უდანაშაულობას. მას არა ერთხელ უთქვამს, რომ ძალიან უყვარდა მენსონი. მსოფლიო ელოდა იმ დღეს, როდესაც მენსონი დაქორწინდებოდა თავის 26 წლის რჩეულზე, მაგრამ 2015 წელს ქორწინების ნებართვის ვადა ამოიწურა. 

          ამბობენ, რომ მენსონმა ბოლო წუთს უარი თქვა დაქორწინებაზე, რადგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი საცოლე გარდაცვალების შემდეგ აპირებდა მისი გვამის ბალზამირებას და შუშის სარკოფაგში მოთავსებას“ ყველას დასათვალიერებლად და ფულის შოვნის მიზნით. მაგრამ ახალგაზრდა ქალბატონი უარყოფს ამ ჭორებს და იმედს არ კარგავს, რომ მენსონი  ერთ დღეს მასზე დაქორწინდება. „მე ის ძალიან მიყვარს“, - აღიარებს ელენი. ჩარლზ მენსონი კალიფორნიის შტატის ქალაქ კორკორანის ციხეში იმყოფება. 2012 წლის 11 აპრილს მენსონს მეთორმეტეჯერ უარი ეთქვა ვადამდე გათავისუფლებაზე; 2017 წელს მას 83 წელი შეუსრულდა. როგორც ჩანს, „კულტის მანიაკს" გათავისუფლების იმედი არ აქვს. 

         „ადამიანების უმრავლესობა მენსონს და მასთან მისულ პირებს მიიჩნევს სასტიკ, ცივსისხლიან მკვლელებად, რომლებიც ნარკოტიკებისგან სულ შეიშალენ. ამავდროულად, სხვები მენსონში ხედავენ მისტიკური შესაძლებლობების მქონე თავისებურ ლიდერს და გურუს. ისინი იცავენ მენსონს, მხარს უჭერენ და ცდილობენ მისი ცხოვრების იმიტირებას, რომელიც წინ უძღვის მკვლელობებს. სასჯელის მოხდის დროს მენსონი ათასობით წერილს და უამრავ ვიზიტორს იღებდა. წერილებს წერენ ორივე სქესის მოზარდები და მოზრდილები. ქალები მენსონთან მოდიან ციხეში, ცდილობენ მისი ყურადღების მიპყრობას და სიმპათიის დამსახურებას, ვიღაც ეძებს მის რჩევას, ზოგიერთს სურს გახდეს მისი მიმდევარი. არიან ისეთებიც, ვინც მზად არის დანაშაული ჩაიდინოს მისი გულისთვის - უფრო სწორედ, მითოსის გამო, რომელიც შეიქმნა მისი პიროვნების გარშემო. მაგრამ ეს მითი შორსაა რეალობისგან (ნ. ემონსის წიგნიდან „ჩარლზ მენსონი: ცხოვრების ნამდვილი ამბავი, მის მიერ მოყოლილი“). 

[ვიკიპედია - მენსონი გარდაიცვალა 2017 წლის 19 ნოემბერს 83 წლის ასაკში]

https://www.historytoday.com/history-matters/fears-fourth-reich

Hitler INC. movie

https://www.historynet.com/the-women-who-loved-hitler.htm







Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised