среда, 21 марта 2018 г.

კაკოფილია: ტირანიის უპირატესობებისა და ჩავარდნების შესახებ

კაკოფილია: ტირანიის უპირატესობებისა და ჩავარდნების შესახებ

არსებობენ ისეთი რეპრესიული სისტემები, რომელთა შიგნიდან გატეხვა ძალიან რთულია, რადგან მათ შეუძლიათ თავის სასარგებლოდ მათ წინააღმდეგ მიმართული ძალების გამოყენება. ერთ-ერთი ასეთი ცბიერი სისტემა საბჭოთა კავშირი იყო. იმისდა მიხედვით, თუ როგორ იზრდებოდა მისი ტოტალიტარული ძალა, იგი ითვისებდა მემარცხენე და მემარჯვენე იდეოლოგიებს. სსრკ აქებდა ინტერნაციონალიზმს ნაციონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, როდესაც საჭირო იყო საპროტესტო მოძრაობების აღკვეთა რესპუბლიკებში, და ადიდებდა პატრიოტიზმს კოსმოპოლიტიზმისა და ბურჟუაზიული გლობალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, როდესაც საჭირო იყო დასავლელებთან, ლიბერალებთან, ადამიანის უფლებათა დამცველებთან გამკლავება. საბჭოთა კავშირი მხარს უჭერდა მატერიალისტურ მსოფლმხედველობას მსოფლიოში, გმობდა იდეალიზმის ყოველგვარ გამოვლინებას და ამავე დროს იბრძოდა იდეურობისა და სულიერებისთვის  უიდეობისა და მერკანტილიზმის წინააღმდეგ.
ტოტალიტარული იდეოლოგიის ნიშანთა სისტემაში მოქმედებს ტეტრადის (მეოთხეულის)- ორი საპირისპირო შემფასებელი წყვილის მოდელი. მაგალითად, მშვიდობის სურვილი შეიძლება შეფასდეს დადებითად (მშვიდობისმოყვარეობა, ბრძოლა მშვიდობისათვის მთელს მსოფლიოში) და უარყოფითად (შემარიგებლობა, ოპორტუნიზმი). ანალოგიურად, საპირისპირო, ომის სურვილი შეიძლება შეფასდეს დადებითად (მტრის მიმართ შეურიგებლობა) და უარყოფითად (აგრესია, მილიტარიზმი). საბჭოთა კავშირი იბრძოდა მშვიდობისთვის მთელ მსოფლიოში და ამხელდა მილიტარიზმს და რევანშიზმს; ამავე დროს იგი ქადაგებდა კლასობრივ ბრძოლას და ორი სისტემის დაპირისპირებას, გმობდა ნებისმიერ შემარიგებლობას, ოპორტუნიზმს და კომპრომისის ტენდენციას. პრაქტიკულად ყველა პოზიცია, ყოველი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ჩართული ამ სისტემაში, პლუსის და მინუსის ნიშნით, ანუ განადიდდეს ან უარყოფილ იქნას მათი ნებით, ვინც მანიპულირებდა (მე აღვწერე ეს აუღებელი სისტემა ჩემს წიგნში „იდეოლოგიური ენა“ (1982), საიდანაც 1980-იანი წლების ბოლოს და 1990-იანი წლების დასაწყისში გამოქვეყნდა რამდენიმე თავი, მათ შორის ჟურნალში „ვოპროსი იაზიკოზნანია“ და ცალკე ბროშურად ინგლისურ ენაზე. იხ.: მ. ე. იდეოლოგია და ენა. მოდელის შექმნა და დისკურსის გააზრება. //ვოპროსი იაზიკოზნანია. მოსკოვი: ნაუკა, 1991, 6, გვ. 19-33).
როდესაც პუტინი მესამე ვადით აირჩიეს, 2012 წლის შემდეგ, ქვეყანა ისევ აღმოჩნდა დისკურსის ტოტალიზაციის ეპოქაში, მაგრამ სხვა საფუძველზე. ამ დისკურსს, ისევე როგორც სხვა ნიშნებს, შეიძლება ჰიბრიდული ეწოდოს. იგი აერთიანებს დაპირისპირებულ დამოკიდებულებებს, მაგრამ არა როგორც ღიად გამოხატულ იდეოლოგემებს, არამედ ტექსტისა და ქვეტექსტის, სიტყვისა და დუმილის თამაშს. რაც გაკეთდა ან ითქვა, უნდა გაგებული იყოს საპირისპირო მნიშვნელობით. მაგალითად, ბირთვული შანტაჟი ნიშნავს მშვიდობისკენ მოწოდებას (ჯორჯ ორუელმა მოკრძალებულად დახარა თვალები). და პრეზიდენტი, რომელმაც უკვე ააჟღარუნა ახალი იარაღი და მთელ კაცობრიობას დაემუქრა, პირველ რიგში კი, ამერიკელებს,  მეორე დღეს მოუწოდებს ამერიკას შეაჩეროს იარაღის ჟღარუნი და მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას.
ავიღოთ ყველასთვის კარგად ცნობილი მაგალითი, ალექსეი ნავალნის დოკუმენტური ფილმი-გამოძიება რუსეთის პრემიერ-მინისტრის საიდუმლო იმპერიის შესახებ „თქვენთვის ის დიმონი არ არის“. რა სახის გავლენა შეიძლება ჰქონდეს ფილმს საზოგადოების ცნობიერებაზე? ვიდეო ნახა 26 მილიონზე მეტმა ადამიანმა, და მედვედევის რეიტინგი თავდაპირველად დაეცა დაახლოებით 10%-ით. მაგრამ უკვე 2017 წლის შემოდგომაზე დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ მედვედევი მტკიცედ გრძნობს თავს სავარძელში და კვლავ შეიძლება გახდეს პუტინის მემკვიდრე ან მოკავშირე. მხოლოდ ახლა პრემიერ-მინისტრი, მიუხედავად ფილმის სათაურისა და განზრახვისა, მოსახლეობის უმრავლესობისთვის გახდა მარტივად გასაგები - ნამდვილი დიმონი. არა ამაყი დემონი, არამედ მათთვის გასაგები დიმონი. ყველა იპარავს - და ისიც იპარავს, ესე იგი ყველაფერი რიგზეა, არავითარი ხრიკი არ არის მოსალოდნელი. იყავი ყველასთვის გასაგები, და ყველა მიგიღებს. ქურდობაზე მარტივი და გასაგები რა უნდა იყოს?
ღირებულებათა მთელი სისტემა უკუღმა გადატრიალებული აღმოჩნდა. მაგალითად, მუშაობდა დოპინგის სახელმწიფო სისტემა, აღმოაჩინეს დარღვევები, შედეგად რუსეთის გუნდი არ დაუშვეს ოლიმპიურ თამაშებზე. ვინ არის დამნაშავე? ჩვენი მოხელეები და „თავად“ ის, ვინც ლეგიტიმური გახადა სიცრუის ეს სისტემა? არა, ისინი, ვინც სამართლიანი სპორტის დასაცავად გამოდიან და ცდილობენ წინ აღუდგენ დოპინგს, - ისინი ყველა „რუსოფობები“ არიან, ჩვენ კი უფრო მჭიდროდ გავერთიანდებით ჩვენი ბელადების ირგვლივ, გულნატკენ სპორტსმენთა დასაცავად.
რუსი ოლიგარქებისა და თვით პუტინის კორუმპირებული სქემების გამოვლენა, რუსეთში ნაძარცვი ოფშორული აქტივების გამჟღავნება დასავლეთში სერიოზულ პრობლემებს უქმნის მათ. მაგრამ თავად რუსეთში, ეს, სავარაუდოდ, კვლავ გამოიწვევს „ერთ მუშტად შეკვრას“: ჩვენებს ურტყავენ, ჩვენ თავს დავიცავთ, ჩვენებს არავის დავაჩაგვრინებთ. ნებისმიერი თავის მოჭრა, დანაშაული, რეპუტაციის დაცემა მსოფლიოს თვალში მუშაობს ამ სისტემის სასარგებლოდ, რადგან გამოჰყოფს მას და ხელს უწყობს შინაგან კონსოლიდაციას. პუტინის მთავრობამ მონახა გზა, როგორ აქციოს მინუსი პლუსად, სისტემის გაუმართაობა მისი გაძლიერების საშუალებად. რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან სისტემა გადაიქცევა საკუთარი თავის შთანმთქმელ შავ ხვრელად, გარე სამყაროსგან იზოლირებული აღმოჩნდება, დაკარგავს  ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების ნაკადის შემოდინებას, გადაიქცევა მორჩილ, დაბეჩავებულ, ღატაკ ავტოკრატიად. მაგრამ, სანამ არსებობს გადარჩენის რეზერვი, ამ სისტემას შეუძლია კვლავაც მოძებნოს ძალაუფლების წყარო საკუთარი ხარვეზებსა და სისუსტეში.
მოსახლეობის განმსაზღვრელი თვისება ხდება დევიანტური, ტრანსგრესიული ქცევის ჩვევა, რომელიც უარყოგს მსოფლიოს მასშტაბით მიღებულ სოციალურ და მორალურ ნორმებს. აქ, ცუდი (ყველა მნიშვნელობით) ესთეტიკურად და მორალურად უფრო მიმზიდველი ჩანს. რაც უფრო ცუდია, მით უფრო მაგარია. აქ მოსწონთ ცუდი ბიჭები და გოგონები, ბანდიტები, წესრიგის დამრღვევები, მაგარი ბიჭები, ღამის მგლები,  გმირებად მიაჩნიათ კრიმინალური ელემენტები.
ადვილად შეიძლება რუსეთის, როგორც მოხულიგნო მოზარდის წარმოდგენა, რომელიც ტოვებს თავის ევროპულ სახლს.
„ჩემი ქვეყანა მოზარდია!“ - ასე წერდა ვლადიმერ მაიაკოვსკი პოემაში „კარგი!“. მისთვის ეს ნიშნავდა: „შექმენი, გამოიგონე, ეცადე!“ მაგრამ მოზარდი, როგორც ცნობილია, ზოგჯერ განიცდის დესტრუქციულ და თვითდესტრუქციულ ქცევას, რაც იწვევს პიროვნების სოციალურ დეზადაპტაციას სამყაროსგან სრულ იზოლაციამდე: „მოზარდობის ასაკში განსაკუთრებით გავრცელებულია სახლიდან წასვლა, მაწანწალობა, სკოლის გაცდენა ან სწავლაზე უარის გაცხადება, სიცრუე, აგრესიული ქცევა, პრომისკუიტეტი (აღვირახსნილობა), გრაფიტი (კედლის მხატვრობა და უცენზურო წარწერა), სუბკულტურალური დევიაცია (სლენგი, ნაიარების, ტატუს გაკეთება)“.
მთელი ეს დევიანტური კომლექსი შეინიშნება რუსეთის ხელმძღვანელობის ქმედებებში, და მათთან ერთად - მოსახლეობის ქმედებებში, რომელმაც ჯერ ვერ დააღწია თავი მოზარდობის ასაკს. ადვილია ქვეყნის მოხულიგნო მოზარდის სახით წარმოადგენა, რომელიც ტოვებს მის ევროპულ სახლს, უხეშობს, ცრუობს, აღიზიანებს მშვიდობიან და ბედნიერ მოქალაქეებს, აწყობს სისხლიან გარჩევებს, ანგარიშს არ უწევს არც იურიდიულ და არც მორალურ ნორმებს. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ანადგურებს საკუთარ თავს იმ მოტივით, რომ თუ თქვენ ყველა ძალიან კარგები ხართ, მე ვიქნები ცუდი. დაე ვიყო მე ცუდი, მაგრამ თქვენც შავი დღე დაგადგებათ. ეს უკმაყოფილების შურისმაძიებელი კომპლექსია მთელ სამყაროზე, და რაც უფრო მეტად აღმოჩნდება მოზარდი კუთხეში, მარტოობის კრიზისში, უფრო ძლიერად შეძულდება სხვებს. ეს თვითფეთქებადი მექანიზმია - საკუთარი თავის შიგნიდან განადგურება. ეს არის საზოგადოების სუიციდური სურვილი, რომელმაც ვერ მოახერხა ზრდასრულობის, პასუხისმგებლობის, პოზიტიური სოციალიზაციის ასაკში გადასვლა. ეს მიწისქვეშეთში მყოფი ადამიანის ტიპია (როგორც ფიოდორ დოსტოევსკის აქვს), რომელიც გონებრივად რჩება მოზარდობის ასაკში და შურს იძიებს სამყაროზე თავისი უთავბოლოების,  შეუხედაობის, უნიჭობის, მარტოობის გამო.  მას კბილის ტკივილიც კი სიამოვნებას ანიჭებს, აღიზიანებს მის ბოროტებას და სიამაყეს, უკავშირებს სადიზმს მაზოხიზმთან და არ ინდობს საკუთარ თავს. მისი სიცოცხლე საკუთარი თავისა და სხვებისადმი ტკივილის მიყენების ვარჯიშია.
ისმის კითხვა: დევიანტური მოზარდი, იქნება ეს პიროვნება, თუ მთელი სახელმწიფო, რატომ არ მკურნალობს, არ იყენებს ზოგადად მიღებულ საშუალებებს ცივილიზაციის ფონდიდან: მედიცინას, განათლებას, კულტურას? „ჩანაწერებში მიწისქვეშეთიდან“ მოცემულია ახსნა, უფრო სწორად, ნიშნადი ნაკლებობა ასეთისა - დესტრუქციული ნების თვისებისკენ მინიშნება: „არ მინდა ბოღმისგან განკურნება. თქვენ, ალბათ, არ შეგიძლიათ ამის გაგება. მე, რა თქმა უნდა, ვერ შევძლებ თქვენთვის ახსნას, ვის გავაღიზიანებ ამ შემთხვევაში ჩემი აღშფოთებით ... ამით მხოლოდ ჩემს თავს მივაყენებ ზიანს, სხვას არავის“.
ეს არის კაკოფილია (kakophilia) – ცუდის, მახინჯის, ამაზრზენისადმი მიდრეკილება (ბერძნ. kakos – bad, evil, ინდოევრუპ. kakka – „კუჭში გასვლა“). იგივე ფესვი აქვს სიტყვას „კაკაფონია“ („ცუდი ხმიანობა“, დისონანსი). ჯერ კიდევ XVII საუკუნეში გაჩნდა ცნება „კაკოკრატია“ ან „კაკისტოკრატია“ (kakocracy, kakistocracy) – სიტყვასიტყვით „ყველაზე ცუდი“, არამზადებისა და სალახანების ძალაუფლება. პირველად ამ სიტყვას ვხვდებით ინგლისელი მქადაგებლის პოლ გოსნოლდის 1644 წლის ქადაგებაში, რომელიც მან წარმოთქვა ოქსფორდის წმინდა მარიამის ტაძარში. გოსნოლდი გამოვიდა მათ წინააღმდეგ, ვისაც სურდა „ჩვენი, კეთილი გულის მქონე მონარქიის შეშლილ კაკისტოკრატიად“ გარდაქმნა. არისტოკრატიის საპირისპირო, ანუ უკეთესთა ძალაუფლება, დემოკრატია კი არ არის, არამედ კაკოკრატიაა, ანუ უარესთა ძალაუფლება. ასეთ საზოგადოებაში არამზადისთვის უფრო ადვილია ხელისუფლებაში მოსვლა, ის მიმართავს დაუშვებელ მეთოდებს - სიცრუეს, ცილისწამებას, ძალადობას, ღალატს და, რა თქმა უნდა, წარმატებას უფრო აღწევს კარიერაში, ვიდრე მორალისა და სინდისის მქონე ადამიანი.
დღევანდელ საზოგადოებაში მათ უყვართ შავები, ყოველნაირ ცოდვაში გასვრილები, უყვართ  ღვარძლიანობის, სიხარბის,  ცბიერების გამო.
მაგრამ კაკოკრატია მხოლოდ აისბერგის წვერია, ხოლო მისი წყალქვეშა ნაწილი - კაკაფილიაა. ეს საზოგადოებრივი გონება-განწყობილებაა, შეიძლება ითქვას, სოციალური ინსტიქტი, რომელიც უპირატესობას ანიჭებს უარესს უკეთესის წინაშე. ასეთ საზოგადოებაში ძნელია იყო კეთილი, შემწყალებელი, სამართლიანი. ბიჭს ურენგოიდან დევნიდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ მან გაბედა თანაგრძნობა გამოეხატა გერმანელი სამხედრო ტყვეებისთვის. დევნიან ყველაზე ნიჭიერ, დამოუკიდებელ, შემოქმედებითად შემდგართ: კირილ სერებრენიკოვს, კონსტანტინე რაიკინს, ანდრეი მაკარევიჩს, დიმიტრი ბიკოვს, იური დიმიტროვს ...
„მკვდარი სულების“ მეორე ტომში ჩიჩიკოვი ყვება ანეკდოტს ერთი პატიოსანი  მმართველის შესახებ, რომელიც დაზარალდა ბოროტი მოსამართლეებისგან, ისინი კიდეც დასცინიან საბრალოს: „შეგვიყვარე  ისეთი შავები, როგორებიც ვართ, თორემ თეთრებს ყველა შეგვიყვარებს“. დღევანდელ საზოგადოებაში სწორედ შავები უყვართ, ყოველნაირ ცოდვებში გახვეულნი, უყვართ ღვარძლიანობის, გაუმაძღრობის, მზაკვრობის გამო (როგორც შჩედრინის ქალაქის უფროსები). ეს არის კაკოფილია: უარესის სიყვარული, ბოროტებით, ტკივილით მოჯადოება, ხოლო ვინც სიყვარულის ღირსია, „თეთრები“, სასტიკად სძულთ იმის გამო, რომ ისინი სიზარმაცის, ჭუჭყის, უნიჭობის ცოცხალ საყვედურს წარმოადგენენ. გოგოლის ანდაზის მნიშვნელობა ირონიულად არის ნაჩვენები: თუ შავები შეგიყვარდება, თეთრები სამუდამოდ შეგძულდება. ეს ისეთივე გაუკუღმართებული ზნეობაა, რომელიც ისააკ ბაბელმა აღწერა „ცხენოსანთა არმიაში“, ახალი, „რევოლუციური“ ეპოქის დასაწყისში: „განსხვავებულ ადამიანს აქ სულს გააფრთხობინებენ. ხოლო თუ ცოტ-ცოტა იპარე ან ყველაზე უმანკო ქალბატონის ღირსება შელაზე,  მაშინ მეომრებისგან პატივი გელოდება ...“ („ჩემი პირველი ბატი“).
მაგრამ, რაც უფრო სწრაფად გაიშლება ანტისისტემა, მით უფრო წარმატებულად გადააქცევს თავის წარუმატებლობას გამარჯვებად, მით უფრო ღრმად მოამწყვდევს თავის თავში ანტიკანონსა და ანტიმორალს და უდრო სწრაფად გაექანება დაღუპვისკენ. ასე ჩამოიშალა ტოტალიტარული სისტემა, ასე ჩამოიშლება ჰიბრიდულიც: ისინი შთანთქავენ არმყოფობის სულს და საბოლოოდ თავად აღმოჩნდებიან არმყოფობაში. საზოგადოებისთვის ყველაზე რთული ამოცანაა უკვე გადაბრუნებულის გადმობრუნება, საკუთარი თავის დარწმუნება საყოველთაოდ მიღებული წესების სიმართლეში. კანონი და მორალი არ არის ფეიკი, არც მოტყუებითი კატეგორიები იმისთვის, რომ სუსტები დომინირებდნენ ძლიერებზე. სწორედ ესაა საუკუნეთა განმავლობაში შემოწმებული კულტურული გენების განვითარება.

"
თარგმანი მ.ფ.ლ
ავტორი .მ.ე. 2018






















Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised