среда, 24 апреля 2019 г.

სექტის წევრმა ჰიპნოზით დააძინა დედა „ზევიდან მიღებული შთაგონებით“ და 3 წლის განმავლობაში გვამთან ერთად ცხოვრობდა ბინაში

სექტის წევრმა ჰიპნოზით დააძინა დედა „ზევიდან მიღებული შთაგონებით“ და 3 წლის განმავლობაში გვამთან ერთად ცხოვრობდა ბინაში
         პარიზი.  ცნობილი გახდა საზარელი ამბის დეტალები: საფრანგეთში ქალი სამი წლის განმავლობაში გარდაცვლილი დედის გვამთან ერთად ცხოვრობდა ბინაში. 2000 წლის თებერვალში 62 წლის ლუსიენ ლაფუანტმა ჰიპნოტური პასების დახმარებით დედა „დააძინა“, რათა ის „გაახალგაზრდავებულიყო“. ხოლო როდესაც მოხუცმა ქალმა  10 დღის შემდეგ შეწყვიტა სუნთქვა, შვილმა განაგრძო ცხოვრება იმავე ბინაში მის გვამთან ერთად. როდესაც პოლიციამ ლაფუანტის ბინაში შეაღწია, ოთახი, სადაც მუმია განისვენებდა, ჩაბნელებული იყო, ხოლო ფარდები მჭიდროდ ჩამოფარებული. სამოთახიანი ბინის დიასახლისმა ქალაქ ნარბონში დაკითხვის დროს პოლიციას განუმარტა,  რომ მას სურდა დედას „ლეთარგიული ძილი დაუფლებოდა, რათა გაახალგაზრდავებულიყო“.
           2000 წლის თებერვალში, „ზეციური ხმის“ გავლენით, ქალმა დედა ღრმა ძილში შეიყვანა მაგიური პასების დახმარებით, რის შემდეგაც აღარ აძლევდა არც საჭმელს და არც სასმელს. მეათე დღეს პენსიონერ ქალს პულსი აღარ ესინჯებოდა. „ხმამ“ უთხრა მას, რომ აღარ არის საჭირო მოხუც ქალზე ზრუნვა, რადგან იგი „ზეციურ ლეთარგიაში“ იმყოფება. „მე არ შემეძლო იმის დაჯერება, რომ იგი გარდაიცვალა. მისი გაცოცხლების იმედი მქონდა“, - განუცხადა ლუსიენმა გამომძიებლებს.
          ამჟამად ლუსიენ ლაფუანტი პერპინიანის ციხეში იმყოფება. მას წაუყენეს ბრალდება „ადამიანის უმეთვალყურეოდ დატოვების გამო, რომელსაც არ შეეძლო საკუთარი თავის დაცვა, გვამის დამალვასა და თაღლითობაში“. გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც ამავე წლის ივლისის დასაწყისში სოციალური სამსახურის მუშაკებმა, რომლებიც გაკვირვებულები იყვნენ იმის გამო, რომ მათთან აღარ შემოდიოდა 93 წლის სამეურვეო ქალბატონისგან ქვითრები მომსახურების შესახებ. აღნიშნულის შესახებ მათ თავის ხელმძღვანელობას აცნობეს. 2 ივლისს სოციალური მუშაკები მივიდნენ ლაფუანტების სახლში, სადაც ცხოვრობდნენ დედა და ქალიშვილი. ჟანა ლაფუანტი მათ ვერ ნახეს. მისმა ქალიშვილმა თქვა, რომ ის „დაღლილია და ისვენებს“. სოციალური სამსახურის მუშაკმა სახლში ექიმი გამოიძახა, მაგრამ ვერც მან შეძლო მოხუცებულ პაციენტთან შეხვედრა. ამის შესახებ აცნობეს რესპუბლიკის პროკურორს. ლუსიენი ამ დროს თავის მეგობრებთან იმალებოდა. პოლიციის მიერ მოწყობილი ჩხრეკის შემდეგ მეორე დღეს ის თავად გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში.
           ლუსიენის მეზობლებს ვერ დაეჯერათ, რომ ადამიანების მიმართ ასეთ ყურადღებიან ქალს შეეძლო საკუთარი დედა მოეკლა და დიდი ხნის მანძილზე დაემალა მისი სიკვდილი. ზოგჯერ მეზობლად მცხოვრები ადამიანები გრძნობდნენ გულისამრევ სუნს, მაგრამ მათ ეგონათ, რომ ეს სუნი ნაგვის გადამამუშავებელი სადგურიდან მოდიოდა, რომელიც მათ ახლოს მდებარეობდა. ამბობდნენ, რომ ლუსიენი, ალბათ, ლესბოსელი იყო, რადგან მას ხშირად სტუმრობდნენ ქალები, თანაც ყველა ქერათმიანი.
          ბინაში პოლიციელებმა იპოვეს ეზოთერული შინაარსის წიგნები. როდესაც ლუსიენის წარსულს გაეცვნენ, მათ შეიტყვეს, რომ ის  ზოგჯერ ფულის საფასურად ადგენდა ჰოროსკოპებს. პატარა ჯგუფის წევრებისთვის სახელწოდებით „ალიაჟი“, რომლებიც მას რეგულარულად ხვდებოდნენ, ის იყო „ქალღმერთი“ - ასე უწოდებდნენ მას. მათი საუბრის მთავარი თემა იყო გაახალგაზრდავება. ჯგუფში ასევე შედიოდა ლუსიენის უმცროსი და. პოლიციელებს მან განუცხადა, რომ არ იცოდა დედის გარდაცვალების შესახებ, რომელსაც 20 წლის წინ წაეჩხუბა და მას შემდეგ მასთან ურთიერთობა არ ჰქონდა. ისიც დააკავეს, თუმცა მალე გაათავისუფლეს. აღმოჩნდა, რომ ლუსიენი ასევე ესწრებოდა „მსოფლიო თეთრი ძმობის“ შეკრებებს. ამ სექტის სწავლება, რომელსაც დაახლოებით 2 ათასი ადეპტი ჰყავს საფრანგეთში, ახლოს არის „მზის ტაძრის ორდენის“ სწავლებასთან, რომელიც პრაქტიკაში იყენებს მზის კულტს. სექტის ერთ-ერთი წევრი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ადამიანს, რომელიც იცავს  „გაწმენდილი“ კვების რეჟიმს, შეუძლია მიწიერი საკვების ცეცხლით შეცვლა. თავად ლუსიენი რეგულარულად მარხულობდა.
          ბოლო სამი წლის განმავლობაში, ქალი, რომელსაც ჰქონდა დედისგან მიღებული მინდობილობა და განკარგავდა მის ფულს, რეგულარულად დადიოდა ჟანას პენსიის - თვეში 760 ევროს ასაღებად. ამ მატერიალურმა ასპექტმა ძალიან დააინტერესა პოლიციელები. საბოლოო ჯამში, ლუსიენმა აღიარა, რომ გააცნობიერა დედის გარდაცვალება 2 ივლისს. იმ დღეს, სოციალური მუშაკის მოსვლის შემდეგ, მან პირველად მთელი ამ დროის განმავლობაში გააღო ოთახის კარი და მიხვდა, რომ ჟანას არ სძინავს ლეტარგიული ძილით, არამედ ის გარდაიცვალა. როგორც კი ჩადენილის სიმძიმე გააცნობიერა, იგი მეგობრების სახლში დაიმალა. პოლიციას არ სჯერა, რომ მანამდე ის ერთხელაც არ შესულა დედის ოთახში. ამ ამბის შესახებ გვაცნობა «NEWSru.com» «Liberation»-ზე მითითებით (თარგმანი საიტზე «Inopressa.ru»).

























































Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised