понедельник, 17 июля 2017 г.

ფსიქიკური აშლილობები რელიგიურ-მისტიკური განცდებით: მოკლე სახელმძღვანელო ექიმებისათვის 2 ნაწილი

2.2. რელიგიური განცდა
რელიგიური რწმენის საფუძველზე ჩნდება რელიგიური განცდები. მათი ინტენსიურობა, ნაჯერობა, სისრულე ბევრადაა დამოკიდებული პიროვნების ფსიქიკურ მხარეზე, წარმოსახვის, ფანტაზიის უნარზე. ზოგიერთი მორწმუნის განცდები საკულტო რიტუალის შესრულებისას მწირია. მაგალითის სახით მოვიყვანთ კ. არმსტრონგის დაკვირვებას: „ლოცვის დროს ვცდილობდი ყურადღების კონცენტრირებას ღმერთთან შეხვედრაზე, მაგრამ იგი რჩებოდა ან მკაცრ მეთვალყურედ, რომელიც ფხიზლად ადევნებდა თვალს წესების ნებისმიერ დარღვევას, ან,  რაც უფრო მტკივნეული იყო,  საერთოდ უჩინარდებოდა. მე გულისტკივილით გამოვუტყდი ჩემ თავს, რომ ის იშვიათი რელიგიური განცდებიც, რომელიც მიჩნდებოდა, შეიძლება ყოფილიყო ჩემი ფანტაზიის, მწვავე სურვილის ნაყოფი განმეცადა ისინი“ [1]. სხვა ადამიანთა განცდებს წმინდა სულიერი ხასიათი აქვს და ანალოგიურია იმ განცდებისა, რომელიც ჩნდება პოეზიის, მუსიკის, ფერწერის აღქმისას. და მხოლოდ მესამე პირებისთვის გამოიხატება ზებუნებრივის გრძნობითი ხილვა. სწორედ მისტიკური ინტუიციის სხვადასხვა გამოვლინებებში: ჰალუცინაციებში, ეგზალტაციასა და ა.შ., ხედავდა ფრანგი ფილოსოფოსი ანრი ბერგსონი რელიგიის წყაროს  [2].
რელიგიური განცდის ცენტრია ინტუიცია (ლათინური intuitio - დაჟინებული, ყურადღებიანი დაკვირვება, განჭვრეტა), რომელიც ხასიათდება ჭეშმარიტების შეცნობით მისი უშუალო ხილვის გზით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და მტკიცებულებების გამოყენებით. ი. კანტი განასხვავებდა ცნებათა ჩამოყალიბების გზით მიღებულ დისკურსიულ, ლოგიკურ, და ინტუიციურს (ანუ ესთეტიკურს, გრძნობითს) სიცხადეს, რომელიც შეძენილია ხილვის გზით [6]. ინტუიციისათვის ტიპიურია მოულოდნელობა, წარმოუდგენლობა,  უშუალო სიცხადე  და გაუთვითცნობიერებლობა, რომელსაც მიჰყავს შედეგამდე.
რელიგიური განცდის უშუალო კომპონენტებია:
•  ხილვა — „გონების შიდა თვალი“, რომელიც უკავშირდება მოვლენებს დაშორებულ სივრცესა ან  დროში და ხშირად მიღებულია, როგორც „გამოცხადება“ სხვა სამყაროდან.
•  გონების განათება —გონების მოულოდნელი განათება, შეღწევა რაიმეს არსში, განჭვრეტა.
•  გაბრწყინება — ცნობიერების მოულოდნელი განათება, რაღაცის ნათლად გაგება.
•  მოკრძალება —დეპრესიის მოულოდნელი გრძნობა, რომელიც ჩვეულებრივ ასოცირდება უჩვეულო ბუნებრივი ან ხელოვნური ობიექტის სილამაზესთან, სიდიადესთან, ან იმასთან, რაც აღიქმება, როგორც ზებუნებრივი.
•  ექსტაზი — გააფთრება, აღტაცება; უმაღლესი, ჭკუის შეშლამდე მიახლოებული აღტაცება, რომლის დროს ჩნდება სმენითი და ვიზუალური ჰალუცინაციები. ექსტაზის დროს, აღმოსავლეთის და ქრისტიანული მისტიკოსების მტკიცებით, ხდება სულისა და ღმერთის შერწყმა, სულის ამაღლება, რომელსაც მივყავართ ღმერთის ცოცხლად შეცნობისაკენ.
• შიში — ანგარიშმიუცემელი, წინდაუხედავი და დაუძლეველი მეტაფიზიკური შიში-მწუხარება. ღვთის შიში, ღვთისმოსაობა, როგორც ცოდვის შიში.

2.3. რელიგიური ქცევა
რელიგიური ქცევა ვლინდება სხვადასხვა ფორმით და განპირობებულია რელიგიური პიროვნების ტიპით. გ. ოლპორტის თქმით, არსებობს ორი ტიპი. პირველი ხასიათდება რელიგიისადმი წმინდა ფორმალური დამოკიდებულებით. მისთვის  დამახასიათებელია ეკლესიაში სიარული, მონაწილეობა რელიგიური საზოგადოების საქმიანობაში, გარეგნული ღვთისმოსაობა. იმ ადამიანთა ძირითადი მოთხოვნილება, რომლებიც მიეკუთვნებიან ამ ტიპს, არის ეკლესიისადმი ლოიალური დამოკიდებულების დემონსტრირება, მისი დახმარებით საზოგადოებაში რესპექტაბელურობის, წონის შეძენა. მორწმუნეთათვის, რომლებიც ეკუთვნიან მეორე ტიპს, მთავარია, თვით რელიგია, რომელიც წარმოადგენს მათთვის დამოუკიდებელ შინაგან ღირებულებას. აქ ადგილი აქვს რწმენაში სიყვარულის, თანაგრძნობის, თანასწორობის და ძმობის უზენაესი სულიერი მოთხოვნილებების განხორციელებას  [16].
ინდივიდის რელიგიური ქცევა განპირობებულია კულტით, რომელსაც ის აღიარებს. კულტი (ლათინური cultus -. თაყვანისცემა) განისაზღვრება, როგორც სპეციფიკური ქმედებების, რიტუალების ერთობლიობა, რომელიც განპირობებულია ზებუნებრივის არსებობის რწმენით და რეგლამენტირებულია სარწმუნოებრივი მოძღვრებით და, მორწმუნეთა რწმენით, უზრუნველყოფს პირდაპირ და უკუკავშირს თაყვანისცემის ობიექტებთან (სულები, ღვთაებები, ღმერთი, წმინდანები და ა. შ.). მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია:
•  ღვთისმსახურება — კულტის მსახურთა მიერ რელიგიური ცერემონიების და რიტუალური ქმედებების, წირვის ჩატარება.
•  ლოცვა —დადგენილი ტექსტი, რომელსაც წარმოთქვამენ, როდესაც მიმართავენ ღმერთს, წმინდანებს. მაგალითად, ლოცვა „მამაო ჩვენო“ (მთ. 6; 9-13; ლუკა II; 24), რომელიც იესო ქრისტემ დაუტოვა თავის მოწაფეებს, ფართოდ გამოიყენება ღვთისმსახურების დროს.
•  მედიტაცია (ლათ. meditatio — ფიქრი): 1) ინტენსიური, ღრმა ცნობიერების მდგომარეობა, გონებით ღრმად შესვლა საგანში, იდეაში და ა.შ., რომელიც მიიღწევა ერთ ობიექტზე ფოკუსირებით და ყველა ფაქტორის აღმოფხვრით და ყურადღებას ფანტავს;  2) საკუთარი ცნობიერების შეცვლა, როგორც ნარკოტიკული საშუალებების, ასევე სპეციალური სავარჯიშოების გამოყენებით, რომლებიც მიზნად ისახავს სენსორულ დეპრივაციას. ამ დროს გარე სამყაროს სიგნალების (ხმა, სინათლე) მიღებისას ადამიანი თავისუფლდება აზრებისგან, სახეებისა და გრძნობებისგან, რომლებიც აკავშირებენ მას გარე სამყაროსთან.
•  აღსარება —საეკლესიო საიდუმლოება, რომლის დროს მორწმუნეები ცოდვებს ინანიებენ მღვდელთან და მისგან შენდობას იღებენ („ცოდვათა მიტევება“) იესო ქრისტეს სახელით. აღსარება დაკავშირებულია მთავარ ქრისტიანულ საიდუმლოებასთან  -  ზიარებასთან, რომელსაც, როგორც წესი, წინ უსწრებს.
•  მარხვა —ღმერთისადმი ინტენსიური მიმართვაა ლოცვით და ცხოველური წარმოშობის საკვებისგან თავშეკავება. არსებობს ერთდღიანი და მრავალდღიანი მარხვა. დიდი მარხვა (უდაბნოში იესო ქრისტეს 40-დღიანი მარხვის ხსოვნისადმი მიძღვნილი) - 7-კვირიანი პერიოდია აღდგომის წინ, რომლის დროს ქრისტიანული ეკლესია მოითხოვს მორწმუნეებისგან თავი შეიკავონ სახსნილო საკვებისგან, კრძალავს მონაწილეობას გასართობ ღონისძიებებში, ქორწინებას, მოითხოვს მთელ რიგ სხვა შეზღუდვებს.
•  მსხვერპლად შეწირვა — რელიგიური კულტის ფორმა, ღმერთისათვის ძღვენის მირთმევა, რომელსაც გააჩნია რეალური ან სიმბოლური ღირებულება მსხვერპლშემწირველისთვის, მათ შორის ცხოველების (ზოგჯერ ადამიანების) მსხვერპლშეწირვა. მსხვერპლშეწირვის მნიშვნელობა საზოგადოების ან პიროვნების ღმერთთან კავშირის განმტკიცებაშია, ცოდვების მონანიებაში, სიბილწისგან განწმენდაში, მორჩილების, მადლობის გამოხატვაში და ღმერთის გულის მოლბობაში.
რელიგიური ქცევის განსაკუთრებული ფორმებია:
•  ასკეტიზმი — გრძნობადი სურვილების შეზღუდვა ან ჩახშობა,  ფიზიკური ტკივილის, მარტოობის ნებაყოფლობით გადატანა და ა.შ. ასკეტიზმის მიზანია მოთხოვნილებებისგან გათავისუფლება, სულის კონცენტრაცია, ექსტაზური მდგომარეობისათვის მზადება, „ზებუნებრივი უნარის“ (იოგა) მიღწევა, ქრისტიანობაში - ქრისტეს „ტანჯვაში“ თანამონაწილეობა. ასკეტიზმის უკიდურესი ფორმაა თვითდასაჭურისება.
•  ყარიბობა: 1) წმინდა ადგილების მონახულება; 2) მუქთახორული ხეტიალი მომლოცველობის საბაბით; 3) მაწანწალობა, რომელიც განპირობებულია რწმენით, რომ ანტიქრისტე მეფობს,  და რომ ყოველი მორჩილება ძალაუფლებისადმი დიდი ცოდვაა.
•  მომლოცველობა:  წმინდა ადგილებში გამგზავრება, რომელიც განპირობებულია  რწმენით, რომ ლოცვა უფრო ეფექტურია გარკვეულ ადგილებში, რომელსაც განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ღმერთთან.
•  სალოსობა:  ფსიქიკური აშლილობის სიმულაცია ღვთისმოსაობის მიზნით. სალოსები არა მხოლოდ ნებაყოფლობით თმობდნენ მიწიერი ცხოვრების კომფორტს და სიკეთეს, ახლობლებს და  სისხლით ნათესავებს, არამედ იღებდნენ შეშლილი ადამიანის სახეს, რომელიც არ იცავს წესიერებას, არც სირცხვილის გრძნობა არ გააჩნია, და თავს მაცდუნებელი ქმედებების უფლებას აძლევს.

2.4. პარარელიგიური გამოვლინებები
2.4.1. ცრურწმენა

სიტყვა „ცრურწმენა“ მომდინარეობს ძველი სლავური სიტყვიდან „ამაო“ – „უსარგებლო“, „უსაფუძვლო“,  „ტყუილუბრალო“. მის მნიშვნელობას სხვადასხვა ნიუანსი აქვს: 1) ამაო, ტყუილუბრალო, ანუ ცრუ რწმენა, რომელსაც უპირისპირებენ განვითარებული რელიგიების სარწმუნოებრივ მოძღვრებაში ჩამოყალიბებულ ჭეშმარიტ რწმენას; რაციონალისტური თვალსაზრისით, - ზებუნებრივი მოვლენების ნებისმიერი რწმენა; 2) არასრულფასოვანი, დამახინჯებული, ცრუ რწმენა; 3) რწმენა ძალთა ქმედაბასა და  აღქმაში, რომელიც ბუნების კანონებით არ აიხსნება.
ცრურწმენა რეალობად აღიქვამს მაგიური იდუმალი ძალების არსებობას, რომლებიც ახდენენ სასიკეთო ან მავნე ზეგავლენას ადამიანის და შინაურ ცხოველთა სიცოცხლეზე, ასევე განსაზღვრავენ ბუნების ცნობილ მოვლენებს: ამინდს, ზრდას, დაბადებას, გარდაცვალებას. დღეს ცრურწმენაში შემორჩა ძველი ხალხური სარწმენოების გადმონაშთები. ცრურწმენა გამოიხატება ავგაროზის ტარებაში, ტატუირებაში და ა.შ.
ვ. დალი ერთმანეთს აახლოვებს „ცრურწმენით გადმოცემის“ და „ცრურწმენის“ ცნებებს. ცრურწმენით გადმოცემას იგი უწოდებს ხალხში ფესვგადგმულ აზრს ან ცნებას მის საფუძვლიანობაში დარწმუნების გარეშე [3]. აქედან გამომდინარე,  ცრურწმენით გადმოცემა შეიძლება იყოს ჭეშმარიტი და ყალბი.  უკანასკნელ შემთხვევაში მას უწოდებენ ცრურწმენას. ცრურწმენა - უფრო ვიწრო ცნებაა და ძირითადად გაფრთხილებას ნიშნავს: რა, როგორ, როდის უნდა გააკეთო ან არ უნდა გააკეთო. დედამიწაზე ყველა ხალხს გააჩნია თქმულებები  და ცრურწმენა, ამასთან ბევრი მათგანი ერთმანეთის მსგავსია. ცრურწმენა ხშირად ატარებს  უძველესი სარწმენოების კვალს, რომელსაც მიეკუთვნება:
• ანიმიზმი —  რელიგიური წარმოდგენა სულის დამოუკიდებელი არსებობის შესახებ, სულისა ყველა ადამიანში, ცხოველში, მცენარეში (პირველყოფილ რელიგიებში - ყველა ნივთში).
• ტოტემიზმი — სარწმუნოებრივ მოძღვრებათა კომპლექსი, რომელიც დაკავშირებულია ადამიანთა ჯგუფისა და ტოტემის - ცოცხალი ან უსულო ბუნების მოვლენის, როგორც წესი, რომელიმე ცხოველის ან მცენარის - კავშირის იდეასთან.
• ფეტიშიზმი — მატერიალურ საგანთა - ფეტიშების თაყვანისცემა, რომლებსაც მიაწერენ ზებუნებრივ თვისებებს.
ადამიანის ცრურწმენისაკენ მიდრეკილება განპირობებულია ცხოვრების და აღზრდის  პირობებით, სოციალური გარემოს,  კულტურითა და ინტელექტით.


 2.4.2. მაგია
მაგია (ლათ. magia, ბერძნ. mageia) ეწოდება რიტუალების ერთობლიობას, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია რწმენით ადამიანის ზებუნებრივ შესაძლებლობებში ზემოქმედება მოახდინოს სხვა ადამიანებსა და ბუნებაზე, და რომელსაც, როგორც წესი, ასრულებენ მხოლოდ კურთხეულები. სინონიმებია: გრძნეულობა, ჯადოსნობა, კუდიანობა.
მაგია შეიძლება იყოს შავი და თეთრი. შავ მაგიაში შედის კუდიანობა, ნეკრომანტია (მიცვალებულთა გაცოცხლება) და ზებუნებრივი ძალების ბოროტად გამოყენება პირადი მიზნებისათვის. მის საპირისპიროდ, თეთრი მაგია თავისუფალია ეგოიზმისგან, ძალაუფლების მიდრეკილებისგან და მთლიანად მიმართულია სიკეთისაკენ, როგორც მთელი სამყაროს, ასევე მოყვასის მიმართ. მცირედი მცდელობაც კი მაგიური შესაძლებლობების გამოყენებისა საკუთარი სიამოვნებისათვის თეთრ მაგიას შავა მაგიად გადააქცევს.
მოქმედებიდან გამომდინარე, მაგია იყოფა მანტიკაზე, ანუ ხელოვნებაზე იწინასწარმეტყველოს მომავალი, და ოპერატიულ მაგიაზე - მოახდინოს სასწაული ზებუნებრივი ძალების დახმარებით.
მოქმედების ტიპის მიხედვით განასხვავებენ სიმპათიკურ (მსგავსების კანონზე დაფუძნებული ჯადოსნური ხერხები) მაგიას  და კონტაგიოზურ (შეხების კანონზე დაფუძნებული ჯადოსნური ხერხები) მაგიას. მსგავსების მაგიის გამოყენების მაგალითია  მცდელობა მიაყენო მტერს ზიანი მისი გამოსახულებისთვის დაზიანების მიყენების გზით.
მნიშვნელოვანი წვლილი მაგიის შესწავლაში შეიტანა ჯ. ფრეზერმა. წიგნში „ოქროს ტორი“ იგი განიხილავს მაგიას, როგორც ფორმას, რომელიც წინ უძღოდა რელიგიას.  შედარებითი ანალიზის ჩატარების შემდეგ იგი აღნიშნავდა, რომ „მაგიას ხშირად აქვს საქმე სულებთან, ანუ პერსონალურ აგენტებთან, რაც აახლოვებს მას რელიგიასთან. მაგრამ მაგია ეპყრობა მათ ზუსტად ისევე, როგორც იგი ეპყრობა არასულიერ ძალებს. იმის ნაცვლად, რომ, რელიგიის მსგავსად, გული მოულბოს და დაამშვიდოს სულები, იგი მათ აიძულებს და ძალას ატანს. მაგია ეფუძნება მოსაზრებას, რომ ყველა არსება, ადამიანი იქნება ეს, თუ ღმერთი, საბოლოოდ ემორჩილება უპიროვნო ძალებს, რომლებიც აკონტროლებენ ყველაფერს, მაგრამ მათგან შეიძლება სარგებელი მიიღოს მან, ვინც იცის, როგორ შეიძლება მათი მანიპულირება რიტუალების და ჯადოსნური თილისმის გამოყენების გზით... მაგიის და რელიგიის რადიკალური დაპირისპირებით აიხსნება ის მტრული დამოკიდებულება, რომელიც ჰქონდათ სასულიერო პირებს ჯადოსნების მიმართ. მღვდელის აღშფოთებას იწვევდა ჯადოსნის ქედმაღლური თავდაჯერებულობა, მისი გულზვიადობა უზენაესი ძალების მიმართ, ურცხვი პრეტენზია თანაბარ უფლებამოსილებაზე მასთან ერთად“ [15]. ჯ. ფრეზერის აზრით, ევოლუციის მსვლელობისას ადამიანებს იმედი გაუცრუვდათ მაგიაში, რადგან მაგიურ რიტუალებს და შელოცვებს არ მოჰქონდა შედეგი, რომელზეც  იყო გათვლილი.
თუმცა მაგიისადმი მიმართვა არა მხოლოდ არ გაქრა კაცობრიობის ისტორიაში, არამედ გაჩნდა ახალი ძალით, როგორც საზოგადოებრივ-ისტორიულ, ასევე  პირადი სულიერი კრიზისის პერიოდში.
დღემდე მაგიური შეხედულებების წარმოქმნა, გავრცელება და შენარჩუნება, ინგლისელი ეთნოგრაფის და სოციოლოგის ბ. მალინოვსკის აზრით, დაკავშირებულია ადამიანის ცხოვრებაში არსებული სასოწარკვეთილ მომენტებთან, როდესაც მას აღარ დაეხმარება არც ცოდნა, არც წინა გამოცდილება, არც ტექნიკური უნარები [7]. ამ მომენტებში ძლიერი ემოციური განცდა, რომელმაც გამოსავალი ჰპოვა სიტყვების, სახეების და ქმედებების ნაკადში, ტოვებს ღრმა რწმენას, რომ წყევლამ და ჟესტებმა გაანადგურეს მტერი, რომ სიყვარულის ლოცვა და ნაზი დამოკიდებულება არ დარჩა უპასუხოდ, ანუ დახარჯულ ძალისხმევას არ შეეძლო დადებითი გავლენა არ მოეხდინა სასურველ ობიექტზე.
                                                              * * *
ამრიგად, ფსიქიატრია ეფუძნება იმ დებულებას, რომ რელიგია თავისთავად არა მხოლოდ არ იწვევს ფსიქიკურ დაავადებას, არამედ მეცნიერული ფსიქიატრიის და ფსიქოთერაპიის შექმნამდე ეხმარებოდა ადამიანებს ფსიქიკური და ფიზიკური სენის დამარცხებაში. მაგრამ გარკვეულ პირობებში, პიროვნების გარკვეული თვისებების გათვალისწინებით, კერძოდ, ისტერიულის, ან ფსიქიკური აშლილობის გენეტიკური მიდრეკილების შემთხვევაში, რელიგია განსაზღვრავს ფსიქოპათოლოგიური განცდების შინაარსობრივ ასპექტს. ყველა ფსიქოპათოლოგიურ ფენომენს გააჩნია ანალოგი ადამიანის ფსიქოლოგიაში. ისევე, როგორც არსებობენ კრიტერიუმები, რომლებიც იძლევიან მძიმე დარდის განსხვავების საშუალებას დეპრესიისგან, სიყვარულისა სიყვარულის მომხიბვლელობის ბოდვისგან, ასევე უნდა არსებობდეს ნორმალური და პათოლოგიური რელიგიურობის განმასხვავებელი ნიშნები. ამ კრიტერიუმების ძიებით, ისევე, როგორც სპეციფიკური პათოლოგიური რელიგიური სიმპტომების კომპლექსების აღწერით არის დაკავებული  ფსიქოპათოლოგია.

ლიტერატურა
1. კ. არმსტრონგი. ღმერთის ისტორია. ათასწლიანი ძიებები იუდაიზმში, ქრისტიანობასა და ისლამში: თარგმ. ინგლ.— კიევი: სოფია; მოსკოვი, 2004.— 496 გვ.
2. ა. ბერგსონი. მორალის და რელიგიის ორი წყარო: თარგმ. ფრანგ. — მოსკოვი: კანონი, 1994.— 382 გვ.
3. ვ. დალი.  რუსი ხალხის თქმულებები და ცრურწმენა.— მოსკოვი: ეკსმო, 2003.- 732 გვ.
4. ტ. ეფრემოვა. რუსული ენის ახალი ლექსიკონი.— მოსკოვი: რუსული ენა, 2000.- ტ. 1.- 1210 გვ; ტ. 2.- 1084 გვ.
5. ილუსტრირებული ენციკლოპედიური ლექსიკონი.— მოსკოვი: რიპოლ კლასირ-ბრე, 2001.- 1439 გვ.
6. ი. კანტი. წმინდა გონების კრიტიკა: თარგმ. გერმ.— მოსკოვი , 1994.— 592 გვ.
7. ბ. მალინოვსკი. მაგია, მეცნიერება, რელიგია. თარგმ. გერმ. - მოსკოვი, 1998.- 290 გვ.
8. კ. მარქსი.  ათეიზმის, რელიგიის და ეკლესიის შესახებ: თარგმ. გერმ.— მოსკოვი:  1986.- 671 გვ.
9. რელიგიათმცოდნეობის საფუძვლები: სახელმძღვანელო /ი.ნ. იაბლოკოვის რედაქციით.— 4-ე გამოც., გადამუშავებული და დამატებული.— მოსკოვი: ვისშაია შკოლა, 2002.— 511 გვ.
10. ვრცელი ქრისტიანული კატეხიზმო  /შეადგ. მოსკოვის მიტროპოლიტმა ფილარეტმა.— მოსკოვი: წმინდა კიპრიანე, 1998.— 128 გვ.
11. რუსული ენციკლოპედიური ლექსიკონი.— მოსკოვი, 2001.— ტ. 1 — 1023 გვ; ტ. 2 - 1084 გვ.
12. კ. ტერტულიანე. რჩეული თხზულებები: თარგმ. ლათინ. — მოსკოვი: პროგრეს-კულტურა, 1994.— 443 გვ.
13. ლ. ფოიერბახი. ქრისტიანობის არსი: თარგმ. გერმ. — მოსკოვი: მისლი, 1965.- 414 გვ.
14. ფილოსოფიური ლექსიკონი /ი.ტ. ფროლოვის რედაქციით.— 6-ე გამოც., გადამუშ. და დამატ. — მოსკოვი: პოლიტიზდატი, 1991.— 560 გვ.
15. ჯ. ფრეზერი. ოქროს ტოტი (მაგიის და რელიგიის კვლევები): თარგმ. ინგლ.- მოსკოვი: ასტ, 1998 - 782 გვ.
16. Allport G. The inpidual and his religion, a psychologicalinterpretation.— N.Y.: Macmillan, 1950 — 147 p.
17. Arterburn S., Felton J. Toxic faith: experiencing healing from painful spiritual abuse.— Colorado Springs, Colo.: Shaw, 2001.— 268 p.
18. Freud S. Obsessive actions and religious practices //The Standard Edition of the Complete Psychological Works of Sigmund Freud.— Vol. 9.— London: Hogarth, 1959.- P. 115-127.

თავი 3

რელიგიურ-მისტიკური მდგომარეობები

„მისტიკის“, „მისტიციზმის“, „მისტიკურის“ ცნებებს ბევრი მნიშვნელობა აქვს. ტერმინი მომდინარეობს ბერძნულიდან mystika - საიდუმლოება, ზებუნებრივი, ღვთაებრივი. თანამედროვე ინტერპრეტაციით მას აქვს შემდეგი ძირითადი მნიშვნელობა: 1) რელიგიური რწმენა, რომ ადამიანს უშუალოდ აქვს ურთიერთობა იმქვეყნიურ სამყაროსთან; 2) რაღაც უცნაური, აუხსნელი, იდუმალი; 3) რელიგიური პრაქტიკა, რომელიც მიზნად ისახავს განცდას ღმერთთან „უშუალო ერთიანობისა“  ექსტაზში [10, 11, 15, 17J.
მისტიციზმი, როგორც ფილოსოფიური მიმართულება წარმოადგენს გონება-განწყობას და სწავლებას, მათ შორის რელიგიურს, რომელიც მომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ ჭეშმარიტი რეალობა მიუწვდომელია გონებისათვის და მისი გააზრება ხდება მხოლოდ ინტუიციურ-ექსტაზური გზით. „მისტიკურის“ ცნება ყოველდღიური თვალსაზრისით ინტერპრეტირებულია, როგორც იდუმალი, ფარული, საიდუმლო, ბუნდოვანი და არაპირდაპირი, ხოლო ვინმეს „მისტიფიცირება“ ნიშნავს გასულელებას, მოტყუებით გართობას, დიდი დროით შეცდომაში შეყვანას [8]. „მისტერიებს“ ეკუთვნიან იდუმალი რიტუალები, რომლებიც ასოცირებულია ღმერთებთან დემეტრასა და დიონისესთან ძველ საბერძნეთში.
„მისტიკური ბოდვა“ ფსიქიატრიაში განისაზღვრება, როგორც ფსიქოპათოლოგიური ფენომენი, რომელიც ხასიათდება ავადმყოფური განცდების გამოხატული მისტიკური შინაარსით, პაციენტის რწმენით, რომ მას და სხვებს რაღაც აუხსნელი, საიდუმლო ემართებათ. მისტიკურ ბოდვას ეკუთვნის  რელიგიური შინაარსის ავადმყოფური იდეები, იმქვეყნიურ სამყაროსთან ურთიერთობის რწმენა  [4].
რელიგიურ-მისტიკური გამოვლინებების მრავალფეროვნებისა და გაურკვევლობიდან გამომდინარე  ხშირად რთულია ზღვარის დანახვა რელიგიურ გამოცდილებასა და ფსიქოპათოლოგიას შორის. ამიტომ აუცილებლადაა მიჩნეული მათი განხილვა თეოლოგიურ, ფილოსოფიურ, ნეიროფსიქოლოგიურ და ფსიქოპათოლოგიურ კონტექსტში.

3.1. თეოლოგიური კონტექსტი

თეოლოგიური კონტექსტი მოიცავს რელიგიურ დოქტრინათა ერთობლიობას იდეების, ტექსტების საფუძველზე, რომლებსაც მორწმუნეები აღიქვამენ, როგორც ღვთიურ გამოცხადებას.  მისტიკურმა განცდებმა, როგორც ადამიანის ცხოვრების განუყოფელმა ნაწილმა, თავისი ასახვა ჰპოვეს ბიბლიაში. ღვთაებრივი გამოცხადების  მაგალითებია მოსეს მიერ გაგონილი ღმერთი იაჰვეს შეძახილი ცეცხლმოკიდებული კვრინჩხის ბუჩქიდან (გამოსვლა 3:1-22), მისტიკური სიმბოლოებით გაჯერებული ღმერთის გამოცხადების სურათი ებრაელი წინასწარმეტყველის ეზეკიელის წინაშე (ეზეკ. 1-18), სავლეს მიერ გაგონილი ქრისტეს ხმა დამასკოს გზაზე (საქმენი 9:3-7), იოანე ღვთისმეტყველის აპოკალიფსური ხილვა (გამოცხ. აპოქალიფს. 4-22) ... საოცარი ღვთაებრივი სიახლოვე იგრძნო წინასწარმეტყველმა მუჰამედმა, როდესაც  მის წინაშე წარსდგა ანგელოზი და უბრძანა წაეკითხა. ოცდასამი წლის განმავლობაში წინასწარმეტყველი იღებდა ღმერთისგან ზეშთაგონებას ლექსების სახით, რომლისგან მოგვიანებით შეადგინეს ყურანი. ზოგჯერ მუჰამედი ნათლად ხედავდა ანგელოზს და ესმოდა მისი სიტყვები, მაგრამ ზოგჯერ მისი ხმა იყო გაუგებარი. თვითმხილველებს ხშირად უნახავთ წინასწარმეტყველი, რომელიც ყურს უგდებდა საკუთარ თავს [18]. მისტიკა დამახასიათებელია ყველა რელიგიური სისტემისათვის, მაგრამ ყოველ მათგანს ჰქონდა კონკრეტული რელიგიისათვის დამახასიათებელი ელფერი: ჩინეთში ჩამოყალიბდა დაოსიზმში, ინდოეთში ბუდიზსა და გვიან ბრაჰმანიზმში. ებრაელმა მისტიკოსებმა შვიდი ზეცა „დაინახეს“, ინდოელებმა - ბუდა და ბუდჰისატვი, ქრისტიანებმა - ქალწული მარიამი. ქრისტიანობის მიღმა შუა საუკუნეებში ჩამოყალიბდა ორი მძლავრი მისტიკური მოძრაობა - კაბალიზმი ებრაელებთან და სუფიზმი სპარსელ-მუსულმანებთან.
ბიზანტიელი მისტიკოსები, რომლებმაც თავი მოიყარეს ათონის მონასტრებში, სარგებლობდნენ განსაკუთრებული ფსიქოფიზიკური მეთოდით - „ჭკვიანური კეთებით“  ექსტაზში შესასვლელად. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი (ციტირებულია ა. ჰაუშერის მიხედვით [22]) წერდა ყურადღების და ლოცვის სამი საშუალების შესახებ. პირველი ეფუძნება ზეციური კურთხევის, ანგელოზთა და წმიდანთა წარმოდგენაზე. მეორე - სხვა ზრახვების დაძლევას: „აზრი აზრს ებრძვის“, და გონებაში გაურკვევლობაა. ლოცვის მესამე ფორმა ეფუძნება „გონების გულის სიღრმეში გადატანას“ და ფიზიკური ხერხების გამოყენებას: საჭიროა ბნელ ოთახში დაბალ სკამზე დაჯდომა, თვალების დახუჭვა, თავის დახრა, სუნთქვის ოდნავ შეკვრა და მცდელობა გონებით მოძებნო გულის ზედა ნაწილი, გონება მოიკრიბო და დაიწყო იესოს ლოცვა. ერთ-ერთი სულიერი მოძღვარის თეოფანე დაყუდებულის დამოკიდებულება სულიერი ღრმად ჩაწვდომის სპეციფიკური ხერხების მიმართ იყო ძალიან თავშეკავებული [9]. მისი თქმით, ღმერთთან ერთიანობის გულით განცდა ადვილად მიიღწევა „ღმერთის სიყვარულით“ და ლოცვით. „ღმერთის სიყვარული“ ნიშნავს ყოველი ნაბიჯის შედარებას სახარებასთან, მუდმივად ღმერთის ხსენებას, მისი სიახლოვის შეგრძნებას.
გულში ლოცვის დროს მადლის პროთოპატიული განცდის შესახებ წერდა ეკლესიის ბევრი მამა. წმინდა ეფრემ სირინი წერდა ცეცხლის შესახებ, რომელიც გულში აღწევს და იქ მკვიდრობს, ხოლო იოანე კლემაქსი (კიბისაღმწერელი) [13] - სულიერი ცეცხლის შესახებ, რომელიც გულში აღწევს  და აღორძინებს ლოცვას. თავის აპოლოგეტურ ნაშრომში „სული და სხეული“ მღვდელი და ცნობილი ქირურგი ვ. ვოინო-იასენეცკი (მთავარეპისკოპოსი ლუკა) წერდა: „თუ სული კეთილი და მადლიანია, გულში იგრძნობა მშვიდი სიხარული, შინაგანი სიმშვიდე და სითბო, რომელიც ყოველთვის იზრდება განუხრელი და ღირსსახსოვარი ლოცვის და კეთილი საქმეების შემდეგ. პირიქით, თუ სულზე გავლენას ახდენს სატანა და მისი მსახურნი, გულში ჩნდება უცნაური მოუსვენრობა, რაღაც წვა და სიცივე და ანგარიშმიუცემელი შფოთვა ... რარიგ საეჭვოც არ უნდა იყოს  ურწმუნოთათვის, ჩვენ ვადასტურებთ, რომ გულით შეიძლება მიიღო გარკვეული ჩაგონება, ისეთივე, როგორიცაა ღვთის სიტყვა. მაგრამ ეს მხოლოდ წმინდანთა ხვედრი არ არის. მეც, სხვების მსგავსად, არა ერთხელ განვიცადე ეს დიდი ძალით და ღრმა სულიერი მღელვარებით. როდესაც ვკითხულობდი ან ვუსმენდი წმინდა წერილის სიტყვებს, მოულოდნელად ისეთ საოცარი შეგრძნება მეუფლებოდა, რომ ეს ღვთის სიტყვაა, უშუალოდ ჩემკენ მომართული. იგი ჟღერდა ჩემთვის, როგორც ქუხილი, თითქოს ელვამ გაიარა ჩემ ტვინსა და გულში. ცალკეული ფრაზები სრულიად მოულოდნელად თითქოს მხოლოდ ჩემთვის იყო ამოღებული წერილის კონტექსტიდან, ნათდებოდა კაშკაშა თვალისმომჭრელი სინათლით და სამუდამოდ აღიბეჭდებოდა ჩემ ცნობიერებაში. და ყოველთვის ეს ელვისებური ფრაზები, ღვთის სიტყვა ჩემთვის იმ მომენტში იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი ჩაგონება, დარიგება ან თუნდაც წინასწარმეტყველება, რომელიც ყოველთვის შემდეგ ახდებოდა. მათი ძალა ზოგჯერ იყო უზარმაზარი, საოცარი, რომელსაც ვერ შეადარებ ვერავითარ ჩვეულებრივ  ფსიქიკურ ზემოქმედებას“  [7].
ფსიქოპათოლოგიისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მისტიკური ჩაღრმავება ყოველთვის არ რჩება შეუმჩნეველი და თავის კვალს ტოვებს ადამიანის ფსიქიკაზე. ერთ-ერთი უძველესი ტექსტი, რომელიც მოცემულია კ. არმსტრონგის [1] უკვე ზემოხსენებულ წიგნში, მოგვითხრობს მისტიკურ აღზევებაზე ზეცაში, სამოთხეში ღვთის ტახტთან ოთხი ებრაელისა: ბენ აზაიას, ბენ ზომას, ბენ აგერას და რაბინი აკივას. მხოლოდ რაბინი აკივა აღმოჩნდა საკმაოდ საღად მოაზროვნე, რათა დაესრულებინა ეს გზა უვნებლად. რაც შეეხება დანარჩენებს, ბენ აზაიამ იხილა და გარდაიცვალა, ბენ ზომა ჭკუაზე შეიშალა, ბენ აგერი ერეტიკოსი გახდა. მოყვანილი  ლეგენდა ცხადყოფს, რომ რელიგიური ებრაელები მშვენივრად აცნობიერებდნენ მისტიციზმის საფრთხეს. მოგვიანებით, მათ აკრძალეს ახალგაზრდებისათვის კაბალას მისტიკური სწავლების გაცნობა მანამ, სანამ ისინი არ მიაღწევდნენ სიმწიფის ასაკს. ბევრი რელიგიური მისტიკური სწავლება აღნიშნავს საღი აზროვნების და სულიერი წონასწორობის აუცილებლობას და მნიშვნელობას. ძენ-ბუდიზმის მასწავლებლები ამბობენ, რომ არ აქვს აზრი ნერვულმა ადამიანმა ელოდოს განკურნებას მედიტაციისაგან, ამით მხოლოდ გაამწვავებს მის აშლილობას. XIII საუკუნის ესპანელი მისტიკოსი აბრაჰამ აბულაფი დიდხანს სწავლობდა თორას, თალმუდს და დაუბრუნდა მისტიციზმს 30 წლის ასაკში. იმისათვის, რომ მიეღწია წინასწარმეტყველური შთაგონებისათვის, მან შეიმუშავა საკუთარი მეთოდი, რომელიც მოიცავს ფოკუსირების სუნთქვის ტრადიციულ პრინციპებს, მანტრების გამეორებას, სპეციალურ პოზებს ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობის მისაღწევად. აბულაფს მიაჩნდა, რომ მისტიკური ჩაღრმავება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმის ხელმძღვანელობით, ვინც კაბალა კარგად იცის. იგი კარგად აცნობიერებდა საკუთარ ფსიქიკაზე უკონტროლო ექსპერიმენტების საფრთხეს, რადგან ახალგაზრდობაში ლამის გახდა დამღუპველი რელიგიური განცდების მსხვერპლი, რომლებმაც თითქმის მიიყვანეს უმსგავსო  ქმედებებამდე.
ტრადიციული რელიგიის დამოკიდებულება მისტიკის მიმართ არაერთმნიშვნელოვანია. XIV საუკუნეში დასავლეთში ჩამოყალიბდა ძლიერი მისტიკური მიმართულება, მაგრამ უკვე XVI საუკუნეში პროტესტანტი რეფორმატორები ღიად გმობდნენ „არაბიბლიურ“ სულიერებას. რომის კათოლიკური ეკლესიის მიერ მოგვიანებით წმინდანათ შერაცხულ ტერეზა ავილელს საფრთხე ემუქრებოდა ინკვიზიციის მხრიდან.
რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში სულიერი ხედვა უპირისპირდება ხორციელს. როგორც ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი წერდა, „სულთა დანახვის სურვილი, ცნობისმოყვარეობა შეიტყონ მათ შესახებ და მათგან რაიმე, უდიდესი უგუნურობის და მართლმადიდებელი ეკლესიის ზნეობრივი და მოქმედ თქმულებათა სრული არცოდნის ნიშანია“. [6] ამავე დროს დაშვებულია, რომ მხოლოდ ქრისტიანული ასკეტიზმით მიიღწევა სწორი, კანონიერი შეღწევა სულთა სამყაროში. ქრისტეს ერთგული მოღვაწე თვით  ღმერთს შეჰყავს ხილვაში.
რუსულ რელიგიურ ფილოსოფიაში რელიგიის მისტიკური კომპონენტი აღწერა ნ. ბერდიაევმა [3]. მან განსაზღვრა მისტიკა, როგორც მოძღვრება, რომელიც გვიჩვენებს გზას ბუნებრივი „ცხოველური“ არსებობის დასაძლევად, როგორც მოძღვრება  ადამიანის და სამყაროს „განღმრთობისა“, ამავე დროს იგი მიუთითებს რელიგიისა და მისტიკის რთულ ურთიერთობებზე. ერთი მხრივ, „რელიგიას ეშინია მისტიკის“, ხშირად ხედავს მასში ერესის წყაროს, საფრთხეს კანონებისათვის, ხოლო, მეორე მხრივ, - „მას სჭირდება იგი და ყოველთვის ცდილობს დაუმორჩილოს თავისუფალი მისტიკური სტიქია  დადგენილ  რელიგიურ ნორმებს“.
ამჟამად, ტრადიციული რელიგიები უპირატესობას ანიჭებენ ეგზოთერულს, ანუ ყველასათვის  ღია და გასაგებ  რელიგიურ გამოცდილებას. მათ საპირისპიროდ, მისტიკური პრაქტიკა ფართოდ გამოიყენება ზეკონფესიურ სინკრეტულ (თეოსოფია, აგნი იოგა, ინტეგრალური იოგა) და არატრადიციულ კულტებში („ახალი საუკუნე“, „კრიშნას ცნობიერების  საზოგადოება“ და სხვ.).
 
3.2. ფილოსოფიური კონტექსტი


მისტიციზმი ფილოსოფიაში - შემეცნებითი საქმიანობის განსაკუთრებული ტიპია. ამ მიმართულების ფილოსოფოსები დაბეჯითებით მიუთითებენ ჭეშმარიტების შეცნობის ჩვეულებრივ საშუალებათა შეზღუდულობაზე - ადამიანის ცნობიერებაში მატერიალური სამყაროს ასახვაზე შედარების, ანალიზის, სინთეზის, აბსტრაგირების და განზოგადების გზით. მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პირდაპირი ურთიერთობა შემცნობ სუბიექტსა და შეცნობის აბსოლუტურ საგანს - ღმერთს შორის. ბ. რასელის აზრით, მისტიკური ფილოსოფია ყველა დროში, პირველ რიგში, ეყრდნობოდა ინტუიციური შეღწევის შესაძლებლობას, როგორც რაღაც საპირისპიროს დისკურსული ანალიტიკური აზროვნებისა, ხოლო, მეორე მხრივ, ერთობის რწმენას, და ამავე დროს მისთვის მიუღებელი იყო რაიმე საპირისპირო ან განსხვავებული; ასევე, - დროის რეალობის უარყოფას [35]. როგორც მისტიკური ფილოსოფიის უძველესი ძეგლის - „უპანიშადახის“ [5], ასევე ინდური ფილოსოფიის სხვა, უფრო გვიანი ძეგლების ძირითადი იდეა არის ყოველივე ინდივიდუალურის ჩაღრმავება მსოფლიო სულის აბსოლუტურ ერთიანობაში. ჩინელი ფილოსოფოსის ლაო ძის ტრაქტატში „ტაო დე ცზინი“ („წიგნი გზასა და სათნოებაზე“), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში ჩვ.წ. აღრ-მდე, ძირითად ცნებად წარმოჩენილია „დაო“, რომელიც ერთდროულად წარმოადგენს მსოფლიო მატერიას, გლობალურ ძალას, უნივერსალურ გონებას, აბსოლუტურ სიმარტივეს და უმოქმედობას - დასაწყისს და დასასრულს ყოველივე იმისა, რაც არსებობს [12]. ლაო-ცზის სისტემაში ადამიანი განმარტებულია, როგორც იმავე დაოს გამოვლინება, მისი სხეული - როგორც მსოფლიო მატერიის ნაწილი, სული კი - უნივერსალური გონების. სხეულთან შედარებით სული უკვდავია, მაგრამ კარგავს მის ინდივიდუალურობას  აბსოლუტურ დაოში.
ძველ ბერძნულ ფილოსოფიაში მისტიკურმა შეხედულებამ განვითარება ჰპოვა ჰერაკლიტეს, პითაგორელების, ემპედოკლეს და, განსაკუთრებით, პლატონის  შრომებში.
შუა საუკუნეების სულიერ ცხოვრებაში  ცოდნასა და დაკვირვებას შორის განსხვავებულობის იდეაზე მუშაობდა გამოჩენილი მეცნიერი, ფილოსოფოსი, ღვთისმეტყველი, მათემატიკოსი და საეკლესიო-პოლიტიკური მოღვაწე, კარდინალი ნიკოლაი კუზანსკი. დედამიწაზე ეკლესიის პირველსაწყისად მან აღიარა არა იერარქია, არამედ საიდუმლოებანი, როგორც სულიერი ცხოვრების დამოუკიდებელი ღვთაებრივი ელემენტი. თხზულებაში დედამიწის ბრუნვის შესახებ მან 100 წლით გაუსწრო ნ. კოპერნიკს. განსაკუთრებული ყურადღება მეცნიერმა დაუთმო აზროვნების მეთოდის და გამოხატვის საშუალებების ჩამოყალიბებას და ამით მან სადუძველი ჩაუყარა თანამედროვე სემიოტიკას (მეცნიერებას ნიშნების შესახებ). მათემატიკაში იგი ცდილობდა გადაეწყვიტა დიდ და მცირე სიდიდეთა პრობლემა. გნოსეოლოგიაში (მეცნიერება ცოდნის შესახებ) ნ. კუზანსკიმ  განავითარა იდეა „სწავლული უმეცრების“ (docta ignoratia), ანუ უცოდინრობის შესახებ, რომელიც მიღწეულია მეცნიერული გზით („უმეცრების ცოდნა“). სწავლული უმეცრება - ეს არის ცოდნა, რომელიც წარმოადგენს უფრო მაღალ დონეს, ვიდრე გრძნობითი გზით მიღებული ცოდნა; იგი უსასრულო მიახლოებაა ჭეშმარიტებასთან, რომელიც აბსოლუტშია და რომლის განხორციელება შესაძლებელია მიხვედრილობის, ვარაუდის, გაცნობიერების გზით. აქედან გამომდინარე, უცოდინრობა გადაიქცევა „რეგენერირებულ ცოდნად“, „შინაგან განცდად“. მისივე განცხადებით, ამ აზრამდე მეცნიერი შემთხვევით არ მისულა: „მე ბევრი მცდელობა მქონდა გამეერთიანებინა ერთ ძირითად იდეად აზრი ღმერთისა და სამყაროს, ქრისტესა და ეკლესიის შესახებ, მაგრამ არც ერთმა მათგანმა არ დამაკმაყოფილა, სანამ საბერძნეთიდან ზღვით დაბრუნებისას ჩემი სული, თითქოს ზეციდან შთაგონებული, არ მიუახლოვდა აღქმას, რომელშიც ღმერთი გამომეცხადა როგორც ყველა წინააღმდეგობათა უზენაესი ერთიანობა“ (ციტ. რ.შტაინერის მიხედვით [36]).
ამრიგად, ცოდნა და აღქმა ერთი შემეცნებითი პროცესის ორი პოლუსია. როგორც ნ. კუზანსკის სწავლებიდან ჩანს, ერთი და იგივე რამ შეიძლება მოევლინოს მწირ ცოდნასაც და უმაღლეს აღქმასაც, ოღონდ პირველ შემთხვევაში ისინი ევლინებიან თავისი გარეგნული გამოვლინებით, ხოლო, მეორე შემთხვევაში, - შინაგანი არსით.
სრულიად განსაკუთრებული ადგილი შუა საუკუნეების მისტიკურ ფილოსოფიაში უკავია ი. ბემეს. ბავშვობაში იგი ჩვეულებრივი მწყემსი იყო, მას შემდეგ, რაც სოფლის სკოლაში წერა-კითხვა ისწავლა, იგი გახდა მეწაღეს ქარგალი ჰერლიცში. ი. ბემე ბუნებით იყო ნათელმხილველი, თუ ნათელხილველობაში ვიგულისხმებთ გამჭრიახობის ან ინტუიციის უნარს. ფილოსოფოსის ცხოვრება სავსეა იდუმალებით, ზეშთაგონებით, შორსმჭვრეტელობით. როგორც რ. შტაინერი წერს [36], ერთხელ მაღაზიაში, სადაც პატარა იაკობი მუშაობდა, უცნობი მამაკაცი მივიდა და ერთი წყვილი ჩექმა მოითხოვა. ბიჭმა პატრონის არყოფნის გამო ვერ შეძლო მათი გაყიდვა. უცნობი გავიდა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ დაბრუნდა და იაკობს უთხრა: „იაკობ, შენ პატარა ხარ, მაგრამ ერთხელ სხვა ადამიანი გახდები, რომელიც მთელ მსოფლიოს გააკვირვებს“. მოწიფულობის ასაკში ი. ბემემ დაინახა მზის ანარეკლი კალის ჭურჭელზე და იგრძნო, რომ მას აქვს გასაღები ბუნების იდუმალი ენის ამოსაცნობად. ამის შესახებ იგი თავად წერდა: „როდესაც ღვთის დახმარებით ვიბრძოდი, სწორედ მაშინ გაიბრწყინა ჩემ სულში საოცარმა სინათლემ, რომელიც სრულიად უცხო იყო ველური ბუნებისათვის, და მხოლოდ მასში შევიცანი მე, რა არის ღმერთი და ადამიანი, და რატომ ზრუნავს ღმერთი ადამიანზე“. იგი ცხოვრობდა, როგორც განდეგილი, განაგრძობდა მეწაღეობას, იწერდა ხმებს, რომელიც ესმოდა, როდესაც გრძნობდა სულს თავის არსებაში. სამყაროს სურათში, რომელიც მოცემულია ტრაქტატში „ავრორა, ანუ დილის ვარსკვლავის  ამოსვლა“ [2], ი. ბემე ამტკიცებდა, რომ მან იხილა „ღმერთის ჭეშმარიტი საფუძველი; როგორ იყო ყველაფერი ადრე, სამყაროს შექმნამდე; როგორ გაჩნდნენ წმიდა ანგელოზები და საიდან; ასევე ლუციფერის და მისი ლეგიონების საშინელი დაცემის შესახებ; როგორ გაჩნდა ცა, დედამიწა, ვარსკვლავები, სტიქიები, ისევე როგორც ლითონები და ქვები დედამიწაზე, და ყველა არსება; როგორია სიცოცხლის დაბადება  და ყველა საგნის სხეულის შექმნა; რა არის ჭეშმარიტი ცა, სად ბინადრობენ ღმერთი და მისი წმინდანები; რა არის ღვთის რისხვა და ჯოჯოხეთის ცეცხლი; როგორ გახდა შესაძლებელი, რომ ყველაფერი მიეცეს ცეცხლს, ანუ - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ რას წარმოადგენს ყველა არსების არსი“. ი. ბემე მიიჩნევდა, რომ სამყარო აგებულია უსასრულო უფსკრულიდან ბუნების შვიდი ფორმის დახმარებით. მათგან მეშვიდე სულია, რომელიც იქმნება საკუთარი გრძნობითი აღქმის საფუძველზე, კვლავ მოიპოვებს საკუთარ თავს, როგორც პირველსახეს, რომელიც შეიქმნა უსასრულო უფსკრულში და შედგება ჰარმონიისა და დისჰარმონიისაგან. ბუნება და ადამიანი წარმოდგენილია, როგორც ერთი არსება. აქედან გამომდინარე, „სიკეთე და ბოროტება ყველა ძალაში არსებობს, ვარსკვლავებსა და სტიქიებში, ისევე, როგორც ყველა არსებაში; განუყოფელია ერთი მეორისგან, როგორც ერთი მთელი; და არ არსებობს ბუნებაში ისეთი ხორციელი არსება, რომელსაც არ გააჩნდეს ორივე თვისება“.
მნიშვნელოვანი კვალი მისტიკურ ფილოსოფიაში დატოვა ე. სვედენბორგმა, რომელიც ცხოვრობდა XVII-XVIII საუკუნეებში. როგორც მეცნიერი, იგი ცნობილია შრომებით ფილოლოგიაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. ოფიციალური პროტესტანტული ორთოდოქსიის მიმართ მისი დამოკიდებულება იყო თავშეკავებული, მაგრამ მთელი თავისი ცხოვრება მას აინტერესებდენ რელიგიურ-ზნეობრივი პრობლემები. თავისთვის მან შეიმუშავა პატიოსანი ცხოვრების ხუთი ძირითადი წესი: 1) ხშირად წაიკითხოს ღვთის სიტყვა და იფიქროს მასზე; 2) ყველაფერში მიენდოს ღვთის განგებას; 3) ყველაფერში დაიცვას ზრდილობის წესები; 4) ყოველთვის ჰქონდეს სუფთა სინდისი; 5) კეთილსინდისიერად შეასრულოს საჯარო სამსახურის მოვალეობები და შეეცადოს სარგებლობა მოუტანოს საზოგადოებას. მისტიკას ე. სვედენბორგი ეზიარა მოულოდნელად. როგორც ვ. სოლოვიოვი წერდა თავის ნარკვევში, „1745 წელს (როდესაც მან მიაღწია იმ ასაკს, რომელ ასაკშიც კანტმა შექმნა თავისი „წმინდა გონების კრიტიკა“ - 57 წელს) სვედენბორგი იმყოფებოდა ლონდონში. სადილად იგი შევიდა ერთ-ერთ ტავერნაში, სადაც მის განკარგულებაში იყო სპეციალური ოთახი და სადაც მას ჰქონდა შესაძლებლობა მშვიდად მიცემოდა ინტელექტუალურ ფიქრს. ერთ დღეს, როდესაც მშიერი იყო, მან ჩვეულებრივზე მეტი ჭამა. უცებ დაინახა, რომ ოთახი ნისლით გაივსო, და იატაკზე უამრავი ქვეწარმავალი გაჩნდა. ნისლი  გადავიდა წყვდიადში; როდესაც გაიფანტა, ოთახში ქვეწარმავლები გაქრენ, ხოლო ოთახის კუთხეში სვედენბორგმა დაინახა მამაკაცი, რომელიც შარვანდით გარშემორტყმული იჯდა. მან მკაცრად უთხრა: „ნუ ჭამ ამდენს!“ მოულოდნელად სვედენბორგმა დაკარგა მხედველობა; როდესაც თანდათან დაუბრუნდა, აღმოაჩინა, რომ მარტოა. შეშინებული სახლისკენ გაეშურა, სადაც ღამე და მომდევნო დღე ფიქრში გაატარა და არაფერი არ უჭამია. მომდევნო ღამეს მამაკაცი შარავანდით კვლავ გამოეცხადა წითელ მანტიაში შემოსილი, და უთხრა: „მე ღმერთი ვარ, უფალი, შემოქმედი და მხსნელი. მე აგირჩიე შენ, რათა აუხსნა ხალხს წმინდა წერილების სულიერი მნიშვნელობა. მე გიკარნახებ შენ იმას, რაც უნდა დაწერო“. სვედენბორგმა იგრძნო, რომ შინაგანი თვალი აეხილა, და მას შემდეგ, ისე, რომ გარეგნულად ადგილი არ შეუცვლია, სულიერად გადაადგილდებოდა ზეცაში, ჯოჯოხეთში და სულთა სამყაროში, სადაც მან ნახა და ესაუბრა ბევრ ცნობილ ადამიანს, რომელთა ერთი ნაწილი არცთუ დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, ხოლო მეორე  ნაწილი დიდი ხნის წინ იყო გარდაცვლილი“ [16]. როგორც მას მიაჩნდა, ღვთისაგან მუდმივი შთაგონებით, მან შექმნა თავისი მთავარი ფილოსოფიური თხზულება „Agsapa Coelestia“ [37]. ე. სვედენბორგის მიერ შექმნილი სამყაროს სურათი უცნაური და ირაციონალურია. მისი შეხედულებების თანახმად, დამოუკიდებელი მატერია როგორც ასეთი არ არსებობს, ხოლო მატერიალურ მოვლენათა დამოუკიდებლობა მათი სულიერი მიზეზებისა და მიზნებისგან - სუბიექტური წარმოშობის მოჩვენებითი ფიქციაა. ჭეშმარიტად არსებობს მხოლოდ უნივერსალური ღმერთკაცი იესო ქრისტე და მისი სამეფო. ზეცის და ჯოჯოხეთის წყაროა მიწიერი და არამიწიერი, კაცობრიობა, რომელიც დასახლებულია სხვა პლანეტებზე და რომლის წარმომადგენლები ფიზიკური სიკვდილის შემდეგ გარდაიქმნებიან ან ანგელოზებად, ან დემონებად, ან შუალედურ სულიერ არსებებად, რომლებიც არ ემხრობიან არც ერთ და არც მეორე მხარეს. თავის თხზულებებში ე. სვედენბორგი გვაუწყებდა, რომ მისი სულიერი მზერის წყალობით მან იხილა უცხოპლანეტელები, ესაუბრა მათ. ასევე იგი იმყოფებოდა ერთ-ერთ სამსჯავროზე, რომელსაც თავად უფალი დაესწრო.
ფილოსოფოს-მისტიკოსთა  შრომებმა თავისი წვლილი შეიტანეს მსოფლიო ფილოსოფიის განვითარებაში. ი. ბემემ ჰეგელს შთააგონა აზრი შეესწავლა „ბოროტების წარმოშობის“ პრობლემა, ე.სვედენბორგმა ი. კანტს შთააგონა აზრი განეხილა „სულის ხილვის“ შესაძლებლობის საკითხი. ამასთან, მისტიკური აღქმის უშუალო მონაცემებზე დაყრდნობით მისტიკური ფილოსოფია მისი ფანტასტიკური ბუნებით, მეტაფორულობით, სიმბოლური წყობით იძლევა საკმარის მასალას მისტიკური წარმოსახვის შესასწავლად, ვიდრე სამყაროს სურათის მეცნიერულად ჩამოყალიბებისათვის.

3.3. ნეიროფსიქოლოგიური კონტექსტი. მისტიკური განცდის ფენომენოლოგია

უ. ჯეიმსმა [23] გამოიყენა ისტორიული მოწმობების, პირადი წერილების და დღიურების ვრცელი მასალა და დაადგინა  მისტიკური განცდების ოთხი კრიტერიუმი:
● გამოუთქმელობა. სიტყვებით საკუთარი განცდის სრულად გამოხატვის შეუძლებლობა.
● ინტუიციურობა. ნათელი გონებისათვის „ჭეშმარიტების“ სიღრმეში შეღწევის შეუძლებლობა, რაც გამოიხატება ზეშთაგონებაში, შინაგანი გაბრწყინების მომენტებში, და მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ეს განიცადა.
● ხანმოკლეობა. აწესებს დროებით შეზღუდვებს მისტიკურ განცდებზე - ნახევარი საათიდან ორ საათამდე.
● ნებისყოფის უმოქმედობა. ხაზგასმით აღინიშნება მისტიკურ მდგომარეობაში სპონტანური ჩაღრმავება ყურადღების კონცენტრირების, რიტმული მოძრაობების გზით და ა.შ. მაგრამ წინ გადაადგილების მიუხედავად, ნებისყოფითი აქტების სპონტანურობა იკარგება, ნებისყოფა თითქოს პარალიზირებულია, რაც აერთიანებს ამ მდგომარეობას მედიუმურ ტრანსთან.
უ. ჯეიმსი მიუთითებს მისტიკური მდგომარეობის გარკვეულ მსგავსებაზე  ეთერით ან აზოტის ოქსიდით ნარკოტიკული ზემოქმედების შედეგად შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობასთან, და ამტკიცებს, რომ მათგან განსხვავებით, მისტიკური განცდები ყოველთვის ტოვებენ მოგონებებს მათი არსის და მნიშვნელობის ღრმა შეგრძნების შესახებ. უ. ჯეიმსის მიერ აღნიშნულ კომპონენტებთან ერთად, მ. ელიადე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სინათლის როლს. წიგნში „მისტიკური სინათლის ექსპერიმენტები“ [19] მან გამოჰყო შემდეგი სახის განცდები: 1) დესტრუქციული, თვალის მომჭრელი სინათლე, რომლის მაგალითი შეიძლება იყოს წმინდა პავლეს გამოცდილება დამასკოს გზაზე (საქმეები 9:3-7). 2) მეტისმეტად ინტენსიური, ზებუნებრივი სინათლე, რომელიც სიღრმემდე ანათებს მატერიას, მაგრამ არ ანადგურებს მას; 3) შინაგანი სინათლე, რომელიც იგრძნობა მთელ სხეულში და ჰბადებს ამაღლების გრძნობას.
დაახლოებით იგივე მეთოდიკა, როგორც უ. ჯეიმსმა, ამერიკელმა ფსიქოლოგმა ა. მასლოუმ გამოიყენა და დაადგინა, რომ მისტიკური განცდა არ არის აბსოლუტურად იზოლირებული ფენომენი, მაგრამ აქვს ანალოგიები ჩვეულებრივ, არარელიგიურ ფსიქიკურ ცხოვრებაში [31]. მკვლევარს აინტერესებდა განცდები, რომლის მიზეზი იყო სიყვარული, მოსმენილი მუსიკა, წიგნი ან ნახატი, რომელმაც დიდი მღელვარება გამოიწვია, შემოქმედებითი მომენტები. 80 რესპონდენტთან პირადი საუბრების შედეგმა და 190 ნაწერის შესწავლამ დახმარება გაუწია „იდეალური“ კომპოზიტური სინდრომის აღწერაში. ყველა პასუხში „უმაღლესი ბედნიერებისა და აღსრულების“ საერთო  მომენტს ავტორმა უწოდა „პიკის“ განცდა, რომლისთვის დამახასიათებელია: 1) ობიექტის სრულად აღქმა დასრულებული სახით, მისი ურთიერთობების, განწესების, შესაძლო სარგებლობის გარეშე; 2) ობიექტზე ყურადღების აბსოლუტური გამახვილება მცირე დეტალების აღქმით და მისი მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო კომპონენტების სეპარაციის ნაკლებობა; 3) ორიენტაციის დარღვევა დროის ხანგრძლივობის შეგრძნების დაკარგვით; 4) დადებითი ემოციური ფონი გაკვირვების, თაყვანისცემის, მორჩილების და თავმდაბლობის  ნიშნებით.
ამრიგად, როგორც პიკის განცდისათვის, ასევე რელიგიური მისტიკური მდგომარეობისათვის საერთოა უმტკივნეულო „ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობა“, რომელიც, კ. იასპერსის აზრით, შეიცავს მრავალ მოდუსს და რომელთა საერთო ფაქტორია  ნორმალური სიცხადიდან, კონტინუანულობიდან გადახრა და „მე“-სთან კავშირის  გაწყვეტა [25].
 შეცვლილ ცნობიერებას, როგორც რელიგიური მისტიკური მდგომარეობის შექმნის დისპოზიციურ ფაქტორს, ბევრი ავტორი აღნიშნავდა. რ. ფიშერმა განსაზღვრა ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობის ორი ურთიერთგამომრიცხავი კონტინუუმი, რომელიც გენერირებს მისტიკურ განცდებს. პირველი - ერგოტროპული - ხელს უწყობს მისტიკურ განცდებში ექსტაზის, ვიზუალიზირებული წარმოდგენების, ჰალუცინაციების ჩართვას. მეორე - ტროპოტროპული -  რელაქსაციის, პასიურობის, აღქმის  [21].
ა. დეიკმანის [20] „ბიმოდალური ცნობიერების“ კონცეფცია ვარაუდობს ორი მოდუსის არსებობას: აქტიურის და რეცეპტიულის (აღმქმელის). მისტიკურ ტექნიკას ავტორი უკავშირებს რეცეპტიული მოდუსის დომინირებას. ჯანმრთელ სუბიექტებზე ჩატარებული ექსპერიმენტის საფუძველზე იგი მივიდა დასკვნამდე, რომ მისტიკური გამოცდილების შექმნაში გადამწყვეტ პრინციპულ მომენტს წარმოადგენს გონებააღქმითი მედიტაცია, როდესაც მედიტაციური ტრენინგი იწვევს ინტრაფსიქიკური ბარიერების ფორმირებას, რომლებიც მიმართულია ყურადღების გადამტანი სტიმულების წინააღმდეგ. ა. დეიკმანის აზრით, ბევრი მოვლენა, რომელიც აღწერილია მისტიკურ განცდებში, შეიძლება შეფასდეს, როგორც ფსიქიკური სტრუქტურების ნაწილობრივი დეზავტომატიზაციის შედეგი, რომლებიც ორგანიზაციას და ინტერპრეტაციას აძლევენ პერცეფციულ სტიმულებს.
ევოლუციური მიდგომა მისტიკური მოვლენების გასააზრებლად კ. უილბერმა გამოიყენა. მან ცნობიერების განვითარების პროცესი სამ ეტაპად დაჰყო: 1) პრეპერსონალური (ჯადოსნური და მითიური ცნობიერება); 2) პერსონალური (რაციონალური ცნობიერება); 3) ტრანსპერსონალური (ღმერთის სიახლოვის გაცნობიერება, ფსიქიკის უმაღლესი ფორმების ფორმირება: სინდისის, თანაგრძნობის და სხვ.). თითოეული ეტაპი შეესაბამება ფსიქიკური აშლილობის გარკვეულ სპექტრს [39].
ბოლო ათწლეულების განმავლობაში იყო მცდელობა მისტიკური შინაარსის ნეიროფიზიოლოგიური კორელატების მოძიებისა. მედიტაციის დროს ელექტროენცეფალოგრამაზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოსაცდელებს გამოუვლინეს ჰოპერსინქრონიზაცია სეროტონინის და გლუტამინის მჟავას ჭარბი სინაფსური დაბომბვის [24], ა-რიტმის ბლოკირება ტვინის ფუნქციური აქტივობის გაზრდის შედეგად (დაძაბული ყურადღება, ინტენსიური ფსიქიკური მუშაობა) [27], დოფამინის მეტაბოლიზმის ცვლილება [26]. ჩატარებული ნეიროფიზიოლოგიური კვლევების საფუძველზე მ. პერსინგერმა [34]  წამოაყენა ჰიპოთეზა საფეთქლის წილში ეპილეფსიის და  მისტიკური ჩაღრმავების დროს ცვლილებათა მსგავსების შესახებ.
მისტიკური მდგომარეობის ნეიროფიზიოლოგიური კორელატების საბუნებისმეტყველო-მეცნიერული ინტერპრეტაცია მოცემულია ნეიროთეოლოგიის ფუძემდებელთა ე. ნიუბერგის და ე. დ’ ანვილის შრომებში. მათი აზრით, ელექტრო აქტიურობის ცვლილებები, რომლებიც მიმდინარეობს ლიმბურ სისტემაში, არ მეტყველებენ იმაზე, რომ ტვინი „ქმნის ღმერთს“, მაგრამ ის ბუნებრივი გზით ქმნის მექანიზმებს, რომლებიც ხელს უწყობენ რელიგიურ გამოცდილებას. თავის ნაშრომებში მათ წამოჭრეს ჰიპოთეზა, რომ ფენომენოლოგიის, ანუ გზების შესწავლისგან განსხვავებით, რომლის წყალობით რელიგიური ადამიანები აღწევენ რელიგიურ რწმენას და პრაქტიკას, ნეიროთოლოგიამ აღმოაჩინა უნივერსალური და კულტურის მატრიცებისგან დამოუკიდებელი პატერნები. „ჯგუფური რიტუალები, ისევე, როგორც ინდივიდუალური რელიგიურობა, ხელს უწყობენ ერთი და იმავე ემოციური ჯგუფების ჩართულობას, რომლებიც  დაკავშირებული არიან შიშის, სიმშვიდის ან ექსტაზის ემოციებთან. ეს ემოციები და გამოცდილება შეიძლება იყოს გამოწვეული დეაფერენტაციით, ანუ ტვინის სტრუქტურებისათვის ინფორმაციის  ხელმისაწვდომობის  შეზღუდვით“  [32].
ამრიგად, ნეიროფსიქოლოგიური ასპექტი მნიშვნელოვნად ზრდის რელიგიურ-მისტიკური მდგომარეობის განხილვას  დიქოტომიის „ნათელი/შეცვლილი ცნობიერების“ ფარგლებში. ეს მეთოდური მიდგომა მნიშვნელოვანია ფსიქიატრიისათვის, რადგან ცნობიერების ფენომენის კვლევისას, ურთიერთკავშირი მყარდება კლინიკურ ფსიქიატრიას, ფილოსოფიას და ნეიროკოგნიტურ  მეცნიერებებს შორის.

3.4. ფსიქოპათოლოგიური კონტექსტი

3.4.1. ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობა

მეცნიერულ ფსიქიატრიაში საკმაოდ საფუძვლიანად შეისწავლებოდა ცნობიერების დარღვევის (გონების დაბნელების) პრობლემა, რომლის კრიტერიუმებია რეალური გარე სამყაროს უარყოფა, დეზორიენტაცია დროსა და სივრცეში, საკუთარ პიროვნებაში, მოტორული და მეტყველებითი აქტების გამართულობის და თანმიმდევრულობის დაკარგვა, მეხსიერების დარღვევა. საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია არა ცნობიერების დაბნელებასთან (დარღვევასთან), არამედ შეცვლილ მდგომარეობასთან, ნაკლებად იყო ფსიქიატრიული მეცნიერების ყურადღების ცენტრში და სათანადოდ არ არის შესწავლილი. ა. ლუდვიგის განმარტებით, მათ მიეკუთვნება ნებისმიერი ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც ინდუცირებულია სხვადასხვა ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური და ფარმაკოლოგიური მეთოდებით ან საშუალებებით და გამოიცნობა თვით სუბიექტის ან დამკვირვებლის მიერ, როგორც მნიშვნელოვნად გამოხატული გადახრა მღვიძარი მდგომარეობიდან [28]. ა. ლუდვიგის აზრით, ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობა, როგორც ერთიანი ფენომენი, გამოიხატება შემდეგი მახასიათებლებით:
● ცვლილებები აზროვნებაში. ყურადღების კონცენტრაციის, მეხსიერების, მსჯელობის სუბიექტური დარღვევები, რეფლექსიის უნარის შემცირება. დიფერენციაციის მიზეზშედეგობრივი დარღვევა, საპირისპირო და წინააღმდეგობრივი ტენდენციების თანაარსებობა ერთი და იმავე ობიექტის მიმართ აშკარა ფსიქოლოგიური კონფლიქტის არარსებობის შემთხვევაში.
● დროის შეგრძნების დარღვევა. მოვლენათა ქრონოლოგიის შეცვლა, უდროობის, დროის შეჩერების, შენელების ან დაჩქარების დამახასიათებელი სუბიექტური განცდა.
● კონტროლის დაკარგვა. კონტროლის დაკარგვის განცდა შედგება ორი ფაზისგან. პირველ ფაზაში იგრძნობა შიში, უძლურება, უმწეობა მოსალოდნელი დამოუკიდებლობის და თვითკონტროლის დაკარგვის წინაშე. მეორე ფაზაში ხდება კომპენსატორული უარის თქმა კონტროლზე, რომელიც იდენტიფიცირებულია ლიდერის, ჰიპნოტიზიორის,  ზებუნებრივი არსების  ძალაუფლებასთან.
● ემოციების შეცვლა. გამოიხატება პრიმიტიული და ინტენსიური რეაქციების  მოულოდნელი შეტევით, რომელიც იწვევს განსაკუთრებით ემოციურ მდგომარეობას:  დაწყებული ექსტაზიდან და დამთავრებული ღრმა შიშით და დეპრესიით.
● სხეულის სახეცვლილება. ხასიათდება დეპერსონალიზაციით და დერეალიზაციით და ინტერპრეტირებულია, როგორც „სხეულის და სულის გაყოფა, საზღვრების წაშლა საკუთარ თავსა და სხვებს შორის, გარე სამყაროსა და მთელ ქვეყანას შორის, განსაკუთრებულობის,  ცნობიერების გაფართოების, მოზღვავებული გრძნობების ან დავიწყების ტრანსცენდენტული განცდა“.
● აღქმის დამახინჯება. ჰიპერსთეზია, სინესთეზია, ბლუზიები, ჰალუცინაციები და ფსევდოჰალუცინაციები.
●  საგანთა და ობიექტთა მნიშვნელობის შეცვლა. შეესაბამება ბერძნულ ცნებას „ევრიკა“ ან ტერმინს „gnosis“, რომელიც შემოიტანა უ. ჯეიმსმა და ნიშნავს „ახლად შეძენილ ცოდნას“. გამოიხატება აბსოლუტური გააზრების, შთაგონების, ინსაითის გრძნობით, რომელიც არ იწვევს რაიმე ეჭვს. მაგალითად, ი. ბემე (იხ. თავი 3.2) ამტკიცებდა, რომ მისტიკური ჩაღრმავების შედეგად 15 წუთის განმავლობაში მან უფრო მეტი შეიტყო, ვიდრე ეს შესაძლებელი იქნებოდა უნივერსიტეტში მრავალი წლის განმავლობაში სწავლის დროს.
● გამოუთქმელობა. შეესაბამება უ. ჯეიმსის ცნებას „გამოუთქმელობა“. განცდილის სიტყვებით გამოხატვის შეუძლებლობა.
● აღორძინების გრძნობა. სიხარულის, იმედის, აღფრთოვანების მდგომარეობა, რომელიც დგება ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ.
● ჰიპერჩაგონება. მზარდი განწყობა ჰიპნოტიზიორის, ლიდერის, შამანის ინსტრუქციების არაკრიტიკული აღქმისათვის, ასევე შინაგან შიშებზე და სურვილებზე დაფუძნებული სტიმულების და სიტუაციების მცდარი აღქმის ტენდენცია.
და ბოლოს, ჯ. პერიმ განსაზღვრა რვა თემა, რომელიც ახასიათებს რელიგიურ განცდებს ცნობიერების  შეცვლილი მდგომარეობის დროს [33]:
● სიკვდილი. მიცვალებულებთან ან სიკვდილთან შეხვედრა.
● აღორძინება. აღორძინება, ახალი პიროვნების, ახალი სახელის შეძენა.
● მოგზაურობა. მესიანური მოგზაურობა.
● სულებთან შეტაკება. სატანური (დემონური) ძალები ან სულიერი დახმარება.
● კოსმიური კონფლიქტი. სიკეთე და ბოროტება, ნათელი და უკუნი და ა.შ.
● ჯადოსნური უფლებამოსილება. ტელეპათია, ნათელმხილველობა, სხვის აზრებში შეღწევის, ობიექტების გადაადგილების უნარი.
● ახალი საზოგადოება. რეფორმატორობა, რადიკალური ცვლილებები საზოგადოებაში, რელიგიაში .
● ღვთაებრივი კავშირი. სიახლოვე ან ახლო ურთიერთობები ღმერთთან ან ბიბლიურ პერსონაჟებთან.
მიუხედავად იმისა, რომ რელიგიურ გამოცდილებაში საზღვრები რელიგიურ-მისტიკურ განცდებსა და ფსიქოზს შორის  ბუნდოვანია, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ისინი, ერთი მხრივ,  რელიგიური გამოცდილების უკიდურესი გამოხატულებაა, ხოლო, მეორე მხრივ, შედიან ფსიქოზის სტრუქტურაში. როგორც რელიგიური გამოცდილების გამოვლინება, მისტიკური მდგომარეობა მიმდინარეობს ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობის ფონზე, ხასიათდება ხანმოკლეობით და არ იწვევს ცხოვრების წესის დარღვევას.

 3.4.2. რელიგიური გამოცდილება და ფსიქოზი
ფსიქოზის ტრადიციულ განმარტებაში შედის: 1) რეალური სამყაროს ასახვის დარღვევა; 2) ფსიქიკური საქმიანობის რეალობასთან შეუსაბამობა; 3) ხანგრძლივობა, სტაბილურობა, ტოტალურობა; 4) ბოდვის, გონების დაბნელების, აღქმის, მეხსიერების, ემოციების დარღვევა. თუ ზედმიწევნით მივყვებით ამ განმარტებას, აღმოჩნდება, რომ რეალობის ასახვის  კრიტერიუმები რელიგიურ-მისტიკური მდგომარეობის შეფასებისას არ მოქმედებენ, რადგან რელიგიურ გამოცდილებაში არ არსებობს აღქმის რეალური ობიექტი. გარდა ამისა, ყველა ფენომენი, რომელიც არსებობს ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობაში რელიგიური გამოცდილების სტრუქტურაში, ასევე შეიმჩნევა ფსიქოზის დროსაც. ხშირად განცდები, რომლებიც თითქოს პათოლოგიურია ერთ კულტურაში, ასეთად არ ჩანს  სხვა კულტურაში.
როგორც ჩ. ტარტი აღნიშნავდა, «ბევრ პრიმიტიულ ერს, მაგალითად, მიაჩნია, რომ პრაქტიკულად ყველა ნორმალურ ზრდასრულ ადამიანს შეუძლია შევიდეს ტრანსში ან შეიძლება გახდეს ღმერთით შეპყრობილი, ხოლო ის, ვისაც ეს  არ შეუძლია, ითვლება ფსიქოლოგიურ ხეიბრად“ [38].
ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული მიდგომის შეთავსების პირველი მცდელობის მაგალითია დ. ლუკოფის მიერ შემოთავაზებული მისტიკური და ფსიქოტური მოვლენების ინტერფერენციის კონცეფცია [29]. მისი აზრით, უნდა განვასხვავოთ: 1) მისტიკური გამოცდილება; 2) ფსიქოზი; 3) მისტიკური გამოცდილება ფსიქოზური მოვლენებით; 4) ფსიქოზი მისტიკური მოვლენებით. ამერიკელი ფსიქოლოგების და ფსიქიატრების [30] მიერ ამ პრობლემის შემდგომი განვითარების შედეგია DSM-IV-ის კლასიფიკაციაში ახალი კოდის: V62.89 - რელიგიური და სულიერი პრობლემები - შეტანა.
ამდენად, რელიგიურ-მისტიკური მდგომარეობა უნდა განიხილებოდეს, როგორც პათოლოგიური მოვლენა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის, როგორც სიმპტომების კომპლექსი შედის სინდრომის სტრუქტურაში - უმაღლესი ტიპის სისტემაში, რომელიც განისაზღვრება არა მხოლოდ ხარისხით, არამედ ფსიქიკური აქტივობის მძიმე აშლილობით.

3.5. რელიგიურ-მისტიკური სიმპტომების კომპლექსი არაპროგრედიენტურ ენდოგენურ ფსიქიკურ დაავადებათა კლინიკურ სურათში 

ჩვენ დაკვირვებებში, როგორც წესი, ფსიქოზის განვითარებას წინ უძღვის ფსიქიკური ტრავმატიზაცია, რომელიც მოიცავს გარემოს გავლენის ფართო სპექტრს: მატერიალურ-ეკონომიკურ სირთულეებს, სამსახურის დაკარგვას, განშორებას ან ნათესავების გარდაცვალებას. „საყრდენის“ ძიებაში  პაციენტები მიმართავდნენ რელიგიას, ხშირად დადიოდნენ, როგორც ტრადიციულ ეკლესიაში, ასევე სხვადასხვა სექტებში, მკითხავებთან, მაგებთან, ექსტრასენსებთან. გადაჭარბებული ფსიქოემოციური დატვირთვის ფონზე, რომელიც განპირობებულია საკულტო საქმიანობით, ადგილი ჰქონდა ფსიქოტურ ეპიდემიას „რელიგიური ურთიერთობის“ სახით [25]. ეს პირობები ხასიათდება ეგზალტაციით, ზოგჯერ შფოთვით, შიშით, ფსიქომოტორული აქტიურობის  შენარჩუნებით და გაძლიერებით. ადრე მიღებული რელიგიური ცოდნა გარდაისახებოდა სენსორულ სურათებად ან სიმბოლოების დაგროვების, განდევნის სახით. წარმოსახვის ბოდვის ფონზე დაფიქსირდა აგრესიული და აუტოაგრესიული ქმედებები.

დაკვირვება 1.

პაციენტი დ., 35 წლის. ბაბუას დედის მხდრიდან ჰქონდა ეპილეფსია, გარდაიცვალა 41 წლის ასაკში კუჭის სიმსივნით, მამა გამოუსწორებელი ლოთი იყო, ნასვამ მდგომარეობაში სცემდა დედას, რაც გახდა განქორწინების მიზეზი. გარდაიცვალა სისხლძარღვთა დაავადების შედეგად. დედას ჰქონდა ჰიპერტონული დაავადება, გამოირჩეოდა მბრძანებლური ხასიათით, იყო ემოციურად ცივი. უფროსი და ნევროპათოლოგთან იყო აღრიცხვაზე დიაგნოზით: „დიენცეფალური სინდრომი, ნეიროინფექციის ნარჩენი მოვლენებით. რეტიკულური ფორმაციის სინდრომის ჰიპერსომნიის სიმპტომებით“. დედის ორსულობამ ჩაიარა პათოლოგიის გარეშე. ექვსი თვის ასაკში გადაიტანა მწვავე პნევმონია, შემდეგ აღრიცხვაზე იდგა პულმონოლოგთან დიაგნოზით „ქრონიკული პნევმონია ბრონქოექტაზიით“. ერთი წლის ასაკში ძმის უყურადღებობის გამო მეორე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა, ჰოსპიტალიზირებული იყო დიაგნოზით „ტვინის ტრამვა“. მომავალში, სერიოზული შედეგები თავის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად არ დაფიქსირებულა. მოზარდობის ასაკში აღმოაჩნდა ვეგეტაციური რეაქციების ლაბილურობა ვაზოვაგალური  სინკოპით. მენსტრუაცია დაეწყო 13 წლის ასაკში, თავისებურებების გარეშე. ადრეული განვითარება მიმდინარეობდა გადახრების გარეშე, არ ჩამორჩებოდა თანატოლებს ზრდასა და განვითარებაში. იზრდებოდა დედასთან და ბებიასთან ერთად, რომლებიც ბავშვს უყენებდნენ მაღალ მოთხოვნებს. სკოლაში წავიდა 7 წლის ასაკში. ინტერესს ავლენდა სწავლისადმი, სწავლობდა ადვილად და ხალისით. ხასიათდებოდა როგორც კომუნიკაბელური, აქტიური, ამავე დროს, პედანტური, წესრიგის მოყვარე. კლასში ყოველთვის იყო ლიდერი, სარგებლობდა თანაკლასელების პატივისცემით, არჩეული იყო მამასახლისად, სერიოზულად ეკიდებოდა თავის მოვალეობებს. გამოირჩეოდა მაღალი თვითშეფასებით, ყოველთვის ცდილობდა ყოფილიყო პირველი. ჰყავდა ბევრი მეგობარი, ითვლებოდა კომპანიის ლიდერად, ეხმარებოდა ჩამორჩენილ თანაკლასელებს. მძიმედ განიცდიდა მამის ალკოჰოლურ ექსცესებს, ეშინოდა მისი. ოჯახური პრობლემებისათვის თავი რომ აერიდებინა, ცდილობდა მაქსიმალურად დაეთმო დრო სწავლისა და სპორტისათვის. 6 წლის ასაკიდან გატაცებული იყო მხატვრული ტანვარჯიშით, მიაღწია სპორტის ოსტატობის კანდიდატის ტიტულს, 12 წლის ასაკში გაუჩნდა გატაცება ჭადრაკით, ცურვით, იყო სკოლის კალათბურთის გუნდის კაპიტანი. საყვარელ საგნებს შორის გამოჰყოფდა ფიზიკას, მათემატიკას. საშუალო სკოლა დაამთავრა წარჩინებით. სკოლის დამთავრების შემდეგ გაემგზავრა რიგაში სამოქალაქო ავიაციის ინსტიტუტში შესასვლელად, მაგრამ ვერ გაიარა სამედიცინო კომისია ფილტვების დაავადების გამო. მძიმედ განიცდიდა წარუმატებლობას, ბევრს ტიროდა. შემდეგ გაემგზავრა ტაშკენტში ბიძასთან, რომელმაც, როგორც სარკინიგზო ტრანსპორტის ტექნიკუმის პედაგოგმა, ურჩია იქ შესვლა. ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა რიგაში, სადაც მოეწყო სამუშაოდ ინჟინერ-ელექტრიკოსად და ჩაირიცხა პოლიტექნიკური ინსტიტუტის საღამოს გამონყოფილებაზე. 22 წლის ასაკში გათხოვდა. ქორწინებიდან ორი წლის შემდეგ დაშორდა ქმარს ალკოჰოლიზმის ნიადაგზე. მძიმედ განიცდიდა ქმართან დაშორებას, გაემგზავრა თავის დასთან პეტერბურგში, სადაც გააგრძელა სწავლა საინჟინრო-ეკონომიკურ ინსტიტუტში. ერთხელ გაიცნო მღვდელი, რომელმაც მოუყვა მართლმადიდებლობის ისტორიის და საფუძვლების შესახებ. მას შემდეგ პირველად დაფიქრდა ღმერთზე. დროთა განმავლობაში მივიდა იმის გაცნობიერებამდე, რომ ღმერთი არსებობს, რელიგიაში ჰპოვა უსაფრთხოების გრძნობა. 27 წლის ასაკში ავტოსაგზაო ავარიის  შემდეგ  უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში დიაგნოზით: „თავის ტვინის შერყევა“.  მან ეს ფაქტი დაუკავშირა მკითხავის ნათქვამს სწრაფი სიკვდილის შესახებ და ირწმუნა ზებუნებრივი ძალების არსებობა. სტაციონარიდან გამოსვლის შემდეგ ისევ გათხოვდა, მაგრამ ექვსი თვის შემდეგ ქმარს დაშორდა ოჯახში მომხდარი ჩხუბის გამო. დაახლოებით 30 წლის ასაკში მიიღო მართლმადიდებლური სარწმუნოება.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ეკონომისტად სახელმწიფო ნაგებობათა სარემონტო კოოპერატივში, დაკავებული იყო შემკვეთების ძიებით. სამსახურში გაიცნო მამაკაცი, რომელიც გახდა მისი მესამე ქმარი, შეეძინა ქალიშვილი. ბავშვი ავადმყოფობდა. სამსახურში მძიმე დატვირთვას უთავსებდა ქალიშვილის აღზრდას და მკურნალობას, გრძნობდა დაღლილობას. გატაცებული იყო მკურნალობის არატრადიციული მეთოდებით. სწავლობდა ჯადოსანთა სკოლაში, ექსტრასენსების, ბიოენერგეტიკოსების, ტრანსცენდენტული ინდური მედიტაციის კურსებზე. ურთიერთობა მეუღლესთან გაუარესდა, რომელიც, მისი აზრით, ღალატობდა. მესამე ქორწინება განქორწინებით დასრულდა. ძირითად სამუშაოსთან ერთად მონაწილეობდა კომპანიის საქმიანობაში, რომელიც მუშაობდა ეკონომიკური პირამიდის პრინციპით.
33 წლის ასაკში სერიოზულად იყო გატაცებული ამერიკული კულტით „მსოფლიოს სინათლის მომტანები“. სექტის კრებებს არ ესწრებოდა, მაგრამ ინტენსიურად კითხულობდა  სექტის მიერ რეკომენდირებულ ლიტერატურას, ბინა გაწყობილი ჰქონდა „ამაღლებულ მეუფეთა“ სურათებით, ხშირად და დიდიხნობით კითხულობდა ბრძანებებს (ლოცვებს) ვიზუალიზაციით. მაგალითად, ერთ-ერთ ლოცვაში მოითხოვდნენ „მთავარანგელოზის ზადკიილის და ბედნიერების ანგელოზების წარმოდგენას, რომლებიც წარმართავდნენ იისფერ ალს თქვენი არსების ყოველ უჯრედსა და ატომზე, იმ სიტუაციაზე, რომლის გამო თქვენ ლოცულობდით, ასევე მოითხოვდნენ წარმოედგინა, რომ იისფერი ალი, როგორც გიგანტური ღრუბელი, რომელიც წაშლის ცარცს საკლასო დაფიდან, შეუმსუბუქებს ყველა ტკივილს, სასოწარკვეთას, ტანჯვას და შეზღუდვებს“. ერთხელ ლოცვის და მედიტაციის ფონზე გულში იგრძნო „ღმერთის კეთილი, ნაზი, და თბილი სიტყვები“. გაუჩნდა სიხარულის და აღტაცების გრძნობა იმის გაცნობიერების გამო, რომ იგი ღვთის შვილია. ხმა ესაუბრებოდა სამართლიანობის, ზნეობრიობის, ფულის, პოლიტიკის, მერწყულის ერის დადგომის შესახებ. რაც გაიგონა, სტატიის სახით ჩაიწერა. ასეთი მდგომარეობა მეორდებოდა რამდენიმე წლის განმავლობაში. შევიდა ჟურნალისტიკის კურსებზე, სადაც, მისი თქმით, დაიმსახურა მოწონება, იბეჭდებოდა ოკულტურ გამოცემებში. აგრძელებდა მუშაობას, ქალიშვილის აღზრდას, არ წყვეტდა რელიგიურ საქმიანობას. ერთი წლის შემდეგ მოულოდნელად დაკარგა სამსახური, პრობლემები ჰქონდა ბინის ქირის და საბავშვო ბაღის გადასახადის გამო. განიცდიდა მღელვარებას, წუხილს მომავლის გამო, ცუდად ეძინა ღამით, ნუგეშს პოულობდა ლოცვებში.
ერთ საღამოს დაღლილობის ფონზე იგრძნო, რომ ბინაში ხდება გაურკვეველი ცვლილებები. გაუჩნდა გრძნობა, რომ რაღაც ხდება. ცუდი წინათგრძნობა დაეუფლა, რაღაც შფოთვა, რომელსაც ვერ მოუძებნა ახსნა. მან აღნიშნა გამწვავებული ყურადღება დეტალების მიმართ, ხატებზე შენიშნა წითელი ნათება: „იესოს თვალები თითქოს ანთებული აქვს. ეს არანორმალური ფერია, წითელი“. განიცადა შიში, მღელვარება, შეშფოთება. შემდეგ თითქოს გონება გაუნათდა და მიხვდა საგნების და მოვლენების ახალ მნიშვნელობას: „ისეთი განცდა დამეუფლა, რომ გონება გამინათდა - მე ვიხილე ჭეშმარიტება. უეცრად ყველაფერი ნათელი გახდა, - ერთი რამ ღვთისგანაა, მეორე კი ღვთისაგან არ არის, არსებობს სამყარო და ანტისამყარო, ღმერთმა შექმნა სამყარო, ხოლო  სატანა მას ბაძავს. არსებობს ჩვეულებრივი რამ, და არსებობს არანორმალური - ანტიქრისტესეული“. გონებაში ჩამესმა ღვთის ხმა: „თუ გვინდა, რომ ხალხი კარგად იყოს - დაიწყე“. მიხვდა, რომ მას ეკისრება განსაკუთრებული მისია გადაარჩინოს სამყარო, დაიცვას სატანისაგან: „მე უნდა ამოვხსნა ეს თავსატეხი, მოვძებნო სად არის ეს ანტისამყარო, სად არის ამ ანტისამყაროს ფესვები“. ღვთისგან შთაგონებულმა თავის ბინაში დაიწყო „ანტისამყაროს“ შექმნა, ნივთებს ალაგებდა გარკვეული თანმიმდებრობით, ცდილობდა ყვითელი ფერის სიჭარბის უზრუნველყოფას: სანთელი ყვითელი ალით, ყვითელი ქარვის კოლოფი, მოოქროვებული ხატი. კატის თვალებში იისფერი სხივი შენიშნა, და კატა ქუჩაში მოისროლა. ღამე არ ეძინა, „მთელი ორგანიზმი ჩართული იყო სიკეთისა და ბოროტების ბრძოლაში“. ღმერთ სავაოფისგან „შეიტყო“, რომ წარმოადგენს კოსმიურ ხვრელს სივრცეში და სარკისებური ანარეკლის  კანონის მიხედვით, უნდა დახუროს ხვრელი ხვრელით. ანტისამყაროს ხატავდა სპირალის სახით: „ეს სპირალის დაღმასვლაა, ეს კი სპირალის აღმასვლა - საჭიროა მისი მოკეცვა, მაშინ მინუსი გამრავლდება მინუსზე და ანტისამყარო თავად გაანადგურებს საკუთარ თავს“. ასრულებდა მღვდელმსახურების რიტუალებს, ცეკვავდა მუსიკის თანხლებით.  როდესაც შვილს შეხედა, ერთი წუთით დაინახა, რომ სახის ნაცვლად ღორის დინგი აქვს, შემდეგ ეს ხილვა გაქრა. მიხვდა, რომ მისი შვილი სატანის მიერაა შეპყრობილი, „დაინახა“ გოგონას მიერ მისი სასტიკი მკვლელობის სცენა, როგორ უგრიხავს გოგონა ხელებს, აჭრის ტერფებს და ხელის მტევნებს, აჭრის თავს, რომ უფალმა ვერ შეძლოს მისი მკვდრეთით აღდგომა ცაში. მან ღმერთს ჰკითხა რჩევა, რომელმაც უბრძანა მოეკლა გოგონა, შემდეგ კი დაპირდა, რომ დაუბრუნებდა ცოცხალს და სატანისგან განწმენდილს. იგი დაემორჩილა ბრძანებებს, ანთებული სანთელი დაარტყა ქალიშვილს თვალებს შორის, ცხვირსახოცებით შეუკრა ხელფეხი, გუდავდა, თავზე პოლიეთილენის ტომარა ჩამოაცვა, თავში ურტყავდა რაღაც ხის საგანს. იმისათვის, რომ სატანა გაგუდულიყო გოგონას სხეულში, ბუნებრივ ხვრელებში გაუკეთა საკიდის ხის კაკვები. წავიდა სამზარეულოში სრულად დარწმუნებული იმაში, რომ მოკლა სატანა, და იესომ წაიღო მისი შვილის სხეული სამოთხეში.
რამდენიმე ხნის შემდეგ, მას მოესმა ქალიშვილის ხმა და მიხვდა, რომ სატანა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ ძალა მისი ქალიშვილისთვის დარტყმების მისაყენებლად აღარ ჰქონდა. გაოგნებული იდგა ქალიშვილის ოთახის წინ, შემდეგ დაიწყო სიარული ბინაში, მაგრამ გოგონა ვერსად ნახა. გაუჩნდა შესრულებული მოვალეობის სასიხარულო გრძნობა, ელოდებოდა ქალიშვილის ცოცხლად დაბრუნებას ზეციდან და  სიბილწისგან გაწმენდილის. აანთო სანთელი, თავი გამოაცხადა სიყვარულის ქალღმერთ ვალენტინად, დაიწყო სამოთხის მოწყობა ერთ-ერთ ოთახში, საიდანაც გაიტანა „ეშმაკისეული საგნები“, ხოლო იატაკზე დააფინა სუფთა ზეწარი, რომელზეც, მისი აზრით, ღმერთი დააწვენს ზეციდან დაბრუნებულ შვილს. შევიდა სასტუმრო ოთახში, მაგიდასთან დაჯდა, ამოიღო რვეული და დაიწყო ლოცვების წერა. უჯრიდან ამოიღო ქალიშვილის სურათი, ლოცულობდა, ღმერთს ევედრებოდა, რომ ყველაფერი კარგად დამთავრებულიყო. შემდეგ დიდხანს დადიოდა ბინაში, აღმოაჩინა ლეიბი, რომელზეც პატარა გოგონა იწვა ხის ნაფოტით თავის ქალაში. როდესაც ნაფოტი ამოიღო, თითქოს „გონება გაუნათდა“. უცებ მიხვდა, რომ მისი ქალიშვილი მკვდარია, და ღმერთი მას არ აცოცხლებს. გაიქცა კიბის ბაქანზე და ყვიროდა: „ჩემი შვილი მოვკალი!“.
ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მიყვანისთანავე შემოწმება ჩაუტარა მიმღები განყოფილების ექიმმა. მისი ჩანაწერების თანახმად, გონება არ აქვს დაბინდული, სწორადაა ორიენტირებულია. განწყობის ფონი დაქვეითებული აქვს, ტირის. მისი თქმით, მან მოკლა შვილი, შეძრწუნებული იყო ამით, ამბობდა, რომ „ალბათ ეშმაკი შეუჩნდა“. იწყებს ტირილს, სახის მანჭვას, კრუნჩხვები ემართება. განყოფილებაში პირველი ორი კვირის განმავლობაში მისი ქცევა იყო არასტაბილური და ხასიათდებოდა  ან აგზნებით, ან მოდუნებით, აპათიით. თხოვდა სახლში გაეშვათ ბინის ქირის გადასახდელად და მანქანის შესამოწმებლად ავტოსადგომზე. ყურადღებას იქცევდა ამბივალენტური დამოკიდებულება ჩადენილის გამო: ხან ინანიებდა, ტიროდა, ამბობდა, რომ ახლა თავი უნდა მოიკლას ან წავიდეს მონასტერში; ხან სიხარულით აცხადებდა, რომ მისი „ქალიშვილის სული გადარჩა, სატანა კი მოკლულია“. შემდეგ კრიტიკულ დამოკიდებულებას გამოხატავდა გადატანილი ავადმყოფური მდგომარეობის გამო, რამაც გამოიწვია კლინიკურ სურათში დეპრესიული განწყობის, სუიციდური განწყობის პრევალირება. ხშირად იხსენებდა ქალიშვილს, ბევრს ტიროდა, თავს იდანაშაულებდა, სთხოვდა გაეშვათ გოგონას საფლავზე. კითხულობდა რელიგიურ ლიტერატურას, ამბობდა, რომ შვებას პოულობდა რელიგიაში.
იმყოფებოდა იძულებით მკურნალობაზე საერთო ტიპის სტაციონარში 3 წლის განმავლობაში, ავლენდა მოწესრიგებულ ქცევას ხანგრძლივი და არამოტივირებული აფექტური ცვალებადობის გარეშე. იყო მშვიდი, მეგობრული სამედიცინო პერსონალის მიმართ. თავისუფალ დროს კითხულობდა რელიგიურ და მხატვრულ ლიტერატურას, უყურებდა ტელევიზორს. ურთიერთობდა მუდმივ პაციენტებთან, ეხმარებოდა მძიმე ავადმყოფების მოვლაში. დედასთან პაემანზე იყო მეგობრული, აინტერესებდა ნათესავების ჯანმრთელობა, ბინის გაცვლის საკითხები. შეხსენების  გარეშე ასრულებდა ექიმის დანიშნულებას.
ფსიქიკური მდგომარეობა გამოკვლევის მომენტისათვის (ჰოსპიტალიზაციიდან სამი წლის შემდეგ). ცნობიერება ნათელია. ორიენტირებულია დროში, ადგილსა და საკუთარ პირობნებაში. რამდენადმე პრანჭია და კეკლუცია. მოწესრიგებული, სუფთა, დადის კარგად მორგებულ საავადმყოფოს სამოსში.  საუბრის დროს ადვილად შედის კონტაქტში. ყვება იმის შესახებ,  რომ ადრე, სანამ ეს მოხდებოდა მის ცხოვრებაში,  განიცდიდა სირთულეებს: „მუდმივად მქონდა ფულის პრობლემა, რაც იყო მუდმივი ნეგატიური ფაქტორი“.  ჩიოდა იმის გამო, რომ მისი ურთიერთობა მამაკაცებთან არ შედგა. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ სამივე მისი ქორწინება დასრულდა განქორწინებით, თავს დამნაშავედ არ გრძნობდა, ყოფილ ქმრებს აძლევდა უარყოფით დახასიათებას. იმის შესახებ, რაც მას გადახდა თავს, ყვება დეტალურად, თუმცა აღნიშნავს, რომ ზოგიერთი მომენტი მეხსიერებიდან ამოუვარდა. მას მიაჩნია, რომ რაც მოხდა, საშინელ სიზმარს ჰგავდა, "ყველაფერი, რაც მოხდა - კოშმარული სიზმარი იყო, რომელიც ერთი დღე გაგრძელდა. როცა გონს მოვეგე, მივხვდი, რომ ძალიან საშინელი რამ მოხდა და არ შეესაბამება სინამდვილეს, რომ ყველაფერი ბოდვაა. მეზობლებს ვუძახდი ხმამაღლა“. რელიგიისადმი დამოკიდებულების შესახებ მან განაცხადა, რომ 28 წლამდე მებრძოლი ათეისტი იყო, მღვდელთან საუბრის შემდეგ კი „გონება გადაუტრიალდა“. რელიგიაში არასოდეს კმაყოფილდებოდა მხოლოდ სარწმუნოებით, ყოველთვის ეძებდა რაღაც ახალს. არ გამორიცხავს, რომ მის დაავადებაზე გავლენა მოახდინა გადაჭარბებულმა გატაცებამ სექტის „სამყაროს სინათლის მომტანების“ სწავლებით და საკულტო  პრაქტიკით. იგი დახმარებას ითხოვს, რათა  მალე გამოეწეროს საავადმყოფოდან, გეგმავს ბიზნეს-საქმიანობას.
ელექტროენცეფალოგრამაზე: თავის ტვინის ქერქის ირიტაციის დიფუზური მოვლენები, უფრო გამოხატულია შუბლ-საფეთქლის სფეროში აქცენტით შუბლის სფეროში, განსაკუთრებით მარცხენა მხარეს.
ფსიქოლოგიური გამოკვლევა. MMPI: პირადი პროფილი ერთადერთი პიკით იმპულსურობის სკალით. მეხსიერება არასაკმარისი აქტიური დამახსოვრებით, ყურადღება მსუბუქი გამოფიტვით. პიროვნებას ახასიათებს ისტერიულ-ეპილეფსიური ტიპის ფსიქოპათიზაციის ნიშნები. ავლენს ემოციური პრეტენზიების მაღალ დონეს, აფექტური სფერო გამოირჩევა რიგიდულობით დისფორიული ელფერით. გააჩნია უნარი დაბლოკოს აგრესიული ტენდენციები, რაც იწვევს შფოთვას და დაძაბულობას. სიტუაციის მიმართ ადეკვატურია, კრიტიკულადაა განწყობილი ძველი ავადმყოფური განცდების მიმართ.
დიაგნოზი: F23.01 მწვავე პოლიმორფული ფსიქოტური აშლილობა შიზოფრენიის სიმპტომების გარეშე.
როგორც ჩატარებული დაკვირვებიდან ჩანს, პაციენტს ოჯახში ალკოჰოლიზმით და ეპილეფსიით დამძიმებებული მემკვიდრეობით, რომელსაც ჰქონდა ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, ჩამოუყალიბდა ხასიათის ისტერიულ-ეპილეფსიური ნიშნები და გამძაფრებული ჩაგონების უნარი. ფსიქოგენური ზემოქმედების და ინტენსიური არატრადიციული რელიგიური პრაქტიკის შემდეგ, უძილობის ფონზე გაუჩნდა უსიამოვნო წინათგრძნობა და შფოთვა, რომელიც არ ექვემდებარება რაციონალურ ახსნას. გაუჩნდა მწვავე ფსიქოზი და ხასიათდებოდა ვარიაბელურობით, შეცვლილი ცნობიერებით, რელიგიურ-მისტიკური შინაარსის განცდებით. მოტორული აგზნება ჩაანაცვლა ფსიქომოტორულმა ჩამორჩენამ, დეპრესიულმა რეაქციებმა. ფსიქოზის მწვავე ფაზაში შეინიშნებოდა რელიგიურ-მისტიკური მდგომარეობის  თითქმის ყველა კომპონენტი: მაგიური აზროვნება, დროის შეგრძნების დარღვევა, კონტროლის დაკარგვა, ემოციების შეცვლა უკიდურესად ემოციური მდგომარეობის გამო: დაწყებული ბედნიერებისგან გამოწვეული აგზნებით, რომელიც დაკავშირებული იყო „განსაკუთრებული მისიის დაკისრების“ და „შესრულებული მოვალეობის გრძნობასთან“, დამთავრებული  შიშებით და დეპრესიით. კლინიკურ სურათში ყველაზე ნათელი ეტაპია საგნების და მოვლენების მნიშვნელობის ცვლილება, რაც გამოიხატებოდა მოვლენების, შთაგონების, ინსაიტის აბსოლუტური გააზრების გრძნობაში და დამთავრდა წარმოსახვის ანტაგონისტური ბოდვით. გარემო წარმოედგინა, როგორც ნათელისა და წყვდიადის, სამყაროსა და ანტისამყაროს, ღმერთისა და ეშმაკის ორთაბრძოლა. მთლიანად წარსული რელიგიური გამოცდილებიდან შეძენილი ბოდვის შინაარსი გარდაიქმნა ნათელ სენსუალურ სახეებად: ხატების ნათება, იისფერი სხივი კატის თვალებში, მყისიერი ცვლილება ქალიშვილის სახისა. დამახინჯებული აღქმა გამოვლინდა გ. ბაიარჟეს ფსიქიკური ჰალუცინაციების  სახით, როგორც შინაგანი დიალოგი ზებუნებრივ ძალებთან. ფსიქოზის მწვავე ფაზიდან გამოსვლა პაციენტმა დაახასიათა როგორც გამოღვიძება; მისი შემდგომი მიმდინარეობა განისაზღვრებოდა, როგორც ფსიქოგენური რეაქცია შვილის მკვლელობაზე. რამდენიმე წლის განმავლობაში იზოლაციაში იმყოფებოდა საკულტო ზემოქმედებისგან, ფსიქოტური აგზნება არ გამოუვლენია.

3.6. რელიგიურ-მისტიკური სიმპტომების კომპლექსი პროგრედიენტული ენდოგენური ფსიქიკური დაავადებების კლინიკურ სურათში

პროგრედიენტულ ენდოგენურ ფსიქიკურ დაავადებათა სტრუქტურაში რელიგიურ-მისტიკური სიმპტომების კომპლექსი განისაზღვრება მათი კლინიკური სურათის და მიმდინარეობის თავისებურებებით. შიზოფრენიის დროს რელიგიურობას აქვს პათოლოგიური ხასიათი, რომელზეც თავის კვალს ტოვებს პიროვნების დაქვეითების ენდომორფული სინდრომი და რომელიც, ა. პორტნოვის აზრით, გამოიხატება  „სოციალური კომუნიკაციების დარღვევასა ან დამახინჯებაში, ემოციური რეზონანსის არაადეკვატურობაში, ენერგეტიკული პოტენციალის დაქვეითებაში, სოციალურ-ეთიკური ნორმების მზარდი შემცირებით, დეპერსონალიზაციასა და დერეალიზაციაში, ფსიქიკურ ავტომატიზმში“ [14].

დაკვირვება 2.

პაციენტი ლ., 38 წლის. მემკვიდრეობითობა არ არის დამძიმებული ფსიქიკური დაავადებებით. მამა იყო დაუდეგარი და  ეჭვიანი, გარდაიცვალა სომატური დაავადების შედეგად. ორსულობა მიმდინარეობდა ნორმალურად. სიცოცხლის პირველ თვეებში ხშირად ცივდებოდა. იზრდებოდა და ვითარდებოდა ნორმალურად, არ ჩამორჩებოდა თანატოლებს. სკოლაში კარგად სწავლობდა, იყო მოწესრიგებული, დამჯერი. ყოველთვის უჭირდა  ადამიანებთან ურთიერთობა, მაგრამ ჰყავდა რამდენიმე ახლო მეგობარი. დაამთავრა უნივერსიტეტი „გეოფიზიკის“ სპეციალობით, განაწილების შემდეგ მუშაობდა სპეციალობით სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, სწავლობდა ასპირანტურაში. 30 წლის ასაკიდან, აშკარა მიზეზის გარეშე აღენიშნებოდა დაღლილობა, ნაკლებად მკვეთრი აფექტური ცვალებადობა, უმნიშვნელო განმარტოების სურვილი. დაინტერესდა რელიგიით. დატოვა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, შეიცვალა რამდენიმე სამუშაო ადგილი, ბოლო სამუშაო ადგილია - მედდა ჰოსპისში. 29 წლის ასაკში გაიცნო ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მუდმივად იღებდა ალკოჰოლს, სვამდა გაბმით. გადაწყვიტა მისი გადარჩენა და ცოლად გაჰყვა. ერთი წლის შემდეგ შეეძინა ვაჟი. მშობიარობის შემდეგ დაშორდა ქმარს, დაკარგა კავშირი მეგობრებთან და ნაცნობებთან, თითქმის მთელ დროს ატარებდა ეკლესიაში,  სახლში კი ხშირად ლოცულობდა, იცავდა მარხვას. დედის თქმით, ქალიშვილი გახდა ცივი, უყურადღებო ნათესავებისა და ახლობლების მიმართ, ჰქონდა თავისი „პარალელური ცხოვრება“. როდესაც შვილს ერთი წელი შეუსრულდა, ყველგან თან დაჰყავდა, ეკლესიასა და წმინდა ადგილებში, კვებავდა ცუდად და არარეგულარულად, ძირითადად იმით, რასაც უწყალობებდა მრევლი, არ იცავდა ბავშვის ჰიგიენას. კატეგორიული უარი განაცხადა შვილის საბავშვო დაწესებულებაში მოწყობაზე, იმ მოტივით, რომ მან უნდა რეგულარულად იაროს ეკლესიაში. ერთ დღეს, მორიგი მოგზაურობის დროს ბავშვი დაეკარგა, რომელიც მისმა ბებიამ უცნობ ადამიანებთან აღმოაჩინა. როდესაც შვილი ავად გაუხდა, არ დაელოდა ექიმის მოსვლას, და ბავშვი ეკლესიაში წაიყვანა. ტაძრის წინამძღვართან საუბრისას დედამ სთხოვა მის ქალიშვილზე გავლენა მოეხდინა. მღვდელმა უპასუხა, რომ, მისი აზრით, ქალიშვილი ავად არის და ურჩია ფსიქიატრისთვის მიემართა. დედამ დაჟინებით მოითხოვა პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევის ჩატარება და შემდგომი ჰოსპიტალიზაცია.
  ოთხთვიანი სტაციონარული გამოკვლევისა და მკურნალობის შემდეგ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება არ დაფიქსირებულა. არსად არ მუშაობდა. მან დაკარგა ინტერესი შვილის მიმართ, რომლის მოწყობა საბავშვო ბაღში მოხერხდა მისი ჰოსპიტალიზაციის დროს. კვლავინდებურად ლოცულობდა, დადიოდა ეკლესიაში. შემდეგ გაუჩნდა სახლიდან წასვლის და ხეტიალის სურვილი. დადიოდა ეკლესიებში, მონასტრებში, ღამეს ათევდა სასაფლაოზე. ეცნობოდა უსახლკაროებს, მათხოვრებს, მოჰყავდა სახლში. ერთხელ მონასტერში მოგზაურობის დროს იგრძნო შიში, შფოთვა, მოუსვენრობა. მოესმა „ხმა ჯოჯოხეთიდან“, რომელმაც მას უწოდა ჯადოსანი და უწინასწარმეტყველა სწრაფი სიკვდილი. გაუჩნდა განცდა, რომ დედამიწა პირს დააღებდა და თან ჩაიტანდა. შეშინებული სადღაც გაქცევას ცდილობდა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეორე ჰოსპიტალიზაციის დროს დაუდგინდა II ჯგუფის ინვალიდობა. უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში კლინიკური სურათი ხასიათდებოდა მუდმივად მიმდინარე პროცესის ნიშნის ქვეშ, ჩნებოდა და ვითარდებოდა მწვავე პარანოიდული, პარაფრენული, ლუციდურ-კატატონიური სინდრომის ტიპის ფსიქოზური აფეთქებები. კრუნჩხვები, როგორც წესი, იწყებოდა ერთგვარი სტუპორით, პაციენტი წვებოდა იატაკზე, ყვიროდა ლოცვებს, უარს ამბობდა საკვებზე. სტაციონარში თითქმის ყოველ წელს შემოდიოდა. უკანასკნელ შემოსვლამდე ორი ან სამი კვირით ადრე მოესმა „შინაგანი ხმა“, რომელმაც უბრძანა  მონასტერში წასულიყო. იგი სახლიდან გაქრა ისე, რომ არავინ გაუფრთხილებია. წასვლიდან ერთი კვირის შემდეგ იპოვეს ქუჩაში შიშველი, გუბეში მწოლიარე. სანიტარული ტრანსპორტით გადაიყვანეს ჯერ სომატურ, ხოლო შემდეგ ფსიქიატრიულ სტაციონარში.
ფსიქიკური მდგომარეობა. საავადმყოფოში მიყვანიდან პირველ საათებში არ პასუხობდა კითხვებს, არ ასრულებდა ბრძანებებს, მიმიკური რეაქცია გამოხატავდა გაკვირვებას, აღფრთოვანებას, განდგომას. რაღაცას უსმენდა. მეორე დღეს გაჩნდა ვერბალური კონტაქტის შესაძლებლობა. მან განაცხადა, რომ ჰოსპიტალიზაციის წინ მოესმა ღვთის ხმა, რომელმაც მოუწოდა გაეხადა, გადაეყარა სამოსი და დაეხია პასპორტი. მომდევნო დღეებში დროის უმეტეს ნაწილს საწოლში ატარებდა, კითხვებზე პასუხობდა პაუზის შემდეგ, რაღაცას ბუტბუტებდა, ნათლად ესმოდა იესო ქრისტეს ხმა, რომელიც უწოდებდა თავის საცოლეს. შემდგომი მკურნალობის შედეგად მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდა. აღარ ესმოდა ხმები, ქცევა თანდათან მოწესრიგებულ ხასიათს იღებდა. გაუჩნდა ფორმალური კრიტიკა თავისი დაავადების მიმართ. კლინიკურ სურათში წინა პლანზე წამოიწია ნეგატიურმა სიმპტომებმა: მონოტონურობამ, პასიურობამ, აფექტურობამ.
დიაგნოზი: F20.0 პარანოიდული შიზოფრენია პაროქსიზმულ-პროგრედიენტური მიმართულებით.

  აღნიშნული დაკვირვება არ ტოვებს ეჭვს, რომ საუბარია შიზოფრენიულ პროცესზე. დაავადება დაიწყო 30 წლის ასაკში და ხასიათდებოდა ღრმა ინტროვერსიულობით, ახლობლებთან კონტაქტის  დაკარგვით. რელიგიურობას, რომელიც გაჩნდა არა ავადმყოფობამდე, არამედ მის შემდეგ, თავიდანვე ჰქონდა დისჰარმონიული ხასიათი და ასახავდა ფსიქიკური პროცესების და ქცევის დისკორდანულობას. გარე სამყაროსთან, ნათესავებთან და ნაცმობებთან კავშირის, ეთიკური უნარების დაკარგვის პარალელურად, იმატებდა კომპულსიური რელიგიური აქტიურობა, არაადეკვატური გადამეტებული გულმოდგინება რელიგიური კულტების ჩატარებისას, აზროვნების არქაული საშუალებების ფიქსაცია, კომუნიკაციის დამახინჯება - ურთიერთობა სოციალურად მოუვლელ ადამიანებთან. ყველაზე ნათლად გამოხატული სენსორული დასუსტება გამოიხატება მცირეწლოვან შვილთან ურთიერთობაში, რომელიც პაციენტს თან დაჰყავდა რელიგიურ ადგილებში, ავიწყდებოდა მისი გამოკვება, ტანსაცმლის გამოცვლა, ექიმთან წაყვანა. ფსიქოტური შეტევების დროს პაციენტის რელიგიური განცდები გამოვლინდა გრძნობათა მცდარობაში, განდიდების ბოდვით იდეებში, კანდინსკი-კლერამბოს სინდრომის ფარგლებში ბოდვით ქცევაში. ნეგატიური სიმპტომების გამოხატვამ კვალი დატოვა რელიგიურ-მისტიკურ განცდებზე, რომლებიც არ იყო ისეთი ნათელი, ფართო და თანმიმდევრული, როგორც მწვავე ენდოგენური ფსიქოზის დროს პერიოდული მიმდინარეობით.

3.7. რელიგიურ-მისტიკური სიმპტომების კომპლექსი ეგზოგენური ფსიქიკური აშლილობის კლინიკურ სურათში
ეგზოგენურ-ორგანული სინდრომების ცნებაში შედის გარდამავალი მდგომარეობა, რომელიც ასახავს დაზიანების დინამიკას, იგი გამოწვეულია თავის ტვინზე გარე ფაქტორების - ტრავმების,  ინფექციების, ინტოქსიკაციის და ა.შ. ზემოქმედებით. მათვე ეკუთვნის ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა მიღებასთან დაკავშირებული ფსიქიკური აშლილობები. რელიგიურ-მისტიკური სიმპტომების კომპლექსი შედის, როგორც დაქვეითებული ცნობიერების (დელირიუმი, ჰალუცინოზი, ბინდისებრი სინდრომი) სინდრომების სტრუქტურაში, ასევე არაგონებაშეშლილი ცნობიერების (ბოდვითი შიზოფრენიის მსგავსი, ფსიქოზური მანიაკალური და დეპრესიული აშლილობა) სინდრომების სტრუქტურაში.

დაკვირვება 3.
პაციენტი ტ, 30 წლის. ბებია დედის მხრიდან შიზოფრენიით იყო დაავადებული. მამა სამხედრო მოსამსახურეა, მბრძანებლური, ავტორიტარული, უკომპრომისო ხასიათის. დედა რბილი, ხასიათის ფსიქოსთენიკური თვისებებით. ორსულობა მიმდინარეობდა მძიმე ტოქსიკოზით, მშობიარობა გართულებული. ადრეულ ასაკში ავლენდა აგზნებადობას, გაღიზიანებას, ჭირვეულობას. 13 წლის ასაკში გადაიტანა მძიმე პაროტიტი მენინგიზმის სიმპტომით, 15 წლის ასაკში - ტვინის შერყევა. 19 წლის ასაკში დაავადდა ვირუსული C ჰეპატიტით. ადრეული ფსიქომოტორული განვითარება გადახრის გარეშე. ხასიათი ჩამოუყალიბდა პრეტენზიული, მაღალი თვითშეფასებით. სკოლაში წავიდა 7 წლის ასაკში, მამის სამსახურის გამო რამდენიმე სკოლა შეიცვალა, სწავლობდა არათანაბრად, კონფლიქტი ჰქონდა მასწავლებლებთან. უფროს კლასებში მონაწილეობდა აღმოსავლური ორთაბრძოლების სექციის მუშაობაში, დაინტერესდა აღმოსავლური მისტიკური მოძღვრებით. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა ტექნიკურ უმაღლეს სასწავლებელში. განსაკუთრებული ინტერესი მომავალი სპეციალობისადმი არ გააჩნდა, „სადმე უნდა მოვწყობილიყავი“. პირველ კურსზე ვაჭრობდა სამომხმარებლო საქონლით, თავი დაანება სწავლას, გარიცხეს. გადავიდა ფიზკულტურის ინსტიტუტში, მაგრამ იქიდან ერთი წლის შემდეგ გარიცხეს  აკადემიური დავალიანების გამო. ეცადა მუშაობა დაეწყო მილიციაში. სამედიცინო კომისიაზე სამხედრო კომისარიატში ცნეს სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად ჯანმრთელობის გამო. 21 წლის ასაკში  ბიზნესით იყო დაკავებული, გადაეყარა რეკეტირებს, რომლებიც თხოვდნენ დიდ თანხას. ანგარიშსწორების ეშინოდა, სახლში მარტო დარჩენის, ღამით ცუდად ეძინა, ბალიშის ქვეშ მალავდა და თან ატარებდა ცივ იარაღს. როდესაც ფსიქოტრავმატულმა სიტუაციამ განვლო, შიში გაუქრა. დაინტერესდა აღმოსავლური ფილოსოფიით, ბუდიზმით, იოგით, დადიოდა ბიოენერგეტიკის კურსებზე, ხშირად და დიდიხნობით მედიტირებდა. აღმოაჩინა საკუთარ თავში ექსტრასენსორული შესაძლებლობები, თავის ტკივილისაგან ათავისუფლებდა გოგონა, რომელთან ერთად ცხოვრობდა სამოქალაქო ქორწინებაში.
როდესაც წაიკითხა კარლოს კასტანედეს ნაწარმოებები, გადაწყვიტა წინ წაწეულიყო თავის სულიერ განვითარებაში, ამიტომ დაიწყო ნარკოტიკების მიღება. გასინჯა ანაშა, ეფედრინი, კოკაინი. ერთხელ კუნთში გაიკეთა კეტამინი და მიხვდა, რომ ეს სწორედ ის პრეპარატია, რომელიც მას სჭირდება. გრძნობდა, რომ არარად გარდაიქმნებოდა, რომ მისი სხეული სველი ქვიშასავით იშლებოდა, რომელიც მზეზე შრება, ხედავდა როგორ გადიოდა გიგანტურ თაღში. სხვა განცდებში, რომელიც გრძელდებოდა არა უმეტეს ნახევარი საათისა, ხედავდა იმქვეყნიური ღვთაებრივი სინათლის მშვიდ სურათებს. გრძნობდა, რომ შორდებოდა რეალობას, იმყოფებოდა სხვა სამყაროში, სადაც დრო ჩერდება, ყველაფერი ახლოა, ხელმისაწვდომი, არ არსებობს შემთხვევითობა, ყველაფერი ურთიერთკავშირშია, არ არსებობს განსხვავება მოვლენებს, შავსა და თეთრს, სიკეთესა და ბოროტებას შორის. ასეთი მდგომარეობა გრძელდებოდა ნახევარი საათი.
ორი კვირის განმავლობაში კეტამინი არ მიუღია, ცდილობდა გამოეწვია სულიერი აღმავლობა სხვა გზით: მედიტირებდა, წარმოთქვამდა მანტრებს, კრიალოსანს ათამაშებდა. ერთხელ მორიგი მედიტაციის შემდეგ მოულოდნელად გაუჩნდა შიში, თავზარი დაეცა, თითქოს მას შეუტია ყოველივე „ნეგატიურმა“, რაც პლანეტაზეა. იგრძნო, რომ სამყარო შემცირდა მოლეკულებამდე, თითქოს მას უთვალთვალებდნენ, სნაიპერები უმიზნებდნენ. ამ დროს განცდილი შიში და თავზარი შეცვალა ექსტაზმა, რომლის დროს იგრძნო კოლოსალური ფიზიკური ძალა: „სხეული გაიზარდა გიგანტურ ზომამდე, ხოლო მზის სისტემა მთლიანად მის სხეულში შევიდა. ისეთი გრძნობაა, თითქოს ენერგიის ოკეანეში ხარ“. მიხვდა, რომ „ასტრალში“ იმყოფებოდა, იქცა ასტრალურ მეომრად, რომელსაც ღმერთმა დააკისრა ბოროტებასთან ბრძოლის მაღალი მისია. ექსტაზს თან ახლდა თანამონაწილეობის გრძნობა ყველაფრის მიმართ, რაც ხდებოდა დედამიწაზე, გაუჩნდა სხვისი აზრების წაკითხვის უჩვეულო უნარი. შინაგანი სულიერი თვალით ხედავდა ბოროტების მსახურთ, ეგონა, რომ შენიშნეს ბნელმა ძალებმა, რომლებიც უტევდნენ მის აურას. რაც უფრო  იზრდებოდა ძალა მის სხეულში, მით უფრო განიცდიდა ბნელი ძალების გავლენას, ბრძოლა უსასრულო ხასიათს იღებდა. თითქოს დრო გაჩერდა, ცხოვრება კი გაგრძელდება უსასრულოდ, გაჩნდა გმირობის ჩადენის სურვილი კაცობრიობის სახელით: გამხდარიყო კამიკაძე, ან ჯვარცმული, როგორც იესო ქრისტე. ფსიქოტურ მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში. 15 დღის განმავლობაში ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო პროდუქტიული კონტაქტისათვის, კითხვებზე ძლივს პასუხობდა ოდნავ გასაგონი ხმით, ნელა გადაადგილდებოდა, დროის უდიდეს ნაწილს ატარებდა საწოლში, ხანდახან უჩნდებოდა იმპულსური აგზნება. მე-16 დღეს ფსიქიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა, თანდათან მოხდა ფსიქოტური სიმპტომატიკის რედუცირება.
დიაგნოზი: F16.75 ფსიქოტური აშლილობა გვიანი დებიუტით, რაც გამოწვეული იყო კეტამინის მიღებით.
კატამნეზი: გამოწერის შემდეგ გარკვეული დროის მანძილზე მუშაობდა, ბოლო წლებში ჰეროინისადმი მიდრეკილება გაუჩნდა, არაერთხელ იყო დაკავებული პოლიციის მიერ, გააგზავნეს იძულებით მკურნალობაზე.
ფსიქიკური მდგომარეობა გადატანილი ფსიქოზიდან 5 წლის შემდეგ: გონება ნათელი. ორიენტირებულია ადგილსა და დროში, საკუთარ პიროვნებაში. განწყობის ფონი პათოლოგიური ზრდის ან კლების გარეშე, ქცევის სურათი თანაბარი, მოწესრიგებული. დამოკიდებულება ადრე გადატანილი ფსიქოტური მდგომარეობის მიმართ კრიტიკული. ფორმალურად აღიარებს ნარკოტიკების მოხმარების მავნე ხასიათს. გეგმავს სამსახურის მოძებნას და ნარკოტიკებისგან  თავის შეკავებას.

ეჭვგარეშეა, რომ აღწერილი მდგომარეობების ფსიქოპათოლოგიურ სტრუქტურას განსაზღვრავს ფარმაკოლოგიური და ფსიქოლოგიური საშუალებებით ინდუცირებული ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობა. კეტამინის შიდაკუნთოვანი ინექცია ხასიათდებოდა განწყობის ექსტაზური ზრდით, ნეტარების გრძნობით, დეპერსონალიზაციით და სხეულის სქემის შეცვლით, დერეალიზაციით, სამყაროსთან ერთიანობის გაზრდილი გრძნობით, დროისა და სივრცის აღქმის დარღვევით. ინტოქსიკაციის მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ ხანგრძლივმა ფსიქოლოგიურმა ინდუცირებამ გამოიწვია გადავადებული ფსიქოტური აფეთქება, რომელიც დაიწყო მწვავე პარანოიდით და გადავიდა ონეროიდთან დაახლოებულ მდგომარეობაში. განცდები მთლიანად განისაზღვრებოდა წინა რელიგიური გამოცდილებიდან აღებული წარმოდგენებით. ემოციები ხასიათდებოდა განსაკუთრებული ინტენსიურობით, პაციენტი ერთ და იმავე დროს განიცდიდა ნეტარებას და გააფთრებას, იმყოფებოდა „სხვა განზომილებაში“, შიდა თვალით ხედავდა ბოროტების მსახურთ, განიცდიდა გარე სამყაროში შეღწევის და მისი აბსოლუტური გააზრების გრძნობას, რომელიც დაყოფილი იყო სიკეთის სამყაროსა და ბოროტების სამყაროზე.

                                                                     * * *
ამრიგად, რელიგიურ-მისტიკური მდგომარეობის მთავარი განმასხვავებელი თვისებაა  ღმერთთან ან სხვა ზებუნებრივ ძალებთან „უშუალო ერთობის“ განცდა. ისინი შეიძლება შევადაროთ მოვლენათა ორ კლასს. ისინი შეიძლება წარმოადგენდნენ რელიგიური გამოცდილების უკიდურეს გამოხატულებას, რაც მათ რელიგიის ფსიქოლოგიის შესწავლის ობიექტად აქცევს. მეორე მხრივ, ისინი შეიძლება გამოვიდნენ სიმპტომების კომპლექსის როლში სხვადასხვა ფსიქოპათოლოგიური სინდრომების ფარგლებში: ფსიქოგენური, ენდოგენურ-ფუნქციური, ეგზოგენურ-ფუნქციური. პირველ შემთხვევაში რელიგიურ-მისტიკური მდგომარეობა ინდუცირებულია, მიმდინარეობს ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობის პირობებში,  ხასიათდება ხანმოკლეობით, მისი დასრულების შემდეგ არ ირღვევა სასიცოცხლო ფუნქციები  და ადეკვატური ფსიქოლოგიური ფუნქციონირება. მეორე შემთხვევაში მიმდინარეობს, როგორც შეცვლილი, ასევე უცვლელი ცნობიერების პირობებში, მაგალითად, შიზოფრენიის დროს, და ექვემდებარება კლინიკურ გამოვლინებათა კანონზომიერებას და ძირითადი ფსიქიკური აშლილობის შედეგებს.

ლიტერატურა
1. კ. არმსტრონგი. ღმერთის ისტორია. ათასწლიანი ძიებები იუდაიზმში, ქრისტიანობასა და ისლამში: თარგმ. ინგლ.— კიევი: სოფია; მოსკოვი, 2004.— 496 გვ.
2. ი. ბემე. ავრორა, ან დილის ვარსკვლავის ამოსვლა.— სანქტ-პეტერბურგი: აზბუკა, 2000,- 410 გვ.
3. ნ. ბერდიაევი. თავისუფალი სულის ფილოსოფია.— მოსკოვი: რესპუბლიკა, 1994.— 480 გვ.
4. ვ. ბლეიხერი, ი. კრუკი. ფსიქიატრიული ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი.— ტ. 1—2.— როსტოვი: ფენიქსი, 1996.
5. ბრიხადარანიაკა უპანიშადა.— მოსკოვი: ნაუკა: ლადომირი, 1991.— 237 გვ.
6. ი. ბრიანჩანინოვი. ეპისკოპოს იგნატი ბრიანჩანინოვის თხზულებები. სიტყვა სულების გრძნობადი და სულიერი ხილვის შესახებ.— 2-ე გამომც, გასწორ. და დამატ.—სანქტ-პეტერბურგი: ი. ტუზოვის გამომცემლობა, 1886.- 83 გვ.
7. ვ. ვოინო-იასენეცკი. სული და სხეული.— მოსკოვი: მართლმადიდ. წმინდა-ტიხონ. საღვთისმეტყვ. ინსტიტუტი, 1999.— 175 გვ.
8. ვ. დალი. რუსული ენის დიდი განმარტებითი ლექსიკონი.— ტ. 1 — 4.- მოსკოვი: სახელმწიფო გამომცემლობა, 1956.
9. სიკეთის სიყვარული.— ტ. 1-5.— სერგიევ-პოსადი: წმინდა სერგის სამების ლავრა, 1993.
10. ტ. ეფრემოვა. რუსული ენის ახალი ლექსიკონი.— მოსკოვი: რუსული ენა, 2000.- ტ. 1.- 1210 გვ; ტ. 2 - 1084 გვ.
11. ილუსტრირებული ენციკლოპედიური ლექსიკონი.— მოსკოვი: რიპოლ  კლასიკ-ბრე, 2001.- 1439 გვ.
12. ლაო-ცზი. დაო დე ცზინი: პოეტური ტრანსკრიპცია: თარგმ. ჩინურ.— მოსკოვი: ვარგიუსი, 1996.- 171 გვ.
13. ი. ლესტვიჩნიკი. მეუფე მამა ავა იოანეს, სინას მთის წინამძღვრის „კიბის“ რუსული თარგმანი.— 5-ე გამოც.—   კოზელის ოპტინის უდაბნოს წმინდა სერგის სამების ლავრა , 1898.— 380 გვ.
14. ა. პორტნოვი. ზოგადი ფსიქოპათოლოგია: სახელმძღვანელო— მოსკოვი: მედიცინა, 2004.- 272 გვ.
15. რუსული ენციკლოპედიური ლექსიკონი.— მოსკოვი: დიდი რუსული ენციკლოპედია, 2001.— ტ. 1 — 1023 გვ; ტ. 2 - 1084 გვ.
16. ვლ. სოლოვიოვი. სვედენბორგი (ნარკვევი). სტატიები ენციკლოპედიური ლექსიკონიდან // ვ.ს. სოლოვიოვი. თხზ. კრებ.— ტ. 10, ბრიუსელი: სიცოცხლე ღმერთთან, 1966.- 498 გვ.
17. ფილოსოფიური ლექსიკონი /ი.ტ. ფროლოვას რედაქციით.— 6-ე გამოც., გადამუშ. და დამატ.— მოსკოვი: პოლიტიზდატი, 1991.— 560 გვ.
18. იბნ ჰიშამი. ცხოვრების აღწერა უფლისა ჩვენისა მოჰამედისა, ალაჰის დესპანისა  // ისლამის ქრესტომათია: თარგმ. არაბულ.— მოსკოვი: ნაუკა: აღმოსავლ. ლიტ., 1994.- 238 გვ.
19. მ. ელიადე. კოსმოსი და ისტორია. რჩეული შრომები: თარგმ. ფრანგ. — მოსკოვი: პროგრესი, 1987.- 311 გვ.
20. Deikman A. Experimental Meditation // J. Nerv. Ment. Dis.— 1963.— Vol. 136.- P. 329-343.
21. Fisher R.A. Cartography of Ecstatic and Meditative States: The Experimental and Experiential Features of Perception-Hallucination Continuum are Considered // Science.- 1971.— Vol. 174.- P. 897-904.
22. Hausherr I. La Methode d′ oraison hesycaste // Orientalia Christiana.— 1927.- Vol. 9, № 2.- P. 102-209.
23. James W. The varieties of religious experience.— Cambridge, Mass: Harvard University Press, 1985.— 669 p.
24. Jaseja H. Meditation may predispose to epilepsy: an insight into the alteration in brain environment induced by meditation // Med. Hypotheses.— 2005.- Vol. 64, № 3.- P. 464-467.
25. Jaspers K. Allgemeine Psychopathologie.— 3 Auft.— Berlin: Thieme, 1923.- 420 S.
26. Kjaer T.W., Bertelsen C, Piccini P. et al. Increased dopamine tone during meditation-induced change of consciousness // Brain Res. Cogn. Brain Res.- 2002.- Vol. 13, 2.- P. 255-259.
27. Lo P.C., Huang M.L., Chang K.M. EEG alpha blocking correlated with perception of inner light during zen meditation //Amer. J. Clin. Med.— 2003.— Vol. 31, № 4.- P. 629-642.
28. Ludwig A.M. Altered States of Consciousness // Arch. Gen. Psych.— 1966.- Vol. 15.- P. 225-234.
29. Lukoff D. The diagnosis of Mystical Experiences with Psychotic Features // J. Trans. Psychol.- 1985.- Vol. 17.- P. 155-181.
30. Lukoff D., Lu F., Turner R. Toward a more culturally sensitive DSM-IV: Psychoreligious and Psychospiritual problems // J. Nerv. Ment. Dis.— 1992.— fol. 180, № 11.- P. 673-682.
31. Maslow A. Religions, Values and Peak Experiences.— N.Y.: Pengium books, 1976.- 123 p.
32. Newberg A.B., D′Aquili E., Rause V. Why God won′t go away: brain science and the biology of belief.— N.Y.: Ballantine Books, 2001.— 226 p.
33. Perry J. W. The far side of madness. Englewood Cliffs.— N. J.: Prentice-Hall, 1974.- 177 p.
34. Persinger M. Religious and mystical experiences as artifact pf temporal lobe function: a general hypothesis // Percept. Mot Skills.— 1983.— Vol. 57, № 3, Pt. 2.- P. 1255-1262.
35. Russell B. Mysticism and Logic, and other essays.— N. J.: Barners&Noble Books, 1981.-167 p.
36. Steiner R. Die Mystic im Aufgange des neuzeitlichen Geisteslebens und ihr Verhalthis zur moderne Weltanschauung. 5 Aufl. Dornach, Schweiz, Steiner-Nachlassverwaltung, I960.— 147 s.
37. Swedenborg E. Arcana Coelestia quae in scriptura sacra: seu verbo domini sunt, detecta:his primum quae in Genesi, una cum mirabilibilibus quae visa sunt in mundo spirituum, & in coelo angelorum.— Reprint.— Originally published in 1749-1756.— Basel: Swedenborg Institut, 1962.
38. Tart C.T. Altered States of Consciousness; a book of readings / Ed. Ch.T.Tart.- N. Y: Wiley, 1969.- 575 p.
39. Wilber K. The developmental Spectrum and Psychopathology: Treatment Modalities // J. Transper. Psychol.- 1984.- № 16.- P. 137-166.

თავი 4
 შეპყრობილობის და ჯადოსნობის პათოლოგია


შეპყრობილობა და ჯადოსნობა არქაული ბოდვის უფრო ფართო ცნებას წარმოადგენს, რომელიც განისაზღვრება, როგორც ბოდვის წარმოქმნა. მის ფორმირებაში მონაწილეობენ ცრურწმენა, მაგიური წარმოდგენები და რელიგიური შეხედულებები,  რომლებიც თან ახლავს ადამიანს მისი არასათანადო კულტურული განვითარების  ეტაპზე და ზოგიერთს დღემდე შემორჩა [12].

4.1. შემპყრობილობის სიმპტომების კომპლექსი

შეპყრობილობას უწოდებენ განცდების რთულ კომპლექსს, რომელიც ხასიათდება ადამიანის ფიზიკურ სხეულში ზებუნებრივ არსებათა არსებობის შეგრძნებით და გავლენას ახდენს ფიზიკური და ფსიქიკური პროცესების მიმდინარეობაზე. ადამიანის სხეულიდან სულების გასადევნად მიმართულ  ქმედებებს  განსაზღვრავენ ტერმინით ეგზორციზმი.
ფსიქოპათოლოგიაში შეპყრობილობის ბოდვა განიხილება, როგორც არქაული ბოდვის ვარიანტი. იგი ხშირად ასოცირდება დაუფლების ბოდვასთან, კანდინსკი-კლერამბოს ფსიქიკური ავტომატიზმის სინდრომის  გამოვლინებასთან. ბოროტი სულებით შეპყრობილობის ბოდვის დროს ზოგიერთ პაციენტს შეენიშნება მეტყველებით-მოტორული  ფსევდოჰალუცინაციები [2].













ავტორი ვ.პაშკოვსი
გაგრძელება 3 ნაწილში

თარგმანი
მ.ფ.ლ.
2017


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised