среда, 24 апреля 2019 г.

სუნის გავლენა ადამიანის მეხსიერებაზე/ სუნი - ჩვენი ემოციების მეხსიერება

სუნის გავლენა ადამიანის მეხსიერებაზე

ჩვენ ვცხოვრობთ სუნების და არომატების სამყაროში. ცხვირის მეშვეობით ჩვენ ვისუნთქავთ ჰაერს, რომელიც მილიონობით სუნითაა გაჟღენთილი,  სიგნალები ჩვენს ტვინამდე ნერვული დაბოლოებების მეშვეობით აღწევენ.
სუნის გავლენა ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე დიდია. „სუნი განკარგავს ასოციაციურ აზროვნებას იმ ადამიანებში, რომლებსაც მგრძნობიარე სასიგნალო ნერვული სისტემა აქვს“, - წერდა თავის შრომებში ცნობილი ფსიქოლოგი ი.პ. პავლოვი.
თითოეული ჩვენგანი თავისებურად რეაგირებს სხვადასხვა არომატზე. სუნი, განწყობა, ხანმოკლე და ხანგრძლივი მეხსიერება - ყველაფერი ჩვენი თავის ტვინის ლიმბურ ნაწილში ინახება. ტვინში სუნის აღქმის ცენტრი ცნობილია, როგორც ყნოსვის ბოლქვი. ეს ტვინის პრაქტიკულად ერთადერთი სფეროა, რომლის უჯრედებს შეუძლია რეგენერაცია მთელი ცხოვრების განმავლობაში.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენს ყნოსვით ცენტრს განსაკუთრებული სტატუსი აქვს ტვინის სხვა სფეროებთან შედარებით, რადგან მისი ნეირონები მოხუცებულობაშიც კი თავისუფლად შეიცვლება ახლით, ისევე, როგორც ზვიგენი იცვლის ჩამოცვენილ კბილებს ახლით. გონივრული იქნება ვივარაუდოთ, რომ სუნის აღქმის ჩვენს უნარს განსაკუთრებული როლი ენიჭება. საშიში ან უარყოფითი სუნები ძაბავენ ჩვენს ქვეცნობიერებას. მაგალითად, თქვენი ბავშვის კანის სუნი და თქვენი დედის არომატი დადებით მოგონებებს  დატოვებს ათწლეულების განმავლობაში.
სუნი ძლიერ ზემოქმედებას ახდენს ჩვენს ემოციებზე. მეცნიერები დიდი ინტერესით შეისწავლიან კავშირს არომატის და მეხსიერების ჩართვას შორის თავის ტვინის ლიმბურ ნაწილში. ჩვენს ორგანიზმში სპეციალური ჯირკვლებია, რომლებიც ინდივიდუალურ სუნს გამოჰყოფენ. სუნი იცვლება და მისი შეცვლა ჩვენს განწყობაზე და ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ასევე სუნი ინფორმაციის გადაცემის უძველესი ფორმაა და თავის ტვინს რამდენჯერმე უფრო სწრაფად აღწევს, ვიდრე ვიდეოსიგნალი, რომ აღარაფერი ვთქვათ სიტყვების შესახებ.
კარგად არის ცნობილი, რომ სუნსა და მეხსიერებას შორის უხილავი კავშირი არსებობს. სუნით გამოწვეული მოგონებები უფრო ემოციურია, ვიდრე ადრეული ბავშვობის ჩვეულებრივი მოგონებები. ისინი გვაიძულებენ ვიგრძნოთ, თითქოს წარსულის ატმოსფეროში ვბრუნდებით.
ისრაელის მეცნიერთა ჯგუფმა შეისწავლა, თუ ადრეული ყნოსვითი მოგონებები როგორ ინახება ადამიანის მეხსიერებაში დიდი ხნის განმავლობაში. მათ შეამოწმეს ჰიპოთეზა, რომ გარკვეულ სუნთან დაკავშირებული პირველი ასოციაცია ყოველთვის უფრო ძლიერია, ვიდრე მომდევნო. ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს ჰიპოთეზა სწორია. კვლევის შემდგომ ეტაპზე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ უსიამოვნო სუნს ადამიანი უკეთესად იმახსოვრებს, ვიდრე სასიამოვნო არომატს. არა მარტო სუნთან, არამედ ხმებთან ექსპერიმენტების სერიის ჩატარების შემდეგ  ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ არასასიამოვნო ასოციაციები უკეთესად ინახება მეხსიერებაში.
ეს აღმოჩენა შეიძლება გამოყენებულ იქნას ხანდაზმულ ან იმ ადამიანთა მეხსიერების აღსადგენად, რომლებმაც ტვინის ტრავმა მიიღეს, ასევე მეხსიერებიდან უსიამოვნო მოგონებების „წასაშლელად“.
ზოგიერთი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ფენომენალური მეხსიერების საიდუმლოება არა ადამიანის მიერ დიდი მოცულობის ინფორმაციის დამახსოვრების უნარ-ჩვევებშია, არამედ საჭირო მომენტში მისი მეხსიერების არქივიდან სწრაფად ამოღებაში. მიჩნეული იყო, რომ ამ საიდუმლოებას სრულყოფილად ფლობდნენ ამერიკელი ინდიელები. ისინი სპეციალური რიტუალების დახმარებით შედიოდნენ ტრანსის მდგომარეობაში და განეწყობოდნენ საჭირო მოგონებებზე. მაგრამ აღმოჩნდა, რომ აქ არ არის რაიმე საიდუმლო მაგია. ჯერ კიდევ ასობით წლის წინ ამერიკელმა აბორიგენებმა ისწავლეს მეხსიერებაში ყველა მნიშვნელოვანი მოვლენების დამახსოვრება სუნის დახმარებით. სპეციალურ ჰერმეტიულ კაფსულებში ისინი ათავსებდნენ ძლიერი არომატის მქონე ნივთიერებებს. მაშინ, როდესაც საჭირო იყო მოგონებების გამოწვევა, ისინი ხსნიდნენ საჭირო კაფსულას და ისუნთქავდნენ არომატს.
მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სხვადასხვა სუნი ადამიანის მეხსიერებაში შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე ინახებოდეს. ამ აღმოჩენის გამოყენება წარმატებით შეიძლება პრაქტიკაში. მაგალითად, უცხო ენების შესწავლისას, სადაც აუცილებელია უცხო სიტყვების დიდი რაოდენობით დამახსოვრება. სუნი იმ სიტყვების კონკრეტული სიის კონტექსტია, რომლებსაც თქვენ, მაგალითად, სწავლობდით ოთახში ლავანდის სუნით. თუ თქვენ იგივე სიტყვებს შეგეკითხებიან და ლავანდის სუნს იგრძნობთ, სიტყვების გახსენება გაცილებით გაგიადვილდებათ. ეს მეხსიერების გაუმჯობესების მეთოდია.

===

სუნი - ჩვენი ემოციების მეხსიერება 
ნებისმიერი სუნი თავისთავად არც ცუდია და არც კარგი. ეს ჩვენი ტვინი ახდენს მის ინტერპრეტაციას ჩვენი გამოცდილების და მეტ-ნაკლებად სასიამოვნო მოგონებებთან  შესაბამისად, განმარტავს ყნოსვის სპეციალისტი, პროფესორი პატრიკ მაკ ლეოდი.
პატრიკ მაკ ლეოდი (Patrick Mac Leod) — ფრანგი ნეიროფიზიოლოგი, გემოს ინსტიტუტის პრეზიდენტი, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი გრძნობების ნეიროფიზიოლოგიაში.
Psychologies:  რა არის სუნი?
პატრიკ მაკ ლეოდი:   თავისთავად სუნი არ არსებობს. ჩვენ მხოლოდ კონკრეტულ მომენტში აღვიქვამთ მას, როდესაც გარკვეული ნივთიერების მოკლეკულები გარედან აღწევენ ჩვენი ცხვირის ღრუს ზედა ნაწილს. ეს „შეხვედრა“ გრძელდება მხოლოდ ერთი ან ორი წამი, მაგრამ სწორედ ეს შეხვედრა ქმნის სუნს და იწვევს ჩვენს შეგრძნებებს. ამრიგად, საუბარია არა ნივთიერების თვისებების, არამედ მისი შეხვედრის ფენომენის შესახებ ჩვენს ყნოსვით რეცეპტორებთან, რომლებიც მდებარეობენ ჩვენს ტვინთან ხუთ მილიმეტრში. ასე რომ, სუნი 50%-ით დამოკიდებულია ნივთიერებაზე, ხოლო 50%-ით თავად ადამიანებზე. ეს  მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია.
რას ისტყვით ხელოვნურად შექმნილი არომატის შესახებ?
ეს ექსპერტის მიერ შექმნილი სუნია, რომელსაც შეუძლია ხელოვნების ნიმუშის შექმნა სურნელოვანი ნივთიერებების კომბინაციის საფუძველზე. არომატი შეესაბამება ამ ნივთიერებებს, ისევე როგორც ნახატი საღებავებს: ყველაფერი მხატვრის ხედვაზეა დამოკიდებული.
რატომ ვართ სუნის მიმართ ასე მგრძნობიარენი?
როდესაც რომელიმე სუნს გადავეყრებით, ჩვენ მას სამ დონეზე ვაანალიზებთ. პირველ რიგში - სასიამოვნოა თუ უსიამოვნო. შემდეგ უკვე „ხარისხის ასპექტია“: შეგვიძლია თუ არა ჩვენ ამოვიცნოთ და ამ სუნის კლასიფიცირება განვახორციელოთ? და ბოლოს, ინტენსივობა: ეს სუნი იმდენად ძლიერია, რომ ყველაფერი გაჟღინთა გარშემო, ან, პირიქით, ძლივს იგრძნობა? თუ ყნოსვის განცდა არ იწვევს ჩვენში განსაკუთრებულ ინტერესს, ჩვენ პირველ დონეზე ვჩერდებით. მაგრამ თუ ის გარკვეულ მოგონებებს იწვევს, აღვიძებს ჩვენში გარკვეულ ემოციებს ან იწვევს ზიზღს, მაშინ ჩვენი ტვინი მას გამოჰყოფს და იმახსოვრებს.
რისთვის არის საჭირო სუნი?
მას შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი იმ ინფორმაციაში, რომელსაც ჩვენი ტვინი იღებს გარემოს შესახებ. ეს საშუალებას გვაძლევს მოვემზადოთ იმისთვის, რომ სათანადოდ მოვახდინოთ ჩვენი ქმედებების ადაპტირება. ამ პროცესში მეხსიერება გადამწყვეტ როლს ასრულებს. რადგან ბუნებით არც ერთი სუნი არ არის არც კარგი და არც ცუდი. ინტერპრეტაციას მას ჩვენი ტვინი აძლევს, და სუნს გარკვეულ ხარისხობრივ დანიშნულებას ანიჭებს. ასეთ „ჰედონისტურ იარლიყს“ ჩვენს აღვიქვამთ მხოლოდ ჩვენი ცხოვრების გამოცდილებასთან დამოკიდებულებაში. მაგალითად, თუ გარკვეული არომატი დავუკავშირეთ რომელიმე ადამიანის მიმართ გრძნობას, მაშინ ის სამუდამოდ აღიბეჭდება ჩვენს მეხსიერებაში.
რატომ ხდება, რომ ჩვენთვის უცნობი ზოგიერთი არომატი გვხიბლავს, ზოგიერთი კი არა?
პარფიუმერები ქმნიან ახალ კომპოზიციებს კულტურულ კონტექსტზე დაყრდნობით. მხოლოდ სასიამოვნო სუნის მქონე ნივთიერებების გამოყენების შემთხვევაში, ან ისეთის, რომლის სუნი სასიამოვნოდ არის მიჩნეული, ისინი მიმართავენ ადვილად ცნობად ორიენტირებს: ყვავილების, ხეების და სანელებლების არომატს. ყველა ეს სუნი მაცდურია, ისინი ხელს უწყობენ იმას, რომ ჩვენ მოგვეწონოს უცნობი არომატი.
შეუძლია თუ არა არომატს გავლენა იქონიოს ჩვენს ქცევაზე?
ჩვენ არასდროს არ შეგვინიშნავს, რომ ადამიანი იცვლიდეს თავის ქცევას სუნამოს სუნის ზემოქმედების შედეგად. მაგრამ არც საპირისპირო მტკიცებულება არ გაგვაჩნია.       
რატომ არის პარფიუმი ზოგიერთი ქალისთვის ცდუნებასთან დაკავშირებული?
იმიტომ,  რომ პარფიუმი, ერთ და იმავე  დროს, აფართოებს ქალის მიერ დაკავებულ სივრცეს და ზრდის მის იქ ყოფნის დროს: პროფესიონალები ამას უწოდებენ „მოცულობას“ და „შლეიფს“. არომატი, რომელიც აცხადებს თავის არსებობას, იქცევს ყურადღებას. ის შემდეგ ახსენდებათ. ამგვარად ქალი „ნიშნავს“ თავის ტერიტორიას.
რატომ არის ასე რთული სუნის აღწერა?
კონკრეტულ სუნთან დაკავშირებით არ შეიძლება არსებობდეს კონსენსუსი: თითოეული ადამიანი თავისებურად აღიქვამს მას. შეუძლებელია ზუსტი ლექსიკონის შექმნა სუნის აღსაწერად, ხშირად იძულებული ვართ მივმართოთ  მეტაფორებს. ეს სახეები, რომლებიც ჩვენს მოგონებებთან არის დაკავშირებული, გვაბრუნებს ჩვენს რაღაც სასიამოვნო ან ნოსტალგიურ მომენტში. ნაკლებად ცნობილია ის ფაქტი, რომ სუნი პირდაპირ უკავშირდება გემოს: ცხვირი და პირის ღრუ ერთმანეთს უშუალოდ უკავშირდება. ასე რომ სუნი და გემო მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. როცა მიგვაჩნია, რომ კერძი გემრიელია, ჩვენ შეგვიძლია ეს განცდა სხვებს გავუზიაროთ, მაგრამ სუნის შესახებ ამის ცალსახად თქმა შეუძლებელია - მისი ინტერპრეტაცია ძალიან პირადულია.

-----


სუნის დამახსოვრება
ყველა ცოცხალი არსებისთვის სუნს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოაქვს: აფრთხილებს საშიშროების შესახებ, მიუთითებს საკვების ან საპირისპირო სქესის წარმომადგენლის სიახლოვის შესახებ. ზოგიერთი ბიოლოგიური სახეობისთვის სუნი კომუნიკაციის საშუალებას წარმოადგენს. ევოლუციის შედეგად ადამიანის ყნოსვა უარესდებოდა, მაგრამ დღესაც მისი როლი დიდია.
ადამიანის ყნოსვითი მეხსიერება უფრო ძლიერია, ვიდრე ვიზუალური ან სმენითი. ალბათ, ამის ახსნა შეიძლება ტვინის იმ ნაწილის ძლიერი ნეირონული კავშირებით, რომელიც იღებს სიგნალებს ყნოსვითი რეცეპტორებისგან, ხანგრძლივ მეხსიერებაზე პასუხისმგებელ ჰიპოკამპთან ერთად. არომატს შეუძლია გამოაცოცხლოს დიდი ხნის წინ დავიწყებული მოგონებები და მათთან დაკავშირებული გრძნობები. მაგალითად, ადამიანს ყოველთვის ახსოვს მშობლიური სახლის სუნი, მაშინვე იცნობს მას და ხელახლა განიცდის ბავშვობის სიხარულსა და იმედგაცრუებას. საყვარელს ქალის სუნამოს არომატი მამაკაცს განშორებიდან მრავალი წლის შემდეგაც აფორიაქებს, იწვევს მასში თითქოსდა გამქრალი გრძნობების ნაკადს.
ფსიქოლოგებმა, რომლებიც მუშაობენ ამნეზიის მქონე ადამიანებთან, იციან, რომ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება მეხსიერების აღდგენა წარსულში მნიშვნელოვანი სუნის გახსენებით თუ შეგრძნებით. ჰიპნოტიზიორები წარმოსახვაში ასევე "გადაადგილებენ" ადამიანებს განცდილ და უკვე დავიწყებულ სიტუაციაში, ეხმარებიან მასთან დაკავშირებულ სუნებზე კონცენტრირებაში.
თქვენც ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ კავშირით მეხსიერებასა და ყნოსვას შორის. იმისათვის რომ ჩაუღრმავდეთ სიტუაციას, რომლის გახსენებასაც ცდილობთ თქვენ ან თქვენი ინფორმატორი, დაიწყეთ სუნით.
ზოგჯერ არომატს შეუძლია დამახსოვრების გაძლიერება. მაგალითად, თუ თქვენ გსურთ უკეთესად დაიმახსოვროთ საუბარი მაგიდასთან, ყურადღება მიაქციეთ საჭმლის არომატს. მეხსიერებაში ან ცოცხლად აღდგენილი ეს სუნი მოგცემთ დამატებით ასოციაციას, რომელიც დაგეხმარებათ დიალოგის გახსენებაში. ნამცხვრით „მადლენი“ და ცაცხვის ჩაით გამოწვეული ბავშვობის მოგონებები საოცრად აქვს აღწერილი მარსელ პრუსტს რომანში „დაკარგული დროის ძიებაში“.









Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised