пятница, 1 февраля 2019 г.

მარინა ცვეტაევას მემკვიდრეობა . „თითქოს სიკვდილის წინ, ისე გესაუბრებით...“


მარინა ცვეტაევას მემკვიდრეობა
 "თითქოს სიკვდილის წინ, ისე  გესაუბრებით...“  ვიაჩესლავ ნედოშივინი

ინტერვიუ გარდაცვალების შემდეგ, საუბარი ადამიანთან მისი თვითმკვლელობიდან 66 წლის შემდეგ. მაგრამ, შესაძლებელია კი ეს? წარმოიდგინეთ, რომ შესაძლებელია! რადგან ჩვენი დღევანდელი თანამოსაუბრე, მარინა ცვეტაევა, მხოლოდ თანამედროვე არ არის. მთელი ცხოვრება, ყოველ საათს, მას განსაკუთრებული დიალოგი ჰქონდა  მომავალთან,  საუბარი ჩვენთან - შვილიშვილებსა და შვილთაშვილებთან.
 „მოგმართავთ თქვენ, ვინც 10 წლის შემდეგ მოხვალთ ...“ - ასეთი მიმართვა  მის ლექსებში, პროზაში, უბის წიგნაკებსა და რვეულებში მრავლად არის. ის საუბრობს ათწლეულების, შესაძლოა, საუკუნეების შემდეგ, მომავლით განსჯის თავის თავს, ხვალინდელი დღის გადმოსახედიდან აფასებს თავის ქმედებებს. გარდა ამისა, მისი 4 სრულწონიანი ტომი, ჩანაწერები და წერილები, რომლებიც არცთუ დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს არქივებში, არა მარტო გვაოცებს გულახდილობით და აზრის დაუფარაობით, არამედ ეხება იმ პრობლემებს, რომლებიც ყოველთვის მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი იქნება ჩვენთვის: სიყვარული, ღალატი, ღირსება, ნიჭის ქედუხრელობა. ხოლო მისი ჩანაწერები დიდი რუსი პოეტის კითხვებს და პასუხებს წარმოადგენენ!
 ცვეტაევასთან „საუბრის“ იდეა (უფრო სწორად, საუბრის „შედგენა“ პოეტის ფრაზების, აზრებისა და მოსაზრებების გამოყენებით) გაუჩნდა ჟურნალისტს, ლიტერატურათმცოდნეს, კინოდოკუმენტალისტს ვიაჩესლავ ნედოშივინს, რომელიც 20 წლის განმავლობაში შეისწავლის რუსული პოეზიის ვერცხლის საუკუნეს.  მისი სცენარების მიხედვით ათობით ფილმია გადაღებული სხვადასხვა პოეტის შესახებ. ახლა, უკვე მესამე წელია, ის იღებს 40-სერიან ფილმს „უსახელო სახლები. ვერცხლის საუკუნის მოსკოვი“. ფილმს დაასრულებს უპრეცედენტო 8 სერია მარინა ცვეტაევას ცხოვრების შესახებ. გარკვეულწილად, ზუსტად ცვეტაევას ცხოვრებისა და შემოქმედებითი მემკვიდრეობის ცოდნამ! - მისცა მას გარკვეული შინაგანი უფლება მოესინჯა და მაინც დაესვა პოეტისთვის ეს შეკითხვები.

„ინტერვიუ“ მარინა ცვეტაევასთან

1. მცნებები
მარინა ივანოვნა, ერთხელ თქვენ დაწერეთ: „ძვირფასო, შვილთაშვილებო, ძვირდასო მკითხველო 100 წლის შემდეგ! მე გელაპარაკებით, როგორც ცოცხლებს, რადგან თქვენ იქნებით ...“ გამოდის თქვენ  იცოდით, რომ დარჩებოდით? გრძნობდით  საკუთარ, თუნდაც მომავალ, მაგრამ  გამაყრუებელ დიდებას?
„მე არ ვიცნობ ქალს, ჩემზე უფრო ნიჭიერს. თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ შემეძლო დამეწერა, როგორ პუშკინს. როგორი დამოკიდებულება მაქვს დიდების მიმართ? ბავშვობაში,  განსაკუთრებით 11 წლის ასაკში, ძალიან პატივმოყვარე ვიყავი. „მეორე პუშკინი“ ან „პირველი ქალი პოეტი“ - ამას ვიმსახურებ და, შესაძლოა, მოვესწრო კიდეც ამის აღიარებას. ნაკლები არ მინდა ... „
გენიოსობა ადამიანს ანადგურებს. ეს ცნობილი ფაქტია. მაგრამ ქალი გენიოსი? ხომ არსებობს ოჯახი, შვილები, ყოველდღიური ცხოვრება? როგორ უნდა შეუთავსოთ ეს ერთმანეთს? შეთავსებადია კი?
„სანამ არ ისწავლით ყველაფრის ჩამოშორებას, სანამ დაბრკოლებებს ჯიქურ არ გადალახავთ, თუნდაც სხვების საზიანოდ, სანამ არ ისწავლით აბსოლუტურ ეგოიზმს საკუთარი უფლებების დასაცავად, რომ წეროთ, დიდ ნაშრომს ვერ შექმნით“.
როდესაც თქვენი ცხოვრების შესახებ „წავიკითხე“, ერთი რამ შევნიშნე: თქვენ მუდამ დასცინოდით თქვენს უბედურებებს. საფლავზეც კი გინდოდათ დაგეწერათ: „უკვე აღარ იცინის ...“ თქვენი აზრით, რას არ შეიძლება დასცინოს ადამიანმა?
„მისმინე და გახსოვდეს: ნებისმიერი, ვინც დასცინის სხვის უბედურებას,  სულელი ან არამზადაა; ხშირ შემთხვევაში, ერთიც და  მეორეც. როდესაც ადამიანს ფეხს გამოდებ, როდესაც ადამიანი შარვალს დაკარგავს, ეს სასაცილო არ არის; როდესაც ადამიანს სილას გაარტყავენ, ეს უნამუსობაა“.
დიახ, დიახ, ეს თქვენი ქალიშვილისთვის გაქვთ ნათქვამი, როდესაც მან პირველად ნახა ჯამბაზები ცირკში. ზოგადად, რას შეიძლება ეწოდოს თქვენი,  „ცვეტაევასეული“, მცნებები?
„ტყუილუბრალოდ არასოდეს დაღვაროთ წყალი, რადგან ამ წამს ამ წვეთის უქონლობის გამო უდაბნოში ადამიანი იღუპება. ნუ გადააგდებთ პურს, რადგან არსებობენ ჯურღმულები, სადაც ადამიანები შიმშილისგან იღუპებიან. არასოდეს თქვათ, რომ ყველა ასე იქცევა: ყველა ყოველთვის ცუდად იქცევა. ნუ იზეიმებთ მტერზე გამარჯვებას. საკმარისია გაცნობიერება. ჩემი მცნებაა: დევნილი ყოველთვის მართალია, ისევე როგორც მკვლელი.
არავითარი გრძნობა არ იყვირებს ჩემში უფრო ხმამაღლა, ვიდრე სამართლიანობის გრძნობა. სხვებისთვის ტკივილის მიყენებას ათასჯერ მირჩევნია თავად მოვითმინო. მე არ ვარ გამარჯვებული. მე თვითონ განვსჯი ჩემს თავს, ჩემი სამართალი უფრო მკაცრია.  მე არ მიყვარს ჩემი თავი, ამიტომ არ ვინდობ მას“.
აქედან მომდინარეობს თქვენი ასკეტიზმი? უბრალო კაბები, მაგარი და არა მოდური ფეხსაცმელი? თუ ეს მუდმივი სიღარიბის, ფულის უქონლობის გამოა?
„ფიზიკურ სამყაროში არ ვარ  მომთხოვნი, სულიერში კი - შეუწყნარებელი ვარ! იცით, არასდროს არ შევიღებავდი ტუჩებს. არ არის ლამაზი? არა, შესანიშნავია. უბრალოდ ქუჩაში შემხვედრი ყველა სულელი იფიქრებს, რომ ეს მის გამო გავაკეთე. საერთოდ არ მრცხვენია, როცა ცუდად ვარ ჩაცმული და ძალიან მრცხვენია ახალ ტანსაცმელში! არ შემიძლია გულდამშვიდებით არც ადრე დაწოლა და არც გაძღომამდე ჭამა. თითქოს უფლება არ მაქვს. იმიტომ კი არა, რომ სხვებზე უარესი ვარ, არამედ იმიტომ, რომ უკეთესი ვარ. ფული? მიმიფურთხებია მისთვის. ფულს მხოლოდ მაშინ ვგრძნობ, როცა არ მაქვს“.
დღეს თქვენ ვერ გაგიგებდნენ. მაგრამ, იქნებ, სწორედ ამაშია თქვენი ძალა?
„ადამიანის სიძლიერე ხშირად იმაშია, რაც მას არ შეუძლია, და არა იმაში, რაც შეუძლია. „არ შემიძლია“ - ჩემი მთავარი ძალაა. ე.ი. არსებობს ჩემში რაღაც, რასაც ჩემი სურვილის მიუხედავად არ სურს. მე ვლაპარაკობ ადრინდელ „არ შემიძლიას“, მოკვდავის შესახებ, ვის  გულისთვისაც თავსაც გაწირავ ...“
იმ შემთხვევაშიც, თუ ყველა ადვილად იქცევა სხვაგვარად? ანუ, მათ „შეუძლიათ“?
„მე არ შემიძლია, მიუხედავად იმისა, რომ მთელი სამყარო ირგვლივ ასე იქცევა და ეს სამარცხვინოდ არ მიაჩნია. მე ვადასტურებ: გმირებს „არ შემიძლია“ ქმნის და არა „არ მინდა“!“

2. დასაწყისი
გახსოვთ 5 წლის ასაკში დაწერილი პირველი ლექსი:  „გაფრინდი, ჩემო რაშო, გადაუფრინე ზღვებს და მდელოებს და, ფაფარის დროდადრო რხევით წამიყვანე იქ ...“ თქვენ ასევე ყვებოდით, როგორ იცინოდა ყველა, როდესაც თქვენ ლექსი სადილის დროს წაიკითხეთ, დედა კი ოდნავ დამცინავად გეკითხებოდათ: სად „იქ“, მუსია, სად „იქ“?..
„ისინი იცინოდნენ: დედა (საზეიმო იერით: არ გამოვა შენგან პოეტი), მამა (გულკეთილად), ძმის რეპეტიტორი (ჰო-ჰო-ჰო!), ძმა და უმცროსი და. მე კი ვიდექი აწითლებული, საფეთქლებზე სისხლმოწოლილი, თვალცრემლიანი. ჯერ ჩუმად ვიყავი, შემდეგ დავიყვირე: „იქ, იქ - შორს!..“
თქვენთვის ჯერ არ იყო ცნობილი სიტყვა „მარადისობა“ ... სხვათა შორის, ახალგაზრდობაში ყველაზე მეტად რაზე ოცნებობდით?
 „ჩემი ოცნებაა: მონასტრის ბაღი, ბიბლიოთეკა, ძველი ღვინო სარდაფიდან, გრძელი ჩიბუხი და ვიღაც, სამოცდაათი წლის, „ძველებიდან“, რომელიც საღამოობით მოვიდოდა იმის მოსასმენად, რაც დავწერე, და მეტყოდა, რომ ვუყვარვარ. მინდოდა, რომ მოხუცს ვყვარებოდი,  ვისაც ბევრჯერ ჰქონდა განცდილი სიყვარული. მე არ მინდა ჩემს ასაკზე უფროსი ვჩანდე, არ მინდა მქონდეს ფხიზელი თვალი. არ მინდა, რომ ზემოდან დამყურებდნენ.  ამ მოხუცს 14 წლის ასაკიდან ველოდები ... „
და თოთხმეტი წლის ასაკიდან, დედის გარდაცვალების შემდეგ, მუსიკას დაანებეთ თავი. რატომ?
„მოქანდაკე თიხაზეა დამოკიდებული. მხატვარი საღებავებზე. მუსიკოსი - სიმებზე. რუსეთს სიმები არ აქვს, ამიტომ მუსიკა დასრულდა. მხატვარს, მუსიკოს შეიძლება ხელი გაუჩერდეს. პოეტს  - მხოლოდ გული“.  
თუ თხზულებათა 7 ტომის მიხედვით ვიმსჯელებთ, თქვენ ძალიან დიდი გული გქონიათ?!
„ლექსები თავად მეძებენ და ისე უხვად, რომ ნამდვილად არ ვიცი, რა დავწერო და რას თავი დავანებო. შეიძლება მაგიდასთან მისვლა ვერც კი მოვასწრო, ოთხტაეპიანი ლექსი კი უკვე მზადაა, ან, როდესაც რეცხვის დროს ბოლო პერანგს გაწურავ ან როდესაც  ჩანთაში გამალებით ეძებ და აგროვებ  ზუსტად 50 კაპიკს. ზოგჯერ კი ასე ვწერ: ფურცლის მარჯვენა მხარეზე ერთი ლექსია, მარცხენაზე - სხვა, ხელი ერთი ადგილიდან მეორეზე გადადის, თითქოს დაფრინავს ფურცელზე: არ დამავიწყდეს! ჩავეჭიდო! შევინარჩუნო! - ხელები არ მყოფნის!“
თქვენ ბავშვობიდან გიყვარდათ „დაძლევა“, ერთხელ ხომ ასე იხსენებდით?
„დიახ. საშიში გადასასვლელები, კლდეები, მთები, 30-ვერსიანი გასეირნება. ყველა რომ დაიღალოს, მე კი არა! ყველას რომ ეშინოდეს, მე კი გადავხტე! ყველა რომ უკმაყოფილო იყოს, მე კი გავიქცე! თავგადასავალი! ავანტიურა! რაც უფრო მეტი სიძნელეებიაა, მით უკეთესი!“
საერთოდ რა გიყვარდათ ცხოვრებაში? გიყვარდათ სიცოცხლე?
„როგორც ასეთი, სიცოცხლე არ მიყვარდა. ჩემთვის ის იძენდა მნიშვნელობას და წონას  მხოლოდ გარდაქმნილი სახით, ანუ - ხელოვნებაში. მე რომ ოკეანეს გადაღმა წამიყვანონ - სამოთხეში - და წერა ამიკრძალონ, ოკეანესა და სამოთხეზე უარს ვიტყოდი.
მე მიყვარს მუსიკა, ბუნება, ლექსები, მარტოობა. მიყვარდა ჩვეულებრივი და უკაცრიელი ადგილები, რომლებიც არავის არ უყვარს. მიყვარს ფიზიკა, მისი მიზიდულობისა და  განზიდვის იდუმალი კანონები, რომელიც სიყვარულსა და სიძულვილს ჰგავს. მიყვარს ყველაფერი დიდი, პატარა არაფერი. მიყვარს კატა, კნუტები არა. კატები არ მეზიზღება, ამაცოდნენ თავზე და დაიძინონ, როგორც უყვართ. რაც უფრო მეტს ვგებულობ ადამიანების შესახებ, მით უფრო მეტად მიყვარს ხეები! გარინდული ვარ ყველა ხის მახლობლად.  მეც ხომ ხე ვარ: წარმავალი, მარადიულისკენ მივისწრაფი. შემდეგ მომჭრიან, დამწვავენ და ცეცხლად ვიქცევი ...“
და კიდევ ძაღლები გიყვარდათ? წაკითხული მაქვს, რომ თქვენი ქმარი ახალგაზრდობაში ქვებით იგერიებდა მაწანწალა ძაღლებს, თქვენ კი, პირიქით, ცდილობდით პურით მათ მიტყუებას
„მხეცი ადამიანზე უკეთესია იმით, რომ არასოდეს არ არის ვულგარული. ცხოველის სული - საჩუქარია. რაც ყველა ადამიანს არ ახასიათებს

3. შეხვედრა
ჯერ კიდევ გოგონამ იცოდით: „როდესაც გულში ცეცხლი ტრიალებს და ამას არავის უმხელ - ეს სიყვარულია?“ მითხარით: გამოჩენილ ადამიანებს სიყვარულიც დიდი აქვს?
 „ფიქრობთ, რომ გამოჩენილი ადამიანები „სიყვარულშიც ბედნიერები უნდა იყვნენ“? სრულიად საპირისპიროდ. ისინი ყველაზე ნაკლებად უყვართ. მე მინდა, რომ ჩემი ესმოდეთ.  ჩემთვის ეს არის სიყვარული“.
რას ნიშნავს ქალისთვის სიყვარული?
„ყველაფერს! ცხოვრებაში ქალი ყველაფერს თამაშობსს, გარდა სიყვარულისა. მამაკაცი, პირიქით. სიყვარულში მთავარი როლი ქალს ეკუთვნის, არჩევანს ის აკეთებს, თქვენ მხოლოდ მიჰყვებით მას!“
მარინა ივანოვნა, ილუზია მაინც დაგვიტოვეთ
„თუ სიცრუეში ცხოვრება სიამოვნებას განიჭებთ და იმ ქალთა ხრიკების გჯერათ, რომლებიც შემწყნარებლები არიან თქვენს მიმართ, მაშინ მოიტყუეთ თავი!
რა არის თქვენთვის, ქალებისთვის, მამაკაცებში მთავარი?
 „ოდესმე გსმენიათ, მამაკაცები - თუნდაც საუკეთესონი - როგორ წარმოთქვამენ ორ სიტყვას: „ის ულამაზოა“. მათ სიტყვებში იმედგაცრუება კი არ ჟღერს. ისინი თავს მოტყუებულად გრძნობენ. ანალოგიურად, ქალებიც ამბობენ: „ის გმირი არ არის...“
ე.ი., თუ გმირი არ არის, წინდაწინ არის დამნაშავე?
„სიყვარულში ის არის მართალი, ვინც უფრო მეტად არის დამნაშავე. ძნელია თანაბრად გიყვარდეს გმირი და არაგმირი. გმირობა არაბუნებრივია. გიყვარდეს მეტოქე, საწოლში იწვე კეთროვანთან ერთად“.
მაგრამ სერგეი, თქვენი ქმარი, როდესა ერთმანეთს შეხვდით, 17 წლის იყო და ძალიან ლამაზი. თქვენ გაირინდეთ კიდეც?..
„მე გავშეშდი! ნუთუ შეიძლება ასეთი ლამაზი იყო? შეხედავ და შეგრცხვება შენი ამქვეყნად არსებობის! მახსოვს, ზუსტად ასეთი იყო ჩემი ფიქრები. რომ იცოდეთ, როგორი მგზნებარე, ღრმა ახალგაზრდა კაცია! ნიჭიერი, ჭკვიანი, კეთილშობილი ...“
მაგრამ ერთი წლის შემდეგ თქვენ აღიარეთ: „პირად ცხოვრებაში არ გამიმართლა“?
„ამას გაგება სჭირდება. ვფიქრობ, 30-წლიანი გამოცდილება საკმარისია ამისათვის. არსებობს რამდენიმე მიზეზი. მთავარი ის არის, რომ მე - მე ვარ. მეორე: ძალიან ადრეული ქორწინება ძალიან ახალგაზრდა მამაკაცთან. მას თავისებურად ვუყვარვარ, მაგრამ ვერ მიტანს, ისევე, როგორც მე ის. ზოგიერთი ძირითადი მიმართულებით: სულიერებაში, უანგარობაში - ჩვენ ვგავართ ერთმანეთს, მაგრამ აღზრდასა და ცხოვრების ტემპში - აბსოლუტურად გავსხვავდებით! მთავარი განსხვავებაა მისი გულღიაობა და საზოგადოებაში ყოფნის სიყვარული, ჩემთვის კი მთავარია (როგორც მგელს ჩვევია) განმარტოება. მას არ შეუძლია გაზეთის გარეშე ყოფნა, მე  აკირ შემიძლია იმ სახლში ცხოვრება, სადაც მთავარი გაზეთია“.
ბოდიშს გიხდით მოურიდებელი კითხვისთვის, მაგრამ როცა დაქორწინდით, თითქმის მაშინვე შეგიყვარდათ პოეტი სოფია პარნოკი. აკრძალული თემაა, მესმის, მაგრამ ეს რომანი სახუმარო არ ყოფილა და წელიწადნახევარი გაგრძელდა. მის გამო თქვენ სიცოცხლეშივე დაგგმეს. მაგრამ ახლაც რომ გგმობენ?
„ადამიანებმა რაც არ უნდა თქვან, ყოველთვის ცუდს იტყვიან“.
მაგრამ ხომ არ ნიშნავს ეს, რომ პოეტის სიყვარული ყოველთვის განუზომელია?
„იცით, რომანი შეიძლება გქონდეს მამაკაცთან, ქალთან, ბავშვთან, წიგნთან. უყვარდეს მხოლოდ ქალი (ქალს) ან მხოლოდ მამაკაცი (მამაკაცს), როდესაც წინასწარ გამორიცხულია საპირისპირო -  საშინელებაა! მაგრამ უყვარდეს მხოლოდ ქალი (მამაკაცს) ან მხოლოდ მამაკაცი (ქალს), და გამორიცხოთ უჩვეულო - მოსაწყენია!
ორივე რომ უყვარდეს? თქვენ ხომ დაიფიცეთ, რომ არასოდეს მიატოვებდით სონიას, და არასოდეს მიატოვებდით სერგეის?  თუ ეს ნიშნავს, რომ თქვენ პირველი არ მიატოვებთ არასოდეს და არავის?
„მიყვარს, სანამ ბოლო შესაძლებლობა არსებობს. არსებობს ქალთა ორი კატეგორია: ვინც სხვის ხარჯზე ცხოვრობს და ვის ხარჯზეც ცხოვრობენ. მე ბოლო კატეგორიას ვეკუთვნი. მე მარგალიტებს არ ავიღებ, არც მამაკაცის ხარჯზე ვივახშმებ და, შედეგად, მე მექნება ფეხით გათელვის შესაძლებლობა, მაგრამ თუ მე მიყიდიან ოქროს საათს ძეწკვით და დამაპურებენ, ფეხით გათელილი მე ვიქნები. მე არ ვარ სასიყვარულო რომანის გმირი. უნდა ვაღიარო, რომ შრომის გმირი ვარ: რვეულის, ოჯახის, დედის, ქვეითად მოასიარულე ადამიანის. გმირია ჩემი ფეხები, ჩემი ხელები, გული,თავი ...“

4. რევოლუციები
რევოლუციამ ყველაფერი წაგართვათ: სახლი, ქალიშვილი, რომელიც შიმშილისგან გარდაიცვალა, დედის მიერ დატოვებული ქონება. მაგრამ გახსოვთ თქვენი სიტყვები 1907 წელს, როდესაც თავად მოუხმობდით აჯანყების ხანძარს, მათ შორის საკუთარ სახლზე? გახსოვთ: „ნუთუ ეს ...“
 „ნუთუ ეს მინები არ აწკრიალებდა ქვების ქვეშ? აღფრთოვანებით ვადევნებდი თვალს, თუ როგორ დაიწვებოდა ჩვენი საყვარელი სახლი! ოღონდ დაიწყოს“.
თქვენ აჯანყებისკენ მოუწოდებდით. იშვიათად თუ რომელიმე პოეტი გადაურჩა იმ წლებში ასეთ აღტყინებას. მაგრამ რევოლუცია მოხდა, და რა? ასეთს არ ელოდით, ამათ არ მოუხმობდით ?
ცა უფრო ძვირფასია, ვიდრე პური. მთავარია რევოლუციის პირველივე წამიდან მიხვდე, რომ ყველაფერი გაქრა! შემდეგ ყველაფერი ადვილია. მე შესანიშნავი მეგობრები მყავდა კომუნისტებს შორის. მძულს კომუნიზმი. მძულს, მივხვდი, თუ ვინ: მსუქანი ხელი ნიშნობის ბეჭდით და ჩანთა, აბრეშუმის კლოშის (განგებ) ქვედაბოლო მსუქან მუცელზე, კბილებში რაღაც სიტყვების გამოცრის მანერა, ჩემი ვერცხლის სამაჯურის მიმართ ზიზღი (ალბათ, ოქროს სამაჯური არ აქვს!) მეშჩანობა! ჩემში შელახულია, სისხლში ამოსვრილია ჩემი ყველაზე ძლიერი მხარე: სამართლიანობა. რამდენადაც სასიამოვნოა თანასწორობის ქადაგება თავადთა ბაგედან, იმდენად გულისამრევია  მსახურთა ბაგედან“.
ყველა დროში მისაღები პასუხია! და, ალბათ, ყველა რევოლუციის შესახებ. გახსოვთ, ჯერ კიდევ დედა გეუბნებოდათ: „როდესაც შენთან მეეზოვე მოვა, რომ ფეხით შედგეს როიალზე, ეს უკვე სოციალიზმია!“ დიახ, არსებობს ორი მსოფლშეცნობა, ადამიანთა ორი ფენა ...
„ორი რასა. ღვთაებრივი და ცხოველური. პირველებს ყოველთვის ესმით მუსიკა, მეორეთ - არასოდეს. პირველნი მეგობრები არიან, მეორენი - მტრები. მე არაფერი დამრჩენია, გარდა ცხოვრების ბატონ-პატრონთა სიძულვილისა იმის გამო, რომ ისეთი არ ვარ, როგორც ისინი. თავისუფლებაა ჩვენი პასუხი იმ წესწყობილებაზე, რომელიც ჩვენ არ აგვირჩევია ...“
როგორ გადარჩით იმ წლებში! შიმშილი, სიცივე, ჭირხლი ბინის კუთხეებში, ბაზარი, რომელსაც ფეხსაცმელში უყრიდით და არც კი აფერადებდით მელნით, როგორც სხვები. ქურდმა, რომელიც თქვენს სახლში შემოიპარა, არათუ არაფერი არ წაიღო, თვითონ მოგცათ ფული. მიუხედავად ამისა, ნება მომეცით დაგისვათ პირდაპირი და რთული კითხვა. თქვენი ბიოგრაფები მას დღესაც უვლიან გვერდს. მითხარით, 3 წლის ირინა, თქვენი მეორე ქალიშვილი, არ გიყვარდათ? ამიტომ დატოვეთ ობოლთა თავშესაფარში? ფაქტიურად, სასიკვდილოდ გაწირეთ ?..
„მე ის მიყვარდა ოცნებაში და არა რეალობაში. არ მჯეროდა, რომ გაიზრდებოდა. ოჰ, ბატონებო! ჩემი ავანტიურიზმის ბრალია. როდესაც შენთვის ადვილია, არ გჯერა, რომ სხვისთვის ძნელია. ახლა კი მახსენდება მისი მორცხვი, იშვიათი ღიმილი, რომლის შეკავებასაც ცდილობდა. როდესაც თავზე მისვამდა ხელს  
მაგრამ თქვენ არც მის დაკრძალვაზე წასულხართ? ის საერთო ორმოში დამარხეს. ეს ხომ თქვენი ოჯახისთვის პირველი დაკარგული საფლავია. და თქვენი საფლავიც.
— «შემზარავია? დიას, ერთის მხრივ. უკეთესი იქნებოდა მე რომ მოვკმდარიყავი! იმიტომ კი არ წავედი, რომ გულგრილი ვიყავი მის მიმართ. ალიას ჰქონდა მაღალი სიცხე - 40,7 და, სიმართლე უნდა ითქვას -  უბრალოდ არ შემეძლო. ცოცხალთან არ წავსულვარ და — … და ბოლოს, ყველასგან მიტოვებული ვიყავი. ყველას ჰყავს ვიღაც: ქმარი, მამა, ძმა. მე მხოლოდ ალია მყავდა, და მერე ღმერთმა დამსაჯა ირინა! თუ ღმერთი არსებობს, პატიებას გთხოვს ქალი, ვინც ცუდი დედა იყო
იოსიფ ბროდსკიმ (ის დაიბადა თქვენს გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე) გიწოდათ ХХ საუკუნის პირველი პოეტი. და მანვე თქვა თქვენს შესახებ: „რაც უფრო უკეთესია პოეტი, მით უფრო საშინელია მისი მარტოობა“. ეს ნამდვილად ასეა, ეს სიმართლეა?
„მთელი ცხოვრება მარტოა! თქვენს, არაადამიანებს, შორის მხოლოდ მე ვიყავი ადამიანი. თქვენ გაქვთ სამსახური, ბოსტანი, გამოფენები, მწერალთა კავშირი, თქვენ თქვენი სულის გარეშეც შეგიძლიათ ცხოვრება, ჩემთვის კი ეს - ჩემი სულია, ტკივილი ყველაფრის გამო! მე არ მყავს მეგობრები ყოველდღიურ ცხოვრებაში, სულიერად - უბრალოდ არაფერი მაქვს. მე ნამდვილად ვიმყოფები წოდების, რანგის გარეშე. მეფეს მეფე მისდევს, ღატაკს - ღატაკი, ჩემს შემდეგ  კი სიცარიელეა

5. სიყვარული

თქვენ სიყვარულმა გადაგარჩინათ. იმ წლებშიც კი, როდესაც ქმართან იყავით განშორებული, სიყვარულზე ლექსებს წერდით. მაგრამ ისინი ხომ სულაც არ მიგიძღვნიათ თქვენი ქმრისთვის?
„ყურადღებით მომისმინეთ, მე ვლაპარაკობ, თითქოს სიკვდილის წინ: ჩემთვის ცოტაა ლექსების წერა! უნდა მიყვარდეს რაღაც, ვიღაც, დღისა და ღამის ყოველ საათს. ერთი ვარსკვლავი ჩემთვის მეორეს არ ჩრდილავს! და ეს სწორია. მაშინ რისთვის სჭირდება ღმერთს ამდენი ვარსკვლავი, ისინი ხომ მთელ ზეცაზეა მოფენილი! ზოგჯერ ჩვენ ადამიანურად შეგვიძლია გვიყვარდეს ათი ადამიანი, მაგრამ, როგორც მუჯნურს, დიდი-დიდი - ორი. არაადამიანურად - მხოლოდ ერთი
მაგრამ წარმოსახვაში საყვარელ ადამიანთა „ბოლომდე დახატვას“ ახერხებდით. თქვენ ხომ სათვალესაც არ ატარებდით, რომ არ შეგცვლოდათ ადამიანზე შექმნილი შთაბეჭდილება?
„რა მიყვარდა ადამიანებში? მათი გარეგნობა. დანარჩენის მორგებას ვცდილობდი. საჭირბოროტო და ცხოვრებისეული დეტალები სიყვარულში ჩემთვის აუტანელია, მე მრცხვენია ასეთი სიყვარულის, თითქოს ადამიანი მივიპატიჟე, სახლი კი დასალაგებელი დამრჩენია. როდესაც ადამანის გარეშე ვარ, ის ჩემშია, უფრო უვნებელია და მტკიცე“.  
გიყვარდეს ადამიანი „ადამიანის გარეშე“, ეს როგორ? თუ მართალია თქვენი ნაცნობი, როდესაც წერდა, რომ როდესაც წარმოსახვა გაგიტაცებდათ, თქვენ გავიწყდებოდათ უკან მოხედვა - მოგყვებათ თუ არა თქვენი ახალი რჩეული?
„მხოლოდ ერთ რამეში ვარ ნამდვილი ქალი: როდესაც ყველას ერთად და ცალ-ცალკე განვსჯი, ჩემს თავს ვადარებ, ისინი ჩემი სიტყვებით ლაპარაკობენ,  მკერდში ჩემი გრძნობები აქვთ ჩადებული. ამიტომ პირველ წუთს ჩემთვის ყველა კეთილია,  დიდსულოვანი, გულუხვი, უძილო და შეშლილი“.
სიყვარულის გზით ადამიანის სულში შეღწევა? ესეც თქვენი სიტყვებია!
„მიახლოებიათუნდაც ერთი ქალი მამაკაცს, თუ სიყვარულისთვის გემო არ გაუსინჯავს? ხშირად, როდესაც პირველად ხარ ადამიანთან,  გიჟური აზრი გიჩნდება: „რა მოხდება, რომ ვაკოცო?“ ეროტიკული სიგიჟეა? არა. ეს ის კედელია, რომელსაც ვერ გადალახავ! ადამიანებმა ერთმანეთს რომ გაუგონ, ან ერთად უნდა მიდიოდნენ ან გვერდიგვერდ იწვნენ  ...“
მაგრამ თქვენი იმედგაცრუება ხომ უფრო მწარე იყო, ვიდრე მოხიბლულობა
„გულახდილად რომ ვთქვა, საუკეთესო, ყველაზე ფაქიზი, ყველაზე ნაზი ადამიანები ბევრს კარგავენ ახლო სიყვარულის დროს, უბრალოვდებიან,  უხეშები ხდებიან, ისე ემსგავსებიან ერთმანეთს, რომ უმწეობის გრძნობა გეუფლება, ვერ გიცვნია: თქვენ ხართ? თუ გიყვარს, ხუთ წამში იცნობ ადამიანს, ეს ცხადზე ცხადია! აქ უპირატესობას სიცრუეს ვანიჭებ“.
თქვენ გინდათ თქვათ - გამონაგონს, თქვენს წარმოსახვაში შექმნილ ადამიანს?
„დიახ. ომის დროს ომი მიშლის ხელს, მეზღვაურებში - ზღვა, მღვდლებში - ღმერთი, საყვარლებში - სიყვარული. როდესაც სხვა მიყვარს, ჩემი თავი მეზიზღება, როდესაც სხვას ვუყვარვარ, ის სხვა მეზიზღება. ყველას აქვს ზიზღის უცნაური გრძნობა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც მეტისმეტად ვუყვარვართ. („თუ ასე გიყვარვათ, ღმერთმა იცის შენ თვითონ ვინ ხარ!). იქნებ იმიტომ, რომ ყველამ იცის თავისი ფასი
მაგრამ ლექსში თქვენ დაწერეთ: „მე შენ ბრძოლაში მოგიპოვებ ...“ გამოდის, რომ ტიუტჩევი მართალი იყო: სიყვარული ორთაბრძოლაა? თუ ეს ასეა, მაშინ გამარჯვება რაღაა?
„ქალის პირველი გამარჯვება მამაკაცზე - ეს მამაკაცის მიერ მოყოლილი ამბავია სხვა ქალისადმი სიყვარულის შესახებ. საბოლოო გამარჯვებაა იმ, მეორე ქალის, მონაყოლი ამ მამაკაცისადმი სიყვარულის შესახებ.  საიდუმლოება გამოაშკარავდა, ახლა თქვენი სიყვარული მე მეკუთვნის. და სანამ ეს არ მოხდა, არ შეიძლება მშვიდად ძილი
სასაცილოა! მაშინ რა არის ღალატი?
„ღალატი არ არსებობს. ქალებს ხომ მამაკაცები არ უყვართ, მათ სიყვარული უყვართ. ამიტომ არასოდეს არ ღალატობენ. ღალატი არ არსებობს, სანამ მას „ღალატს“ არ დაარქმევენ. რასაც სახელი არ აქვს, ის არ არსებობს. „ქმარი“ და „საყვარელი“ - სისულელეა. არსებობს ფარული ცხოვრება და აშკარა. ფარული - რა შეიძლება იყოს უფრო ტკბილი  ?..
თქვენ ბევრჯერ გყვარებიათ. მაგრამ ნამდვილად გამეცინა, როდესაც ყველა თქვენს საყვარელს „ჭოტი“ უწოდეთ, ერთს კი საერთოდ „ხიკვი“. მაგრამ, სერიოზულად რომ ვილაპარაკოთ, თქვენი იმედგაცრუება გამოწვეულია გაზრდილი მოთხოვნებით, მამაკაცების თაყვანისცემით თქვენი ნიჭის წინაშე, ან, როგორც ერთ-ერთმა მათგანმა დაწერა, უბრალოდ თქვენს მიმართ შიშით. მითხარით, თქვენი ეშინოდათ?
„ეშინოდათ. ზედმეტად 1-ლი ხარისხისაა. ეშინოდათ მწარე ენის, „მამაკაცური გონების“, ჩემი სიმართლის, ძალის და, ალბათ, ყველაზე მეტად, შეუპოვრობის. მე მქონდა სახელი, გარეგნობა, ბოლოს და ბოლოს, ნიჭი, მაგრამ ყველაფერმა ერთად აღებულმა სიყვარულის მეათასედიც კი არ მომიტანა, რომლის მიღწევაც ქალის ერთი გულუბრყვილო ღიმილით არის შესაძლებელი. ყოველთვის ერთი და იგივე ამბავია. მე მტოვებენ. უსიტყვოდ, „გამომშვიდობების“ გარეშე. ადრე მოდიოდნენ - ახლა აღარ მოდიან. ადრე მწერდნენ - ახლა აღარ მწერენ. და მე, მძიმედ დაჭრილს, ვერ გამიგია, - რისთვის? რა ჩავიდინე ასეთი??? — „შენ ისეთი არ ხარ, როგორც სხვები“. — „მაგრამ, ხომ სწორედ ამის გამო „მაგრამ, როდესაც ამას დიდი დრო სჭირდება“. კარგი „დიდი დროა“ - ვარიანტია - სამი დღიდან სამ თვემდე
 როგორ მოხდა, რომ ემიგრაციაში თქვენი ყველაზე დიდი სიყვარული ნახეთ?
„როგორ მოხდა? როგორ ხდება საერთოდ?! მე მისკენ გავიწიე, მან მიპასუხა. ხელიდან ბაგეებამდე, მაგრამ სად არის ზღვარი?.. ერთ საიდუმლოებას გაგანდობთ. მე სტიქიური არსება ვარ: სალამანდრა ან ალი. ასეთებს სული სიყვარულის მეშვეობით ეძლევათ. როგორც პოეტს, არავინ მჭირდება. როგორც სტიქიურ არსებას - სხვისი ნება ჩემი, საუკეთესო ნაწილის, მიმართ  
ამ სიყვარულს ორი პოემა მიუძღვენით. ამის შესახებ ყველამ იცოდა. სახლიდანაც კი წახვედით. მაგრამ თქვენ ოჯახი გქონდათ, ზრდასრული ქალიშვილი, რუსულ კოლონიაში დადიოდა ჭორები?..
„არსებობს იმდენად სერიოზული გრძნობები, რომლებსაც არ ეშინიათ მითქმა-მოთქმის. ოჯახი. დიახ, მოსაწყენია, დიახ, გული არ მიძგერს. მაგრამ მე საშინელი ნიჭი მომეცა. ეს სინდისია: მისთვის აუტანელია სხვისი ტანჯვა. იქნებ (სულელი ვარ) ჩემს გარეშე უფრო ბედნიერები ყოფილიყვნენ ! მაგრამ მაშინ ვინ დამარწმუნებდა ამაში?! დარწმუნებული ვიყავი (მათ დამარწმუნეს!), რომ ჩემს გარეშე დაიღუპებოდნენ. ახლა კი მე მათთვის ტვირთი ვარ, ღვთის სასჯელი. ყველას უნდა რაღაც მოიმოქმედოს, „ცხოვრება აიწყოს“. მათ სხვა რამე სჭირდებათ და არა ის, რის მიცემაც მე შემიძლია.
იქნებ, პარიზია დამნაშავე? ყველასთვის უცხო გარემო?
„პარიზი არაფერ შუაშია. მოსკოვშიც იგივე ხდებოდა. არ შემიძლია ბედნიერი ვიყო სხვის ხარჯზე. ორმოც წელს მივაღწიე, მაგრამ არ მყოლია ადამიანი, რომელსაც ქვეყანაზე ყველაზე მეტად ვეყვარებოდი. რატომ? ყველას ჰყავს. მე არავის ვჭირდები. ჩემი ცეცხლი არავის სჭირდება. ჩემთან ვერ მორიგდებიან“.

6. ემიგრაცია
17 წელი უცხო მხარეში გაატარეთ!  დაუჯერებელია! პარიზში გენატრებოდათ სამშობლო?
„სამშობლო პირობითი ტერიტორია არ არის, მეხსიერების და სისხლის გარდაუვალობაა. არ იყო რუსეთში, დაივიწყო ის - ეს მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც რუსეთი საკუთარი თავის გარეშე წარმოუდგენია. ვისთვისაც რუსეთი გულშია, ის რუსეთს სიცოცხლესთან ერთად დაკარგავს. ჩემი სამშობლო ყველგანაა, სადაც საწერია მაგიდაა, ფანჯარა და ხე ამ ფანჯრის ქვეშ“.
„ჩვენ ცუდად ვცხოვრობთ, - წერდით თქვენ პარიზიდან, - ცხენის კატლეტებიც აღარ დარჩა. ხორცს და კვერცხს საერთოდ არ ვჭამთ. სისუსტის გამო ნახევარი წარბი გამცვივდა“. მაგრამ, მიუხედავად ამისა, თქვენ ყოველ დილით წყალს ივლებდით, ყავას ადუღებდით და ნახევარი დღე ეძებდით საჭირო სიტყვას. წერდით ლექსებს. როცა დაბრუნდებით, არც ერთ ლექსს არ დაწერთ ...
„როდესაც მეკითხებიან: „რატომ არ წერთ ლექსებს?“ - აღშფოთებისგან სუნთქვა მეკვრის. რომელი ლექსები? მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში მე გრძნობების სიჭარბის გამო ვწერდი. ახლა რომელი გრძნობების სიჭარბე მაქვს? წყენის. სიმწრის. მარტოობის. შიშის. რომელ რვეულში უნდა დავწერო ასეთი ლექსები ? და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი მე გადამხდა თავს, ის ვინც იყო მხიარული, ცოცხალი, მოსიყვარულე, მიმნდობი (ახლაც კი). რისთვის? განა მე ვცხოვრობ? რა მინახია ცხოვრებაში ნარცხისა და სანარცხეს გარდა. მე ყოველთვის ნამსხვრევებად ვიქცეოდი, და ყველა ჩემი ლექსი - ჩემი გულის ვერცხლის ნამსხვრევია ...“
„ჩემი აქ ყოფნა - შეუძლებელია, საბჭოთა კავშირს მე არ ვჭირდები“, - თქვით თქვენ ემიგრაციაში. „შეუძლებელია“ ლექსების, თუ ხასიათის გამო? ნიჭის, თუ, მაპატიეთ, სიამაყის გამო  ?
„სიამაყის? გეთანხმებით. წმინდა გრძნობაა, როცა ღატაკი ხარ. თუ რამე მაკავებდა კიდევ ზედაპირზე, მხოლოდ ეს.  შეიძლება შეიცვალო ქალაქები, ოთახები, ჩალაგდე, მოეწყო, აადუღო ჩაი სპორტის ქურაზე, მიართვა ეს ჩაი სტუმრებს. ჩემთვის ერთი ხეც საკმარისია ფანჯარაში. პარიზი? ის ჩემთვის უკვე ანაქრონიზმია. რამდენი დარდი, რამდენი წყენა გადამიტანიფ იქ. მეზიზღება კაპიტალისტური ცხოვრების უხამსობა. მაგრამ რუსეთში ხომ არ გავემგზავრები? მინდა ყველაფერს ამას გავცდე. რომელიმე კუნძულზე აღმოვჩნდე, მაგალითად, პასხის კუნძულზე ...“
დიახ, მახსოვს. თქვენ ციხეში ყოფნაზეც კი ოცნებობდით ...
„თანახმა ვარ ცალკე საკანში ტუსაღობაზე (ბავშვებს „კეთილი ადამიანები“ წაიყვანენ - არამზადები - სერიოჟა თავს ირჩენს). მშვიდად ვიქნებოდი. პირობას ვდებ, რომ ორ წელიწადში შესანიშნავ ნაწარმოებს დავწერ. ლექსებს! (თანაც როგორს)!
ციხეში ან საბჭოთა კავშირში ? გვარიანი არჩევანია! არჩევანია კი?
„გამიგეთ, იქ ვერ გადავრჩები, რადგან ჩემი გატაცებაა გულისწყრომა. მე ემიგრანტი არ ვარ. სულით, ჰაერით მე იქ ვარ, იქიდან. მაგრამ, მისმინეთ! ხომ ყველაფერი დამთავრდა. სახლები - არ არის. ხეები - არ არის. რუსეთი - არ არის. დარჩა მხოლოდ ასოები: სსრკ. არ შემიძლია იქ გამგზავრება. რუსეთი ჩვენშია და არა რუკაზე. ჩვენ უკანასკნელი მოგიკანები ვართ. და დამცინავი კომუნისტური „გადმონაშთით“ მე ვამაყობ. მე გადმონაშთი ვარ, რადგან ეს ყველაფერი ჩემს შემდეგაც იქნება (და მათ შემდეგაც!)“.
მითხარით, როდესაც გემზე ადიოდით სსრკ-ში რომ გამგზავრებულიყავით, თქვენ ხომ უკვე იცოდით, რომ თქვენი ქალიშვილი „კომუნისტია“, ქმარი უკვე დიდი ხანია ჩეკისტია, ლუბიანკის აგენტი? თქვენ ეს ყველაფერი იცოდით! და მაინც ... გაემგზავრეთ ?
„არჩევანი არ მქონდა: არ შეიძლება ადამიანი უბედურებაში მიატოვო. მე ამით დავიბადე“.
საოცარია! და თქვენ, მაცდუნებელ იდეათა საუკუნეში, რომელმაც სამყაროს თვალი აუხვია, თქვენ არასდროს გითქვამთ ტყუილი. ერთადერთს! ეს ყველაფერი თქვენი „არ შემიძლიაა“, ის „არ შემიძლია“, რომელიც გმირებს ქმნის? რომლის გამოც საკუთარ თავს არ ინდობთ ?..
„ჩემს კალამს ძვირად შეაფასებდნენ, ის რომ დათანხმებულიყო რომელიმე იდეისათვის ემსახურა და არა სიმართლისათვის: სრული სიმართლისათვის. არა, გეთაყვა, არც მათთან, არც ამათთან, არც სხვასთან, სამაგიეროდ   სამაგიეროდ მსოფლიოში ახლა, შეიძლება, მხოლოდ სამი პოეტი არსებობდეს, აქედან ერთ-ერთი - მე ვარ“.

7. ბედისწერა
სანამ თქვენ დაბრუნდებოდით, სტალინმა ორდენებით 172 მწერალი დააჯილდოვა. მათ შორის, სრულიად ახალგაზრდები - სიმონოვი და ალიგერი. ყველა, ახმატოვას, პასტერნაკის, პლატონოვის და ბულგაკოვის გარდა, რომელიც, როგორც წერენ, უყვარდა ...
„აბსურდია! აბსურდია ჯილდოს მიღება ლექსებისთვის ჩინოვნიკებისგან! მაგრამ, გამკითხველი ვინ არის? ორდენის მქონე პოეტი! რა აბსურდია! პოეტს მხოლოდ სახელი და ბედისწერა აქვს. ბედისწერა და სახელი ...“
მაგრამ თქვენ არა მარტო ჩინოვნიკებმა არ მიგიღეს, არამედ მწერლებმაც. თქვენთან ურთიერთობის მოძმე პოეტებსაც კი შეეშინდათ. არც ნათესავები გყავთ - ქმარი, ქალიშვილი და და ციხეში არიან, არც საკუთარი კუთხე გაქვთ - არაფერი ...
„დიახ, როდესაც იქ ვიყავი, ოცნებაში მაინც მქონდა სამშობლო. უფრო გონივრული იქნებოდა ასეთებისთვის არ მიეცათ დაბრუნების ნებართვა. მოსკოვი მე ვერ მიტევს. ეს ჩემი ქალაქია, მაგრამ მე ის მძულს. ლიტფონდს მივმართე, დამპირდნენ, რომ ოთახს მომიძებნიდნენ ...“  
დიახ, დიახ. ახლა უკვე ცნობილია: ფადეევმა თქვენს თხოვნას ასეთი რეზოლუცია დაადო: „ამხანაგო ცვეტაევა! თქვენთვის ოთახის მოძებნა სრულიად შეუძლებელია. ჩვენ გვყავს კარგ მწერალთა და პოეტთა დიდი ჯგუფი, რომელსაც საცხოვრებელი ფართი ესაჭიროებათ ...“
არ შემიძლია წავშალო გრძნობა, რომ მართალი ვარ. ყოფილ რუმიანცევის მუზეუმში სამი ჩვენი ბიბლიოთეკაა: ბაბუის, დედის და მამის. ჩვენ მოსკოვი უხვად დავასაჩუქრედ, ის კი მე მაგდებს, თავიდან მიცილებს. და ვინ არის ის, რომ ასე ამაყობს ჩემს წინაშე? მე მოსკოვს მივეცი ის, რომ იქ დავიბადე. როდესაც მოსკოვზე ჩემს უფლებას მედავებიან, ეს იგივეს ნიშნავს, რომ ყირგიზს შეედავონ მისი უფლება ყირგიზეთზე, ტუნგუსს ტუნგუსეთზე. მე მასზე უფლება მაქვს, როგორც რუს პოეტს. უმჯობესია იკითხოთ, რას აკეთებს აქ ½ მილიონი არამოსკოველი და რა მისცეს მათ მოსკოვს?
მე ჩემთვის უცხო ადამიანებს ვეცოდები. ეს ყველაზე უარესია. მცირე კეთილი სიტყვისა და ინტონაციისგან ცრემლი მდის, როგორც კლდეს წყალვარდნილიდან წყალი. ეს ჩემი ბედისწერაა. ჩემგან სულ ცოტა რამ რჩება. რჩება მხოლოდ ის ძირითადი, რაც მახასიათებს - უარყოფა ...“  
როგორც თქვენ თქვით, პოეტმა მსხვერპლს უნდა დაუჭიროს მხარი და არა ჯალათს. ეს ასეა. მაგრამ თქვენ დაამატეთ: „თუ ისტორია უსამართლოა, პოეტი ვალდებულია მის წინააღმდეგ წავიდეს“. ისტორიის წინააღმდეგ? ნუთუ ეს შესაძლებელია?
„ჩემს წინააღმდეგ ეპოქა არ არის, ეს მე ვარ მის წინააღმდეგ. მე მძულს ჩემი საუკუნე, იმიტომ რომ მეზიზღება პოლიტიკა, რომელიც, იშვიათი გამონაკლისის გარდა, სიბინძურედ მიმაჩნია. მე მძულს ორგანიზებული მასების საუკუნე. არც თქვენი მანქანებით და ავიაციით გაჟღენთილი ჰაერი არ მინდა. ძალიან ადვილია დადებითი პასუხის გაცემა კითხვაზე: თქვენ გაინტერესებთ მომავალი? -  მაგრამ მე ასე ვუპასუხებ: არა, მე გულწრფელად არ მაინტერესებს არავის მომავალი, რომელიც ჩემთვის ცარიელი ადგილი და  მუქარის გამომხატველია. მე ნამდვილად მძულს მომავლის სამეფო. მაგრამ თუ არსებობს სიტყვის  განკითხვის დღე - მის წინაშე მე სუფთა ვარ ...“
თქვენ ძალიან მამაცი ხართ! ასეთი ადამიანები რუსეთის ისტორიაში ერთეულები არიან!
„მამაც ადამიანად მივაჩნივარ. თუმცა ჩემზე მორიდებულ ადამიანს არ ვიცნობ. ყველაფრის მეშინია.  თვალის, სიშავის, ნაბიჯების, ყველაზე მეტად კი - საკუთარი თავის. არავინ ხედავს, არავინ იცის, რომ თვალებით უკვე ვეძებ კაუჭს. უკვე ერთი წელია სიკვდილს ვირგებ. არ მინდა სიკვდილი. მსურს, რომ არ ვიყო. სიცოცხლის უდიდესი უნარი უნდა გაგაჩნდეს, მაგრამ უფრო მეტად - სიკვდილის უნარი! სულის გმირობაა - სიცოცხლე, სხეულის გმირობაა - სიკვდილი ...“

8. აღსასრული
„მრცხვენია, ცოცხალი რომ ვარ. ჩემი მეგობრები ცხოვრებაზე ისე საუბრობენ, როგორც მეზღვაურები შორეული ქვეყნების შესახებ. აქედან ვაკეთებ დასკვნას, რომ არ ვცხოვრობ. როცა კბილები მტკივა, მინდა ყველაფერი დასრულდეს. სრული გულგრილობა მეუფლება ყველასა და ყველაფრის მიმართ. აქედან სიკვდილამდე პატარა ნაბიჯია. იგივე გულგრილობა მაქვს - საყოველთაო და საბოლოო. გამოდის, რომ ყველაფერი ეს: მზე, სამუშაო, ახლობლები - თავისთავად არაფერი ღირს და მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული. მე ცხოვრებამ მომიღო ბოლო. ადრე შემეძლო ლექსების წერა, ახლა გადავეჩვიე. კუთხეში მიმწყვდეული ნადირი ვარ. გამოსავალს ვერ ვხედავ“ .
გარდაცვალებამდე 10 წუთით ადრე თქვენ დაწერეთ: „ცოცხალი არ დამმარხოთ! კარგად შეამოწმეთ!“ ბოლო სიტყვები, რომლებიც ქაღალდს ანდეთ. გარდაცვალებამდე ათი დღით ადრე თქვენ თქვით: „საერთოდ, ადამიანს, ბევრი არ სჭირდება, მხოლოდ ნაგლეჯი ...“
„მაგარი მიწის მხოლოდ ნაგლეჯი, ფეხი რომ დადგა და თავი შეიკავო. მხოლოდ მაგარი მიწის ნაგლეჯი, როდესაც შეიძლება მოეჭიდო ...
ვერ მოეჭიდეთ!.. იცით, დიდი ხნის განმავლობაში ვერ შევძელი თქვენი ერთი ფრაზის გაგევა: „მისცე შეიძლება მხოლოდ მდიდარს, და დაეხმარო მხოლოდ ძლიერს“ ... უცნაური სიტყვებია. ადრე ვფიქრობდი, რომ ეს არ დახარჯული ნიცშეანობაა: სუსტები და უიღბლონი უნდა დაიღუპონ. ამაში გამოიხატება კაცობრიობისადმისიყვარული. მაგრამ ახლა მივხვდი: ეს სიტყვები ეხება დაუცველობას, გენიოსის მუდმივ დაუცველობას. ჩვენ არ მივეცით, ჩვენ - არ დავეხმარეღ. მაშასადამე. დამნაშავე ვართ, რომ თქვენ ვერ შესძელით თავის შეკავება, ვერ მოეჭიდეთ ...
„ნუ იდარდებთ. მე ხომ ვიცი, 100 წლის შემდეგ როგორ ვეყვარები! მე ის სიმღერა ვარ, საიდანაც სიტყვებს ვერ ამოიღებ, ის ნართი ვარ, საიდანაც ძაფს ვერ ამოიღებ. მოვა დრო და თვითონ დავშლი: სიმღერას გავატან ქარს, ნართს - ბუდეებისთვის მივცემ. ეს იქნება მეორე ცხოვრებაში დაბადების საათი ...“
ჩვენ დავიწყეთ სახელის მოხვეჭით. ახლა თქვენ ეს სახელი მოხვეჭილი გაქვთ!
„კარგი სახელი? კარგი სახელი ჩვენი მოკრძალებულობის ერთ-ერთი სახეობაა და მთელი ჩვენი პატიოსნება ...“
და, ბოლო კითხვა. ყველაფერი თავიდან რომ დაგეწყოთ, რას უსურვებდით, მარინა ივანოვნა, თქვენს თავს? თქვენს თავს, ქვეყანას?
„ჩემს თავს - ცალკე ოთახს და საწერ მაგიდას. რუსეთს - რაც მას სურს ...“

http://www.tsvetayeva.com/ya-govoryu-kak-pered-smertyu

http://www.tsvetayeva.com/put-neprikayannoi-dushi-o-marine-tsvetaevoi-i-ne-tolko-2?fbclid=IwAR0HIcFnZRI27X89VAYr47l1z7T_y2XKSoQaWFlZziOA88zDf3TXMqsQTrA

Путь неприкаянной души (о Марине Цветаевой и не только)

Наталья ГВЕЛЕСИАНИ
Сборник статей и эссе
В грузинском языке есть слово «упатроно». Оно во всем своем своеобразии непереводимо, как не переводимы, не сводимы к одному слову многомерность и глубина. Буквально слово «упатроно» в приложении к субъекту, которого так называют, означает человека, над которым нет патрона. Ближайшие аналогии в русском языке: без царя в голове, шантрапа, безбожники, неприкаянные. Произносят это слово несколько свысока, но без выраженного оценочного компонента, скорее добродушно, чем осуждающе. Мне даже приходилось слышать, как словом упатроно наградили вдогонку молодых неугомонных людей, присовокупив к нему слово «дети» (эти слова соединяют довольно часто). Получилось – неприкаянные дети. И неприкаянные дети – они были туристами из России – услышав перевод фразы, с улыбкой заметили: «Наверное, так в Грузии называют хиппи».





Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised