среда, 21 ноября 2018 г.

კერნბერგი იდენტურობის არასაკმარისი ინტეგრაცია: „დიფუზური იდენტურობის“ სინდრომი

კერნბერგი
იდენტურობის არასაკმარისი ინტეგრაცია: „დიფუზური იდენტურობის“ სინდრომი
კლინიკურად, „დიფუზური იდენტურობა“ წარმოდგენილია, როგორც არასათანადო ინტეგრაცია მე-ს კონცეფციებსა (self)  და მნიშვნელოვან სხვებს შორის. სიცარიელის მუდმივი განცდა, წინააღმდეგობები საკუთარი თავის აღქმაში, ქცევის არათანმიმდევრულობა, რომლის ინტეგრირება შეუძლებელია ემოციურად გააზრებული გზით, და სხვათა უფერული, დაუფიქრებელი, ძუნწი აღქმა - ყოველივე ეს წარმოადგენს დიფუზური იდენტურობის გამოვლინებას. მისი დიაგნოსტიკური ნიშანი ის არის, რომ პაციენტს არ შესწევს უნარი თერაპევტამდე მიიტანოს სხვა ადამიანებათან მისი მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება, ამიტომ ამ უკანასკნელს არ შეუძლია ემოციურად უთანაგრძნოს მის და მნიშვნელოვანი სხვების კონცეფციებს.
თეორიული თვალსაზრისით, მე-ს ინტეგრაციის და მნიშვნელოვანი სხვების კონცეფციების არასაკმარისობას განმარტავენ შემდეგი ჰიპოთეზები (Kernberg, 1975).
მოსაზღვრე პიროვნების ფსიქიკურ ორგანიზაციაში არსებობს საკმარისი დიფერენციაცია მე-რეპრეზენტაციებსა და ობიექტ-რეპრეზენტაციებს შორის, რათა შესაძლებელი გახდეს ეგოს საზღვრების დადგენა (ანუ მკაფიო ბარიერის დადგენა მე-სა და სხვებს შორის). ფსიქიკური სტრუქტურული ორგანიზაცია, პირიქით, გულისხმობს საზღვრის არსებობის რეგრესიულ უარყოფას მე-სა და ობიექტ-რეპრეზენტაციებს შორის ან ამ საზღვრის ბუნდოვანებას.
ნევროტული სტრუქტურებისგან განსხვავებით, სადაც ყველა მე-სახე („კარგი“ და „ცუდი“) ინტეგრირებულია მთლიან მე-ში და ყველა „კარგი“ და „ცუდი“ სახე შეიძლება ინტეგრირებული იყოს მთლიან სახეში, მოსაზღვრე პიროვნების ფსიქიკურ ორგანიზაციაში ასეთი ინტეგრირება არ ხორციელდება, ასე, რომ ყველა „მე“ და ობიექტ-რეპრეზენტაცია  არამთლიანი რჩება, ურთიერთგამომრიცხავ კოგნიტურ-აფექტურ რეპრეზენტაციად.
მე-სა და სხვების რეალობის „კარგი“ და „ცუდი“ ასპექტების ინტეგრირების უუნარობა უკავშირდება ძლიერ ადრეულ აგრესიას, რომელიც გააქტიურებულია ასეთ პაციენტებში. დისოციაცია „კარგსა“ და „ცუდ“ მე-სა და ობიექტ-რეპრეზენტაციებს შორის იცავს სიყვარულსა და „კარგს“ „ცუდისა“ და დამანგრეველი სიძულვილისგან, რომელიც იმარჯვებს.
„დიფუზური იდენტურობა“ იხსნება სტრუქტურული ინტერვიუს დროს, როდესაც თერაპევტისთვის ცნობილი ხდება პაციენტის უკიდურესად წინააღმდეგობრივი ქცევა წარსულში ან როდესაც ერთი ემოციური მდგომარეობიდან მეორეზე გადასვლას თან ახლავს ისეთი წინააღმდეგობა პაციენტის ქცევასა და თვითაღქმაში, რომ თერაპევტისთვის ძალიან ძნელი ხდება პაციენტის წარმოდგენა ერთ მთლიან ადამიანად. ხასიათის მწვავე ნევროტიკული პათოლოგიის შემთხვევაში, ურთიერთგამომრიცხავი ინტერპერსონალური ქცევა ასახავს პათოლოგიურ, მაგრამ პაციენტის მთლიან შეხედულებებს საკუთარი თავისა და მნიშვნელოვანი სხვების შესახებ, ხოლო პიროვნების მოსაზღვრე ორგანიზაციის დროს ეს შინაგანი ხედვა საკუთარ თავსა და სხვებზე მთლიანობას არის მოკლებული.
მაგალითად, პაციენტმა, რომელშიც სჭარბობს პიროვნების ისტერიული, ანუ  ნევროტული სტრუქტურა, ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ მას ჰქონდა სექსუალური პრობლემები, მაგრამ ვერ შეძლო ამ პრობლემების შესახებ თქმა. როდესაც თერაპევტმა მიუთითა ასეთი ქცევის არათანმიმდევრულობაზე, მან უპასუხა, რომ მამაკაცი თერაპევტი სიამოვნებას მიიღებდა, როდესაც დამცირებელი ქალი მოუყვებოდა მას თავისი სექსუალური პრობლემების შესახებ, რომ მამაკაცებმა შეიძლება განიცადონ სექსუალური აღგზნება, როდესაც ისინი ქალს აღიქვამენ, როგორც ყველაზე დაბალ არსებას სექსუალურ სფეროში. მამაკაცისა და სექსუალობის კონცეფცია, რომელიც ლახავს ქალის ღირსებას, და საუბარი ამის შესახებ, წარმოადგენს საკუთარი თავისა და სხვების ინტეგრირებული, თუმცა პათოლოგიური კონცეფციის ნაწილს.
კიდევ ერთი პაციენტი ხასიათის ინფანტილური სტრუქტურით და მოსაზღვრე პიროვნული ორგანიზაციით გამოხატავდა სიძულვილს მამაკაცების მიმართ, რომლებიც ქალს იყენებდნენ, როგორც სექსუალურ ობიექტს. ის ყვებოდა, თუ როგორ იცავდა თავს  თავისი ყოფილი ხელმძღვანელის შეურაცხყოფისგან და როგორ ცდილობდა თავი აერიდებინა სოციალური კონტაქტებისთვის ადამიანებთან ავხორცი მამაკაცების უხეშობის  გამო. მაგრამ, ამავე დროს, მან თქვა, რომ გარკვეული დროის განმავლობაში იგი „გოგონად“მუშაობდა მამაკაცების კლუბში, და ძალიან გაოცებული იყო, როდესაც თერაპევტმა საუბარი დაიწყო წინააღმდეგობათა შესახებ მის შეხედულებებსა და სამსახურის არჩევანს შორის.
იდენტურობის დიფუზია ასევე გამოიხატება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი აღწერს მნიშვნელოვან ადამიანებს, ხოლო თერაპევტს არ შეუძლია ამ ადამიანთა სახეების ერთ მთლიან და ნათელ სურათად წარმოდგენა. მნიშვნელოვანი სხვების აღწერილობა იმდენად წინააღმდეგობრივია, რომ ისინი უფრო კარიკატურას ჰგვანან, ვიდრე ცოცხალ ადამიანებს. ერთმა ქალმა, რომელიც ცხოვრობდა მამაკაცთან  და კიდევ ერთ ქალთან (მათ ე.წ. „სამთა კავშირში“ დაამყარეს), ვერ შეძლო ვერც მათი ხასიათის, ვერც მათ შორის არსებული სექსუალური ურთიერთობების და, განსაკუთრებით, ვერც თავისი დამოკიდებულების აღწერა თითოეული მათგანის მიმართ.  
პიროვნების მაზოქისტური სტრუქტურის მქონე სხვა მოსაზღვრე პაციენტი თავის დედას აღწერდა ზოგჯერ, როგორც თბილსა და მზრუნველს, მისი ქალიშვილის საჭიროებებისადმი გულისხმიერს, ზოგჯერ კი, როგორც ცივს, გულგრილს, თავშეკავებულს, ეგოისტურს და თავის თავში ჩაკეტილს. ამ წინააღმდეგობების გარკვევის მცდელობამ თავდაპირველად პაციენტში შეშფოთება გამოიწვია, შემდეგ მან იგრძნო, რომ თერაპევტი თავს ესხმის მას, აკრიტიკებს საკუთარი დედის ასეთი წინააღმდეგობრივი სახის შექმნისა და მისდამი „ცუდი“ დამოკიდებულების გამო. ინტერპრეტაციამ, რომლის მიხედვითაც პაციენტი პროეცირებდა მისი დანაშაულის გრძნობას თერაპევტზე, შეამცირა მისი შფოთვა, მაგრამ მიაყენა ტკივილი, როდესაც მან გააცნობიერა, თუ როგორ ქაოტურია მისი აღქმა საკუთარი დედისა. რა თქმა უნდა, პაციენტს შეუძლია გარკვეული, ნამდვილად ქაოტური ადამიანის აღწერა, რომლის ქცევა ქრონიკულად ატარებს წინააღმდეგობრივ ხასიათს.  თუმცა პრაქტიკაში ეს უფრო ადვილია, ვიდრე შეიძლება მოგვეჩვენოს.
სტრუქტურული ინტერვიუ ხშირად გვაძლევს შესაძლებლობას შევისწავლოთ, თუ როგორ აცნობიერებს პაციენტი თერაპევტს და რამდენად ძნელია პაციენტისთვის გრძნობდეს ემპათიას თერაპევტის სურვილის მიმართ შეკრიბოს ერთად პაციენტის მიერ თერაპევტის აღქმა. მოკლედ, სტრუქტურული ინტერვიუ წარმოადგენს კვლევის სიტუაციას, რომლის საშუალებითაც შეიძლება მე-ს ინტეგრაციის ხარისხის შესწავლა და ტესტირება და ობიექტების აღქმა.
ეგოს მკაფიო იდენტურობა პიროვნების ნერვული სტრუქტურის ნიშანია, რომელსაც შენარჩუნებული აქვს რეალობის ტესტირების უნარი. არანორმალური, პათოლოგიურად ინტეგრირებული იდენტურობა გვხვდება ქრონიკული ბოდვითი სისტემის შექმნის ზოგიერთ შემთხვევაში, როგორც იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, ასევე შიზოფრენიის მქონე პაციენტებში. სტრუქტურული თვალსაზრისით, ორივე ეს თვისება - რეალობასთან ინტეგრაცია და კონგრუენტულობა - იძლევა ნევროტიკი და ფსიქოტიკი პიროვნების ფსიქიკური ორგანიზაციის განსხვავების  საშუალებას.
მას მჭიდროდ უკავშირდება კიდევ ერთი სტრუქტურული თემა: ობიექტთა ურთიერთობების ხარისხი, ანუ ურთიერთობების სტაბილურობა და სიღრმე მნიშვნელოვან სხვaსთან, რაც გამოიხატება სულიერ სითბოში, ერთგულებაში, მზრუნველობასა და პატივისცემაში. სხვა თვისობრივი ასპექტებია ემპათია, გაგება და ურთიერთობების შენარჩუნების უნარი კონფლიქტების ან ფრუსტრაციის დროს. ობიექტთა ურთიერთობების ხარისხი დიდწილად განისაზღვრება იდენტურობის მთლიანობით, რომელიც მოიცავს არა მარტო ინტეგრაციის ხარისხს, არამედ მე-სა და სხვა ადამიანების გამოსახულებათა შედარებით მუდმივ ხასიათს დროში. ჩვეულებრივ, ჩვენ აღვიქვამთ საკუთარ თავს, როგორც რაღაც მუდმივს დროში, სხვადასხვა გარემოებებსა და სხვადასხვა ადამიანებთან და ვგრძნობთ კონფლიქტს, როდესაც ჩვენი „მე“ წინააღმდეგობრივ ხასიათს იძენს. იგივე შეიძლება ითქვას ჩვენი დამოკიდებულების შესახებ სხვების მიმართ. მაგრამ მოსაზღვრე პიროვნული ორგანიზაციის შემთხვევაში ამ სახის მუდმივი ხასიათი დროში იკარგება, ამიტომ ასეთ პაციენტებს სხვა ადამიანის რეალური აღქმა უჭირთ. მოსაზღვრე პაციენტის ხანგრძლივ ურთიერთობს სხვებთან, როგორც წესი, თან ახლავს აღქმის მზარდი დამახინჯება. ასეთ ადამიანს უჭირს ემპათიის განცდა, მისი ურთიერთობები სხვებთან ქაოტური ან უფერულია, ხოლო მჭიდრო ურთიერთობები დარღვეულია ამ პაციენტებისთვის დამახასიათებელი გენიტალური და პრეგენიტალური კონფლიქტების გაზვიადებით.
აღნიშნული პაციენტის ობიექტური ურთიერთობების ხარისხი შეიძლება გამოიხატოს თერაპევტთან ურთიერთობაში ინტერვიუს დროს. მიუხედავად არახანგრძლივობისა, ეს დიაგნოსტიკური ურთიერთობები ხშირად იძლევა ნევროტიკის განსხვავების შესაძლებლობას, რომელიც თანდათან ამყარებს თერაპევტთან ნორმალურ პირად ურთიერთობებს, მოსაზღვრე პაციენტისგან, რომელიც ყოველთვის ამყარებს ქაოსურ, უაზრო, დამახინჯებული ურთიერთობებს, თუ ისინი საერთოდ არ დაიბლოკა. იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვაწყდებით პიროვნების ფსიქოტურ ორგანიზაციას, როდესაც ტესტირება რეალურად დაკარგულია, უნდა ველოდოთ თერაპევტსა და პაციენტს შორის უფრო სერიოზული ურთიერთობების დარღვევას. ასეთი დარღვევების კომბინაცია ადამიანებთან ურთიერთობისას, როდესაც შენარჩუნებულია რეალობის ტესტირება, განსაკუთრებით დამახასიათებელია მოსაზღვრე პიროვნული ორგანიზაციისთვის. ხშირად ყურადღების გადატანა პაციენტისა და თერაპევტის აქტუალური ურთიერთმოქმედებიან, რომელიც ინტერვიუს ატარებს, პაციენტის რთულ ურთიერთობებზე მნიშვნელოვან სხვებთან, იძლევა დამატებით მასალას მისი ობიექტური ურთიერთობების ხარისხის შესაფასებლად. 

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised