среда, 2 ноября 2016 г.

რელიგიურობა როგორც ეგოცენტრიზმი (ფსიქოლოგიური ჩანაწერები) ალექსანდრე კრუგლოვი , აფორიზმები, ნააზრევი ,ესე



ალექსანდე კრუგლოვი (აბელევი)
 აფორიზმები, ნააზრევი, ესე
რელიგიურობა როგორც ეგოცენტრიზმი
(ფსიქოლოგიური ჩანაწერები)
ის ღამე ნატალიამ  ოჯახთან ერთად აგარაკზე გაატარა. როდესაც დილით მოსკოვში დაბრუნდნენ, მათი მრავალსართულიანი სახლის ნაცვლად ნანგრევები დახვდათ ... მას შემდეგ ნატალიამ იწამა ღმერთი, რომელმაც გადაარჩინა ის და მისი შვილები.* (ტელელეპორტაჟიდან)
რას მღერიან ანგელოზები ასეთი ბოროტი ხმით?! (ვ.ვისოცკი)
უფალო! გამაძლიერე! გამინათლე გონება და წარხოცე ყოველგვარი უგუნურება!  უგრძნობი და გაქვავებული გული აანთე ჩემში. გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა! თვალი გამიხადე უხილავი, ყური უსმო, ბაგეთა ჩემსა მიუხვედრელსა ასწავლე მეტყველება! ყოვლისშემძლეო! მიხსენ მე! მიხსენ მე! მიხსენ მე! (მ.ე.სალტიკოვ-შჩედრინი)
ყოველდღიური რელიგიური შეხედულებები შეიძლება იყოს გააზრებული, როგორც ღრმა და გულუბრყვილო ეგოცენტრული შეხედულებები, უფრო ზუსტად - სოლიფსისტური.
განვმარტავ, რას ვგულისხმობ ეგოცენტრიზმში ან სოლიფსიზმში. ალბათ, უფრო იმას, რასაც ფილოსოფიურ ლიტერატურაში უწოდებენ „პრაქტიკულ“ სოლიფსიზმს, მაგრამ მე უფრო ფსიქიკურს ვუწოდებდი. ასეთი სოლიფსიზმი ერთდროულად არის ბუნდოვანიც და რადიკალურიც. მისგან განსხვავებით, თეზისის «esse est percipi» ავტორის, „სუბიექტური იდეალისტის“ ბერკლის სისტემაც კი (არსებობდე საგნის გამო ნიშნავს იყო აღქმადი), რომელსაც, სხვათა შორის, იმედი ჰქონდა, რომ ამ სისტემით დაამტკიცებდა რელიგიურ რწმენას,  გულისხმობდა რაღაც სახით ყველა სულის რეალურ არსებობას (მხოლოდ არა მატერიისას). მაგრამ სულიერი განვითარების გარკვეულ ეტაპზე, როგორც ჩანს, ადამიანისათვის მხოლოდ მისი მე, როგორც უშუალო თვითშეგრძნება, კიდევ, სარწმუნოდაც არსებობდა. და ეს მის რელიგიურობაში აისახებოდა.
მართალია. მსოფლიოს ყოველდღიურ რელიგიურ სურათში გონება ბევრს არ ნიშნავს (სხვაგვარად ისტორიულად არც შეიძლება ყოფილიყო), და ამ სურათს მის ძირითად მონახაზში ქმნის ადამიანში არსებული არაცნობიერი  ფსიქიკური, ფროიდის ტერმინოლოგიით, ქვეცნობიერი, ქვეცნობიერი კი სწორედ რომ ეგოცენტრულია, ის „სოლიფსისტია“. ქვეცნობიერი ნიშნავს, „ობიექტურობამდელს“, რომელიც არ სცდება სუბიექტურობის ფარგლებს.
ქვეცნობიერი სულის უძველეს ფენას შეადგენს და პრიმიტიულია. ზოგადად  პრიმიტიულის გააზრებისას უნდა გვახსოვდეს, რომ ის „მარტივია“, მაგრამ არა ლოგიკურად, არამედ ლოგიკის საწინააღმდეგოდ, და ამიტომ შეიძლება უსაზღვროდ რთული აღმოჩნდეს. ასევეა არქაული სულში, რომელიც თავს უჩვეულოდ მიიჩნევს, მართლაც რომ საოცრად; უძველესი ჩვენში შეიძლება უძლიერი იყოს; ალბათ, სწორედ მას ელაპარაკება პირდაპირ ტრანსცენდენტური, თუ მისი მოსმენა გონებას არ სურს! - მაგრამ რაც უფრო დაჟინებით დააკვირდებით მას, მით უფრო აშკარად ჩნდება მისი  ფსიქიკური ჩამორჩენილობა, როგორც უკიდურესი, სწორედ რომ სოლიფსისტური  სუბიექტივიზმი, რომელიც არ იწვევს ნდობას. რომელიც გასაგებია, რადგან  სუბიექტური აღქმა და რეაგირება, რომელიც ინდივიდს შეიძლება მოუბრუნდეს ყველაზე საშიში შეუსაბამომით გარე სამყაროსთან, ობიექტურზე ნაკლებ ფსიქიკურ ენერგიას მოიხმარს.
ასე რომ, ქვეცნობიერისთვის, ინდივიდში არსებული ამ სტიქიური სოლიფსისტისთვის, ინდივიდის „მე“ კი არ წარმოადგენს უნივერსუმის ნაწილს, არამედ თავად უნივერსუმია „მე“-ს ნაწილი. ანუ უნივერსუმი ქვეცნობიერისთვისაა, ისევე როგორც (მე ვფიქრობ) ყოველდღიური - რელიგიურისთვის. „მე“, არსებითად, იგივეა, რაც სიზმარი, ჰალუცინაცია, ზმანება (ქვეცნობიერის საკუთარი პროდუქტები), ზმანებათა შორის ყველაზე ფუნდამენტური, მაგრამ, პრინციპში, იგივე. საგნები თავისთავად არ არსებობენ, არც დამოუკიდებელი პიროვნებები, არსებობენ ჩემი (ეგოცენტრიკოსის, სოლიფსისტის) შეგრძნებები, და მე მხოლოდ მათთან მაქვს საქმე. როგორც არ უნდა ჰგავდეს პიროვნების კავშირი რეალიებთან მის შეგრძნება-აღქმას მისი კავშირის გამო (თუ ისინი საერთოდ არსებობენ მისთვის), განსხვავება, რა თქმა უნდა, საგრძნობი იქნება. სწორედ ამის შესახებ გვექნება შემდეგ საუბარი.
ბუნებრივია, რომ სოლიფსისტურ სომნამბულურ უნივერსამში  სახეები და ასოციაციები სილოგიზმებზე უფრო გასაგები და მნიშვნელოვანია, ჭეშმარიტებად კი მითები და მეტაფორებია მიჩნეული. გრძნობ, რომ მორწმუნესთვის მითითება მის სხვა, „ღმერთის მიერ შთაგონებული“ შეხედულებების ობიექტურ აბსურდულობაზე, ასევე უადგილოა. ეს აბსურდი მეტად თვალნათელია. მორწმუნეს შეუძლია თქვენი შეყვანა განსაკუთრებული მნიშვნელობის სიზმარში, მის სამყაროში, და სასაცილოა მიუთითო მას, რომ ასე არ ხდება: განა სიზმარში მთავარი ის არის, თუ „როგორ ხდება?“ სამყარო-მირაჟი შეიძლება შექმნილიყო ექვს დღეში, ამასთან სინათლე მზეზე ადრე და ა.შ., მაგრამ  ზმანებას თავისი კანონები აქვს, აქ „მხატვრული სიმართლე“ ბევრს ნიშნავს, ხოლო ფაქტობრივი ან ლოგიკური არაფერ შუაშია. ალბათ, ასე ხდება ხელოვნებაშიც: ბაბილონის ქვის ლომებს ხუთი თათი აქვთ, და ამიტომ რჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი თითქოს მოძრაობენ; სურიკოვის მენშიკოვი წელში ვერ გასწორდებოდა თავის ქოხში, და ამიტომ გრძნობ, რომ ის ყოველმხრივ გრძნობს თავს შებოჭილად. ვუწოდოთ ამას მისტიკა (ის, რომ ნებისმიერი მისტიკა სოლიფსიზმში ჩნდება, რომ ეს სამყარო მე-ს შეიწოვს, ამის მტკიცებას ვერ გავბედავ) და შევთანხმდეთ, რომ ემპირიზმს და  გონებას აქ არაფერი ესაქმება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი. ბევრი რამ ჩემ (ეგოცენტრიკოსის) უნივერსუმში ჩემთვისაც გაუგებარია და არ მემორჩილება, ისევე, როგორც ნებისმიერ სიზმარში. არსებობს სიზმარი-კოშმარი, რომელიც ცოცხლად მიჩვენებს არა რაღაცას, არამედ ჩემ საკუთარ სიკვდილს! და მაინც, რადგან უზენაესი ძალები, რომლებიც არ მემორჩილებიან და მხოლოდ მესიზმრებიან, და ჩემს, როგორც ცენტრის, ირგვლივ ტრიალებენ, უნდა არსებობდეს გზები, რათა გავუმკლავდე მათ და ჩემ სასარგებლოდ განვაწყო ისინი. ეს საშუალებები შეადგენენ კულტს: სულის თაყვანისცემის, კერპების თაყვანისცემის, ღმერთის თაყვანისცემის.  ჩემ ზევით რაღაც არის! მაგრამ, მხოლოდ ჩემ ზევით. კულტის ხილულ თეოცენტრიზმში იგივე ეგოცენტრიზმია: როგორი დიადიც არ უნდა მომეჩვენოს ღმერთი, ეჭვი არ მეპარება ჩემს უფლებაში და შესაძლებლობაში ჩემი საზრუნავით დავაინტერესო ის.
ამდენად, რელიგიურობის „ქვეცნობიერი“ (ან ცნობიერებამდელი) წარმოშობა განსაზღვრავს (ყოველ შემთხვევაში, შეადგენს ასპექტს) ადამიანის რელიგიურ დამოკიდებულებას სამყაროს მიმართ. ეგოცენტრულის, ალოგიკურის და დარწმუნებულის დამოკიდებულებას მათ შესაძლებლობაზე  გავლენა მოახდინოს სამყაროზე სხვაგვარად, ხელის შეხებით. (*) შევჩერდები ზოგიერთ, ყველაზე მნიშვნელოვან და აუცილებელ, თეისტურ შეხედულებებზე.

ტრანსცენდენტური (სასწაულის) იდეა

ცნობიერება არის ობიექტურობის ცნობიერება, ანუ სამყაროს დამოუკიდებელი არსებობა ჩემი მე-ს და ჩემი „აუცილებელია - არ არის უცილებელი“, „მომწონს - არ მომწონს“ გარეშე. ეს სამყაროს ცნობიერებაა, რომელიც მართავს საკუთარ, ე.წ. ბუნებრივ მიზეზებს. ცხადია, რომ სამყაროს რელიგიურ სურათს, როგორც სოლიფსისტურად ეგოცენტრულს ან სუბიექტურს, როგორც სამყაროს ანარეკლს ქვეცნობიერში, ან საერთოდ ან თითქმის საერთოდ არ უნდა გააჩნდეს ობიექტურობის იდეა (როგორც ველურ ადამიანს) - ან, თუ ობიექტურობის გრძნობა მეტნაკლებად უკვე გაძლიერდა ჩვენში, მოვახდინოთ ტრანსცენდენტურის პოსტულირება. ანუ რაღაცის, რაც არსებობს ბუნებრივად ობიექტურის მიღმა, მაგრამ ჩვენთვის ხილულად მოქმედებს, ამასთან აქვს საოცარი ძალაუფლება ობიექტურზე.
საერთოდ, ტრანსცენდენტური შეიძლება წარმოვიდგინოთ ისე, რომ იგი, იმყოფება რა ბუნებრივის მიღმა, ბუნებრივ სამყაროში მისგან ცალკე არ ვლინდება, თუმცა, შეიძლება, თვით ბუნებრივი შეადგენს მხოლოდ მის, ჩვენთვის ხილულ, ასპექტს. ამ თვალსაზრისით არ იქნებოდა სწორი გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ ზებუნებრივი დაიწყებს ბუნებრივში ჩარევას, თავისდა საწინააღმდეგოდ... ამასაც შეიძლება ეწოდოს ერთგვარი რელიგიურობა, მაგრამ აქ საუბარია ტრადიციულ, თეისტურ, ჩვეულებრივ რელიგიურობაზე. უკანასკნელისთვის ასეთი პოზიცია მხოლოდ კამუფლირებული ათეიზმია და სხვა არაფერი. რელიგიები სიზმარივითაა, რწმენა არ არსებობს სასწაულის გარეშე: ზებუნებრივის ბუნებრივში ჩარევის შესაძლებლობა, თვით ობიექტურობის დაძლევის, გადალახვის.

ღვთაების ან საკრალურის იდეა

ამრიგად, რელიგიური სულის უნივერსუმს მართავს არა თავად სული, არამედ ტრანსცენდენტური.
ვთქვათ, უნივერსუმი მოთავსებულია ეგოცენტრიკოსის სულში, მაგრამ „მწარე“ გამოცდილება არწმუნებს ყველას, და ეგოცენტრიკოსსაც, იმაში, რომ ის არ ექვემდებარება ნებასურვილს, როგორც არ ექვემდებარებიან სიზმრები, მოჩვენებები, მირაჟი ... სამყაროს ამ დაუქვემდებარებლობას საბოლოოდ არღვევს სუბიექტივიზმი, გამოჰყავს „მე“ მისი სოლიფსიზმიდან სამყაროს მიზეზობრიობის, ობიექტურობის, „თვითმსვლელობისკენ“. მაგრამ „პირველ ადამიანში“, ის უშუალოდ ჰბადებს სულ სხვა იდეას - ღვთაების იდეას: შეუცნობელი (ტრანსცენდენტური, ზებუნებრივი) ცოცხალი ძალის, უზენაესი ძალის, რომელიც მოქმედებს ამ სამყაროში და აიძულებს ანგარიში გაუწიოს მის სათავსაც კი, თვით ეგოცენტრიკოსს. შეუცნობელი დამაქვემდებარებელი - ეს საკრალურია. სამყაროში საკრალური ძალები, ალბათ, მრავლადაა, მაგრამ თითოეულ მათგანს უშუალო კავშირი აქვს ჩემთან, რომელმაც  ეს სამყარო მიიღო...

ერთიანი ღმერთის იდეა

ყველა ღვთაებრივი (საკრალური) ძალის ბაზისია ერთიანი ყოვლისშემძლე ღმერთი. ეს იდეა უცებ არ ჩნდება, მაგრამ საჭიროა, რადგან: ა) ადამიანისთვის ზოგადად დამახასიათებელია ეჭვის შეტანის ტენდენცია მრავალგვარობაში, ბ) უზენასი მიისწრაფის აბსოლუტისკენ, რომელიც მხოლობით რიცხვშია, და გ) ძალაუფლებისთვის დამახასიათებელია ერთმმართველობისკენ სწრაფვა ... ღმერთი - თავად ძალაუფლებაა, და ყველაფერი ჩემს უნივერსუმში მის განკარგულებასა და ხელშია.
ღმერთი ჩემზე მაღლაა უნივერსუმში,   რომლის ცენტრი მე ვარ. მე - ცენტრი ვარ, ღმერთი კი, რადგან მე მასზე არ მაქვს ძალაუფლება, პირდაპირ ჩემ ზევითაა; ის ჩემზე მაღლაა და, ამავე დროს, ჩემშია, და თუნდაც თავად მე მის წინაშე არაფერს წარმოვადგენ („მე ჭია ვარ“), ღმერთი ჩემშია („მე ღმერთი ვარ“) ... ის უფალია, მაგრამ მაინც ჩემშია, მის მონაში. ის მიუწვდომელია,  მაგრამ ეს ხელს არ უშლის იყოს ჩემთვის ხელმისაწვდომი. ის „იმ თვალით მხედავს, რომლითაც მე ვხედავ მას“. იგი განმსჯის, მწყალობს და მსჯის, მაგრამ მაინც ჩემთვის არსებობს; სხვა ადამიანები მით უმეტეს. ისინი მხოლოდ ჩემი შინაგანი სამყაროს გამოსახულებები არიან, რომელთა მაგალითზე ღმერთი რაღაცას მასწავლის... და მე შემიძლია მას მივმართო ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას, არ შემეშინდეს, რომ მოვბეზრდები მას, და ჩემ რიგს არ დაველოდო მის მრავალრიცხოვან საქმეებში. ჭეშმარიტად ამ სამყაროში რეალური ვართ მხოლოდ მე და ჩემი ღმერთი. რამდენი ჩემი მსგავსი ადამიანი ჰყავს  ღმერთს? რის გაკეთება შეუძლია მას პერსონალურად ჩემთვის ისე, რომ არ გააუქმოს სხვა მრავალრიცხოვანი ადამინისთვის გაკეთებული და ამისათვის არ შეცვალოს სამყარო?.. - შიში უსაფუძვლოა: მე ჩემს უნივერსუმში ერთი ვარ, ერთი ვარ ღმერთისთვისაც, და მას ძალა შესწევს ყველაფერი გააკეთოს ჩემთვის, რასაც  მოისურვებს.
ერთადერთი თვითღირებული ჩემ სამყაროში, რა თქმა უნდა, მე ვარ; ყველაფერ დანარჩენს მხოლოდ ფარდობითი ღირებულება აქვს - ჩემთან მიმართებაში. მაგრამ ჩემთვის მიუწვდომელი ჩემ უნივერსუმში უფალია, რომელზეც მთლიანად ვარ დამოკიდებული, ის ზეღირებულებაა, ის წმინდაა. მე მისთვის, როგორც საკუთარი თავისთვის,  ერთგული და ღვთისმოშიში მონა ვარ.

ღმერთი-პიროვნების იდეა

გასაგებია, რომ ღმერთს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ცოცხალი არსების, პიროვნების თვისებები: ანუ მოქმედებდეს ამ სამყაროში საკუთარი მიუწვდომელი თვითნებობით. სამყაროზე თვითნებობის შესაძლებლობის  იდეის გარეშე, მისი საოცრების იდეის გარეშე ღმერთი, სამყაროს დასაწყისი და მამოძრევებელი, გადაიქცეოდა „ბუნების კანონად“, მიზეზობრიობად, მაგრამ მიზეზობრიობა სოლიფსისტის გონებაში უნდა იყოს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გადასალახავი, როგორი გადასალახავიცაა ის სიზმარში. ღვთაების საოცრება მასში პიროვნებას გულისხმობს.
გარდა ამისა, ცნობიერებას სოლიფსისტურის დონეზე აბსტრაქციები არ ესმის. მათთან რომ ჰქონდეს მოქმედების შესაძლებლობა, მან უნდა „გააცოცხლოს“ ისინი; თეიზმში ჯერ კიდევ შემორჩენილია პირველყოფილი ანიმიზმი. გარკვეული თვალსაზრისით, თეისტური ღმერთი აბსოლუტური ჭეშმარიტების ცოცხალ მოდელს ჰგავს („ჭეშმარიტება ერთია“ – „ღმერთი უფალია“, „არსებობს უტყუარი ჭეშმარიტება“ – „ღმერთს ვერ შეედავები“, „სიმართლის იგნორირება ნიშნავს იმოქმედოს შენ საზიანოდ“ – „უნდა გწამდეს“ და „ღმერთი დასჯის“ ...) მეოცნებე სულისთვის გასაგებია მხოლოდ ღმერთი-პიროვნება, მისი ხატი და სახე. მხოლოდ ასეთ ღმერთს შეუძლია გახდეს ჩემი საკუთარი.

ღმერთმსახურების და ლოცვის იდეა

ვის უნდა ემსახურებოდეს ეგოცენტრული ადამიანი, თუ არა ღმერთს - იმას ჩემში, რაც ჩემზე ბატონობს? არ არსებობს უკეთესი და ყველაზე გონიერი გზა ემსახურო საკუთარ თავს. სხვათა შორის, ნებისმიერი ძალაუფლება ჩემზე ამ ჩემს სამყაროში, რა თქმა უნდა, ღმერთისგანაა (სხვაგვარად როგორ შეიძლება რომ იყოს?); ხოლო ამ სამყაროში ვემსახურო მათ, ვისაც ჩემზე ძალაუფლება არ აქვს, ჩემთვის უბრალოდ სისულელეა და დამამცირებელი. ემსახურო ღმერთს არ ნიშნავს ემსახურო ადამიანებს (მირაჟი ამად არ ღირს); მაგრამ შეიძლება ადამიანებსაც ემსახურო - ღვთის გულისათვის, თუ მას ასე სურს.
ველური თაყვანს სცემდა თავისი ღმერთების კულტს, ჯერ კიდევ თვალთმაქცობდა, ცდილობდა მათთვის რაღაც დაემალა, შეცდომაში შეჰყავდა და მათ გულს იგებდა მატერიალური მსხვერპლით - სწირავდა მათ საბრალო ხბოებს და კრავებს. დროთა განმავლობაში უკვე სხვა მსხვერპლი გახდა საჭირო, ემოციური, სიყვარულით, რადგან ჩვენში არსებული ღმერთი ჩვენში ყველაფერს ხედავს. ჩვენ უნდა ჩვენ სულს ღვთისმოსაობა მოვთხოვოთ. ეს უკვე თითქმის სინდისია ...
რა არის ლოცვა? - სურვილის დაძაბვა, რომელსაც სამყაროში, ისევე, როგორც სიზმარში, შეუძლია - ზოგჯერ გამოდის კიდეც - ყველაფრის შეცვლა ჩემთვის საჭირო მიმართულებით. („მიხსენ და შემიწყალე, დედაო ღვთისმშობელო; სოფლის განაპირა ქოხში ვცხოვრობ“. - დალი, რუსული იგავები). უდავო ობიექტურობა სამყაროს რელიგიურ სურათში არ არის, მის გარეშე კი სამყარო - მორწმუნის სიზმარია. თუ შევძელი კონცენტრირება,  შევძელი სწორად და საკმარისად მგზნებარედ გამომეხატა სურვილი - ღმერთი ისმენს ჩემს თხოვნას: ღმერთი სამყაროშია, სამყარო კი  ჩემში.
„გახსნილი გონება“ ყოველთვის ეკითხება, როგორ მოვექცეთ სამართლიანობას: ნუთუ ღმერთი, რომელიც ყველაფერს ხედავს, დაეხმარება მას, ვინც მუდარით ითხოვს წყალობას, და არა მას, ვინც ამას იმსახურებს და არაფერს ითხოვს?.. სოლიფსისტისთვისაც ძნელია იმ დასკვნამდე მისვლა, რომ ღმერთი სამართლიანობის მიხედვით კი არ აძლევს, არამედ მადლიერების. მაგრამ თავად მე (სოლიფსისტს) ეს პოზიცია მაინც სამართლიანად მიმაჩნია, რადგან საკუთარ თავს ვერავის შეადარებ, ამიტომ არსებობს მადლიერების მოპოვების გზები ... იმ ზედმეტად გულუბრყვილო განცდის გარეშე, რომ კარგია ის, რაც ჩემთვისაა კარგი, მადლიერების იდეას მაინც ვერ  მოინელებ.




წეს-ჩვეულების იდეა

ხდება რიტუალური, საწესჩვეულებო ქმედებების შედარება  სომნამბულურ ქმედებებთან. მათ შორის ნამდვილად არსებობს რაღაც უფრო მეტი, ვიდრე ზედაპირული მსგავსება. არც ერთ, არც მეორე შემთხვევაში არ არსებობს არც „რატომ“, არც „რისთვის“, მხოლოდ „ასეა საჭირო“. მართებული საქციელი, რომელიც დაშორებულია მის ობიექტურ მნიშვნელობას, ბუნებრივია, გამოიხატება ერთი და იმავე აქციების შეუპოვარ რეპროდუცირებაში, და თავად ეს აზრის არქონა, უნარი არ დასვა კითხვები, არაფრისადმი მორჩილება აქ წმინდაა. ასეთია რიტუალი, სადაც ყველაფერი რაღაცის გამო კი არ კეთდება, არამედ ოდითგანვე მოდის; ასეთია მისი ამქვეყნიური გაგრძელება - წესია, „ასეა საჭირო“, მორალური მოვალეობაა, რომელიც არ ექვემდებარება განხილვას.
შეიძლება დაისვას კითხვა: რაშია ამ წმინდა ბრძოლის მნიშვნელობა აზრთან? - აზრის გარეშე არაფერი არ არსებობს, და ამ შემთხვევაში, ალბათ იმაშია, რომ გააზრებული ობიექტური რეაგირება სამყაროზე ძნელია, ხოლო მექანიკური უაზრობა, ისიც საუკუნეების მანძილზე გამოცდილი, ცხოველური ინსტიქტის მსგავსი, როგორღაც ეხმარება. მთვარეული რომ სახურავზე გააღვიძო, ის ჩამოვარდება; დაარწმუნე მორწმუნე, რომ ღმერთი იმისთვის არ არსებობს, რომ გაწრვთნას იგი, და მას თავზარი დაეცემა: „ნუთუ ყველაფერი ნებადართულია?“ ... წმინდა უაზრობის მნიშვნელობა ასევე იმაშია, რომ სამყაროსადმი ობიექტური მიდგომა აუცილებლად დამაყენებს მისი ავტონომიისა და თვითღირებულების გაცნობიერების წინაშე, და ეს დაანგრევს ჩემთვის მოხერხებულ და კომფორტულ სოლიფსიზმს.

 „ჭეშმარიტი რწმენის“ იდეა

ის ფაქტი, რომ „ჭეშმარიტი რწმენა“ შეიძლება თითქმის დაბადებიდან გქონდეს, ზოგიერთი საკრალურ-სომნამბულური პროცედურების (წინადაცვეთა, ნათლობა) შედეგად, რა თქმა უნდა, ახირებაა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, მათ შორის, „პრიმიტიული სოლიფსიზმის“ გაგებით.
სოციუმის მხრიდან ეს ნიშნავს ჩემს „მისიანად“ ზიარებას იმ ადამიანად, ვინც „უცხოთა“ წინაშე წმინდაა (ყოველგვარი სიმართლის გარეშეა მართალი), და ვისთანაც, შესაბამისად, „ჭეშმარიტი ღმერთია“. უცხოს შეიძლება უამრავი ღირსება გააჩნდეს, და მაინც (ეს კოლექტიური სოლიფსიზმის მაგალითია) - რატომღაც თავის თავად ნათელი ხდება, რომ ღმერთი ჩვენთანაა: ჩვენ ხომ - ჩვენ ვართ ... ვთქვათ, დასავლეთი „ლპება“, როგორც ამას  სლავიანოფილები გვასწავლიდნენ, „ზეციურმა მამამ კი მთელი რუსეთი კიდედან კიდემდე შემოიარა და კურთხევა მისცა მას“; მერე რა, რომ მათ პროგრესი აქვთ, სამაგიეროდ ჩვენ - სამყაროს შუქურა ვართ. და ა.შ., და ა.შ.
მე კი (ეგოცენტრიკოსს) პირადად წარმოუდგენლად გამიმართლა, რომ ზუსტად იმ დროს და იმ ადგილას დავიბადე, რომელსაც პატივი დადო თავისი იქ ყოფნით „ჭეშმარიტმა ღმერთმა“, და ეს არ წარმოადგენს თავსატეხს. სხვაგან სად უნდა ყოფილიყო, თუ არა უნივერსუმის ცენტრში, იქ,  სადაც მე ვარ? მე „ღმერთში“ ვარ, რადგან ღმერთი ჩემშია ... ის, რომ მე არ ვიცი მისი კონკრეტული მოძღვრება (მაგალითად, რით განსხვავდება ჩემი მშობლიური მართლმადიდებლობა უცხო კათოლიკობისგან, ან პირიქით), სრულებით არ მაშორებს ჩემ ღმერთს. ჩვენ ხომ „ჩვენიანები“ ვართ და ჩემი „უბრალოება“  „წმინდაა“.
... მაგრამ როგორი ბოროტებით გამოირჩევა ჩვენი წინაპრების ეს გულუბრყვილო რწმენა! შორს წასვლა არ დაგვჭირდება, ვიღაც ვაჰაბიტებთან. წაიკითხეთ თუნდაც „ღმერთის განკითხვის დღე. ხილვა გრიგორისა, მოწაფისა წმიდა და ღმერთშემოსილი მამისა ჩვენისა ბასილი ახალი კონსტანტინეპოლელისა“ (გამოიცა პატრიარქის კურთხევით 2001 წელს და ყოველგვარი ისტორიული განმარტებების გარეშე 10 000 ეგზემპლარად), თუნდაც აპოკალიფსში ჩაიხედეთ. ეს ხომ ფხიზელი ადამიანისთვის ვიღაც ჭკუანაკლები ჩიკატილოს ბოდვაა (და თუ ბოდვა არა, ნამდვილი სისხლის სამართლის დანაშაული). თანამედროვე მორწმუნე ინტელიგენტი, რა თქმა უნდა, არ გისურვებთ, თუ თქვენ ებრაელი ან თავისუფლად მოზროვნე ადამიანი ხართ, არც მარადიულ ცეცხლს, არც კომბალს, არც „წმინდა ანგელოზთა“ კვერთხს და ხმალს, მისთვის არ იქნებოდა სასიამოვნო წარმოედგინა თქვენი შემზარავი ყვირილი და კვნესა და ამაო მიმართვა „კაცთმოყვარე ქრისტესადმი“ და ა.შ. უბრალოდ ყველაფრის იმის დაჯერება (თითქოს დაჯერება), რის დაჯერებაც სერიოზულად მხოლოდ ურჩხულს, სადისტის მიდრეკილებების მქონე იდიოტს შეუძლია, მისთვის შედის რელიგიურ რიტუალში. უკანასკნელის შესრულება შეიძლება სომნამბულურ პერსონალურ სამყაროში, რომელიც ნორმალურ შემთხვევაში რეალურ სამყაროში არაფერს არ განსაზღვრავს.
... ჭეშმარიტად, „უკეთესია არავითარი აზრი არ გქონდეს ღმერთზე, ვიდრე ისეთი, რომელიც მას არ ეკადრება“ (ფრ.ბეკონი)

ქმნილების იდეა

უნივერსუმი - ჩემი (ეგოცენტრიკოსის) ხედვაა, რომელიც არამც თუ უშუალოდ არ მექვემდებარება (მხოლოდ ღვთის ნებით, რომელზეც შემიძლია გავლენა მოვახდინო), მაგრამ ისიც კი უცნობია, თუ როგორ გაჩნდა ჩემში; ყოველ შემთხვევაში, არ მახსოვს, რომ მე შემექმნა. იგი ჩემთან ერთად დაიბადა, ე.ი. მას, როგორც მე, აქვს დასაწყისი; მე არ შემიქმნია, ე.ი.  შექმნა იმ შეუცნობელმა, რომელიც ჩემშია და ჩემზე ძლიერია - ჩემმა ღმერთმა.
მაგრამ ხომ არ უარყოფს ქმნილება, როგორც ეს ლეგენდაშია აღწერილი, ჩემი სოლიფსიზმის საფუძველს?
მართლაც: იმ დღეებში, როდესაც ბიბლიური ღმერთი ქმნიდა სამყაროს, მე არ ვყოფილვარ. ლოგიკურად, შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ სამყარო არსებობს ჩემგან დამოუკიდებლად, მე კი მხოლოდ სამყაროს ნაწილი ვარ, და არა პირიქით. მაგრამ ეს - ლოგიკურად, ლოგიკა კი რელიგიურ სულში როლს არ თამაშობს; თუმცა, თვით გზა, რომელსაც, გადმოცემის თანახმად, ღმერთი იყენებდა სამყაროს შექმნისას, უარყოფს ნებისმიერ ლოგიკას, და მხოლოდ ეს ერთი მაძლევს უფლებას, რომ არ შევშფოთდე. გარდა ამისა, წარსული ჩვეულებრივ ცნობიერებაში განსაკუთრებით რეალური  არ არის - რაც იყო, ის აღარ არის (ალბათ, ამიტომ ისტორიამ ვერაფერი ვერ ასწავლა ხალხს). ასე რომ, თუმცა სამყარო ჩემამდეც არსებობდა, ეს ფაქტი, სხვა ფაქტთან ერთად, არსებობდა მხოლოდ ჩემში ...



უკვდავების იდეა

 „მე ვაზროვნებ, (მე ვგრძნობ ჩემ თავს), მაშასადამე ვარსებობ“ (გავიხსენოთ დეკარტე); სხვა დანარჩენის არსებობა საეჭვოა, მაგრამ არა ჩემი. ხომ არ შეიძლება, რომ საეჭვო უფრო მეტხანს არსებობდეს ვიდრე უცილობელი!
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ. მე უნივერსუმის ცენტრში ვარ ის კი ჩემში. ამიტომ, თუ ლოგიკურია წარმოდგენა ამ უნივერსუმში რაიმეს არსებობის შეწყვეტისა, მხოლოდ ჩემი არსებობისა არა. მე ხომ ერთადერთი და შეუცვლელი ვარ უნივერსუმში, ჩემთან ერთად კი ისიც გაქრება;  დანარჩენი (ან დანარჩენები) - მხოლოდ წვრილმანია! სხვის სიკვდილი ჩემთვის ძალიან სამწუხაროა (მე ამას ვუწოდებ „დანაკლისს“, ანუ რაღაც ჩემთვის ძვირფასის დაკარგვას, მაგრამ რომლის შეცვლა შესაძლებელია), ჩემი  კი აბსურდია!
თუ მე აღმოვჩნდები ისეთ სიტუაციაში, რომელიც მეტისმეტად მომაგონებს იმას, რომელშიც სხვები იღუპებიან, ესე იგი უნდა მოვიდეს ხსნა, და ის ჩემი ღმერთისგან მოვა. მე, ფაქტობრივად, უნდა იყო მარადიული, ხომ არ შეიძლება, რომ ჩემ სამყაროში სხვამ უფრო დიდხანს იცოცხლოს, ღმერთი კი ყოვლისშემძლეა და მისი ამოცანაა ამის  გარანტია მომცეს. ალბათ, გარკვეული პირობით ...

სამოთხის და ჯოჯოხეთის იდეა

... და ღმერთი მე გადამარჩენს, მაგრამ უკვე არა ამ წარმავალი, არამედ სხვა და უკეთესი, ტრანსცენდენტური სამყროსთვის, სადაც ის სრულად ბატონობს, - „ზეცაში“: სამოთხისთვის. ახლა ღმერთი ჩემთანაა, ეს კი გარკვეულ სირთულეებს იწვევს; მაშინ კი მე ღმერთთან ვიქნები. რაც შემდეგს ნიშნავს: ჩემი შინაგანი სამყაროს იმ ნაწილში, სადაც ოცნებას, სასწაულებრივად, უკვე აღარ ეწინააღმდეგება არავითარი უძლეველობა.
ობიექტურად რჩეულთათვის ნეტარების წარმოდგენა არ შეიძლება. რა ბედნიერება იქნება, თუ მე მოკლებული ვარ ბევრ მათგანს, რომლებიც მე, როგორც ეგოცენტრიკოსს, მიყვარს? და თუ, ვთქვათ, ეს მუსლიმანური სამოთხეა, რა ბედნიერება იქნება ჩემთვის სამოცდაათი ქალწულის ფლობა, თუ ეს არ შეეწყობა თავად ამ ქალწულთა ბედნიერებას, და სად უნდა მოვნახოთ ამდენი, და ა.შ.? ლოგიკის და გონების ადგილი აქ არ არის; ყველაფერ ამის სერიოზულად გარკვევისას, სულელდები ... ყველა ეს სასაცილო საკითხი არ ეხება სომნამბულას, მორწმუნე ეგოცენტრიკოს. ობიექტურობა აქ არაფერ შუაშია. სამოთხე - ეს საბოლოო ხსნაა ობიექტურისგან; ეს უნივერსუმია, რომელშიც აღარ იქნება არაფერი თავშემაწყენელი და დაუქვემდებარებელი; ეს სიზმარია, რომელსაც ოცნების მნიშვნელობა აქვს...
ობიექტური კი, როგორც სამყაროში შემავალი ბოროტება, რომელსაც მართავს როგორც ღმერთი, ისე სატანა,  საბოლოოდ სატანასთან გადავა და ჯოჯოხეთს შექმნის.

გონების რელიგიური იდეა

ძნელი არ არის იმის დანახვა, რომ ობიექტურობა ჩვენშია, ან გონება, რელიგიური სოლიფსისტური უნივერსუმის პირველი და ბუნებრივი მტერია. რატომა არსებობს ყველა ბოროტება მსოფლიოში? იმის გამო, რომ ყველა „მეტად ჭკვიანი“ გახდა“. ზოგადად, გონება „სატანაა“, „მაცდური გველი“; ის, ცოდნის ხის  ნაყოფთან ერთად, მე, „პირველ ადამიანს“, სამოთხიდან მიშვებს იქ, სადაც გარდაუვალია სიკვდილი, ტანჯვა და შრომა; ობიექტურობის ჯოჯოხეთთან სიახლოვეს ...

რელიგიური ჭეშმარიტება

რელიგიური ჭეშმარიტება, ეს სახე-მეტაფორა, იმაზე კი არ საუბრობს, რაც ობიექტურ სამყაროშია, და იმაზეც კი არა, თუ რა არის სასურველი, რომ ნახო, არამედ ორიენტირს მაძლევს ჩემ სუბიექტურ სამყაროში, მასწავლის იმას, რომ ჩემი სალოცავების წინაშე უნდა ვიფიქრო. გონების თვალსაზრისით აბსურდული ვალდებულება იფიქრო ამაზე და ამაზე, რომელიც ფორმულირებულია დოგმატში ფსევდოლოგიურ ენაზე, რწმენის არსია. „მწამს, რადგან აბსურდულია“, ამიტომ მე უკან ვიხევ ჩემ სოლიფსისტურ სამყაროში, რადგან ობიექტურ სამყაროში დოგმატს არაფერი ესაქმება, რწმენა მასში არ შეიძლება იყოს უფრო ძლიერი, ვიდრე ფაქტები.
ამრიგად, რელიგიური ჭეშმარიტება მშვენიერია. „სასწაული - უჩვეულო მოვლენაა, რომელიც უნდა მომხდარიყო“ (ვ.კროტოვი). მაგრამ ის ნამდვილად მოხდა თუ მხოლოდ უნდა მომხდარიყო? - რელიგიურ უნივერსუმში ეს ძნელად გასარჩევი, როგორც ძნელად გასარჩევი სუბიექტურობა და ობიექტურობა.
სხვა რეალიების (ჩემი სამყაროს მოვლენების) უძლეველობა თავისთავად ძალიან არ მიბნევს თავგზას; ყველაფერი ისე რომ ყოფილიყო, როგორც მე მინდა, რაღა იქნებოდა ღვთის ნება? მაგრამ ნამდვილი სატანა გონებაა, რომელიც ჩამჩურჩულებს ზოგადად ობიექტური ჭეშმარიტების უძლეველობის შესახებ.
რელიგიური ცნობიერება, რა თქმა უნდა, სახიფათო სიახლოვეში აღმოჩნდება იმასთან, რომ დასაშვები გახდეს გარკვეული მანიპულირება ნაკლებად მნიშვნელოვან ობიექტურ სამყაროში ნამდვილი სამყაროს ჭეშმარიტების განმტკიცების გამო. ძველად ადამიანი თავისი ხელით ქმნიდა კერპებს, და ისინი მისი ღმერთები იყვნენ. გამოსახულების და ფაქტის განსხვავება არ ხდებოდა, წარმოსახვითი და რეალური საზღვრები სოლიფსისტურ სამყაროში გამტარია; დღეს ხელთქმნილი გამოსახულებები მოითხოვენ მხოლოდ მცირე სასწაულქმედებას, რომ ხელთუქმნელი, წმინდა გახდეს. ბევრია საჭირო იმისთვის, რომ ამ გამოსახულებებს, ვთქვათ, საჭირო დროს სურნელოვანი ფისი ჩამოსდიოდეთ თვალთაგან? .. როგორც პოლიტიკაში, რომელსაც რელიგია სწორედ ამ ნიადაგზე ადვილად უერთდება, აქ უმართლობა უხამსი სიცრუე არ არის, არამედ ადამიანისთვის საჭირო (ან, სავარაუდუდ, საჭირო) შიდა რეალიების, „ღირებულებების“ შექმნა და განმტკიცებაა.

მოწოდების იდეა

მე სამყაროს ცენტრი ვარ და, შესაბამისად, მის არსს წარმოვადგენ. როდესაც ეგოცენტრიკოსი რატომღაც კარგავს რწმენას მის უკვდავებაში, ამ შემთხვევაში მისთვის გაუგებარი ხდება მისი ცხოვრების აზრი. ფაქტობრივად, იმაში ხომ არ არის, რომ დაეხმარო იცხოვროს მან, ვინც მის შემდეგ რჩება - მაგრამ ეს მე რატომ უნდა მეხებოდეს! და საერთოდ რას წარმოადგენენ ისინი, თუ არა ჩემს მირაჟს! - მაგრამ ღმერთი მპირდება უკვდავებას და ეს აძლევს აზრს ჩემ ცხოვრებას.
გარდა ამისა, მე ყოველთვის ჩემ ღმერთთან ვარ და, შესაბამისად, ჩემ ცხოვრებას აზრი აქვს: რამეს კი არ ვაკეთებ, არამედ იმას, რაც მას სურს ან არ სურს. თუ თავს კარგად ვგრძნობ, ეს ნიშნავს, რომ ღმერთი მიწყობს  ხელს, თუ ცუდად - მსჯის. ღმერთმა შექმნა ჩემი სამყარო, რომლის ცენტრშიც ვარ, და უკვე ნათელია, რომ ჩემი როლი ამ სამყაროში თავად ღმერთისთვისაა მნიშვნელოვანი. უცნაურია მხოლოდ, რომ მე ყოველთვის არ შემიძლია ამ როლის ამოცნობა, მაგრამ ზმანების სამყაროში ბევრი რამაა უცნაური,  თუ საერთოდ ყველაფერი არაა უცნაური.
... მაგრამ ეგოცენტრიკოსისთვის საზიანოა ფიქრი: ეს ხომ იმის მანიშნებელია, რომ საკუთარ თავს გაუწიო ანგარიში ობიექტურობაში, ყველაფერი აწონ-დაწონო, შეადარო და მისი ადგილი მიუჩინო ცხოვრების საერთო სურათში, რაც აუცილებლად გამოიწვევს ჩემ (ეგოცენტრიკოსის) გადაადგილებას სამყაროს ღერძიდან, და მე აღარ დავრჩები ყურადღების ცენტრში. ასე, მაგალითად, როდესაც მზე და სფეროები დედამიწის, ჩემი სახლის გარშემო მოძრაობდნენ, ამაში არის აზრი, ჩემ ღვთაებრივ დანიშნულებაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია. მაგრამ ასტრონომია ჩაერია, თითქოს ყოველივე ცოდვილი განზრახვის (ფორთხვით, როგორც ბიბლიური გველი) გარეშე და შეარყია ჩემი ნეტარი სოლიფსიზმი ...

არსებულის სამართლიანობის იდეა

ღმერთი ყოველთვის ჩემთან ერთადაა, და, ამრიგად, ყველაფერი, რაც არსებობს, უნდა იყოს სამართლიანი, ეს საუკეთესო სამყაროა. „თეოდიცეი“ - ეს უკვე მკრეხელობაა: ღმერთის გამართლება! რასაც ღმერთი აკეთებს, კარგიც ის არის (და ისე კი არა, რომ ღმერთისგან ყოველთვის უნდა ელოდო მხოლოდ კარგს: განა ღმერთი ვინმესგან დავალებულია? ღმერთს კი არ განსჯიან, ღმერთი განსჯის).
... რა თქმა უნდა, რომ არ იყოს ის დამახინჯებული პერსპექტივა, რომელიც ამცირებს თანაგრძნობის ტკივილს სხვისი უბედურების მიმართ იმისდა მიხედვით, თუ რამდენადაა ის დაცილებული ჩვენგან,  ჩვენ ერთ წამსაც ვერ ვიცხოვრებდით დედამიწაზე, და უბრალოდ ფერფლად ვიქცეოდით. თუ ზოგადად სამართლიანია სურვილი გააგრძელო ცხოვრება, მიუხედავად ყველაფერ იმ საშინელებისა, რაც ხდება ყოველ წამს დედამიწაზე, შეინარჩუნო შედარებითი სიმშვიდე და შვილებიც გააჩინო, მაშინ ეს „პერსპექტივიზმიც“, სოლიფსიზმის ღვიძლი ძმა, სამართლიანი იქნება. თუმცა, ყველაფერში, რაც ოდნავადაც კი აღმოაჩენს თავის დამოკიდებულებას პირადად ჩვენზე (სამწუხაროდ, ზოგჯერ სპონტანურად), ნორმალურმა წარმოსახვამ დაუყოვნებლივ უნდა აღადგინოს ობიექტური სურათი. „სოლიფსისტს“ ასეთი წარმოსახვა არ გააჩნია. გეტოს ტუსაღის ბედი მისთვის მხოლოდ ერთი ფურცელია წიგნში, მიწისძვრის მსხვერპლი - სურათი ეკრანზე; ერთია „დიდი ხნის წინ მომხდარი და არ შეესაბამება სიმართლეს“, მეორე „შორს მომხდარი და არ შეესაბამება სიმართლეს“ (არ შეესაბამება სიმართლეს, ე.ი.  არარეალურია). სწორედ სუსტი წარმოსახვა, და არა მისი ძალა, გარდაქმნის რეალურ სამყაროს მოჩვენებითად ...
ამრიგად, უამრავი უბედურება, რომელიც თავს დაატყდა და ატყდება უამრავ ადამიანს, არაა ჩემი (ეგოცენტრიკოსის) უბედურება, და სამყაროს უსამართლობაში ვერ დამარწმუნებს, რადგან სხვები ჩემთვის არსებობენ სხვა, ქვედა „ონტოლოგიურ კატეგორიაში“. ზოგიერთი მათგანი დაიბადა, რომ მალე დაღუპულიყო, ზოგიერთი, ყოველგვარი დანაშაულის გარეშე აღმოჩნდა გაზის კამერაში. ყველა ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, შეიძლება მე ნამდვილად არ მომწონდეს, ნერვებზე მოქმედებდეს და გამიჩინოს ბუნდოვანი უნდობლობა სამყაროს სიმართლეში, მაგრამ მაინც ვერ „გადამარწმუნებენ სამართლიანობაში“, ანუ იმაში, რომ ღვთიური სამყარო  იქნება სამართლიანი ჩემ მიმართ. ჩვენში არსებულმა შეუცნობელმა ხომ საერთოდ არ იცის, რა არის ფაქტიურობა. როგორც გოეთე ამბობდა, ყველა თავს პრივილეგირებულად გრძნობს“. ასე რომ, რადგან მე მწამს ღმერთის არსებობა სამყაროში, „ჩემი რწმენა მე გადამარჩენს“, საბოლოოდ, ჩემთვის ყველაფერი კარგად უნდა იყოს; ამ შემთხვევაში, ცხადია, სამყარო იქნება სამართლიანი მთავარში, მას მხოლოდ ეს მოეთხოვება.
რაც შეეხება უსიამოვნებებს, რომლებიც მაინც შეგვემთხვევა, აქ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ისინი წარმოადგენენ ღვთის გეგმის ნაწილს ჩემთან მიმართებაში - ამაო არ არის და, როგორც ჩანს, რაღაცით ვიქნები დაჯილდოვებული. დავკარგე ახლობელი ადამიანი? - ეს ღმერთი მე გამოცდას მიწყობს, ამიტომ სულიერად არ დავეცემი. რაც არ უნდა გააკეთოს ღმერთმა, ყველაფერი უკეთესობისკენაა მიმართული (გამახსენდა: ერთხელ ასე ვიღაც ცდილობდა დაემშვიდებინა მისი მეუღლე მათი საერთო შვილის დაღუპვის გამო, თუმცა ამის შემდეგ მეუღლემ ის მიატოვა). სამყარო მე მეჩვენება, ხოლო ჩემი ზმანება, ტკბილია ის თუ  მწარე, მაცდური თუ საშიში, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემთვის არსებობს. როგორ შეიძლება არ დაიჯერო, რომ მე საბოლოოდ ამას აღმოვაჩენ - სამყაროს სურათიდან საბოლოოდ წაიშლება „შემთხვევითი თვისებები“, და,  ამდენად, სამართლიანობა მთელი ბრწყინვალებით წარმოგვიდგება?..

სიკეთის რელიგიური იდეა

სიკეთე ისაა, რაც ჩემ ღმერთს სურს.
სხვა ადამიანებს მე (მორწმუნე ეგოცენტრიკოსი) არ ვემსახურები, მხოლოდ მონად თუ მაქცევენ; იმ შემთხვევაში, თუ მათ ჩემზე ძალაუფლება არ გააჩნიათ, ისინი თითქოს არც კი არსებობენ ჩემთვის, და ჩემი ზნეობრიობის აზრს ნამდვილად არ წარმოადგენენ.
მე ღმერთის მონა ვარ, ეს არის ჩემი მორალი და ღირსება. მხოლოდ მას შეუძლია დამარიგოს, როგორ უნდა მოვიქცე სხვებთან მიმართებაში, და წმიდა ღვთის შიში მაიძულებს დავემორჩილო მათ. შეიძლება შემეკითხონ, რატომ უნდა შეიწუხოს მან თავი შენი ზნეობრიობის გამო? - ის ძირითადად ჩემითაა დაკავებული, თუმცა არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე.  - ამ შემთხვევაში რისთვის სჭირდება სხვები, თუ შენ ერთი ჰყავხარ? - სამწუხაროდ, მე ჯერ კიდევ ძალიან ვარ მათზე დამოკიდებული. - რატომაა მცნებები ამგვარი და არა სხვა? - ეს მე არ მეხება, მაგრამ მისი ნება იყო სხვაც მიეცა. მაგალითად: „არა კლა“, მაგრამ, თუ ღმერთი მოითხოვს, როგორც მან მოთხოვა ერთხელ მართალს მსხვერპლად შეეწირა შვილი, მაშინ  ღვთის გულისთვის „მოკვლაც“ შეიძლება. სიკეთე - ეს ღვთის ნებაა, მორალი კი ჩემი სრული მორჩილება. „და ღმერთი, რომელიც ხედავს დაფარულს, მომიზღავს (მე) ცხადად“.

მარხვის და ასკეტიზმის იდეა

ბავშვობის, ათეისტური პერიოდის წლებში ავტორი ფიქრობდა, რომ მარხვის მნიშვნელობაა თავის შეკავება დედამიწაზე არსებული გადამეტებული ბოროტებისგან, მკვლელობებისგან; მას არ ესმოდა მხოლოდ, რატომ შეეძლო ადამიანს, რომელიც მარხვას ინახავდა, თევზი ეჭამა, ხოლო უწყინარი კარაქი - არა. მისთვის აღმოჩენა იყო, რომ ეს მნიშვნელობა - მსხვერპლთშეწირვაა: არ შეჭმა -  იგივეა, რაც დასაკლავად გაწირვა ...
რამდენად ცოტას ნიშნავენ სიკეთე-ღვთისმოსაობის რელიგიურ იდეაში სხვა სულები და მათი კეთილდღეობა  ჩანს ასკეზის იდეაში. ღვთის წინაშე დამსახურება აქ იმით კი არ განისაზღვრება, თუ რა გავეცი მე სხვისთვის (რეალურად სხვა არც მაშინ არსებობს, როდესაც მე გარეგნულად ამით ვარ დაკავებული), არამედ იმით, თუ რა წავართვი, ღვთის გულისთვის, ჩემ თავს (ღვთის წინაშე ხომ მარტო მე ვარ რეალური და მნიშვნელოვანი).
საინტერესოა, რომ ქრისტე არასდროს არ ქადაგებდა ასკეტიზმს. ის არ ქადაგებდა მომხვეჭელობას, ასწავლიდა ყოფილიყვნენ გულუხვნი, მაგრამ ეს სულ სხვა რამაა: ეს არის უნარი მისცე შენი სხვას; ასკეტი კი თავისას გაანადგურებს, ოღონდ სხვას არ მისცეს. ის ასევე ასწავლიდა ყოფილიყვნენ უფრო ბედნიერი, ამბობდა, რომ კარგი ხის ამოცნობა მისი ნაყოფით (რეალური სიკეთით, სხვებისთვის მოტანილი სარგებლობით) შეიძლება. თუმცა, რელიგიურმა სულმა მშვიდად შეიტანა შესწორება ღვთისშვილის მიერ ნათქვამში.
სათნოება მხოლოდ მსხვერპლია; ღმერთისათვის შეწირული მსხვერპლი. თუ ჩემი ღმერთი ყველაფერში არ მიწყობს ხელს, როგორც ჩანს, ის ეჭვიანობს ჩემზე, რადგან ჩემთვის უცხო არ არის ქვეყნად არსებული ბედნიერების გრძნობა, ამიტომ მე ჩემს სამყაროში  უნდა შევვიწროვდე მის გულისთვის და ადგილი დავუთმო მას. და მე ზოგჯერ შევწირავ მას (უაზროდ ვკლავ) საბრალო „გასუქებულ ზვარაკს“, ზოგჯერ კი, ღვთისმოსაობით აღვსილი, საკუთარ ხორცს ...

რელიგიური ნუგეშის იდეა

ყველაზე ნაკლებად მინდა ვინმეს წავართვა ნუგეშის იმედი. ან, საერთოდ, ვინ აძლევს სიტყვებს მნიშვნელობას ...
... ალბათ, დიდმა შოკმა, მაგალითად, მათთვის, ვინც კატასტროფაში მოყვა, შეიძლება გამოიწვიოს განსაკუთრებული შეშლილობა - რელიგიური. ნებისმიერი შეშლილობა აუტიზმით იწყება და ჰგავს ცნობიერის ოკუპაციას ქვეცნობიერით, პაციენტის ცხად სიზმარში შეყვანას, რომელშიც სამყარო და იქ მოქმედი ყველა პირი გარდაიქმნება ამ სიზმრის სახეებად. გაუსაძლის თანაგრძნობას და შიშს საკუთარი თავის გამო შეიძლება ადამიანი ჩააგდოს ერთგვარ სოლიფსიზმში, სადაც ამქვეყნიური ტრაგედიის სხვა პერსონაჟები თითქოს საერთოდ კარგავენ დამოუკიდებელ მნიშვნელობას, ხოლო ღმერთი თავს პირადად მას მიუძღვნის. ამ შემთხვევაში, ვინმეს გამო გადამეტებული მწუხარება ცოდვაც კია (და ამის გაცნობიერებაც ასევე მანუგეშებელია), რადგან ეს ნიშნავდა ღმერთის წინააღმდეგ დრტვინვას... შესაძლოა,  ქალბატონის შემთხვევა ეპიგრაფიდან, რომელიც სასწაულებრივ გადაურჩა ასობით მეზობლის, ტერაქტის  მსხვერპლთა, საშინელ ხვედრს, - სწორედ ესაა.
„კურსკზე“ დაღუპულ წყალქვეშა ფლოტის მეზღვაურთა გაუბედურუბელმა ნათესავებმა თავის სოფელში ეკლესია ააშენეს. ღმერთმა, რომელმაც არ შეიბრალა და არ გადაარჩინა, მხოლოდ განიმტკიცა „თავისი პოზიციები“, რწმენა. ერთის მხრივ, ეს გასაგებია - თუ ხდება მომავალი ცხოვრების განმტკიცება, ამ შემთხვევაში დანაკლისის სიმწარე ამ დედამიწაზე აბსოლუტური არ არის. მაგრამ მაინც როგორ შეიძლება ყოვლისშემძლის წარმოუდგენელი სისასტიკის გამართლება? როგორ უნდა გიყვარდეს და აფასებდე იმის ხატს, ვინც მკვდრეთით აღადგენს, თუ მოისურვებს, მაგრამ ჯერ ასე საშინლად დასჯის უცოდველს?..
ძალიან რთულია კანონიკურად რელიგიური ნუგეშის მიღება, თუ არა განსაკუთრებულ სომნამბულურ სამყაროს ძალაუფლება, სადაც ნებისმიერი რეალობა, მათ შორის, მორალური, საერთოდ კარგავს აზრს. და დარჩები მხოლოდ შენ და შენი მიუწვდომელი მოვალეობა ამ ირეალური სამყაროს ძალაუფლების წინაშე.

                                                    * * *
ასე რომ, დღეს მორწმუნე საკუთარ ობიექტურობაზე (ანუ გონებაზე) გარკვეული ძალადობის ფასად აცოცხლებს თავის თავში გარკვეულ არქაულ ინსტინქტებს, რომლებიც ვერ გაქრებოდნენ ჩვენში უკვალოდ, და ეფლობა თავის მყუდრო ეგოცენტრულ სამყაროში, სადაც ყოველთვის თავის ღმერთთან ერთად არის და სადაც პოულობს ყველაფერს, რაც მის სულს სჭირდება ... ძალაუფლებას მოიპოვებს  ულმობელ ბუნებრივზე, აღმოაჩენს ცხოვრების მნიშვნელობას და ძლევს სიკვდილს, მოიპოვებს ზომიერებას და სიმტკიცეს კეთილშობილებაში ...


შენიშვნები 2009 .
(*) ტელერეპორტაჟიდან აღებულ ციტატას, რომელიც ეპიგრაფად გამოვიყენე, მე დავამატებ ამონარიდს ბევრად უფრო გამოცდილი მოაზროვნის, ვიდრე რეპორტაჟის გულუბრყვილო გმირი ნატალიაა, დანიილ გრანინის წიგნიდან „ჩემი მეხსიერების უცნაურობები“, რომელიც გამოვიდა 2008 წელს. (ჩემი სტატია პირველად დაიბეჭდა 2005 წელს რუსული გეოგრაფიული საზოგადოების (РГО) ალმანახში „საერო კავშირი“ («Светский союз»)). გრანინის ციტირებას ვახდენ საიტის «Светский гуманист» მიხედვით.
„ათეისტები არ არსებობენ. ფაქტობრივად, ყველა ადამიანს, თუნდაც ფარულად, სწამს უზენაესი ძალის, განგების, ბედის, ბედისწერის ... დგება დრო: ომის, ავადმყოფობის, ახლობლების ტანჯვის, მათი დაღუპვის, ტრაგიკული განსაცდელის; და ის ევედრება თავის მფარველს: მიხსენ! შემიწყალე! დამიცავი!“ "
მისმა პირადმა, საიდუმლო ყოვლისშემძლემ უნდა იხსნას.
რამდენჯერ მინახავს ეს, რამდენჯერ მომისმენია ომის ოთხი წლის მანძილზე. რამდენჯერ მე, ურწმუნო, მორწმუნე გავმხდარვარ - ბრძოლის წინ, არტსროლის დროს, დაზვერვაში, როდესაც დავიკარგე, როდესაც ღამით დავიბენი, აღარ მესმოდა, სად არიან ჩვენები და სად გერმანელები. როდესაც მამა ავად გახდა ... ვინ იცის ... ცოცხალი დავრჩი, ვახერხებდი თავი დამეღწია, და რა? არაფერი, რწმენა არ გამიჩნდა, სრულიად, და არც გრძნობა მქონდა, რომ ის დამეხმარა,  ყველაფერს ვაწერდი საკუთარ თავს ან ბედნიერ შემთხვევას. მაგრამ სადღაც მაინც გროვდებოდა  მადლიერების გრძნობა, საოცარი შეგრძნება უბრალოდ სიცოცხლის კი არა, არამედ ჩემი სიცოცხლისა.
         არ ვიცი, შესაძლოა, მსგავსი რამ სხვებთანაც ხდება, მაგრამ მე წლების განმავლობაში გამიჩნდა ჩემი ცხოვრების საოცრების ეს განცდა, ხოლო რწმენა, ალბათ, თვით საოცრების ბუნებაშია. ყოველ შემთხვევაში, ის ვლინდება სულის ან სხვა ხორცის მიუწვდომელობაშ, საიდუმლოების ხილვაში. ასაკი აქ არაფერ შუაშია. ალბათ, ეს არის რწმენა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“.  (გვ. 321)
ამ ტიპის ყველა ურიცხვი მოწმობა სილოგიზმს ჰგავს, რომელშიც ერთ-ერთი მინიშნება გამოტოვებულია, რადგან, ერთი მხრივ, მისი ფორმულირება რთულია, ხოლო მეორე მხრივ, თითქოს თავისთავად იგულისხმება. გთავაზობთ ამ სილოგიზმს გამოტოვებული მინიშნებით: „მე იქ არ დავღუპულვარ, სადაც სხვები დაიღუპენ; აქედან გამომდინარე, მფარველი ღმერთი არსებობს“. - რომელი მინიშნებაა გამოტოვებული? ალბათ, ეს: „მაგრამ მე ხომ სხვები არ ვარ; სწორედ მე მოვიცავ მთელ სამყაროს ...“
ამ შემთხვევაში, ავტორი პირდაპირ საუბრობს „ჩემი“ (მისი) ცხოვრების სასწაულის შესახებ, რომელმაც დაარწმუნა ის ღმერთის არსებობაში. მთელ დანარჩენ ცხოვრებას (რომელშიც ნაკლებად გაუმართლა) ის უწოდებს „უბრალოდ“ ცხოვრებას. სასწაული, რომელიც ერთადერთი შეადგენს  ღმერთის არსებობის მტკიცებულებას - ვარ მე   ...

( თარგმანი  მ. ფ. ლ.  2016 ) 
(c)  დასარედაქტირებელი