воскресенье, 9 января 2022 г.

ლევ ტოლსტოი და „ქალთა საკითხი“

 https://kpfu.ru/news-archive/lev-tolstoj-i-39zhenskij-vopros39-73577.html

ლევ  ტოლსტოი და „ქალთა  საკითხი“

ვაგრძელებთ რა ლევ ტოლსტოის შესახებ სტატიების ციკლს, მივმართავთ მის უცნაურ მსჯელობას ქალების შესახებ, რომელიც შეიძლება უადგილო აღმოჩნდეს რვა მარტს... 

23 წლის ასაკში კავკასიისკენ მიმავალი ლევ ტოლსტოი ერთი კვირით გაჩერდა ყაზანში. აქედან წერდა თავის დას: „ქალბატონი ზაგოსკინა აწყობდა ყოველ დღე ნავით გასეირნებას. ხან ზილანტიევოში, ხან  შვეიცარიაში და ა.შ., სადაც ხშირად მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი ზინაიდას... ძალიან მოხიბლuლი ვარ ზინაიდათი“. ზინაიდა მოლოსტვოვა, ყაზანის ცნობილი დიდგვაროვანი ოჯახის წარმომადგენელია, რომელსაც მისი თანამედროვეები ასე იხსენებდნენ: „ის არ იყო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, მაგრამ გამოირჩეოდა თავისი სანდომიანობით და გრაციით. ის ჭკვიანი და მახვილგონივრული იყო. მისი დაკვირვებები ადამიანებზე ყოველთვის იუმორით იყო გამსჭვალული, და ამავე დროს იყო კეთილი, ბუნებით დელიკატური და ყოველთვის ოცნებისთვის განწყობილი“.

ტოლსტოი თავის დღიურში წერდა: „ერთი კვირა ვცხოვრობდი ყაზანში.  რომ ეკითხად, რატომ ვცხოვრობდი ყაზანში, რა იყო ჩემთვის სასიამოვნო? რატომ ვიყავი ასე ბედნიერი? არ ვიტყოდი, რომ შეყვარებული ვარ. მე არ ვიცოდი ეს. ვფიქრობ, რომ ეს უცოდინარობა სიყვარულის მთავარი თვისებაა, ქმნის მის მთელ ხიბლს... გახსოვს არქიელის ბაღი, ზინაიდა, გვერდითი ბილიკი? აღიარება მზად იყო წამომცდენოდა, და შენც... ჩემი საქმე იყო დაწყება, მაგრამ, იცი, ჩემი აზრით, რატომ არაფერი ვთქვი? - ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ არაფერი მქონდა სასურველი... სიტყვაც არ მითქვამს მისთვის სიყვარულზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მან იცის ჩემი გრძნობების შესახებ...“

მაგრამ სიყვარულის ეს მაღალი პოეტური მხარე ყოველთვის ებრძოდა ტოლსტოის სულში ვნებიანი მხარისადმი მის დამოკიდებულებას, რომელიც მან ასევე განიცადა ყაზანში: „როდესაც ძმებმა საროსკიპოში შემიტყუეს და პირველად მქონდა ჩემს ცხოვრებაში სქესობრივი აქტი, მე შემდეგ ამ ქალის საწოლთან დავჯექი და ავტირდი ... ერთი ძლიერი გრძნობა, სიყვარულის მსგავსი, მე განვიცადე მაშინ, როდესაც მხოლოდ 13 თუ 14 წლის ვიყავი, მაგრამ არ მინდა დავიჯერო, რომ ეს სიყვარული იყო; რადგან სიყვარულის ობიექტი იყო მსუქანი მოახლე (რა თქმა უნდა, ძალიან ლამაზი სახე ჰქონდა), თანაც 13-15 წელი  - ყველაზე უდარდელი ხანაა ბიჭისთვის (ყრმობა), არ იცი რა აირჩიო, და  ვნებათაღელვა ამ ასაკში  არაჩვეულებრივი ძალით მოქმედებს“. როგორც არ ცდილობდა ტოლსტოი დაპირებოდა საკუთარ თავს: „ჩემს სოფელში მე არ მეყოლება არც ერთი მარტოხელა ქალი, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლის ძებნასაც არ დავიწყებ, მაგრამ არც ხელიდან გავუშვებ“, მაგრამ, მაგალითად, რამდენიმე წლის განმავლობაში ურთიერთობა ჰქონდა გათხოვილ გლეხ ქალთან აკსინია ბაზიკინასთან, - მაშინაც კი, როდესაც ის თავისი მომავალი მეუღლის სოფია ბერსის ცოლად შერთვას აპირებდა. ქორწინების წინ ტოლსტოიმ თავის საცოლეს გადასცა თავისი გულწრფელი დღიურები, რამაც ქალი სასოწარკვეთაში ჩააგდო.

ეს დამოკიდებულება საკუთარ თავში ტოლსტოის სძულდა („მამაკაცს შეუძლია გადაურჩეს მიწისძვრას, ეპიდემიას, საშინელ დაავადებას, ფსიქიკური ტანჯვის ნებისმიერ გამოვლინებას; ყველაზე საშინელი ტრაგედია, რაც შეიძლება მას დაემართოს, რჩება და ყოველთვის დარჩება ლოგინის ტრაგედია“), რამაც სრულწლოვან ასაკში იგი მიიყვანა თითქმის ქალისადმი სიძულვილამდე, რაც მან უყოყმანოდ გამოხატა ფორმულირებაში: „თუ შედარებაა საჭირო, მაშინ ქორწინება დაკრძალვას უნდა შევადაროთ და არა დღესასწაულს. კაცი მარტო დადიოდა - მხრებზე ხუთი ფუთი აჰკიდეს, მას კი უხარია. არ არის საჭირო იმის თქმა, რომ მარტო თუ მივდივარ, ე.ი. თავისუფლად ვგრძნობ თავს, და თუ ფეხით ქალის ფეხზე  მიმაბავენ, მაშინ ის დამამძიმებს და ხელს შემიშლის... ორი უცნობი ხვდება ერთმანეთს, და ისინი მთელი ცხოვრება უცხოები რჩებიან...“ , „ყველაფერი კარგად იქნებოდა, მხოლოდ ისინი (ქალები)თავის ადგილას რომ იყვნენ, ე.ი. თავმდაბალი“, „ქალთა საკითხი! ... იმაში კი არ მდგომარეობს, რომ ისინი წარმართავდნენ ცხოვრებას, არამედ იმაში,  რომ შეწყვიტონ მისი განადგურება“,  „შეხედეთ ქალთა საზოგადოებას, როგორც აუცილებელ უსიამოვნებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, და შეძლებისდაგვარად, შორს დაიჭირეთ თავი მათგან. მართლაც, ვისგან ვიღებთ ვნებათაღელვას, განაზებულობას, ყველაფერში ფუქსავატობას და უამრავ ცუდ მანკიერებას, თუ არა ქალებისგან?“ 

ამიტომ ტოლსტოი კატეგორიული წინააღმდეგი იყო ქალის ემანსიპაციისა და განსაკუთრებით „სწავლული ქალების“ წინააღმდეგ, ე.ი. ჩვენი ამჟამინდელი საუნივერსიტეტო საზოგადოების დიდი ნაწილისა. 1870 წელს მან დაწერა: „ჩვენ დავინახავთ, რომ არ არის საჭირო გამოსავალის გამოგონება ქალებისთვის, რომლებმაც ვერ იპოვეს ქმარი: ამ ქალებზე კანტორის, კათედრისა და ტელეგრაფის გარეშე ყოველთვის იყო და არის მოთხოვნილება, რომელიც აჭარბებს მოთხოვნას. ბებიაქალები, ძიძები, მნე ქალები, გარყვნილი ქალები. ბებიაქალების საჭიროებასა და ნაკლებობაში ეჭვი არავის ეპარება და ნებისმიერი ქალი, რომელსაც ოჯახი არ აქვს და რომელსაც არ სურს საკუთარი სულითა და სხეულით ვაჭრობა, არ დაიწყებს კათედრის ძიებას, არამედ წავა და შეძლებისდაგვარად დაეხმარება მშობიარე ქალებს“. ასეთ რამესაც კი წერს ტოლსტოი: „მხოლოდ მიწათმოქმედი, რომელიც არასოდეს დაუტოვებია სახლი და  ახალგაზრდა დაქორწინდა, დარჩება თავისი ცოლის ერთგული, და ცოლი მისი ერთგული, მაგრამ ცხოვრების გართულებულ პირობებში, ჩემი აზრით, აშკარაა, რომ ეს შეუძლებელია (ზოგადად, რა თქმა უნდა) … ცოლ-ქმრის თავისუფლად გამოცვლის დაშვება (როგორც ეს ყბედ ლიბერალებს სურთ) - არც ეს შედიოდა განგების მიზნებში ჩვენთვის გასაგები მიზეზების გამო - ეს ოჯახს ანადგურებდა. ამიტომ, ძალთა ეკონომიის კანონით, გაჩნდა შუალედი - მაგდალინების გამოჩენა... რა დაემართდებოდა ოჯახებს? რამდენი ცოლი და ქალიშვილი დარჩებოდა სუფთა? რა მოუვიდოდა ზნეობის კანონებს, რომელთა დაცვა ასე უყვართ ადამიანებს? მეჩვენება, რომ ქალების ეს კლასი აუცილებელია ოჯახისთვის, დღევანდელი ცხოვრების რთული ფორმების გათვალისწინებით“. 

შედეგი იყო ტოლსტოის მოწოდება საერთოდ უარი ეთქვათ ქორწინებაზე და სექსუალურ ცხოვრებაზე, თუნდაც შვილების გაჩენისთვის, და თუ უკვე ჰყავთ ოჯახი, ცოლ-ქმარი უნდა ეცხოვრა როგორც და-ძმას, და მაშინ სიყვარულის გრძნობითი მხარე აღარ შეუშლის ხელს უყვარდეთ - არა ერთმანეთი, არამედ მთელი კაცობრიობა.

ამ ყველაფერმა გამოიწვია ტოლსტოების კოლოსალური ოჯახური ტრაგედია, რომელსაც ეძღვნება ასობით როგორც ვულგარული, ასევე ნიჭიერი წიგნი და ფილმი (დაინტერესებულთ გირჩევთ წაიკითხოთ პაველ ბასინსკის ბოლო ძალიან ჭკვიანი ნაშრომი „ლევ ტოლსტოი: გაქცევა სამოთხიდან“). აქ არ იყო არც მართალი და არც მტყუანი - იყო ორი დატანჯული არსება: ქმრის საჯაროდ გამოთქმულმა შეხედულებებმა (ყველას ესმოდა, რომ ტოლსტოის თავდასხმები ქალების მისამართით, უპირველეს ყოვლისა, მის ცოლზე იყო მიმართული) სოფია ანდრეევნა ისტერიულ მდგომარეობამდე და თითქმის პარანოიამდე მიიყვანა, რომელმაც მათი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია. ის ფარულად ყურს უგდებდა, უთვალთვალებდა, თვალყურს ადევნებდა ქმრის გადაადგილებას ბინოკლით, ღამით იქექებოდა მის ქაღალდებში, დემონსტრაციულად თავს იხრჩობდა ტბაში... და ტოლსტოი ტოვებს იასნაია პოლიანას, ხოლო სოფია ანდრეევნა კი ღამით მის ფარულ გაქცევას თავის სირცხვილად აღიქვამს - და არაფერია იმ სურათზე საშინელი,  როდესაც ფანჯრიდან იყურები ოთახში, სადაც ტოლსტოი კვდება და სადაც იკრიბებიან მისი ახლობელი ადამიანები, მაგრამ მას მასთან არ უშვებენ.

1899 წელს ტოლსტოიმ თავის დღიურში ჩაწერა: „ოჯახური უბედურების მთავარი მიზეზი ის არის, რომ ადამიანები აღზრდილნი არიან იმ იდეით, რომ ქორწინებას ბედნიერება მოაქვს. ქორწინებისკენ იზიდავს სექსუალური მიზიდულობა, რომელიც დაპირების, ბედნიერების იმედის სახეს იღებს, რასაც მხარს უჭერს საზოგადოებრივი აზრი და ლიტერატურა; მაგრამ ქორწინება არა მხოლოდ ბედნიერება არ არის, არამედ ყოველთვის ტანჯვაა, რომელსაც მამაკაცი განიცდის დაკმაყოფილებული სექსუალური სურვილის გამო და რომელიც მას ძვირად უჯდება“.

ბევრი ბიოგრაფი და ფსიქიატრი ტოლსტოის იდეების სათავეს ეძებდა მის ფიზიოლოგიაში და ფსიქიკურ გადახრებშიც კი, ხოლო კრეიცერის სონატის გმირის გამონათქვამებმა, რომელმაც ცოლი ეჭვიანობის გამო მოკლა, ზიზღი და აღშფოთება გამოიწვია ბევრ მკითხველში, განსაკუთრებით ქალებში, XIX საუკუნეშიც და დღესაც.

მაგრამ... ხომ არ ღირს ქალთა უფლებებისადმი მიძღვნილ დღეს იმაზე ფიქრი, რომ ტოლსტოის ბევრ აზრში, როგორი  პარადოქსულიც არ უნდა იყოს, არის რაღაც მნიშვნელოვანი და ღრმა?

„კრეიცერის სონატის“ იგივე გმირი ამბობს: „ქორწინებამდე ვცხოვრობდი ისე, როგორც ყველა ცხოვრობს, ანუ გარყვნილებაში და, როგორც ჩვენი წრის ყველა ადამიანი, გარყვნილი ცხოვრებისას დარწმუნებული ვიყავი, რომ ვცხოვრობდი ისე, როგორც საჭიროა. ჩემზე ვფიქრობდი, რომ საყვარელი ვიყავი, სრულიად ზნეობრივი ადამიანი. ...იმ ქალებს ვერიდებოდი, რომლებსაც შვილის გაჩენით ან ჩემდამი სიყვარულით შეეძლოთ ჩემი შებოჭვა. თუმცა, შეიძლება ბავშვებიც იყვნენ და იყო სიყვარული, მაგრამ ისე ვიქცეოდი, თითქოს ისინი არ იყვნენ. ... ეს არის მთავარი საზიზღრობა, - წამოიძახა მან. - გარყვნილება არაფერ ფიზიკურში არ არის, არავითარი ფიზიკური სირცხვილი ხომ არ არის გარყვნილება; გარყვნილება, ნამდვილი გარყვნილება, სწორედ იმაშია, რომ გათავისუფლდე ზნეობრივი ურთიერთობისგან ქალის მიმართ, რომლითაც შედიხარ ფიზიკურ ურთიერთობაში. და სწორედ ეს გათავისუფლება მიმაჩნდა ჩემს დამსახურებად“.  მამაკაცის ამ დამოკიდებულებაზე პასუხი ქალების მორალურად დამახინჯებული ქცევაა: „... ამით აიხსნება ის არაჩვეულებრივი მოვლენა, რომ, ერთის მხრივ, სრულიად სამართლიანია, რომ ქალი მიყვანილია დამცირების ყველაზე დაბალ დონემდე, მეორეს მხრივ, - რომ ის ბატონობს...“ „თქვენ გსურთ, რომ ვიყოთ მხოლოდ გრძნობის საგანი. კარგი, ჩვენ, როგორც გრძნობის საგანი, ისე დაგიმონებთ“, - ამბობენ ქალები. … შეიარეთ მაღაზიებში ყველა დიდ ქალაქში. ... ცხოვრების მთელი ფუფუნება ქალებს სჭირდებათ და მათ მიერ არის მხარდაჭერილი. დათვალეთ ყველა ფაბრიკა. მათი დიდი ნაწილი უსარგებლო სამკაულებს, ეტლებს, ავეჯს, ქალთა სათამაშოებს ქმნის. მილიონობით ადამიანი, მონათა თაობა იღუპება ამ კატორღული შრომის დროს ფაბრიკებში მხოლოდ ქალების ახირების გამო. ქალებს, დედოფლების მსგავსად, მონობისა და მძიმე შრომის ტყვეობაში ჰყავთ კაცობრიობის 0,9. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ისინი დაამცირეს, ჩამოართვეს მამაკაცებთან თანაბარი უფლებები. და ისინი შურს იძიებენ  ჩვენს მგრძნობელობაზე ზემოქმედებით, თავიანთ ბადეში გაბმით. დიახ, ეს ყველაფერი ამის გამოა. ქალებმა საკუთარი თავისგან შექმნეს გრძნობაზე ზემოქმედების ისეთი იარაღი, რომ მამაკაცი მშვიდად ვერ მოექცევა ქალს. როგორც კი მამაკაცი ქალს მიუახლოვდა, მისი ხიბლის ქვეშ აღმოჩნდა და გაოგნდა. ადრე ყოველთვის უხერხულად ვგრძნობდი თავს, როცა ვხედავდი  სამეჯლისო კაბაში გამოწყობილ ქალბატონს, მაგრამ ახლა ძალიან მეშინია ...“

არის რაღაც ამ ნახევრად შეშლილი გმირის სიტყვაში, რაც გვაიძულებს დავფიქრდეთ ჩვენს ამჟამინდელ ცივილიზაციაზე, რომელშიც ურთიერთობაში ზნეობრივი პასუხისმგებლობის ნაკლებობა ნორმად იქცა, და ღირებულება არის არა გონიერი და მომხიბვლელი, უნივერსიტეტში განათლება მიღებული ქალი, არამედ შიშველი და ქარაფშუტა ქალბატონი...

ინფორმაციის წყარო: ლია ბუშკანეცი, ყაზანის ფედერალური უნივერსიტეტის ფილოლოგიის და კულტურათშორისი კომუნიკაციის ინსტიტუტი 


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised