четверг, 5 июля 2018 г.

ხელოვნური ფსიქოცივილიზაციის ფორმირება 21 საუკუნეში

ხელოვნური ფსიქოცივილიზაციის ფორმირება 21 საუკუნეში

          ნეირომეცნიერება - მეცნიერება ტვინის  შესახებ - დიდი ბიზნესი, დიდი მეცნიერება და დიდი კვლევაა. ნეირობიოლოგები ცდილობენ ტვინის მუშაობის ახსნას, მის გაუმჯობესებას და კონტროლს. ბევრი ამაში ვერ ხედავს პრობლემას. მაგალითად, ერიკ კანდელი [1], რომელმაც ნობელის პრემია მიიღო მეხსიერებასთან დაკავშირებული კვლევის გამო, აღნიშნავს: „თქვენი ტვინი თქვენ ხართ“.
         ეს - უკიდურესი, მშრალი რედუქციონიზმია, იდეა, რომ თქვენ შეძლებთ დაუკავშიროთ ადამიანის ტვინში მიმდინარე რთული მოვლენები მხოლოდ უჯრედების ან მოლეკულების მუშაობას. ნებისმიერი, მარქსისტული პერსპექტივის მქონე ადამიანისთვის ცხადია, რომ თქვენ არ შეგიძლიათ სოციალური ასპექტის იგნორირება: ტვინი ჩართულია სხეულში, ხოლო სხეული - საზოგადოებრივ სისტემაში, რომელშიც ვიზრდებით და ვცხოვრობთ.
        როცა აცხადებთ: „ჩემმა ტვინმა მაიძულა ამის გაკეთება“, თქვენ ბევრი ნეირობიოლოგის მსგავსად მსჯელობთ, რედუქციონისტულ მანერაში. ჩვენ არ ვამბობთ: „ჩვენს ფეხებს მივყევართ“, არამედ: „ჩვენ მივდივართ“. ჩვენი ტვინი კი არ აზროვნებს, არამედ ჩვენ ვაზროვნებთ, როგორც ინდივიდები. ასეთია მოვლენების არსი, რომელიც მომდინარეობს სამყაროს ბევრად უფრო მდიდარი გაგებიდან, ვიდრე ნეირომეცნიერებას შეუძლია ამის უზრუნველყოფა.
        ჩვენ გვეუბნებიან, რომ ნეირომეცნიერების წყალობით ჩვენ მედიცინის დიდი მიღწევების მოწმენი გავხდებით. ეს ნიშნავს ისეთ რამეს, როგორიცაა  ჰანტინგტონის და ალცჰეიმერის დაავადების გენეტიკური ტესტები, ღეროვან უჯრედებს ნევროლოგიურ დაავადებათა მკურნალობისთვის, სპეციალურ, შეკვეთით შექმნილ მედიკამენტებს დეპრესიის პრობლემების მოსაგვარებლად, პრეპატარებს, რომლებიც აძლიერებენ შრომისუნარიანობას და სიცოცხლეს უბრუნებენ ინტელექტს და მეხსიერებას და ა. შ. რაც არის შემოთავაზებული, ბედნიერებაა ყველასთვის, ყოველ შემთხვევაში, მათთვის, ვინც არ ეკუთვნის მსოფლიოს ყველაზე ღარიბ ნაწილს. არსებობს სხვა, უფრო საშიში პერსპექტივა.

ფსიქოცივილიზებულები

          ხოსე დელგადომ [2] დაწერა წიგნი „ფსიქოცივილიზებული საზოგადოების“ შექმნის შესახებ, რომელშიც თითოეულ ჩვენგანს ჩაუტარდება კორექტირება გარე სამყაროსთან მორგების მიზნით. ეს შესაძლებლობების დიაპაზონს უფრო ფართო ხასიათს აძლევს: მედიკამენტები ადამიანის ქცევის კონტროლისათვის, ნეიროვიზუალიზაცია [3] (ე.წ. „ტვინის თითების ანაბეჭდის აღება“), რომელიც იძლევა დამნაშავეთა იდენტიფიცირების საშუალებას, გენეტიკური წინასწარგანსაზღვრულობა (განცხადება, რომ თქვენი მომავალი ინტელექტი და როლი საზოგადოებაში განისაზღვრება თქვენი გენებით), ელექტრომაგნიტური კონტროლი გონებაზე და ახალი სამხედრო ტექნოლოგიები.
          ამრიგად, ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს იმის მტკიცებულება, რომ გაჩნდება ახალი მეცნიერება, და ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, ვინ ვართ, როგორც ადამიანები. მეორე მხრივ, ჩვენ გვყავს მოსახლეობის მართვის პერსპექტივა მთელი რიგი ახალი მეთოდების გზით, რომლებიც ახლა იქმნება.
          პრობლემა ის არის, რომ ნაკლებად არის ცნობილი, თუ რა აწუხებს უმრავლესობას, - ანუ დეპრესიისა თუ შიზოფრენიის შესახებ. ფარმაკოლოგიური ინდუსტრია უარს აცხადებს ასეთ კვლევებზე. არც ერთი ახალი წამალი, რომელიც იქმნება, არ აღმოჩნდა 30 წლის წინ წარმოებულ წამალზე უკეთესი.
        ჯორჯ ბრაუნმა და ტირილ ჰარისმა ჩაატარეს კვლევა, როდესაც რამდენიმე ათეული წლის წინ სამხრეთ ლონდონის ერთ-ერთ უბანში მუშაობდნენ. ისინი ამტკიცებენ, რომ დეპრესიის განმსაზღვრელი უტყუარი ფაქტორია - იყო ქალი მუშათა კლასიდან, არ გქონდეს მუდმივი შემოსავალი, გყავდეს ბავშვი და ცხოვრობდე მრავალსართულიან სახლში. ვერც ერთი პრეპარატი ვერ გადაწყვეტს ამ სპეციფიკურ  პრობლემას, ასე არ არის?
         ბევრი ისეთი პრობლემა, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იქნება ეს ჩვილ ბავშვთა კვება თუ სიბერე - ჯერჯერობით მთლიანად დამალულია ბიოლოგიურ დონეზე. ნეირომეცნიერება წარმოადგენს მონაცემთა დიდ სიმდიდრეს, მაგრამ თეორიულად უკიდურესად ღარიბია. ჩვენ უნდა ვიყოთ შეშფოთებული იმით, თუ რა მიმართულებით ვითარდება მეცნიერება ტვინის შესახებ.
         ადამიანი-მანქანის ინტერფეისი, რა თქმა უნდა, სავსებით შესაძლებელია. მისი შექმნა გულისხმობს მიკროჩიპის იმპლანტირებას ადამიანის სხეულში, იმ იმედით, რომ შესაძლებელი გახდება პარაპლეგიის პრობლემის გადაჭრა ან დახმარება გარე სამყაროსთან კომუნიკაციაში, თუ ადამიანმა ინსულტი გადაიტანა. რა თქმა უნდა, ჩვენ რომ  შეგვეძლოს ამ გზით დაზიანებული ზურგის ან თავის ტვინის განკურნება, ეს ძალიან სასურველი იქნებოდა. მაგრამ, მიუხედავად დიდი აურზაურისა, ბევრი პრობლემა გადასაწყვეტი რჩება.
           მაგალითად, არსებობს ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაცია [4]. არსებობენ მცირე მაგნიტური ველები ტვინის ზედაპირის გარშემო. არ არის გამორიცხული ამ ველების და მაგნიტური პროცესების ტვინში გაკონტროლების, ტვინზე მაგნიტური ინტენსიური ნაკადებით ან მიკროტალღური გამოსხივების ზემოქმედების შესაძლებლობა და ამ გზით ტვინის სხვადასხვა სფეროს კონტროლი. ეს მეთოდი გამოიყენებოდა პარკინსონის დაავადების შემთხვევაში, ასევე  ინტენსიურად შეისწავლება  აშშ შეიარაღებული ძალების მიერ.
         შეიარაღებული ძალები უზრუნველყოფენ მრავალი ახალი მეთოდის განვითარებას, მათ შორის ნეიროვიზუალიზაციური დაკვირვების, ახალი ქიმიური იარაღის, რომელიც ზემოქმედებს ფსიქიკაზე, ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციის ჯარების ბრძოლისუნარიანობის გასაუმჯობესებლად აზროვნების კონტროლის გზით.
          როდესაც საქმე ეხება ნევროლოგიური დაავადებების მკურნალობას, ჩვენ ვაპირებთ უკეთესი პრეპარატების შექმნას. მაგრამ ჯერ უნდა გავერკვეთ ამ დაავადებათა უმრავლესობის მიზეზებში. ფარმაკოლოგიურ ინდუსტრიას არასდროს დაუსვამს კითხვა, თუ რატომ არის შიზოფრენია ორჯერ უფრო მეტად დიაგნოსტირებული ადამიანებში მუშათა კლასიდან, და შედარებით ნაკლებად საშუალო კლასის წარმომადგენლებში. მას აინტერესებს მხოლოდ ჯადოსნური მოლეკულა, რომელსაც შეუძლია პრობლემის გადაჭრა, და არ აინტერესებს სიღარიბე ან სოციალური ფაქტორები.
        ასევე გაზრდილია პრეპარატების რაოდენობა, რომლებიც აუმჯობესებენ მეხსიერებას. ეს იწვევს ეთიკური და სამართლებრივი პრობლემების წამოჭრას: შეიძლება ამ პრეპარატების გამოყენება, მაგალითად, გამოცდების წინ?

ეთიკური ასპექტი
       როგორია მორალური განსხვავება ქსელში „ჭკვიანი წამლების“ ყიდვის [5] და იმის შორის, რომ აიძულო მშობლები დაგიქირავონ კერძო მასწავლებლები, ან განათლებაში საფოსტო კოდირების ლატარიას [6] შორის, რომელიც მდიდარებისთვის არის სასარგებლო? ეს ყველაფერი ეთიკური პრობლემაა, იქნება მათი მოქმედების მექანიზმი ქიმიური თუ სოციალური.
        გენეტიკური ინფორმაციის დიდ ნაწილს, რომელსაც, როგორც ნავარაუდევი იყო, კითხვებზე ნათელი პასუხი უნდა გაეცა, ეს არ გაუკეთებია. პირიქით, შეიქმნა სიტუაცია, როდესაც აუცილებელია გადაიხედოს, თუ რა არის აუტანელი და ცუდი. გავრცელდა აღმოჩენის გაკეთების საერთო გატაცება, თუ ვინ არის ფსიქოპათი და, ალბათ, ვის აქვს მძიმე დანაშაულის ჩადენის მიდრეკილება. არიან მეცნიერები, რომლებიც ადარებენ „ნორმალური“ ადამიანების და მკვლელების ტვინს, რათა აღმოაჩინონ განსხვავება ტვინის სტრუქტურაში. მაგრამ ისინი არ აცხადებენ, რომ აღნიშნული მკვლელები რამდენიმე წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ „ღმერთმა იცის როგორი“ პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ და როგორ სასტიკ რეჟიმში. და მათ ადარებენ ქუჩიდან მოყვანილ ადამიანებს! ვფიქრობ, რომ ასეთი დიაგნოზი არასაიმედოა: ჩვენ ხომ არ გვჭირდება ტონი ბლერის ან ჯორჯ ბუშის ტვინის შესწავლა, რათა დავადგინოთ ომის მიზეზები ერაყსა და ავღანეთში.
          ოლდოს ჰაკსლიმ 1930-იან წლებში დაწერა წიგნი „საოცარი ახალი სამყარო“ და იწინასწარმეტყველა ისეთი საზოგადოება, რომელშიც არის უნივერსალური პრეპარატი სომის სახელწოდებით.  ამ პრეპარატის მიღება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, რათა გახდეთ ბედნიერი და უკეთესი. მაგრამ ჩვენ არ ვდგავართ სომის უნივერსალური სამყაროს გზაზე, არამედ იმ სამყაროს გზაზე, სადაც ფსიქოცივილიზებული საზოგადოების ფორმირებაზე მიმართული ფსიქოქიმიკატებისა და ფსიქიკაზე ზემოქმედების მეთოდების დიდი არჩევანია.
         ჯერ კიდევ 1960-იან წლებში ოქსფორდში კედელზე გაკრული იყო ლოზუნგი: „არ შეცვალოთ თქვენი გონება, შეცდომა რეალობაშია“.

         სტივენ როუზი - ღია უნივერსიტეტის და ლონდონის უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და ნეირობიოლოგიის პროფესორი, მრავალი სამეცნიერო-პოპულარული წიგნის ავტორი.
       გამოსვლის შემოკლებული ტექსტი ფორუმზე Marxism 2010 ლონდონში, გამოქვეყნებულია  Green Left

შენიშვნები
        1. ერიკ კანდელი - ამერიკელი ფსიქიატრი, ნეირობიოლოგი და ბიოქიმიის პროფესორი. მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში სინაფსების მოლეკულური მექანიზმების აღმოჩენისათვის.
        2. ხოსე დელგადო – ესპანელი და ამერიკელი ნეიროფიზიოლოგი, რომელიც შეისწავლიდა ტვინის ელექტრო სტიმულაციის შესაძლებლობებს. დეტალურად მისი მოღვაწეობის შესახებ შეიძლება წაიკითხოთ აქ: http://www.sciam.ru/article/2846/
        3. ნეიროვიზუალიზაცია – ტვინის სტრუქტურის, ფუნქციებისა და ბიოქიმიური თვისებების ვიზუალიზაციის რამდენიმე მეთოდის ზოგადი სახელი.
       4. ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაცია – მეთოდი, რომელიც იძლევა არაინვაზიურად თავის ტვინის ქერქის სტიმულირების საშუალებას მოკლე მაგნიტური იმპულსების მეშვეობით.
       5. „ჭკვიანი წამლები“, smart drugs - ნოოტროპები, ანუ ნეირომეტაბოლური სტიმულატორები - პრეპარატები, რომლებიც  უშუალო აქტიურ გავლენას ახდენენ  მეხსიერების და გონებრივი საქმიანობის გაუმჯობესებაზე.
       6. საფოსტო კოდების ლატარია - ასე დიდ ბრიტანეთში უწოდებენ სისტემას, სადაც მდიდარ და დაუცველ რაიონებში სკოლები, საავადმყოფოები და ა.შ. იღებენ სხვადასხვა დაფინანსებას.


===
   თანამედროვე ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ ცნობიერების კონტროლი არ არის ისეთი რთული, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
    დღეს, ექსპერტის აზრით, აზროვნების პროცესების ნებისმიერი მანიპულირება მიმართულია მხოლოდ ადამიანთა ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაზე. ისინი ხორციელდება, მაგალითად, დეპრესიის და პოსტტრავმული სინდრომების მკურნალობისთვის.
    „მეცნიერებმა მოახერხეს მნიშვნელოვანი და წარმატებული ექსპერიმენტების ჩატარება. მათ თაგვებს ტვინში ჩაუნერგეს სასიამოვნო მოგონებები ან შეუცვალეს მოგონებების ემოციური ელფერი საპირისპიროზე. ეს იყო ექსპერიმენტები ნეირონების ჰიპოკამპთან (თავის ტვინის განყოფილება, რომელიც მეხსიერებაზეა პასუხისმგებელი). რა თქმა უნდა, თაგვებს ტვინი ადამიანზე პატარა აქვთ, და ამ გზით ადამიანის მეხსიერებაზე გავლენის მოხდენა რთული იქნება. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში არავითარი დაბრკოლება არ არსებობს იმისათვის, რათა ადამიანს შეუცვალონ ან შეუქმნან ახალი მოგონებები საჭირო ნეირონების მომართვის გზით“ , - აღნიშნავს ჟიგანოვა.


04.07.18 (C)
თარგმანი



Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised