воскресенье, 13 января 2019 г.

რატომ ხდება რელიგია უფრო საშიში; როდის გამოჩნდება პირველი მართლმადიდებელი მღვდელი ქალი.

 რატომ ხდება რელიგია უფრო საშიში
როგორ მოხდა, რომ ადამიანები უფრო რელიგიურები გახდნენ, მორწმუნეები უფრო წყენია, და, ეშმაკმა დალახვროს, როდის გამოჩნდება პირველი მართლმადიდებელი მღვდელი ქალი.
იანვრის ბოლოს, დიდ ბრიტანეთში, პირველად ისტორიაში, ეპისკოპოსი ქალი აკურთხეს. ამან მორწმუნეებს შორის მწვავე რეაქცია გამოიწვია. როგორც ჩანს, რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის გარეშე აღარ გამოდის ახალი ამბების არც ერთი გადაცემა: რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები აკრიტიკებენ კანონს ოჯახური ძალადობის შესახებ, სთავაზობენ უფასო აბორტების აკრძალვას, კრძალავენ „საურონის თვალის“ სარეკლამო ინსტალაციას. რელიგია პოზიციებს არ თმობს: მორწმუნეთა რიცხვი იზრდება, რელიგიურობა კი ექსტრემისტულ ფორმებს იძენს - კონცერტების ჩამშლელი მართლმადიდებელი აქტივისტებიდან დაწყებული ისლამისტ ფანატიკოსებით დამთავრებული, რომლებიც თავს ყველა ჭეშმარიტი მუსულმანის უზენაეს მმართველად აცხადებენ და შურს იძიებენ შეურაცხმყოფელი კარიკატურების გამო.
„The Village“-მ მიმართა ჟურნალის „სახელმწიფო, რელიგია, ეკლესია“ მთავარ რედაქტორს, რუსეთის სახალხო მეურნეობისა და სახელმწიფო სამსახურის აკადემიის დოცენტს დიმიტრი უზლანერს შემდეგი კითხვით: რატომ იზრდება მორწმუნეთა რიცხვი, რაში გამოიხატება ყირიმის მიერთების საშიშროება რუსული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის და როგორ მოხდა, რომ ქრისტიანებს შორის უფრო მეტი ქალია, ხოლო ისლამში - მამაკაცი.

იმის შესახებ, თუ რატომ არის ამდენი მორწმუნე
 — მაშინაც კი, როდესაც ისლამს არ ვეხებით, ჩვენ მუდმივად ვხდებით იძულებული წავიკითხოთ და განვიხილოთ რელიგიური სიახლეები. როგორ მოხდა, რომ სამყარო რელიგიას დაუბრუნდა? თითქოს, XXI საუკუნეა, უკვე  დნმ-ის გაშიფრვას ვახერხებთ, მაგრამ დღემდე ვკამათობთ ყურანისა და ბიბლიის შესახებ.
— თუ სოციოლოგებს დავუჯერებთ, 1970-იანი წლებიდან მოყოლებული, ადამიანთა რიცხვი, რომლებიც სიტყვა „მორწმუნესთან“ ასოცირდება, გაიზარდა. ხოლო მათი რიცხვი, ვინც ათეიზმთან და ურწმუნოებასთან ასოცირდება, შემცირდა. დღეს დედამიწაზე მცხოვრები ათი ადამიანიდან რვა-ცხრა თავს რომელიმე რელიგიას მიაკუთვნებს. ეს მხოლოდ სტატისტიკაა. რელიგიური თემები და ადამიანები, რომლებიც ამ თემებს წარმოაჩენენ (ვუწოდოთ მათ რელიგიური ინდუსტრიის კაპიტნები ან რელიგიური მეწარმეები), ამ ადამიანურ რესურსს ეყრდნობიან და გავლენის მქონე მეტად წარმატებულ ჯგუფებად გარდაიქმნებიან, რომლებსაც აქვთ ზემოქმედების საშუალების მდიდარი არსენალი: შეგონებით დაწყებული და არასამრთლებრივი ქმედებებით დამთავრებული. სწორედ ეს გამოავლინეს საფრანგეთში ბოლო დროს მომხდარმა მოვლენებმა.
—  ანუ აუცილებელი არ არის, რომ რელიგიური თემთა ხელმძღვანელები იყვნენ მოლები, პასტორები ან მღვდლები?
— აქ ერთ-ერთი მთავარი საკითხია, თუ ვინ არის რელიგიურ თემთა ლეგიტიმური წარმომადგენელი? ვის აქვს უფლება ისაუბროს მორწმუნეთა სახელით? უხეშად რომ ვთქვათ, ვის აქვს უფლება დადგეს კამერის წინ და განაცხადოს: „ჩვენ, მუსულმანები, აღშფოთებულები ვართ“, ან „ჩვენ, მართლმადიდებლები, აღშფოთებულები ვართ“? სწორედ ეს არის მთავარი კითხვა.
— როგორ პასუხობთ მას?
— გიგანტური ჯგუფის სახელით საუბარი - ძლიერ რესურსს და კოლოსალურ ძალაუფლებას ნიშნავს. ამისთვის ბრძოლა მიმდინარეობს. როდესაც საფრანგეთში დახვრიტეს ჟურნალის „Charlie Hebdo“-ს რედაქცია, ევროპელებმა და ჩვენც მათ კვალდაკვალ შიშისგან საუბარი  დავიწყეთ სიტყვის თავისუფლების საზღვრების შესახებ, რომ დაუშვებელია წინასწარმეტყველ მუჰამედის დახატვა და სიწმინდეთა შელახვა. მაგრამ ზოგადად რა შუაშია აქ სიტყვის და თვითგამოხატვის თავისუფლება, რომელსაც ჩვენ თითქოსდა ბოროტად ვიყენებთ? შეხედეთ „Charlie Hebdo“-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულ ადამიანთა სიას: ვინმეს შეუძლია თქვას ზუსტად რომელი კარიკატურები დახატეს კონკრეტულად დაღუპულმა ადამიანებმა? რომელი კარიკატურა დახატა პოლიციელმა, რომელიც პირდაპირ იარაღის მიბჯენით დახვრიტეს? რა კარიკატურები დახატეს კოშერის სასურსათო მაღაზიის  კლიენტებმა, რომელშიც ტერორისტები შეიჭრნენ? და, სხვათა შორის, რა კარიკატურები დახატეს მოსკოველმა მძღოლებმა, რომლებიც GTA-ს ბანდამ დახოცა (როგორც ჩანს, ისინი ვარჯიშობდნენ ისლამის სახელმწიფოში გამგზავრების წინ)? ეს ყველაფერი ხომ ერთი წყეული ჯაჭვის რგოლებია.
როდესაც სიტყვის თავისუფლების შესახებ დავიწყეთ საუბარი, ჩვენ ამ ტერორისტულ აქტში მუსულმანების უკმაყოფილება დავინახეთ და, ფაქტობრივად, ვაღიარეთ რადიკალური ტერორისტების უფლება გახდნენ მათი რუპორი. როდესაც ტერორისტული აქტის საპასუხოდ ჩვენ ვიწყებთ იმაზე ფიქრს, თუ როგორი დამნაშავე ვართ, ჩვენ რეალურად ხელს ვუწყობთ რადიკალების ლეგიტიმაციას - ადამიანებისა, რომლებიც იყენებენ შანტაჟს, მკვლელობას და ძალადობას, რათა ძალაუფლებისათვის ბრძოლაში გაიმარჯვონ. ახლა ბარბაროსები ერაყის მიწისქვეშეთიდან უკარნახებენ მსოფლიოს, თუ რას ფიქრობენ მუსულმანები და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ არ განვიცადოთ მათი სამართლიანი რისხვა. ხოლო ინტელიგენტი განათლებული მორწმუნეების ხმა ჩაცხრება. თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ ვისწავლეთ დნმ-ის გაშიფრვა, მაგრამ ეს ხდება დედამიწის შედარებით მცირე ნაწილში. მსოფლიო კი დიდი ხანია უკვე იქცა იმად, რასაც მარშალ მაკლეუანი გლობალურ სოფელს უწოდებს: მოწინავე მეცნიერები ინტერნეტის წყალობით კიშლაკების და აულების მოსახლეობასთან პირისპირ აღმოჩნდნენ. გერმანელი სკოლის მოსწავლე მერხზე ხატავს სულელურ კარიკატურას, ხოლო მეორე დღეს ეგვიპტეში გერმანიის საელჩოს ცეცხლს უკიდებენ. საფრანგეთში მომხდარმა ფაქტმა მყისიერი გამოძახილი ჰპოვა მთელს მსოფლიოში. როდესაც არ არსებობდა ასეთი სახის გლობალიზაცია, შესაძლებელი იყო ევროპაში ცხოვრება, ერთმანეთთან სტუმრობა, ჩაის დალევა მურაბით და ფიქრი იმაზე, რომ მსოფლიო პროგრესისა და განმანათლებლობისკენ მიდის. მაგრამ ახლა ვუყურებთ მსოფლიოს და ვხედავთ, რომ ეს ასე არ არის.
—  მაგრამ როგორ მოხდა, რომ 70-იან წლებში ადამიანები უფრო რელიგიურები ხდებოდნენ? რა აკლდათ მათ?
—ეს ნაწილობრივ უკავშირდება ეროვნულ იდეოლოგიებსა და მსოფლმხედველობაში იმედგაცრუებას (იქნება ეს სციენტიზმი, პოზიტივიზმი, თუ სოციალიზმი). რატომღაც ხალხი აღარ არის შთაგონებული, მაგალითად, ისტორიული და დიალექტიკური მატერიალიზმით. და არც კომუნიზმისთვის ბრძოლის ბევრი მსურველი დარჩა. ალტერნატივაა, მაგალითად, პოლიტიკური ისლამი ან პოლიტიკური მართლმადიდებლობა. სინამდვილეში, პოლიტიკური ისლამი გამოხატავს იგივე მისწრაფებებს, რომელსაც ადრე გამოხატავდა სოციალიზმი. ეს არის XXI საუკუნის დასაწყისის მთავარი ანტისისტემური მოძრაობა. ახლო აღმოსავლეთის მაგალითზე შეიძლება იმის დანახვა, თუ როგორ მიდიან სოციალისტური პარტიები, ხოლო მათ ცვლიან პარტიები, რომლებიც უკვე ისლამზე არიან დაფუძნებული. სოციალისტი ასადი, რომელიც თავს იცავს ისლამისტებისგან, მიმდინარე პროცესების კარგი სიმბოლოა.
—  მომავალში, ალბათ, მსოფლიო კიდევ უფრო რელიგიური გახდება?
— ძნელია ამის პროგნოზირება. თუ ვივარაუდებთ, რომ არაფერი შეიცვლება და მსოფლიო ისევე განვითარდება, როგორც დღეს, ამ შემთხვევაში 2050 წელს მსოფლიო უფრო რელიგიური გახდება. რელიგიური ადამიანები უფრო მეტ შვილებს გააჩენენ. სხვა საქმეა, რომ ბავშვები იზრდებიან და ხშირად უარს ამბობენ იმ რელიგიაზე, რომელშიც აღიზარდნენ, ამიტომ მომავალი ღიაა.
ათეიზმის არამიმზიდველობის შესახებ
— რატომ არ არის პოპულარული ათეიზმი?
—ჩემთვის ცნობილი კვლევების თანახმად თუ ვიმსჯელებთ, რელიგიურობა ადამიანის უფრო ბუნებრივი მდგომარეობაა, ვიდრე ათეიზმი. იმისათვის, რომ იყო რელიგიური (თუნდაც ცრურწმენის დონეზე), განსაკუთრებული ძალისხმევა არ არის საჭირო, მაგრამ იმისათვის, რომ გახდე ათეისტი და შეისისხლხორცო მეცნიერული მსოფლმხედველობა, საკუთარ თავზე სერიოზულად უნდა იმუშაო. ამიტომ ათეისტები იქნებიან უმცირესობაში, ხოლო მორწმუნეები, რომლებიც გააზრებულად უდგებიან ქრისტიანობას, ბუდიზმს ან ისლამს, ასევე ბევრი არ იქნებიან.  უმრავლესობა კი მიდრეკილი იქნება ცრურწმენისა და ეთნოკონფესიური რიტუალების  სულისკვეთებით გამსჭვალული კონკრეტული ბუნებრივი რელიგიურობის მიმართ.
— რელიგიით დაინტერესება ხომ არ არის დაკავშირებული იმ ფაქტთან, რომ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარი ურბანიზაციის დროა, და ქალაქის ახალ მაცხოვრებელთა იდენტურობა უბრალოდ ბუნდოვანი ხდება? ანუ სოციოლოგის კითხვაზე „რომელ სარწმენოებას იზიარებთ?“, ადამიანი პასუხობს: „მე მართლმადიდებელი ვარ“, თუმცა მეორე კითხვაზე, „გწამთ თუ არა ღმერთი?“, მან შეიძლება უპასუხოს: „არა“, როგორც „ლევადა-ცენტრში“ გამოკითხვის დროს, როდესაც „მართლმადიდებელთა“ 40%-მა აღიარა, რომ არ სწამთ ღმერთი.
— გეთანხმებით, ადამიანებს სჭირდება იდენტურობა. მაგრამ აქ ჩნდება პრობლემა. არავინ იცის, რას ნიშნავს სიტყვა „მორწმუნე“ ან სიტყვა „მართლმადიდებელი“: არც მეცნიერებმა, არც ადამიანებმა, არც ეკლესიამ. ეს ისეთი ცნებებია, რომლებიც თითქოს რაღაცას ნიშნავს, მაგრამ სრულად გაგება იმისა, თუ რას, შეუძლებელია. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილი ახდენს არ ახდენს საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ბგერების ან ასოების ამ ნაკრებთან. მაგრამ შეეცადეთ საკუთარ თავს დაუსვათ კითხვა „მწამს თუ არა ღმერთი?“. თქვენ მაშინვე ჩაეფლობით ასობით კითხვაში: რა არის ღმერთი? საიდან ვიცი მისი არსებობის შესახებ? ნამდვილად მწამს თუ არა ღმერთი? ნამდვილად მწამს თუ არა ისე, როგორც უნდა სწამდეს მართლმადიდებელს? ამ კითხვებზე პასუხების მოძებნას შეიძლება მთელი სიცოცხლე დასჭირდეს, ჩვენ კი საქმე გვაქვს ბლიც-ინტერვიუსთან იმ ადამიანებთან, რომლებიც თავის საქმეზე მიიჩქარიან.
— მაგრამ თქვენ, როგორც რელიგიათმცოდნემ, იცით, ვინ არიან მორწმუნეები?
მე შემიძლია მილიონობით განმარტება მოგცეთ. მაგრამ როდესაც არსებობს მილიონი განმარტება, ეს იმას ნიშნავს, რომ განმარტება საერთოდ არ არსებობს. მოკლედ რომ ვთქვა, მე არ ვიცი, ვინ არიან მორწმუნეები. უბრალოდ ბგერათა ეს ნაკრები დღეს მოდაშია. შემდეგ კი უკვე ჩნდებიან ის რელიგიური მეწარმეები, რომლებიც ცდილობენ ეს სიტყვა ისე გამოიყენონ, როგორც მათ აწყობთ. ზოგიერთისთვის დღეს ხელსაყრელია, რომ მართლმადიდებელი მორწმუნეები რუსეთში 80%-ს შეადგენენ. ხვალ მათთვის ხელსაყრელი იქნება, რომ მორწმუნეები 2%-ს შეადგენდნენ. მაშინ მორწმუნეების აღქმას სხვაგვარად დაიწყებენ. ჩვენ, როგორც მეცნიერებს, შეგვიძლია მხოლოდ თვალყური ვადევნოთ ამ ბრძოლის მსვლელობას და ჩვენთვის საგულისხმო ჩანაწერები გავაკეთოთ. ადამიანებს ახასიათებთ უაზროდ სიტყვების ხმარება, მაგალითად, სიტყვის „მორწმუნე“. შემდეგ ეს სიტყვა იპყრობს მათ და ისეთ ორომტრიალში ჩაითრევს მათ, რომლის მოგერიება ამ ადამიანებს აღარ შეუძლიათ. თუ თქვი, რომ მორწმუნე ხარ, მაშინ მზად უნდა იყო იმისათვის, რომ აგიხსნიან რა გააკეთო. მაგალითად, მზად უნდა იყო, რომ შეურაცხყოფას მოგაყენებენ.

მორწმუნეთა წყენიანობის შესახებ
— რას იტყვით მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ.
— რელიგიური გრძნობები აბსოლუტურად ახალი საქმეა, რომელიც წარმოდგენილია როგორც საკუთარი რწმენის განცდის ავთენტური და თითქმის ტრადიციული გზა. მკრეხელობა, ღვთის გმობა -  ვიცი. მაგრამ შეურაცხყოფილი რელიგიური გრძნობები - არა. ეს რაღაც სიახლეა XX საუკუნეში, მის ემოციურ სულიერებასთან ერთად. გონივრული რელიგიის ნაცვლად (უბრალოდ გადახედეთ ქრისტიანული აზროვნების ისტორიას) ჩვენ საქმე გვაქვს რელიგიურ ისტერიკიან ადამიანებთან, რომლებსაც არ შეუძლიათ გაუმკლავდენ თავის ემოციებს. ამ ემოციებით ასევე ადვილია მანიპულირება. დანიის კარიკატურული სკანდალი ამ ტიპის მანიპულირების შედეგად გაიზარდა: როდესაც 2005 წელს დანიის გაზეთ „Jyllands Posten“-ში კარიკატურები გამოჩნდა, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.
კარიკატურული ინტიფადა დაიწყო მხოლოდ მაშინ, როცა ისლამურ რელიგიურ მეწარმეთა ჯგუფმა დაიწყო გააქტიურება: გაჩნდა მათ მიერ შედგენილი დოკუმენტი ისლამის მდგომარეობის შესახებ ევროპაში, სადაც რეალურ კარიკატურებს რამდენიმე მათ მიერვე მოგონილი კარიკატურა  დაემატა (მაგალითად, ღორისდინგიანი წინასწარმეტყველი). ზოგადად, რელიგია ძალიან საშიში რამ არის და ეს საკითხი სერიოზულად უნდა მივიღოთ. ზღვარი ყურანის შესწავლის კურსებსა და რევოლუციურ ჯიჰადში მონაწილეობას, ღვთისმოშიშობასა და სიგიჟეს შორის, - ძალიან ფაქიზია. შეგიძლიათ გაერთოთ სხვადასხვა სახის ისტორიოსოფიული კონცეფციებით მესამე რომის, წმინდა რუსეთის და რუსული სამყაროს შესახებ, შემდეგ კი მეზობელთან დაიწყება ომი.
რელიგიურობას საფუძვლად უდევს რეალობას აცდენილი განცდების გამოცდილება, მაგრამ რელიგიებს უმეტესად თავად ადამიანები მართავენ.
—  თუ ჩვენ უკვე რუსეთზე დავიწყეთ საუბარი, მინდა დავაზუსტო: ჩვენი სახელმწიფოს  მართლმადიდებლობით გატაცება, მათი დაახლოება 2000 წლის შემდეგ დაიწყო?
—რატომ მხოლოდ 2000-იანებში? რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას არ აქვს წარსულში სხვა სახელმწიფოსთან ურთიერთობის გამოცდილება, გარდა იმისა, რომლის აღორძინებასაც ის ყოველთვის ცდილობს, ოღონდ სხვადასხვა ვარიაციებით. თავს კომფორტულად ყოველთვის სახელმწიფოს ფრთის ქვეშ გრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ ეს სახელმწიფო გირტყავს და გაწამებს. ყოველთვის ასე იყო. საიდან შეიძლება გაჩნდეს ალტერნატივა? და რატომ გაუშვებს სახელიმწიფო ხელიდან ასეთ რესურს? თეორიულად, ამ შემთხვევაში თეოლოგია უნდა ჩაერთოს, რომელსაც შეუძლია გაიაზროს სახელმწიფოს ქრისტიანული ბუნება, მათ შორის ავტორიტარული და ტოტალიტარული სახელმწიფოს, და შესთავაზოს ეკლესიის პოზიციონირების ალტერნატიული მოდელი. მაგალითად, ვინც გარკვეული ტიპის ავტონომიას სთავაზობს იმ შემთხვევისთვის, თუ სახელმწიფო ჭკუიდან შეიშლება. და თუ თეოლოგია და, ზოგადად, რეფლექსიის ტრადიცია არ არსებობს, ალტერნატივა საიდანღა გაჩნდება? თეოლოგია შეიყვანეს სამეცნიერო დისციპლინათა ჩამონათვალში (2015 წლის 25 იანვარს უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ დაამტკიცა თეოლოგია, როგორც სამეცნიერო დისციპლინა, საკანდიდატო და სადოქტორო ხარისხების მინიჭების გარეშე), მაგრამ თავად თეოლოგია როგორც  არ არსებობდა, ისე არ არსებობს დღესაც, თუმცა კი ძალიან საჭიროა.
— მაგრამ პოლონეთში კომუნისტური რეჟიმის დროს კათოლიკურმა ეკლესიამ შეძლო დისიდენტთა საყრდენი გამხდარიყო. თუ რელიგიური ხარ, ე.ი., როგორც წესი, დისიდენტი ხარ. ასე რომ, არსებობს გარკვეული ალტერნატივა.
— საბჭოთა კავშირში ინტელიგენციამ ასევე ჰპოვა რელიგიაში კომუნისტური იდეოლოგიისადმი წინააღმდეგობის წყარო. თუ ვსაუბრობთ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობების შესახებ საბჭოთა მმართველობის პერიოდში, იცით, როდესაც ორმოში ხარ აგრესიულ დათვთან ერთად, რომელმაც თქვენს თვალწინ უამრავი ადამიანი დაგლიჯა, ამ შემთხვევაში მუშაობს თავდაცვის  ინსტინქტი. ისინი, ვინც წინააღმდეგობას უწევდა, გაანადგურეს ან სხვა გზით გამოიყვანეს თამაშიდან, დარჩნენ მხოლოდ ისინი, ვინცე თავიდანვე დათანხმა თანამშრომლობას. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი პრობლემა: სახელმწიფოსთან სიახლოვე, მათ შორის საბჭოთა სახელმწიფოსთან, ზოგჯერ ძალიან სასარგებლოა. მაგალითად, კონკურენტებთან ბრძოლისთვის. 1946 წელს უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია წარმატებით გაუქმდა ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად.  ნაწილობრივ ამაშია მრავალი დღევანდელი უბედურების სათავე.
— დიახ, ჩემთვის გასაგებია:  ისტორიულად ასე ჩამოყალიბდა, რომ ჩვენ გვაქვს ეკლესია, რომელიც ექვემდებარება  ხელისუფლებას. მაგრამ რატომ არ შეუძლია მას პირადი ცხოვრების სფეროში დარჩენა? რატომ არის, რომ ეკლესიამ უკვე განათლებაშიც დაიმკვიდრა ადგილი, სამართალშიც, „ლევიაფანსაც“ განსჯის და არც „საურონის თვალის“ აკრძალვის უფლებას არ იძლევა? ადამიანი, რომელიც შეიძლება არ იყოს ეკლესიის წინააღმდეგი, ალბათ,  ფიქრობს: „როდემდე?“
—და რატომ უნდა შემოიფარგლოს პირადი ცხოვრებით? რომელ კანონშია ეს დაწერილი? მორწმუნეები ისეთივე მოქალაქეები არიან, როგორც სხვები. მათ შეიძლება ჰქონდეთ ძალიან განსხვავებული მოსაზრებები სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის არასასიამოვნოც. მათი საჯარო სივრცეში ყოფნა ნორმაა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. მეორეს მხრივ, უნდა ვიცოდეთ, სად შევჩერდეთ. მაგრამ თუ არ არსებობს შეზღუდვები შიგნით, რატომ არ უნდა ვისაუბროთ მთელი ქვეყნის სახელით? ზოგადად, რელიგიას არ უნდა ვუყურებდეთ, როგორც რაღაც მისტიკურსა და იდუმალს. რელიგიურობას საფუძვლად უდევს რეალობას აცდენილი განცდების გამოცდილება, მაგრამ რელიგიებს უმეტესად თავად ადამიანები მართავენ. ადამიანები ხშირად ხელმძღვანელობენ  ჩვეულებრივი ადამიანური მოტივებით: გავლენის სფეროების გაფართოებით, ძალაუფლების, და, ბოლოს და ბოლოს, ფულის წყურვილით. თუ არსებობს შესაძლებლობა გავლენის სფეროში მოვაქციოთ რაც შეიძლება მეტი რესურსი, რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს? ეს შეზღუდვები რომ გაჩნდეს,  საჭიროა რეფლექსია, თეოლოგია, ინტელექტი.
—დიახ, მაგრამ ეს თეოლოგები იმავე რუსული მართლმადიდებლური ეკლესიიდან იქნებიან. თქვენ ფიქრობთ, ისინი განმარტავენ, რატომ არ არის საჭირო მართლმადიდებლობის საფუძვლების დანერგვა სკოლებში?
—არ ვიცი, ზუსტად რას განმარტავენ ისინი, მაგრამ არსებობს სერიოზული, მათ შორის თეოლოგიური, მიზეზი, თუ რატომ არის უკეთესი შორს ყოფნა სახელმწიფოსა და საჯარო სკოლებისგან. განსაკუთრებით რუსეთში.
— რატომ?
—მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ამერიკელი თეოლოგი, ჩვენი თანამედროვე, სტენლი ჰაუერვასი, აკრიტიკებდა ქრისტიანული ლოცვის იდეას საჯარო სკოლებში. ამასთან მხოლოდ თეოლოგიური მოსაზრებების გამო: მას უნდოდა, რომ ქრისტიანული ლოცვა დარჩენილიყო მხოლოდ ლოცვად და არ გამხდარიყო „ქრისტიანული ერის“ განმტკიცების და გაძლიერების საშუალება. მკაფიო და გონივრული პოზიციაა. დღევანდელ მართლმადიდებლობაში ბევრი ჭკვიანი და ინტელექტუალური ადამიანია, რომლებსაც კარგად ესმით სახელმწიფოსთან დაახლოების მთელი საშიშროება.

რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის უკრაინული მრევლის შესახებ

— დღეს, უცხოელ დამკვირვებელს ექმნება შთაბეჭდილება, რომ გონიერი და ინტელექტუალური მართლმადიდებლობა სადღაც გაქრა.
იცით, გონიერი და ინტელიგენტური მხოლოდ მართლმადიდებლობაში არ არის განადგურებული. ზოგადად, სასამართლო Pussy Riot-ზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცა: ის აღინიშნა აქტიური მართლმადიდებელ ერისკაცთა ჯგუფის გამოჩენით, რომლებმაც თავს უფლება მისცეს საჯაროდ არ დათანხმებულიყვნენ ოფიციალურ პირთა პოზიციას და, უფრო მეტიც, ამ პოზიციისგან დისტანცირება მოეხდინათ. ამ ჯგუფის იზოლაცია აქტიურ ხასიათს იძენს. ეს ის ხალხია, ვინც დღეს, მაგალითად, უკრაინასთან ომს აპროტესტებს. და ჩნდება კითხვა: სად არის ამ ადამიანების ადგილი რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში? სად არის მათი ადგილი, ვინც არ ეწერება ახალი ყირიმისშემდგომი პერიოდის კონსენსუსში? რა ბედი ელით იმ ადამიანებს, ვინც არ არის მზად მთლიანად გაიზიაროს დასავლური ცივილიზაციიდან მოკვეთა? თუ ჩვენ იზოლირებულნი ვართ სამყაროსგან, მაშინ რა უნდა ვუყოთ, მაგალითად, იმ ფაქტს, რომ ჩვენი ეკლესია არის საყოველთაო, კაფოლური, უნივერსალური (როგორც ეს ნათქვამია „რწმენის სიმბოლოში“)?
თეორიულად, მან უნდა გააერთიანოს ყველა მართლმორწმუნე და არა მხოლოდ ისინი, ვინც ცხოვრობს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. რა ბედი ეწევათ იმ მორწმუნეებს, რომლებიც მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას მიეკუთვნებიან? მათ ხომ ვერ გაუგიათ, როგორ უნდა მოიქცნენ: ერთის მხრივ, ისინი თითქოს მოსკოვის მიმართ ლოიალურები არიან, მეორეს მხრივ, იმ სახელმწიფოს მიმართ ლოიალურები, სადაც ისინი ცხოვრობენ. თავად რუსული მართლმადიდებლური ეკლესია რთულ ვითარებაში აღმოჩნდა: ერთის მხრივ, მან, როგორც წესი, მხარი უნდა დაუჭიროს სახელმწიფოს, ხოლო, მეორე მხრივ, - სახელმწიფოსთვის მხარის დაჭერა ნიშნავს გარკვეულ წილად უღალატო მრევლის ნაწილს, რომელიც ცხოვრობს უკრაინაში. გარდა ამისა, ბელარუსიც ხომ არის. ეს მხოლოდ აშკარა მაგალითია იმისა, თუ როგორ განსხვავდებიან ერთმანეთისგან სახელმწიფოსა და ეკლესიის ინტერესები. ეს არის პასუხი კითხვაზე, თუ რატომ უნდა მოვიქცეთ ფრთხილად სახელმწიფოს მიმართ.

რუსული მართლმადიდებლური ეკლესიისა და ადამიანის უფლებების შესახებ
—თქვენ ურთიერთობა გაქვთ რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის  წარმომადგენლებთან. როგორ აქვთ ყველაფერი შიგნით მოწყობილი? ისინი ირეკლავენ ძალაუფლების სისტემას - იქ იგივე ბიუროკრატია და მკაცრი დაქვემდებარებაა?
— აქ ჯერ კიდევ საკითხავია: ვინ ვის ირეკლავს. რუსული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ძალაუფლების იერარქიულობა და ვერტიკალი, ალბათ, უფრო დამახასიათებელია, ვიდრე რუსეთის სახელმწიფოსთვის. ეკლესიის, როგორც ბიუროკრატიული სტრუქტურის შიგნით, არ არსებობს იმ დემოკრატიის ილუზიაც კი, რომელიც არის საზოგადოებაში. თითქმის სამხედრო დისციპლინაა.
—მე სწორად გავიგე, რომ თავდაპირველად იდეა კარგი იყო - ეროვნული იდეის მოფიქრება? ამის გაკეთება რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას დაევალა, და ისე გაიტაცა ისინი, რომ მათ დაიწყეს ყველა რუსის სახელით საუბარი, მათ შორის მათი სახელით, ვინც საკუთარ თავს რელიგიას არ უკავშირებს. როგორ მოხდა, რომ რუსეთი გადაიქცა მართლმადიდებლურ სახელმწიფოდ?
—თუ არ არსებობს არავითარი შეზღუდვა, რატომ არ შეიძლება ამის შესახებ საუბარი? უფრო მომგებიანი იქნება ლაპარაკი მილიონობით ადამიანის, და არა მხოლოდ მცირე რაოდენობით ეკლესიას ზიარებულ ქრისტიანთა სახელით. საქმე მხოლოდ იმაში კი არ არის, ვისი სახელით ილაპარაკებ, არამედ იმაშიც, თუ რას იტყვი. ცივილიზაციიდან ამოვარდნის რეალური შესაძლებლობის მოლოდინში, საუბარი იდენტურობისა და უნიკალურობის შესახებ  ფუჭია. მაგალითად, არსებობს  ყბადაღებული ადამიანის უფლებები. მათ დიდხანს აკრიტიკებდნენ რუსეთში, მათ შორის მართლმადიდებლური პოზიციებიდან. დოკუმენტიც კი არსებობს - „რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის დოქტრინის საფუძვლები ადამიანის ღირსების, თავისუფლებისა და უფლებების შესახებ“, რომელიც ადამიანის უფლებებს ფუნდირებულად აკრიტიკებს და უპირისპირებს მათ ღირსების დოქტრინას. ანუ, თითქოს ევროპის ჯიბრზე მისი უმცირესობათა უფლებების დაცვით. მაგრამ ადამიანის უფლებები არ არის მხოლოდ აბსტრაქტული ფილოსოფიური კონცეფცია. ეს არის კონცეფცია, რომელსაც მხარს უჭერენ კონკრეტული ინსტანციები, უზრუნველყოფენ ამ უფლებების დაცვას, მათ შორის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. თუ მილიციაში თავში ჯოხი ჩაგარტყეს, ხოლო ჩვენი სასამართლო ვერ დაგეხმარათ, - ყოველთვის არის შანსი იმისა, რომ მოხვდეთ სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. თუ რუსეთი გამოვიდა ამ სასამართლოდან, უარყო ადამიანის უფლებები, მაშინ რა მექანიზმები დარჩება ამ ღირსების შენარჩუნების უზრუნველსაყოფად? თუ ადამიანი შეურაცხყვეს პოლიციის შორეულ განყოფილებაში,  სად უნდა წავიდეს ის მისი ღირსებით?

სულიერებას მოკლებული ამერიკისა და ევროპის შესახებ
—სწორად მესმის თუ არა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დღეს ყველაზე რელიგიური ქვეყანაა, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის განვითარების მიუხედავად? როგორ მოხდა ეს?
—რელიგია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი იყო მისი დაარსებისთანავე: ის ადამიანები, ვინც ვერ პოულობდა თავის ადგილს იმ მომენტისთვის ნაკლებად ტოლერანტულ ევროპაში, გემებით მიემგზავრებოდნენ  ახალ სამყაროში. ეს ხალხი პირველ რიგში რელიგიურ თავისუფლებას ეძებდა. და ქვეყანაც დაარსეს რელიგიური თავისუფლების იდეაზე. ამ რელიგიური თავისუფლების მნიშვნელობა ჩვენთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია: ადამიანს შეუძლია ნიუ-იორკში ქუჩაში დადგას სკამი და დაიწყოს ქადაგება. ეს სხვა პლანეტაა. არსებობს აბსოლუტურად წარმოუდგენელი რელიგიური მარკეტინგი: საზოგადოებას სჭირდება უფრო მეტი მრევლი და მიმართავს PR-სააგენტოს, რომელიც მოიფიქრებს რეკლამას, სხვადასხვა აქციებს და ხრიკებს მრევლის მოსაზიდად.  რელიგიური გამოხატვის ნებისმიერი ფორმა დასაშვებია - ერთგვარი რელიგიური სტენდაპიდან „ჯადოსნური ქურთუკის“ ქნევამდე. არსებობს ასეთი სამეცნიერო თეორია, რომელსაც გარკვეული აზრი გააჩნია. მის თანახმად, რაც უფრო დიდია რელიგიური მრავალფეროვნება, მით უფრო მეტი ადამიანი იპოვის თავისი გემოვნებით საკუთარ რწმენას. ამერიკაში, ეს მრავალფეროვნება მაქსიმუმს უახლოვდება.
—რა ხდება რელიგიასთან დაკავშირებით ევროპაში? ინგლისში აკურთხეს ქალი-ეპისკოპოსი, მოწონებულია გეი-ქორწინება. რუსეთში უყვართ მსჯელობა იმის შესახებ, რომ ევროპულ ქრისტიანობას დაღუპავს მათი ლიბერალიზმი. და საერთოდ, იქ უკვე ქრისტიანობა კი აღარ არის, არამედ გარკვეული სახის ინტერესთა კლუბები.
—მე არ მიმაჩნია, რომ ქრისტიანობა შეიძლება დაყვანილი იყოს საკითხამდე შეიძლება თუ არა ქალი იყოს მღვდელი ან ერთსქესიან პარტნიორთა სამართლებრივ უფლებებამდე. მაგრამ თუ მაინც ოჯახური ფასეულობებით შევეჯიბრებით ერთმანეთს, ალბათ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩვენ ხელსაყრელად  გამოვიყურებოდეთ ევროპის ფონზე. თქვენ იცით, იყო ასეთი დიტრიხ ბონჰოფერი, XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი თეოლოგი. ის ფაშისტებმა აწამეს არაპატრიოტობის გამო. მას ჰქონდა საინტერესო იდეა არარელიგიური ქრისტიანობის შესახებ. რა არის ქრისტიანობის არსი? განსაკუთრებული რელიგიური ატრიბუტიკა და დოგმები, წელში მოხრა და ლოცვა და მარხვა? ან, იქნებ, თავგანწირვა, მორჩილება, მეგობრული დამოკიდებულება ყველა ადამიანის მიმართ, ადამიანის თავისუფლების პატივისცემა? თუ ქრისტიანობაა პირველი, მაშინ ევროპა მართლაც შორს წასულა ქრისტიანობიდან. თუ ის მეორე ადგილზეა, მაშინ ევროპა ჯერ კიდევ რჩება ქრისტიანული, თუნდაც არარელიგიური თვალსაზრისით. არსებობს საპირისპირო ფენომენი - რელიგიური არაქრისტიანობა. თითქოს, ყველაფერი ადგილზეა: გუმბათები მოოქროვილია, სანთლები დანთებული, სკამები დაწყობილი,  მაგრამ არ არის რაღაც მთავარი. უნდა ითქვას, რომ ფილმი „ლევიაფანი“ სწორედ ამის შესახებაა: ყველაფერი კანონიკური და დიდებულია, მაგრამ სინამდვილეში ეს - ადამიანების განადგურებაა.

იმის შესახებ, თუ რატომ არ არის ისლამი რელიგია?

—  რა ხდება  დღეს ისლამთან დაკავშირებით?
—დავიწყოთ იმით, რომ ისლამი რელიგია არ არის. ჩვენ მივეჩვიეთ, რომ რელიგიაში ვგულისხმობთ ადამიანის ცხოვრების დამოუკიდებელ, ცალკე სფეროს, რომელიც განცალკევებით დგას პოლიტიკის, ეკონომიკის, ხელოვნებისა და კანონისგან. რელიგიას შეუძლია არარელიგიურ სფეროებთან ურთიერთქმედება, მათზე გავლენის მოხდენა, მაგრამ ამის გამო ის არ კარგავს თავის განცალკევებულობას. ისლამის დამფუძნებელმა კი, არსებითად, შექმნა ახალი სახელმწიფო, დაარსა ახალი ცხოვრების წესი, სადაც ადამიანის არსებობის მთელი ტოტალურობა მთლიანად უნდა იყოს დაკავშირებული ყურანში დაფიქსირებულ ღვთაებრივ ნებასთან. ისლამი არ არის რელიგია დასავლურ-ევროპული გაგებით, რომელიც თავად წარმოიქმნა გვიანი პერიოდის შუა საუკუნეებში. ქრისტიანობისთვის ცნობილია პრინციპი „ღმერთს ღმერთისა და კეისარს  კეისრისა“, ისლამს ამასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. მე ახლა გამოვთქვამ პარადოქსულ მოსაზრებას: რელიგია წარმოიშვება სეკულარიზაციის შედეგად. თუ სეკულარიზაცია შეწყდება ან უკან შემოტრიალდება, მაშინ რელიგია გაქრება.
პოლიტიკური ისლამი სწორედ რომ მინიშნებაა იმაზე, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს რელიგიის გაუჩინარებამ და დესეკულარიზაციამ. სხვა საქმეა, რომ ისტორიის მანძილზე -  ისლამი ხომ უკვე ათას წელს ითვლის - რეალურ სამყაროსთან ადაპტაციისთვის სხვადასხვა მექანიზმები წარმოიქმნა, რომელთა შარიატის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა ყოველთვის არ ხერხდება. ტრადიციულ ისლამს, რომელიც საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა, გააჩნდა რადიკალური იმპულსების ნიველირების ინსტრუმენტები, რომლებიც პერიოდულად ჩნდება ყველა რელიგიაში. მაგრამ მოდერნიზაციამ და ვესტერნიზაციამ შეარყია ტრადიციული წყობა, მემკვიდრეობითობა, რომელიც იძლეოდა რელიგიური წესრიგის და მასში არსებული რადიკალიზმისგან  დამცველის  გადაცემის საშუალებას თაობიდან თაობაში.
გაჩნდა ფენომენი, რომელსაც ფრანგმა მეცნიერმა ოლივიე რუამ უწოდა რელიგია კულტურის გარეშე. ანუ თანამედროვე ტექნოლოგიზირებული ბარბაროსები, რომლებიც მოწყდნენ მათ წინაპართა ტრადიციულ გზას, ნულიდან ეცნობიან რელიგიას. დეტალურად იციან მხოლოდ ის, რაც იმ დღეს რომელიღაც ინტერნეტ-გვერდზე გამოქვეყნდა, და რასაც ტელეფონიდან ამოიკითხავდნენ, როცა მეტროთი სახლში მიემგზავრებოდნენ. ეს ბარბაროსები ადვილად ერთვებიან ექსტრემისტულ ჯგუფებში. მით უმეტეს, თუ რელიგიურობაში დომინირებენ ემოციები და გრძნობები.
— ევროპაში მუსულმანებიც განიცდიან სირთულეებს: საფრანგეთში ადგილი ჰქონდა სკანდალებს, როდესაც მუსულმანურ ოჯახებში ოჯახის ღირსების შემლახველ ქალებს სიკვდილით სჯიდნენ.
— როგორ უნდა შეინარჩუნო ჭეშმარიტი მაჰმადიანობა და ამავე დროს აღიარო საერო კანონმდებლობა, რომელიც ხშირად ეწინააღმდეგება იმას, რაც არის დაწერილი ყურანში? გამოდის, რომ არ ხარ ჭეშმარიტი მაჰმადიანი, ხოლო ნამდვილი მაჰმადიანი არის ის, ვინც ამჟამად ისლამურ სახელმწიფოში იბრძვის. არც ისე რთულია ამ აზრის მიტანა რომანტიკულ ახალგაზრდა მამაკაცამდე, რომელსაც თავგადასავალი სწყურია.
— დიახ. ასე ხდება  ახალგაზრდების გადაბირება გერმანიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში და მათი სირიაში გაგზავნა.
— არა მარტო ევროპაში, არამედ რუსეთშიც იგივე ხდება. ზოგადად, ჯიჰადი ერთგვარი სოციალური ლიფტი გახდა: ჩაიდინე ტერორისტული აქტი, მკვლელობა - და  შენ უკვე ცნობილი ხარ საკმაოდ დიდი და გავლენიანი საზოგადოებისთვის: მშობლებს სურთ, რომ მათ თავისი ქალიშვილებზე დაქორწინდეთ, სპონსორები გთხოვენ მორიგი ბიზნეს გეგმის გადაგზავნას. ამის გაგებაც აუცილებელია, როდესაც საქმე ეხება ღვთისმგმობელ კარიკატურებს და შურისმაძიებელთა კეთილშობილურ რისხვას.
—როგორი დასასრული ექნება „ისლამურ სახელმწიფოს“? ჯერჯერობით, ისინი აჩვენებენ თავის ძალას და აშინებენ ადამიანებს: შენობებიდან აგდებენ გეებს, ქვებით ქოლავენ ქალებს, კამერის წინ სიცოცხლეს ასალმებენ ჟურნალისტებს. არსებობს თუ არა რაიმე გზა მათ დასაშოშმინებლად?
ჩვენ უკვე გვესმის, რომ იქაური მუსულმანები კარგად იბრძვიან. მაგრამ შეუძლიათ მათ ისეთი მშვიდობიანი წყობის შექმნა, საიდანაც მათ შვილებს არ მოუნდებათ ცხრა მთას იქით გაქცევა? ზოგადად, კი ისტორიაში არსებობს ტექტონიკური ძვრები: არაბეთის ნახევარკუნძულზე VII საუკუნემდე არ მომხდარა განსაკუთრებული არაფერი - და უცებ! 150 წლის შემდეგ შეიქმნა იმპერია, რომელიც ნახევარ მსოფლიომდეა გადაჭიმული.  ან ავიღოთ ალექსანდრე მაკედონელი: ვინ აიძულა მას აღმოსავლეთში გალაშქრება? მაგრამ გაილაშქრა და შექმნა კიდეც იმპერია, რომელმაც აღმოსავლეთს დასავლეთი დაუკავშირა, რამაც მნიშვნელოვან წილად განაპირობა ისტორიის განვითარება - სულ მცირე რელიგიურის. ისტორიაში ხდება აქტიურობის პერიოდული აფეთქება. დასამშვიდებლად შესაძლებელია გარკვეული ქმედებების განხორციელება, მაგრამ თუ ჩვენ საქმე გვაქვს ისტორიულ გარდაუვალობასთან, მაშინ უნდა მოვემზადოთ დაპირისპირებისთვის. იმისათვის, რომ სამყარო არასოდეს იქნება უწინდელი.

იმის შესახებ, თუ რატომ არის რთული იყო ეკლესიას ზიარებული მაჩო

— რა მდგომარეობაშია ამჟამად მეცნიერება რელიგიის შესახებ?
—ის სულ უფრო მეტად მოთხოვნადი ხდება. თუ ისტორიის ნერვი კვლავ სადღაც რელიგიების ახლო სცემს, მაშინ მეცნიერება, რომელიც მათ შეისწავლის, უფრო მეტ ყურადღებას მიიპყრობს. ჩნდება რელიგიის ფენომენის ახსნის საჭიროება. მოდური სამეცნიერო ტენდენციები იწყებენ მის შეყვანას თავის ინტერესთა წრეში. მაგალითად, თავის ტვინის მკვლევარებს აინტერესებთ, არის თუ არა თავში ისეთი მონაკვეთი, რომელიც პასუხისმგებელია ლოცვაზე, მედიტაციაზე და, ზოგადად, ღვთაებრივის არსებობის განცდაზე. ევოლუციური ბიოლოგია მთელი თავისი ისტორიის მანძილზე ცდილობს რელიგიის ფენომენის ახსნას.
— გენდერული კვლევები ტარდება?
— რა თქმა უნდა. საინტერესოა იმის გაგება, თუ რატომ, მაგალითად, ისლამში უფრო მეტი მამაკაცია, ხოლო ქრისტიანობაში - ქალი.
— რატომ?
— თუნდაც იმიტომ, რომ ისლამში შენ შეგიძლია ერთდროულად იყო მაჩოც და მორწმუნეც, ქრისტიანობა კი გარკვეულწილად უკვე ფემინიზირებულია. მამაკაც-მაჩოს გაუჭირდება საკუთარი თავის ქრისტიანობაში რეალიზება. რელიგია, რომელიც ეყრდნობა ბავშვებს, სახლს, ოჯახს, ალბათ, უფრო ქალებს მოსწონთ.
— რატომ ეშინია მართლმადიდებლურ ეკლესიას ცვლილებების? იანვრის ბოლოს ანგლიკანურმა ეკლესიამ პირველი ქალი ეპისკოპოსი დანიშნა და ამის გამო არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. არ შეიძლება ითქვას, რომ ქალი მღვდელმსახური  მართლმადიდებლობისთვის რაღაც კოსმიური და უცხოა. ცნობილია, რომ საბჭოთა პერიოდში, ომის დროს როცა მამაკაცები არ იყვნენ, სოფლებში ქალები ასრულებდნენ მღვდლების ფუნქციებს: ნათლავდნენ ბავშვებს და წესს უგებდნენ მიცვალებულებს.

— ტრადიცია და მემკიდრეობითობა. ასეა ოდითგანვე. ვფიქრობ, ვერც ვერავინ ახსნის, თუ რატომ. ასე აკეთებდნენ მამები, წინაპრები. თუმცა, ეკლესია მაინც იცვლება, მაგრამ ამ ცვლილებებს არ აფიშირებს. ასე რომ, არავინ იცის, რა მოხდება ორმოცდაათი წლის შემდეგ.

რელიგიათმცოდნე დიმიტრი უზლანერი

 შენიშვნა;
რატომ არის ადამიანი უფრო მიდრეკილი რელიგისკენ ვიდრე ათეიზმისკენ:

იმიტომ რომ ადამიანისთვის და ცხოველისთვისაც უკვდავება ბუნებრივი  მოთხოვნილებაა სულის,  არცერთ ცოცხალ ორგანიზმს არ შეუძლია წარმოიდგინოს საკუთარი ან სხვისი სიცოცხლის დასასრული.   მარადიულობა სულის, მეობის ბუნებრივი მდგომარეობაა , რადგან მე უცვლელია , მას აქვს მეხსიერება წინა და შემდეგი ცხოვრების კვანტურ და უდროო განზომილებაში ,  რელიგიის გარეშეც ის მაინც ასე გრძნობს .

რელიგია კი იყენებს ადამიანის ამ მოთხოვნილებას და მანიპულირებს მისი ცნობიერებით. დაშინებებით და ჯილდოებით მართავს,   რის შედეგად ცხოვრება უფასურდება , დამშვიდების მაგივრად ფსიქიკა უფრო ზიანდება, წყდება მთლიანობის კავშირი დროსა და უსასურლო სივრცეში,
 ამიტომ ათეიზმის და რელიგიის ქადაგება ორივე ერთნაირად ხელოვნურია , არ შეუძლია მთლიანობის აღდგენა.  ჩანასახი ,ბირთვი უკვე პიროვნებაა, თავისი სულით, გრძნობებით და სინდისით, მისი გარედან რელიგიური  ხელოვნური ინტერვენციული პროგრამირება, ევგენიკა იწვევს ფსიქიკის გახლეჩვას ,  ტრავმას, დაბინძურებას, ფსიქოზს , გონებრივ შეზღუდულობას.  რელიგია არის მამრთა (დესტრუქციული თანატოსის) შიშების პროეციერება სხვაზე, სხვებისგან ენერგიის მიღების მიზნით.  ამიტომ საჭიროა ჩრდილის პროექციის ფსიქოთერაპია , გამოვლენა თუ რისი ეშინიათ მათ სინამდვილეში?
აღმოჩნდება რომ ყოველი შიში საკუთარი თავი შიშისგან მოდის.

ამიტომ სულიერება ვერ იქნება სეკულარული, რადგან სული გონება და სხეული ერთი მთლიანობა უნდა იყოს, არ არსებობს სეკულარიზმი, ხელოვნური გამონაგონია, უფრო საზიანო.

"უნდა მოისპოს ის ვინც ხელს აღმართავს წმინდათა წმინდაზე, ადამიანის სულზე, ვინც საშინლად გასტანჯავს ადამიანის ტვინს და სხეულს" (ადამიანური კანონი)



Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised