вторник, 29 марта 2016 г.

სიახლოვის პოეტიკა, განსხვავება ეროტიკასა და სექსუალობას შორის, გაუცხოების ეროსი, უტოპია და აპოკალიფსი- ფრაგმენტები თარგმანიდან

“ეროსი, როგორც ცივილიზაციის პროდუქტი, სექსუალურ ინსტინქტზე უფრო ძლიერია. ცივილიზაცია თვითზრდადი ეროსია, მისი გაფართოებული რეპროდუქცია გადალახვის გზით. ტრადიციები და ტაბუ ის ძლიერი პრესია, რომლის ზეწოლით ჯანსაღი ინსტიქტის ნატურალური წვენი იქცევა მათრობელ ღვინოდ, რომელიც თავბრუს ახვევს პოეტებსა და დამპყრობლებს.
ცივილიზაციის ორმაგი დამოკიდებულება ლიბიდოს მიმართ თავად ლიბიდოშია ჩადებული. ლიბიდოს აკრძალვა მისი გაძლიერების გზაა, არა მხოლოდ სუბლიმაციის („ამაღლების“), როდესაც იგი გამოხატვას პოულობს კულტურის ნაწარმოებებში, პოემებსა და რომანებში, მანქანებსა და სიმფონიებში, არამედ თავად სურვილის ფეთქებად ზრდაში. ცივილიზაცია ირონიის პროდუქტია, რომელიც ლიბიდოს უდევს საფუძვლად, სადაც რეპრესიის ნიშნები მყისიერად გარდაიქმნებიან დამატებით სიამოვნებასა და ექსტაზში. სასურველი ქალი იცვამს ლიფს, წინდებს და კაბას და კიდევ უფრო სასურველი ხდება, ამასთან ის საფარი, რომელიც გზას უღობავს სექსუალურ ლტოლვას, უსასრულოდ აფართოვებს ეროტიკული ლტოლვის სფეროს, ამრიგად ხდება ყველაფრის ეროტიზირება – წიგნის, რომელსაც კითხულობს სასურველი არსება, ან ქალაქის, სადაც ის ცხოვრობს. ფარდა, ოთახის დახურული ან ნახევრად ღია კარი, სხვა წოდების ან მრწამსის უცხო სისტემისადმი კუთვნილება, სამუშაოთ და პროფესიული მოვალეობებით დატვირთულობა, ყოველი ნათქვამი სიტყვა და ინტონაცია, გრიმასა, უხერხულობა, ულამაზობაც კი - ყველაფერი გამსჭვალულია ამაღელვებელი მინიშნების ირონიით, შეზღუდულია სექსით და ეროსით. ცივილიზაციია შეიძლება განიხილებოდეს როგორც ლიბიდოს საკუთარ თავთან გრანდიოზული თამაში, მისი თანდათანობითი ზრდის სისტემა თვითდათრგუნვის გზით. გავრცელებული ფროიდისტული შეხედულების მიუხედავად, ცივილიზაცია ციხის ბორკილები არ არის, რომელიც მისგან სწრაფად განთავისუფლების სურვილს აჩენს, არამედ პირიქით, ოქროს ჯაჭვია, რომლითაც სურვილი ამკობს და ალამაზებს საკუთარ თავს. რაც შეეხება ცალკეულ პიროვნებებს, მათთან მიმართებაში ცივილიზაციას შეუძლია იმოქმედოს როგორც რეპრესიულმა ძალამ, მაგრამ მთლიანობაში კაცობრიობა თავად ზრდის საკუთარ თავში სურვილის დაუცხრომელობას დროის გახანგრძლივების და შეზღუდვის გზით.
თუ სექსუალობა საჭიროებს სურვილების განმუხტვას, ეროტიკა თავად სურვილშია, რომლის გაიგივება არ შეიძლება დაკმაყოფილების არანაირ ფიზიკურ აქტთან. „სექსუალურსა“ და „ეროტიკულს“ შორის განსხვავება გამოიხატება ყოველდღიურ ენაში, როგორც განსხვავება ზმნებს შორის „მინდა“ და „მსურს“. სექსუალობა გამოიხატება ზმნით „მინდა“, ხოლო ეროტიკა ზმნით „მსურს“. „სურვილი“ ზოგადად ისეთ ქმედებებს და ობიექტებს ეხება, რომლებსაც არ შეუძლიათ სრულად დააკმაყოფილონ ფიზიკური მოთხოვნილებები, რომლებიც შეიძლება ისურვო უსასრულოდ, მაგალითად, „ისურვო უკვდავება, სიმშვიდე, სიხარული, დიდება, სიმდიდრე“ (მაგრამ „გინდოდეს მურაბა, ჩაი, ალერსი“). ეს ყველაფერი ისეთ მდგომარეობებს მიეკუთვნება, რომლებიც ან საერთოდ მიუწვდომელია, ან იმდენად მისაწვდომია, რომ შეუძლებელია მათი გულუხვად მიღება, დაკმაყოფილება, რადგან ისინი შეიცავენ ახალი სურვილების წყაროს. მოვიყვანთ ამ ორი სიტყვის გამოყენების რამდენიმე მაგალითს :
გინდა რა: პური, რძე, ყველი, პომიდორი, კამფეტი, თაფლაკვერი...
გსურს რა: ბედნიერება, ჯანმრთელობა, წარმატება ... ფული, დიდება, ძალაუფლება ...
ნდომა კონკრეტულ საგნებზეა მიმართული, სურვილი კი ისეთ საგნებზე, რომლებიც არ შეიძლება საკმარისად გქონდეს. როდესაც სიტყვა „სურვილი“ გამოიყენება განმარტებების და დაზუსტების გარეშე, ის სექსუალური სურვილის მანიშნებელია („ის სურვილმა შეიპყრო“), და სწორედ ამ ზოგად და ნორმატიულ მნიშვნელობაში განსაკუთრებით ნათლად ჩანს, რით განსხვავდება ის ნდომისგან (გასაჭირის, მოთხოვნილების). ცხოველის სექსუალური ინსტიქტი არ გადადის სურვილში, რომელიც საჭიროებს მისი დაკმაყოფილების ყველა ახალ საშუალებებს, არ ქმნის დაუკმაყოფილებლობის გამომხატველ მრავალ ილუზიას, ფანტაზიას, დროის გახანგრძლივებას, სიმბოლურ ჩანაცვლებას. ნდომა დაკმაყოფილების შემდეგ კვლავ განახლდება როგორც იგივე ნდომა, მაშინ როდესაც სურვილი დაკმაყოფილების შემდეგ, ეძებს სურვილის ახალ ობიექტს და/ან დააკმაყოფილების ახალ საშუალებებს. ნდომა კონსერვატიულია სურვილი რევოლუციური. ნდომა წყურვილია, რომელიც ეძებს დაკმაყოფილებას. სურვილი, პირიქით, ეძებს დაკმაყოფილებას, რათა მისი წყურვილი უფრო მეტად გაიზარდოს. გინდოდეს - ნიშნავს რაღაცის (საკვების, სასმელის, სქესობრივი კავშირი)ს ნაკლებობას, ხოლო სურვილი სიჭარბის მოთხოვნილებაა: გადააჭარბოს თავის მოცემულობას, არა უბრალოდ იყოს, არამედ იყოს სასურველი.
ეროტიკის თავისებურება, სექსუალობასთან შედარებით, გამოიხატება იმაში, რომ ის მიმართულია არა სხეულზე, არამედ სხვათა სურვილებზე. რუსული წარმოშობის ფრანგი მოაზროვნე ალექსანდრე კოჟევი მიუთითებდა არა მხოლოდ აზრებისა და სიტყვებისათვის, არამედ ადამიანის სურვილისათვის დამახასიათებელ რეფლექსურობაზე, „მეორადობაზე“, რომელიც ყოველთვის მიმართულია ვინმეს სურვილზე:
„ ... ანთროპოგენური სურვილი ცხოველის სურვილისაგან განსხვავდება... იმით, რომ ის მიმართულია არა რეალურ, „დადებით“ ობიექტზე, არამედ რომელიღაც სხვა სურვილზე. მაგალითად, მამაკაცის და ქალის ურთიერთობაში სურვილი სიამოვნებას ანიჭებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთისთვის მნიშვნელოვანია არა სხეული, არამედ მეორის სურვილი, როცა მას სურს „დაეუფლოს“ სურვილს მხოლოდ როგორც სურვილს ... ასევე ბუნებრივ ობიექტზე მიმართული სურვილი სიამოვნებას ანიჭებს იმდენად, რამდენადაც ის მეორე ადამიანის სურვილით არის განპირობებული, რომელიც იმავე ობიექტზეა მიმართული: სიამოვნებას ანიჭებს იმის სურვილი, რაც სხვებს სურს, ისურვო იმიტომ, რომ მათ ასე სურთ“.
ის, რომ ეროტიკული სურვილი (სექსუალური სურვილისაგან განსხვავებით) არ არის მიმართული ობიექტზე (სხეულზე), არამედ სხვა სურვილზე, ავლენს მის დიალოგიურ ბუნებას. ეროტიკა ჩემი სურვილის სხვა სურვილებთან უწყვეტი დიალოგია, დიალოგი, რომელშიც ფაქტობრივად სექსუალური მხარე, სხეული, მისი ორგანოები და ზონები წარმოჩინდებიან არა როგორც „დაკმაყოფილების და განმუხტვის“ საბოლოო რეალობა, არამედ როგორც კომუნიკაციის საშუალება. �
სურვილი იმით განსხვავდება ვნებისაგან (სექსუალური სურვილისაგან), რომ მას არ შეუძლია დაკმაყოფილება მხოლოდ სხეულით - მას სჭირდება მეორე ადამიანის ნება, ის ელაპარაკება ამ ადამიანის სურვილებს ან არნდომას. ნებისყოფის ამ რეფლექსიას (ისევე როგორც გონების რეფლექსიას) შეუძლია გამრავლება. მე სხვისი სურვილი მსურს, რომელსაც სურს იყოს ჩემგან სასურველი. შეიძლება ისურვოთ ის, ვისთვისაც თქვენ სასურველი არ ხართ, მაგრამ ჩემი სურვილი დამოკიდებულია ჩემს არასასურველობაზე, მასთან ერთად იზრდება და ქრება. ამ თვალსაზრისით, სვიდრიგაილოვის დამოკიდებულება დუნია რასკოლნიკოვასადმი ეროტიკულია, მისი სურვილი მის ვნებას სჭარბობს და დიალოგში შედის მის [დუნიას] არასასურველობასთან. როდესაც დუნია რევოლვერს გადააგდებს და მთლიანად მის ხელთ აღმოჩნდება, მაშინ ის [სვიდრიგაილოვი] პირდაპირ უპირისპირდება არა წინააღმდეგობას, არამედ მის [დუნიას] არასასურველობას, შემდგომი დიალოგის დამყარების შეუძლებლობას.
„ესე იგი არ გიყვარვარ?“ – ჩუმად ჰკითხა მან.
უარყოფის ნიშნად დუნიამ თავი გააქნია.
- და... არ შეგიძლია?.. არასოდეს? - სასოწარკვეთილმა ჩურჩულით წარმოთქვა მან.
- არასოდეს! - ჩურჩულით უპასუხა დუნიამ“.
პასუხად სვიდრიგაილოვმა უსიტყვოდ გადასცა დუნიას ჩაკეტილი ოთახის გასაღები – როგორც მისი უკვე უსარგებლო მამაკაცური ძალაუფლების სიმბოლო.
"
როგორც ნებისმიერი საუბარი წარმოადგენს სხვის საუბარზე პასუხს, სურვილი ასევე ეხმიანება სხვის სურვილებს. ამ თვალსაზრისით ეროტოლოგია დაახლოებულია ლინგვისტიკასთან. აქ უნდა გავიხსენოთ ბახტინის სიტყვის თეორია, რომელსაც ორმაგი აქცენტი აქვს - აღნიშნულ საგანზე და სხვა სიტყვაზე (ვერტერის შემთხვევაში, მისი სურვილი ეხება ერთდროულად შარლოტას თითს და მის უნარს უპასუხოს მის შეხებას და გაუჩნდეს ვერტერის სურვილი). ეროსის სფეროში ჩვენ ჯერ კიდევ მოგველის იმის სწავლა, რასაც ბახტინი უწოდებდა „მეტალინგვისტიკას“ - არა სიტყვის ობიექტური მნიშვნელობის და წინადადების ლოგიკური ანალიზის სწავლას, არამედ გამონათქვამების დიალოგური მნიშვნელობისა, რომლებიც ყოველთვის სხვა გამონათქვამისადმია მიმართული. სურვილები, ისევე როგორც გამონათქვამები, „არ არიან გულგრილნი ერთმანეთის მიმართ და ერთმანეთზე დამოკიდებულნი, მათ ყველაფერი იციან ერთმანეთის შესახებ და ერთმანეთს გამოხატავენ. ეს ორმხრივი ასახვა განსაზღვრავს მათ ხასიათს. ყოველი გამონათქვამი სავსეა სხვა გამონათქვამთა ხმიანობით და გამოძახილით... თითოეული გამონათქვამი პირველ რიგში უნდა განიხილებოდეს, როგორც პასუხი ამ სფეროს გამონათქვამებზე ... : ის უარყოფს მათ, ადასტურებს, ავსებს, ეყრდნობა, გულისხმობს როგორც ცნობილს, და გაურკვეულწილად ანგარიშს უწევს მათ“. 8თუ ტექსტში „გამონათქვამს“ შევცვლით „სურვილით“, ჩვენს თვალწინ გადაიშლება დიალოგური ეროტოლოგიის საკმაოდ დამაჯერებელი ესკიზი. „ყოველი სურვილი სავსეა სხვა სურვილების ხმიანობით და გამოძახილით ...“ ნ.–სადმი ჩემი სურვილი სავსეა ყველა სურვილის გამოძახილით, რომლის ობიექტიც ის იყო, და ყველა მისი სურვილის გამოძახილით, მაშინაც კი, თუ მათი ობიექტია კაბები, იდეები, ქალაქები, პეიზაჟები, არქიტექტურული ანსამბლები, რელიგიური რიტუალები ... ყველაზე ადვილად ეს ვლინდება ეჭვიანობის სტრუქტურაში, რადგან მას პირდაპირ აქვს საქმე სხვა ადამიანთა სურვილებთან, უპირისპირებს მათ საკუთარს, მაშინ, როდესაც სიყვარულში „საკუთარის“ და უცხოს“ თანაფარდობა უფრო მრავალფეროვანი, უხვი და გულისხმიერია: ნ.–ში მე მიყვარს ის, რაც მაშორებს მას, უცხოს ხდის, და, მეშინია ამის აღიარება, ისიც კი, რომ მას არ ვუყვარვარ.
სურვილებს შეიძლება დაერთოს ზოგიერთი მეტყველებითი კატეგორია: სურვილი–დასაბუთება, სურვილი–შეპასუხება, სურვილი–შეგონება, სურვილი–კითხვა, სურვილი–ძახილი... ასეთ ლინგვისტურ საფუძველზე შეიძლება სურვილთა ტიპოლოგიურობის აგება, სხვაობის გავლება პირდაპირ და არაპირდაპირ სურვილებს შორის, საყვარლების და სასიყვარულო კავშირების მონოლოგიურ და დიალოგიურ ტიპებს შორის და ა.შ. რამდენად უსაზღვროა გამონათქვამთა გადაბმულობა და მათი შეწყობის საშუალებები, იმდენად უსაზღვროა სურვილთა რიგი, რომელსაც ერთმანეთს უზიარებენ მოყვარულები, ასევე მათი მოყვარულები, რომლებიც ეჭვიანობენ მათ გამო, ყველა ისინი, ვისაც ოდესმე უყვარდა ისინი და ვინც ეყვარებათ მათ მოყვარულთ ... „არ არსებობს არც პირველი და არც ბოლო სიტყვა, და არ აქვს შეზღუდვა დიალოგიურ კონტექსტს [სურვილს] (ჩამატება ჩემია - მ.ე.) (იგი გადადის უსასრულო წარსულსა და უსასრულო მომავალში)“ . 9
თუ კულტურის განვითარებას აქვს ასე შორს მიმავალი მსგავსება ინდივიდის განვითარებასთან და მოქმედებს იმავე საშუალებებით, გამართლებული ხომ არ უნდა იყოს დიაგნოზი: ზოგი კულტურა ან კულტურული ეპოქა, შესაძლებელია, მთელი კაცობრიობა, ხომ არ აღმოჩნდნენ „ნერვიულები“ რაიმე კულტურული მისწრაფებების გავლენის შედეგად? ზიგმუნდ ფროიდი. კულტურის უხერხულობები. 1
ეროტიზმთან დაკავშირებით ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ ის ისტორიის განაპირას იმყოფებოდა, მაგრამ თუ ისტორია საბოლოოდ მივიდოდა დასასრულისაკენ ან თუნდაც მხოლოდ მიუახლოვდებოდა დასასრულს, ეროტიზმი უკვე აღარ აღმოჩნდებოდა მის განაპირას ... ჩემი აზრით, ეს ისტორია იქნებოდა დასრულებული, თუ შემცირდებოდა უფლებებისა და ცხოვრების დონის უთანასწორობა. ეს იქნებოდა არსებობის არაისტორიული საშუალების წინაპირობა, რომლის გამომხატველობით ფორმას წარმოადგენს ეროტიკული მოღვაწეობა. ამ გარდაუვალი ჰიპოთეტური თვალსაზრისიდან გამომდინარე, ეროტიკული ჭეშმარიტების გაცნობიერება განჭვრეტს ისტორიის დასასრულს ... ჟორჟ ბატაი. „ეროტიზმის ისტორიის“ ბოლოსიტყვაობა. 2
„ეროსი და ცივილიზაცი“. როგორც ცნობილია, ფროიდის ინტერპრეტაცია ანტითეზურია. „ერთის მხრივ, სიყვარული ეწინააღმდეგება კულტურის ინტერესებს, ხოლო, მეორეს მხრივ, კულტურა საფრთხეს უქმნის სიყვარულს მნიშვნელოვანი შეზღუდვებით“.3 ფროიდი ცივილიზაციის სათავეს ხედავს რეალობის და სიამოვნების პრინციპთა ბრძოლაში.
ცივილიზაცია შეიძლება განიხილებოდეს როგორც ლიბიდოს საკუთარ თავთან გრანდიოზული თამაში, როგორც მისი გაძლიერება თვითდათრგუნვის გზით. მოარული ფროიდისტული წარმოდგენის საპირისპიროდ, ცივილიზაცია ციხის ბორკილები არ არის, საიდანაც სურვილს რაც შეიძლება სწრაფად სურს თავის დაღწევა, პირიქით, ის ოქროს ჯაჭვია, რომლითაც სურვილი ამკობს საკუთარ თავს. ცალკეული პიროვნებების მიმართ ცივილიზაციას შეუძლია მოქმედება როგორც რეპრესიულ ძალას, მაგრამ მთლიანობაში კაცობრიობა თავად ზრდის საკუთარ თავში დაუოკებელ სურვილს გაჭიანურების და აკრძალვების გზით.
აქედან გამომდინარე, საეჭვოა კლასიკური ფროიდიზმისათვის აუცილებელი კავშირის მოპოვება ცივილიზაციასა და ნევროზს შორის და ადამიანის, როგორც ნერვიული ცხოველის, განსაზღვრება. საკუთარი სურვილის დათრგუნვა ჯანმრთელობაზე, საკუთარ თავზე კონტროლის გაწევის ნიშანია. მხოლოდ სუსტი ერექტილური ფუნქცია ითხოვს სწრაფ განმუხტვას, რადგან არ შეუძლია გაუძლოს ხანგრძლივ დაძაბულობას
მრავალწახნაგოვანი და მრავალსაფეხურიანი სიამოვნების უნარი მოიცავს თავშეკავების ხელოვნებას, ლიბიდოს თვითდაყოფას ორ ძალად, რომლებიც ერთმანეთს ეთამაშებიან, აჩქარებენ და აჭიანურებენ განმუხტვის პროცესს.
როგორც წინა თავში აღინიშნა, ეროტიზმი ადამიანისათვის იმით არის სპეციფიკური, რომ სქესობრივი აქტი უკვე აღარ ემსახურება გამრავლების ინსტინქტს, არამედ მრავლდება საკუთარ თავზე, თავის გულისთვის იხანგრძლივებს საკუთარ თავს. აქედან მომდინარეობს ამ თავის სათაური, სადაც ახლებურად გააზრებულია „ეროსისა და ცივილიზაციის“ კონფლიქტური ურთიერთობა, რომელსაც გულისხმობდნენ ფროიდი და მისი მიმდევრები. ჩემი აზრით, უფრო სწორი იქნება საუბარი თავად ცივილიზაციის ეროსის და ამ კონფლიქტის, როგორც მისთვის დამახასიათებელი ირონიის – სურვილის ირონიის – განხილვის შესახებ, რომელიც ასევე შეინიშნება ისტორიის ირონიაში.
ლიბიდოს რთულ ეკონომიაში ეშმაკობა ვაჭრობის უცვლელი თანამგზავრია. ეს არის ვაჭრობა სურვილსა და ტკბობას შორის: თითოეული მათგანი ცდილობს მეტის მიღებას და ნაკლების გაცემას, რათა შეინარჩუნოს თავისი სიმწვავე. ფსონის აწევა ქმნის ამ საინტერესო თამაშის სიუჟეტს......
სურვილისათვის დამახასიათებელია არა მარტო „ეშმაკური“ თვითგაორება, არამედ მიმართულია სხვისი სურვილების ობიექტზე. ამით უკვე განისაზღვრება არა მისი ფსიქოფიზიკა, არამედ მისი ფსიქო-სოციალური დინამიკა. იქ, სადაც არის სურვილი, იქ ურთიერთობაც არის, სოციალურობის და ისტორიულობის ჩანასახი, ადგილი ნებისყოფის, ამბიციის, ავტორიტეტის დაპირისპირებისათვის. აქ კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ბახტინის სიტყვის თეორია, რომელსაც ორმაგი აქცენტი აქვს - აღნიშნულ ობიექტზე და სხვა სიტყვაზე. ნება და სურვილი ერთმანეთისგან განსხვავდებიან, როგორც სიტყვის ობიექტური და კონცეპტუალური გამოხატვა. მიუხედავად იმისა, რომ ობიექტურობა ქმნის ადამიანის იმპულსების საბაზო ბუნებრივ ფენას, ამ უკანასკნელისათვის სპეციფიკურობას იძენს კონტექსტურობა, სხვა სურვილებზე აქცენტირება. სურვილი, ისევე როგორც სიტყვა, ყოველთვის მიმართულია იმაზე, „რაც ითქვა“ და „რაც ინატრეს“, სიტყვებზე, რომლებიც იყვნენ ხმარებაში, სხეულისაკენ, რომელიც იყო სურვილის ობიექტი. ჩვენ გვინდა რაღაც, რაც იყო, არის ან იქნება სხვებისათვის სასურველი; ჩვენი სურვილით ჩვენ ვპასუხობთ სხვათა სურვილებს ან ვქმნით წინაპირობებს. ჩვენს მიერ სასურველი შედის სურვილის თამაშში და პოზიციებს უქმნის მეტოქეებსა და ქომაგებს, ანუ სხვებს, ვისაც სურს ის, რაც ჩვენ გვსურს, რაც ყალიბდება როგორც ჩვენ სურვილთა ღირებულება.
უტოპია და აპოკალიფსი
“იდეოთეოლოგიური მსჯელობის დონეზე ჰედონიზმი და ასკეტიზმი გადადიან უტოპიასა და აპოკალიფსში. უტოპია მომავლის ჟინმორეული გამოხატულებაა, რომლითაც მძაფრდება ისტორიული დასასრულის სურვილი; აპოკალიფსი - სასჯელის და განადგურების გამოხატულებაა, რომელიც, პირიქით, აფერხებს დასასრულს და მოუწოდებს ლოდინის, გონზე მოსვლის, თავშეკავებისაკენ. ასეთია ჟინისა და შეკავების ორი მექანიზმი, რომლებსაც მეტასექსულური ცნობიერება იყენებს სურვილთან მუშაობისას. ის მეტაისტორიული ცნობიერების ფორმით მუშაობს ეროსთან, რომლის თვითმოძრაობა წარმოქმნის სულისკვეთებას და ისტორიის დაუცხრომელობას. დაჩქარება–შენელების ეს მექანიზმი იმისათვის არის განკუთვნილი, რომ გამოიწვიოს ისტორიის ქსოვილის „მღელვარება“, რომელიც, როგორც ყველა მოქნილი პროცესი, ძლიერდება და ნელდება, ქმნის ნაოჭებს. ისტორია წინ გარბის უტოპიის სახით და უკან იხევს აპოკალიფსის წინაშე. ამასთან თითოეული ასეთი მოძრაობა საპირისპირო მოძრაობას იწვევს, ამრიგად ისტორიის ქსოვილი იწყებს აჭრელებას, სურვილთა სხვადასხვა ნაკადის ინტერფერენციას. რაც უფრო სწრაფად სურს სურვილს დაკმაყოფილება და ამოწურვა და დაჩქარებას იწყებს უტოპიის გამოსახულებებით, მით უფრო მეტად სურს მას შეინახოს თავი როგორც სურვილმა, ანუ თავი აარიდოს რეალიზაციას. როგორც სურვილის დროებითი გადადება არის გამოწვეული არასასიამოვნო, მახინჯი ფანტაზიით, ასევე ისტორიული ეროსია ლაგამამოდებული აპოკალიფსის, ისტორიის დასასრულის საშინელებებით. ცდუნების და შეფერხების მექანიზმები მოქმედებენ მონაცვლეობით ან ერთობლივად. ანალოგიური ანტინომიები პოლიტიკური მოძრაობებივით მოქმედებენ. ლიბერალიზმი აღვივებს სურვილებს, მაშინ როდესაც კონსერვატიზმი აყწნარებს მათ, გადადებს მათ დაკმაყოფილებას. ასეთია ისტორიის ორი ძირითადი ძალა, რომელთა მოქმედება მიმდინარეობს მონაცვლეობით და განაპირობებს მის წყვეტილ–წინსვლით მოძრაობას, მის ლიბიდოს შეტევას და უკუდაბრუნებას. ამასთან ლიბერალიზმს და კონსერვატიზმს, ისევე როგორც რევოლუციას და რეაქციას, შეუძლიათ იმოქმედონ უკიდურეს, რადიკალურ ფორმებში. მაგალითად, მარქსის გასხვისების თეორიის თანახმად კერძო საკუთრებად გადაქცეული რეალური სამყაროს „ზნეობრივად დაცემული“ მდგომარეობის, მწარმოებელს მოწყვეტილი საქონლის შესახებ, ჩვენ შეიძლება მივიდეთ რევოლუციის თეორიამდე, რომელიც გულისხმობს ჩამორთმეული საქონლის ტოტალურ მითვისებას, „ექსპროპრიატორთა ექსპროპრიაციას“. „კომუნიზმი როგორც კერძო საკუთრების, ადამიანის თვითგაუცხოების დადებითად შეფასებული ანულირება, და, შესაბამისად, ადამიანის არსის რეალური მითვისება ადამიანის მიერ და ადამიანისათვის“.14 სწორედ რევოლუციის შედეგად ადამიანს საქონლის ობიექტურად გაუცხოებული ფორმიდან უბრუნდება „ის გრძნობები, რომლებსაც შესწევთ ადამიანური სიამოვნების განცდის უნარი და რომლებიც წარადგენენ საკუთარ თავს, როგორც ადამიანის რეალურ ძალას. /.../ ობიექტური არსის გაბატონება ჩემში, ჩემი რეალური მოღვაწეობის მგრძნობიარე აფეთქება არის ის გატაცება, რომელიც, ამრიგად, აქ გახდება ჩემი არსების საქმიანობა“.15 ამრიგად, გაუცხოებამ ადგილი უნდა დაუთმოს რევოლუციას, როგორც ადამიანის მოდგმის თვითმითვისებას, როგორც მისი ძალებით ტკბობას, რომელიც მათ დაუბრუნდათ მცდარი–გაუცხოებული–სასაქონლო არსებობიდან. მაგრამ ამასთან მარქსისტულ (და ლენინურ) რევოლუციის თეორიაში არ არის გათვალისწინებული, რომ ეროტიკულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში შეუძლებელია საბოლოოდ ყველაფრის „მითვისება“, რომ სწორედ ეკონომიკური გაუცხოების ფორმები იწვევენ ადამიანის მნიშვნელოვანი ძალების თამაშს, ხოლო ყოველივე გაუცხოებულის კვლავ მითვისება მომენტალურად აქრობს საზოგადოებრივი ცხოვრებიდან შემოქმედებით და სათამაშო, მხიარულ მომენტს, ისევე როგორც ორგიასტული განმუხტვა იწვევს მელანქოლიას ეროტიკულ ცხოვრებაში. საზოგადოების რევოლუციის შემდგომდროინდელი მდგომარეობაა, როგორც წესი, სულის ხუთვა და დეპრესია, რომელიც თვითმკვლელობის ცდუნების მიჯნაზეა. ის, რაც სტანჯავდა ყველაზე მგრძნობიარეთ ოქტომბრისშემდგომ წლებში: „სული მეხუთება! – იმეორებდა ის. და მარტო მე არა: თქვენც. ჩვენ სული გვეხუთება, ჩვენ ყველას სული შეგვეხუთება! მსოფლიო რევოლუცია გადაიქცა მსოფლიო გულის დაავადებად!“ (ა. ბლოკი, ი. ანენკოვას მოგონებებიდან). „სუნთქვა შეუძლებელია, და დედამიწაც მატლებმა დაიპყრეს, არც ერთი ვარსკვლავი არ ანათებს“ (ო.მანდელშტამი). პოსტრევოლუციური საზოგადოებების თვითგანადგურება – „რევოლუცია შთანთქავს თავის შვილებს“ – ფეთქებადი „ორგიაზმის“ რევოლუციური ძალების თვითგამოფიტვის შედეგია.
რევოლუციური პროექტის ეროტიზაციასთან, უფრო სწორად, ისტორიის დესუბლიმაციასა და ორგიასტულ აფეთქებასთან პირდაპირი კავშირი შეინიშნება „ახალ მემარცხენეებში“. მათთვის ისტორიის წყევლა იმდენად არ წარმოადგენს საქონლის გაუცხოებას მწარმოებლისაგან, რამდენად შვილოსნობის გენიტალური ფუნქციის გაუცხოებას ადამიანის მთელი სხეულის პანსექსუალობისაგან. ჰერბერტ მარკუზე თავის წიგნში „ეროსი და ცივილიზაცია“ აცხადებდა:
„განთავისუფლებული ლიბიდო შეძლებდა ინსტიტუციონალური საზღვრების გარღვევას, რომლებიც მას დაუწესა რეალობის პრინციპმა. /.../ როდესაც სხეული აღარ იქნებოდა შრომის იარაღი მთელი სამუშაო დღის მანძილზე, ის კვლავ გახდებოდა სექსუალური. ლიბიდოს რეგრესიული გავრცელება დაიწყებოდა ყველა ეროგენული ზონის გამოცოცხლებით და გამოვლინდებოდა პრეგენიტალური პოლიმორფული სექსუალობის აღორძინებასა და გენიტალური პრიორიტეტის დაისით. სხეული, როგორც მთელი, გადაიქცეოდა კატექსისის ობიექტად, სიამოვნების ინსტრუმენტად“. [16] ---
პოსტმოდერნიზმი არის ეროსემიოტიკა, თითქმის გრძნობადი დატკბობა ნიშნებით, ტექსტებით, ცივილიზაციის პირობითობით, მისი გაუცხოებული ფორმებით, ეს არის უცხოს მითვისების და საკუთარის გაუცხოების, ციტატების და სტილის გადარჩევის, საკუთარი სიტყვების ბრჭყალებში ჩასმის და სხვისი სიტყვების ბრჭყალებიდან ამოღების სიამოვნება. მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ მთელი სამყარო ზედაპირულია, რომ არ არის საჭირო მასში შეჭრა, ტანჯვის განცდა, შეცვლა, გარდაქმნა, საკმარისია მხოლოდ შეეხო მას და მოეფერო.
მოდერნიზმი და მისი წინამორბედი რეალიზმი, სურვილის ეპოქა და შემეცნების ეპოქა გაერთიანდნენ თავის სწრაფვაში შეაღწიონ სამყაროს სიღრმეში, შეეცადონ მის შუაზე გახლეჩას, გარეთ გადმოყარონ მისი შიგნეული, გამოიკვლიონ მისი არსი. ტურგენევის ბაზაროვი ბაყაყებს ჭრიდა, მაიაკოვსკის სურდა „კასტეტით გაეპო სამყაროსათვის თავის ქალა“. შემეცნება და სურვილი მიისწრაფიან რეალობის სიღრმეში და უმოწყალოდ აქუცმაცებენ მის ზედაპირს. კიერკეგორი, შოპენჰაუერი, მარქსი, ნიცშე, ფროიდი გვიჩვენებენ სამყაროს ბნელ სიღრმეს, რომელიც რადიკალურად განსხვავდება მის ზედაპირისგან, ცნობიერებისა და შეხედულებების სამყაროსაგან.
3. გაუცხოების ეროსი.
ფრაგმენტები ფილოსოფიური ნარკვევიდან
თარგმანი მ.ფ.
2016 (C)
მასალების გავრცელება ავტორთან შეუთანხმებლად აკრძალულია

გიორგი მაისურაძე: Salomé - ვარიაციები თემაზე

გიორგი მაისურაძის ლექცია-საუბარი: Salomé - ვარიაციები თემაზე
"yet each man kills the thing he loves"
თბილისი, ლიტერატურის მუზეუმი, 2013 წლის 1 ოქტომბერი

სიყვარული არასოდეს მთავრდება გიორგი მაისურაძე