понедельник, 21 сентября 2020 г.

ჰოლოკოსტის ენციკლოპედია: ნიურნბერგის კანონების მნიშვნელობა

 ჰოლოკოსტის ენციკლოპედია

1935 წლის სექტემბერში ნაცისტურმა გერმანიამ მიიღო ორი ცალკე საკანონმდებლო აქტი, რომლებიც ცნობილია საერთო სათაურით „ნიურნბერგის კანონები“, - კანონი რაიხის მოქალაქეობის შესახებ და კანონი გერმანული სისხლისა და გერმანული ღირსების დაცვის შესახებ. ამ კანონებში ასახვა ჰპოვა მრავალმა რასისტულმა თეორიამ, რომელიც საფუძვლად უდევს ნაცისტურ იდეოლოგიას. ნიურნბერგის კანონები გერმანიაში ებრაელების სისტემატური დევნის იურიდიული საფუძველი გახდა.

1935 წლის 15 სექტემბერს ადოლფ ჰიტლერი გამოვიდა პოსტულატებით, რომელიც საფუძვლად დაედო ნიურნბერგის კანონებს. გერმანიის პარლამენტმა (რაიხსტაგმა), რომელიც მხოლოდ ნაცისტებისგან შედგებოდა, ეს კანონპროექტები მიიღო. ანტისემიტიზმი საფუძვლად ედო ნაცისტების რწმენას, ამიტომ ჰიტლერმა ნაცისტური პარტიის ყოველწლიურ ყრილობაზე გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში პარლამენტის საგანგებო სხდომა მოიწვია.


კანონი რაიხის მოქალაქეობის შესახებ 

ნაცისტები დიდი ხანია ეძებდნენ იურიდიულ განმარტებას, რომელიც იდენტიფიცირებდა ებრაელებს არა რელიგიის, არამედ რასობრივი ანტისემიტიზმის თეორიის საფუძველზე. ებრაელების გარეგნობის ამოცნობა, რომლებიც გერმანიაში ცხოვრობდნენ, ძნელი იყო. ბევრმა მათგანმა უარი თქვა რიტუალების შესრულებაზე და ტრადიციული ებრაული გარეგნობის შენარჩუნებაზე, ისინი საზოგადოებაში ინტეგრირებული იყვნენ. ზოგი ებრაელი აღარ აღიარებდა იუდაიზმს და ქრისტიანული დღესასწაულების აღნიშვნაც კი დაიწყეს არაებრაელ მეზობლებთან ერთად, ეს განსაკუთრებით შობის დღეს ეხებოდა. კიდევ უფრო მეტმა ებრაელმა დაიწყო ქორწინება ქრისტიანებზე ან ქრისტიანობაზე მოქცევა.

რაიხის მოქალაქეობის კანონისა და მისი განხორციელების შესახებ მრავალი განმარტებითი განკარგულების თანახმად, მხოლოდ „გერმანელი ან მონათესავე სისხლის“ ხალხს ჰქონდა გერმანიის მოქალაქეობის უფლება. კანონი განსაზღვრავდა, ვინ იყო (ან არ იყო) გერმანელი, და ვინ იყო (ან არ იყო) ებრაელი. ნაცისტებმა უარყვეს ტრადიციული შეხედულება, რომლის თანახმადაც ებრაელად ითვლებოდა ადამიანი, თუ ის იყო ებრაული რელიგიური ან კულტურული საზოგადოების წევრი. ამის ნაცვლად, ისინი ამტკიცებდნენ, რომ ებრაელები წარმოადგენენ რასას, რომელიც განისაზღვრება დაბადებით და სისხლით.

ნაცისტი იდეოლოგების დაჟინებული განცხადების მიუხედავად, არ არსებობდა მეცნიერული საფუძველი ებრაელების ცალკე რასად გამოყოფისთვის. ამრიგად, ადამიანის რასის განსაზღვრისთვის ნაცისტთა საკანონმდებლო ორგანოებმა მთავარ ფაქტორად ოჯახის გენეალოგია მიიჩნიეს. პირები, რომელთა მეორე ან მესამე თაობის წინაპრები (ბებიები ან ბებუები) დაიბადნენ ებრაელთა რელიგიურ საზოგადოებაში, კანონის თანახმად ებრაელებად ითვლებოდნენ. ბაბუები და ბებიები, რომლებიც ებრაულ რელიგიურ საზოგადოებაში დაიბადნენ, ითვლებოდნენ „ებრაულ რასად“. მათი „რასობრივი სტატუსი“ გადადიოდა შვილებსა და შვილიშვილებზე. მიღებული კანონის შესაბამისად, გერმანიაში მცხოვრები ებრაელები იყვნენ არა მოქალაქეები, არამედ ქვეყნის „ქვეშევრდომები“.

 „ებრაელის“ ცნების ამ იურიდიულ განმარტებას გერმანიაში ათობით ათასი ადამიანი ექვემდებარებოდა, რომლებიც თავს ებრაელად არ თვლიდნენ ან არ ჰქონდათ რელიგიური და კულტურული კავშირი ებრაულ თემთან. მაგალითად, ამ განმარტების თანახმად, ებრაელებად ითვლებოდნენ პირები, რომლებიც იუდაიზმიდან ქრისტიანობაში გადავიდნენ. გარდა ამისა, ამ შემთხვევაში ებრაელად აღიარეს ის ადამიანებიც, რომელთა მშობლებმა ან ბებიებმა და ბაბუებმა ქრისტიანობა მიიღეს. კანონის თანახმად, მათ ჩამოერთვათ გერმანიის მოქალაქეობა და ძირითადი  უფლებები.

სიტუაციას კიდევ უფრო ართულებდა ის გარემობა, რომ გერმანიაში მცხოვრებ ადამიანთა რიგი, ნიურნბერგის კანონებით,  არ მიეკუთვნებოდნენ არც გერმანელებს და არც ებრაელებს - ეს ეხებოდა იმ ადამიანებს, რომლებსაც მეორე თაობაში მხოლოდ ერთი ან ორი წინაპარი ჰყავდათ (ბებია ან ბაბუა), რომლებიც ებრაულ რელიგიურ თემში დაიბადნენ. „შერეული რასობრივი წარმოშობის“ ამ პირებს „ნარევსისხლას“ უწოდებდნენ (გერმ. Mischlinge). ისინი ისეთივე უფლებებით სარგებლობდნენ, როგორც „რასობრივი“ გერმანელები, მაგრამ შემდგომ კანონების მიღების შემდეგ მათი უფლებები მუდმივად იზღუდებოდა.


კანონი გერმანული სისხლისა და გერმანული ღირსების დაცვის შესახებ

ნიურნბერგის მეორე კანონი, კანონი გერმანული სისხლისა და გერმანული ღირსების დაცვის შესახებ, კრძალავდა ქორწინებას ებრაელებსა და გერმანიის მოქალაქეებს შორის. ასევე შემოღებული იქნა სისხლის სამართლებრივი პასუხიხმგებლობა ამ ჯგუფებს შორის სექსუალურ ურთიერთობებთან დაკავშირებით. ამ ურთიერთობას „რასობრივი დაბინძურება“ უწოდეს (გერმ. Rassenschande).

გარდა ამისა, ეს კანონი უკრძალავდა ებრაელებს 45 წლამდე ასაკის გერმანელი ქალების მოსამსახურეებად აყვანას. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ მამაკაცებს არ დაეთანხმებინათ მსახურები „რასობრივი დაბინძურების“ ჩადენაში. ათასობით ადამიანი დაადანაშაულეს „რასობრივი დაბინძურების“ ჩადენაში ან უბრალოდ უგზო-უკვლოდ გაუჩინარდნენ საკონცენტრაციო ბანაკებში.


ნიურნბერგის კანონების მნიშვნელობა

ნიურნბერგის კანონებმა შეცვალა ებრაელთა ემანსიპაციის პროცესი, რომლის დროსაც გერმანიაში მცხოვრები ებრაელები გახდნენ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები და ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეები. რაც უფრო მნიშვნელოვანია, მათ საფუძველი ჩაუყარეს შემდგომ ანტისემიტურ ზომებს, განახორციელეს იურიდიული გამიჯვნა გერმანელებსა და ებრაელებს შორის. ისტორიაში პირველად ებრაელები იდევნებოდნენ არა მათი რწმენის, არამედ მათი ან მშობლების დაბადების პრინციპით. ნაცისტურ გერმანიაში ებრაელს ვერაფერი აქცევდა გერმანელად: არც პროფესია, არც რწმენა, არც მოქმედება, არც განცხადება. შედეგად, მრავალი გერმანელი, რომლებიც არასდროს აღიარებდა იუდაიზმს ან მრავალი წლის განმავლობაში არ აღიარებდა მას, ნაცისტური ტერორის მსხვერპლი გახდა.

თუმცა ნიურნბერგის კანონში მხოლოდ ებრაელები იყვნენ ნახსენები, მათი მოქმედება ასევე ვრცელდებოდა გერმანიის შავკანიან მოსახლეობაზე და ბოშებზე. ებრაელების, შავკანიანების და ბოშებისათვის რასობრივი დევნილების სტატუსის მინიჭებამ ხელი შეუწყო იმ ფაქტს, რომ გერმანიაში ამ კატეგორიის მოსახლეობის დევნა დაიწყო.

მეორე მსოფლიო ომის დროს, ბევრმა ქვეყანამ, რომლებიც გერმანიასთან ალიანსი გააფორმეს ან მასზე დამოკიდებულები აღმოჩნდნენ, მიიღეს ნიურნბერგის ანალოგიური კანონები. 1941 წლისთვის იტალიამ, უნგრეთმა, რუმინეთმა, სლოვაკეთმა, ბულგარეთმა, ვიშის რეჟიმმა საფრანგეთში და ხორვატიამ მიიღეს ანტიებრაული კანონმდებლობა, ნაცისტური გერმანიის ნიურნბერგის კანონების ანალოგიური. 
















































Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised