вторник, 14 апреля 2020 г.

ა. შუცი შინ დაბრუნებული

ა. შუცი
შინ დაბრუნებული
შინ დაბრუნებულს სახლი, - ყოველ შემთხვევაში, თავიდან, უჩვეულოდ ეჩვენება. ადამიანი ფიქრობს, რომ უცნობ ქვეყანაში აღმოჩნდა, სანამ ღრუბლები არ გაიფანტება. თუმცა შინ დაბრუნებულის მდგომარეობა უცხოელის მდგომარეობისგან განსხვავდება. ეს უკანასკნელი ჯგუფს უნდა შეუერთდეს, რომელიც არ არის და არასდროს ყოფილა მისი. ეს სამყარო განსხვავებულად არის ორგანიზებული, ვიდრე ის, საიდანაც იგი ჩამოვიდა.
დაბრუნებულს აქვს იმ გარემოში დაბრუნების იმედი, სადაც უკვე იმყოფებოდა, რომლის შესახებაც ცოდნა აქვს, და რომელსაც, მისი აზრით, მასთან კონტაქტში შესასვლელად გამოიყენებს. უცხოელს არ აქვს ეს ცოდნა. სახლში დაბრუნებულს იმედი აქვს, რომ ამ ცოდნას თავის მეხსიერებაში მოძებნის. ის გრძნობს და განიცდის ჰომეროსის მიერ აღწერილი შინ დაბრუნებული ოდისევსისთვის დამახასიათებელ შოკს. შინ დაბრუნების ამ ტიპიურ გამოცდილებას ჩვენ გავაანალიზებთ სოციალური ფსიქოლოგიის ზოგადი ტერმინების გამოყენებით. ომიდან დაბრუნებული ვეტერანები უკიდურესი შემთხვევაა, რაც კარგად არის აღწერილი ლიტერატურაში. ჩვენ შეგვიძლია დავიმოწმოთ როგორც უცხო ქვეყნიდან დაბრუნებული მოგზაურების გამოცდილება, ისე მშობლიურ მხარეში დაბრუნებული ემიგრანტების. ყველა მათგანი შინ დაბრუნებულის მაგალითებია და არა გარკვეული დროით, როგორც ჯარისკაცი ჩამოდის შვებულებაში ან სტუდენტი არდადეგებზე.
მაგრამ სახლში რას ვგულისხმობთ? როგორც პოეტი იტყოდა, სახლი არის ის, საიდანაც ჩვენ ვიწყებთ. სახლი არის ადგილი, სადაც ყველა აპირებს დაბრუნებას, როდესაც იქ არ არის, იტყოდა იურისტი. ჩვენ სახლს განვიხილავთ, როგორც კოორდინატთა სისტემის ნულოვან წერტილს, რომელსაც მივაწერთ სამყაროს, რათა მასში მოვძებნოთ ჩვენი ადგილი. გეოგრაფიულად, ეს არის კონკრეტული ადგილი დედამიწის ზედაპირზე. მაგრამ სახლი მხოლოდ თავშესაფარი არაა: ჩემი სახლი, ჩემი ოთახი, ჩემი ბაღი, ჩემი ციხე-სიმაგრე. „სახლის“ ცნების სიმბოლური დახასიათება ემოციურადაა შეფერილი,  მისი აღწერა რთულია. სახლი სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა ნივთს ნიშნავს. ის, რასაკვირველია, ნიშნავს მამისეულ სახლს, მშობლიურ ენას, ოჯახს, მეგობრებს, საყვარელ პეიზაჟს და სიმღერებს, რომლებსაც დედა გვიმღეროდა, გარკვეული სახით დამზადებულ საჭმელს, ჩვეულ ყოველდღიურ ნივთებს, ფოლკლორს და პირად ჩვევებს - მოკლედ, ცხოვრების განსაკუთრებულ წესს, რომელიც შედგება ჩვენთვის ძვირფასი პატარა და ნაცნობი ელემენტებისგან.
გამოკითხვებმა აჩვენეს, რომ ზოგისთვის სახლი ტომატის სენდვიჩია ყინულივით ცივი რძით, სხვებისთვის, ახალი რძე და დილის გაზეთი კართან, ზოგისთვის - ტრამვაი და ავტომობილის საყვირი. ამრიგად, სახლი ერთს ნიშნავს ერთი ადამიანისთვის, ვინც არასოდეს ტოვებს მას, სხვა რამეს იმ ადამიანისთვის, ვინც მისგან შორს ცხოვრობს, და სულ სხვა რამეს იმ ადამიანისთვის, ვინც მას უბრუნდება.
გამოთქმა „თავი იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში“ ნიშნავს ახლო და ინტიმური ურთიერთობების მაღალ დონეს. სახლში ცხოვრება მიჰყვება ორგანიზებულ რუტინულ ნიმუშებს, მას აქვს კარგად განსაზღვრული მიზნები და აპრობირებული საშუალებები, რომელიც  მოიცავს ტრადიციების, ჩვევების, ინსტიტუტების, საქმიანობის ყველა სახეობის ერთობლიობას.
ყოველდღიური ცხოვრების პრობლემების უმეტესი ნაწილი შეიძლება მოგვარდეს ნიმუშების გათვალისწინების გზით. აქ არ ჩნდება იმის აუცილებლობა, რომ განისაზღვროს და შემდეგ ისევ ახლებურად განისაზღვროს სიტუაციები, რომლებიც აქამდე არაერთხელ გვხვდებოდა, ან ძველ პრობლემებს ახალი გამოსავალი მიეცეს, რომელთაც უკვე მიიღეს დამაკმაყოფილებელი გამოსავალი. სახლში ცხოვრების წესს არ მართავს მხოლოდ გამონათქვამებისა და ინტერპრეტაციების ჩემი საკუთარი სქემა, ის საერთოა იმ ჯგუფის ყველა წევრისთვის, რომელსაც ვეკუთვნი. მე შემიძლია დარწმუნებული ვიყო, რომ ამ სქემის გამოყენებით, მე სხვებს გავუგებ, ისინი კი მე გამიგებენ. ჩემი ჯგუფის წევრების მიერ მიღებული რელევანტურობის სისტემა  მაღალი ხარისხის კონფორმულობას დემონსტრირებს. მე ყოველთვის მაქვს სუბიექტური ან ობიექტური შანსი  ვიწინასწარმეტყველო სხვა ადამიანის მოქმედებები ჩემთან მიმართებაში, ისევე როგორც მათი რეაქცია ჩემს ქმედებებზე. ჩვენ შეგვიძლია არა მხოლოდ ვიწინასწარმეტყველოთ, თუ რა მოხდება ხვალ, არამედ დავგეგმოთ უფრო შორეული მომავალიც. ნივთები ისეთივე რჩება, როგორიც იყო. რა თქმა უნდა, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც არის ახალი სიტუაციები და მოულოდნელი მოვლენები. მაგრამ სახლში, ყოველდღიური რუტინული გადახრებიც კი იმართება იმ საშუალებებით, რომლის დახმარებითაც ადამიანები ჩვეულებრივ უმკლავდებიან ექსტრაორდინალურ სიტუაციებს. არსებობს ბიზნესის კრიზისებზე რეაგირების ჩვეულებრივი გზები, ოჯახური პრობლემების, ავადმყოფობისადმი დამოკიდებულების მოსაგვარებლად ან თუნდაც სიკვდილის მიმართ. როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, აქ ინოვაციების გამოყენების რუტინული გზები არსებობს.
სოციალური ურთიერთობების ტერმინების გამოყენებით შეიძლება ითქვას, რომ სახლში ცხოვრება არის ე.წ. პირველად ჯგუფში ცხოვრება. ეს ტერმინი შემოიღო კულიმ, რათა აღენიშნა ახლო ურთიერთობები პირისპირ, და ისინი გამხდარიყო ჩვეული სოციოლოგიური სახელმძღვანელოებისთვის. ჩვენი მიზნისთვის სასარგებლო იქნება ამ ტერმინის ზოგიერთი ფარული იმპლიკაციის ანალიზი. უპირველეს ყოვლისა, უნდა განვასხვავოთ პირისპირ ურთიერთობები და ახლო ურთიერთობები. პირველი ვარაუდობს საერთო სივრცეს და დროს. სივრცის საერთოობა ნიშნავს, რომ სხეულის მოძრაობები, სახის გამომეტყველება, ჟესტები ღიაა პარტნიორის დაკვირვებისთვის, როგორც მისი აზრების სიმპტომები. მეორეს მხრივ, სივრცის საერთოობა ნიშნავს, რომ გარე სამყაროს გარკვეული სექტორი ხელმისაწვდომია პირისპირ ურთიერთობის ყველა მონაწილისთვის. ამ ზოგადი ჰორიზონტის შიგნით არის საერთო ინტერესის და ზოგადი რელევანტურობის ობიექტები. დროის საერთოობა არ ვრცელდება ძალიან შორს. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ თითოეული მათგანი მონაწილეობს სხვის შინაგან ცხოვრებაში. მე შემიძლია სხვისი აზრების ამოცნობა ცოცხალ აწმყოში და ჩემი აზროვნების საკუთარ ნაკადთან დაკავშირება. მე სხვებისთვის და ისინი ჩემთვის აბსტრაქციებს არ წარმოვადგენთ, ვართ არა მხოლოდ ტიპური ქცევის მაგალითები, არამედ, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ცოცხალ აწმყოში, უნიკალური ინდივიდუალური პიროვნებები. ასეთია პირისპირ ურთიერთობების სიტუაციის ნიშნები, რომელსაც ჩვენ გვირჩევნია ვუწოდოთ „წმინდა ჩვენ-ურთიერთობები“. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ შეგვიძლია დავანახოთ, რომ ყველა სხვა სოციალური ურთიერთობები დასაშვებია და გარკვეული მიზნებისათვის უნდა იქნას ინტერპრეტირებული, როგორც მისი წარმოებული. ამასთან, უნდა გვესმოდეს, რომ წმინდა ჩვენ-ურთიერთობები ეხება მხოლოდ სოციალური ურთიერთობების ფორმალურ სტრუქტურას, რომელიც დაფუძნებულია სივრცისა და დროის საერთოობაზე. ის შეიძლება მრავალი შინაარსით შეივსოს, რომლებიც დემონსტრირებენ სიახლოვის და ანონიმურობის განსხვავებულ ხარისხს. ცოცხალი აწმყოს ქალთან გაზიარება, რომელიც გვიყვარს, ან თანამგზავრთან, პირისპირ ურთიერთობების სხვადასხვა ტიპს წარმოადგენს. პირველადი ჯგუფების ცნებაში კული გულისხმობს ასეთი ურთიერთობების - სიახლოვის - გარკვეულ შინაარსს. მაგრამ თვითონ სიახლოვის ცნება, ჩემი აზრით, შეესაბამება არა მხოლოდ პირისპირ ურთიერთობებს. მიუხედავად ამისა, ტერმინი „პირველადი ჯგუფი“, როგორც საყოველთაოდ გამოსაყენებელი, გულისხმობს მესამე ცნებას, რომელიც არ არის დამოკიდებული ორ უკვე დასახელებულზე, - გარკვეული სოციალური ურთიერთობების განმეორებითი ხასიათი. ქორწინება, მეგობრობა, ოჯახი არ შედგება პერმანენტული, მკაცრად უწყვეტი პირისპირ ურთიერთობებისგან, არამედ მიეკუთვნება წყვეტილი პირისპირ ურთიერთობების სერიას. უფრო სწორედ, ე.წ. პირველადი ჯგუფები ინსტიტუციონალიზებულ სიტუაციებს წარმოადგენენ, რაც იძლევა დარღვეული ურთიერთობების ხელახლა დამყარების და გაგრძელების საშუალებას მათი გაწყვეტის მომენტიდან. ეს არ არის დაიმედება, მაგრამ არსებობს შანსი, რომ ისინი აღდგება და გაგრძელდება, და ამ შანსის არსებობა გათვალისწინებულია ჯგუფის ყველა წევრის მიერ.
ამგვარი განმარტებების შემდეგ დავუბრუნდეთ იმ ფაქტს, რომ სახლში ცხოვრება უმეტესწილად ნიშნავს ცხოვრებას რეალურ ან პოტენციურ პირველად ჯგუფებში, ე.ი. სხვებთან საერთო სივრცესა და დროში, ობიექტების, როგორც შესაძლო მიზნების, საშუალებების და ინტერესების, ზოგად გარემოში, რომლებიც დაფუძნებულია რელევანტურობის უწყვეტ სისტემაზე. სახლში ცხოვრება ნიშნავს სხვის, როგორც უნიკალური პიროვნების აღქმას ცოცხალ აწმყოში, მასთან მომავლის ანტიციპაციების, როგორც გეგმების, იმედების და სურვილების გაზიარებას, დაბოლოს, ეს ნიშნავს ურთიერთობების აღდგენის შანსს, თუ ისინი გაწყვეტილია. თითოეული პარტნიორისთვის სხვისი ცხოვრება ხდება მისი ავტობიოგრაფიის ნაწილი, მისი პირადი ისტორიის ელემენტი.
ასეთია სახლის სამყაროს სოციალური სტრუქტურის ასპექტი მათთვის, ვინც მასში ცხოვრობს. ის მთლიანად იცვლება მისთვის, ვინც სახლი დატოვა. იგი სხვა სოციალურ განზომილებაში გადავიდა, რომელიც არ მოიცავდა საკუთარ სახლში რეფერენციის სქემის სახით გამოყენებულ კოორდინატთა სისტემას. ცოცხალი აწმყოს გამოცდილებაში იგი არ განიცდის მრავალ სოციალურ ურთიერთობებს, რომლებიც,  როგორც მონაწილეები, შეადგენენ მისი საშინაო ჯგუფის ტექსტურას. თავის ჯგუფთან სივრცისა და დროის ერთიანობის დარღვევის შედეგად, ინტერპრეტაციის ის სივრცე, რომელშიც სხვა ავლენს საკუთარ თავს, მისთვის მკვეთრად ვიწროვდება. სხვის პერსონალურობა არ აღიქმება მის მიერ, როგორც მთლიანობა: იგი იყოფა ნაწილებად. საყვარელი ადამიანის გამოცდილებაში არ არსებობს მთლიანი გამოცდილება: მისი ჟესტების, სიარულის, მეტყველების მანერის. რჩება მხოლოდ მოგონებები და ფოტოსურათები. მაგრამ არსებობს კომუნიკაციის ისეთი საშუალება, როგორიცაა წერილები. ამასთან, წერილის ავტორი მიმართავს ისეთი ტიპის  ადრესატს, რომელიც მან დატოვა სახლიდან წასვლისას, და ადრესატი კითხულობს იმ ადამიანების წერილებს, ვისაც დაემშვიდობა. ვარაუდობენ, რომ ის, რაც ტიპიური იყო წარსულში, ტიპიური იქნება აწმყოში, ე.ი. შენარჩუნებული იქნება რელევანტურობის უწინდელი სისტემა. მაგრამ ორივე პარტნიორის ცხოვრებაში შეიძლება წარმოიქმნას ინოვაცია. ჯარისკაცს ხშირად აოცებდნენ წერილები სახლიდან. რელევანტურობის სისტემების ეს ცვლილება კორელირებს სიახლოვის ხარისხის ცვლილებასთან: საშინაო ჯგუფი აგრძელებს არსებობას ყოველდღიურ ცხოვრებაში ნაცნობი ნიმუშის შესაბამისად. რა თქმა უნდა, თავად ნიმუშიც შეიძლება იცვლებოდეს. მაგრამ ეს ცვლილებები შენელებულია, რომლებთანაც ადამიანები ადაპტირებენ ინტერპრეტაციის თავის სისტემას, და თავად ეთვისებიან ცვლილებებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სისტემა იცვლება როგორც მთლიანობა, გარღვევებისა და დარღვევების გარეშე. მოდიფიკაციებშიც კი არის ყოველთვის იმის ანდერძი, თუ როგორ გავუმკლავდეთ ცხოვრებას, გარდა კატასტროფებში ან მტრულ მოქმედებებში ძალადობრივი განადგურების შემთხვევებისა. არმყოფს ყოველთვის აქვს უპირატესობა ამ უნივერსალური ნიმუშის ცოდნაში. მას შეუძლია წარმოიდგინოს დედისა და დის ქმედებები ამა თუ იმ სიტუაციაში, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, მაგრამ მათ არ შეუძლიათ იგივე გამოცდილება ჰქონდეთ ომში ჯარისკაცის ცხოვრების მიმართ. მართალია, მედია, დაბრუნებულთა ნაამბობი და პროპაგანდა იძლევა ფრონტზე ცხოვრების გარკვეულ სურათს, მაგრამ ეს სტერეოტიპები არ იქმნება სპონტანურად, არამედ იგზავნება, იცხრილება სამხედრო და პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. ჯარისკაცის მდგომარეობა უნიკალურია. როდესაც დაბრუნებისას ის ისაუბრებს მის შესახებ, თუ საერთოდ ისაუბრებს, დაინახავს, რომ მისდამი სიმპათიის მქონე ადამიანებისთვისაც კი მისი ინდივიდუალური გამოცდილების უნიკალურობა, რომელმაც იგი სხვა ადამიანად აქცია, გაუგებარია. ისინი შეეცდებიან მოძებნონ ნაცნობი თვისებები ფრონტზე ჯარისკაცების ცხოვრების უკვე ჩამოყალიბებული ტიპაჟებიდან. მათი თვალსაზრისით, ფრონტზე მისი ცხოვრება განსხვავდებოდა მხოლოდ უმნიშვნელო დეტალებით იმისგან, რასაც ჟურნალებში კითხულობდნენ. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მრავალი ქმედება, რომელიც ადამიანებისთვის შეიძლება უდიდესი გამბედაობის გამოვლინება იყოს, სინამდვილეში საბრძოლო მოქმედებებში ჩართული ჯარისკაცისთვის იყოს მხოლოდ ბრძოლა გადარჩენისთვის ან მოვალეობის შესრულება. ამავე დროს, თავგანწირვისა და გმირობის სხვა მრავალი მაგალითი რჩება სახლში დარჩენილი ადამიანების მიერ სათანადოდ არშეფასებული.
შეუსაბამობა უნიკალურობასა და მნიშვნელობას შორის, რომელსაც არმყოფი ადამიანი თავის გამოცდილებას მიაწერს, და სახლში დარჩენილ ადამიანთა მიერ მის ფსევდოტიპიზაციას შორის, რომლებიც ამ გამოცდილებას ფსევდორელევანტურობას მიაწერენ, არის ჩვენი-ურთიერთობების ურთიერთაღდგენისთვის ერთ-ერთი უდიდესი დაბრკოლება. შინ დაბრუნებულის წარმატება ან წარუმატებლობა დამოკიდებულია ამ სოციალური ურთიერთობების აღდგენის ტრანსფორმირების შანსზე. მაგრამ აქ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, არც მეტი, არც ნაკლები, შინაგანი დროის შექცევადობა. ეს იგივე პრობლემაა, რომელიც ჰერაკლიტმა გამოხატა  აფორიზმით  ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ შესვლის შეუძლებლობის შესახებ და რომელსაც ბერგსონი აანალიზებდა, როგორც ხანგრძლივობას: მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ წარსული გამოცდილება სხვა მნიშვნელობას იძენს.  დაბრუნებული ადამიანი იგივე არ არის: არც საკუთარი თავისთვის და არც მათთვის, ვინც მის დაბრუნებას ელოდებოდა. ეს სამართლიანია ყველა დაბრუნებულის მიმართ. მაშინაც კი, როდესაც ხანმოკლე შესვენების შემდეგ სახლში ვბრუნდებით, აღმოვაჩენთ, რომ ძველი, ნაცნობი გარემო დამატებით მნიშვნელობას იძენს, რაც გამომდინარეობს ჩვენი გამოცდილებისაგან არყოფნის პერიოდში: ნივთებს და ადამიანებს, ყოველ შემთხვევაში, დასაწყისში, განსხვავებული იერი აქვთ. გარკვეული ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ მოვახდინოთ ჩვენი საქმიანობის ტრანსფორმირება რუტინულ კალაპოტში და მეტად გავააქტიუროთ ჩვენი ადრინდელი ურთიერთობები ადამიანებთან და ნივთებთან.
გარკვეულწილად, თითოეული სახლში დაბრუნებული აგემოვნებს გაუცნაურების მაგიურ ნაყოფს, იქნება ის ტკბილი თუ მწარე. მხოლოდ სახლისადმი უზარმაზარი სევდა გვაიძულებს გადავიტანოთ ძველ ნიმუშებში ახალი მიზნები, მათი რეალიზაციის ახალი საშუალებები, სახლიდან მოშორებით შეძენილი უნარები და გამოცდილება. სამწუხაროდ, და ეს მნიშვნელოვანია, არ არსებობს იმის გარანტია, რომ სოციალური ფუნქციები, რომლებმაც გაიარეს ტესტი ერთ სისტემაში, შეძლებენ იგივეს, თუ გადატანილი იქნება სხვა სისტემაში. ეს განსაკუთრებით სამართლიანია ომიდან დაბრუნებული ვეტერანების მიმართ. სოციოლოგიური თვალსაზრისით, ჯარში ცხოვრება უცნაურ ამბივალენტობას დემონსტრირებს. ის ხასიათდება იძულების, დისციპლინის, თავს მოხვეული კონტროლირებადი და ნორმატიული სტრუქტურის განსაკუთრებულად მაღალი დონით. მოვალეობის, ამხანაგობის, სოლიდარობის და სუბორდინაციის გრძნობა ინდივიდში განვითარებული განსაკუთრებული თვისებებია, თუმცა, ამ შემთხვევაში, ისინი დახურულია გარკვეული ჯგუფის ფარგლებში და არ არის გახსნილი მისი საკუთარი არჩევანისთვის. ეს თვისებები ფასეულია როგორც მშვიდობის, ასევე ომის დროს. მაგრამ ომის დროს ისინი არეგულირებენ ქცევას მხოლოდ თავისი ჯგუფის შიგნით, და არა მტრების მიმართ. მტერის მიმართ დამოკიდებულება უფრო დაწესებული დისციპლინის საპირისპიროა. ის, რაც მასში ჭარბობს მტრის დასამარცხებლად, არ შეიძლება გამოყენებულ იქნას დასავლეთის დემოკრატიის სამოქალაქო ცხოვრების ნიმუშებში. ომი არის სოციალური სტრუქტურის არქეტიპი, რომელსაც დიურკგეიმმა კანონის დარღვევა უწოდა. სამოქალაქო საზოგადოებაში ჯარისკაცმა თავისი მიზნები და საშუალებები უნდა აირჩიოს და არ შეუძლია, როგორც ჯარში, მიჰყვეს ავტორიტეტს ან ხელმძღვანელობას. ამიტომ, ის ხშირად გრძნობს თავს ისე, როგორც ბავშვი დედის გარეშე.
და კიდევ ერთი ფაქტორი. ომის დროს შეიარაღებულ ძალებში მოსამსახურე პირებს აქვთ პრივილეგირებული სტატუსი საზოგადოებაში. „ყველაფერი საუკეთესო ჩვენ ჯარისკაცებს“. ასეთია ომის დროს ლოზუნგი. და როგორც სამოქალაქო პირები უყურებენ კაცს სამხედრო ფორმაში, ისე ის უყურებს თავის თავს, მაშინაც, თუ ის შეიარაღებულ ძალებში მცირედი საქმით არის დაკავებული. სახლში დაბრუნებული მოკლებულია სამხედრო ფორმას და მასთან ერთად პრივილეგირებულ მდგომარეობას საზოგადოებაში. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ მას ჩამოერთმევა სამშობლოს დამცველის პრესტიჟი, მაგრამ ისტორია ცხადყოფს, დიდების მეხსიერება ხანმოკლეა.
ყოველივე ზემოთქმულს მივყავართ პრაქტიკულ დასკვნამდე. ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ კიდევ ბევრი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ვეტერანი, რომელიც შინ ბრუნდება, მზად იყოს იმისთვის, რომ შეეჩვიოს სახლს. ასევე აუცილებელია საშინაო ჯგუფი მოვამზადოთ მისი დაბრუნებისთვის. პრესისა და რადიოს საშუალებით ავუხსნათ მათ, რომ ადამიანი, რომელსაც ისინი ელოდებიან, ისეთივე არ არის, როგორც ისინი წარმოიდგენენ. პროპაგანდისტული მანქანის საპირისპირო მიმართულებით მობრუნება, ბატალური ცხოვრების ფსევდოტიპების და ზოგადად  ჯარისკაცის ცხოვრების განადგურება და მათი სიმართლით ჩანაცვლება არ არის ადვილი საქმე. მაგრამ აუცილებელია განადგურდეს საეჭვო ჰოლივუდური განდიდება და დავხატოთ რეალისტური სურათი იმისა, თუ რას ფიქრობენ და გრძნობენ ეს ადამიანები. ეს სურათი არანაკლებ ღირსეული და მიმზიდველია მეხსიერებისთვის. თავდაპირველად, არა მხოლოდ სამშობლო უჩვენებს სახლში დაბრუნებულს უცნობ სახეს, არამედ ის უცნაური მოეჩვენება მათ, ვინც მას ელოდება. ორივე მხარემ სიბრძნე უნდა გამოიჩინოს.


















 https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3312702/?fbclid=IwAR1eMsedQ2OtpACAd2I3s2BcavhIfxnGFzCUCBy_1yfDpROLywgwkkKlvKQ



https://en.m.wikipedia.org/wiki/Ultraviolet_germicidal_irradiation?fbclid=IwAR2lKaZO62wBEBBtepDSxtDB8Uo16Hf3im07xKpjCyDXmTFY-O9ZUXMZ3ZY
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC4783265/?fbclid=IwAR2eQeZythfhe5Kxm0OPAk5jvP3KwCI__D3naUTPzmX651UNdZJUhu6cfTM

https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3312702/?fbclid=IwAR1eMsedQ2OtpACAd2I3s2BcavhIfxnGFzCUCBy_1yfDpROLywgwkkKlvKQ


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised