среда, 29 апреля 2020 г.

იქნებ სამყარო ვირუსამდე არანორმალური იყო?“ ნობელის პრემიის ლაურეატი ოლგა ტოკარჩუკი კარანტინის შესახებ

იქნებ სამყარო ვირუსამდე არანორმალური იყო?“
ნობელის პრემიის ლაურეატი ოლგა ტოკარჩუკი კარანტინის შესახებ

             ფიქრები გარდაუვალი ახალი დროების შესახებ

პოლონელმა მწერალმა ოლგა ტოკარჩუკმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა ლიტერატურის დარგში და საერთაშორისო ბუკერის პრემიის მფლობელმა, გაგვიზიარა თავისი მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რას განიცდის ამჟამად კაცობრიობა და რა მომავალი ელოდება მას კორნავიუსის შემდეგ.
ტოკარჩუკი საუბრობს იმაზე, თუ როგორ ატარებს დროს ვროცლავში თვითიზოლაციის პირობებში, და ეხება რამდენიმე პრობლემას, რომლებიც, მისი აზრით, გამოავლენს პანდემიას.
თავდაპირველად, მისი სვეტი გერმანულ ენაზე დაიბეჭდა გაზეთში Frankfurter Allgemeine Zeitung. მოგვყავს სრული თარგმანი მწერლის პოლონური ესედან, რომელიც გამოქვეყნებულია მის ფეისბუკზე.
შეგახსენებთ, რომ ოლგა ტოკარჩუკი 27-ე Book Forum-ზე ლვოვში, რომელიც გაიმართება 16-დან 20 სექტემბრამდე, იქნება საპატიო სტუმარი,.

„ფანჯარა“
ფანჯრიდან მე ვხედავ თეთრ თუთას, ხეს, რომელიც მხიბლავს, ის ასევე გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც მე აქ დავსახლდი. თუთა გულუხვი მცენარეა, თავისი ტკბილი და სასარგებლო ნაყოფით იგი ათეულობით ფრინველის ოჯახს კვებავს გაზაფხულსა და ზაფხულში. თუმცა, ახლა თუთას ფოთლები არ აქვს, ამიტომ მე ვხედავ წყნარი ქუჩის იმ ნაწილს, რომლითაც დროდადრო ვიღაც მიდის პარკში. ვროცლავში ამინდი თითქმის საზაფხულოა, მზე ანათებს, ცა ცისფერია, ხოლო ჰაერი სუფთა. დღეს, როდესაც ძაღლს ვასეირნებდი, ორი კაჭკაჭი დავინახე, რომლებიც ბუდიდან ბუს აგდებდნენ. მე და ბუმ ერთმანეთს თვალებში შევხედეთ  ერთი მეტრის დაშორებით. ჩემი აზრით, ცხოველებიც ელოდებიან, თუ რა მოხდება.
უკვე დიდი ხანია ჩემთვის მშვიდობა ძალიან ბევრი იყო. ძალიან ბევრი, ძალიან სწრაფი, ძალიან ხმამაღალი. ასე რომ, მე არ მაქვს „განმარტოების ტრავმა“ და არ ვიტანჯები იმის გამო, რომ ადამიანებს ვერ ვხედავ. მე არ ვნანობ, რომ კინოთეატრები დაიხურა, ჩემთვის სულერთია, რომ სავაჭრო ცენტრები არ მუშაობენ. მე განვიცდი, როდესაც ვფიქრობ ყველა მათზე, ვინც სამსახური დაკარგა.
როდესაც მე შევიტყე იმის შესახებ, რომ შემოაქვთ პროფილაქტიკური კარანტინი, რაღაც შვების მსგავსი ვიგრძენი. მე ვიცი, რომ ბევრი ადამიანი იგივეს გრძნობს, თუმცა  რცხვენიათ ამის აღიარება. ჩემი ინტროვერსია ზედმეტად აქტიური ექსტრავერტების დიქტატით  დათრგუნული და დაღლილი, განთავისუფლდა  და კარადა დატოვა.
ფანჯრიდან მე ვუყურებდი მეზობელს, საქმიან ადვოკატს, რომელიც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ სასამართლოში მიდიოდა მანტიაში გამოწყობილი. ახლა კი მოუქნელ სპორტულ კოსტუმში  ებრძოდა ტოტებს უკანა ეზოში, ალბათ, ასუფთავებდა.
 მე ვხედავ ახალგაზრდების წყვილს, ისინი ბებერ ძაღლს ასეირნებდნენ, რომელიც გასული ზამთრის შემდეგ ძლივს დადიოდა. მას თათები უკანკალებდა, ისინი კი მოთმინებით მიჰყვებოდნენ მას.
ნაგვის მანქანას ხმაურით გააქვს ნაგავი.
რა თქმა უნდა, ცხოვრება გრძელდება. მაგრამ სრულიად სხვა რიტმში. მე კარადა დავალაგე  და ყველა წაკითხული გაზეთი ქაღალდების კონტეინერში ჩავდე.  ყვავილები გადავრგე. რემონტიდან ველოსიპედი წამოვიღე. სიამოვნებას ვიღებ  სამზარეულოში ფუსფუსით.
მეხსიერებაში დაჟინებით ჩნდება სურათები ბავშვობიდან, როდესაც დრო გაცილებით მეტი იყო და მისი დახარჯვა „ფუჭად“ შეიძლებოდა, საათობით ფანჯარაში ყურება, ჭიანჭველებზე დაკვირვება, მაგიდის ქვეშ დაწოლა და იმის წარმოდგენა, რომ ეს თაღი იყო. ან  ენციკლოპედიის წაკითხვა.
განა ჩვენ არ დავუბრუნდით ცხოვრების ნორმალურ რიტმს? იქნებ ვირუსი არ არღვევს ნორმას, არამედ პირიქით - მოუსვენარი სამყარო იყო მის გამოჩენამდე არანორმალური ?
ვირუსმა შეგვახსენა ის, რაც ასე მგზნებარედ ვუარვყოფდით: ჩვენ ყველაზე დელიკატური მასალიდან შექმნილი სუსტი ქმნილებები ვართ. რომ ჩვენ ვკვდებით, რომ ჩვენ მოკვდავები ვართ.
რომ ჩვენ სამყაროდან არ ვართ დაშორებული ჩვენი „ადამიანურობით“ და უნიკალურობით, ხოლო სამყარო ერთგვარი დიდი ქსელია, რომლითაც ჩვენ სხვა უხილავ არსებებთან ვართ დაკავშირებული დამოკიდებულებისა და გავლენის ძაფებით.
რომ ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული და, იმისდა მიუხედავად, საიდან ვართ წარმოშობით, რა ენაზე ვსაუბრობთ და რა ფერის არის ჩვენი კანი, ჩვენ ყველანი ერთნაირი ვავადმყოფობთ , ყველას ასევე გვეშინია და ასევე ვკვდებით.
მან გვაიძულა გაგვეგო, რომ მიუხედავად იმისა, რამდენად სუსტებად ან დაუცველებად ვგრძნობთ თავს, ჩვენს გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც უფრო სუსტი არიან და დახმარებას საჭიროებენ. მან შეგვახსენა, რამდენად დაუცველი არიან ჩვენი მშობლები, ბებიები და ბაბუები და რამდენად სჭირდებათ მათ ჩვენი ზრუნვა. მან გვიჩვენა, რომ ჩვენი დაძაბული მობილობა საფრთხეს უქმნის მსოფლიოს. და მან დაგვისვა კითხვა, რომელზეც ჩვენ თვითონ იშვიათად გვყოფნიდა გამბედაობა: რას ვეძებთ  სინამდვილეში?
ავადმყოფობის შიშმა გადაგვიყვანა ამ დაციკლული გზიდან და შეგვახსენა ბუდეების არსებობა, საიდანაც ჩვენ გამოვედით და სადაც თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ. და რაც არ უნდა დიდი მოგზაურები ვიყოთ, ასეთ სიტუაციებში ჩვენ ყოველთვის ვბრუნდებით სახლში.
ჩვენთვის ცხადი გახდა სამწუხარო ჭეშმარიტება: განსაკუთრებული საფრთხის მომენტში აზროვნება უბრუნდება ჩაკეტილობის და განსაკუთრებულობის კატეგორიებს ერებთან და საზღვრებთან მიმართებაში. ამ რთულ პერიოდში გაირკვა, თუ რამდენად სუსტია ევროპული საზოგადოების იდეა პრაქტიკაში.
კავშირმა უარი თქვა საერთო ბრძოლაზე, კრიზისის დროს გადაწყვეტილებების მიღება ეროვნულ სახელმწიფოებს დააკისრა. ეროვნული საზღვრების ჩაკეტვა ამ სამწუხარო დროის ყველაზე დიდ წარუმატებლობად მიმაჩნია - ძველი ეგოიზმები დაუბრუნდნენ „ჩვენსა“ და „უცხოზე“ დაყოფასთან ერთად, და ეს სწორედ ის არის, რასაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვებრძოდით, იმ იმედით, რომ ეს აღარასოდეს მოხდებოდა.
ვირუსის წინაშე შიშმა ავტომატურად გამოიწვია უმარტივესი ათავისტური რწმენა, რომ ყველაფერში უცხოები არიან დამნაშავე და რომ მათ საიდანღაც მოაქვთ ყოველთვის საფრთხე. ევროპაში ვირუსი „საიდანღაც“ მოვიდა, ის ჩვენი არ არის, უცხოა. პოლონეთში ყველა, ვინც უცხოეთიდან ბრუნდება, ეჭვმიტანილი ხდება.
დახურული საზღვრების ტალღა და უზარმაზარი რიგები გადასასვლელ პუნქტებზე, ალბათ, შოკისმომგვრელი გახდა  მრავალი ახალგაზრდისთვის. ვირუსმა შეგვახსენა: საზღვრები არსებობს და კარგად დგას.
მე ასევე მეშინია, რომ ვირუსი კიდევ ერთ ძველ ჭეშმარიტებას შეგვახსენებს იმის შესახებ, თუ რამდენად არათანაბარი ვართ. ზოგიერთი ჩვენგანი კერძო თვითმფრინავით გაფრინდება კუნძულზე მდებარე სახლში, ან ტყეში განმარტოვდება, სანამ დანარჩენი ქალაქებში დარჩება, ელექტროსადგურებსა და წყლის სადგურებს მართავენ. სხვები გარისკავენ თავის ჯანმრთელობას მაღაზიებში და საავადმყოფოებში მუშაობით. ზოგი ფულს იშოვის ეპიდემიაზე, ზოგი კი ყველაფერს დაკარგავს, რაც ცხოვრებაში შეიძჳნა.
მოსალოდნელ კრიზისს შეუძია გაანადგუროს ის პრინციპები, რომლებიც ჩვენთვის სტაბილური ჩანდა; ბევრი ქვეყანა ვერ გაუმკლავდა ამას, და მათი დაშლის ფონზე ახალი წესრიგი წარმოიქმნება, როგორც ეს ხშირად ხდება კრიზისების შემდეგ.
ჩვენ სახლში ვართ, წიგნებს ვკითხულობთ და სერიალებს ვუყურებთ, მაგრამ სინამდვილეში დიდი ბრძოლისთვის ვემზადებით ახალი რეალობისთვის, რომლის წარმოდგენაც კი არ შეგვეძლია, მაგრამ ვაცნობიერებთ, რომ უკვე არაფერი იქნება ისეთივე, როგორც ადრე. ოჯახების სახლში იძულებითი კარანტინისა და იზოლაციის სიტუაციამ შეიძლება გვაიძულოს იმის გაცნობიერება, რის აღიარებაც ჩვენ არ გვინდა: ოჯახი გვღლის, საქორწინო კავშირები დიდი ხანია გაქრა. ჩვენი შვილები  კარანტინიდან გამოვლენ  ინტერნეტზე დამოკიდებულები, ხოლო ბევრი ჩვენგანი გააცნობიერებს სიტუაციის უაზრობას და ამაოებას, რომელშიც იმალება  მექანიკურობა და ინერცია .
რა მოხდება, თუ მკვლელობების, თვითმკვლელობის და ფსიქიკური დაავადებების რიცხვი გაიზრდება?
ჩვენს თვალწინ ცივილიზაციური პარადიგმა - ჩვენ ვართ ქმნილების გვირგვინი, ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი, სამყარო ჩვენ გვეკუთვნის - რომელმაც ბოლო ორასი წლის განმავლობაში ჩამოგვაყალიბა, გაქრა, როგორც კვამლი.
დგება ახალი დრო.
https://cube-wan.livejournal.com/327431.html

https://p-i-f.livejournal.com/5213306.html

















































































Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised