понедельник, 16 марта 2020 г.

როდესაც გაცნობიერება გეწვევათ...

როდესაც გაცნობიერება გეწვევათ...
თქვენ შეგიმცირდებათ მეგობრების წრე. თქვენ დაიწყებთ იმის შემჩნევას, რომ ჩვეულებრივი საუბრები მეგობრებთან და ნაცნობებთან ერთად რატომღაც არ გამოგდით. თითქოს ყველაფერი ისეა, როგორც იყო, მაგრამ რატომღაც ნაკლებად საინტერესოა. იმიტომ, რომ თქვენ აღარ შეგიძლიათ საუბარი იმის შესახებ, რომ ყველაფერი ცუდადაა და გარშემო ყველა ცუდია, სამუშაო არ შთაგაგონებთ და ბიზნესშიც არაფერი არ გამოგდით, ქმარი მოგძულდათ, ყველაფერში ცოლია დამნაშავე. თქვენ თავს დაანებებთ ბანქოს თამაშს, რადგან იმისთვის, რომ წესების დაცვით ითამაშოთ, მინიმუმ ორი ადამიანია საჭირო. სწორედ ამიტომ თქვენი მეგობრებისთვის გახდებით ძალიან არასასიამოვნო ადამიანი, რომელიც მთელ თამაშს აფუჭებს და თავისი საქციელით ყველას აჩვენებს, რომ მეფე შიშველია.
თქვენთვის რთული გახდება იმ სამსახურში მუშაობა, რომელიც არ გიყვართ, და იმის გაკეთება, რაშიც აზრს ვერ ხედავთ. ამრიგად, თქვენ ან მაქსიმალურად ჩაერთვებით მიმდინარე საქმიანობაში, ან შეცვლით მას კარდინალურად. თუ ძველ სამსახურში აუცილებლობა, შიში, ჩვევა ან ავტომატიზმი გაკავებდათ, ეს მაშინვე ამოტვიტივდება ზედაპირზე და მოგიწევთ ამის გამო რაღაცის გაკეთება.
თქვენს ურთიერთობებს ბზარი გაუჩნდება. იმიტომ, რომ ურთიერთობების უმეტესობა არ არის თანასწორთა მყარი კავშირი, არამედ ურთიერთდამოკიდებულებებისა და კომპენსაციების ერთობლიობაა. როდესაც თქვენი პარტნიორი იგრძნობს, რომ გკარგავთ, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ დაგაბრუნოთ, მაგრამ ყველა მის საყვედურზე თქვენ გექნებათ გაკვირვების და გაუგებლობის რეაქცია, ისევე როგორც უცხოპლანეტელის მცდელობაზე დაამყაროს  თქვენთან კონტაქტი მარსიულ ენაზე.
თქვენ მარტოობას იგრძნობთ. იმიტომ, რომ დარჩებით ყველა ზედმეტი და ყალბი კავშირის გარეშე, რომელიც უკმარობაზე, სიცარიელეზე, მომხმარებლობასა და ეგოიზმზე დაამყარეთ. და ეს ახალი სიცარიელე, რომელიც გაუგებარია, საიდან გაჩნდა, თავდაპირველად შეგაშინებთ, როგორც პირღია უფსკრული, მაგრამ თანდათანობით ის შეივსება სწორედ იმით, რაც თქვენშია ცოცხალი და ნამდვილი.
თქვენ ვერ შეძლებთ ვერც საკუთარი თავის, ვერც სხვების მოტყუებას. თითქმის ფიზიკურად (როგორც ბურატინო გაზრდილი ცხვირით) თქვენ იგრძნობთ ნებისმიერ შინაგან სიყალბეს - სიტყვებში, აზრებსა და მოქმედებებში. და ეს უბრალოდ ამაზრზენი იქნება, რადგან ყოველ ჯერზე, როცა თქვენ არ იტყვით იმას, რასაც სინამდვილეში ფიქრობთ, თქვენ იგრძნობთ თქვენ სულში კატის კლანჭების ფხაჭნას. და ეს უსასრულოდ გაგრძელდება.
თქვენ უცებ აღმოაჩენთ, რომ გარშემო მყოფი ადამიანები ძლიერ იტანჯებიან.  იტანჯებიან არა მძიმე ცხოვრების გამო - პირიქით, მათ ცხოვრებაში ყველაფერი წესრიგშია. ისინი იტანჯებიან ილუზიის გამო, რომ რაღაც ისე არ არის მათ ცხოვრებაში. და თუ ადრე საკუთარი ტანჯვის განცდით იყავით ძალიან დატვირთული, ახლა დაიწყებთ თქვენს გარშემო მყოფთა ტანჯვის განცდას, რადგან საკუთარი აღარ გექნებათ. და ამ მომენტში მხოლოდ ერთი რამ დაგრჩებათ - სურვილი დაეხმაროთ ყველას ნებისმიერ დროს, იმით, რის საშუალებაც გაქვთ, რადგან სხვაგვარად უბრალოდ აღარ შეგეძლებად.
თქვენ შეგრცხვებათ. შეგრცხვებათ თქვენს მიერ ნათქვამი სიტყვებისა და ქმედებების გამო, რადგან მოგიწევთ სიმართლეს შეხედოთ თვალებში და აღიაროთ, რომ ყველა თქვენი პრობლემის წყარო არა ვიღაც სხვა, არამედ თქვენ თვითონ ხართ. როგორც კი ამას გააცნობიერებთ, სირცხვილი გაქრება, და მის ადგილს საბოლოოდ შინაგანი სიმშვიდე დაიკავებს.
თქვენ ნაკლებად დაიწყებთ ლაპარაკს. იმიტომ, რომ ჩამოგშორდებათ ყველაფერი, რასაც შიშის, შურის, ეგოისტობისა და სიბრაზის გამო ამბობდით. თქვენ ვეღარ შეძლებთ გამკიცხველი კომენტარების წერას სოციალურ ქსელში, რადგან ეს აღარ იქნება მნიშვნელოვანი და აუცილებელი. ზოგადად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერაფერს დაწერთ, რადგან ყველაფერი, რაც მანამდე დაწერეთ, სისულელედ მოგეჩვენებათ. და აღმოჩნდება, რომ სიჩუმე მართლაც ოქროა, რომელსაც ჩვენ ხშირად ვერ ვამჩნევთ სწრაფად ცვალებად მოვლენათა გამო.
სამყაროს თქვენი სურათი დაიშლება. და მიხვდებით, რომ არსებობს არა მხოლოდ თქვენი სწორი მოსაზრება, ხოლო ყველა დანარჩენი არასწორია, არამედ ვარიანტებისა და შესაძლებლობების უსასრულო სივრცე. და ყველა შეზღუდვა სხვა არაფერია თუ არა თქვენს მიერ გამოგონილი ილუზია.
თქვენ მოგიწევთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. თქვენ მიხვდებით, რომ არავისგან არაფრის მოლოდინი არ უნდა გქონდეთ, რომ არავის არაფერი მართებს თქვენთვის. ყველაფერი, რაც თქვენს ცხოვრებაშია, არ არის დამოკიდებული გარე ფაქტორებზე, გონებაჩლუნგ უფროსებზე, მიუხვედრელ პარტნიორზე და ბიტკოინის კურსზე, არამედ საკუთარ თავზე. თქვენ ცხოვრობთ ზუსტად იმ ცხოვრებით, რასაც იმსახურებთ, და სხვა არაფერი გექნებათ, სანამ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას არ აიღებთ. მაგრამ ზუსტად იმ მომენტში, პირადი პასუხისმგებლობა აღარ იქნება ტვირთი, რომელსაც უნდა გაექცეთ უკან მოუხედავათ, ის გახდება ერთადერთი ჭეშმარიტი და ლოგიკური გადაწყვეტილება.
და ასე, დღითი დღე, ყველაფერი უცხო, ხელოვნური და თვალთმაქცური, დაიწყებს დაშლას და გამოაჩენს შინაგან სიცარიელეს. და ყველაფერი, რაც ახლაა, - გამოაშკარავდება, გაიზრდება, გზას გაიკვლევს, გაძლიერდება და ფესვებს გაიდგავს. და ეს არ იქნება ნაზი და სასიამოვნო პროცესი. ხშირად ეს არის წლების განმავლობაში შეძენილი ჩვევების და ავტომატიზმის გამანადგურებელი ნგრევა. მაგრამ როდესაც თქვენი გამანადგურებელი მენტალური შაბლონების ნანგრევებიდან გამოხვალთ, მიხვდებით, რომ ეს ამად ღირდა.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised