понедельник, 7 мая 2018 г.

ფსიქიატრების „თვალით“ დანახული ადოლფ ჰიტლერი

    ფსიქიატრების „თვალით“ დანახული ადოლფ ჰიტლერი
ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე ფსიქიატრმა ოდესმე შეძლოს ჰიტლერის ყველა ფსიქიკური დაავადების ზუსტი დიაგნოსტირება და მათი გაერთიანება საკმაოდ მოცულობითი და ყოვლისმომცველი ფორმულირებით. გერმანელი დიქტატორის ფსიქიკას იმდენი გადახრა ახასიათებდა, რომ უბრალოდ არ ჯდება ჩვეულებრივ პაციენტთა სტანდარტულ დიაგნოზში.
მომავალ დიქტატორს უმოწყალოდ სცემდა მამა.
ფსიქიკური დაავადების ფესვებს, როგორც წესი, პაციენტის ბავშვობაში ეძებენ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ფსიქიატრებმა უყურადღებოდ არ დატოვეს ჰიტლერის ბავშვობა. მისმა დამ პოლამ მოუყვა მათ, თუ როგორ სასტიკად სჯიდა ადოლფს მამა, რის შედეგად გაჩნდა მოსაზრება, რომ ჰიტლერის აგრესიულობა მამისადმი სიძულვილის შედეგი იყო.
დიქტატორის მამა, ალოის შიკლგრუბერი (40 წლის ასაკში მან გვარი ჰიტლერზე შეიცვალა), ცნობილი იყო, როგორც გაუმაძღარი ავხორცი მამაკაცი. მისი მრავალრიცხოვანი კავშირები ზოგჯერ არ იყო საკმარისი მისი ავხორცობის დასაკმაყოფილებლად. ერთხელ მან მცირეწლოვანი ადოლფის თვალწინ სასტიკად გააუპატიურა ცოლი, რომელმაც უარი უთხრა მას სექსუალურ სიახლოვეზე. შესაძლოა, ამ შემთხვევამ თავისი დაღი დაასვა მომავალი დიქტატორის სექსუალურ ცხოვრებაზე.
დედას, კლარას, პათოლოგიურად უყვარდა მისი ბიჭი (მის დაბადებამდე მან სამი ვაჟი დაკარგა), და ისიც სიყვარულით პასუხობდა დედას. ალოისისა და კლარას ექვსი შვილიდან მხოლოდ ორი გადარჩა: ადოლფი და ჭკუასუსტი პაულა. ჰიტლერი მთელი სიცოცხლე დედიკოს შვილს უწოდებდა თავს. დედის მიმართ პათოლოგიური სიყვარული და მამისადმი სიძულვილი გახდა მისი ფსიქიკის მრავალი ნეგატიური თვისების მიზეზი.

შიშისგან დაბრმავებული
თუ ჰიტლერს დავუჯერებთ, პირველი მსოფლიო ომის დროს მამაცი ჯარისკაცი იყო და პატიოსნად მოიპოვა თავისი პირველი ჯილდო - რკინის ჯვარი. მხოლოდ ინგლისელთა გაზის შეტევის შედეგად 1918 წელს, რის გამოც მან დროებით დაკარგა მხედველობა, შეწყდა მისი სამხედრო კარიერა. თუმცა, ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა ისტორიკოსმა თომას ვებერმა, საარქივო მასალებზე, ჰიტლერის თანაპოლკელთა წერილებსა და დღიურებზე დაყრდნობით, მოახერხა ამ ლეგენდის გაქარწყლება ყოჩაღი ეფრეიტორის  გმირობის შესახებ პირველი მსოფლიო ომის დროს.
ისტორიკოსმა აღმოაჩინა ცნობილი გერმანელი ნეიროქირურგის გოტფრიდ ფორსტერის მიმოწერა ამერიკელ კოლეგებთან. ერთ-ერთ წერილში ის აღნიშნავდა, რომ 1920-იან წლებში მას შემთხვევით ხელთ ჩაუვარდა ჰიტლერის სამედიცინო ბარათი, შედეგად მისთვის ცნობილი გახდა  დიაგნოზი, რომელიც ექიმებმა დაუსვეს.
აღმოჩნდა, რომ ჰიტლერმა დროებით დაკარგა მხედველობა არა გაზით შეტევის შედეგად, არამედ ისტერიული ამბლიოპიის გამო. ეს იშვიათი დაავადება ჩნდება ფსიქიკური სტრესის დროს, მაგალითად, სამხედრო მოქმედებების ძლიერი შიშის გამო. ტვინი თითქოს უარს ამბობს სინამდვილის საშინელი სურათების აღქმაზე და წყვეტს მხედველობის ნერვის სიგნალების მიღებას, მხედველობა კი ამ დროს წესრიგში რჩება.
მამაც ჯარისკაცს ასეთი დაავადება უბრალოდ არ გაუჩნდებოდა, მაგრამ ჰიტლერი ასეთი არ ყოფილს. ის შტაბში მუშაობდა კავშირგაბმულობის ოფიცრად და ფრონტის ხაზიდან შორს იმყოფებოდა, თანაპოლკელები მას „ზურგის ღორს“ ეძახდნენ. თუმცა, ჰიტლერს შეეძლო უფროსებისთვის ეამებიბა, რისთვისაც, ვებერის აზრით, რკინის ჯვარიც მიიღო.
სიბრმავისგან ჰიტლერს მკურნალობდნენ ჰიპნოზის სეანსებით. თერაპიულ ჰიპნოზს საავადმყოფოში ატარებდა ნევროლოგიის პროფესორი ედმუნდ ფორსტერი გრეიფსვალდის უნივერსიტეტიდან. სწორედ მასთან აღმოჩნდა დაბრმავებული ეფრეიტორი ჰიტლერი. დაახლოებით ორი თვის განმავლობაში, ფორსტერი ცდილობდა გასაღების მორგებას თავის მომავალში რწმენადაკარგული ადამიანის ქვეცნობიერებისათვის. საბოლოოდ, პროფესორმა აღმოაჩინა, რომ მის პაციენტს უკიდურესად ავადმყოფური თავმოყვარეობა ჰქონდა, და მიხვდა, თუ როგორ შეძლებდა ზემოქმედებას პაციენტის ფსიქიკაზე ჰიპნოზის სეანსის დროს.
აბსოლუტურად ბნელ ოთახში ფორსტერმა ჰიტლერი ჰიპნოზურ ტრანსში შეიყვანა და უთხრა: „შენ ნამდვილად დაბრმავდი, მაგრამ დედამიწაზე 1000 წელიწადში ერთხელ დიდი ადამიანი იბადება, რომელსაც დიდი მომავალი ელის. შესაძლოა, სწორედ შენ გარგუნა ბედმა გერმანიის წინამძღოლობა. თუ ასეა, ღმერთი მხედველობას დაგიბრუნებს“.
ამ სიტყვების შემდეგ ფორსტერმა ასანთს გაჰკრა და სანთელი აანთო, და ჰიტლერმა ალი დაინახა ... ადოლფი უბრალოდ შოკირებული იყო, მან ხომ უკვე დაკარგა  თვალის ახელის იმედი. ექიმს არც კი უფიქრია, რომ ჰიტლერმა მისი სიტყვები საკმაოდ სერიოზულად მიიღო.
ფსიქიატრის და ისტორიკოსის დევიდ ლუისის აზრით, რომელმაც დაწერა წიგნი „ადამიანი, რომელმაც შექმნა ჰიტლერი“, სწორედ ფორსტერის წყალობით ჰიტლერს გაუჩნდა აზრი მისი მომავალი დანიშნულების შესახებ. მოგვიანებით ამას თავად ფორსტერიც მიხვდა. 1933 წელს, როდესაც ჰიტლერი გახდა გერმანიის კანცლერი, პროფესორმა, დიდი რისკის ფასად, შეძლო მისი სამედიცინო ბარათის პარიზში გადაგზავნა იმ იმედით, რომ მას გამოაქვეყნებდნენ.
სამწუხაროდ, გამომცემლობებმა ამ სამედიცინო ისტორიის გასაჯაროება ვერ გაბედეს: გერმანია ძალიან ახლოს იყო, ჰიტლერს კი იმ დროისთვის უკვე დიდი ძალაუფლება ჰქონდა. ამაზე მოწმობს თუნდაც ის ფაქტი, რომ ფორსტერის ეს დემარში ნაცისტთა ლიდერისთვის საიდუმლოდ არ დარჩენილა. ჰიტლერის ავადმყოფობის ისტორიის გამოქვეყნების მცდელობიდან ორი კვირის შემდეგ პროფესორი დაიღუპა ...
 როგორც ვებერმა დაადგინა, გაანადგურეს ყველა, ვინც იცოდა ჰიტლერის ნამდვილი ავადმყოფობის შესახებ, ხოლო მისი სამედიცინო ბარათები უკვალოდ გაქრა.


კოშმარული საყვარელი
თავისი გამოსვლებით ჰიტლერს ექსტაზამდე მიჰყავდა ქალები. მას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ როგორც კი ზოგიერთი მათგანი მიაღწევდა თავის სანუკვარ მიზანს - ინტიმურ სიახლოვეს ფიურერთან, მათი ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცეოდა.
სიუზი ლიპთაუერმა თავი ჩამოიხრჩო მასთან ერთი გატარებული ღამის შემდეგ. ჰიტლერის დისშვილმა გელი რაუბალი მეგობარს უყვებოდა: „ჰიტლერი მონსტრია ...  არასდროს დამიჯერებ, თუ რის გაკეთებას მაიძულებს ის“. დღემდე გელას გარდაცვალების ამბავი საიდუმლოებით არის მოცული. ცნობილია, რომ ის ტყვიამ იმსხვერპლა. ერთ დროს დადიოდა ჭორები, რომ ჰიტლერმა ცეცხლსასროლი იარაღით მოჰკლა ის ჩხუბის დროს, მაგრამ ნაცისტების ოფიციალური ვერსიის თანახმად, გელამ თავი მოიკლა. გერმანელმა კინოვარსკვლავმა რენატა მიულერმა მიაღწია ფიურერთან სიახლოვეს, მაგრამ მაშინვე ინანა.
ჰიტლერი ცოცავდა მის ფეხებთან და სთხოვდა პანღური ეთავაზებინა მისთვის ... ის ყვიროდა: „მე ამაზრზენი და უწმინდური ვარ! მცემე! მცემე!“ რენატა შოკში იყო, იგი ევედრებოდა ამდგარიყო, მაგრამ ჰიტლერი მის ირგვლივ ცოცავდა და კვნესოდა. მსახიობი იძულებული გახდა მისთვის პანღური ეთავაზებინა ... კინოვარსკვლავის პანღურმა უკიდურესად ააგზნო ფიურერი ... მალე ამ „ინტიმური ურთიერთობის“ შემდეგ რენატამ თავი მოიკლა, ის სასტუმროს ფანჯრიდან გადახტა.
ევა ბრაუნი, რომელმაც ყველაზე დიდხანს გაძლო ჰიტლერის გვერდით, ორჯერ ცდილობდა თვითმკვლელობას, საბოლოოდ მან ეს მესამედ გააკეთა, უკვე, როგორც დიქტატორის მეუღლემ... ბევრ ფსიქოლოგსა და სექსოლოგს ეჭვი ჰქონდა, რომ ჰიტლერს ნორმალური სქესობრივი ურთიერთობა ჰქონდა.

 მოსალოდნელი საფრთხის მხეცური ინსტინქტი
სხვადასხვა შეფასების თანახმად, ჰიტლერზე თავდასხმის 42-დან 50-მდე სერიოზული მცდელობა ყოფილა. პროფესიონამა მცველებმა და სპეცსამსახურების ასებმა ვერ მოუძებნეს ახსნა იმას, თუ როგორ შეძლო  გერმანელმა დიქტატორმა არა მარტო სიცოცხლის გადარჩენა, არამედ ისიც, რომ ერთი სერიოზული ჭრილობაც კი არ მიუღია. მათი აზრით, ეს არ არის მხოლოდ ბედის წყალობა, არამედ ნამდვილი მისტიკაა. ჩვეულებრივ, საკმარისია 2-3 კარგად მომზადებული თავდასხმა (უფრო ხშირად, ერთიც), და თუ ადამიანის მოკვლას ვერ შეძლებ, შეიძლება მისი სერიოზულად დაჭრა.
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ჰიტლერი თავისი სიცოცხლის უსაფრთხოების დაცვას ინსტინქტის წყალობით ახერხებდა. მაგალითად, 1939 წელს, ელზერის თავდასხმის მცდელობის დროს, რომელმაც მიუნხენის ლუდის დარბაზში აფეთქების ორგანიზება მოაწყო, ჰიტლერმა მოულოდნელად ადრე დატოვა პარტიის ვეტერანთა შეხვედრის ადგილი, და ამან სიკვდილისგან გადაარჩინა. მოგვიანებით მან ერთ-ერთ დაახლოებულ პირს უთხრა: „უცნაური განცდა დამეუფლა, რომ დაუყოვნებლივ უნდა წავსულიყავი...“
ერთხელ ჰიტლერმა თქვა: „სიკვდილს რამდენჯერმე გადავურჩი, მაგრამ ეს შემთხვევითი არ არის, შინაგანი ხმა მაფრთხილებდა, და მაშინვე ზომებს ვიღებდი“. ამ შინაგანი ხმის ჰიტლერს სიცოცხლის ბოლომდე სჯეროდა. გერმანული არმიის გადაიარაღება, დემილიტარიზებული რაინის მხარის ოკუპაცია, ავსტრიის ანექსია, ჩეხიის და მორავიის ოკუპაცია, პოლონეთში შეჭრა - ნებისმიერ მოქმედებას 1933-დან  1939 წლამდე უნდა გამოეწვია ომი საფრანგეთსა და დიდი ბრიტანეთთან,  რომელშიც გერმანიას გამარჯვების შანსი არ ჰქონდა. მაგრამ ჰიტლერმა თითქოს იცოდა, რომ მოკავშირეები უმოქმედობას გამოიჩენდნენ, და თამამად იძლეოდა ბრძანებებს, რომელიც ვერმახტის გენერლებს თავზარს სცემდა. სწორედ მაშინ დაიბადა ჰიტლერის გარემოცვაში მისტიკური რწმენა ფიურერის წინასწარმეტყველური ნიჭისა.
ხედავდა ნამდვილად ჰიტლერი თუ არა მომავალს? ჯონ ბრენანი, წიგნის „ოკულტური რაიხი“ ავტორი, მიიჩნევს, რომ ფიურერი, შამანების მსგავსად, შედიოდა ექსტაზის განსაკუთრებულ მდგომარეობაში, რომელიც აძლევდა მომავლის განჭვრეტის საშუალებას.  განრისხებული ჰიტლერი ხშირად შეურაცხადი ხდებოდა.
ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს, ბიოქიმიური ანალიზის მიხედვით, ადრენალინისა და ნახშირჟანგის დიოქსიდის შემცველობა სისხლში მკვეთრად ეზრდება. ამან შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები ტვინის მუშაობაში და ცნობიერების ახალ დონეზე გასვლა. „ამ ტიპის ინტოქსიკაციას, - წერს ჯ. ბრენანი, - ჰიტლერი მიჰყავდა იმ მდგომარეობამდე, რომ მას შეეძლო იატაკზე დაწოლა და ხალიჩის კიდის ღეჭვა. ასეთი ქცევა შეენიშნებოდათ ჰაიტელებს მაგიური რიტუალების შესრულებისას. ამან გამოიწვია ის ფაქტი, რომ მას ხალიჩისმჭამელს უწოდებდნენ“.

გერმანია ჰიპნოზის ქვეშ
ჰიტლერის სკოლის მასწავლებელმა სამუდამოდ დაიმახსოვრა მოზარდი ადოლფის უცნაური სახე, რომელიც პედაგოგს შიშის ზარს სცემდა. ფიურერის გარემოცვიდან ბევრი საუბრობდა მის არაჩვეულებრივ ჰიპნოზურ შესაძლებლობებზე. იყო თუ არა ისინი თანდაყოლილი, თუ ჰიტლერი ჰიპნოზის გაკვეთილებს იღებდა, ცნობილი არ არის. ადამიანების დამორჩილების უნარი ძალიან დაეხმარა ჰიტლერს ძალაუფლების მიღწევაში. საბოლოო ჯამში, თითქმის მთელი გერმანია აღმოჩნდა ყოფილი ეფრეიტორის ჰიპნოზის ქვეშ.
ჰიტლერის დისშვილი გელი რაუბალი მეგობარს ეუბნებოდა: „ჰიტლერი მონსტრია ... არასდროს დაიჯერებ, თუ რის გაკეთებას მაიძულებს ის“.
გენერალი ბლომბერგი ჰიტლერის ჰიპნოზური ნიჭის შესახებ წერდა: „... ჩემზე ყოველთვის გავლენას ახდენდა გარკვეული ძალა, რომელიც მას გააჩნდა. ის ყველა ეჭვს მიფანტავდა და სრულიად გამორიცხავდა ფიურერისთვის შეპასუხების შესაძლებლობას, რაც უზრუნველყოფდა ჩემს სრულ ლოიალობას ...“
ყოფილი დაზვერვის ოფიცერი, პროფესორი ჰ.რ. ტრევორ-როპერი წერდა: „ჰიტლერს ჰიპნოტიზიორის გამოხედვა ჰქონდა, რომელიც გავლენას ახდენდა ყველას გონებასა და გრძნობებზე, ვინც მის მაგიური მზერის ტყვეობაში აღმოჩნდებოდა“. ჯ. ბრენანი წიგნში „ოკულტური რაიხი“ აღწერს გასაოცარ შემთხვევას. ერთი ინგლისელი, ბრიტანეთის ჭეშმარიტი პატრიოტი, რომელმაც არ იცოდა გერმანული ენა, უსმენდა ფიურერის გამოსვლას. მან უნებლიეთ ხელი გაიშვირა ნაცისტების მისასალმებელ ჟესტში და დაიწყო „ჰაილ ჰიტლერის!“ ყვირილი დამუხტულ ბრბოსთან ერთად ...

„ჯოჯოხეთური კოქტეილი“
ჰიტლერს იმდენი ფსიქიკური გადახრა ახასიათებდა, რომ ნებისმიერი, თუნდაც გამოცდილი ფსიქიატრისთვის რთული იქნებოდა იმ „ჯოჯოხეთური კოქტეილის“ შემადგენლობის ამოცნობა, რომელიც ბობოქრობდა ამ შეუხედავი, შეშლილი ადამიანის თავში და რომელსაც განზრახული ჰქონდა მთელი მსოფლიოს დაპყრობა. აშკარა სექსუალური გადახრები, ადამიანებზე ჰიპნოზური ზემოქმედების შესაძლებლობა, აგრეთვე საფრთხის მიმართ ცხოველური ინსტინქტი, რომელიც მიუთითებს ნათელმხილველობის გარკვეულ შესაძლებლობებზე, - ეს ყველაფერი არ  არის, რითაც ჰიტლერი განსხვავდებოდა სხვა ადამიანებისგან.
მაგალითად, ერიხ ფრომმა აღნიშნა, რომ მას ჰქონდა ნეკროფილიისკენ აშკარა მიდრეკილება. დასტურის ნიშნად მან მოიყვანა ციტატა შპეერის მემუარებიდან: „რამდენადაც მახსოვს, როდესაც მაგიდასთან ხორცის ბულიონი მოჰქონდათ, მას „გვამების ჩაის“ უწოდებდა; მოხარშულ კიბორჩხალებს მოჰყვებოდა ამბავი გარდაცვლილი მოხუცი ქალის შესახებ, რომელიც ნათესავებმა წყალში გადააგდეს, როგორც სატყუარა, კიბორჩხალების დასაჭერად; თუ გველთევზას ჭამდნენ, ის ამბობდა, რომ ამ თევზებს უყვართ მკვდარი კატები და განსაკუთრებით კარგად იჭერდნენ მათ ამ სატყუარაზე“. გარდა ამისა, ფრომი ყურადღებას ამახვილებს ფოტოსურათებზე აღბეჭდილი ფიურერის სახის უცნაურ გამომეტყველებაზე. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ფიურერი მუდმივად გრძნობდა ამაზრზენ სუნს ...
ჰიტლერს ჰქონდა საოცარი მეხსიერება, რეალობის ზუსტად დამახსოვრების უნარი. ითვლება, რომ ასეთი მეხსიერება ადრეულ ასაკში დამახასიათებელია ბავშვების 4 %-სთვის, მაგრამ, როდესაც ისინი იზრდებიან, კარგავენ ამ უნარს. ჰიტლერის მეხსიერებაში შესანიშნავად აღიბეჭდა, როგორც შენობების უმნიშვნელო არქიტექტურული ელემენტები, ასევე ტექსტების დიდი ნაწილი. დიქტატორი აოცებდა რაიხის უმაღლეს გენერალიტეტს, როდესაც იხსენებდა მრავალ ციფრს, რომლებიც ეხებოდა, როგორც გერმანიის არმიის, ასევე მის მოწინააღმდეგეთა შეიარაღებას.
ფიურერი იყო შესანიშნავი იმიტატორი. ოიგენ ჰანფშტეგლი იხსენებს: „მას შეეძლო მიებაძა ბატების სისინისა და იხვების ყიყინის, ძროხების ბღავილის, ცხენების ჭიხვინის, თხების კიკინისათვის ...“
დიქტატორს ასევე ძალიან განვითარებული ჰქონდა სამსახიობო ნიჭი, გარდა ამისა, მას შეეძლო თვითშთაგონების გზით გავლენა მოეხდინა თავის ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე, მაგალითად, უპრობლემოდ შეეძლო ტირილი, რაც ყველა პროფესიონალ მსახიობს არ შეუძლია. ფიურერის ცრემლები მაგიურ გავლენას ახდენდნენ აუდიტორიაზე, აძლიერებდნენ მისი გამოსვლების ეფექტს. იცოდა რა ჰიტლერის ამ ნიჭის შესახებ, ჰერინგი ნაცისტური მოძრაობის დასაწყისში კრიტიკულ სიტუაციაში პირდაპირ მოითხოვდა: „ჰიტლერი უნდა მოვიდეს აქ და ცრემლი დაღვაროს!“
ადმირალი დენისი მიიჩნევდა, რომ ჰიტლერისგან გარკვეული „გამოსხივება“ მოდიოდა. ის იმდენად დიდ გავლენას ახდენდა ადმირალზე, რომ ფიურერთან ყოველი ვიზიტის შემდეგ დენისს რამდენიმე დღე სჭირდებოდა გონზე მოსასვლელად და რეალურ სამყაროში დასაბრუნებლად. გებელსიც ასევე აღნიშნავდა ჰიტლერის აშკარა ზემოქმედებას, ამბობდა, რომ ყოველთვის ჰიტლერთან ურთიერთობის შემდეგ ის „გრძნობდა თავს, როგორც ახლად დამუხტული აკუმულატორი“.
ჰიტლერის ქმედებებს ბევრად განაპირობებდა მეტად ღრმა ფაქტორი -  ალფრედ ადლერის მიერ აღწერილი არასრულფასოვნების კომპლექსი. დიქტატორი მუდმივად ადარებდა თავს წარსულის გამოჩენილ დამპყრობლებს და ცდილობდა ეჯობა მათთვის. ალან ბულოკის თქმით, „ჰიტლერის პოლიტიკაში დიდ როლს თამაშობდა მისთვის დამახასიათებელი შურის დიდი გრძნობა, მას სურდა თავისი მოწინააღმდეგის განადგურება“.
ეჭვგარეშეა, რომ პარკინსონის დაავადება ჰიტლერს განუვითარდა თავის ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად. მართალია, დიქტატორი წუთისოფელს გამოესალმა მანამ, სანამ ეს ავადმყოფობა სერიოზულ გავლენას იქონიებდა მის ჯანმრთელობასა და ფსიქიკაზე. 1942 წელს ჰიტლერს დაეწყო მარცხენა ხელის კანკალი, ხოლო 1945 წელს სახის მიმიკის დარღვევა. სიცოცხლის უკანასკნელ თვეებში, გარემოცვის მოგონებების თანახმად, ჰიტლერი ჰგავდა ბეხრეკ ადამიანს და უჭირდა მოძრაობა. ცნობილია, რომ პარკინსონის დაავადება ლოგიკურ აზროვნებას არღვევს და ავადმყოფი განიცდის რეალობის უფრო ემოციურად აღქმის მიდრეკილებას. 1941 წლიდან მოყოლებული ჰიტლერს უკვე მისი უნიკალურ მეხსიერება ღალატობდა.
ამრიგად, ჰიტლერი ტოვებდა იმდენად უცნაური და პათოლოგიური ადამიანის შთაბეჭდილებას, რომ ასეთი „ფსიქიკური ანომალიის“ არსებობის წარმოდგენა მეტად რთულია. ამიტომ დიქტატორი პრაქტიკულად არ შეესაბამებოდა სხვადასხვა ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული სკოლების ვიწრო დიაგნოსტიკურ სქემებს, და მისთვის ყოვლისმომცველი დიაგნოზის დასმა  შეუძლებელი იყო, თუმცა ასეთ მცდელობას მაინც ჰქონდა ადგილი.
რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ იურიდიულ ბიბლიოთეკაში დოკუმენტებს შორის აღმოაჩინეს ჰარვარდის უნივერსიტეტის ფსიქიატრის ჰენრი მიურეის მიერ 1943 წელს შედგენილი ჰიტლერის საიდუმლო ფსიქოლოგიური პორტრეტი, რომელიც მას დაავალა აშშ-ს სტრატეგიული სამსახურების (ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის წინამორბედი)  ხელმძღვანელობამ. ამერიკელ სამხედრო და დაზვერვის ოფიცრებს სურდათ უფრო მეტი გაეგოთ ჰიტლერის ხასიათის შესახებ, რათა შეეძლოთ მისი ქმედებების პროგნოზირება ამა თუ იმ სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციაში.
კორნელის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა გამოაქვეყნეს ეს ანალიზი ჰიტლერის ფსიქიკის შესახებ, რომელიც შეიცავდა 250 გვერდს და, ფაქტობრივად, დიქტატორის პიროვნების შესწავლის ერთ-ერთ პირველ მცდელობას წარმოადგენდა. „მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგიამ გაცილებით წინ გადადგა ნაბიჯი, დოკუმენტი იძლევა ჰიტლერის პიროვნების თვისებების დანახვის საშუალებას“, - მიიჩნევს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის თანამშრომელი თომას მილსი.
ეს საინტერესო დოკუმენტი შემდგნაირად არის დასათაურებელი: „ადოლფ ჰიტლერის პიროვნების ანალიზი, მისი მომავალი ქცევის პროგნოზი და რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოექცნენ მას ახლა და გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ“.
ცხადია, რომ მიურეის არ ჰქონდა ასეთი სახიფათო „პაციენტის“ პირადად შემოწმების შესაძლებლობა, ამიტომ ის იძულებული იყო განეხორციელებინა ფსიქოანალიტიკური კვლევა დიქტატორის დაუსწრებლად. მან გამოიყენა ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაცია - ფიურერის გვარის გენეალოგია, ინფორმაცია მისი სკოლაში სწავლის და ჯარში სამსახურის წლების შესახებ, დიქტატორის თხზულებები, მისი საჯარო გამოსვლები, ასევე იმ ადამიანთა ჩვენებები, რომლებსაც ურთიერთობა ჰქონდათ მასთან.
როგორი პორტრეტის შექმნა შეძლო გამოცდილმა ფსიქიატრმა? ჰიტლერი, მიურეის აზრით, იყო ბოროტი, შურისმგებელი პიროვნება, არ იტანდა კრიტიკას და სძულდა სხვა ადამიანები. მას არ გააჩნდა იუმორის გრძნობა, სამაგიეროდ  ჭარბად ჰქონდა სიჯიუტე და თავდაჯერებულობა.
ფიურერში, ფსიქიატრის აზრით, მკვეთრად იყო გამოხატული ქალური კომპონენტი, ის არ იყო დაკავებული სპორტით, ფიზიკური შრომით, ჰქონდა სუსტი მუსკულატურა. სექსუალური თვალსაზრისით, იგი აღწერს ჰიტლერს, როგორც პასიურ მაზოქისტს, ასევე მიუთითებს ფარულ ჰომოსექსუალობაზე.
მიურეი მიიჩნევდა, რომ ჰიტლერის დანაშაულებრივი ქმედებები ნაწილობრივ აიხსნება შურისძიებით იმ დამცირებისთვის, რომელიც მან გადაიტანა ბავშვობაში, ასევე ფარული ზიზღით მისი სისუსტეების გამო. ფსიქიატრი მიიჩნევდა, რომ თუ გერმანია ომს წააგებდა, ჰიტლერს შეეძლო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა. მაგრამ, თუ დიქტატორს მოკლავენ, ის შეიძლება წამებულად იქცეს.
მიურეის დიაგნოზი მოიცავს უამრავ დაავადებას. მისი აზრით, ჰიტლერს ჰქონდა ნევროზი, პარანოია, ისტერია და შიზოფრენია. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ექსპერტებმა დიქტატორის ამ ფსიქოლოგიურ პორტრეტში აღმოაჩინეს მრავალი არასწორი ინტერპრეტაცია და უზუსტობა, რომელიც შეიძლება აიხსნას იმ წლების ფსიქიატრიის განვითარების დონით, აღმოჩენილი დოკუმენტი, უდავოდ, უნიკალურია.




თარგმანი

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised