понедельник, 15 мая 2017 г.

ბობოკიდან ადამიანამდე. სამყაროს ზნეობრივი ევოლუციის შესახებ

 ბობოკიდან ადამიანამდე.   სამყაროს ზნეობრივი ევოლუციის შესახებ
რუსმა ფილოსოფოსმა მიხაილ ე. „ფოკუსთან“ ინტერვიუს დროს განმარტა, თუ როგორ მოხდა „სოვოკის“ ტრანსფორმირება „ბობოკში“, როგორ ვქმნით ჩვენ სამყარო-მატრიოშკებს და რატომ მივალთ ხელოვნური ინტელექტის განვითარების შედეგად გონების მშვიდობიან და თვითკმარ არსებობამდე.
წიგნში „სოვოკიდან ბობოკამდე“ თქვენ აღწერეთ  იმ ადამიანთა ახალი მდგომარეობა, რომლებმაც ვერ შეძლეს საბჭოთა აზროვნების უარყოფა. თქვენ წერთ, რომ „ბობოკი“ - იმედგაცრუებული „სოვოკია“, რომელმაც გააცნობიერა თავისი მარტოობა და უნიათობა. გამოდის, რომ ზოგადად უნიათობის და არასრულფასოვნების კომპლექსის გადალახვა შესაძლებელია?
— დოსტოევსკის მოთხრობაში „ბობოკი“ მოქმედება ვითარდება სასაფლაოზე, „ბობოკი“ კი გახრწნილ ცხედართა ბლუყუნის ხმაა, რომლებსაც საბოლოოდ სურთ „გაშიშვლება“, რათა თავის შესახებ სრული სიმართლე თქვან, და არ ერიდებიან არავითარ ზრდილობის წესებს. სოვოკმა ჯერ კიდევ შეინარჩუნა ოცნების უნარი, უწყინარობა, სჯეროდა ბედნიერი მომავლის, ხალხთა ძმობის, მსოფლიოში მშვიდობის დამყარების. ბობოკი მოკლებულია ილუზიებს და ისტორიულ პერსპექტივას. ბობოკი აგრესიულ-დ
რა უნდა გავაკეთოთ? პატივისცემასა და ტოლერანტობისკენ მოვუწოდოთ? მათთვის ეს ფუჭი სიტყვებია. ალბათ, „ბობკოვშჩინის“ წინააღმდეგ  ყველაზე საიმედო საშუალება პროფესიონალიზმია. მოქმედი რეჟიმი რუსეთში თავად უწყობს ხელს ნგრევას არა მხოლოდ სიცრუით და ქურდობით, არამედ ხალტურით, საქმისადმი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებით. ბობოკები, როგორც წესი, ცუდი სპეციალისტები არიან. იქ კი, სადაც კეთილსინდისიერი დამოკიდებულებაა საკუთარი საქმისადმი, საგნისადმი, რომელსაც ქმნი, ან ტექსტისადმი, რომელსაც წერ, იწყება ადამიანის სულის გაჯანსაღება.
 სსრკ-ში, პოსტსაბჭოთა რუსეთის ფედერაციაშიც, ხელობის და პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებით საქმე მაინც და მაინც კარგად არ ყოფილა. ამ თემაზე ესსე მაქვს დაწერილი მანდელშტამისეული სახელწოდებით „შრომის სიძვა“ (1988). მაგრამ თანამედროვე გლობალიზმი, რომელიც გარდაუვალია სოციალურ ქსელებში, იხრება იქით, რათა შენარჩუნდეს მთელი მსოფლიოს პროფესიული მინიმუმი. დასავლეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, პარლამენტზე ძლიერი საზოგადოებრივი ინსტიტუცია რეპუტაცია. ყველაფერი, რასაც აკეთებ, ტოვებს ღია ან მუქ კვალს. რეპუტაცია საზოგადოებრივი მეხსიერების  სიღრმეა. რუსეთში კი რეპუტაციის მექანიზმი არ ჩამოყალიბებულა, და ადამიანს, რომელმაც ოდესღაც სახელი გაითქვა, შეუძლია თამამად ჩაიდინოს უღირსი საქციელი იმ იმედით, რომ  დაივიწყებენ, ხოლო ნიჭიერი ფილმი ან წიგნი დარჩება.
კულტურალები და ნატურალები
ერთ-ერთ სტატიაში („ინფორმაციული აფეთქება და პოსტმოდერნული ტრავმა“), თქვენ წერთ სხვადასხვა საზოგადოებაში მზარდ უფსკრულზე „სულელებსა“ და „ჭკვიანებს“ შორის. ხომ არ ფიქრობთ, რომ დაპირისპირება, რომელსაც ჩვენ ახლა თვალს ვადევნებთ ამერიკული საზოგადოების მაგალითზე, როდესაც ადგილი აქვს  კონფლიქტს განათლებულ, მოწინავე და გლობალიზებულ ადამიანსა და მათ შორის, ვინც ფეხს ვერ აყოლებს ცხოვრების ტემპს და ცივილიზაციის განვითარებას, ჩამორჩება ისტორიას, რაღაცით ჰგავს ბობოკთა შეგრძნებებს?
—კაცობრიობა ჩამორჩება და ამავე დროს წინ უსწრებს თავის თავს, და ეს უფსკრული უფრო ღრმავდება, რაც ტრამპიზმის ფენომენით დასტურდება. აღმოჩნდა, რომ ამერიკაშიც კი, რომელიც მომავლისკენ მიისწრაფვის, ამ პრობლემასთან გამკლავება რთულია. მე ვილაპარაკებდი არა „სულელებსა“ და „ჭკვიანებზე“, არამედ „ნატურალებსა“ და „კულტურალებზე“. არიან ბუნების ადამიანები და კულტურის ადამიანები, ეს კი განსხვავებული მენტალიტეტია. ზოგიერთისთვის ბუნებრივია თევზის ჭერა, ნადირობა, ფიზიკური შრომა, თავისი ხელით სახლის შეკეთება, სხვებს კი აინტერესებს მოგზაურობა, უცხო ენების შესწავლა, მუზეუმები, უახლესი ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი. იქ, სადაც  მწვავდება ურთიერთგაუცხოება ნატურალებსა და კულტურალებს შორის,  ჩნდება ფაშიზმის წინაპირობა. როგორც მაქს ჰორკჰაიმერმა და თეოდორ ადორნომ აღნიშნეს გერმანიის ნაციფიკაციასთან დაკავშირებით, ამ პროცესს მხარს უჭერდნენ ისინი, „რომელთა ცნობიერება ვერ ეწეოდა პროგრესს, ანუ ბანკროტები, სექტანტები, სულელები“. იქ, სადაც საზოგადოება იყოფა მათზე, ვისთვისაც გასაგებია და არ არის გასაგები, ვინც ეზიარა და არ ეზიარა, ინტელექტუალთა მიმართ ჩნდება ნიადაგის, სისხლის და სიძულვილის იდეოლოგია.
რა თქმა უნდა, შეიძლება გაუგო ნატურალებს და გაიაზრო ის შეცბუნება, რომელსაც ისინი განიცდიან უახლეს ტექნოლოგიათა „თარეშის“ გამო, მათ შორის ისეთის, რომლებიც მათ დევნიან წარმოების სფეროდან. ალბათ, ძალიან მალე „ნატურალური“ ტიპი დიდ ეკონომიკურ ინვესტიციებს მოითხოვს, რადგან მომავლის ზეცივილიზაციაში უკვე აღარ დარჩება სამუშაო ფერმერებისათვის, ქარხნების პროლეტარებისათვის, მძღოლებისა და მაღაროელებისათვის. შესაძლებელია, რომ მრავალი კულტურალი, კომპიუტერული ოპერატორი და დიზაინერი, მოხელე დარჩეს უმუშევარი რობოტოტექნიკის და ხელოვნური ინტელექტის განვითარების გამო. ყველას ექნება მეტი დრო თვითგანვითარებისათვის. თითოეული ადამიანი მიიღებს ხელფასს მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობს. ამის განხორციელება, ჩემი აზრით, უკვე მიმდინარეობს შვეიცარიაში და იგეგმება ფინეთში. თავისუფალ დროს  გათავისუფლებულ მოქალაქეს შეეძლება დაკავდეს კულინარიით, სპორტით, მხატვრული თვითშემოქმედებით. ცივილიზაციაში მუდმივად იცვლება ბუნებრივი და კულტურული საწყისის  თანაფარდობა. ნოოსფერო სულ უფრო მეტად შთანთქავს და აქრობს ბიოსფეროს. ოდესმე ყველა ჩვენ, „ჭკვიანი“ და „სულელი“, ჩამოვრჩებით ტექნიკას, რომელიც გამუდმებით ვითარდება, და მაშინ, როცა აღმოვჩნდებით პროგრესის  ბოლოს, ალბათ, გავერთიანდებით.
ისტორიის მოდალობა და მორალი
რაც შეეხება ისტორიის  არაპროგნოზირებადობას. ერთ-ერთ სტატიაში თქვენ აღწერეთ ისტორიულ მოვლენათა დიაგონალური განვითარების თეორია, რომლის არსი იმაშია, რომ ნებისმიერ მოვლენას აქვს განვითარების ალტერნატიული ვარიანტი სხვა, პარალელურ რეალობაში. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ისტორიის მცდელობაა  ყურადღება გააამახვილოს ჩვენი თაობის დაავადებაზე? რა კრიტერიუმებით ირჩევს ისტორია ამ მოვლენებს? არსებობენ ეთიკური კატეგორიები მის შერჩევისას, თუ ისტორია უბრალოდ ერთად აგროვებს სხვადასხვა პაზლს?
—თქვენ ერთდროულად რამდენიმე საკითხი წამოჭერით. ერთი საკითხია ისტორიის მოდალობა. მიუხედავად გავრცელებული აზრისა, ისტორიას აქვს კონიუნქტივი: ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო სხვაგვარად. ისტორიის ნებისმიერ წერტილში მოვლენებს შეეძლო მიეღო სხვა მიმართულება, და მაშინ შეიცვლებოდა ყველა ისტორიული მნიშვნელობა და მათი ინტერპრეტაცია.
კიდევ ერთი საკითხია ისტორიის მორალი. მე მიმაჩნია, რომ ისტორიას აქვს ეთიკური ვექტორი, რომელიც პოზიტიურია. თანამედროვეთა უმრავლესობისათვის საზოგადოებრივ-ისტორიული მოვლენები იძენენ კიდევ უფრო მწვავე ზნეობრივ მნიშვნელობას, ვიდრე ამას წარსულში ჰქონდა ადგილი, ძალიან ჰუმანური და განათლებულ ადამიანებისთვისაც კი. მაგალითად, ვლადიმერ სოლოვიოვი, დიდი ფილოსოფოსი და მორალისტი, მიუხედავად ამისა, მიიჩნევდა, რომ ათასობით ადამიანის მსხვერპლად შეწირვა რელიგიური იდეისათვის სავსებით გამართლებულია. დღეს კი ჩვეულებრივი, „მასობრივი“ ადამიანი ასე არ ფიქრობს. ჩვენ მეტისმეტად ტრამვირებული ვართ ХХ საუკუნის მოვლენებით, რომ არ გვესმოდეს: არც ერთი მიზანი, ყველაზე დიდებულიც კი, ვერ შეძლებს გაამართლოს ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა.
ზოგადსაკაცობრიო ისტორიის ვექტორი მორალურად ერთმნიშვნელოვანია. პრობლემა იმაშია, რომ თითქმის ყველას შეუძლია გააცნობიეროს საკუთარი თავი არა როგორც კაცობრიობის წარმომადგენელი მთლიანობაში, არამედ მხოლოდ როგორც გარკვეული ერის, კონფესიის, პარტიის, სქესის, ასაკობრივი ან პროფესიული ჯგუფისა. სწორედ ამიტომ, გაადამიანება - ყველაზე აქტუალური მორალური იმპერატივია. ბიოლოგიურად ჩვენ ვიბადებით „ადამიანებად“, მაგრამ იმისათვის, რომ ინტელექტუალურად და მორალურად გავხდეთ ადამიანი, ყველას ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. საკუთარ თავში ადამიანურის ყველა სხვა იდენტიფიკაციაზე (ეროვნულის, კლასობრივის და ა.შ.) მაღლა დაყენება - კაცობრიობის ერთგულებაზე ფიცის დადების მსგავსია, ან საჭიროა მოწიფულ ასაკში გაიარო კონფირმაცია, როგორც ნათლობის დროს: დიახ, მე დავიბადე ადამიანად, მაგრამ ახლა ამას ვიღებ ჩემ თავზე, როგორც შეგნებულ ამოცანას.
1990-იან წლების დასაწყისში რუსეთში გადაწყდა, რომ საერთაშორისო სამართალი ეროვნულზე პრიორიტეტული უნდა გახდეს. რაღაც მსგავსი უნდა არსებობდეს ეთიკის თვალსაზრისითაც. გლობალიზაცია მუშაობს ასეთ საკაცობრიო ცნობიერებაზე, მაგრამ მოქმედებს პიროვნებისგან დამოუკიდებლად. გლობალიზაცია გარე გამოხატულებაა იმისა, თუ რა უნდა გახდეს  თითოეულის საშინაო საქმე: საკუთარ თავში ადამიანის შექმნა.
ვშიშობ, რომ ნამდვილი გაადამიანება შეიძლება მოხდეს მხოლოდ ტრაგიკული მოვლენების: ან უცხოპლანეტელთა შემოჭრის ან მანქანების ამბოხების შედეგად, რომელთა წინააღმდეგ ჩვენ გავერთიანდებით, ან სამხედრო ან სტიქიური კატასტროფის შედეგად, რომელიც მთელ კაცობრიობას დაღუპვით დაემუქრება. ასეთი კრიზისის გარეშე ადამიანთა რასას გაუჭირდება გაერთიანება.

 გონების მომავალი
ერთ-ერთ სტატიაში თქვენ ასევე წერთ, რომ ჩვენ მატრიცული სტრუქტურის ნაწილი ვართ, როდესაც მხოლოდ ჩვენ არ ვქმნით ვირტუალურ სამყაროს სოციალურ ქსელში, არამედ თავად ვართ სხვა ვირტუალური სამყაროს ნაწილი, რომელიც შექმნეს უფრო მაღალი რანგის  „პროგრამისტებმა“.
—ვერ ვიტყვი, რომ მე მიყვარს კომპიუტერული თამაშები და დროს ვატარებდე ვირტუალურ სამყაროში, სრულებითაც არა! მიუხედავად ამისა, ინტუიციურ-ემოციურ დონეზე მე უკვე ვგრძნობ, რომ პირველადი, ფიზიკური რეალობა, თუმცა უფრო ღრმადაა დამუშავებული, ვიდრე კომპიუტერული, საბოლოო ჯამში, ასევე  ვირტუალურია, მეორადი. მე უკვე უკეთ მესმის, თუ როგორ გონებას შეეძლო შეექმნა ეს სამყარო თავის კანონზომიერებითა და შემთხვევითობებით, პიროვნების თავისუფლებით და ბედის ირონიით. კაცობრიობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ არსებობს ოსტატი, დიზაინერი, რომელიც თითქოს-და ამ მატერიალური კოსმოსის უკან დგას. ეს აძლიერებს ჩვენ პასუხისმგებლობას შემოქმედის წინაშე და მივყავართ მატრიოშკა-სამყაროების, სამყაროთა  ერთმანეთში ჩასმულობის აზრამდე. ჩვენ ვქმნით ჩვენ პატარა მატრიოშკას, მაგრამ  თავადაც რაღაც დიდ მატრიოშკაში ვიმყოფებით, რომელიც, თავის მხრივ,  კიდევ უფრო დიდ მატრიოშკაშია  ჩასმული.
ყოველ წელს კომპიუტერის ეკრანებზე მსოფლიო წარმოგვიდგება ონტოლოგიურად სულ უფრო დამუშავებული სახით. თავდაპირველად მისი აღქმა შეიძლებოდა მხოლოდ ვიზუალურად, შემდეგ - სმენით, ახლა იქმნება რეალობის იმიტაციის ტაქტილური და ყნოსვის მეთოდები. გამორიცხული არ არის, რომ რეი კურცვეილი, ილონ მასკი და სტივენ ჰოკინგი ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ 50-100 წლის შემდეგ ვირტუალური სამყაროები თავისი ღრმა ემპირიული შინაარსით უკვე ნაკლებად იქნებიან  განსხვავებული ჩვენ გარშემო არსებულ სამყაროსგან.
მეორე მხრივ, ფიზიკური სამყაროს რეალობის მიღმა ჩნდება  თეთრი ლაქები, რომლებიც ბოლომდე არ არის შესწავლილი, ამით ამჟამად მეცნიერება არის დაკავებული. სამყარო ჩამოყალიბების პროცესშია, მაშასადამე, მხატვარი აგრძელებს მუშაობას ამ სურათზე. სხვათა შორის, ამჟამად მეცნიერულ მნიშვნელობას იძენს სამყაროს, როგორც ჰოლოგრამის, თეორია, რომელსაც აქვს ორი განზომილება, დანარჩენი კი - ჰოლოგრაფიული ილუზიების შედეგია.
თქვენ ფიქრობთ, რომ ვირტუალური სამყაროს და გარე სამყაროს დამუშავების პროცესი უსასრულოა?
—ვფიქრობ, რომ უსასრულოა, თუმცა ძნელია იმის თქმა, სად დაიწყება გარდამავალი ეტაპი და ახალი პარადიგმა. ის აღწერილია, როგორც აპოკალიფსი რელიგიაში და სინგულარობა ტექნიკურად ორიენტირებულ ფუტუროლოგიაში. ბოლოს და ბოლოს, ბუნებრივი და ხელოვნური ინტელექტის  ერთობლივი ძალა გაგვიძღვება ჩვენ, და გაცილებით ნაკლებად გვეცოდინება, რომელ სამყაროში ვცხოვრობთ. ყველა ჩვენგანი, ჩამორჩენილიც და მოწინავეც, ყოვლისმომცველ გონებასთან შედარებით, „ნატურალები“ აღმოვჩნდებით.
თქვენ თქვით, რომ ჩვენ ინტელექტი გაგვიძღვება, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ეთიკური და ზნეობრივი კატეგორიები გაქრება, ანუ გონება და პრაგმატიზმი გახდება დომინანტური იდეოლოგია, ხოლო ეთიკა და მორალი საჭირო აღარ იქნება?
—მე ვფიქრობ, რომ ხელოვნური გონება, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, უფრო მეტად დაემსგავსება ეკოსისტემას, მაგალითად, ტყის მასივს. ნიშნური პროცესები დამახასიათებელია ცოცხალ არსებათა ყველა ფორმისათვის, მათ შორის, მცენარეებისათვის; აქედან გამომდინარე, კოლექტიური ხელოვნური გონება, რომელიც წარმოიქმნება ნეიროელექტრონულ ქსელში, შეიძლება ახლოს იყოს მცენარეთა სისტემასთან. მცენარეებში მიმდინარეობს წვენის ცირკულაციის, ნივთიერებათა ცვლის პროცესი, მაგრამ არაძალადობრივი. მათ არ აქვთ ეს ყოვლისშთანმთქმელი, ხარბი, გაუმაძღარი ეგო, რომელიც აიძულებს  ცხოველებსა და ადამიანებს ერთმანეთი დახოცონ. ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად ჩვენ მივაღწევთ გონების უფრო მშვიდობიან, თვითკმარ არსებობას, რადგან არ აღმოჩნდება მოთავსებული ცალკე ორგანიზმში, რომელიც მოითხოვს საზრდოს და გამრავლებას და ებრძვის სხვა ორგანიზმებს შეზღუდული რესურსების გამო. არასწორი იქნება წარმოვიდგინოთ ხელოვნური გონება ზეადამიანის, ყოვლისშემძლე კიბორგის,  რობოტის სახით, რომელიც კარნახობს ადამიანებს თავის ნებას. რობოტი მხოლოდ ტერმინალია, ცალკე მონიტორი. ელექტრონული აზროვნება შეიძლება უფრო ახლოს იყოს ვეგეტატიურთან, არატოტალიტარულთან და არაინსტრუმენტალურთან, რადგან მას ფესვები არ აქვს გადგმული ეგოცენტრულ სუბიექტში. ტყეში  ყველა ხე ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ბიოცენოზს ქმნის. დაახლოებით ამ სახით მოხდება ნოოცენოზი ელექტრონულ ქსელში. ერთობლივ გონებას არაფერში სჭირდება ვინმეს დაესხას თავს და რაღაც გაანადგუროს, ისევე, როგორც ხეს არ სჭირდება თავისი ფესვების განადგურება, რომლებიც მას ნიადაგთან და სხვა ხეებთან აკავშირებენ. ადამიანის საქმიანობის მნიშვნელობა იმაშია, რომ ცოცხალ სხეულში დანერგილი ტვინის მეშვეობით გონება გავიდეს სამყაროს თვითმმართველობის ახალ დონეზე - და ეთიკის ახალ დონეზე. ჩვენ უზენაესი წესი გვაქვს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“. იქ კი სხვა გაჩნდება: „შეიყვარე მთელი, იმიტომ, რომ მის გარეშე შენც არ იარსებებ“.
 ჩემი აზრით, ამერიკაში უკვე არსებობს ტაქსი მძღოლის გარეშე ...
— ცოტა ხნის წინ ვიყავი კალიფორნიაში და ვიმგზავრე ასეთი ავტომობილით. წინა სავარძელში მძღოლია, მაგრამ როდესაც საჭეს ხელს მოაშორებს, მანქანა თვითონ მართავს თავის თავს, ავტომატურად ადგენს დისტანციას სხვა მანქანებთან, ელოდება სასურველ ინტერვალს გვერდით ზოლზე, რათა უსაფრთხოდ გადავიდეს მასზე. და ეს ყველაფერი ხდება 120-130 კმ სიჩქარით საათში. ძლიერი გრძნობაა! მაგრამ თანდათან უფრო უსაფრთხოდ გრძნობ თავს, ვიდრე ცოცხალ მძღოლთან, რომელსაც შეიძლება აზრად ნებისმიერი რამ მოუვიდეს, ან რამეზე დაფიქრდეს, ვერ გაუმკლავდეს მართვას.
მე ვიფიქრე, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება ხელი შეუწყოს არა მხოლოდ შინაგანი უსაფრთხოების გრძნობას, არამედ გარშემომყოფთა მიმართ უფრო დიდი ნდობის განვითარებას. მოდით დაველოდოთ ამ დროს.
— ეს დრო უკვე გველოდება, როგორც უნივერსიტეტში ელოდებიან სკოლის კურსდამთავრებულებს.     




ეპრესიული სოვოკია, რომელიც უკვე კარგს არაფერს ელოდება სამყაროსგან. ამიტომ მზად არის პირველმა მიაყენოს გამანადგურებელი დარტყმა, და, მიუხედავად იმისა, რომ საფლავში იხრწნება, „ბობოკალიფსითაც“ კი იმუქრება. მაგალითად, პროფესორი-ბობოკი, უკრაინაზე საუბრისას, ხმამაღლა აცხადებს შემდეგ ფორმულას: „განადგურება, განადგურება და განადგურება. სხვა რამეზე საუბარი არ შეიძლება იყოს. როგორც პროფესორი, მე ასე ვფიქრობ“ (ა. დუგინი). „ბობოკი“ „საშუალო ადამიანის“ გააფთრებული სიძულვილია ყველას მიმართ, ვინც მისგან განსხვავდება. სამყარო უნდა აფეთქდეს და დარჩეს მხოლოდ გაპარტახებული სამშობლო: „ჩუჩმეკები“, „ხოხოლები“, „ლიბერალები“, „მეხუთე კოლონა“ ... მიუხედავად იმისა, რომ ბობოკები პირად ცხოვრებაში ჩვეულებრივი ადამიანებივით იქცევიან, როგორც კი მათი აზროვნება აღწევს პოლიტიკის დონეს, ტრანსში ვარდებიან.

თარგმანი    (C) მ.ფ.ლ
05.15.2017
სარედაქციო

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised