воскресенье, 20 декабря 2015 г.

როდესაც ჰომოფობია იმარჯვებს, ყველა ქალი წაგებულია -სიუზან ფარი - ამერიკელი მკვლევარი სამოქალაქო უფლებების, პოლიტიკის და სოციოლოგიის დარგში. არკანზასში დაარსა Women's Project (ქალთა პროექტი). 1988 წელს გამოვიდა მისი წიგნი „ჰომოფობია: სექსიზმის იარაღი“.

როდესაც ჰომოფობია იმარჯვებს, ყველა ქალი წაგებულია
სიუზან ფარი - ამერიკელი მკვლევარი სამოქალაქო უფლებების, პოლიტიკის და სოციოლოგიის დარგში. არკანზასში დაარსა Women's Project (ქალთა პროექტი). 1988 წელს გამოვიდა მისი წიგნი „ჰომოფობია: სექსიზმის იარაღი“.  

როგორ გავლენას ახდენს ჰომოფობია ქალთა მოძრაობაზე,
პირველ რიგში, ლესბოსელებზე


           ჰომოფობია ყველა ქალს აყენებს ზიანს, რადგან აკონტროლებს მათ ცხოვრებას შიშით და უზღუდავს მცდელობას სოციალური ცვლილებების მიღწევისა. მაგრამ ლესბოსელები უფრო მეტად იტანჯებიან, რადგან ჩვენ სექსიზმის/ჰომოფობიის ორმაგი მსხვერპლი ვართ: მამაკაცთა და ჰეტეროსექსუალ ქალთა, მათ შორის ფემინისტთა და პროგრესულ ქალთა, მხრიდან. ქალს, რომელიც არღვევს პატრიარქატის მთავარ წესებს და საფრთხეს უქმნის ავტორიტეტებს, საშიშროება და სიძულვილი ელოდება მამაკაცთა და იმ ქალთა მხრიდან, რომლებიც მამაკაცებს აღიქვამენ საკუთარი ძალაუფლების წყაროდ. მაგრამ მაინც იმედი აქვთ, რომ მათ ჰეტეროსექსუალური ქალები გაუგებენ, რომლებიც მამაკაცთა ძალაუფლების დომინირების წინააღმდეგ იბრძვიან.
        სწორედ ამიტომ, როდესაც დაიწყო ქალთა განმათავისუფლებელი მოძრაობის მეორე ტალღა, ლესბოსელებმა ჩათვალეს, რომ ბოლოს და ბოლოს, გაჩნდა სივრცე, რომელშიც ჩვენ შეიძლება ვიყოთ ის, რაც ვართ, სივრცე, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ სახლი ქალთა შორის და ეს ქალები აღვიქვათ როგორც დები. აქ შესაძლებელი იქნებოდა მუშაობა და ურთიერთობა, ლესბოსელად დაუფარავად არსებობა და ჰქონოდათ მიღების და მხარდაჭერის იმედი. ქალთა მოძრაობაში თუ არა, მაშინ სხვაგან სად?
            შეიძლება იმის გაგება, როგორი იმედგაცრუება და აღშფოთება განიცადეს ლესბოსელებმა, როდესაც აღმოაჩინეს, რომ მოძრაობაშიც კი, რომლის მიზანი ქალთა განთავისუფლებაა, ჩვენთვის ადგილი არ არის, რომ აქაც ჰომოფობიას ქალები შიშით ჰყავს შეპყრობილი. (ფერადკანიანი ქალები იმავე პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ, როდესაც ეგონათ, რომ ეს მოძრაობა, მინიმუმ, თავისუფალი იქნება რასიზმისგან). მიუხედავად ლესბოსელთა უზარმაზარი როლისა და ლიდერობისა ამ მოძრაობის შექმნაში, ჩვენ დღემდე გვთხოვენ პირველ ადგილზე დავაყენოთ „მოძრაობის კეთილდღეობა“ და „აფიშირება“ არ გავუკეთოთ ჩვენ სექსუალურ ორიენტაციას, არ ვისაუბროთ ჩვენი  ცხოვრების შესახებ. ბევრი ჩვენთაგანი დაემორჩილა, რადგან მიჩვეულები ვიყავით საკუთარი პირადი და პოლიტიკური მოთხოვნების მეორე ადგილზე დაყენებას, რადგან გულწრფელად გვჯეროდა, რომ საბოლოოდ, ეს მოძრაობა ყველა ჩვენგანს გაათავისუფლებდა.
         ჩვენ მივიღეთ ის, რომ ჩვენმა გახსნილობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მთელი მოძრაობის იმიჯს. ჩვენ გულუბრყვილოდ გვჯეროდა, რომ ბოლოს დადგება ქალთა თავისუფლების დრო და, რომ, რა თქმა უნდა, ეს გავრცელდება ყველა ქალზე - მოხუცსა და ახალგაზრდაზე, ებრაელებზე, ფერადკანიან ქალებზე, მდიდრებსა და ღარიბებზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებზე და მათზე, ვინც დროებით შეზღუდულია, ლესბოსელებსა და არა ლესბოსელებზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზოგიერთი  ჯგუფი უჩინარი დარჩება მოძრაობის მონაწილეების, ლიდერებისა და მიზნებისათვის. იმ დროს არავინ ფიქრობდა სუჟურნერ ტრუტის მსგავსად ეთქვა: „განა მე ქალი არ ვარ?“ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვჯეროდა ერთგვარი კონვერსიული პოლიტიკისა: რომ ერთ დანიშნულ დღეს ჩვენ ყველა შევძლებთ ღიად გამოსვლას და სოლიდარობის გამოხატვას. ჩვენი პოლიტიკა დაზარალდა, რადგან თუ ადრე იმედი არ გვქონდა, ახლა ძალიან დიდი იმედი გაგვიჩნდა.
       საუკეთესო, რის შემოთავაზებაც ჩვენთვის შეძლეს ჰეტეროსექსუალმა ფემინისტებმა, ტოლერანტობა და თანაგრძნობაა, მაგრამ არა მათთან თანასწორუფლებიანობა. მათ, პრინციპში, შეეძლოთ ლესბოსელების როგორც იდეის მიღება და თქმა: „ერთადერთი განსხვავება ჩვენს შორის იმაშია, თუ  ვისთან იყოფ სარეცელს. ეს ლოგინის საკითხია, მხოლოდ პირადი ფეტიში სექსუალური თავისუფლების დროს“. ასეთი იყო იმ დროს ფემინისტების და საზოგადოების დამოკიდებულება, რაც დიდ ზიანს აყენებდა ლესბოსელებს, რადგან ლესბოსელს მიაკუთვნებდნენ სექსუალურ აქტივობას, ეს კი ხელს უწყობდა შემდეგი ნაბიჯის გადადგმას - ლესბოსელების (და გეების) დადანაშაულებას ჰომოფობიაში.
        იმის თქმა, რომ ლესბოსელობა მხოლოდ ლოგინის საკითხია, ნიშნავს მთლიანად უარი ეთქვას კონკრეტული სექსუალური იდენტობის და მისი სოციალური ექსპრესიის მქონე ადამიანებს, ჰომოფობიის რეალობის და შედეგების არაღიარებას. (ზუსტად ასევე ჩვენ უარვყოფთ რასიზმს და მის საშინელ შედეგებს, როდესაც თეთრკანიანი ქალი მიმართავს შავკანიან ქალს: „მე ყურადღებას არ ვაქცევ კანის ფერს“). თუ ეს მხოლოდ ლოგინის საკითხია (ჰომოფობიის ხსენების გარეშე), ადამიანებს შეუძლიათ ამტკიცონ, რომ სექსი პირადი საქმეა და ამიტომ ლესბოსელებმა სააშკარაოზე არ უნდა გამოიტანონ მათი სექსუალური ცხოვრება. რა საჭიროა ამის „სააშკარაოზე გამოტანა“? თუ ლესბოსელებს ეს „სააშკარაოზე გამოაქვთ“ (ისევე როგორც, ჰეტეროსექსუალებს გამოაქვთ სააშკარაოზე მათი ჰეტეროსექსუალობა), თუ საუბრობენ იმის შესახებ, თუ ვინ გვიყვარს, ვისთან ვატარებთ დროს და ცხოვრებას, ამ შემთხვევაში ჩვენ თავად „ვიწვევთ“ ჰომოფობთა შემოტევებს.
          ასეთი სისტემა ქმნის გარემოს, რომელშიც თავად ჰომოსექსუალებს ადანაშაულებენ ჰეტეროსექსიზმში. ჰეტეროსექსიზმი ნიშნავს, რომ არსებობს მხოლოდ ერთი ე.წ. ნორმა - ჰეტეროსექსუალობა. ჰეტეროსექსიზმს მხარს უჭერენ სხვადასხვა ინსტიტუტები, როგორიცაა საქორწინო კანონმდებლობა, რათა უზრუნველყოს თავისი დომინირება საზოგადოებაში. ის ჰომოფობიის ინსტიტუციონალური მხარდამჭერია. ისინი, ვინც ამ ინსტიტუტებს ქმნიან, გულისხმობენ, რომ, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი ჰეტეროსექსუალურია, და თუ არა, მაშინ „არანორმალურები“  და ნორმიდან გადახრილები არიან. აქედან გამომდინარე, ჰეტეროსექსუალებს საშუალება ეძლევათ საჯაროდ გამოხატონ თავისი სექსუალური ორიენტაცია, გამოავლინონ პარტნიორის მიმართ გრძნობები, ისაუბრონ მათი ოჯახების და სოციალური ცხოვრების შესახებ, არ დამალონ მეგობართა წრე, საქმიანობა და ა.შ. ამავე დროს, თუ ჰომოსექსუალები იგივეს გააკეთებენ, მათ ბრალად დადებენ, რომ სააშკაროაოზე გამოაქვთ თავისი არანორმალურობა. ამ შემთხვევაში, ჩვენ თვითონ ვუქმნით საფრთხეს საკუთარ თავს, ჩვენს ოჯახებს და მეგობრებს, ასევე იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ჩვენ დასაქმების საშუალებას გვაძლევენ.
       ამრიგად, ჰომოფობიის მსხვერპლს ადანაშაულებენ იმაში, რომ მან თავად დაატეხა საკუთარ თავს ჰომოფობია. (თეთრკანიანები მსგავს ლოგიკას იყენებენ ფერადკანიანებთან მიმართებაში: „ჩვენ არასოდეს გვქონია პრობლემა რასიზმთან დაკავშირებით, სანამ თქვენ არ ჩამოხვედით“). მსხვერპლის დადანაშაულება  ნებისმიერი ზეწოლის აუცილებელი ნაწილია. მსხვერპლის დადანაშაულებას საფუძვლად აქვს იდეა, რომ ლესბოსელებმა უბრალოდ აირჩიეს გაუკუღმართებული სექსუალური ქცევა,  და ეს იდეა უარყოფს სექსუალური იდენტობის მნიშვნელობას.
        იმის თქმა, რომ ლესბოსელის არსებობა გაიგივებულია საწოლში ურთიერთობებთან, ნიშნავს სექსუალური იდენტობის გაიგივებას სექსუალურ აქტიურობასთან, ცხოვრების ყველა დანარჩენი ასპექტის და ქცევის იგნორირებას, რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული სექსუალურ იდენტობასთან. როგორია, მაგალითად, მრავალ ჰეტეროსექსუალთა და ჰომოსექსუალთა სექსუალური იდენტობა, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ სექსუალური კავშირი?
       ასეთმა კითხვამ გაიჟღერა ფილ დონახიუს ინტერვიუში რედაქტორებთან წიგნისა „ლესბოსელი მონაზვნები“. როგორც მახსოვს, მათ განმარტეს, რომ წიგნის გამოცემა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რათა დარღვეულიყო დუმილი მონაზონთა და ყოფილი მონაზონთა შესახებ, რომლებიც ლესბოსელები არიან და ამიტომ თავს იზოლაციაში გრძნობენ და დანაშაულის გრძნობას განიცდიან. მიუხედავად ამისა, აუდიტორიას არ შეეძლო არ დაენახა წიგნის გამოცემის სხვა მიზეზი, რომელიც ემსახურებოდა კათოლიკური ეკლესიის დისკრედიტაციას. ისინი საერთოდ არ იყვნენ ამით გახარებული. მათ შიშს ჰგვრიდა, რომ მონასტერში შეიძლება ლესბოსელებს ეცხოვრათ, ამიტომ ისინი ეკითხებოდნენ რედაქტორებს, ხომ არ ხედავდნენ ისინი ამაში მონაზვნების მიერ მიცემული პირობის დარღვევას, რაც ცოდვის ჩადენის ტოლფასია. რედაქტორებმა უარყოფითი პასუხი გასცეს, რადგან თვლიდნენ, რომ მონაზონთა უმრავლესობა ცელიბატს ინარჩუნებდა. აუდიტორიიდან ერთი ქალი ადგა და იკითხა: „რაღაც არ მესმის. თუ თქვენ ფიქრობთ ქურდობაზე, მაგრამ არ იპარავთ, ესე იგი ქურდი არ ხართ. მაშინ როგორ შეიძლება იყო ლესბოსელი, თუ სექსი არ გაქვს?“

        რედაქტორი: „თქვენ თავს ჰეტეროსექსუალად მიიჩნევთ?“
        ქალი: „დიახ, დიახ, დიახ“.

       რედაქტორი: „სანამ მამაკაცთან სექსი გექნებოდათ, იცოდით, რომ ჰეტეროსექსუალური ხართ?“
        ქალი: “რა თქმა უნდა“.

         რედაქტორი: „ჩვენ სწორედ ამაზე ვსაუბრობთ. სექსუალურ იდენტობაზე“.

             თუ ამას მხოლოდ სექსუალური აქტივობის საკითხად ჩავთვლით, ჰომოფობებს შეუძლიათ განაცხადონ, რომ ლესბოსელებმა მამაკაცების ნაცვლად ქალებთან სექსი ახირების, ან, შესაძლოა, უზნეობის გამო აირჩიეს. დამოკიდებულება ისეთია, რომ ლესბოსელებს შეუძლიათ ამ ცუდზე საქმეზე უარის თქმა, თუ გადაწყვეტენ რომ გახდნენ კარგები: ყველა ადამიანს გააჩნია სექსში დისციპლინიანობის გამოვლენის უნარი. მაგრამ რა ვუყოთ დანარჩენს, რაც სექსუალურ იდენტობასთანაა დაკავშირებული? ფიზიკურ და ემოციურ ინტიმურ ურთიერთობას სხვა ადამიანებთან, სოციალურ ურთიერთქმედებას, სახლს და ოჯახს, ზოგადსაკაცობრიო სურვილს  თავიდან აიცილოს მარტოობა? რომელი ჩვენთაგანი ისურვებს უარი თქვას ყველაფერ ამაზე? მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი უნდა ითვლებოდეს ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებად. თუ ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, ვიყოთ ის, ვინც ვართ, თუ ჩვენ არ გვაქვს ჩვენი ძირითადი იდენტობის უფლება, უფლება ვეძებოთ ურთიერთობა სხვა ადამიანებთან, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს ყველა დანარჩენ უფლებას?
      ლესბოსელობა როგორც სექსუალური აქტივობა იწვევს ისეთ აღქმას, რომ ადამიანები ფიქრობენ მხოლოდ სექსის შესახებ, თუ ერთად დაინახავენ ორ ლესბოსელს  ან ლესბოსელ და ჰეტეროსექსუალ ქალს. თუ ორი ლესბოსელი ქუჩაში ერთად მიდის და იცინის, ჰომოფობი გამვლელი ფიქრობს, რომ ისინი სადღაც მიდიან სექსუალური ურთიერთობის დასამყარებლად ან ახლა ჰქონდათ სადღაც სექსუალური ურთიერთობა. თუ ლესბოსელი იწვევს ჰეტეროსექსუალ ქალს ვახშამზე, სასეირნოდ ან კინოთეატრში, ჰომოფობის რეაქცია შემდეგია: რა თქმა უნდა, მას სექსის იმედი აქვს. ჰომოფობურ შეხედულებას არ შეუძლია დაინახოს არც მეგობრობა, არც ემოციური სიახლოვე, არც საქმიანი ურთიერთობები, არც ჩვეულებრივი საუბარი ორ ადამიანს შორის. ის ასრულებს თავის ძირითად ფუნქციას – შეზღუდოს და გაანადგუროს.
           როდესაც ლესბოსელის ცხოვრება სექსუალურ აქტივობას ექვემდებარება, ბევრი ჰეტეროსექსუალი ქალი, როგორც სექსიზმის მსხვერპლი, ერთ და იგივე შეცდომას უშვებს: მათ მიაჩნიათ, რომ თუ ლესბოსელებს იზიდავენ ქალები, ისინი ქალებზე ფიქრობენ და ქალების მიმართ იქცევიან, როგორც მამაკაცები. ეს იწვევს უცნაურ, წინააღმდეგობრივ და საზიანო დამოკიდებულებას: ლესბოსელებს ერთდროულად სძულთ მამაკაცი და, ამავე დროს, უნდათ მამაკაცურად იქცეოდნენ.
         სტერეოტიპი შექმნილია; ლესბოსელები მამაკაცურები არიან, მოკლედ იჭრიან თმას და მამაკაცის ტანსაცმელს ატარებენ. ისინი აგრესიულები არიან, ეძებენ არატრადიციულ სამსახურს და ცდილობენ ჰეტეროსექსუალ ქალებთან სექსუალური კავშირის დამყარებას. როგორც ნებისმიერი სტერეოტიპის შემთხვევაში, ჯგუფში ყოველთვის შეიძლება რამდენიმე ადამიანის მოძებნა, რომლებიც მათ შეესაბამებიან. მაგრამ, როგორც ნებისმიერი სტერეოტიპის შემთხვევაში, მათ ყურადღების მიღმა რჩებათ მირიადი განსხვავება ლესბოსელებს შორის, ისევე როგორც მრავალი განსხვავება ჰეტეროსექსუალ ქალთა გარეგნობასა და ქცევაში. მაგრამ სტერეოტიპები ნებისმიერი  ზეწოლის შენარჩუნების ყველაზე პოპულარული ინსტრუმენტია, რომელიც კულტურის ფარგლებში მუშაობს, რათა შეზღუდოს და თავის ჩარჩოებში მოაქციოს. სწორედ ამიტომ ბევრი ჰეტეროსექსუალი ქალი დარწმუნებულია, რომ ლესბოსელები აღიქვამენ მათ, როგორც სექსუალურ ობიექტს, როგორც ხშირად იქცევიან მამაკაცები.
        ჰომოფობიის სემინარების დროს მე ვეკითხები ქალებს, რატომ ეშინიათ მათ ლესბოსელების, და ისინი ხშირად მპასუხოებენ: „მეშინია, რომ ისინი სექსუალურად შემავიწროვებენ“. და ამას ამბობენ ჰეტეროსექსუალი ქალები, რომლებსაც ხშირად ეარშიყებიან მამაკაცები! ნუთუ მათ არ შეუძლიათ სიმხნევე მოიკრიბონ და უთხრან ქალს: „მე არ მაინტერესებს შენთან სექსუალური ურთიერთობა“?  როდესაც ამის შესახებ მათთან ვსაუბრობ, ისინი აცნობიერებენ, რამდენად ღრმა და ამავე დროს ირაციონალურია მათი შიში. როგორც წესი, ერთ ან ორ ქალს შეუძლია იმის თქმა, რომ მათ ჰქონდათ სექსუალური ხასიათის მინიშნება ორი ქალის მხრიდან, მაგრამ ყველა მათგანს, გამონაკლისის გარეშე, ჰქონდათ არასასურველი სექსუალური ხასიათის მინიშნება მამაკაცთა მხრიდან.
        რამდენიმე წლის წინ არკანზასის შტატში წარმოადგინეს კანონპროექტი გეებისა და ლესბოსელთა ჯგუფებისთვის სახელმწიფო დაფინანსებაზე უარის და ყველა აქტიურ ჰომოსექსუალზე შესაბამის სახელისუფლებო ორგანოებისათვის მონაცემების წარდგენის შესახებ. საკომიტეტო მოსმენების დროს, როდესაც კანონპროექტის სპონსორს დაუსვეს კითხვა, რატომ მიაჩნია მას ეს აუცილებლად, მან უპასუხა, რომ არკანზასის უნივერსიტეტში მეცადინეობის დროს ლესბოსელი შეეცადა პაემანი დაენიშნა მისი მეგობრის ქალიშვილისთვის.  ლესბოსელთა და გეების საზოგადოების დამაჯერებელმა მტკიცებულებებმა ეს კანონპროექტი ჩააგდეს. ჩვენ რომ გვნდომებოდა სტუდენტი გოგონების დაცვა იმისგან, რომ ისინი პაემანზე არ დაეპატიჟათ მამრობითი სქესის თანაკურსელებს, მაშინ  ყველა ჩვენი კანონმდებელი და უნივერსიტეტის წარმომადგენელი მხოლოდ ამას გააკეთებდა. სტერეოტიპები მუშაობენ ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ.
            რადგან ლესბოსელობა მხოლოდ სექსუალურ აქტივობად ითვლება, არსებობს აზრი, რომ სექსის მეშვეობით შეიძლება „ვინმე აქციო ლესბოსელად“. ეს გაფრთხილებას ნიშნავს „მიმართვის“ რისკის შესახებ. ხალხს ეშინია იმის, თუ რა შეიძლება შეემთხვას მათ შვილებს ლესბოსელების და გეების თანდასწრებით. მიჩნეულია, რომ ჰომოსექსუალთა შვილები ასევე შეიძლება გახდნენ ჰომოსექსუალები მათი მშობლების სექსუალური იდენტობის გამო. ამასთან, ნაკლებად თუ დაფიქრებულა ვინმე იმაზე, რომ ლესბოსელთა და გეების უმრავლესობა აღიზარდა ჰეტეროსექსუალი მშობლების მიერ აბსოლუტურად ჰეტეროსექსუალურ გარემოში. ამავე დროს, ირაციონალურად, ხალხს ლესბოსელთა და გეების გავლენის ეშინია.
         სექსუალური იდენტობის სექსუალური აქტიურობამდე ასეთი დაკნინება იწვევს იმას, რომ ზოგიერთი ფემინისტი მიიჩნევს, რომ მათ აქვთ უფლება თქვან: „იყო ლესბოსელი – ნორმალურია. მაგრამ ამის დემონსტრირება საჭირო არ არის. რა საჭიროა ამის აქ მოტანა?“ გამოდის, რომ ჩვენ სახლიდან არ უნდა გამოვიდეთ? ფემინისტურ ორგანიზაციებში ლესბოსელებს ხშირად სთავაზობენ შემდეგ გარიგებას: ჩვენ საშუალებას მოგცემთ იმუშაოთ ტოლერანტობის ლიბერალურ გარემოში, თუ შემდეგ პირობებს შეასრულებთ:

- არ ისაუბრებთ თქვენი ოჯახური ცხოვრების შესახებ თქვენ პარტნიორთან/ საყვარელთან  ან მეგობარ ლესბოსელთან ურთიერთობის შესახებ. თუ თქვენ ერთად ყიდულობთ  სახლს, მოგზაურობთ, განიცდით დანაკარგს, აღნიშნავთ წლისთავს, იყენებთ  ერთ მანქანას, ერთად დადიხართ პროდუქტების საყიდლად, ზრდით ბავშვებს,  ჩხუბობთ, შორდებით ერთმანეთს, ამის შესახებ აქ საუბარი საჭირო არ არის.
- ნუ წაახალისებთ თქვენ პარტნიორებს ან მეგობარ ლესბოსელებს, რომ მოგაკითხონ და ერთად  გაერთოთ. ჩვენ არ გვინდა, რომ ამ ორგანიზაციას თვლიდნენ ისეთ ადგილად, სადაც ლესბოსელები ერთობიან. უთხარით მათ, რომ აქ არ დაგირეკონ. ხალხი მიხვდება, თუ რა ურთიერთობები გაქვთ  თქვენ.
- ნუ გაამჟღავნებთ, რომ ლესბოსელი ხართ. გამოიჩინეთ სიფრთხილე იმაში, თუ რას იცმევთ, როგორ სამკაულებს ატარებთ, რომელ ადგილებზე, ადამიანებზე ან მოვლენებზე საუბრობთ. მოახინეთ ასიმილაცია.

- ნუ მიიღებთ მონაწილეობას ლესბოსურ მოძრაობაში, დემონსტრაციებში, ან, უფრო უარესი, შეეცადეთ არ აღმოჩნდეთ ფოტოსა და ვიდეოზე ლესბოსური ღონისძიებებიდან. ნუ იმოქმედებთ თქვენი საზოგადოების სახელით.

- ნუ შეეცდებით ლესბოსური პრობლემების შეტანას ქალთა პრობლემებში, რომლებზეც თქვენ მუშაობთ. ქალთა უფლებები და ლესბოსელთა უფლებები განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

- არ ისაუბროთ ამ ორგანიზაციაში ჰომოფობიის შესახებ, არ იკამათოთ ადამიანებთან, არ დაარღვიოთ სიმშვიდე. არჩევანი გააკეთეთ  ქალთა საკითხებზე ჩვენთან მუშაობასა და ჰომოსექსუალებთან ლესბოსელთა საკითხებზე მუშაობას შორის.

        სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ გარიგების თანახმად, ჰეტეროსექსუალი ფემინისტები ჩუქნიან „ტოლერანტობას“ და ქალთა, როგორც ლესბოსელების, იდენტობის კერძო აღიარებას, მაგრამ საჯაროდ მათ სურთ, რომ ეს იდენტობა გაქრეს, გაუჩინარდეს რაღაც „უმაღლესი კეთილდღეობის“ გამო. ჰეტეროსექსუალ ქალებისგან განსხვავებით, ლესბოსელებს თხოვენ ფემინისტურ სამუშაო ადგილზე ახსენონ მხოლოდ ჩვენი ცხოვრების  ასექსუალური, ასოციალური ნაწილი. ჩვენ გვთხოვენ ისე მოვიქცეთ, თითქოს ჩვენ სხვა ცხოვრება არ გვაქვს სამუშაოს გარდა. ჩვენ თავის მოკატუნებას გვთხოვენ. საზოგადოებაში არსებულ ჰომოფობიასთან დაკავშირებით ქალთა განთავისუფლებისადმი ჩვენი ღრმა ერთგულების და დანაშაულის გრძნობის გამო  ჩვენ ხშირად მივდივართ ამ გარიგებაზე. ძნელია დარჩე ძლიერი, როდესაც ღიად ხდება იმის მტკიცება, რომ უბრალოდ ჩვენი არსებობა, ჩვენი ცხოვრება საფრთხეს უქმნის ორგანიზაციის არსებობას, რომელიც ძლივს ახერხებს გადარჩენას სექსისტურ სამყაროში და მუშაობს ქალთა საკეთილდღეოდ.
      ქალთა განთავისუფლებისათვის მუშაობის პრივილეგიის გამო ლესბოსელებს სთხოვენ უარი თქვან თავის ადგილზე, და პოლიტიკურ დევნილობაში გვაგზავნიან იქიდან, სადაც, თითქოს, უნდა განიხილებოდეს ჩვენი, როგორც ქალების, პრობლემები, და სადაც ჰომოფობია, როგორც სექსიზმის ძლიერი იარაღი, უნდა იდევნებოდეს: ქალთა განმათავისუფლებელი მოძრაობიდან. ეს მსხვერპლი უზარმაზარია, და ძვირად უჯდებათ ლესბოსელებს და ყველა ქალს.
         ამრიგად, ქალთა მოძრაობაში ბევრი ლესბოსელია ძლიერი წევრი და ლიდერი, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური და სოციალური იდენტობა არ არის აღიარებული, ჩვენი მუშაობის უსაფრთხოება თითქმის ყოველთვის საფრთხის ქვეშაა, ჩვენს თავზე დამოკლეს მახვილია აღმართული, რომელიც დაეშვება ლესბოსელთა დევნის პირველივე მინიშნებისას.
        რას წარმოადგენს ლესბოსელთა დევნა? ეს ჰომოფობიური თავდასხმაა როგორც ორგანიზაციის შიგნით, ასევე მის გარეთ, რომელიც გულისხმობს და აცხადებს, რომ ლესბოსელის ან  ლესბოსელთა არსებობას  ზიანი მოაქვს ან დისკრედიტაციას უკეთებს ქალთა ორგანიზაციის მუშაობას. მისი მიზანია ლესბოსელებისთვის ზიანის მიყენება და ამრიგად ყველა ქალზე კონტროლის დაწესება, აიძულონ ისინი უარი თქვან სოციალურ ცვლილებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.
       ლესბოსელთა დაშინება შეიძლება მოდიოდეს სხვადასხვა წყაროდან. ავიღოთ მაგალითისთვის თავშესაფარი ქალებისთვის, რომლებიც ძალადობის მსხვერპლი გახდნენ. ის შეიძლება შიგნიდან მომდინარეობდეს. დავუშვათ, რომ მოხალისეთა კოორდინატორი ლესბოსელია, და სამუშაო შეხვედრების დროს  ის ავლენს ძლიერ ლიდერობას და გამოდის პოლიტიკური სტრატეგიით, რომელსაც არ ეთანხმებიან სხვა თანამშრომლები ალბათ იმიტომ, რომ ეს მოითხოვს უფრო მეტ მუშაობას და  პრობლემებს შეუქმნის მათ.
       იმის ნაცვლად, რომ განიხილონ პრობლემა მის იდეებთან და ლიდერობასთან დაკავშირებით, ისინი იწყებენ  კულუარულ საუბრებს, რომ ის ლესბოსელია და თავშესაფრისთვის მოაქვს ზიანი. იმართება მშვიდი დისკუსიები რჩეულ მოხალისეებთან, რომლებსაც აწუხებთ, რომ უცოდინარობის გამო მათ ლესბოსელთან უწევდათ მუშაობა. მათი ჰომოფობია აქტიურობას იძენს, ისინი იწყებენ მისი „უჩვეულო“ ქცევის გაკონტროლებას. მოხალისეთა შორის იწყება ჭორების გავრცელება. ყურადღება ოჯახში შევიწროვებულ ქალებთან მუშაობიდან გადადის მოხალისეთა კოორდინატორზე, რომელსაც უჭირს თავის დაცვა, რადგან (1) ის რისკის ქვეშაა როგორც ლესბოსელი, რომელიც ცხოვრობს ჰომოფობიურ სამყაროში, და (2) ახლა ყველაფერს, რასაც ის აკეთებს,  მიეცემა ინტერპრეტაცია იმ ჭრილში, რომ ის ლესბოსელია, და ამიტომ მას აღიქვამენ, როგორც სექსუალურ საფრთხეს თანამშრომლებისა და ქალებისთვის, რომლებმაც თავშესაფარს მიმართეს. მას წასვლას თხოვენ ან სამსახურიდან ანთავისუფლებენ, რადგან მისი მუშაობა უკვე აღარ არის ეფექტური: დაზარალდა მოხალისეთა პროგრამა. დაზარალდა მუშაობა ოჯახში შევიწროვებული ქალების მხარდასაჭერად და ქალებზე ძალადობის შესაწყვეტად. ქალმა დაკარგა თავისი სამუშაო ადგილი სხვა ქალების გამო.
       ან ლესბოსელთა დევნა მოდის გარედან. შევჩერდეთ თავშესაფრის მაგალითზე. დევნა შეიძლება მოდიოდეს ქველმოქმედთაგან. ინსტიტუტებისა და პარტნიორებისგან სამსახურის მხრიდან, როგორებიცაა სოციალური სამსახურები, ეკლესიები, საავადმყოფოები, პოლიციის დეპარტამენტები, როგორც მომხრეებისგან, ისე მოწინააღმდეგებისგან.
       წყარო შეიძლება იყოს სხვადასხვა. ეკონომიკური ზარალი, ჩვეულებრივ, დიდ შიშს იწვევს, ასე რომ შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ეს ქველმოქმედია. თავშესაფრის დირექტორი ჩნდება ყოველწლიურ შეხვედრაზე ფონდთან „United Way“, და ფონდის თანამშრომელი, რომელიც თავშესაფარს უთანაგრძნობს,  კერძო საუბრის დროს აცნობებს მას, რომ თავშესაფარს უპირებენ დაფინანსების შეწყვეტას, რადგან გავრცელდა ჭორი, რომ მას მართავენ ლესბოსელები. (როგორც ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლის ეროვნული კოალიციის ყოფილმა დირექტორმა აღნიშნა, რატომღაც თვლიან, რომ ლესბოსელები ყოველთვის ჯგუფ–ჯგუფად დადიან). თავშესაფრის დირექტორმა დაარწმუნა, რომ ეს ასე არ არის, თვითონ ბრუნდება თავშესაფარში და მოსალოდნელი საფრთხის შესახებ თანამშრომლებს აცნობებს. ყურადღება ფოკუსირდება ლესბოსელი თანამშრომლის მუშაობაზე, და თუ მის მუშაობაში რაიმე აღმოჩნდება არაადეკვატური, მას მოუწევს სამსახურის დატოვება. მის ადგილს იკავებს გამომწვევად ჰეტეროსექსუალური ქალი.
       თუ თითოეულ ასეთ შემთხვევაში ლესბოსელი აღმოჩნდება ფერადკანიანი ქალი, საფრთხე მისთვის უფრო მაღალი იქნება, რადგან მასზე ერთდროულად განხორციელდებოდა ზეწოლა გამხდარიყო „მისაღები“ ფერადკანიანი ქალი, და თუ ის ერთადერთი ფერადკანიანი ქალია თანამშრომლებს შორის, მაშინ მისგან, პირდაპირ ან არაპირდაპირ სავარაუდოდ მოელიან, რომ ის ილაპარაკებს ყველა ფერადკანიანი ქალის სახელით. ის იმუშავებს რასიზმის, სექსიზმის და ჰომოფობიის წინაშე. თუ ის გამოხატავს აღშფოთებას ნებისმიერი ამ ფორმის ზეწოლის წინააღმდეგ, მას, რა თქმა უნდა, ჩათვლიან სიმშვიდის დამრღვევად. მას მოთხოვენ რთულ გარიგებას და დიდ მსხვერპლს.
ლესბოსელთა დევნაზე ასეთი რეაქციის მტკივნეული ირონია, როგორც ლესბოსელებისთვის, ასევე ორგანიზაციისთვის იმაშია, რომ ლესბოსელთა დევნა ამით არ მთავრდება. უკეთეს შემთხვევაში, დროებით მცირდება, ხოლო მუშაობა ოჯახში შევიწროვებულ ქალებთან და ქალთა მოძრაობა ზარალდება. და კიდევ, ერთი ქალი უმუშევარი რჩება. ამ მაგალითებში თანამშრომლებს შორის იყო ლესბოსელი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ლესბოსელთა დევნა ეფექტურია მაშინაც კი, თუ გარშემო არც ერთი ლესბოსელი არ არის. თავად ლესბოსელის დაღი იწვევს შიშს, აკონტროლებს ქალებს, იწვევს დაქვეითებას ან ცვლილებებს მათ მუშაობაში. თუმცა ხშირად ეს არ არის გაცნობიერებული, მაგრამ ჰეტეროსექსუალური ქალები დროთა განმავლობაში ასევე განიცდიან დანაკარგს, ამასთან არანაკლებს, რადგან ჩვენ ვკარგავთ საზოგადოების შეცვლის შესაძლებლობას.


                                       ასევე ჰეტეროსექსუალურ ქალებზე
        როდესაც ჰომოფობია იმარჯვებს, ყველა ქალი წაგებული რჩება. ლესბოსელთა დევნა ყოველთვის არ იღებს ასეთ აშკარა ფორმას, როდესაც ორგანიზაციას უწოდებენ „ლესბოსელთა ხროვას“. უფრო ხშირად ეს დაფარულია წინდახედული სიფრთხილით, რომ ორგანიზაციის მიზნები „ძალიან რადიკალურია“, რომ ისინი შეიძლება მიიჩნიონ ოჯახის და მამაკაცის წინააღმდეგ გამოსვლად და მამაკაცებისადმი სიძულვილად. მიჩნეულია, რომ თუ ქალი მუშაობს სხვა ქალის გამო, ეს იმის მანიშნებელია, რომ აქ ყველაფერი კარგად არ არის, რომ ისინი, ალბათ, არასრულფასოვანი და გაბოროტებული ქალები არიან და არასანდო მოქალაქეები, რომელთა შესახებ საუბრობენ ფილის შიაფლაის მსგავსი „ნამდვილი“ ქალები და რომლებმაც იციან თავისი ადგილი და ამის გამო წარმატებულნი არიან.
      სექსიზმის ტერმინებში „ნამდვილი ქალი“ მორჩილია, იგი სხვა ადამიანების საჭიროებებს საკუთარზე მაღლა აყენებს, მას ამოძრავებს ემოციები, იდუმალებით არის მოცული, სულიერი და დაბადებიდან მორალურია, მას განსაზღვრავს მისი ბიოლოგია, და მას ეს მხოლოდ ახარებს, ის არაკომპეტენტურია, დამოკიდებული, ფიზიკურად სუსტი და გონივრულად ემორჩილება უმაღლეს ძალას და მამაკაცის სიბრძნეს. სექსიზმი ასევე გულისხმობს, რომ თუ ის არ ასრულებს ყველა ამ მოთხოვნას, მას ყველაფერი კარგად არ აქვს, და დამნაშავეა, თუ არ შეესაბამება ამ იმიჯს. არლენ ბლუმი თავის წიგნში „ანაპურნა: ქალის ადგილი“ ყვება ანაპურნაზე ექსპედიციის შესახებ, რომელსაც ხელმძღვანელობდა. მთაზე ასვლამდე მამაკაცმა ინსტრუქტორმა თქვა: „ქალებს შორის არ არიან კარგი ალპინისტები. ქალები ან ცუდი ალპინისტები არიან, ან ნამდვილი ქალები არ არიან“. ზოგადად, ქალს არ შეუძლია  გასცდეს მის როლს და დარჩეს „ნამდვილ ქალად“.
       ქალთა მოძრაობა მუშაობს იმაზე, რომ შეიცვალოს ქალის განმარტება, გაათავისუფლოს მისგან, რომ მან შეძლოს იყოს ის, რაც სურს, მიუხედავად მისი სქესისა. მაგრამ, თუ ჩვენ ვიღებთ ან ვგრძნობთ, რომ დაუცველი ვართ სექსისტური განმარტების წინაშე, რომ ფემინისტი მამაკაცის მოძულეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ლესბოსელია, და ჩვენ გვინდა დავამტკიცოთ ჩვენი „ნორმალურობა“ და მისაღებობა, რა ბედი ეწევა ამ ამოცანას? რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მისაღები გავხდეთ სექსისტური სამყაროსთვის, თუ ჩვენ მისი შეცვლა გვინდა?
          საკუთარი უსაფრთხოების გამო, ჩვენ ნაწილობრივ ვაგზავნით ჩვენ თავს დევნილობაში და ვავლენთ მხოლოდ იმას, რამაც მკაცრი ცენზურა გაიარა და რაც მისაღებია: ეს ქმნის საშინელ დაცილებას ჩვენს შორის. სექსიზმის ანალიზმმა, რომელიც ჩატარდა ქალთა განმათავისუფლებელი მოძრაობის პირველ წლებში, გვიჩვენა, რომ ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი დამოკიდებულება ნუკლეარული ოჯახის, სქესობრივი როლების, ქალთა საგანმათლებლო და დასაქმების შესაძლებლობების, იძულებითი ჰეტეროსექსუალობის მიმართ.
        მიუხედავად ამისა, ახლა, ჰომოფობიის საფრთხის გამო, ფემინისტები ეუბნებიან თავის მომხრეებს, რომ მათ დღემდე სჯერათ ამ ანალიზის და რომ ეს მუშაობა საჭიროა, რომ ისინი უკეთესად წარმართავენ საზოგადოებრივ ცხოვრებას, რომელიც სექსიზმის კონვენციებს შეესაბამება. ასეთი კონფლიქტი რწმენასა და პრაქტიკას შორის იწვევს გაუცხოებას, დაქსაქსულობას და გამართლების სურვილს. ქალებს ეშინიათ ღიად იმაზე მუშაობა, რასაც შეუძლია ჩვენი განთავისუფლება, და ეს შიში აისახება მთელ მოძრაობაზე. იერარქიული სტრუქტურები, პატრიარქატის ასახვა და ქვაკუთხედი აგრძელებენ სიცოცხლეს ქალთა ორგანიზაციებში იმ სტილთან ერთად, რომელსაც მხარს უჭერენ ასეთი სტრუქტურები. ქალთა ორგანიზაციები ხშირად ირჩევენ დირექტორებს და ლიდერებს, რომელთა ჰეტეროსექსუალობა განსაკუთრებით ნათლად გამოიხატება მათ გარეგნობასა და ქცევაში.
      ფემინისტები ხუმრობენ „წარმატებული იმიჯის“ შესახებ და ცდილობენ შეესაბამონ მას. კლასობრივი საკითხები არ ანალიზდება, რადგან ის მოითხოვს ქალთა ეკონომიკური როლისა და ფერადკანიანი ადამიანების ეკონომიკური როლის ისეთივე სიღრმისეულს ანალიზს. მიუხედავად განქორწინებული ქალებისა და მამაკაცების მზარდი რაოდენობისა, მარტოხელა მშობლების, ქვრივების, ლესბოსელების და გეების არსებობისა, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა სოციალური სტრუქტურები და ოჯახები, ნუკლეარული ოჯახის და მისი პატრიარქალური ფესვების კრიტიკული ანალიზი ჯერ კიდევ ძალიან იშვიათია. არაფერს არ ლაპარაკობენ იმის შესახენ, რომ თანამედროვე გლობალურ ეკონომიკაში, რომელიც დაფუძნებულია მულტიეროვნულ კორპორაციებზე, ნუკლეარული ოჯახი უბრალოდ მოძველდა და აღარ არის ეფექტური. მსგავსი თემის საჯარო ანალიზი მოითხოვს უზარმაზარ გამბედაობას და უზარმაზარი წინააღმდეგობა შეხვდება.
       საკუთარი მისაღებობის დაკარგვის შიში ძალიან დიდია. მაგრამ შეძლებენ ფარული ფემინისტები  ეფექტიანი და გრძელვადიანი ცვლილებების მიღწევას? თუ გამოვიყენებთ ოდრი ლორდის მეტაფორას: შეძლებენ თუ არა პატრონის ინსტრუმენტები მეპატრონის სახლის დაშლას, მე დავამატებდი: შესაძლებელია ამის მიღწევა იმ ქმედების გზით, რომელსაც მოიწონებს და მიიღებს მეპატრონე? ზოგიერთი ფემინისტი იტყვის, რომ აუცილებელია გარკვეული სახის ჩაცმულობა, გარკვეული სახის საუბარი, გარკვეული სახის ქცევა, რათა მამაკაცთა ყურადღება მივიქციოთ, რომლებიც აკონტროლებენ სასამართლოებს, სკოლებს და ინსტიტუტებს, და რომლებსაც აქვთ ძალაუფლება ჩვენზე.
       ეს დამოკიდებულება მიუთითებს კეთილი ნების არსებობის რწმენაზე, იმის რწმენაზე, რომ ძალაუფლების მქონე ადამიანი შეიძლება დაარწმუნო მისი ძალაუფლება სხვას უწილადოს უბრალოდ გულკეთილობიდან გამომდინარე. ჩვენ ვნახეთ ინდივიდუალური წარმატებების საკმარისი მაგალითი, რათა გვქონდეს ამის რწმენა: რამდენიმე ქალი ნაწილობრივ დაშვებულია ხელისუფლებაში. მაგრამ ქალების უმრავლესობას - სხვადასხვა რასის, სოციალური კლასის, რელიგიის, სექსუალური იდენტობის, ასაკის და ა.შ. ქალებს, არ აქვთ ხელისუფლებაში შეღწევის საშუალება და არც სარგებლობა მიუღიათ მისგან. სწორედ ამიტომ რადიკალურად განწყობილ ქალებს არ სჯერათ, რომ ხელისუფლება, ამ სიტყვის ფართო გაგებით, შეიძლება გულკეთილობის გამო გადაეცეს ისე, რომ ჩვენ მოგებული დავრჩეთ. მას შეიძლება მხოლოდ მიაღწიო, ამისთვის კი უნდა დაარღვიო ნორმები, რათა გახდე უფრო ძლიერი, შექმნა მხარდაჭერისა და იდენტურობის მასობრივი მოძრაობა. ჩვენ უნდა განვავითაროთ ჩვენი თვითშეგნება, რომელიც საშუალებას მოგვცემს სხვაგვარად მოვიქცეთ, შევიძინოთ ძალა და გამბედაობა, რომ სხვაგვარად ვიცხოვროთ, და როდესაც ქალების უმრავლესობა ამას მიაღწევს და გაყვება მას, ხელისუფლების დისბალანსი შეიცვლება. ძალაუფლება ეკუთვნის მათ, ვისაც ჩვენ ვაძლევთ ამის უფლებას. მათთან ლაქუცი, ვისაც ძალაუფლება აქვს, და ძალისხმევის გამოვლენა იმისათვის, რომ მათთვის მისაღებად გამოვიყურებოდეთ, არ გამოიწვევს რაიმე გრძელვადიან ცვლილებებს.
         ჰომოფობია ზიანს აყენებს ქალებს პირადულ დონეზეც. თუ ჩვენ, თვითგამოხატვის მოთხოვნილების მიუხედავად, თავს ვიკავებთ, თუ ჩვენ შიშის გამო ვზღუდავთ საკუთარ თავს, მაშინ ჩვენ არასრულფასოვნად ვცხოვრობთ. სემინარების დროს, რომლებსაც ვატარებ მთელი ქვეყნის მასშტაბით, მე ვეკითხები ქალებს, როგორ იცხოვრობნდენ ისინი, თუ სამყარო მათთვის ღია იქნება, თუ  არ იარსებებდა სექსიზმი. პასუხი უბრალოდ გასაოცარია და ხშირად ძალიან სევდიანი. ისინი საუბრობდნენ არა მხოლოდ სამსახურის შესახებ, რომელსაც დაიწყებენ, არა გამოცდილების შესახებ, რომელსაც მიიღებენ, არამედ ურთიერთობების, განსაკუთრებით კი არასექსუალური ურთიერთობების შესახებ, რომლის უფლებასაც ისინი საკუთარ თავს მისცემენ. ისინი საუბრობდნენ იმის შესახებ, თუ როგორ იკავებდნენ თავს სხვა ადამიანებთან ურთიერთობისგან, რადგან ეს მიუღებელი იქნებოდა სექსისტურ სამყაროში, როგორ მისდევდნენ იმ გზას, რომელსაც მათგან მოელოდნენ, ნაცვლად იმისა, რომ გაყოლოდნენ თავის გულისთქმას, როგორ განიცდნენ ტანჯვას ჯანმრთელობისა და ფსიქიკური ენერგიის დაკარგვის შედეგად, როგორ ვლინდებოდა იშვიათად მათი ჭეშმარიტი პიროვნება, უსაფრთხო მომენტებში, და როდის ცხოვრობდნენ ისინი უსაფრთხო ცხოვრებით. ისინი ცვლიდნენ მათ მთლიანობას ჰეტეროსექსუალურ პრივილეგიებზე სექსისტურ საზოგადოებაში, გრძნობდნენ, რომ მიატოვეს თავის თავი, და თავისუფლებისკენ ისწრაფვოდნენ. მათ სურდათ დაბრუნება, მაგრამ ეს შიშს გვრიდა. დაკარგვის შიში გავლენას ახდენს არა მხოლოდ ჰეტეროსექსუალ ქალებზე. ეს ისეთივე შიშია, მაგრამ უფრო ძლიერი, რომელიც ასევე გავლენას ახდენს ლესბოსელებზე და ასე თუ ისე გვაიძულებს დამალვას. ჩვენ ვცდილობთ გავხდეთ უჩინარი, როდესაც ჰეტეროსექსუალობას გამოვხატავთ.
          იძულებითი ჰეტეროსექსუალობის ძალა იმდენად დიდია, რომ საჭიროა წარმოუდგენელი წინააღმდეგობის გაწევა, რომ დაუპირისპირდე მას. სწორედ ამ მიზეზის გამო ჩვენი წინააღმდეგობა ხშირად ფარულია, მათ შორის ლესბოსელებს შორის, რომლებიც თავისი არსებობით ებრძვიან  კაცების ქალებზე ხელმისაწვდომობას.
           თავის გავლენიან და ბრწყინვალე ესსეში „იძულებითი ჰეტეროსექსუალობა და ლესბოსელთა არსებობა“, ადრიან რიჩი გვაჩვენებს, რომ იძულებითი ჰეტეროსექსუალობა იმდენად მკაცრი იყო და იმდენი დანაკარგი გამოიწვია, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვიცოდეთ, არის თუ არა ეს ქალი ჰეტეროსექსუალი, თუ მან უბრალოდ „აირჩია“ ჰეტეროსექსუალობა იმისთვის, რომ გადარჩეს.
           აღნიშნულ ესსეს რიჩი იწყებს ქეთლინ ჰუგის სიით, რომელიც მან მოიყვანა სტატიაში „ოჯახის წარმოშობა“ და რომელშიც ჩამოთვლილია მამაკაცთა ძალაუფლების მახასიათებლები არქაულ და თანამედროვე საზოგადოებაში, და აღწერს ამ მახასიათებლებს როგორც იძულებითი ჰეტეროსექსუალობის საშუალებებს. ეს მახასიათებლებია: „მამაკაცებს შეუძლიათ უარყონ ქალთა  სექსუალობა ან თავს მოახვინოთ მათი სექსუალობა; ისინი განკარგავენ ან იყენებენ მათ შრომას და კონტროლს უწევენ მათ პროდუქციას; ისინი აკონტროლებენ ბავშვების დაბადებას ან შვილებს ართმევენ ქალებს; ისინი ფიზიკურად ზღუდავენ მათ და აკონტროლებენ მათ გადაადგილებას; იყენებენ როგორც ობიექტებს სხვა მამაკაცებთან ურთიერთობისათვის; ხელს უშლიან მათ შემოქმედებას; ან უმალავენ მათ საზოგადოებრივი ცოდნის და კულტურული მიღწევების მნიშვნელოვან ნაწილს“. თითოეული აღნიშნულ მახასიათებლისთვის რიჩი იკვლევს მეთოდებს მამაკაცური ძალაუფლების დასამყარებლად. მან დაასკვნა, რომ „ჩვენ საქმე გვაქვს არა უბრალოდ უთანასწორობის შენარჩუნებასთან და ქონების განაწილებასთან, არამედ ძალების მუდმივ კლასტერთან, რომლებიც ვარირებენ ფიზიკური ძალადობიდან გონების გაკონტროლებამდე, და იძლევიან ვარაუდის საშუალებას, რომ ისინი ანელებენ საპასუხო რეაქციის უზარმაზარ პოტენციალს“.
        რიჩი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ქალს შეეძლო არ „აერჩია“ ჰეტეროსექსუალობა, რომ არ გვაიძულებდნენ გარკვეული სახის ცხოვრებას სხვადასხვა მავნე გზებით, რომ ბევრი ქალი ამის ნაცვლად აირჩევდა ურთიერთობას სხვა ქალებთან, და რომ ეს შეცვლიდა ძალაუფლების ლოკუსს, რათა აღარ ყოფილიყო „მამაკაცის  უფლების გარანტია ქალზე ფიზიკური, ეკონომიკური და ემოციური ხელმისაწვდომობისა“.
          რიჩის ნაშრომის მნიშვნელოვანი ასპექტი იმაშია, რომ ის არ მოუწოდებს ყველა ქალმა აღმოაჩინოს საკუთარ თავში ღრმა სექსუალური და ემოციური მიდრეკილება ქალის ან მამაკაცის მიმართ. მან მხოლოდ აღნიშნა, რომ ჰეტეროსექსუალობიდან აუცილებლად უნდა იყოს ამოღებული „იძულება“, რომელიც არ უნდა იყოს მიღებული როგორც ნორმა, და თუ ეს არ შეიცვლება, მაშინ მამაკაცებს წაერთმევა მათი ძალაუფლების მნიშვნელოვანი ნაწილი.
         ეს რომ შეიცვალოს, ქალები უნდა წინ აღუდგენ იძულებით ჰეტეროსექსუალობას, თუნდაც რისკის ფასად. არსებობს მამაკაცთა დომინირებისათვის წინააღმდეგობის გაწევის ტრადიცია. ყოველთვის არსებობდნენ ქალები, რომლებიც არღვევდნენ დადგენილ ნორმებს: ლესბოსელები; ჯადოქრები; ყველა ქალი, ვინც უარს ამბობდა  ქორწინებაზე; „შინაბერები“; ქალთა რელიგიური საზოგადოებები; ფემინისტები, რომლებიც ქალებს პირველ ადგილზე აყენებდნენ; ქალები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ისინი არ გააჩენენ ბავშვებს; ქვრივები, რომლებიც ირჩევდნენ მეგობრობას სხვა ქალთან განმეორებითი ქორწინების ნაცვლად.
          მაგრამ იძულებითი ჰეტეროსექსუალობის და მამაკაცთა დომინირებისადმი წინააღმდეგობის გაწევის მთავარი საშუალებაა ჰომოფობიისა და ჰეტეროსექსიზმის განადგურება. ქალებმა უნდა გააანალიზონ ჰომოფობიის ძალა ჩვენ ცხოვრებაზე, და  როგორ გვაიძულებს ის ჰეტეროსექსუალობას. ჩვენ უნდა განვავითაროთ იმის გაცნობიერება, თუ როგორ ახერხებს ხალხი მუდმივად წარმოაჩინონ საკუთარი ჰეტეროსექსუალობა, და ფარულად როგორ მიიჩნევენ, რომ ყველა დანარჩენი ასევე ჰეტეროსექსუალურია. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, თუ როგორ ზღუდავს ეს ჩვენ ცხოვრებას. პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავაანალიზოთ პრივილეგიების დაკარგვის შიში, რომლებიც დაკავშირებულია ჰეტეროსექსუალობასთან, აგრეთვე მსხვერპლი, რომელიც მზად ვართ გავიღოთ ამ პრივილეგიების შესანარჩუნებლად და რომელთა დახმარებით ჩვენ ვაფრთხილებთ მათ, ვინც წინააღმდეგობას დააპირებს.
         ჰეტეროსექსუალ ქალებს ადვილად შეუძლიათ შეამოწმონ, რამდენად შეძლო მან ჰომოფობიისგან თავის დაღწევა ცხოვრებაში. თუ მას შეეკითხებიან,  ლესბოსელია იგი თუ არა, მას შეუძლია უპასუხოს: „მე არ ვარ ლესბოსელი, მაგრამ მე მხარს ვუჭერ ქალთა სექსუალურ არჩევანს“. ამდენად, ის ახდენს დისტანცირებას და თავს იცავს. ამის ნაცვლად მას შეუძლია უარი თქვას პასუხის გაცემაზე კითხვაზე მისი სექსუალური იდენტობის შესახებ, და, შესაბამისად, შეუძლია განაცხადოს, რომ ჰომოფობია მათი პრობლემაა, ვინც ეს საკითხი წამოჭრა, და რომ ის, ვინც ადანაშაულებს, თავად არის პრობლემის წყარო. ამის შემდეგ, თუ ეს არ იმუშავებს, და ინტერესი მისი სექსუალური იდენტობის მიმართ შენარჩუნდება, მას შეუძლია დანიურ გადაწყვეტილებას მიმართოს და თქვას: „ყველა ქალი ლესბოსელია, და ამიტომ მეც ლესბოსელი ვარ“. ჰეტეროსექსუალმა ქალებმა თავისუფლება უნდა მისცენ საკუთარ თავს შეინარჩუნონ ღია ურთიერთობები არა ლესბოსელებთან და ლესბოსელებთან, და ამასთან არ შეახსენოს ყოველ ნაბიჯზე თავისი ჰეტეროსექსუალურობის შესახებ, რათა უზრუნველყოს (ნაწილობრივ მაინც) საკუთარი უსაფრთხოება. ჩვენ უნდა ჩამოვართვათ სიტყვას „ლესბოსელი“ ნეგატიური ელფერი, რომ ის აღარ იქცეს იარაღად, რომელსაც ჩვენს წინააღმდეგ იყენებენ.
          კიდევ ერთი ტესტი იმაში მდგომარეობს, რომ ვიფიქროთ მის შვილებსა და ახალგაზრდა მამაკაცებზე, რომლებსაც მის ცხოვრებაში გარკვეული ადგილი უჭირავთ. თუ შვილი ამბობს: „დედა (ან დეიდა, მეგობარო ან და), მე ქალი შემიყვარდა“, და მისი პირველი რეაქციაა: „მე მოხარული ვარ, რომ შენ შეგიყვარდა“, და მეორე: „როგორ შემიძლია შენი მხარდაჭერა?“, ცხადია, რომ მას აწუხებს მისი ბედნიერება, და არა გენდერი ადამიანისა, რომელიც მას შეუყვარდა. ასევე მას სამართლიანად აწუხებს, როგორ შეუძლია მას უზრუნველყოს მხარდაჭერა ამ ჰომოფობიურ სამყაროში.
         და ბოლოს, ყოველთვის არსებობს შემდეგი სავარჯიშო ჰეტეროსექსუალური ქალებისათვის: მიწერონ წერილი ადამიანს, რომელიც ძალიან უყვართ და რომლის კეთილგანწყობა მათთვის მეტად მნიშვნელოვანია, უთხრან წერილში, რომ ის ლესბოსელია. და შემდეგ გაანალიზოს, რა ძალაუფლება აქვს მასზე ამ  შიშს.
         როდესაც ჩვენ შევძლებთ შიშთან პირისპირ შეხვედრას და წინააღმდეგობას გავუწევთ ჰომოფობიურ/ჰეტეროსექსუალურ სტერეოტიპებს და თავდასხმებს, მხოლოდ მაშინ შევძლებთ ბრძოლას მამაკაცის ძალაუფლების და ჩვენი ცხოვრების კონტროლის წინააღმდეგ. აქ ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, შეუძლიათ თუ არა ქალებს ოჯახის შექმნა, შვილების გაჩენა, მაკიაჟის  გამოყენება და მაღალიქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება. საუბარი იმაზეა, აკეთებს თუ არა ქალი არჩევანს მისი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიუხედავად, რათა დაიმსახუროს მოწონება და მიიღოს დაცვა. საქმე იმაში არ არის, აქტიურად უნდა შეასრულოს თუ არა მამაკაცმა მშობლის მოვალეობები, რათა შეუმსუბუქოს დატვირთვა ქალს. საქმე მამაკაცის ძალაუფლების ინსტიტუციურ და ინდივიდუალურ გამოვლინებაშია და ამ ძალაუფლების იძულებით ბუნებაში. საქმე იმაში არ არის, უნდა იყვნენ თუ არა ყველა ქალები ლესბოსელები, იმისათვის რომ იყვნენ თავისუფლები. საქმე იმაშია, რომ გავაცნობიეროთ, რომ ქალთა ბრძოლა დამოუკიდებლობასა და თავისუფლებისთვის და  ახალი შესაძლებლობები ერთმანეთთან არის დაკავშირებული ლესბოსელებთან იმგვარად, რომ დააშინონ ქალები, და რომ ჩვენ, ქალებმა, უნდა გავაანალიზოთ, თუ როგორ რეაგირებას ვახდენთ ლესბოსელთა დევნაზე, და რა უშლის ხელს ჩვენს პროგრესს. ეს არ არის ჩვენი სექსუალური იდენტობის საკითხი, ეს ჩვენი თავისუფლების საკითხია. "

(c)

===========

 • ლესბოსელი ქალების ბრძოლა მთლიანი ინსტიტუციონალიზებული მიზოგინიის წინააღმდეგ ბრძოლაა. გეი მამაკაცების დილემა კი მხოლოდ იმის დამტკიცებაა, რომ ქალები არ არიან... გეი მამაკაცებს არავითარი წვლილი არ შეაქვთ ქალების ბრძოლაში მამაკაცების ძალაუფლების წინააღმდეგ. ამგვარი წვლილი წინააღმდეგობაში იქნებოდა ჰომოსექსუალობის განმათავისუფლებელი მოძრაობის მიზანთან... ჰომოსექსუალი მამაკაცი ისეთივე თანამონაწილეა ამ [პატრიარქალურ] სისტემაში, როგორც ჰეტეროსექსუალი მამაკაცი.
• მასკულინობა ამორალურია
http://masculinities.ge/index.php?translates&id=5

Tenderness and kindness are not signs of weakness and despair,but manifestations of strength and resolutions"

"Pornography tells lies about women. But pornography tells the truth about men"John Stoltenberg

16:04
A man would prefer to come home to an unmade bed and a happy woman than to a neatly made bed and an angry woman.
Marlene Dietrich

What is so remarkable is that men in general, really with so few exceptions, are so penis obsessed. I mean, if anyone should be sure of self-worth in a penis-oriented society, it should be the one who has the penis. But one per individual doesn't seem to be enough. I wonder how many penises per man would calm them down. Listen, we could start a whole new surgical field here.”
—Andrea Dworkin, “Nervous Interview” (1978)
--
(გაგრძელება იქნება როცა მთლიანი წიგნი მოიძებნება
რედაქტორებმა  ჟურნალში გამოქვეყნებისთვის მოგვწერეთ აქ :
Human Rights )

Suzanne Pharr Political Handywoman books

-------







Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised