მიუხედავად ამისა, 1929 წელს მოსკოვში მე მაცნობეს,
რომ რელიგიური სექტები ერთადერთი კარგად ორგანიზებულ კონტრრევოლუციურ ჯგუფებს
წარმოადგენდნენ. რელიგიური სექტების დამოკიდებულება მათი წევრების სქესობრივი
ცხოვრების და საზოგადოების სექსუალური სტრუქტურის მიმართ საბჭოთა კავშირში გამოყენებული
არ იყო, არც თეორიული და არც პრაქტიკული თვალსაზრისით. ამ დაუდევრობამ გამოიწვია სერიოზული შედეგი.
ამრიგად, არასწორად უნდა მივიჩნიოთ იმის მტკიცება,
რომ ეკლესია საბჭოთა რუსეთში „განადგურებული“იყო. ადამიანს აქვს უფლება აღიაროს
რელიგია, რომელიც მან აირჩია. ეკლესიამ მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური ჰეგემონია დაკარგა.
მან დაკარგა უფლება აიძულოს ურწმუნოები ირწმუნონ ღმერთი. მეცნიერებამ და ათეიზმმა
საბოლოოდ მიიღეს იგივე სოციალური უფლებები, რაც მისტიციზმმა. კლერიკალურ იერარქიებს
აღარ ჰქონდათ უფლება გადაეწყვიტათ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა წარმომადგენელთა
განდევნის და გადასახლების საკითხი. ეს
არის და ეს. თუმცა, ეკლესია უკმაყოფილო დარჩა, მაგრამ სექსუალური რევოლუციის მარცხის
შემდეგ (რომელიც დაიწყო 1934 წელს) მან ბევრი ადამიანი დააბრუნა თავის წიაღში.
ეკლესიის
ძალაუფლებისთვის ძირის გამოთხრა მისი უშუალო გავლენის სფეროს მიღმა მხოლოდ იმას მანიშნებელია,
რომ ბოლო მოეღო მის ყველაზე დამღუპველ მცდელობას. მაგრამ ამ ზომებმა ვერ შეარყიეს მისი იდეოლოგიური
ძლევამოსილება,
რომელიც ეყრდნობა ჩვეულებრივი პიროვნების ფსიქოლოგიური სტრუქტურისთვის
დამახასიათებელ თანაგრძნობასა და ცრურწმენას. ამიტომ საბჭოეთმა დაიწყო სამეცნიერო-საგანმანათლებლო
საქმიანობა. მაგრამ სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობა და რელიგიის მხილება ერთმანეთის
გვერდით აყენებენ ინტელექტის ძლიერ ძალას და რელიგიურ გრძნობებს, აძლევს მათ
საშუალებას ბრძოლა წარმართონ პიროვნების ფარგლებში. ეს ბრძოლა მხოლოდ მაშინ მთავრდება
მეცნიერების სასარგებლოდ, როდესაც მამაკაცი და ქალი უკვე იწყებს განვითარებას სხვა
საფუძველზე. მაგრამ
ასეთ შემთხვევებშიც კი ბრძოლა ხშირად მთავრდება არახელსაყრელი შედეგით, და მტკიცე მატერიალისტები აღიარებენ
რელიგიური რწმენის სიმართლეს, ანუ თავად იწყებენ ლოცვას. ამის საფუძველზე რელიგიის
გონიერი ქომაგი ამტკიცებს, რომ მატერიალისტების სარწმუნოებისკენ მოქცევის ხშირი
შემთხვევები მოწმობენ რელიგიური გრძნობების მარადიულობასა და აღმოუფხვრელობაზე. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის არ არის მართალი,
რადგან ასეთი შემთხვევები მხოლოდ იმის დამადასტურებელია, რომ ინტელექტის ძალების დაპირისპირება
რელიგიური გრძნობების წინააღმდეგ არ ეხება მათ წყაროებს.
აქედან გამომდინარე სრულიად
სამართლიანად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მისტიკური რწმენის საყრდენი იქნება მთლიანად
განადგურებული, თუ ეკლესიის სოციალური ჰეგემონიის ლიკვიდაციისა და ინტელექტის
ძალთა დაპირისპირებით მისტიკურ რწმენის წინააღმდეგ, პირველ რიგში, გაცნობიერებული იქნება
და თავისუფლება მიეცემა ის გრძნობებს, რომლებიც ასაზრდოებენ ამ რწმენას. კლინიკური
გამოცდილება უდაოდ ადასტურებს, რომ რელიგიური რწმენა მომდინარეობს დაოკებული სექსუალურობიდან,
ამასთან მისტიკური აგზნების წყაროს ძებნა უნდა მოხდეს დაოკებულ სქესობრივ აგზნებაში.
აქედან გამომდინარე, გარდაუვალია
დასკვნა, რომ სექსუალობის მკაფიოდ გაცნობიერება და სქესობრივი ცხოვრების ბუნებრივი
რეგულირება განსაზღვრავს ნებისმიერი ფორმის მისტიციზმის ბედს. სხვა სიტყვებით რომ
ვთქვათ, ბუნებრივი სექსუალობა მისტიკური რელიგიის მთავარი მტერია. ამ თვალსაზრისის
სამართლიანობა დასტურდება იმით, რომ ეკლესია ყველგან ეწევა ანტისექსუალურ ბრძოლას,
საფუძვლად უდევს მის დოგმებს და გამოჰყავს თავისი მასობრივი პროპაგანდის წინა
ხაზზე.
აღსანიშნავია,
რომ მე მხოლოდ ვცდილობ ძალიან რთული მოვლენების მარტივ ფორმულაში გადაყვანას, როცა
ვამტკიცებ, რომ სექსუალობის გაცნობიერება ნიშნავს მისტიციზმის დასასრულს. ჩვენც
მალე დავრწმუნდებით, რომ, მიუხედავად ფორმულის სიმარტივისა, მისი რეალური საფუძველი
და პრაქტიკული განხორციელების პირობები უკიდურესად რთულია, და ცრურწმენის თავსატეხ
მექანიზმებთან წარმატებული ბრძოლისთვის ჩვენ დაგვჭირდება მთელი ჩვენი სამეცნიერო
აპარატი და ღრმა რწმენა ასეთი ბრძოლის აუცილებლობაში. მაგრამ საბოლოო შედეგი ყველა
ჩვენ ძალისხმევას აანაზღაურებს.
სირთულეების ზუსტი შეფასების მისაღებად, რომელიც
შეიძლება შეიქმნას ამ მარტივი ფორმულის პრაქტიკული განხორციელების დროს, აუცილებლად
უნდა იქნას გათვალისწინებული იმ პირების ფსიქოლოგიური სტრუქტურის თავისებურებები,
რომლებიც აღიზარდენ სექსუალური დათრგუნვის პირობებში. ჩემი მტკიცება ძალაში რჩება,
მიუხედავად იმისა, რომ კულტურულ ორგანიზაციათა მთელმა რიგმა დასავლეთ გერმანიის, უმეტესად
კათოლიკურ ნაწილში, უარი თქვა სექსუალური ენერგიტიკის გამოყენებაზე მისტიკური
რწმენის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან ეს მოწმობს მხოლოდ იმ ადამიანთა
შიშზე სექსუალობის და სექსუალურ-ენერგეტიკული გამოუცდელობის წინაშე, ვინც ეს ბრძოლა
დაიწყო. უფრო მეტიც, ამგვარი უარი
მოწმობს შეუპოვრობის
და რთულ სიტუაციასთან მორგების მზადყოფნის ნაკლებობაზე, რათა გაიგოს და დაეუფლოს მას. თუ მე ვეტყვი სექსუალურად არ შემდგარ ქრისტიან ქალს, რომ მის ტანჯვას
სექსუალური
ხასიათი აქვს და ამ ტანჯვის შემსუბუქებას შეძლებს
მხოლოდ
სექსუალური
ბედნიერების
წყალობით, იგი, რა თქმა უნდა, გამომაგდებს და მართალიც
იქნება. აქ ჩვენ წინაშეა
ორი სირთულე:
1. ყველა ადამიანს წინააღმდეგობობრივი ხასიათი აქვს, რომელსაც სჭირდება ინდივიდუალური გააზრება. 2. აღნიშნული პრობლემების
პრაქტიკული
ასპექტების
ვარირება ხდება ადგილისა
და ქვეყნის მიხედვით,
და ამიტომ განსაზღვრავს მისი გადაწყვეტის გზას. რა
თქმა უნდა, სქესობრივ-ენერგეტიკული გამოცდილების დაგროვებასთან ერთად ჩვენ ადვილად შევძლებთ ამ დაბრკოლებების
გადალახვას. მიუხედავად ამისა, სირთულეების გადალახვა შეიძლება მხოლოდ პრაქტიკული
გზით. სანამ წინ წავიწევთ, უნდა შევთანხმდეთ ჩვენი ძირითადი ფორმულის კორექტულობაზე
და გამოვავლინოთ ამ სირთულეთა ჭეშმარიტი ბუნება. რადგან მისტიციზმი მართავდა კაცობრიობას
მრავალი ათასწლეულის განმავლობაში, ჩვენ მინიმუმ არ შეგვიძლია მისი სათანადოდ არ
შეფასება, ჩვენთვის აუცილებელია სწორად ჩავწვდეთ მის არსს. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ,
რომ ჩვენ უფრო ჭკვიანი და ფაქიზები ვართ,
ვიდრე მისტიციზმის მიმდევრები.
მასობრივი ფსიქოგიგიენის ძირითადი პრინციპების რეალიზაციის
განსაზღვრა შეიძლება მისტიციზმის დამკვიდრების ბიოფსიქიკური მექანიზმის ანალიზის
საფუძველზე. ამასთან ერთად, აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული იმ ცვლილებების
არსებითი მნიშვნელობა, რომლებიც ხდება მისტიკოსის სტრუქტურაში და ვლინდება ხასიათობრივი
ფსიქოანალიზის პროცესში. თუმცა ამგვარი ფსიქოანალიზის საფუძველზე გაკეთებული
აღმოჩენები არ გამოიყენება მასებთან მიმართებაში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი
გვაძლევენ საშუალებას გავიგოთ ჩვეულებრივი ინდივიდის ხასიათის სტრუქტურაში
არსებული წინააღმდეგობები და დაპირისპირებული ძალები.
მე
უკვე აღვწერე მისტიკური იდეებისა და გრძნობების დამკვიდრების პროცესი პიროვნების
სტრუქტურაში. ახლა განვიხილოთ მისტიციზმის აღმოფხვრის პროცესის ძირითადი თავისებურებები.
როგორც მოსალოდნელი იყო, მისტიკური განწყობა ძლიერ
წინააღმდეგობას უწევს არაცნობიერი ფსიქიკური ცხოვრების გამოვლენის მცდელობას,
განსაკუთრებით შეცვლილ გენიტალურობას. აღსანიშნავია, რომ მისტიციზმი ცდილობს
თავიდან აიცილოს ბუნებრივი გენიტალური იმპულსების გამოვლინება, განსაკუთრებულ
ყურადღებას ამახვილებს ბავშვთა მასტურბაციის გამოვლინებაზე. უფრო მეტიც, ის ცდილობს
დაბლოკოს ბავშვური იმპულსები გენიტალურობის სტადიამდე. პაციენტი შეუპოვრად იცავს
თავის ასკეტურ, მორალურ და მისტიკურ რწმენას და კიდევ უფრო ამძაფრებს ფილოსოფიურად
გადაულახავ წინააღმდეგობას „მორალური ელემენტისა“ და „ცხოველურ ელემენტს“ შორის
(ანუ ბუნებრივი სექსუალობით). ის თავს იცავს თავისი გენიტალური სექსუალობისგან,
ამცირებს მის მორალურ მნიშვნელობას. ის სხვებს ადანაშაულებს იმაში, რომ მათ არაფერი
არ გაეგებათ „სულიერ ღირებულებებში“, „უხეშობაში, ვულგარულობასა და
მატერიალიზმში“. ყველაფერი ეს ძალიან ნაცნობია მათთვის, ვისთვისაც ცნობილია
მისტიკოსებისა და ფაშისტების მიერ პოლიტიკურ დისკუსიებში გამოყენებული არგუმენტები,
და არგუმენტები, რომლებიც მოჰყავთ ფსიქოანალიტიკოსებსა და „მეცნიერებს“
საბუნებისმეტყველო დისკუსიებში. აღსანიშნავია, რომ სექსუალური ცვლილების ელემენტის
შესუსტების შემთხვევაში ხდება მორალური დაცვის და ღვთის წინაშე შიშის გაძლიერება.
ინტელექტუალური გაგება და სექსუალური
კმაყოფილება, როგორც წესი, იმარჯვებს მაშინ, როდესაც შეძლებს თავის დაღწევას
შიშისგან მასტურბაციის წინაშე, და ამის შედეგად გენიტალურობა მოითხოვოს
დაკმაყოფილებას. მისტიკური განწყობა ქრება იმდენად, რამდენადაც ქრება შიში
სექსუალობის და მშობლების ადრინდელი აკრძალვის გამო სექსუალობაზე.
რა მოხდა? ადრე პაციენტი მიმართავდა მისტიციზმს, რათა მოეთოკა
თავისი სექსუალური სურვილები. პაციენტის ეგოში შიშის ღრმა დამკვიდრება და მისი სექსუალობის
გაუცხოების მაღალი ხარისხი არ აძლევს მას საშუალებას კონტროლი დააწესოს ბუნების
ძალებზე. და რაც უფრო მეტად ეწინააღმდეგება თავის სექსუალობას, მით უფრო დაჟინებით
მოითხოვენ დაკმაყოფილებას მისი სურვილები. აქედან გამომდინარეობს მორალური და
მისტიკური აკრძალვის უფრო მკაცი გამოყენების აუცილებლობა. მკურნალობის პროცესში ძლიერდება
ეგოს პოზიცია და ასუსტებს მშობლებისა და მასწავლებლებისგან დამოკიდებულებას.
პაციენტმა აღიარა გენიტალურობის
ბუნებრიობა და ისწავლა ინფანტილურის და ინსტინქტებისთვის უსარგებლოს გარჩევა იმისგან,
რაც არ შეესაბამება ცხოვრების მოთხოვნებს. ახალგაზრდა ქრისტიანი მალევე მიხვდება,
რომ მისი ექსგიბიციონისტური და გაუკუღმართებული მიდრეკილებები უკავშირდება სექსუალობის
ადრეული ინფანტილური ფორმების რეგრესიას და გენიტალური სექსუალობის შეკავებას.
გარდა ამისა, იგი მიხვდება, რომ მისი ქალთან კავშირის დამყარების სურვილი შეესაბამება
მის ასაკს და ბუნებას და საჭიროებს დაკმაყოფილებას. შემდეგ იგი კარგავს
მხარდაჭერის აუცილებლობას ყოვლისშემძლე ღმერთისგან. მას არც მორალური აკრძალვა არ სჭირდება.
ხასიათობრივი ანალიზი ათავისუფლებს
პაციენტს მამის ავტორიტეტსა და სუროგატებზე ინფანტილური და მონური მორჩილებისგან. ეგოს
განმტკიცება იწვევს ღმერთისადმი ინფანტილური ერთგულების განადგურებას, რომელიც
წარმოადგენს მამისადმი ინფანტილური სიყვარულის გაგრძელებას. ამ ერთგულებას ძალა
ეცლება. და თუ შემდეგ ვეგეტოთერაპია საშუალებას მისცემს პაციენტს დაიწყოს
სიყვარულით სავსე ახალი ცხოვრება, მაშინ მისტიციზმი დაკარგავს ბოლო თავშესაფარს.
განსაკუთრებით რთულია მუშაობა მღვდელმსახურ
პაციენტებთან, რადგან შეუძლებელი ხდება მათი შემდგომი პროფესიური საქმიანობა,
რომლის ფიზიკური შედეგები მათ იგრძნეს საკუთარ სხეულზე. ბევრ მათგანისთვის
ერთადერთი გამოსავალია სამღვდელო საქმიანობის დატოვება და პედაგოგიურ საქმიანობაში
ან რელიგიურ კვლევებში ჩართვა.
ფსიქოანალიტიკოსი, რომელიც ვერ ხვდება მის პაციენტებში
გენიტალური დარღვევების
არსებობის შესახებ, ვერ დაადასტურებს ასეთი პროცესების არსებობას მისტიკოსის
სტრუქტურაში. გენიტალური დარღვევების პროცესები ვერ პოულობენ ურთიერთგაგებას
ფსიქოანალიტიკოსებსა და მოძღვრებში, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ფსიქოანალიზის ლოტი შეიძლება
ჩაეფლოს არაცნობიერში ეთიკის მიერ დაშვებულ ფარგლებში. ჩვენ არ გვინდა საქმე გვქონდეს
„აპოლიტიკურ“, „ობიექტურ“ მეცნიერებასთან, რომელიც არა მხოლოდ ებრძვის სექსუალური
ენერგეტიკის რევოლუციურ დასკვნებს და მიიჩნევს მათ „პოლიტიკურად“, არამედ
რეკომენდაციას აძლევს დედებს აღკვეთონ ერექციის გამოვლინებები პატარა ბიჭებში და
ჩაუტარონ მათ სუნთქვის შეკვრის ვარჯიშები. ასეთ შემთხვევაში პრობლემა იმ პროცესშია, რომელიც
საშუალებას აძლევს ექიმს დაეთანხმოს ასეთი მსჯელობის ლოგიკას და გახდეს მოძღვარი,
რაც არ ამართლებს მას პოლიტიკური რეაქციის თვალში. იგი იქცევა ისევე, როგორც პარლამენტის
წევრები სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, რომლებიც ენთუზიაზმით ასრულებდნენ
გერმანიის ეროვნულ ჰიმნს პარლამენტის ბოლო სხდომაზე და, მიუხედავად ამისა, თავისი
კარიერა დაასრულეს საკონცენტრაციო ბანაკებში, როგორც „სოციალისტებმა“.
ჩვენ არ განვიხილავთ ღმერთის არსებობის ან
არარსებობის პრობლემას. ჩვენ მხოლოდ ვცდილობთ აღმოვფხვრათ სექსუალური დათრგუნვა და ინფანტილური სიყვარული მშობლების მიმართ. მისტიკურობის
განადგურება არ შედის ფსიქოთერაპიული პროცესის ამოცანებში. მისტიკურობა
განიხილება, როგორც ნებისმიერი სხვა ფსიქოლოგიურ რეალობა, რომელიც უზრუნველყოფს
სექსუალურის განდევნას
და ძირს უთხრის პიროვნების ბუნებრივ ძალებს. ამრიგად, სექსუალურ-ენერგეტიკული
მიდგომა არ მდგომარეობს მატერიალისტური“, „ანტი-რელიგიური“ პოზიციებისა და
მისტიკური მსოფლმხედველობის დაპირისპირებაში, რადგან ასეთი დაპირისპირება არ
იწვევს რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებს ბიოპათიურ სტრუქტურაში.
ეს პროცესი, ალბათ, მდგომარეობს
მისტიკური განწყობის, როგორც ანტისექსუალური ძალის მხილებაში მისი მასაზრდოებელი
ენერგიის გამოყენებით სხვა მიზნებისთვის. ადამიანი გადაჭარბებული ზნეობრივი იდეოლოგიით,
რომელსაც რეალურად აქვს დამახინჯებულ-ნევროტული ხასიათი, თავისუფლდება ამ
წინააღმდეგობებისგან. ამასთან, მას აღარ ახასიათებს ზნეობრივი მოძღვრებისკენ
მისწრაფება და სხვა თავისებურებები. მისი დამოკიდებულება საკუთარი სექსუალობისადმი
იცვლება, ის აღარ მიიჩნევს მას როგორც ანტისაზოგადოებრივსა და ამორალურს, ამ
სიტყვების სქესობრივ-ენერგეტიკიული მნიშვნელობით. არაადეკვატურ მოტორულ-მისტიკურ
შეკავებას ანაცვლებს სქესობრივი მოთხოვნილებების სექსუალურ-ენერგეტიკული
რეგულირება.
ამიტომ მისტიციზმი თავისებურად მართალია, როდესაც
საკუთარი გადარჩენისა და პიროვნების სტრუქტურაში აღორძინებისთვის ის იკავებს ასეთ
მტკიცე პოზიციას სექსუალობასთან დაკავშირებით. თავისი პოზიციების დასასაბუთებლად
მისტიციზმი შეცდომას უშვებს თავის ერთ-ერთ წინაპირობაში: მისი „მორალი“ აყალიბებს
მგრძნობიარობას, რომლის დაძლევას აუცილებლად უნდა მოხდეს მორალურ საფუძველზე. ამ „მორალის“ განადგურება ამორალობის განადგურების
წინაპირობაა, რომლის აღმოფხვრას ამაოდ ცდილობს მისტიციზმი. ამაშია ყველა ფორმის
მორალისა და მისტიციზმის ტრაგედია. სექსუალურ-ენერგეტიკული პროცესების გამომჟღავნება,
რომლების ასაზრდოებენ რელიგიურ მისტიციზმს, აუცილებლად იწვევს მისტიციზმის
განადგურებას მიუხედავად მისტიკოსების ძალისხმევისა დამალონ ასეთი პროცესების არსი.
სექსუალური ცნობიერება და მისტიკური განწყობა
ერთად ვერ იარსებებენ. ბუნებრივი სექსუალობა და მისტიკური განწყობა თავისი
ენერგეტიკით იდენტურია იმდენად, რამდენადაც ბუნებრივი სექსუალობა ითრგუნება და
გადადის მისტიკურ აგზნებაში.
აღნიშნული სექსუალურ-ენერგეტიკული რეალობა იძლევა
რიგი დასკვნების გაკეთების საშუალებას, რომელიც გამოიყენება მასობრივ ფსიქოჰიგიენაში. ამ დასკვნებს მოგახსენებთ მას შემდეგ, როდესაც
პასუხს გავცემთ რამდენიმე აშკარა საწინააღმდეგო აზრს.