вторник, 14 апреля 2020 г.

დავოსი - სამყარო მინიატურაში და პირქუში პერსპექტივები ფარიდ ზაქარია დასავლეთს ელოდება პირქუში მომავალი?

დასავლეთს ელოდება პირქუში მომავალი?

მიმდინარე წელს ატმოსფერო მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, ალბათ, უფრო ზუსტად ასახავს გლობალურ სურათს, ვიდრე წინა წლებში, და ეს სურათი არ არის განსაკუთრებით სასიამოვნო,  წერს „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტი. განწყობა აქ იყო დათრგუნული და ფრთხილი. ეკონომიკის გლობალურ შენელებაზე ბევრი საუბარი არ ყოფილა, მაგრამ არავინ არ გამოთქვამდა რწმენას შესაძლო ზრდის შესახებ. კიდევ ერთი ტრენდი: შეერთებული შტატები მსოფლიოს დაშორდა.
The Washington Post (აშშ): დავოსი - სამყარო მინიატურაში და პირქუში პერსპექტივები

ფარიდ ზაქარია  (Fareed Zakaria)

დავოსი, შვეიცარია - მიმდინარე წელს ატმოსფერო მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, ალბათ, უფრო ზუსტად ასახავს გლობალურ სურათს, ვიდრე წინა წლებში, და ეს სურათი არ არის განსაკუთრებით სასიამოვნო,  წერს „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტი. განწყობა აქ იყო დათრგუნული და ფრთხილი. ეკონომიკის გლობალურ შენელებაზე ბევრი საუბარი არ ყოფილა, მაგრამ არავინ გამოთქვამდა რწმენას შესაძლო ზრდის შესახებ. ამჟამად არ არსებობს ძირითადი გლობალური პოლიტიკური კრიზისი, მაგრამ შეშფოთებული ადამიანები საუბრობენ დემოკრატიის მდგომარეობის, ღია საზოგადოების და საერთაშორისო წესრიგის შესახებ.
 თეთრმა სახლმა წელს უარი განაცხადა შეერთებული შტატების ოფიციალური დელეგაციის გაგზავნაზე დავოსში კონფერენციაზე კონგრესთან პრეზიდენტ ტრამპის კონფლიქტის გამო, ამიტომ გაჩნდა საფუძველი უფრო ფართო გეგმის სათანადო მეტაფორისთვის: შეერთებული შტატები მსოფლიოს დაშორდა.
რაც შეეხება ევროპას, დღეს ის დაბნეულია, გაყოფილი, განწყობა აქ დათრგუნულია. ამ კონტინენტის სამი ლიდერიდან მხოლოდ გერმანიის „კოჭლი იხვი“, ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი ესწრებოდა დავოსის ეკონომიკურ ფორუმს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ვერ შეძლო გამგზავრება ბრექსიტთან დაკავშირებით არსებული პრობლემების გამო. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გადაწყვიტა არ გამგზავრებულიყო დავოსში, რადგან ის დაკავებულია პოპულისტური საპროტესტო აქციებით, როგორც მემარჯვენე, ასევე მემარცხენე ძალების მონაწილეობით. ასეთ ვითარებაში იგრძნობა დავოსში იმ ლიდერების თვალშისაცემი არყოფნა, რომლებიც ეკუთვნიან ლიბერალური დემოკრატიის და წესებზე დამყარებული საერთაშორისო სისტემის ტრადიციულ დამცველებს.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა გლობალურმა ლიდერმა უკვე დაიკავა ცარიელი ადგილი. სპეკულაციების მიუხედავად, დღეს ჩინეთმა თავად აირჩია უფრო მეტად მიყუჩებული როლი, ვიდრე წინა წლებში. მან დავოსში გაგზავნა გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ვან ციშანი. მან დავოსში ჩაიტანა დამამშვიდებელი გზავნილი, რომელიც მიზნად ისახავდა მსოფლიოს დარწმუნებას: პეკინი ეძებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელშიც არ იქნებიან დამარცხებულები, ასევე მხარს უჭერს გლობალურ თანამშრომლობას. ეს, ალბათ, ასახავს რეალობას - პოლიტიკურსა და ეკონომიკურს,  რომლის ფარგლებში ჩინეთი შინ აღმოჩნდება საკუთარი გამოწვევების წინაშე, და ეს ყველაფერი ხდება ეკონომიკური ზრდის შენელებისა და ჩინეთის პრეზიდენტის სი ჯინპინგის მცდელობების ფონზე გააძლიეროს თავისი ძალაუფლება ჩინეთის საზოგადოებაზე. ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა უფრო სერიოზული ბრძოლით არის დაკავებული, ვიდრე ეს იყო მოსალოდნელი ნაციონალური არჩევნების წინ, ამიტომ ასევე არ გამოცხადდა ფორუმზე.
არ შეიძლება ითქვას, რომ დავოსში შეინიშნებოდა დიქტატორების სიჭარბე, რადგან მხოლოდ რამდენიმე მათგანი ჩამოვიდა, და, ალბათ, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ გლობალური ნორმები და ისეთი ფორუმები, როგორიცაა დავოსი, ჯერ კიდევ არ მიესალმებიან პოლიტიკოსებს, რომლებიც ძალისმიერ მეთოდებს ეყრდნობიან. თუმცა დასავლეთის დემოკრატიები შეიძლება პრობლემებს განიცდიან, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს არ აქვთ ისეთი კოზირები ხელში, როგორც ბევრს ჰგონია. ორივემ, ისევე როგორც საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა, არჩიეს შინ დარჩენა. ფორუმს ესწრებოდა ბრაზილიის ახალი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსანარე (Jair Bolsonaro) და სიტყვითაც გამოვიდა, რომელსაც ელოდებოდნენ, მაგრამ ის მხოლოდ ექვსი წუთი გაგრძელდა, და მასზე რეაქცია აშკარად არაერთმნიშვნელოვანი იყო.
დავოსში ფორუმის მონაწილეთა მტკიცე ოპტიმზმის ერთ-ერთი სფერო ტექნოლოგიაა. ისეთი მრავალეროვნული კორპორაციების ხელმძღვანელები, როგორიცაა Novartis-ი და Cargill-ი, საუბრობდნენ ახალ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე - ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე, რათა მათი კომპანიები ბევრად უფრო ეფექტური და პროდუქტიული გახადონ. ისინი ამ ტენდენციას მტკიცედ თვლიან, რის შედეგადაც იძულებული არიან ადაპტირდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მოუწევთ მზარდი კონკურენციის პირისპირ აღმოჩენა. კომპანიის ხელმძღვანელები და ექსპერტები თვლიან, რომ სამუშაო ადგილების კიდევ ერთი დონე თეთრსაყელოიანებისთვის შეიძლება საფრთხის წინაშე დადგეს - საუბარი ეხება ჩვეულებრივი ანალიტიკური უნარის მქონე ადამიანებს. ამასთან, ფორუმზე აღმასრულებელი დირექტორები ოპტიმისტურად განწყობილნი არიან და თვლიან, რომ ყველა ეს პრობლემა შეიძლება მოგვარდეს.
ბიზნესმენები და კომპანიის ლიდერები გაცილებით ღიად გამოხატავდნენ ვაჭრობის მიმართ საკუთარ პესიმიზმს. ისინი შეშფოთებული არიან იმის გამო, რომ ამერიკის და ჩინეთის სავაჭრო ომმა შეიძლება მოიცვას დანარჩენი სამყარო. ნებისმიერ შემთხვევაში ცხადი ხდება, რომ გლობალიზაციის დიდი ექსპანსია დასრულდა. ბოლო 15 წლის განმავლობაში ვაჭრობაში რაიმე მნიშვნელოვანი წინსვლა არ მომხდარა, მაგრამ მრავალი მცირე წინააღმდეგობა წარმოიშვა. ამ ყველაფერმა ჯერ არ მიიყვანა ფართომასშტაბიან პროტექციონიზმამდე და სატარიფო ომებამდე, მაგრამ ახალი სტაგნაცია უკვე გამოვლენილია.
გაყოფილია არა მხოლოდ დასავლეთი, არამედ სხვა რეგიონებიც. თითქმის არც ერთი არაბული ლიდერი არ გამოცხადდა ბეიროუთში არაბთა სახელმწიფოების ლიგის შეხვედრაზე, და ამით ამ სამიტის მნიშვნელობა კიდევ უფრო შემცირდა. დღეს ლათინური ამერიკა დაყოფილია ისეთი ლიდერების შორის, როგორიცაა მემარჯვენე ბოლსონარე და მექსიკის ახალი პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი, რომელიც მემარცხენეებს ეკუთნის.
რამდენიმე მცირე ქვეყნის ლიდერებმა (ისინი ყველა მოითხოვდნენ, რომ მათი სახელები არ მოხსენიებულიყო) აღნიშნეს, რომ მსოფლიო დრეიფში იმყოფება და არ აქვს რაიმე კოლექტიური მიზანი, ხმები კი ისმის მხოლოდ შეზღუდული ანგარებიანი ინტერესებისა და კონფლიქტების გამო. „თუ ამერიკელები მონაწილეობენ, მაშინ ჩვენ გვიჩნდება მიმართულების განცდა, - თქვა ერთმა მათგანმა ჩემთან საუბრის დროს. - შესაძლოა, ჩვენ არ ვთანხმდებით ზოგიერთ პუნქტში, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მიმდინარეობს მნიშვნელოვანი საუბარი და ცდილობენ გარკვეული ძალისხმევის მიღებას თანამშრომლობის სფეროში. დღეს ენერგიის ერთადერთი წყარო ნეგატიურია -  ეს არის შეშფოთება სავაჭრო ომებთან დაკავშირებით. ასეთ სამყაროში ჩვენთვის არც ისე ადვილია წინსვლა. ჩვენ ყველანი ჩავრჩებით“.
მაგრამ ხომ ეს არის პოსტამერიკული სამყარო. ეს არ არის სამყარო, რომელიც აღინიშნება ჩინეთის დომინირებით ან თავის თავზე აზიური დიდი წარმოდგენებით. ეს არც წმინდა ანტიამერიკული სამყაროა; ეს არის სამყარო, სადაც ბევრს სურს დაინახოს ამერიკელთა უფრო მნიშვნელოვანი ყოფნა. ეს არის სამყარო, სადაც ქვეყნები თავისთვის მოქმედებენ, თავის ვიწრო ინტერესებს იცავენ და იმედოვნებენ, რომ საერთაშორისო წესრიგის ჩარჩო დარჩება შედარებით სტაბილური. მაგრამ არავინ უჭერს აქტიურად მხარს საერთაშორისო სისტემას, ამიტომ აქტუალური რჩება კითხვა: ამ სამყაროში არსებული სისტემა ლიდერების გარეშე დასუსტდება დროთა განმავლობაში, შემდეგ კი დაინგრევა?


ამერიკელი პოლიტიკური ანალიტიკოსი ფარიდ ზაქარია აანალიზებს პოპულისტური ტალღის გავლენას, რომელიც, მისი აზრით, ახლა აქტიურად ვრცელდება აშშ-სა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. როგორც ლიბერალური იდეების მომხრე, ის მოუწოდებს თავის მომხრეებს არ დაკარგონ იმედი, რადგან ყველა ქვეყანაში უამრავი ადამიანია, ვინც ეწინააღმდეგება „რისხვის და იდენტობის“ პოლიტიკას. ისინი კვლავ ძლიერი არიან.
The Washington Post (აშშ):  დასავლეთს ელოდება პირქუში მომავალი?
ფარიდ ზაქარია  (Fareed Zakaria)

ემანუელ მაკრონი დიდი იმედი იყო მათთვის, ვინც წუხდა გლობალურ პოლიტიკაში პოპულიზმის, ნაციონალიზმის და რასიზმის დომინირების გამო. გასულ წელს საპრეზიდენტო კამპანიის დროს მაკრონმა შეძლო საფრანგეთის გაერთიანება რეფორმებისა და მრავალმხრივი ურთიერთობების შესახებ გზავნილის გარშემო. იგი დარჩა ევროკავშირის  და სხვა საერთაშორისო ალიანსების მტკიცე და ერთგული მხარდამჭერი. გასულ თვეში მან 65 მსოფლიო ლიდერი შეკრიბა ერთად  მთავარ მოვლენაზე, რომელიც მიეძღვნა გლობალურ მმართველობას.
ახლა მაკრონი აღმოჩნდა ქუჩაში გამოსული პროტესტანტების - „ყვითელი ჟილეტების“ ზეწოლის ქვეშ. იგი იძულებული გახდა უარი ეთქვა ერთ-ერთ თავის რეფორმაზე და მიეღო ბიუჯეტისთვის საზიანო სუბსიდიები ხალხის დასამშვიდებლად. ქაოსია დიდ ბრიტანეთშიც, რადგან იქ ცდილობენ (თუმცა მარცხს განიცდიან) ბრექსიტის გზაზე დადგომას. იტალიაში ბიუჯეტთან დაკავშირებული პრობლემებია. უნგრეთი და პოლონეთი შთანთქა არალეგალურმა დემოკრატიამ. ეს ყველაფერი ემატება ევროპასა და დასავლეთში არსებულ დეპრესიულ სურათს.
მაგრამ ნუთუ ყველაფერი ასე პირქუშად გამოიყურება? როგორც საიტზე „პოლიტიკო“ აღნიშნავს გამოცემის შეფ-რედაქტორი მეთიუ კარნიჩნიგი,  ევროკავშირის მხარდაჭერა ახლა უმაღლეს დონეზეა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. უფრო ახლო დაკვირვებისას, როდესაც ზოგიერთ ადგილზე იმატებენ პოპალისტური ძალები, ცხადი ხდება, რომ ბოლო რამდენიმე თვის ისტორია დიდწილად წინააღმდეგობის გამოვლინებად იქცა. დააკვირდით პოლონეთს და უნგრეთს - გარკვეულწილად, ისინი თითქოს გადმოვიდნენ პოპალისტურ-ნაციონალისტური მოძრაობის პლაკატებიდან. პოლონეთში უზენაესი სასამართლოს რეფორმირების მცდელობის გამო დაიწყო მასობრივი საპროტესტო გამოსვლები, ხოლო ევროპულმა სასამართლომ მისცა მკაცრი მითითება უარი ეთქვათ ამ ინიციატივაზე. ორშაბათს პოლონეთმა უკვე შეასრულა ეს მოთხოვნა.
უნგრეთში, პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ბოლოდროინდელმა ავტორიტარულმა ნაბიჯებმა - ცვლილებებმა შრომის კანონმდელობლობასა და სასამართლო სისტემაში - ასევე წარმოშვეს ფართო პროტესტი, რომელმაც, როგორც აქამდე არასდროს, გააერთიანა ეროვნული ოპოზიციის ძალები. ქუჩის აჯანყება ატარებდა ზოგადი დაპირისპირების ხასიათს მმართველი პარტიის წინააღმდეგ, რომელმაც მიზანმიმართულად გამოიყენა ცრემლსადენი გაზი ძირითადად მშვიდობიანი პროტესტანტების წინააღმდეგ, დაგმო მათი, როგორც ანტიქრისტიანების, ქმედებები და ჯორჯ სოროსი დაადანაშაულა ყველაფრის ორგანიზებაში.
საფრანგეთში მაკრონის კრახის შესახებ ინფორმაცია ნაადრევია. დიახ, მისი რეიტინგული მაჩვენებლები კლებულობს, მაგრამ ამომრჩეველი დღემდე დიდ უპირატესობას მას ანიჭებს და არა უკიდურესად მემარჯვენე მარინ ლე პენს. მაკრონს აქვს ხუთწლიანი ვადა, მისი პარტია აკონტროლებს საკანონმდებლო ორგანოს, და ანალიტიკოსების უმეტესობა ეთანხმება იმას, რომ მისი რეფორმები გარდაუვალია, თუ საფრანგეთი აპირებს კონკურენციის გაწევას ინვესტიციების და ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის. იგი შეიძლება გახდეს პრეზიდენტი ერთი ვადით, მაგრამ ის მაინც ჩადგება ამ დროის საფრანგეთში ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებების სათავეში.
იტალიაში ახალმა კოალიციურმა მთავრობამ პოპულისტური ბიუჯეტი მიიღო, რომელიც ჰპირდება საერთო საბაზისო შემოსავალს და პენსიაზე ვადაზე ადრე გასვლას - მხოლოდ იმიტომ, რომ დაუპირისპირდეს ევროკავშირის მკაცრ წინააღმდეგობას. ამ კვირას რომმა უარი თქვა თავის ღონისძიებებზე და გამოაცხადა ბიუჯეტი ბრიუსელის მიერ დადგენილი გაბატონებული პრინციპების შესაბამისად. ეს გვახსენებს 2015 წელს, როდესაც ბერძენი პოპულისტები იძულებული გახდნენ მიეღოთ ზუსტად ის პროგრამა, რომლის წინააღმდეგაც გამოდიოდნენ.
ბრიტანეთში მდგომარეობა კიდევ უფრო რთულია, თუმცა მთავარი ის არის, რომ ყოველთვის, როდესაც ქვეყანა უახლოვდება რეალურ ბრექსიტს,  იგი უკან იხევს ხარჯების გამო. პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი შეეცადა რბილი ბრექსიტის განხორციელებას, და იმ დროს, როდესაც კომპრომისმა განაპირობა მის მიმართ რადიკალური „ბრექსიტერების“ უარყოფითი დამოკიდებულება, მათ ვერ შეძლეს მისი თანამდებობიდან გადაყენება. ალბათ, ეს არც სურდათ იმის გამო, რომ მეის შეუძლებელი ამოცანის მძიმე ტვირთი მათ დააწვებათ. ბრექსიტის მომხრეებმა ქვეყანას მიყიდეს ილუზია, რომ ისინი შეძლებენ სარგებელის მიღებას ევროკავშირის ბაზარზე წვდომისას ხარჯების გარეშე, მისი წესების დაცვის სახით. დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტი ბრიტანელისთვის ხდება ცხადი, რომ ისინი ერთდროულად ორ კურდღელს ვერ დაიჭერენ.
დაბოლოს, დააკვირდით აშშ-ს, სადაც პრეზიდენტი ამაყობს იმით, რომ ის პოპულისტი და ნაციონალისტია. ნოემბერში დემოკრატიულმა პარტიამ ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია წარმომადგენლობით პალატაში არჩევნებზე, 1974 წლის „უოტერგეიტის ტალღის“ დროიდან. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაში სამსახურიდან გადადგა რამდენიმე მნიშვნელოვანი წევრი - ზოგი ეთიკური მიზეზის გამო წავიდა, ზოგიც ქაოსისგან დაიღალა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ამჟამად წარმოებაშია 17 გამოძიება ტრამპის და მისი თანაშემწეების წინააღმდეგ, ზოგიერთ მათგანზე უკვე გამოიტანეს საბრალდებო დასკვნები. და ეს ხდება, თუ არ გავითვალისწინებთ კონგრესში ჩატარებულ უამრავ გამოძიებას, რომელიც აუცილებლად დაიწყება, როგორც კი დემოკრატები აიღებენ კონტროლის ქვეშ წარმომადგენელთა პალატაში არსებულ საკვანძო კომიტეტებს. ორი წლის განმავლობაში რესპუბლიკელები მართავდნენ ვაშინგტონს, რაც მათ საშუალებას აძლევდა გაეკონტროლებინათ ინფორმაცია სამთავრობო წყაროებიდან და ყველა უფლებამოსილება, რომლებიც დაკავშირებული იყო სასამართლოში გამოძახებასთან და ზედამხედველობასთან. ის 3 იანვარს დასრულდება.
მე არ ვაპირებ პოპულისტური ტალღის გავლენის მინიმიზირებას, რაც ჯერ კიდევ ხდება დასავლეთში და მსოფლიოს სხვა კუთხეში. მღელვარება არ უნდა გადავიდეს სასოწარკვეთილებაში. ყველა ქვეყანაში უამრავი ადამიანია, ვინც ეწინააღმდეგება სიბრაზისა და იდენტობის პოლიტიკას. ისინი ასევე ძლიერი არიან. ისინი უფრო სწრაფად უნდა გარბოდნენ და არ ჰქონდეთ შიშის განცდა.


რატომ არ დაუჯერა კიმ ჩენ ინმა ტრამპს? ეს გასაკვირი არ არის. მთელი თავისი ისტორიის მანძილზე აშშ იქცეოდა თითქმის ისევე ვერაგულად, როგორც ჩრდილოეთ კორეა. ისტორია მოწმობს, რომ პხენიანი ნაწილობრივ ან სრულად არ ასრულებს თავის ვალდებულებებს. თუმცა, როგორც „ვაშინგტონ პოსტის“ კოლუმნისტი აღნიშნავს, აშშ-საც აქვს საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობის გრძელი ისტორია.
The Washington Post (აშშ):  ამერიკის მწვავე პოლარიზაცია ზიანს აყენებს მის საერთაშორისო ავტორიტეტს

ფარიდ ზაქარია  (Fareed Zakaria)

როგორც ჩანს, პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან ცუდი გარიგების დადება უარესია, ვიდრე საერთოდ შეთანხმების გარეშე დარჩენა. გონივრული დასკვნაა, რომელიც იძლევა იმის საფუძველს, რომ ის და მისი გუნდი  მთელი სერიოზულობით მოეკიდნენ ამ საკითხს.
ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული ერთ-ერთი გამოწვევა მდგომარეობს ხელშეკრულების დადების მცდელობაში, რომელიც თავიდანვე დაბლოკავს ნებისმიერ ქმედებას, მაგრამ ისტორია მიგვანიშნებს იმაზე, რომ პხენიანი არ დაიწყებს ნაწილობრივ ან სრულად თავისი ვალდებულებების  შესრულებას და მათ გათვალისწინებას. თუმცა, აშშ-საც აქვს საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობის გრძელი ისტორია.
მოლაპარაკებების დროს ყოველთვის სასარგებლოა სხვის პოზიციის გათვალისწინება. თქვენ რომ იყოთ  ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მოხელე, ალბათ, აუცილებლად შეისწავლიდით ბოლო მნიშვნელოვან საერთაშორისო შეთანხმებას, რომელსაც მიაღწია  და რომელიც თავისი ხელმოწერით დაადასტურა აშშ-ს პრეზიდენტმა: ირანთან დადებული ბირთვული ხელშეკრულება. ირანის არსენალის 98%-ის, ათასობით ცენტრიფუგის და არაკში ბირთვული რეაქტორის, ასევე კამერებისა და ინსპექტორების ყველგან დაყენების სანაცვლოდ, აშშ თანახმა იყო გაეუქმებინა სანქციები ირანის წინააღმდეგ და დასავლეთის კომპანიებისთვის მიეცა ამ ქვეყანაში ბიზნესის დაწყების საშუალება.
პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის პირობებშიც კი, ირანს რეალურად არასოდეს მიუწვდებოდა ხელი საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემაზე. საგარეო საქმეთა მინისტრ მუჰამედ ჯავად ზარიფს რამდენჯერმე ჰქონდა საშუალება აეხსნა, რომ შეთანხმების მიუხედავად, ობამას ადმინისტრაცია არ იწონებდა რაიმე კომერციულ ტრანზაქციებს ირანსა და აშშ-ს შორის. როგორც კი ტრამპი გახდა პრეზიდენტი, მისმა ადმინისტრაციამ აქტიურად დაიწყო ამ შეთანხმებისთვის ძირის გამოთხრა და მისი დარღვევაც კი, აიძულებდა ევროპულ კომპანიებს ირანის ბოიკოტირებას, იყენებდა დოლარის ძალას ამ ქვეყანასთან ნებისმიერი ბიზნესის გაყინვის მიზნით. გასაკვირი არ არის, რომ ირანთან შეთანხმებას სერიოზულ დარტყმა მიაყენეს. ან ავიღოთ ლიბია, რომელიც 2003 წელს დათანხმდა „საჯარო გაეხადა და მთლიანად დაეშალა“ თავისი მასობრივი განადგურების იარაღი და შეასრულა ეს. ამის საპასუხოდ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ პირობა დადო, რომ დაეხმარებოდა ლიბიას „ისევ დაეკავებინა უსაფრთხო და საპატიო ადგილი ერებს შორის“, და დაჰპირდა „ბევრად უკეთეს ურთიერთობებს“ აშშ-სა და ლიბიას შორის. ბუშმა მიანიშნა, რომ აშშ იმუშავებს იმაზე, რომ ლიბია გახდეს „აყვავებული ქვეყანა“. რა თქმა უნდა, ამ დაპირებებიდან ბევრი რამ არ შესრულებულა, და რამდენიმე წლის შემდეგ ობამას ადმინისტრაციამ ხელი შეუწყო მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობას. მე არ ვაყენებ ეჭვქვეშ ლიბიის ინტერვენციის უპირატესობას. მაგრამ, თქვენ რომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მიგეღოთ მოლაპარაკებებში მონაწილეობა, და ვაშინგტონი დაპირებულიყო უსაფრთხოების გარანტიებს, ისტორიის ეს ნაწილი შეიძლება თქვენთვის აქტუალური და საგანგაშო აღმოჩენილიყო.
თუ ჩრდილოეთ კორეელები დააკვირდებიან შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების საკუთარ ისტორიას, ისინი მიხვდებიან, რომ ისინი არაერთხელ იყვნენ მოტყუებული, ხოლო დაპირებები დარღვეული. ვაშინგტონის საქციელი თითქმის ისეთივე ვერაგული იყო. თეთრმა სახლმა პხენიანს აღუთქვა პირობა, რომელიც, ფაქტობრივად, არასოდეს შეუსრულებია.
1994 წელს ჩრდილოეთ კორეა დათანხმდა იონბენში თავის ბირთვულ ობიექტზე სამუშაოების შეჩერებას და გადამუშავებული საწვავისთვის ინსპექციის ჩატარებას. შედეგად, იონბენი განადგურდა. ამის საპასუხოდ, ვაშინგტონს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა „პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების სრული ნორმალიზაციისთვის“ და გადაეცა ჩრდილოეთ კორეისთვის ორი მსუბუქი რეაქტორი წყალზე და დამატებით მძიმე ნავთობის საწვავი.
ჩრდილოეთ კორეამ შეასრულა ამ დაპირების დიდი  ნაწილი. პროფესორმა ლეონ ვ. სეგალმა „38North.org“–ში დაბეჭდილ თავის სტატიაში აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ნელა ასრულებდა თავის ვალდებულებებს, საერთოდ არ შეასრულა წყალზე მსუბუქი რეაქტორის გადაცემის ვალდებულება და მუდმივად აწვდიდა საწვავს დაგვიანებით. მან მხოლოდ ზომიერი ნაბიჯები გადადგა ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. პხენიანმა ნათლად მიანიშნა: თუ აშშ არ შეასრულებს შეთანხმებას, ჩრდილოეთ კორეა უარს იტყვის თავისი ვალდებულებების შესრულებაზე. და რადგან პრეზიდენტ ბილ კლინტონის ადმინისტრაციამ ეს არ გააკეთა, ჩრდილოეთ კორეამ შეთანხმების დარღვევა დაიწყო. როდესაც ხელისუფლებაში ბუშის ადმინისტრაცია მოვიდა, მან ეს პროცესი მთლიანად შეაჩერა და ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში გაცილებით მკაცრ მიდგომაზე გადავიდა.
აშშ–ს ასეთი ქმედებები გასული საუკუნის ბოლო მეოთხედის ჰიპერპოლარიზებული პოლიტიკური გარემოს ნაწილია. ცივი ომის დროს ერთი პრეზიდენტის მიერ შექმნილ საერთაშორისო ხელშეკრულებების და ვალდებულებების დიდ ნაწილს, უმეტესად, მისი მიმდევრები უჭერდნენ მხარს. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი რესპუბლიკელი ეწინააღმდეგებოდა პრეზიდენტ ჰარი ტრუმენს ნატოსა და საგარეო დახმარების საკითხებში, პარტია არ ცდილობდა ამ კურსის შემცირებას ან პოლიტიკის ჩაშლას. თუმცა ბილ კლინტონი მკვეთრად აკრიტიკებდა ჯორჯ ბუშის საგარეო პოლიტიკას, ძნელია იმის მოძებნა, რომ მან მნიშვნელოვნად გადაუხვია მისი წინამორბედის გადაწყვეტილებებს.
შეადარეთ ეს ამჟამინდელ სიტუაციას. ტრამპი გამოვიდა ირანის ბირთვული ხელშეკრულებიდან, პარიზის ხელშეკრულებიდან კლიმატის ცვლილების საკითხებთან დაკავშირებით და ტრანსწყნარიოკეანის პარტნიორობიდან, ეჭვქვეშ დააყენა ნატოს არსებობა. ტრამპმა არაერთხელ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ მისი წინამორბედის თითოეულ გადაწყვეტილებას მიიჩნევს, როგორც მინიმუმ მცდარს და, ხშირ შემთხვევაში, როგორც ღალატის მომცველს.
თქვენ რომ იღებდეთ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობას, ალბათ, გაგიჩნდებოდათ კითხვა: შეასრულებენ და სათანადოდ განახორციელებენ თუ არა ტრამპის მომხრეები მისი ადმინისტრაციის მიერ მიღწეულ ნებისმიერ შეთანხმებას. და მართალი იქნებით. აშშ-ს მწვავე პოლარიზაცია შიგნიდან განსაზღვრავს ქვეყნის საერთაშორისო ნდობის დონეს.

ვაშინგტონ პოსტის“ კოლუმნისტი საერთაშორისო სამართლის ნორმებს საკუთარ ინტერპრეტაციას აძლევს და სვამს კითხვას, საშუალებას მისცემს თუ არა ტრამპი პუტინს „დასცინოს“ კიდევ ერთ ამერიკულ „წითელ ხაზს? გახდება თუ არა ვენესუელა ის ზღვარი, რის შემდეგაც ტრამპი საბოლოოდ „შეწყვეტს“ რუსი პრეზიდენტის „გულის მოგებას“?
The Washington Post (აშშ): გახდება თუ არა ვენესუელა ის ზღვარი, როდესაც ტრამპი დაიწყებს პუტინთან დაპირისპირებას?

ფარიდ ზაქარია  (Fareed Zakaria)

პრეზიდენტი ტრამპი აღმოჩნდა თავისი საგარეო პოლიტიკის გადამწყვეტი მომენტის და ვენესუელის საკითხის რეგულირების აუცილებლობის წინაშე. მისმა ადმინისტრაციამ სრულიად თვალნათლივ მიანიშნა იმაზე, რომ აშშ აღარ მიიჩნევს ნიკოლას მადუროს პრეზიდენტად და საჯაროდ დაუჭირა მხარი ვენესუელის ეროვნული ასამბლეის ხელმძღვანელს ხუან გუაიდოს, როგორც ქვეყნის დროებით ლიდერს. ტრამპი ისე შორს წავიდა, რომ ვენესუელის სამხედროებს მოუწოდა არ დამორჩილებოდნენ მადუროს ბრძანებებს. ეს ბევრად უფრო დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე „წითელი ხაზი“, რომელიც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გაავლო სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის გარშემო.
მაგრამ ჯერჯერობით, ტრამპის ზეწოლამ არ გაამართლა. მადურო აგრძელებს თავისი თანამდებობის დაკავებას, ხოლო ვენესუელის სამხედროები მის მხარდაჭერას განაგრძობენ. მიუხედავად იმისა, რომ სანქციები შეიძლება მტკივნეული აღმოჩნდეს, მათ ასევე შეუძლიათ ხელი შეუწყონ „ალყის“ მენტალიტეტის ჩამოყალიბებას. ასეთი რამ, გარკვეულწილად, მოხდა კუბაში, ჩრდილოეთ კორეასა და ირანში.
ვენესუელა რთული და გაყოფილი ქვეყანაა, ხოლო მადურო, როგორც უგო ჩავესის მიმდევარი, გარკვეული მხარდაჭერით სარგებლობს ღარიბ და სოფლის მოსახლეობას შორის. რეჟიმის მხარდაჭერისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია რუსეთის ღია და მნიშვნელოვანი დახმარება. მოსკოვი აღიარებს, რომ მან სამხედროები გაგზავნა ვენესუელაში, ორო თვითმფრინავი დაეშვა ქვეყანაში გასულ შაბათ-კვირას და ასამდე დაქირავებული სამხედრო ჩაიყვანა.
ეს არის მოსკოვის მხოლოდ ერთი ნაბიჯი მადუროს პოზიციების გასამყარებლად. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთი უზრუნველყოფდა ვენესუელას ხორბლით, იარაღით, სესხით და ნაღდი ფულით. რუსული ინვესტიციების მოცულობა ვენესუელაში, სხვადასხვა შეფასებით, 20-დან 25 მილიარდ დოლარამდე მერყეობს. ახლა რუსეთი აკონტროლებს ამერიკული ნავთობკომპანიის Citgo-ს თითქმის ნახევარს, რომელიც ვენესუელის სახელმწიფო შემოსავლების მთავარ წყაროს წარმოადგენს. ვენესუელელი სამხედროები რუსულ ტექნიკას განსაკუთრებულ შემთხვევებში იყენებენ.
როგორც ჩანს, ვენესუელის გამბიტი მნიშვნელოვანია პირადად რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისთვის. ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც ვენესუელის ეკონომიკა დაღმასვლას განიცდიდა, ხოლო პოლიტიკური არასტაბილურობა იზრდებოდა, ყველაზე მსხვილმა რუსულმა კომპანიებმაც კი დატოვეს ეს ქვეყანა, რადგან თავის საქმიანობას იქ ძალიან სარისკოდ მიიჩნევდნენ. როგორც ვლადიმერ რუვინსკიმ უილსონის ცენტრისთვის (Wilson Center) დაწერილ ტექსტში აღნიშნა, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი რუსული ნავთობკომპანია „როსნავთობმა“ კიდევ უფრო გაზარდა მადუროს მხარდაჭერა. კომპანიას ხელმძღვანელობს იგორ სეჩინი, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს პუტინთან და რომელსაც რუსეთში მეორე გავლენიან ადამიანს უწოდებენ.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პუტინი სრულ მხარდაჭერას გამოხატავს მადუროს მიმართ. იგი ამას ნაწილობრივ იმიტომ აკეთებს, რადგან ის მისი ძველი მოკავშირეა, და ასევე იმის გამო, რომ ეს ზრდის რუსეთის გავლენას ნავთობის გლობალურ ბაზარზე, მაგრამ ყველაზე მეტად იმიტომ, რომ ეს შეესაბამება პუტინის საგარეო პოლიტიკის მიზნებს - იმ ქვეყნების გლობალური ანტიამერიკული კოალიციის შექმნას, რომელიც შეძლებს ძირი გამოუთხაროს აშშ-ს მიზნებს და უზრუნველყოს გადასვლა სულ უფრო მრავალპოლარულ მსოფლიოზე. როგორც ჩანს, პუტინის ძალისხმევა მიზნად ისახავს აშშ-ს  აბუჩად აგდებას, რომელმაც 1823 წელს მონროს დოქტრინა გამოაცხადა. აღნიშნული დოქტრინა უცხო ქვეყნებს დაჟინებით აძლევდა რეკომენდაციას თავი შორს დაეჭირათ დასავლეთ ნახევარსფეროსგან.
ვაშინგტონისთვის მნიშვნელოვანი საკითხი მდომარეობს შემდეგში: მისცემს თუ არა ის მოსკოვს საშუალებას დასცინოს კიდევ ერთ ამერიკულ „წითელ ხაზს“? აშშ-ს და რუსეთს საწინააღმდეგო, შეუთავსებადი პოზიციები აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც სირიის შემთხვევაში, არსებობს იმის საფრთხე, რომ თუ ვაშინგტონი მის მიერ ნათქვამ სიტყვებს არ გაამყარებს ქმედებებით, მაშინ ერთი წლის შემდეგ ჩვენ გავხდებით მადუროს რეჟიმის კონსოლიდაციის მოწმეები, რომელიც გაძლიერდება რუსული იარაღის და ფულის წყალობით. ადმინისტრაცია მკაცრი იყო ვენესუელაში რუსეთის ჩარევის გამო. თვითონ ტრამპმა თქვა: „რუსეთი ქვეყნიდან უნდა გაეთრიოს“.  ტრამპისთვის ეს უჩვეულო განცხადებაა, რადგან ის თითქმის არასოდეს აკრიტიკებდა პუტინს და ყოველთვის რუსეთის მხარეს იჭერდა დიდ და პატარა საკითხებში.
მოსკოვში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა მაიკლ მაკფოლმა „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) დაწერა, რომ ტრამპი უკიდურესად თანმიმდევრულად უჭერდა მხარს პუტინის საგარეო პოლიტიკას. ტრამპი იმუქრებოდა, რომ ნატოს დატოვებდა და გამოაცხადა სირიიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შესახებ. იგი საჯაროდ არ დაეთანხმა საკუთარი დაზვერვის დასკვნებს, რომ მოსკოვი ჩაერია 2016 წლის არჩევნებში და თქვა: „პრეზიდენტმა პუტინმა ... თქვა, რომ ეს რუსეთი არ ყოფილა ... და მე ვერ ვხედავ რაიმე მიზეზს, რომ ეს შეიძლება რუსეთი ყოფილიყო“.
მაკფოლმა აღნიშნა: „უმნიშვნელო საკითხებშიც კი, რომლებიც ნაკლებად ეხებოდა ამერიკულ ინტერესებს, ტრამპი მხარს პუტინს უჭერდა. რატომ იცავდა ტრამპი ავღანეთში შეჭრას? რატომ გამოთქვა ტრამპმა შიში იმის გამო, რომ ჩერნოგორელებს შეუძლიათ მესამე მსოფლიო ომის გაჩაღება? ეს ყველაფერი პუტინის მესიჯებია. რატომ იმეორებს მას აშშ-ს პრეზიდენტი?“
მე არასოდეს მითქვამს შეთქმულების ან თანამშრომლობის არსებობის შესახებ რუსეთსა და ტრამპს შორის, მე ვწერდი მხოლოდ იმის შესახებ, რომ უნდა დაველოდოთ მტკიცებულებებს, რომელსაც წარმოგვიდგენს სპეცპროკურორი რობერტ მიულერი. მაგრამ რჩება მთავარი საიდუმლო: უხალისოდ რატომ უპირისპირდება ტრამპი პუტინს ნებისმიერ საკითხში? და გახდება თუ არა ვენესუელა ის ზღვარი, რის შემდეგაც ტრამპი საბოლოოდ შეწყვეტს მისი გულის მოგებას?

გლობალურ ტრანზაქციებში დოლარის დომინირებისთვის ძირის გამოთხრა, რომელსაც დღემდე დიდი სარგებელი მოჰქონდა შეერთებული შტატებისთვის, ძნელი იქნება, მაგრამ აშშ–ს უახლოესი მოკავშირეები ცდილობენ სიტუაციის გაკონტროლებას. გადახდის ახალი მექანიზმი ინსტექსი თითქოს გამაფრთხილებელი ნიშანია, ის მოსალოდნელი უბედურების მომასწავებელია, აღნიშნულია სტატიაში.
ფარიდ ზაქარია (Fareed Zakaria)

The Washington Post (აშშ): აშშ-ს უახლოესი მოკავშირეები ყველა ღონეს ხმარობენ, რათა ძირი გამოუთხარონ  ამერიკულ დოლარს

მიმდინარე კვირას ჩვენ გავხდით არაჩვეულებრივი სანახაობის მოწმე. აშშ-ს ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თეირანში გაემგზავრა და განაცხადა, რომ მალე მზად იქნება ევროპული გადასახადების სისტემა, რომელიც ჩაფიქრებულია როგორც იმ სისტემის ალტერნატივა, რომელსაც საფუძვლად უდევს დოლარი. ეს ვიზიტი განხორციელდა დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთთან შეთანხმებით, ორივე ეს ქვეყანა ხელს უწყობდა გადახდის ახალი მექანიზმის შექმნას, რომლის სახელწოდებაა ინსტექსი (INSTEX).
INSTEX-ი, სავარაუდოდ, მალე განიცდის კრახს ან მთლიანად გაკოტრდება. გლობალურ ტრანზაქციებში დოლარის ბატონობისთვის ძირის გამოთხრა, რომელსაც დღემდე დიდი სარგებელი მოჰქონდა შეერთებული შტატებისთვის, ძნელი იქნება, მაგრამ ინსტექსი გამაფრთხილებელი ნიშანია, ის მოსალოდნელი უბედურების მომასწავებელია. აშშ–ს უახლოესი მოკავშირეები ცდილობენ შეასუსტონ აშშ-ს გლობალური ძლიერების ფუნდამენტური საყრდენი.
რატომ? ეს მარტივია: ტრამპის ადმინისტრაცია ბოროტად იყენებს ამ სიძლიერეს. შეერთებული შტატები ახლა წინ უსწრებენ მსოფლიოს, მაგრამ არსებობენ ძალები, რომლებიც ძირს უთხრიან მათ მაღალ სტატუს. ზოგიერთი პროცესი ღრმა სტრუქტურულ ცვლილებებს წარმოადგენს, მაგალითად, ჩინეთის განვითარება. მაგრამ, როგორც ჟურნალი „ეკონომისტი“ აღნიშნავს, სხვა პროცესები პასუხია მისი ძალაუფლების ჰეგემონიის ბოროტად გამოყენებაზე.
მოდით დავფიქრდეთ დოლარისთვის ალტერნატივის მოძებნის მცდელობაზე. დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია - ყველა ამ ქვეყანამ 2015 წელს ხელი მოაწერა ირანთან ბირთვულ შეთანხმებას. როდესაც შარშან ტრამპის ადმინისტრაცია ცალმხრივად გამოვიდა ამ შეთანხმებიდან, მიუხედავად იმისა, რომ ირანი ყველა პირობას ასრულებდა, შეერთებულმა შტატებმა კვლავ დაუწესა მას სანქციები მისი დოლარის ძალის გამოყენებით, რომ სხვა ქვეყნებისთვის არ მიეცა ირანთან ბიზნესის წარმართვის საშუალება (რადგან საერთაშორისო ტრანზაქციების დიდ ნაწილში უფრო მოსახერხებელი იყო დოლარის გამოყენება). გავლენის ბოროტად გამოყენების გამო აღშფოთებულმა ევროპელებმა გადაწყვიტეს ახალი გადახდის სისტემის შექმნა.
და ისინი მარტო არ არიან. ჩინელები, რუსები და ინდიელები ასევე ცდილობენ შექმნან მექანიზმები, რომლებიც  საშუალებას მისცემდნენ თავიდან აეცილებინათ დოლარის ჰეგემონია. ჯერჯერობით, ეს მცდელობები ძირითადად არაეფექტური იყო. მაგრამ თუ ამდენი მსხვილი სავაჭრო ქვეყანა, მათ შორის ევროპის უმთავრესი სახელმწიფოები, აპირებენ დოლარის პოზიციების შესუსტებას, ისინი საბოლოო ჯამში მასზე გარკვეული გავლენის მოხდენას მოახერხებენ. ოდესღაც ბრიტანული ფუნტი დომინანტური საერთაშორისო ვალუტა იყო, მაგრამ იგი დოლარმა განდევნა. არ არსებობს მკაცრი კანონი, რომელიც იტყოდა, რომ დოლარი ყოველთვის დომინანტურ როლს შეასრულებს.
მოდით ვნახოთ, როგორ იყენებს ტრამპის ადმინისტრაცია ბაჟის გამოყენების საფრთხეს. ხშირ შემთხვევაში ადმინისტრაცია იშველიებს „ეროვნული უსაფრთხოების“ მოსაზრებებს. კანონი, რომელიც აძლევს პრეზიდენტს ამგვარი ბაჟის შემოღების უფლებას, მიღებული იყო ცივი ომის დროს, რათა ქვეყანას მისცემოდა მრეწველობის კრიტიკული დარგების შენარჩუნების უფლება, რომლებიც შეიძლება საჭირო გამხდარიყო საბჭოთა კავშირთან გეოპოლიტიკური კონკურენციის მხარდასაჭერად. კანადის ალუმინი და იაპონური ჯიპები არ შეესაბამება ამ კანონპროექტს, მაშინაც კი, თუ პრეზიდენტი ტრამპი სხვაგვარად ფიქრობს. როგორც აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლობის ყოფილი გენერალური მრჩეველი, ჯენიფერ ა. ჰილმანი (Jennifer A. Hillman) წერს გაზეთში „ნიუ იორკ თაიმსი“: „თუ შეერთებულ შტატებს შეუძლია დაასაბუთოს ავტომობილებზე ბაჟის გამართლება ეროვნული უსაფრთხოებით, მაშინ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას, ალბათ, შეეძლება გაამართლოს შეზღუდვების შემოტანის დასაბუთება პრაქტიკულად, ნებისმიერ პროდუქტზე იმავე საბაბით“.
შეერთებულ შტატებს აქვს პრეტენზიების კანონიერი საფუძველი ჩინეთის სავაჭრო პრაქტიკის მიმართ. პეკინი ხშირად ზედმიწევნით იცავს კანონს, მაგრამ პოულობს გონიერ გზებს მისი სულის შესარყევად, პოულობს თავდასაძვრენს და იყენებს გამონაკლის შემთხვევებს. სწორედ ასე იქცევა ტრამპის ადმინისტრაციაც. ეროვნული უსაფრთხოების პრივილეგიების ბოროტად გამოყენებით იგი ასუსტებს ვაჭრობის წესებსა და საერთაშორისო კანონებს, რომელთა დაცვას ის მოითხოვს ჩინეთისგან. მე რომ ჩინელი მოლაპარაკე ვყოფილიყავი, უბრალოდ განვაცხადებდი, რომ დავიცავდი ვაჭრობის წესებს ისე, როგორც ტრამპი.
 ან ვისაუბროთ ტრამპის მცდელობებზე შეაფერხოს ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის, კომპანია „ჰუავეის“ (Huawei) საქმიანობა. ჯერჯერობით, ძალიან ცოტა ქვეყანამ თუ მიიღო აშშ-ს აკრძალვა, მაგრამ თითქმის ყველა აღნიშნავს, რომ თუ ისინი გააგრძელებენ მნიშვნელოვან ამერიკულ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულებას, ვაშინგტონს შეუძლია მოულოდნელად მათთვის გამანადგურებელი დარტყმის მიყენება. შედეგად მათ უჩნდებათ უფრო ძლიერი სწრაფვა ტექნოლოგიური დამოუკიდებლობისკენ და ამერიკული კომპანიების მიტოვების სურვილი.
შეერთებულ შტატებს კვლავინდებურად უკავია უნიკალური მდგომარეობა მსოფლიოში. მაგრამ აშკარაა, რომ ჩვენ თანდათან აღმოვჩნდებით იმ ეპოქაში, როდესაც მოთამაშეთა უფრო მეტი რიცხვი უფრო დიდი რაოდენობით მიიღებს ძალაუფლებას. 20 წლის წინ ჩინეთზე მოდიოდა მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 3%; დღეს მისი წილი 15%-ს შეადგენს და უფრო იზრდება. ასეთ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ვაშინგტონმა იმოქმედოს თავშეკავებით, გამოიყენოს საერთაშორისო ინსტიტუტები და შეეცადოს მიაღწიოს კონსენსუსს. როგორც ჟურნალ „ფორინ ეფეირსის“ ბოლო ნომერში დავწერე: „ლიბერალური ჰეგემონიის გაფართოების წესი მარტივი ჩანს: იყავი უფრო ლიბერალური და ნაკლებად გააცხადე საკუთარი თავის, როგორც  ჰეგემონის შესახებ“. როგორც ჩანს, ტრამპი საპირისპიროდ  აპირებს მოქმედებას.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია იღებს ზომებს ზოგიერთი მოკლევადიანი სარგებელის მისაღწევად სხვა ქვეყნებთან შეზღუდული გარიგების გზით. მაგრამ, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისას, ის საფრთხეს უქმნის საერთაშორისო სისტემის სტრუქტურას, რომელშიც აშშ–ს ძლიერება ასე ღრმად არის ჩასმული. ეს ცუდი გარიგებაა, რომლის  საზღაურს ყველა ამერიკელი გადაიხდის უახლოეს ათწლეულებში.











































































https://thechalkboardmag.com/dioxane-chemical-toxic-timeout-made-safe

https://www.medicalmedium.com/blog/healing-from-allergies?fbclid=IwAR3OjXllPBm4Zt0z8irivT80dOzRmEH-2lkl25ioa2f-I3WjrNQym5OW1lg

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised