воскресенье, 9 января 2022 г.

კანდინსკი: „შეწყვიტეთ ფიქრი!“ რაში მდგომარეობს „აბსტრაქციონიზმის პიონერის“ საიდუმლოება?

 https://aif.ru/culture/person/kandinskiy_perestante_dumat_v_chyom_sekret_pionera_abstrakcionizma

კანდინსკი: „შეწყვიტეთ ფიქრი!“  რაში მდგომარეობს  „აბსტრაქციონიზმის პიონერის“ საიდუმლოება?

155 წლის წინ, 1866 წლის 16 დეკემბერს, პირველი გილდიის სელენგიელი ვაჭრის ოჯახში პირმშო დაიბადა. ეს მოსკოვში მოხდა, სადაც ვაჭარი გადავიდა საკმაოდ ლოგიკური მოსაზრებების გამო - იგი ჩაის ვაჭრობით იყო დაკავებული. რუსეთის უძველესი დედაქალაქი, როგორც ამ პროდუქტის ყველაზე მსხვილი მომხმარებელი, რა თქმა უნდა, ყველაზე პერსპექტიული ადგილი იყო. ვაჭრის სახელი იყო ვასილი კანდინსკი.

ანალოგიურად, ვასილის დაარქმევს ის თავის შვილს, რომელიც კანდინსკების გვარს არნახულ მსოფლიო პოპულარობას მოუტანს. რადგანაც ფრაზა „ვასილი კანდინსკი“ ას წელზე მეტია მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდა: „რუსი ფერმწერი, მხატვარი და ხელოვნების თეორეტიკოსი, იდგა აბსტრაქციონიზმის სათავეებთან“.

თუმცა ეს გვარი არასოდეს უჩიოდა სახელგანთქმულობის ნაკლებობას. თუ თავს დავანებებთ წინაპრების - მანსიელი კონდინსკის სამთავროს მთავრების შესახებ ოჯახურ ლეგენდებს, საამაყო მაინც დარჩება. მართალია, ამ დიდებას აშკარა კრიმინალური სუნი ჰქონდა, მაგრამ ესეც, ალბათ ავტორიტეტსა და წონას მატებს.

მაგალითად, ჩვენი გმირის დიდი ბაბუა, იაკუტიის პოსადელი პიოტრ კანდინსკი 1752 წელს დააპატიმრეს ეკლესიის ძარცვისთვის, შემდეგ კი გადაასახლეს ნერჩინსკში. სამაგიეროდ, მისი ცოლი იყო დარია ატლასოვა, როგორც ჩანს, ცნობილი პირველი აღმომჩენის ვლადიმერ ატლასოვის ნათესავი, რომელმაც რუსეთს კამჩატკა აჩუქა.

დიდი ბაბუა მამის კვალს გაჰყვა. ხრისანფ პეტროვიჩ კანდინსკი იყო ცნობილი ყაჩაღი, რომელიც ძარცვავდა ვაჭრებს ტაიგის გზებზე და ჩინეთისკენ მიმავალ ბილიკებზე. ყაჩაღობით გამდიდრებული შემდეგ ვაჭარი გახდა, მოგვიანებით კი „კომერციის მრჩეველი“. სხვათა შორის, ეს წოდება უტოლდებოდა საჯარო სამსახურის VIII კლასს წოდებათა ცხრილის მიხედვით და შეესაბამებოდა კოლეჟსკი ასესორს წოდებას, ხოლო არმიის ეკვივალენტი  მაიორი იყო. სხვათა შორის, მისმა ძმამ ალექსეიმ საკუთარ სახლში მიიღო გადასახლებული დეკაბრისტები, მაგალითად, თავადი სერგეი ვოლკონსკი.

ბაბუა, სილვესტრ ხრისანფოვიჩი, ლეგალურად ვაჭრობდა ხორბლით, ხოლო გადაუმოწმებელი მონაცემებით, ის ასევე იყო მევახშე. თითქოს ფარულადაც კი - ხაზინის გვერდის ავლით - ეწეოდა ოქროს მოპოვებას, მაგრამ აქ საერთოდ არ არსებობს სანდო მონაცემები, არამედ მხოლოდ არაკეთილისმსურველთა ცილისწამებაა. ის ფაქტი, რომ არაკეთილისმსურველთა შორის მთელი ნერჩინსკის ვოლოსტი იყო, რომელიც შებორკილი იყო ყოვლისშემძლე კანდინსკების კლანის კაბალური ვალების გამო, არავის აწუხებს.

მხატვრის მამა, ვასილი სილვესტროვიჩი, ინტელიგენტი, საზოგადოებაში გამოსული ადამიანი იყო. ის დაქორწინდა ახალგაზრდა ქალბატონზე, რომელიც დედის მხრიდან ოსტზეიდელი გერმანელების შთამომავალი იყო. ოჯახში სუფევდა ორენოვნება, და მომავალმა მსოფლიოში ცნობილმა მხატვარმა გერმანულად ლაპარაკი თითქმის უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე რუსულად. თუმცა, კრიმინალური მიდრეკილებები კვლავ გამოვლინდა ოჯახის ამ თაობაში. მართალია, მათ სხვა სიბრტყეზე გადაინაცვლეს. ვასილი სილვესტროვიჩი გაემგზავრა ლონდონში, იქ შეხვდა „პირველ რუს სოციალისტს“ ალექსანდრ ჰერცენს და არალეგალურად შემოჰქონდა რუსეთში მისი ჟურნალი „კოლოკოლი“ და ალმანახი  „პოლარული  ვარსკვლავი“.

ერთი სიტყვით, კანდინსკები მოუსვენარი ხალხი იყო, აშკარა ავანტიურისტული და მკვეთრი გარდატეხისკენ მიდრეკილებით. ეს სრულად გამოიხატა ვასილი ვასილიევიჩის ცხოვრებაში. მაგრამ არა ერთბაშად.

თავდაპირველად მისი კარიერა ლოგიკურად განვითარდა. შორეული წინაპრები – მძარცველები იყვნენ, შემდეგ  – ვაჭრები. შემდეგ? მართალია, იურისტები.

ვასილი ვასილიევიჩი სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სწავლობდა არცთუ ცუდად. კანდინსკის მიერ მიღებული დიპლომი ითვლის თორმეტ ნიშანს „საკმაოდ დამაკმაყოფილებელი“, რაც შეესაბამება დრევანდელ „ფრიადს“. და მხოლოდ სამი ნიშანი იყო „დამაკმაყოფილებელი“ - თანამედროვე „კარგის“ ანალოგი. ზოგადად - დამსახურებულზე მეტი „პირველი ხარისხის“ დიპლომია. შემდგომი ძალიან კარგი პერსპექტივებით - იგი უნივერსიტეტში დატოვეს „პროფესორის წოდებისთვის მზადებისთვის და დისერტაციის დასაწერად“.

მაგრამ აქ ცნობილმა საგვარეულო ავანტიურულობამ თავი იჩინა. ოცდაათი წლის ასაკში კანდინსკი ტოვებს იურისპრუდენციას და გადაწყვეტს მხატვარი გახდეს. ეს უნიკალური შემთხვევაა რუსული ხელოვნების ისტორიაში. შეიძლება გავიხსენოთ მხოლოდ პაველ ფედოტოვი, რომელმაც ოცდაცხრა წლის ასაკში მიატოვა ოფიცრის კარიერა და გახდა თავისუფალი მხატვარი. მართალია, „ახალი კავალერის“ და „მაიორის მაჭანკლობის“ ავტორი იმ მომენტისთვის უკვე აღიარებული მოყვარული ფერმწერი  იყო. მისი ნამუშევარი „დიდი მთავრის შეხვედრა“ თავად დიდმა მთავარმა, მიხაილ პავლოვიჩმა შეიძინა. კანდინსკის კი არაფერი ჰქონდა, გარდა მოგონებებისა ბავშვობაში ხატვის გაკვეთილების და სკიპიდარის სუნის შესახებ, რომელიც „ასეთი მომხიბვლელი, სერიოზული და მკაცრი იყო“.

მართალია, ჰქონდა კიდევ ერთი საოცარი უნარიც. ზოგი ამას დევიაციასაც კი უწოდებს, ნორმიდან გადახრას. ამ მოვლენას სინესთეზია ეწოდება. იგი ასეა აღწერილი: „განსაკუთრებული აღქმა, რომლის დროსაც ერთი გრძნობის ორგანოს გაღიზიანება, მისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ შეგრძნებებთან ერთად, იწვევს სხვა გრძნობის ორგანოს შესაბამის შეგრძნებებსაც“. ანუ ასეთ ადამიანებს შეუძლიათ ფაქტიურად დაინახონ მუსიკა და მოისმინონ ფერები. კომპოზიტორებისთვის ეს ნორმალურია - მაგალითად, ფერენც ლისტი და ნიკოლაი რიმსკი-კორსაკოვი ხედავდნენ  მუსიკალური ტონალობების  ფერებს.

მხატვრისთვის ეს ასევე ნორმალურია, მაგრამ საწვალებელი. იმიტომ, რომ სწორედ მხატვარი აწყდება აღმაშფოთებელ უსამართლობას. ყოველ შემთხვევაში, ტრადიციული მხატვარი, რომელსაც „ევალება“ ადამიანების, ცხოველების და ზოგადად საგანთა სამყაროს ასახვა. თუნდაც ფანტასტიკურის.

მაგრამ სურვილი გაქვს წარმოაჩინო მუსიკა, რომელიც შენში ჟღერს, და შენ ნათლად ხედავ, როგორ და რა ფერებში ეს აისახება ტილოზე. მაგრამ დახატვა არ შეიძლება, რადგან მუსიკა ისეთი რამაა, რომ ბოლოს რაღაც გაუგებარს მიიღებ - აბდა-უბდას, ფერად ლაქებს, ხაზებს, წერტილებს, ფიგურებს... მოკლედ, აბსტრაქციას.

ყაჩაღების შთამომავალს, იურისტ კანდინსკის სამართლიანობის გაძლიერებული გრძნობა და უნაკლო ლოგიკა ახასიათებდა. რატომაც არა? რატომ არის ნებადართული მუსიკა იყოს აბსტრაქტული, ფერწერა კი  არა?

მის მიერ მოყვანილი არგუმენტები შესანიშნავია: „რამდენიმე გამონაკლისის გარდა, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მუსიკა იყო ხელოვნება, რომელიც ეძღვნებოდა არა ბუნებრივი ფენომენების ასახვას, არამედ შემოქმედის სულის გამოხატვას მუსიკალური ბგერების საშუალებით... მამლის ყივილი, კარის ჭრიალი, ძაღლის ყეფა, რომლის გამოხატვა საოცრად შეუძლია ვიოლინოს, არასოდეს იქნება აღიარებული ხელოვნების ნიმუშად. მომართეთ ყურები მუსიკაზე, გაახილეთ თვალები ფერწერისთვის და... შეწყვიტეთ ფიქრი!“

ფაქტობრივად, ამაშია  აბსტრაქტული ხელოვნების საიდუმლოება. როცა მუსიკას უსმენ, არ ფიქრობ, არამედ გრძნობ. იდეის მიხედვით, იგივე უნდა მოხდეს უშინაარსო ტილოს წინ. უბრალო აზრია, რომელიც იწვევს დაბნეულობას, ზოგჯერ კი აღშფოთებას ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში.


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised