воскресенье, 13 января 2019 г.

სიმფსიქოზი. სული - ქალბატონი და მონა ;პოსტმოდერნიზმის და პოლიტიკორექტულობის შესახებ

სიმფსიქოზი. სული - ქალბატონი და მონა
 ბუნებისთვის ცნობილია ისეთი ფენომენი, როგორც სიმბიოზი - სხვადასხვა სახეობის ორგანიზმების ერთობლივი არსებობა, მათი ბიოლოგიური ურთიერთდამოკიდებულება. ეს ფენომენი დიდწილად წარმოადგენს საიდუმლოებას მეცნიერებისათვის, თუმცა ის შვეიცარიელმა მეცნიერმა ს. შვენდენერმა აღმოაჩინა 1877 წელს, როდესაც შეისწავლიდა ლიქენს, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, წარმოადგენს წყალმცენარეებისა  და სოკოებისგან შემდგარ კომპლექსურ ორგანიზმებს.  იგივე მტკიცე ძალა შეიძლება ადამიანებს შორისაც მოქმედებდეს - ფსიქიკურ და არა ბიოლოგიურ დონეზე.
სიმფსიქოზი არის ორი ან მეტი პიროვნების ფსიქიკური ურთიერთდამოკიდებულება. ისინი ერთმანეთზე სულიერად დაციკლულები არიან, განიცდიან ერთ და იგივე განწყობას, რომელიც მყისიერად გადაეცემა  ერთმანეთისგან. ასეთი სიმფსიქოზი არსებობს ოჯახის წევრებს ან მცირე გაერთიანებებს შორის, როგორიცაა სექტები ან პარტიები. ერთის მხრივ, მათ შორის ბედნიერების, საიმედოობისა და უსაფრთხოების განცდა ძლიერდება, ეიფორიას აღწევს და, ამავე დროს, უარყოფითმა ემოციებმა, ურთიერთრეზონირების შედეგად,  შეიძლება გამოიწვიოს ჩხუბი, ნერვული აშლილობა.
არსებობს სიმფსიქოზის განსხვავებული გრადაცია და ეტაპები, ორი არსების სრულ ემოციურ შერწყმამდე, როგორც გოგოლის „ძველი დროის მემამულეებში“: „მთელი  მათი სიყვარული მათზევე იყო მიმართული“.
სიმფსიქოზი შეიძლება ფსიქოლოგიურად ხელსაყრელი აღმოჩნდეს ორივე მონაწილესთვის, ემოციურად გააძლიეროს ისინი, გაზარდოს სიცოცხლისუნარიანობა, გარე გარემოებათა გამძლეობა. პარტნიორთა ურთიერთობები შეიძლება იყოს თანაბარუფლებიანი ან დაქვემდებარებული, ანუ ერთი უფრო მეტად დამოკიდებულია, მეორე კი დომინირებს. ეს „სულიკოს“ შემთხვევაა, რომელიც მიილტვის ძლიერი და ძლევამოსილი სულის მქონე ადამიანებისკენ. ეს ფსიქომეფეა, ან სული-ქალბატონი, შეუძლია მფარველობა გაუწიოს სუსტ, დამოკიდებულ სულს - ან დაჩაგროს ის, ან შთანთქას მისი ენერგია.
სიმფსიქოზი შეიძლება სასარგებლო იყოს ერთი, მაგრამ საზიანო მეორე პარტნიორისთვის - მაშინ ასეთ დამოკიდებულებას პარაზიტიზმი და ვამპირიზმი ეწოდება. პარაზიტიზმს მაშინ აქვს ადგილი, როდესაც ფსიქიკურად სუსტი პარტნიორი იყენებს უფრო ძლიერის ენერგიის რეზერვუარებს. ვამპირიზმს ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ძლიერი პარტნიორი იყენებს სუსტის ენერგიას და კიდევ უფრო მეტად ასუსტებს მას.
სიმფსიქოზი შეიძლება იყოს საშიში და გამანადგურებელი ორივე პარტნიორისთვის, მაშინაც კი, თუ ისინი ერთმანეთს სჭირდებათ და არ შეუძლიათ ამ კავშირის გაწყვეტა, როგორც ეს ნასტასია ფილიპოვნასა და როგოჟინის შემთხვევაშია: მათ არ შეუძლიათ არც ერთად და არც ცალ-ცალკე ყოფნა და ფსიქოლოგიურად ერთმანეთის წამებას აგრძელებენ. ასეთი ნეგატიური სიმფსიქოზი ხშირად მკვლელობით ან თვითმკვლელობით სრულდება.
სიმფსიქოზს შეუძლია სამი ან მეტი ადამიანის დაკავშირება, რაც ვლინდება ე.წ. „სამკუთხედებსა“ ან „კვადრატებში“, მრავალ სასიყვარულო ურთიერთობაში, რომელიც მოიცავს ეჭვიანობას, მეტოქეობას, ან გულუხვობას და თავგანწირვას. სიმფსიქოზის ასეთი შემთხვევა გერცენმა აღწერა „წარსულსა და ფიქრებში“ - ორი ცოლქმრული წყვილის ურთიერთობა: გერცენების და ჰერვეგების, მათი წყვილად და ჯვარედინი ფსიქიკური დამოკიდებულებით, მუდმივი ისტერიკებით, მსხვერპლით, შურისძიებით. „ჩვენ ყველა ისე კარგად შევეგუეთ ერთმანეთს - უფრო ჰარმონიული არსებობა ვერ წარმომიდგენია“, - წერდა ნატალი გერცენი მეგობარს. მაგრამ მალე ეს თანაცხოვრება - ბრჭყალებში და ბრჭყალების გარეშეც - ჯოჯოხეთად იქცა...
ანალოგიური კოლიზია ფ. დოსტოევსკის პირველი ქორწინების ისტორიაში შეიძლება აღინიშნოს: მას მისი მომავალი მეუღლე მარია ისეევა უყვარდა, მარიას კი უყვარდა მასწავლებელი ვერგუნოვი, ორი მეტოქე ცრემლს ღვრიდა ერთმანეთის მკერდზე და ორივემ უარი თქვა საყვარელ ქალზე მეორეს ბედნიერების გულისთვის.
სიმპფსიქოზი შესაძლებელია არა მხოლოდ ინდივიდებს შორის, არამედ ინდივიდსა და კოლექტივს, ბელადსა და ხალხს შორის, ამასთან ერთად მათი ურთიერთობა შეიძლება იყოს მტკივნეული ერთი ან ორივე მხარისთვის. ამ ტიპის სიმფსიქოზი ასახულია თ. მანის ნოველაში „მარიო და ჯადოქარი“, სადაც მოხეტიალე მეფოკუსე ატარებს მაგიის სეანსს და ფსიქიკურად იმორჩილებს მაყურებლის ნებას, თუმცა ამავე დროს თავადაც ემორჩილება მას და დროდადრო ტრანსში ვარდება. ეს ორმხრივი წამება გასროლით მთავრდება - მარიო შურს იძიებს ჯადოქარზე იმისათვის, რომ მან მასზე ფსიქიური ძალადობა ჩაიდინა. შეიძლება პარალელის გატარება ორ „პლებეის“ შორის: დოსტოევსკის როგოჟინსა  და თ. მანის მარიოს შორის. ორივემ თავი დააღწია მათთვის მტკივნეულ სიმფსიქოზს, როდესაც მოკლა თავისი დახვეწილი დამპყრობლები, თავისი ფსიქოვამპირები.
სიმფსიქოზი, მარჯანების მსგავსად, შეიძლება მთელ ფსიქიკურ კოლონიად გამრავლდეს, როგორც დოსტოევსკის რომანებში, სადაც, მაგალითად, მამა და ძმები კარამაზოვები, კატერინა ივანოვნა, გრუშენკა, ლიზა ხოხლაკოვა და სნეგირიოვის ოჯახი ქმნიან ერთ სიმფსიქოზს, ემპათიის, ემოციური ბატონობის და მონობის დაძაბულ სივრცეს.
სიმფსიქოზი ეფუძნება პიროვნებების შერჩევით ფსიქიკურ მიდრეკილებებს, ორმხრივ „შეწებებას“. არსებობენ ადამიანები, რომლებიც უფრო არიან მიდრეკილი ასეთი წარმონაქმნების მიმართ, ასე ვთქვათ, „წებოვანი“  და „მშრალი“, და უარყოფენ ნებისმიერ დამოკიდებულებას. წებოვანი პიროვნება ეძებს ფსიქოდამოკიდებულების ნებისმიერ გზებს, როგორც აქტიურს, ისე პასიურს, მაშინ ამოიცნობა გარკვეული  სულიერი ფოროვნება, სხვისი ფსიქოენერგიის შესრუტვის ან სხვებისთვის საკუთარი ენერგიის გაზიარების უნარი. წებოვანი პიროვნება ემოციურად ეკვრის ადამიანებს და ნებაყოფლობით ან უნებლიედ აკისრებს მათ პარტნიორების როლს სულიერ ურთიერთობებში. ის შეიძლება იყოს ორვალენტური ან მრავალვალენტური, იმისდა მიხედვით,  საკმარისია თუ არა მისთვის ერთი პარტნიორი მტკიცე (შემოქმედებითი ან გამანადგურებელი) სიმფსიქოზის შესაქმნელად, თუ მას დასჭირდება რამდენიმე პარტნიორი, რომლებიც ერთმანეთს გადასცემენ ფსიქოგავლენისა და ფსიქოდამოკიდებულების ენერგიას და აღმოჩნდებიან ერთმანეთთად მჭიდრო კავშირში. ასეთი ფსიქოკონსორციუმის ცენტრში შეიძლება იყოს ერთი ადამიანი, რომელიც ქმნის რადიალურ კავშირებს თავის გარემოცვასთან, ან ეს შეიძლება იყოს უფრო პლურალისტური კონფიგურაცია, მიზიდვისა და განზიდვის რამდენიმე ცენტრით.
სიმფსიქოზის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ვარიანტია ფსიქოკრატია, ისეთი პოლიტიკური რეჟიმი, რომელიც განისაზღვრება ძალაუფლებისა და საზოგადოების ფსიქიკური ურთიერთქმედებით. როდესაც ხელისუფლებას აღარ რჩება ზემოქმედების სხვა ბერკეტები: ეკონომიკური, კულტურული, კონსტრუქციულ-ცივილიზაციური, კრეატიულ-სოციალური, ის იყენებს მოსახლეობის შთაგონების უნარს თავისი მიზნების მისაღწევად. საბოლოო ჯამში, ასეთი ურთიერთქმედება გადადის წმინდა ნერვულ სტიმულაციასა და სიმულაციაში, მასობრივი ფსიქოზის, ისტერიკების პროვოცირებაში, რაც სახელმწიფოს აყენებს ნერვული დაშლის, ისტერიული კოლაფსის და, შესაბამისად, ისტორიული კატასტროფის ზღვარზე. ამავე დროს, ადგილი აქვს  ფსიქიკური რესურსების,  ძალაუფლების და საზოგადოების ინტენსიურ ხარჯვას და ამოწურვას, რასაც ემოციურად განიცდიან, როგორც ერთმანეთის წამებას, როგორც ფსიქიკური ამტანობის შეჯიბრს  - ვინ უფრო სწრაფად დაკარგავს მოთმინებას. ხელისუფლებას,  ისტერიული ნასტასია ფილიპოვნას მსგავსად, რომელიც ჩაგრავს თავის თაყვანისმცემლებს და ამავე დროს ფსიქიკურად დამოკიდებულია მათზე,  შეუძლია გამოიწვიოს როგოჟინისთვის დამახასიათებელი რეაქცია: მყისიერი გადასვლა  თაყვანისცემიდან ფიზიკურ ძალადობაზე, როგორც აუტანელი სიმფსიქოზის დაშლის შემდგომი ერთადერთი გზის.

===============

კიდევ ერთხელ პოსტმოდერნიზმის და პოლიტიკორექტულობის შესახებ
+T-
ცოტა ხნის წინ რუსული წარმოშობის ბრიტანელი კომიკოსი კონსტანტინ კისინი ჩიოდა, რომ სტუდენტურ კლუბში გამოსვლის წინ მას მოთხოვეს  ხელის მოწერა „ქცევით შეთანხმებაზე“ (behavioural agreement form). [1] იქ მოცემული იყო ვრცელი სია იმისა, თუ რას არ უნდა შეხებოდა გამოსვლის დროს სასაუბრო ჟანრის მსახიობი: რასიზმი, სექსიზმი, კლასობრიობა, ასაკი, ინვალიდობა და შეზღუდული შესაძლებლობები, ჰომოფობია, ბიოფობია, ტრანსფობია, ქსენოფობია, ისლამოფობია, ანტირელიგია, ანტიათეიზმი ... ამასთან დაკავშირებით ხუმრობა არ შეიძლება, რომ, ღმერთმა ნუ ქნას, არ შეურაცხვყოთ ვინმეს გრძნობები სქესის, კლასის, ერის, ასაკის, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით და ა.შ. და ა.შ. მსახიობი აღშფოთებული იყო იმით, რომ თავისუფლებისმოყვარე ბრიტანეთი, სადაც თავი შეაფარეს საბჭოთა კავშირიდან გამოქცეულმა მისმა წინაპრებმა, რაც შეიძლება კგბ-ს და გულაგისგან მოშორებით, ახლა თვითონ იძენს ორუელის „ანგსოცის“ ნიშნებს. ასეთი სახუმარო ამბავი გადახდა პროფესიონალ იუმორისტს.
პირდაპირ გეტყვით: „იდენტურობით“ აზროვნება ჩემთვის მეტად უცხოა. ის გულისხმობს, რომ ადამიანი განისაზღვრება სქესით, კლასით, ერით, ასაკით, კონფესიით ... და სწორედ ამიტომ ის შეიძლება შეურაცხყოფილი იყოს შესაბამის ეროვნულ, რელიგიურ, კლასობრივ, ასაკობრივ და სხვა გრძნობებში. არ არის საჭირო შეურაცხყოფა - მაგრამ არც ის არის საჭირო, რომ შეურაცხყოფილად იგრძნო თავი. არ არის საჭირო პროვოცირება, მაგრამ არც პროვოკაციას აყოლაა საჭირო. რა თქმა უნდა, მარქსიზმს და ყველა სახის მემარცხენეობას დიდი პასუხისმგებლობა აკისრია იმის გამო, რომ კლასობრივი მიდგომა, რომელმაც მოახდინა პიროვნების სოციალური წარმომავლობისკენ რედუცირება, XX საუკუნის დასასრულისთვის სხვა ჯგუფობრივ კატეგორიებზე ვრცელდება. ამგვარად წარმოიქმნა ახალი იდეოლოგიური ორთოდოქსია „პოლიტიკური კორექტულობის“ სახელწოდებით. რატომ არის ეს მიუღებელი ჩემთვის? იმიტომ, რომ პიროვნება განუზომელად დიდია, ვიდრე მისი თანდაყოლილო ან შეძენილი იდენტურობა, ან მათი ჯამი, თუ, რა თქმა უნდა, ის დარჩება პიროვნებად და არა იდეოლოგიური მტვერით გამოტენილ მარქსისტულ ფიტულად.
შესაძლებელია ამის გამო ბრალი დაეკისროს ე.წ. „პოსტმოდერნიზმს“, რომელიც, თავის მხრივ, განტევების ვაცად იქცა მემარჯვენე იდეოლოგებისთვის და რომლებიც მას ყველაფერში ადანაშაულებენ, პუტინიზმით დაწყებული და ტრიპმიზმით დამთავრებული? არა, არ შეიძლება. იმიტომ, რომ „პოსტმოდერნიზმი“ ამ თვალსაზრისით ისეთივე ფიტულია, მაგრამ გამოტენილი უკვე არა მემარცხენე, არამედ ორთოდოქსული მტვერით.
რადგან მე წლების მანძილზე შევისწავლიდი პოსტმოდერნიზმს და მის შესახებ რამდენიმე წიგნიც მაქვს დაწერილი (რუსულ და ინგლისურ ენებზე), მე შევეცდები ავხსნა, რატომ არ შეიძლება პოსტმოდერნიზმის გაიგივება მულტიკულტურიზმსა და პოლიტიკორექტულობასთან.
1980-იანი წლების კლასიკური პოსტმოდერნიზმი მოიცავდა ორ თეორიულ კომპონენტს: მულტიკულტურალიზმს და დეკონსტრუქციას. თითქოს ისინი  მშვიდობიანად თანაარსებობდნენ ერთმანეთთან და ერთობლივად აქეზებდნენ პოლიტიკორექტულობას და „დასავლური“, „ბურჟუაზიული“ ცივილიზაციის მარცხენა გამოწვევას. სინამდვილეში, როგორც აღმოჩნდა, ეს ორი დიდი სისტემა ღრმად ეწინააღმდეგება ერთმანეთს და შიგნიდან ანადგურებს პოსტმოდერნიზმს. ადრე ეს წინააღმდეგობა თითქმის არ ყოფილა გამოვლენილი და  გაცნობიერებული არც ერთი მხარის მიერ იმის შიშით, რომ შეიძლებოდა შესუსტებულიყო მისი დარაზმულობა საერთო მტრის წინაშე: ისტებლიშმენტის, ლოგოცენტრიზმის, ევროპოცენტრიზმის, კულტურული კანონის და სხვ.
რაში გამოიხატება წინააღმდეგობა? მულტიკულტურალიზმი ყოვლისმომცველი დეტერმინიზმის მტკიცებაა, რომელიც თითოეულ კულტურულ ქმედებას ანიჭებს მისი თავდაპირველი ფიზიკური ბუნების - რასობრივი, ეთნიკური, გენდერული წარმოშობის - პარამეტრებს. დეკონსტრუქცია, პირიქით, ნებისმიერი დეტერმინიზმის წინააღმდეგ გამოდის და შლის კიდეც წარმოდგენას პირველსაწყისის, დედანის, წარმოშობის შესახებ. ის, რაც კულტურულ-გენეტიკურ მიდგომაში არის პირველადი, დეკონსტრუქციის პოზიციიდან მეორადია; რაც მიგვაჩნია, როგორც ჩვენი „დასაწყისი“, „წყარო", „გარემო“, ჩვენს მიერვეა შექმნილი და განსაზღვრული. ჩვენ ვხდებით ისეთი, როგორიც ვართ, იმდენად, რამდენადაც განვსხვავდებით საკუთარი თავისგან. დეკონსტრუქციისა და კლასიკური პოსტმოდერნის შემქმნელი ჟაკ დერიდა, მისთვის დამახასიათებელი რბილი ჩვეულებით, აკრიტიკებს მულტიკულტურალიზმს, რომელიც ოპერირებს ჩაკეტილი კულტურული იდენტობებით და, პირიქით, სთავაზობს იმის განხილვას, რით განსხვავდება თითოეული იდენტურობა არა მეორესგან, არამედ თავისი თავისგან:
„ჩვენს დროში ჩვენ ხშირად დაჟინებით მივუთითებთ კულტურულ იდენტურობაზე, მაგალითად, ეროვნულ იდენტურობაზე, ენობრივ იდენტურობაზე და ა.შ. ზოგჯერ ბრძოლა კულტურული, ეროვნული, ენობრივი იდენტურობის დროშის ქვეშ - კეთილშობილური ბრძოლაა. მაგრამ, ამავე დროს, ადამიანებმა, რომლებიც იბრძვიან თავისი იდენტურობისათვის, ყურადღება უნდა მიაქციონ იმ გარემოებას, რომ იდენტურობა არ ნიშნავს თვითიდენტიფიკაციას, როგორც რომელიმე საგნის შემთხვევაში, მაგალითად, ჭიქის ან  მიკროფონის, არამედ გულისხმობს სხვაობას იდენტურობის ფარგლებში. კულტურის იდენტურობა - ეს საკუთარი თავისგან განსხვავების საშუალებაა. კულტურა თავის თავისგან განსხვავდება; ენა თავის თავისგან  განსხვავდება; ადამიანი თავის თავისგან  განსხვავდება. როდესაც თქვენ ყურად იღებთ ამ და სხვა შინაგან განსხვავებებს, მაშინ თქვენ სხვას აქცევთ ყურადღებას და გესმით, რომ თქვენი იდენტურობისათვის ბრძოლა სხვა იდენტურობას არ გამორიცხავს, ღიაა სხვა იდენტურობისათვის. ეს კი ხელს უშლის ტოტალიტარიზმს, ნაციონალიზმს, ეგოცენტრიზმს და ა.შ.“ [2]
მაშ, როგორ უნდა მოვიქცეთ პოსტმოდერნის ძნელად შეთავსებადი კომპონენტების შემთხვევაში? შეუძლებელია მულტიკულტურალიზმის აშკარა თეზისის არ მიღება, რომლის თანახმადაც ჩვენ განსხვავდებით ჩვენი ბუნების და იდენტურობის მიხედვით, რომ თითოეული ჩვენგანი იბადება მამაკაცად ან ქალად, კანის თავისი ფერით და ა.შ. მაგრამ მოძრაობის ვექტორი სწორად მიუთითებს ზუსტად დეკონსტრუქციაზე: ჩვენ უარს ვამბობთ საკუთარ ბუნებაზე, საკუთარ ხორცსა და სულზე კულტურული ჩამოყალიბებისა და თვითგამოხატვის მიხედვით. ჩვენ უფრო ნაკლებად ვემსგავსებით საკუთარ თავს, ხოლო უდიდეს კულტურულ გარღვევას ადგილი აქვს ზუსტად კულტურათა მიჯნაზე, როდესაც ერთი ერის წარმომადგენელი სხვა სფეროში აღმოჩნდება, მამაკაცი ქალთა კულტურის სფეროში - ან პირიქით. ენათა, ეთნოსთა და სხვა იდენტურობებს შორის საზღვრების გადაკვეთა განსაკუთრებით „მგზნებარე“ კულტურული შემოქმედების წყაროა, რომელიც ნელდება, გადადის ინერციასა და ტრივიალობაში, როგორც კი აღმოჩნდება მისი „კულტურის“ ნორმატიულ და კორექტულ შუაგულში, ნაპირისგან მოშორებით. არ უნდა დაგვავიწყდეს, მაგალითად, რომ რუსულ-ფრანგულნა და რუსულ-ინგლისურმა კულტურულმა ორენოვნებამ შექმნა რუსული ლიტერატურის ყველაზე ბრწყინვალე ნიმუშები, დაწყებული პუშკინითა და ლერმონტოვით და ნაბოკოვითა და ბროდსკით დამთავრებული. დოსტოევსკი და ლ. ტოლსტოი, პასტერნაკი და ცვეტაევა - ყველა მეტ-მაკლებად ორენოვანი და მრავალენოვანიც იყო. მოსკოვის რუსეთი პეტრე I-ის რეფორმებამდე რჩებოდა მონოკულტურულ და მონოენობრივ ქვეყანად, ამიტომ არავითარი კულტურული გარღვევები და, მით უმეტეს, მსოფლიოსთვის მნივნელოვანი ლიტერატურა იქ არ შექმნილა.
რასაკვირველია, ბუნებრივ იდენტურობას აქვს თავისი  კულტურული ღირებულება, მაგრამ თუ იქ დარჩები და თავს დაიბორკავ „კუთვნილების“ და „წარმომადგენლობის“ მოთხოვნილებით, ის ციხედ გადაიქცევა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,  მე თანახმა ვარ ვაღიარო ჩემი იდენტურობა გზის დასაწყისში, მაგრამ არ ვარ სიცოცხლის ბოლომდე იქ დარჩენის მომხრე, რათა განვისაზღვრებოდე ჩემი რასის, ერის, კლასის ტერმინებით ... კულტურას იმიტომაც აქვს გარკვეული მნიშვნელობა, რომ ის გარდაქმნის ჩვენს ბუნებას, გვაიძულებს  განვუდგეთ ჩვენს კლასს, სქესს და ერს. რატომ ვუყურებ კინოს, დავდივარ მუზეუმებში, ვკითხულობ წიგნებს და, ბოლოს, რატომ ვწერ მათ? საკუთარ იდენტურობასთან რომ დავრჩე? არა, სწორედ იმიტომ, რომ საკუთარ თავში დავინახო ვიღაც სხვა, არა საკუთარი თავი, შევიცნო სხვა არსების/არსებობის გამოცდილება, განვლო ისტორიული, სოციალური და ბიოლოგიური გარდასახვების მთელი რიგი. კულტურა არის მეტამპსიქოზი, ჯერ კიდევ სიცოცხლის დროს სულის გადასახლება ერთი სხეულისადნ მეორეში. დიახ, ჩვენ სხვადასხვა უჯრედებში ვიბადებით, მაგრამ იქიდან სხვადასხვა გზით გავრბივართ. გაქცევის და სხვადასხვა უჯრედებიდან გაქცეულთა შეხვედრებს შორის არსებული სივრცე ქმნის კულტურას. საკუთარი კულტურისგან განდგომილის, გაქცეულის, მისი მენაღმის ფიგურა სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.
მერაბ მამარდაშვილმა, რომელმაც „ქართველი ფილოსოფოსის“ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე იწვნია საკუთარ „მშობლიურ“ კულტურასთან იძულებითი იდენტიფიკაციის ხიბლი, მიუთითებდა მულტიკულკულტურიზმის ასეთი ლოზუნგებით თავისუფლების დაკარგვის საფრთხეზე: „ყველა კულტურა თავისთავად ღირებულია. ადამიანები უნდა თავისი კულტურის შიგნით ცხოვრობდნენ ... მაგრამ მე მკითხა ვინმემ? .. იქნებ მე სული მეხუთება ამ სრულიად  ორიგინალური, რთული და განვითარებული კულტურის შიგნით?“ მამარდაშვილი იცავს ადამიანის საკუთარი კულტურისაგან დამოუკიდებლობის უფლებას, „უფლებას გადადგას ნაბიჯი და გავიდეს  გარშემომყოფი, მშობლიური, საკუთარი კულტურიდან და გარემოდან არაფრის გამო ... არა სხვა კულტურისათვის, არამედ არაფრის გამო. ტრანსცენდენცია არაფერში ... ეს პირველადი მეტაფიზიკური აქტია“. [3]
ტრანსკულტურა (transculture) მეტაფიზიკური აქტის სფეროა, რომელიც განსაზღვრავს თავისუფალ პიროვნებას, ეს „ნიადაგის“ კულტურიდან მისი გაქცევის სერია. ტრანსკულტურა კულტურის შემდეგი ნაბიჯია საკუთარი ენობრივი ციხის კედლებს, იდეოლოგიური მანიებისა და ფობიების მიღმა გასასვლელად.
შეგახსენებთ, რომ კულტურა ათავისუფლებს ადამიანს ბუნებრივი დამოკიდებულების დიქტატისგან. საჭმლის კულტურა ან სურვილის კულტურა - სადღესასწაულო სუფრის რიტუალი, არშიყობის რიტუალი და ა.შ. - ეს არის შიმშილისა და ჟინის პირდაპირი ინსტინქტებისგან განთავისუფლება, მათი შემოქმედებითი გადავადება, სიმბოლური დაუფლება და მათგან შეგნებული სიამოვნების მიღება. მაგრამ თუ კულტურა ათავისუფლებს ადამიანს ფიზიკური დამოკიდებულებისგან და ბუნების დეტერმინაციისგან, მაშინ ტრანსკულტურა გათავისუფლების შემდეგი დონეა, ამჯერად „მშობლიური კულტურის“ შეუცნობელი სიმბოლური დამოკიდებულებების, მიდრეკილების და ცრურწმენებისაგან, იქნება ეს კლასი, ერი, სქესი თუ კონფესია.
ასე იქმნება და სულ უფრო მეტად ფართოვდება კულტურული აფეთქების სფერო: ტრანსკულტურა, რომელიც შეცვლის მულტიკულტურალიზმს. ტრანსკულტურა არის კულტურული განვითარების ახალი სფერო ჩამოყალიბებული ეროვნული, რასობრივი, გენდერული, კონფესიური და პროფესიული კულტურის საზღვრებს მიღმა. ეს არის ყველა ადამიანის თავისუფლება იცხოვროს მისი „თანდაყოლილი“ კულტურის საზღვრების ფარგლებს გარეთ.
ამიტომ ის ფეტიშები, რომელიც შეაქვს თავის  „ქცევის კოდექსში“ რეაქციულ-მარცხენა „მულტიკულტიზმს“, ადამიანის თავისუფლების, იუმორისა და ტრანსცენდენციის უფლების შეურაცხყოფაა.
შენიშვნა
1. მადლოვას ვუხდი ალექსეი ცველიკს, რომელმაც ჩემი ყურადღება მიაქცია კ.კისინის სტატიაზე.
2. Jacques Derrida. Deconstruction in a Nutshell: A Conversation. (Roundtable on 2 October 1994, at Villanova University), ed. with Commentary by John D. Caputo. New York: Fordham University, 1997, 13-14.
         3. მერაბ მამარდაშვილი, სხვა ცა. მის წიგნში: როგორ მესმის ფილოსოფია. მოსკოვი, კულტურა. 1992, გვ. 335-337.




თარგმანი
01/2019















Общество, окружающие убавляют душу, а не прибавляют. “Прибавляет” только теснейшая и редкая симпатия, “душа в душу” и “один ум”. Таковых находишь одну две за всю жизнь. В них душа расцветает. И ищи ее. А толпы бегай или осторожно обходи ее.

—  Василий Васильевич Розанов


На западе у тебя нет права на ошибку, а если есть ....то только на те ошибки которые включены в список допускаемых ошибок. за тебя все продумано, ты должен поступать так и только так ,как за тебя решили на верху, когда я еду на заработки в западную европу, у меня ощющение что еду в тюрьму, - привет, ты к нам приехал?....встань ,сядь, открой рот ,скажи ааааа.. проглоти... хороший мальчик.. не делай глупостей.. не получишь конфетку...веди себя хорошо, а то нам прийдется тебя наказать...нарушил... зря..штраф...лишаем жилья.. сам виноват.. не кури ,не пей, не болей... это дорого...не дерзи...плати.. не хочешь?...сам виноват..и с кончно все это с улыбкой друзья, с ехидной улыбкой от уха до уха ! Hi I'm glad to see you




















Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised