воскресенье, 9 января 2022 г.

რით განსხვავდება შემოქმედებითი ადამიანი არაშემოქმედებითისგან - 18 ნიშანი


რით განსხვავდება შემოქმედებითი ადამიანი არაშემოქმედებითისგან - 18 ნიშანი

 https://cameralabs.org/5217-chem-otlichaetsya-tvorcheskij-chelovek-ot-netvorcheskogo-18-priznakov

შემოქმედება შეუცნობელი და ხშირად პარადოქსულია. სტაბილური კრეატიული აზროვნება ზოგიერთი პიროვნების განმსაზღვრელი მახასიათებელია, მაგრამ ის შეიძლება შეიცვალოს სიტუაციიდან და გარემოდან გამომდინარე. ხშირად, შთაგონება და ახალი იდეები თითქოს  არსაიდან ჩნდება, შემდეგ კი, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება, ისინი ქრება. შემოქმედებითი აზროვნება მოითხოვს კომპლექსურ აღქმას, ის სრულად განსხვავდება აზროვნების პროცესისგან.

ნეირობიოლოგია შემოქმედებითი პოტენციალის რთულ სურათს ასახავს. მეცნიერებს ახლა ესმით, რომ კრეატიულობის ბუნება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე განსხვავებები ტვინის მარჯვენა- თუ მარცხენამხრივ ორიენტაციაში (მარცხენა ნახევარსფერო=რაციონალურს და ანალიტიკურს, მარჯვენა=შემოქმედებითს და ემოციურს). სინამდვილეში, როგორც მიიჩნევენ, შემოქმედება უკავშირდება რიგ შემეცნებით პროცესებს, ნერვულ იმპულსებს და ემოციებს, და ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს სრული სურათი იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს შემოქმედებითი გონება.

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, პიროვნების შემოქმედებითი ტიპები ძნელად ექვემდებარება განსაზღვრას. ისინი რთულია, პარადოქსული და, როგორც წესი, ერიდებიან რუტინას. და ეს არ არის მხოლოდ „დატანჯული ხელოვანის“ სტერეოტიპი. კვლევამ აჩვენა, რომ კრეატიულობა გულისხმობს ხასიათის მრავალი მახასიათებლის, ქცევის და სოციალური გავლენის ურთიერთქმედებას.

 „შემოქმედებითი ადამიანებისთვის რეალურად უფრო რთულია საკუთარი თავის შეცნობა, რადგან ისინი უფრო რთულები არიან, ვიდრე არაშემოქმედებითი ადამიანები“, - განუცხადა Huffington Post-ს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა სკოტ ბარი კაუფმანმა, რომელმაც წლები გაატარა შემოქმედებითი პოტენციალის კვლევაში. „რა არის ყველაზე პარადოქსული შემოქმედებით ადამიანში... ამ ადამიანებს უფრო ქაოტური გონება აქვთ“.

არ არსებობს არავითარი შემოქმედებითი ადამიანის „ტიპიური“ პორტრეტი, მაგრამ არსებობს დამახასიათებელი ნიშნები შემოქმედებითი ადამიანების ქცევაში. გთავაზობთ  18 პუნქტს, რომელიც მათ ახასიათებს.


ისინი ოცნებობენ

შემოქმედებითი ადამიანები მეოცნებეები არიან, მიუხედავად იმისა, რომ მათი სკოლის მასწავლებლები, ალბათ, ეუბნებოდნენ, რომ ოცნებობა დროის ფუჭი კარგვაა.

კაუფმანი და ფსიქოლოგი რებეკა ლ. მაკმილანი, რომელიც თანაავტორია  დოკუმენტისა „ოდა დადებით შემოქმედებით ოცნებობას“, თვლიან, რომ მოხეტიალე გონებას შეუძლია დაეხმაროს „შემოქმედებითი ინკუბაციის“ პროცესში. და, რა თქმა უნდა, ბევრმა ადამიანმა გამოცდილებიდან იცის, რომ საუკეთესო იდეები გვეწვევა მაშინ, როცა გონებრივად სულ სხვა ადგილას ვართ.

ნეირობიოლოგებმა აღმოაინეს, რომ წარმოსახვა მოიცავს ტვინის იმავე პროცესებს, რომლებიც დაკავშირებულია ფანტაზიასთან და შემოქმედებასთან.


 ისინი ყველაფერს ამჩნევენ

შემოქმედებითი ადამიანი ყველგან ხედავს შესაძლებლობებს და მუდმივად ითვისებს ინფორმაციას, რომელიც ასაზრდოებს შემოქმედებით თვითგამოხატვას. როგორც ხშირად ციტირებენ ჰენრი ჯეიმსს, მწერალი არის ის, ვისაც „არაფერი რჩება მხედველობიდან“.

ჯოან დიდონი ყოველთვის თან ატარებდა რვეულს და ამბობდა, რომ ის იწერს დაკვირვებებს ადამიანებზე და მოვლენებზე, რაც საბოლოოდ, ეხმარება მას საკუთარი გონების სირთულეებისა და წინააღმდეგობების უკეთ გააზრებაში.


მათ აქვთ მუშაობის თავისი საათები

ბევრი დიდი ხელოვანი აღიარებს, რომ ისინი ქმნიან თავიანთ საუკეთესო ნამუშევრებს ან დილით ადრე ან გვიან საღამოს. ვლადიმირ ნაბოკოვი გაღვიძებისთანავე, დილის 6-7 საათზე იწყებდა წერას, ფრენკ ლოიდ რაიტმა კი ჩვევად აქცია დილის 3 ან 4 საათზე გაღვიძება და რამდენიმე საათი მუშაობა, სანამ ისევ საწოლში დაბრუნდებოდა. მაღალი შემოქმედებითი პოტენციალის მქონე ადამიანები არ იცავენ სტანდარტულ დღის წესრიგს.

ისინი პოულობენ დროს განმარტოებისთვის

 „გახსნილი რომ იყო შემოქმედებისთვის, უნდა გაგაჩნდეს განმარტოების კონსტრუქციულად გამოყენების უნარი. ჩვენ უნდა დავძლიოთ მარტოობის შიში“, - წერდა ამერიკელი ეგზისტენციალური ფსიქოლოგი როლო მეი.

მხატვრები და კრეატიულები ხშირად სტერეოტიპულად აღიქმებიან როგორც მარტოხელები, თუმცა სინამდვილეში ისინი ასეთები შეიძლება არც იყვნენ. მარტოობა შეიძლება იყოს თქვენი საუკეთესო ნამუშევრის შექმნის გასაღები. კაუფმანი ამას წარმოსახვასთან აკავშირებს - ჩვენ თავს დრო უნდა მივცეთ, რომ უბრალოდ ვიოცნებოთ.

”თქვენ უნდა კონტაქტი დაამყაროთ თქვენს შინაგან ხმასთან, რათა შეძლოთ თვითგამოხატვა. ძნელია შენი შინაგანი შემოქმედებითი ხმის გაგონება, თუ ... არ ხართ თქვენს თავთან კონტაქტში  და არ ფიქრობთ საკუთარ თავზე“, - ამბობს ის.


ისინი „ინელებენ“ ცხოვრებისეულ დაბრკოლებებს

ყველა დროის მრავალი ყველაზე საკულტო მოთხრობა და სიმღერა შეიქმნა გულის ამაჩუყებელი ტკივილის გავლენით. პრობლემები ხშირად კატალიზატორია თვალსაჩინო ნაწარმოებების შესაქმნელად. ფსიქოლოგიაში ამას ეწოდება პოსტტრავმული ზრდა, რომელიც ვარაუდობს, რომ ადამიანებს შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი ტვირთი და ადრეული ცხოვრებისეული ტრავმები მნიშვნელოვანი შემოქმედებითი ზრდისთვის. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ტრავმას შეუძლია დაეხმაროს ადამიანს წარმატების მიღწევაში პიროვნებათშორის ურთიერთობებში, ცხოვრებით კმაყოფილებაში, სულიერების, პიროვნული ძალის ზრდაში და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში.

ისინი ახალი შთაბეჭდილებების ძიებაში არიან

შემოქმედებით ადამიანებს უყვართ ახალი შთაბეჭდილებების, შეგრძნებების და გონების მდგომარეობის განცდა, და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია შემოქმედებითი შედეგისთვის.

„ახალი გამოცდილებისადმი გახსნილობა შემოქმედებითი მიღწევების ყველაზე ძლიერი პრედიქტორია“, - ამბობს კაუფმანი. „აქ მრავალი სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებული ასპექტია: ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობა, მძაფრი შეგრძნებების ძიება, ემოციებისა და წარმოსახვისადმი გახსნილობა. და ყველა ერთად - ეს არის სამყაროს შემეცნებისა და კვლევის მამოძრავებელი ძალა, როგორც შინაგანი, ასევე გარე“.


 ისინი მარცხს განიცდიან

გამძლეობა პრაქტიკულად აუცილებელი თვისებაა შემოქმედებითი წარმატებისთვის, ამბობს კაუფმანი. წარუმატებლობა ხშირად ჩაუსაფრდება შემოქმედებით ადამიანს, სულ მცირე, რამდენჯერმე, მაგრამ კრეატიულები, ყოველ შემთხვევაში, წარმატებულები - სწავლობენ არ იდარდონ ამაზე.

„შემოქმედებითი ადამიანები მარცხს განიცდიან, ნამდვილად კარგი ადამიანები კი მარცხს ხშირად განიცდიან“, - წერს სტივენ კოტლერი Forbes-ში აინშტაინის შემოქმედებითი გენიის შესახებ ფრაგმენტში.


 ისინი სვამენ მნიშვნელოვან კითხვებს

შემოქმედებითი ადამიანები ძალიან ცნობისმოყვარეები არიან. ისინი, როგორც წესი, უპირატესობას ანიჭებენ ცხოვრების შესწავლას, მაშინაც კი, როცა გაიზრდებიან, ინარჩუნებენ პიონერის ინტერესს. აქტიური საუბრების ან ინდივიდუალური გონებრივი ფიქრის საშუალებით, შემოქმედებითი ადამიანები, როდესაც სამყაროს უყურებენ მუდმივად უსვამენ საკუთარ თავს უამრავ კითხვას.

ისინი აკვირდებიან ადამიანებს

ბუნებრივი დაკვირვება და სხვა ადამიანების ცხოვრებისადმი ინტერესი ზოგჯერ საუკეთესო იდეების გენერირებას უწყობს ხელს.

„მარსელ პრუსტმა თავისი ცხოვრების თითქმის უდიდესი ნაწილი ადამიანებზე დაკვირვებას მოანდომა, მან ჩაწერა თავისი შენიშვნები, და ამან გამოსავალი მის წიგნებში იპოვა“, - ამბობს კაუფმანი. „ბევრი მწერლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებზე დაკვირვება...“.


ისინი რისკავენ

 ნაწილობრივ, შემოქმედებითი საქმიანობა რისკიანობას მოითხოვს, და ბევრ წარმატებულ შემოქმედებით ადამიანს უწევს რისკების გაღება მათი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში.

„არსებობს ღრმა და მნიშვნელოვანი კავშირი რისკების მიღებასა და შემოქმედებას შორის, და ეს ხშირად მხედველობიდან რჩებათ“, - წერს სტივენ კოტლერი Forbes-ში. „შემოქმედება არის არაფრისგან რაღაცის შექმნის აქტი. ის მოითხოვს იმის გამოქვეყნებას, რაც თავიდან მხოლოდ წარმოსახვაში არსებობდა. ასეთი საქმე მორცხვებისთვის არ არის. ამაოდ დაკარგული დრო, შელახული რეპუტაცია, ფუჭად გადაყრილი ფული - ... ეს ყველაფერი გვერდითი მოვლენებია, როცა შემოქმედება  არასწორად მიდის“.


 ისინი ცხოვრებაში ყველაფერს განიხილავენ, როგორც თვითგამოხატვის შესაძლებლობას

ნიცშე თვლიდა, რომ ცხოვრება და სამყარო ხელოვნების ნიმუშად უნდა განიხილებოდეს. შემოქმედებითი ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში მუდმივად ეძებენ თვითგამოხატვის შესაძლებლობებს.

„შემოქმედებითი გამოხატვა არის თვითგამოხატვა. შემოქმედებითი პოტენციალი სხვა არაფერია, თუ არა თქვენი მოთხოვნილებების, სურვილებისა და უნიკალურობის პირადი გამოხატულება“, - ამბობს კაუფმანი.


ისინი მიჰყვებიან თავიანთ ნამდვილ ვნებას

შემოქმედებითი ადამიანები, როგორც წესი, შინაგანად მოტივირებულები არიან. ეს ნიშნავს, რომ ისინი მოქმედებენ გარკვეული შინაგანი სურვილით და არა გარეგანი ჯილდოს ან აღიარების სურვილით.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ შემოქმედებით ადამიანებს აინტერესებთ საინტერესო აქტივობები, ეს კი შინაგანი მოტივაციის ნიშანია. კვლევამ აჩვენა, რომ უბრალოდ მოქმედების საკუთარ მიზეზებზე ფიქრი შეიძლება საკმარისი სტიმული აღმოჩნდეს შემოქმედებითი პოტენციალის გასაძლიერებლად.


ისინი სცილდებიან საკუთარ გონებას

 კაუფმანი ამტკიცებს, რომ ოცნების უნარი კიდევ იმისთვის არის საჭირო, რათა დაგვეხმაროს გავცდეთ ჩვენს ჩვეულ ხედვას და შევისწავლოთ აზროვნების სხვა გზები, რომლებიც შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი აქტივობა შემოქმედებისთვის.

 „მეოცნებეობა ისე ვითარდება, რომ საშუალება მოგვცეს გავუშვათ აწმყო“, - ამბობს კაუფმანი. „ტვინის ქსელი, რომელიც დაკავშირებულია მეოცნებეობასთან, არის ტვინის ქსელი, რომელიც უკავშირდება გონების თეორიას. მე მომწონს მას ვუწოდო „წარმოსახვის ქსელი“ - ის საშუალებას მოგცემთ წარმოიდგინოთ საკუთარი თავი მომავალში, ასევე წარმოიდგინოთ სხვა ადამიანების აზრები“. 


ისინი კარგავენ დროის შეგრძნებას

შემოქმედებით პიროვნებებს შეუძლიათ აღმოაჩინონ, რომ, როდესაც ისინი წერენ, ცეკვავენ, ხატავენ ან სხვაგვარად გამოხატავენ საკუთარ თავს, ისინი აღმოჩნდებიან „ნაკადის მდგომარეობაში“, რაც ეხმარება მათ შექმნაში უმაღლეს დონეზე. ეს არის ფსიქიკური მდგომარეობა, როდესაც ადამიანი სცილდება ცნობიერ აზროვნებას, რათა მიაღწიოს კონცენტრაციისა და სიმშვიდის მდგომარეობას. მაშინ ის პრაქტიკულად არ განიცდის  არც შინაგანი და არც გარეგანი გამაღიზიანებლების ზემოქმედებას, რომელიც ხელს უშლის მის საქმიანობას.

თქვენ აღმოჩნდებით „ნაკადის მდგომარეობაში“, როდესაც აკეთებთ იმას, რაც ნამდვილად გსიამოვნებთ, რის გამოც თავს კარგად გრძნობთ.


ისინი გარშემორტყმული არიან სილამაზით

შემოქმედებს, როგორც წესი, შესანიშნავი გემოვნება აქვთ და უყვართ ლამაზ გარემოში ყოფნა.

კვლევა, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ჟურნალში «Psychology of Aesthetics, Creativity, and the Arts» აჩვენა, რომ მუსიკოსები, მათ შორის მუსიკის მასწავლებლები და სოლისტები, დემონსტრირებენ მაღალ მგრძნობელობას და ამთვისებლობას მხატვრული სილამაზის მიმართ.


ისინი აკავშირებენ წერტილებს

თუ არსებობს განსხვავება უკიდურესად შემოქმედებით ადამიანებსა და ყველა დანარჩენს შორის, ეს არის უნარი დაინახოს შესაძლებლობები იქ, სადაც სხვები ვერ ამჩნევენ. ბევრი დიდი მხატვარი და მწერალი ამბობს, რომ შემოქმედება უბრალოდ წერტილების დაკავშირების უნარია, რომელთა დაკავშირებასაც სხვები ვერასოდეს მოიფიქრებდნენ.

სტივ ჯობსმა თქვა, რომ შემოქმედება არის ნივთების ერთობლიობა. როცა შემოქმედებით ადამიანებს ეკითხებით, როგორ გააკეთეს ეს, ისინი თავს ცოტა უხერხულად გრძნობენ, რადგან სინამდვილეში მათ ეს არ გაუკეთებიათ, უბრალოდ ნახეს რაღაც, დაუკავშირეს საკუთარ გამოცდილებას და ახლის სინთეზირება მოახდინეს.

ისინი გამუდმებით გამოცოცხლდებიან

გამოცდილების მრავალფეროვნებას განსაკუთრებით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შემოქმედებისთვის, ამბობს კაუფმანი. კრეატიულები გამოცოცხლდებიან, ცდიან ახალს და ერიდებიან ყველაფერს, რაც ცხოვრებას ერთფეროვანს ან რუტინულს ხდის.

 „შემოქმედებით ადამიანებს აქვთ უფრო მრავალფეროვანი გამოცდილება“, - ამბობს ფსიქოლოგი.


ისინი პოულობენ დროს გაცნობიერებისა და მედიტაციისთვის.

შემოქმედებით ადამიანებს ესმით მკაფიოს და ფოკუსირებული გონების ღირებულება, რადგან მათი სამუშაო მასზეა დამოკიდებული. ბევრმა მხატვარმა, მეწარმემ, მწერალმა და სხვა შემოქმედებითმა მოღვაწემ გამოიყენა მედიტაცია, როგორც ინსტრუმენტი სულის ყველაზე კრეატიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

2012 წელს ჰოლანდიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთი მედიტაციური ტექნიკა მართლაც ხელს უწყობს შემოქმედებით აზროვნებას. გაცნობიერებას უკავშირებენ მეხსიერების და ყურადღების გაუმჯობესებას, ემოციური მდგომარეობის ოპტიმიზაციას, სტრესისა და შფოთვის შემცირებას, აგრეთვე გონებრივი სიცხადის გაუმჯობესებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უფრო კრეატიული აზროვნება.



Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised