среда, 19 октября 2022 г.

პლანეტის უსაფრთხოება: კლიმატის ცვლილების უსაფრთხოების შედეგები

 https://www.nato.int/docu/review/ru/articles/2019/12/10/bezopasnost-planety-posledstviya-izmeneniya-klimata-dlya-bezopasnosti/index.html

პლანეტის უსაფრთხოება: კლიმატის ცვლილების უსაფრთხოების შედეგები

სპეციალისტი განმარტავს, რომ სასწრაფო წესით აუცილებელია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ქმედითი ქმედებების გატარება და სრულიად განსხვავებულ სამყაროში ცხოვრებისათვის მომზადება, რომელშიც გლობალური დათბობა და მასთან დაკავშირებული ეკოლოგიის გაუარესება გავლენას მოახდენს უსაფრთხოებაზე.

არ არსებობს ეჭვი იმაში, რომ ადამიანის საქმიანობა იწვევს სათბურის ეფექტის დაჩქარებას და, შედეგად, - გლობალურ დათბობას. ეს აღიარებულია გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციაში (UNFCCC), რომელიც მიღებულ იქნა 1992 წელს რიო-დე-ჟანეიროში შეხვედრაზე „პლანეტა დედამიწა“ და მას შემდეგ რატიფიცირებული იქნა 197 ქვეყნის მიერ. ეს თითქმის უნივერსალური წევრობა ლეგიტიმურობას ანიჭებს კონვენციის მთავარ მიზანს -  შემცირდეს ადამიანის გავლენა კლიმატის ცვლილებაზე. მაგრამ მხოლოდ 2015 წლის პარიზის შეთანხმების შემდეგ, ქვეყნებმა, რომლენმაც ხელი მოაწერეს კონვენციას, დასახეს მიზნობრივი მაჩვენებლები და დადეს პირობა, ყველა ღონე იხმარონ იმისათვის, რომ გლობალური დათბობა არ აღემატებოდეს პრეინდუსტრიულ ტემპერატურას 2°C-ზე მეტით და შეეცადონ შეზღუდონ ტემპერატურის ზრდა 1.5°C.

სამწუხაროდ, ამ მომენტში ჩვენ ძალიან ნელა ვმოქმედებთ ამ მიზნობრივ მაჩვენებლებზე გასასვლელად, სათბურის გაზების ემისიები კი კვლავ იზრდება. წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში ემისიების დონეებს შორის არსებული შეუსაბამობის შესახებ, გაკეთდა დასკვნა, რომ არსებობს უზარმაზარი და მზარდი შეუსაბამობა იმას შორის, თუ რა უნდა გაკეთდეს კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად, და იმას შორის, რასაც ჩვენ რეალურად ვაკეთებთ. გამოწვევა უზარმაზარია: მოხსენების დასკვნის მიხედვით, სათბურის გაზების ემისია ყოველწლიურად 7,6 პროცენტით უნდა შემცირდეს მომდევნო ათი წლის განმავლობაში, თუ გვინდა დათბობის შეზღუდვა 1,5 °C-მდე.

მხარეთა 25-ე შეხვედრამდე, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ დღეისათვის მსოფლიოში გაწეული ძალისხმევა გლობალური დათბობის შეზღუდვისთვის „აბსოლუტურად არაადეკვატურია“. მან გააფრთხილა, რომ „უკან დაბრუნების წერტილი აღარ არის ჰორიზონტზე: ის უკვე ჩანს და სწრაფად გვიახლოვდება“.

ჩვენ აღარ შეგვიძლია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის გადადება. უფრო მეტიც, ჩვენ უნდა დავიწყოთ მზადება ცხოვრებისთვის რადიკალურად განსხვავებულ სამყაროში, რომელშიც კლიმატის ცვლილება და მასთან დაკავშირებული მსოფლიოში ეკოლოგიის გაუარესება გავლენას მოახდენს ადამიანის და საერთაშორისო უსაფრთხოებაზე.


         სხვა სამყაროსთვის მზადების საჭიროება

 ძნელი წარმოსადგენია, რას შეიძლება ნიშნავდეს ჩვენთვის გეოფიზიკური და სოციალური ცვლილებები. 1970-იანი წლების დასაწყისში მეცნიერებმა გააფრთხილეს „ზრდის საზღვრების“ შესახებ, და მრავალი თვალსაზრისით მათი შეშფოთება გამართლდა. რესურსების მოპოვების, წიაღისეული საწვავის გამოყენების, წარმოების, მოხმარებისა და ნარჩენების ექსპონენციალურმა ზრდამ გამოიწვია CO2-ის ემისიების გაზრდა, ფართო დაბინძურება და ბიომრავალფეროვნების დაკარგვა, რამაც გავლენა მოახდინა პლანეტის სხვა მთელ რიგ პროცესებზე. დედამიწაზე მზარდ ურთიერთდაკავშირებულ ფიზიკურ, ქიმიურ და ბიოლოგიური პროცესებში დადგება გარდამტეხი მომენტები, უკუკავშირის სქემები კი სულ უფრო მზარდ ზემოქმედებას  მოახდენს გარემოზე.

მაშასადამე, „პლანეტის უსაფრთხოება“ უკეთ ასახავს ჩვენი ეპოქის უსაფრთხოების ახალ გამოწვევებს, ვიდრე ფრაზა „კლიმატური უსაფრთხოება“ ან თუნდაც უფრო ფართო კონცეფცია „გარემო და უსაფრთხოება“. ამ პრობლემების მასშტაბი ადვილი შესაფასებელია. მედიის ყურადღების შედეგად კლიმატის ცვლილების ექსპერტთა მთავრობათაშორის ჯგუფის 2018 წლის სპეციალურ მოხსენებაზე, რომელიც მიეძღვნა გლობალური დათბობის შედეგებს 1,5°C-ით, შესაძლოა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ არსებობს მხოლოდ ორი ვარიანტი: ტემპერატურის მატება 1,5°C-ით ან 2°C-ით. სამწუხაროდ, მომავალში შეიძლება კიდევ ბევრი ექსტრემალური სცენარი ვიხილოთ.

როგორც მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) გენერალურმა მდივანმა პეტერი ტაალასმა თქვა WMO-ს წინასწარი განცხადების გამოქვეყნების დროს კლიმატის მდგომარეობის შესახებ 2019 წელს: „თუ ჩვენ არ მივიღებთ სასწრაფო ზომებს კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად, საუკუნის ბოლოსთვის ჩვენ გველის ტემპერატურის 3°C-ზე მეტით მატება, რაც უფრო დამღუპველ გავლენას მოახდენს ადამიანის კეთილდღეობაზე“.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ კლიმატის ცვლილების შესამცირებლად, გულუბრყვილო იქნება არ ვიფიქროთ, როგორ მოვემზადოთ შედეგებისთვის უსაფრთხოების თვალსაზრისით, თუ სამყაროში გაცილებით დათბება და უსაფრთხოების ახალი გამოწვევები წარმოიქმნება რადიკალურად შეცვლილი გარემოს გამო. პლანეტაზე ურთიერთქმედების პროცესების კომპლექსური ბუნების გათვალისწინებით, ძნელია იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდება სხვადასხვა საშუალო ტემპერატურაზე, მაგრამ სინამდვილეში, რაც უფრო მეტი სიცხე იქნება, მით უფრო დიდია ამინდის პირობების, ეკოსისტემების და ზღვის დონის დარღვევა.

ტენიანობასა და სიცხეს შეუძლია ტროპიკული ზონები საცხოვრებლად უვარგისი გახადოს, სულ მცირე, წელიწადში გარკვეული დროით. ჰიმალაის მყინვარების დიდი რაოდენობა, რომლებიც მილიარდზე მეტი ადამიანის წყლის წყაროა, სავარაუდოდ, გაქრება. არსებობს რისკი, რომ ბევრი სანაპირო ქალაქი წყლის ქვეშ აღმოჩნდება. მილიარდობით ადამიანს შეიძლება შეექმნას წყლის ან საკვების მწვავე უკმარისობა ან დეფიციტი, და ბევრმა შეიძლება მიგრირება დაიწყოს პლანეტის უფრო დასახლებულ ნაწილებში.

უკვე არსებობს ნიშნები იმისა, თუ რა გველის: ანომალური სიცხე, ტყის ხანძრები, მზარდი დამანგრეველი ქარიშხლები, წყალდიდობები და ამინდის სხვა ექსტრემალური მოვლენები. უახლ,ოეს ათწლეულებში და რა თქმა უნდა, ამ საუკუნის მეორე ნახევარში, კლიმატის ცვლილება იქნება ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც ოდესმე განიცდიდა კაცობრიობა.


უსახო მტერი

ასე რომ, კლიმატის ცვლილება ახალი მტერია, დროშის, ლიდერის, კომბატანტების, რევოლუციური მანიფესტის გარეშე. მაგრამ ის კლავს ადამიანებს, მოქმედებს მთელ მსოფლიოში, ახდენს საზოგადოებების დესტაბილიზაციას და იკრებს ძალას. ამიტომ, კლიმატის ცვლილებას ხშირად უწოდებენ „რისკის გაზრდის ფაქტორს“, „მყიფეობის გამაძლიერებელს“ და კონფლიქტების „კატალიზატორსაც“ კი. ჩვენ ვემზადებოდით ბირთვული ომის რისკისთვის და, შესაბამისად, ჩვენთვის მთლად გასაგები არ არის, მოვემზადოთ თუ არა კლიმატის ცვლილების გარდაუვალი შედეგებისთვის და თუ ასეა, როგორ.

კლასიკურ მტერს სამხედროები ებრძვიან, ქვეყნის ყველა სხვა დაწესებულება ემზადება მტრის ქმედებების შედეგებისთვის. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით სიტუაცია საპირისპიროა: დიპლომატებმა, ბიზნესებმა, ეკოლოგებმა და ყველა სხვამ უნდა ებრძოლოს კლიმატის ცვლილებას. იმავდროულად, სამხედროები უნდა მოემზადონ კლიმატის ცვლილების უსაფრთხოების შედეგებისთვის.

სულ უფრო მეტი სამხედრო ექსპერტი საუბრობს თავის შეშფოთებაზე. გლობალური სამხედრო საკონსულტაციო საბჭო კლიმატის ცვლილების შესახებ (GMACCC) არის მოქმედ სამხედრო სამსახურში მყოფი და გადამდგარი სამხედრო ოფიცრებისა და ასოცირებული დაწესებულებების გლობალური ქსელი. ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ის აფრთხილებს კლიმატის ცვლილების პოტენციური შედეგების შესახებ უსაფრთხოების თვალსაზრისით. 2009 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ პირველ ერთობლივ განცხადებაში საბჭომ გააფრთხილა, რომ „თუ ჩვენ არ ვაღიარებთ კლიმატის ცვლილების შედეგებს კონფლიქტის და არასტაბილურობის თვალსაზრისით და არ ჩავდებთ ინვესტიციებს პრევენციისა და ადაპტაციის ქმედებებში, ძალიან მაღალი ფასის გადახდა მოგვიწევს ქვეყნების დესტაბილიზაციის, ადამიანთა ტანჯვის, განვითარების შენელებისა და საჭირო სამხედრო რეაგირების უზრუნველყოფის“ თვალსაზრისით.


ახალი ინსტრუმენტები ახალი გამოწვევებისთვის

ჩემი აზრით, ორი კრიტიკული ფაქტორი მოახდენს გავლენას პოტენციური არასტაბილურობისა და კონფლიქტის პროგნოზირების ჩვენს უნარზე. ერთის მხრივ, კლიმატის ცვლილების და გარემოს გაუარესების გამო კიდევ უფრო გართულდება კონფლიქტების პროგნოზირება. მეორეს მხრივ, დიდი მონაცემების მოცულობის სწრაფმა ზრდამ და ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ შეიძლება გააუმჯობესოს ჩვენი მომავალი უსაფრთხოების საფრთხეების პროგნოზირების შესაძლებლობა. ამ ახალი ინსტრუმენტებით ჩვენ შეგვიძლია მოვემზადოთ სხვა სამყაროსთვის ახალი პრობლემებით.

ძალიან ბევრი აბსტრაქტული პოპულარული სტატიაა „კლიმატური ომების“ ან „წყლის გამო ომების“ შესახებ. კერძოდ, რთულია ადამიანური ფაქტორის პროგნოზირება: რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ ადამიანები და მთავრობები კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით? სულ უფრო მწირი ბუნებრივი რესურსების გამო კონფლიქტები არ წარმოადგენენ წინასწარ შედეგს: ისინი ფუნდამენტურად დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა ინსტიტუციური და სოციალური რესურსები. ერთ შემთხვევაში დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტი და მიგრაცია, მეორე შემთხვევაში კი ხელი შეუწყოს ნოვატორობას და თანამშრომლობას. ასევე ძნელია იმის პროგნოზირება, თუ რა ნაბიჯებს გადადგავენ მსოფლიო ლიდერები მომავალში, რათა თავიდან აიცილონ ჩვენი ეკოსისტემების განადგურება, კერძოდ ქმედებები (ასეთების ნაკლებობა) სათბურის გაზების ემისიების შესამცირებლად.

რთულია პოლიტიკის პროგნოზირება, მაგრამ კარგია, რომ ჩვენ ვიწყებთ იმის უკეთ გააზრებას, რომ გარემოს რეზერვები შეზღუდულია, კლიმატი კი იცვლება. ჩვენ გვაქვს სულ უფრო მეტი ციფრული მონაცემები ჩვენი პლანეტის მდგომარეობის შესახებ. დისტანციური სენსორების, დიდი მონაცემებისა და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შესაძლებელი იქნება რისკის პროგნოზირება და სცენარების ანალიზი, როგორც არასდროს, და ამით უკეთ მომზადდება მომავალი გამოწვევებისთვის.

ვინც დაინტერესებულია უსაფრთხოების მუქარით, ინტერესით ადევნებს თვალს პლანეტისთვის „ციფრული ეკოსისტემის“ შექმნის იდეებს, რომელიც შეძლებს უზრუნველყოს გამჭვირვალობა და რისკების ანალიზი ბუნებრივი რესურსების მართვაში. ასეთი სისტემის შესაქმნელად პრინციპულად მნიშვნელოვანი იქნება კერძო და საჯარო ინიციატივების ინტეგრირება პლანეტაზე დაკვირვების მიზნით უახლესი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით. ამის მაგალითია მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის (WRI) მუშაობა. ეს ანალიტიკური ცენტრი მუშაობს სხვადასხვა პარტნიორებთან ისეთ პროექტებზე, როგორიცაა „ტყეების გლობალური მონიტორინგი“ და „რესურსების მონიტორინგი“, და ეხმარება იმის გაგებაში, თუ რა ხდება ჩვენს პლანეტაზე.

მსოფლიო რესურსების ინსტიტუტი აერთიანებს ასობით მონაცემთა ნაკრებს გარემოს, დემოგრაფიის, ჯანმრთელობის, პოლიტიკის და უსაფრთხოების შესახებ. მას შეუძლია, მაგალითად, გადაფაროს თანამგზავრებიდან მიღებული მონაცემებით ქვეყანაში ტყის საფარის შესახებ ორი კვირის წინანდელი მონაცემები იმავე რაიონისთვის. ამგვარად, შეიძლება იმის ნახვა, როგორ ჩეხავენ ან წვავენ ცალკეულ ტყეს, ისევე როგორც შეიძლება თვალი ადევნოთ ტყის აღდგენას და წაახალისოთ იგი, როგორც სათანადო პრაქტიკა.

კიდევ ერთი ინიციატივა, რომელსაც ახორციელებს მსოფლიო რესურსების ინსტიტუტი სხვა პარტნიორებთან ერთად, არის „წყლის, მშვიდობისა და უსაფრთხოების“ (WPS) პარტნიორობა. როგორც მოსალოდნელი იყო, მოსახლეობის ზრდის, სწრაფი ურბანიზაციისა და წყალზე მზარდი ეკონომიკური მოთხოვნილების გამო, წყლის დეფიციტი ზოგიერთ რაიონში უპრეცედენტო დონეს მიაღწევს. ამავდროულად, წელიწადში ას მილიონზე მეტი ადამიანი ზარალდება წყალდიდობების გამო. ამ პრობლემებს ამწვავებს ეკოსისტემების დაკარგვა და კლიმატის ცვლილების ზემოქმედება. „წყლის, მშვიდობისა და უსაფრთხოების“ პროექტი მიზნად ისახავს გამოიყენოს გლობალური მოდელირება, დიდი მონაცემები და გამოსახულება თანამგზავრიდან ადგილობრივ ცოდნასთან და მზარდ გამჭვირვალობასთან ერთად საზოგადოებაზე წყალთან დაკავშირებული ზემოქმედების ადრეული გაფრთხილებისა და ანალიზისთვის. გასულ წელს გაეროს უშიშროების საბჭოს არაერთი იმედისმომცემი შედეგი წარედგინა.

UNEP-ის ბაზაზე განთავსებულია ციფრული მონაცემების პროექტი „მსოფლიო ეკოლოგიური ოპერატიული ცენტრი“ (MapX-ის ტექნოლოგიის საფუძველზე). პროექტის ფარგლებში დაიწყო მუშაობა რუკების შედგენასა და უსაფრთხოების რისკების ეკოლოგიური და კლიმატური ფაქტორების მონიტორინგზე. მონაცემთა ეს პაკეტები განთავსდება გლობალურ ინფორმაციულ დაფაზე, და მათაც წარუდგენენ ეკოლოგიური ოპერატიული ცნობის სახით გაეროს ქვეყნების გუნდებს, გაეროს უშიშროების საბჭოს და ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა ნატო.

UNEP-ი ასევე გამოვიდა ინიციატივით გააძლიეროს თანამშრომლობა და სინერგია სამუშაოს ყველა ამ სფეროს შორის, რათა შეიქმნას „ციფრული ეკოსისტემა გარემოსთვის“. პლანეტის უსაფრთხოების ინსტიტუტთან ერთად, UNEP-ი გეგმავს 2020 წელს კონფერენციის ორგანიზებას ყველა დაინტერესებული მხარისთვის პარტნიორობის დამყარების მიზნით, რის შედეგადაც ჩამოყალიბდება ღია წვდომის ძალიან მძლავრი სისტემა, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იქნება ჩვენი ცოდნის ფუნდამენტურად შეცვლა იმის შესახებ, თუ რა ხდება ჩვენს პლანეტაზე და გაზარდოს ჩვენი ადრეული გაფრთხილების პოტენციალი. 


არ ყოფნის ფანტაზია

შეიძლება მოხდეს ისე, რომ მომავალ ისტორიკოსებს გაუჭირდებათ იმის ახსნა, თუ რატომ დავიწყეთ ასე გვიან მზადება პლანეტის უსაფრთხოების ამ პრობლემების დასაძლევად. მსოფლიოს ნელი რეაგირების ერთ-ერთი მიზეზი კლიმატური კრიზისის მიზეზსა და შედეგზე, რომლის დამოწმებაც მათ შეუძლიათ, მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ინსტიტუტებს აქვთ ერთმანეთისგან იზოლირებულად და სხვა ეპოქაში შექმნილი სამთავრობო სტრუქტურების მეშვეობით მუშაობის ტენდენცია, რომლებიც მოწოდებული არიან ებრძოლონ სხვა ტიპის საფრთხეს. კლიმატის ცვლილების პრობლემის მასშტაბი იმდენად დიდია, რისკ-ფაქტორების ბუნება იმდენად კომპლექსურია და იმდენი მოთამაშეა ჩართული, რომ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მრავალმხრივი რისკის წინაშე არასდროს ვყოფილვართ.

2015 წლიდან ჰააგაში ორგანიზებულმა პლანეტის უსაფრთხოების კონფერენციებმა ხელი შეუწყო მეცნიერების, პოლიტიკოსებისა და სამხედრო ექსპერტების იზოლაციის დასრულებას. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, გაეროს უშიშროების საბჭომ, ევროკავშირმა და სხვა რეგიონულმა ორგანიზაციებმა ასევე მზარდი ყურადღება მიაქციეს პლანეტის უსაფრთხოების საკითხებს, და ზოგიერთმა მონაწილემ შექმნა საწყისი პოტენციალი მათი გადასაჭრელად. მაგრამ ჯერ კიდევ არ არსებობს ეფექტური გრძელვადიანი სტრუქტურა, რომელიც აერთიანებს ყველა დაინტერესებული მხარის ცოდნასა და ფუნქციებს. ამ გამოწვევების სერიოზულობისა და კომპლექსური ხასიათის გათვალისწინებით, უსაფრთხოების საკითხებით დაკავებულმა ორგანიზაციებმა მეტი ინვესტიცია უნდა განახორციელონ მომავალი საფრთხეების გაგებაში და მომზადებაში, სხვა ორგანიზაციებთან და სტრუქტურებთან ერთად.

ტექნიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით, მსოფლიომ უნდა შეძლოს და გაუმკლავდეს ამ პრობლემას და მოერგოს მას. და მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების მხრიდან სულ უფრო ხმამაღალი მოწოდება ისმის გადაუდებელი ქმედებისკენ, ბურთი მაინც მართვის ველის მხარესაა. კლიმატის ცვლილების რეალობის აღიარება, ყველა დაინტერესებული მხარის თანამშრომლობა და პერსპექტიული ხელმძღვანელობა არის რამდენიმე კრიტიკული ნაბიჯი, რომელიც მომავალში უნდა გადაიდგას. წარსულში ჩვენ წარმატებით გავუმკლავდით უზარმაზარ საფრთხეებს. დღეს ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია უგულებელვყოთ უდიდესი გამოწვევა.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised