среда, 21 марта 2018 г.

თოჯინა და პუპენმეისტერი ურთიერთობებში. რა უნდა ვიცოდეთ პერსექტიციდის შესახებ ?: კატატონიური სტუპორი

1 .თოჯინა და პუპენმეისტერი ურთიერთობებში. რა უნდა ვიცოდეთ პერსექტიციდის შესახებ ?


2 .კატატონური სინდრომის მთავარი სიმპტომის - კატატონური სტუპორის მახასიათებლები

რც ისე დიდი ხნის წინ „მონოკლერმა“ გამოაქვეყნა სტატია ტოტალიტარიზმის და მისი გამოხატვის შესახებ ჯგუფებში, კულტებსა და სახელმწიფოებში. მაგრამ ტოტალური კონტროლი შეიძლება გამომჟღავნდეს არა მხოლოდ გარკვეულ სისტემათა ფარგლებში, არამედ ორ ადამიანს შორის ურთიერთობებშიც. თანაცხოვრება მუდმივად მაკონტროლებელ და ტერორიზირებულ  პარტნიორთან ერთად ტოტალიტარულ სექტაში ყოფნის  ტოლფასია, რომელიც აკონტროლებს თავისი მსხვერპლის გონებასა და ემოციებს. დღეს ჩვენ უკვე ვერკვევით, რა არის "პერსპექტიციდი“ და რატომ არის მნიშვნელოვანი ამ ფენომენის ცოდნა.
ძალადობას შეუძლია არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური ხასიათი მიიღოს. გარკვეული ფსიქოლოგიური ზემოქმედების შედეგად, აგრესორი თავისი პარტნიორის რწმენასა და შეხედულებებს აკრიტიკებს, სანამ საბოლოოდ „არ გამოურეცხავს ტვინს“. ამ ფარულ დამთრგუნებელ გავლენას სამეცნიერო ლიტერატურაში ეწოდა  „პერსპექტიციდი“.

რა არის პერსპექტიციდი?
„პერსპექტიციდი“ ახალი ტერმინია ფსიქოლოგიური ზემოქმედების სფეროში. ფენომენი ხასიათდება როგორც ფსიქოლოგიური ან ემოციური ძალადობის ერთ-ერთი ტიპი, როდესაც ერთი პარტნიორი ურთიერთობების დროს მთლიანად აკონტროლებს მეორეს. საბოლოო ჯამში, ეს უკანასკნელი კარგავს თავის შეხედულებებს საკუთარი „მე“-ს განცდასთან ერთად. ინგლისის ცენტრალური ლანკაშირის უნივერსიტეტის აგრესიის ფსიქოლოგიის პროფესორი, დოქტორი ნიკოლა გრემ-კევენი აღნიშნავს:
 „ტერმინი „პერსპექტიციდი“ შემოიღო სოციალურმა მუშაკმა ევან სტარკმა, ავტორმა წიგნისა „იძულებითი კონტროლი“, რომელმაც აღწერა მოვლენა, როგორც ახლობელ ადამიანზე იძულებითი კონტროლის რადიკალური ფორმა.
აღნიშნული მოვლენა ხშირად სტოკჰოლმის სინდრომის მსგავსია, რომლის დროსაც გატაცებული მსხვერპლი დროთა განმავლობაში მათი დამპყრობლის მიმართ სიმპათიით განიმსჭვალება“ [1].
„მონოკლერის“ მუდმივი ავტორი, ექიმი-ფსიქოთერაპევრი მაქსიმ ჩეკმარიოვი აზუსტებს:
 „პერსპექტიციდი“ არ არის რაღაც ახალი მოვლენა, არამედ სიტყვაა, რომლითაც აღნიშნავენ გარკვეული სახის ურთიერთობებს. თავად ქცევის ამ ფორმას ისტორიული ფესვები გააჩნია. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ქალებს და ბავშვებს მიიჩნევდნენ მამაკაცის - ქმრის ან მამის - „საკუთრებად“, ამიტომ ისინი დიდხანს იმყოფებოდნენ ისეთ პირობებში, როდესაც მათ არ ჰქონდათ საკუთარი იდენტობის განვითარების შესაძლებლობა. თანამედროვე ფსიქოლოგიაში ასეთი ურთიერთობები განიხილება, როგორც ერთგულების ტრავმა, რომელშიც აგრესორი ქმნის მსხვერპლის ავტონომიისათვის საშიშ ურთიერთობებს. რუსულ მეცნიერებაში ასეთი ურთიერთობების შესახებ, მაგრამ პათოლოგიის ნიშნების გარეშე, წერდა ვასილჩენკო, რომელმაც თავის სექსოლოგიაში ერიკ ბიორნის იდეები შეიტანა. მან გამოყო ურთიერთობების ტიპი წყვილში: „ქალი-დედა“ და „მამაკაცი-მამა“, ან „ქალი- ქალიშვილი“ და „მამაკაცი-ვაჟიშვილი“, რომელშიც, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები იმყოფებიან პარტნიორულ ურთიერთობებში, მათი ურთიერთქმედება ასიმეტრიულია - ერთი დამოკიდებულია მეორეზე ფსიქოლოგიურად“.

როგორ აისახება პერსპექტიციდი მსხვერპლზე?

კონტროლის მაღალმა დონემ შეიძლება სერიოზული ზემოქმედება იქონიოს ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. გრემ-კევენი აღნიშნავს, რომ მსხვერპლი ხშირად ვერ ახერხებს ნეგატიურ ემოციურ მდგომარეობასთან გამკლავებას. როდესაც ადამიანი თანხმდება კონტროლს, მას შეუძლია ამით უარყოფითი გრძნობები შეასუსტოს, ამან შეიძლება გამოიწვიოს კონტროლისა და დამოკიდებულების ნეგატიური ციკლის ჩამოყალიბება.
ამ თვალსაზრისით, მსხვერლი განიცდის მიდრეკილებას დაემორჩილოს თავისი პარტნიორის ზეგავლენას, რაც გამოიხატება ტოტალურ ფსიქოლოგიურ კონტროლში, რადგან ამაში ხედავს სიტუაციიდან გამოსვლის იოლ გზას. მაგრამ ძნელია უფრო სრულყოფილი შედეგების მიღება, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ამ პრობლემის შესწავლასთან დაკავშირებით საკმაოდ ცოტა კვლევა ჩატარდა.
ლიზა არონსონ ფონტესი, ამჰერსტში მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მკვლევარი, ახასიათებს ფენომენს, როგორც „დამთრგუნველი ან მაკონტროლებელი ხასიათის ურთიერთობებს, სადაც დომინანტური პარტნიორი ცდილობს შეცვალოს თავისი მსხვერპლის აზროვნება“.
„აგრესორი განსაზღვრავს, რა არის სიყვარული. აგრესორმა იცის, რა არის სწორი და რა არა, მის პარტნიორზე დაწესებული აქვს მუდმივი ზედამხედველობა. აგრესორი ასევე განსაზღვრავს, რა არ არის სათანადოდ მსხვერპლში, და რა უნდა გააკეთოს მან ამის გამოსასწორებლად“
ფონტესი განაგრძობს:
„როდესაც ადამიანები განიცდიან პერსპექტიციდების ზემოქმედებას, ისინი უარს ამბობენ საკუთარ აზრზე, რელიგიურ კუთვნილებაზე, მეგობრების რჩევაზე, ცხოვრების მიზანზე და ა.შ. ეს არ გულისხმობს ბუნებრივ ურთიერთგავლენას, რომელსაც ადგილი აქვს ადამოანებს შორის წყვილში - ასეთი მოვლენა  უფრო საზიზღარ ხასიათს იძენს და ცალმხრივად ხორციელდება“.   [2].

პერსპექტიციდის ძირითადი მახასიათებლები

ეჭვის შეტანა თვითშეფასებაში
პირველი, რასაც აკეთებს მოძალადე, ეს არის თქვენი თვითშეფასების დამცირების მცდელობა. ის ეჭვქვეშ აყენებს თქვენს შესაძლებლობებს, ნიჭს, საკუთარ არჩევანს, აზრებსა და შეხედულებებს. მას შეუძლია დაგცინოთ, ღიად გაკრიტიკოთ ან დახვეწილი და მწვავე შენიშვნებით მოგმართოს, რის შედეგადაც თქვენ თანდათანობით ეჭვი გეპარებათ საკუთარ თავში. აგრესორს ასევე შეუძლია გამოიყენოს ემოციური შანტაჟი და დანაშაულის გრძნობა, რომლის დროსაც მსხვერპლი გრძნობს თავს „უვარგისად“, განიცდის დანაშაულის გრძნობას მისი უსარგებლობის გამო. მალე ადამიანი კარგავს საკუთარი ღისების გრძნობას და თანდათანობით იწყებს სიმართლის ნაცვლად სიცრუის მიღებას, რომელსაც მას თავს ახვევს მოძალადე.
აზრისა და გრძნობების მნიშვნელობის შემცირება
აგრესორები ხშირად თავად გეგმავენ ურთიერთობებს. ისინი ცდილობენ თავისი პარტნიორის დაშინებას და მისთვის თავგზის აბნევას, რათა გააძლიერონ მათზე კონტროლი. ასეთი ეფექტი შეიძლება მიღწეული იქნას ფიზიკური, ფსიქიკური გზით, ან ორივეს გამოყენებით. უფრო მეტიც, ამ პროცესს ხელს უწყობს მსხვერლის დადგენილ განრიგში ჩარევა (რის შედეგადაც მსხვერლი კარგავს მოსვენებას და ძილს), ჰაზლაიზინგი ⓘ. ჰაზლაიზინგი არის ძალადობის ფორმა, რომლის მთავარი მიზანია აიძულოს მსხვერპლი ეჭვი შეიტანოს სამყაროს საკუთარი აღქმის ობიექტურობაში. – (რედ. შენ., გრძნობების გაუფასურება, შეხედულებების გადამეტფასება და მსხვერპლის საკუთარი აზრის წინააღმდეგ პროტესტი). ბევრი მოძალადე სტალკინგსაც კი მიმართავსⓘ. მომაბეზრებელი. ზედმეტი ყურადღება ადამიანის მიმართ. – (რედ. შენ., - რათა მიაღწიოს სასურველ შედეგს).
ახლობლებისგან იზოლაცია
აგრესორი მანიპულირებს მსხვერპლის სოციალური სიტუაციით და ფსიქიკით ისე, რომ მსხვერპლმა დაკარგოს კონტაქტი საკუთარ გარემოსთან. მოძალადემ შეიძლება შთააგონოს თავის პარტნიორს ცრუ ფაქტები მისი მეგობრების, ნათესავების ან კოლეგებთან დაკავშირებით, რათა ამ უკანასკნელის კომუნიკაციის წრე შეამციროს. როდესაც თქვენ იზოლირებული ხართ და ვერ უკავშირდებით იმ ადამიანებს, რომლებსაც კარგად იცნობთ, შეგიძლიათ ადვილად დაკარგოთ საკუთარი „მე“-ს განცდა. მსხვერპლს ასევე არ ეძლევა მისთვის ჩვეული საქმიანობის გაგრძელება, რაც აძლევს მათ ძალას და დამოუკიდებლობას.
ტოტალური კონტროლი
მოძალადე აკონტროლებს მისი პარტნიორის ცხოვრების ყველა ასპექტს. ასეთი კონტროლი გამოიხატება არა მხოლოდ საკუთარი განრიგის, ფულის დახარჯვის ან გარკვეული ტანსაცმლის ტარების შემთხვევაში, არამედ ყველაზე ინტიმურ ქმედებებში, როგორიცაა ძილი, ბანაობა, საკვების მიღება. ამ სცენარის მიხედვით მსხვერპლი საბოლოოდ მიიღებს თამაშის ახალ წესებს და დაივიწყებს  წარსული, თავისუფალი ცხოვრების შესახებ.
ახალი იდენტობა
ამრიგად, აგრესორი ახერხებს თავისი პარტნიორის ცხოვრების კონტროლს. როგორც კი მსხვერპლი დაგარგავს აზროვნების და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების რწმენას, მოძალადეს შეუძლია შეცვალოს მისი საკუთარი თავის შესახებ ძველი მრწამსი (მტკიცე, დამოუკიდებელი, ინტელექტუალური, კეთილი, ლამაზი) ახალ, ყალბზე (სულელი, სუსტი, მახინჯი, უპერსპექტივო). საბოლოო ჯამში, ახლო ადამიანებთან იზოლაციის გამო, ადამიანი იწყებს ახალი იდენტურობის აღიარებას, როგორც ბუნებრივის და განუყოფელის.
„სიყვარულის“ ახალი განმარტება
აგრესორები ნერგავენ ურთიერთობების ახალ წესს და განსაზღვრავენ „სიყვარულის“ კომპონენტებს. თუ მსხვერპლი არ იცავს სიყვარულის გრძნობის გამომჟღავნების ახალ წესს, მაშინვე „ეგოისტი“ ხდება. აგრესორი ზოგჯერ კეთილ განზრახვებს ავლენს, რითაც აბნევს პარტნიორს, რომელსაც ჰგონია, რომ  ნამდვილად ეგოისტურად იქცევა [3].
მაქსიმ ჩეკმარევი მიიჩნევს, რომ მოტივები, რომლებითაც ხელმძღვანელობენ აგრესორები, შეიძლება განსხვავდებოდეს. მაგალითად, ჰიპერასუხისმგებლობა და ჰიპერმეურვეობა, როდესაც სხვა ადამიანის ავტონომიურობის უფლება შეუძლებელია იმის გამო, რომ აგრესორმა უკვე აიღო მთელი პასუხისმგებლობა პარტნიორის ნაცვლად და განიცდის შიშს, როდესაც მას აქვს რისკის მცდელობა განახორციელოს ან არ განახორციელოს დამოუკიდებელი ქმედებები. ეს შეიძლება იყოს კონცეფცია, რომელშიც ურთიერთობები უკავშირდება მორჩილებას, ან, მაგალითად, პარტნიორის დაკარგვის მწვავე შიშს, რომელიც აიძულებს მიიღოს უკიდურესი ზომები (ამ შემთხვევაში, მოტივები იგივეა, როგორც შეყვარებულის მოხიბლვის სურვილის დროს).
 ზოგადად, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ადამიანები, რომლებიც სხვებით მანიპულირებენ,  პერსპექტიციდს იყენებენ მათი ცხოვრების მიზნების მისაღწევად.

როგორ დავეხმაროთ ადამიანებს, რომლებიც პერსპექტიციდის მსხვერპლნი არიან
ისევე როგორც სხვა სახის მსგავსი ფსიქოლოგიური ძალადობა, ამ სიტუაციიდან გამოსავალი ყოველთვის რთულ ამოცანას წარმოადგენს. ბევრი მსხვერპლი განიცდის ემოციურ ტრავმას მუდმივი კონტროლის ქვეშ ყოფნის შედეგად.
გრეჰემ-კევენი ეყრდნობა სტოკჰოლმის სინდრომის კვლევას ორ ფენომენს შორის პარალელების გასატარებლად.
„არ არსებობს იმის ნიშნები, რომ მსხვერპლს სჭირდება განსაკუთრებული, გრძელვადიანი ფსიქოლოგიური მკურნალობა“, - აღნიშნავს პროფესორი. მოკლევადიან პერსპექტივაში, მსხვერპლმა შეიძლება დაიწყოს ყველაფერში საკუთარი თავის დადანაშაულება, რაც მათი დეპრესიული მდგომარეობის შედეგია.
შეფასების გარეშე ლოგიკური ქცევის თერაპიის გაცნობიერება მსხვერპლს  დაუცველობასა და ტანჯვასთან ბრძოლაში დაეხმარება“.
ასეთი მეთოდები ეხმარება სტოკჰოლმის სინდრომის მქონე პაციენტებს და, შესაძლოა, ასევე ეფექტურია პერსპექტიციდის მსხვერპლთან მიმართებაში [4].
თუმცა, არ დავივიწყოთ მეორე მხარე. ფსიქოლოგი მაქსიმ ჩეკმარევი აღნიშნავს:
 „ნებისმიერ ურთიერთობებში საჭიროა ორივე მხარისთვის დახმარების გაწევა, რადგან ერთგულების სისტემის დარღვევა ორივეში მოხდება. აგრესორისთვის საჭირო იქნება ვინმესთან თანაბარ ურთიერთობებში ყოფნის უნარის გამოვლენა, საკუთარი ღრმა შიშის გარკვევა და განკურნება, სხვა ადამიანში  სუბიექტის და არა ობიექტის დანახვის უნარის განვითარება. მსხვერპლისთვის მნიშვნელოვანია მორჩილების და საკუთარი თავის დაკარგვის უნარის გადალახვა, რათა შეინარჩუნოს ურთიერთობების შექმნის უნარი, რომელშიც პარტნიორის ავტონომია და უნიკალურობა ფასდება. ორივე შემთხვევაში, ეს არის რეკონსტრუქციული ფსიქოთერაპიული მუშაობა, რადგან ჩვენ საქმე გვაქვს პიროვნულ აშლილობასთან“.
ამდენად, ემოციური მანიპულირება რჩება სერიოზულ პრობლემად, და თუ წამიერადაც კი შეშფოთებული იქნებით თქვენი პირადი ურთიერთობების ფსიქოლოგიური მდგომარეობით, ეს არის პირველი ნიშანი იმისა, რომ რაღაც ნამდვილად ყველაფერი კარგად არ არის.
------

კატატონური სინდრომის მთავარი სიმპტომის - კატატონური სტუპორის მახასიათებლები

საფრთხის დროს ბევრი ადამიანი კარგავს გადაადგილების უნარს, ისინი თითქოს ერთ ადგილზე „შეშდებიან“, არ შეუძლიათ თავი დააღწიონ ამ მდგომარეობას და დაიწყონ მოძრაობა. ხშირ შემთხვევაში ეს მდგომარეობა სწრაფად გადის და არ ტოვებს კვალს, მაგრამ ზოგჯერ ადამიანს არ შეუძლია გაუმკლავდეს გაშეშებას დამოუკიდებლად  და მას უვითარდება კატატონური სტუპორი.
კატატონური სტუპორი კატატონური სინდრომის სიმპტომია, რომელიც ხშირად გვხვდება შიზოფრენიის და ზოგიერთი სხვა ფსიქიკური მდგომარეობის დროს. სტუპორი ხასიათდება გამოხატული მოტორული აშლილობით და პაციენტის ფსიქიკაში ცვლილებებით. განსაკუთრებით ხშირად ეს მდგომარეობა ჩნდება 30-50 წლის ასაკში, ხოლო გაცილებით უფრო იშვიათად ბავშვობის და მოზარდობის ასაკში.

რატომ ჩნდება სტუპორი
 კატატონური სტუპორის განვითარების ზუსტი მიზეზები ჯერ კიდევ უცნობია. იგი კატატონიური სინდრომის - ფსიქოპათიის ერთ-ერთი ნაირსახეობაა, რომელიც ჩმდება შიზოფრენიის, ენცეფალიტის, თავის ტვინის სიმსივნის ან თავის ტრავმის დროს.
სტუპორი (უძრაობა) მაქსიმალურად გამოხატული მოტორული პასიურობაა, მას თან ახლავს გამოხატული კუნთოვანი ტონუსი.
დღემდე მიიჩნევა, რომ კატატონური სინდრომი შეიძლება იყოს პროვოცირებული შემდეგი დაავადებებით ან მდგომარეობით:
შიზოფრენია - პაციენტების ძირითადი ნაწილი
თავის ტვინის სიმსივნე
ცენტრალური ნერვული სისტემის ტრავმები და დაზიანებები
კონვულსიური კრუნჩხვები
თავის ტვინის სისხლძარღვთა დაზიანება
მშობიარობის შემდეგ  გამოწვეული მწვავე ფსიქიკური დარღვევები
მძიმე ინფექციური დაავადებები მაღალი ტემპერატურით და ინტოქსიკაციით
თრომბოციტოპენიური პურპურა
ნარკოტიკული და ზოგიერთი სამკურნალო ნივთიერებების მიღება.

წარმოშობის თეორიები
იმის გამო, თუ რატომ ვითარდება ასეთი მდგომარეობა, მეცნიერები დღემდე კამათობენ. არსებობს რამდენიმე ყველაზე პოპულარული თეორია მოტორული დარღვევების წარმოშობის შესახებ სტუპორის დროს:
 სინდრომი ვრცელდება პაციენტის სხეულში ზემოდან ქვევით. ის ჩნდება თავის ტვინში გამაამინოზეთოვანი მჟავის დეფიციტის გამო. მისი ნაკლებობა იწვევს მოტორული დარღვევების წარმოქმნას, რაც თანდათანობით მთელ სხეულს მოიცავს.
შიზოფრენიის და სხვა ფსიქიკური დაავადებების მკურნალობისას ბენზოდიაზეპინის მიღება იწვევს ნეიროტრანსმიტერების გადაჭარბებულ აღგზნებას, რომლებიც აკონტროლებენ კუნთების მოძრაობას.
დოფამინის გამომუშავების მკვეთრი შეწყვეტა. შიზოფრენიის მკურნალობისას ხშირად იღებენ მედიკამენტებს, რომლებიც ამცირებენ მის დონეს სისხლში. ხოლო მისი ქრონიკული უკმარისობის დროს ასეთი პრეპარატების მიღებას შეუძლია შეამციროს დოფამინის დონე კრიტიკულ ნიშნულამდე და გამოიწვიოს მოტორული დარღვევები.
მეტაბოლური პროცესების დარღვევა თავის ტვინის წინა ნაწილში და თალამუსში. ამ თეორიას ადასტურებენ პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიის დროს გაკეთებული პაციენტთა სურათები.
 დღემდე, ყველაზე სავარაუდოდ მიჩნეულია 10 წლის წინ, 2004 წელს შემოთავაზებული თეორია. ამ თეორიის თანახმად, კატატონური სინდრომი წარმოიქმნება გენეტიკური რეაქციის შედეგად, ისეთივე, როგორიც შეინიშნება ბალახის მძოველ და მტაცებელ ცხოველებში. შიში იწვევს ცხოველის მთელი სხეულის პარალიზებას და ამ სახით იგი „განეწყობა“ სიკვდილისთვის.
ყველა ეს თეორია განიხილავს კატატონურ სტუპორს, როგორც მდგომარეობას, რომელიც ჩნდება ნეირომედიატორების დონის და პაციენტის ფსიქიკის პათოლოგიური მდგომარეობის შემცირების შედეგად, როგორც  რეაქცია სტრესზე.
სიმპტომები

კატატონური სინდრომი ხასიათდება მრავალი სხვადასხვა სიმპტომით. როგორც წესი, მათ რიცხვში შედის მოტორული დარღვევები, აფექტური ქცევა, ასევე ბოდვითი იდეები ან ჰალუცინაციები.
კატატონური სტუპორი წარმოადგენს ამ სინდრომის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე, „მშვიდ“ და უჩვეულო ნაირსახეობას.
იგი ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით:
მოტორული პასიურობა - პაციენტი ვეღარ მოძრაობს. მას შეუძლია შეინარჩუნოს სხეულის პოზიცია, რომელშიც იგი „გამოიჭირა“ სტუპორმა. მისი სხეულის პოზიციის დამოუკიდებლად შეცვლის მცდელობა უშედეგოდ მთავრდება.
კუნთოვანი ჰიპერტონუსი - არ იქმნება ყველა სახის სტუპორის დროს, თუმცა ძალიან გავრცელებულია. ადამიანის კუნთები შეიძლება იმდენად დაძაბული იყოს, რომ შეხებისას ქვასავით მაგარია. ეს პათოლოგიური მდგომარეობა შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს.
ხანგრძლივი უმოძრაობა - სხეულის პოზიცია პაციენტს შეიძლება შეუნარჩუნდეს რამდენიმე დღის, კვირის ან თვის განმავლობაში. მთელი ამ დროის განმავლობაში, პაციენტები სრულიად „გათიშული“ არიან რეალობისგან, ამასთან ერთად მათ არ შეენიშნებათ უნებლიე მოძრაობაც კი.
საკვებზე უარის თქმა - სტუპორის დროს ავადმყოფები უარს ამბობენ საკვებზე და წყალზე. ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანებს შეუძლიათ საჭმლის დაღეჭვა ან გადაყლაპვა, თუ პირში ჩაუდებენ, უფრო მძიმე შემთხვევებში საჭირო ხდება მათი  ხელოვნურად გამოკვება.
მუტიზმი - დუმილი შეიძლება იყოს სრული ან ნაწილობრივი. პაციენტები აგრძელებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, მაგრამ აკეთებენ ამას მშვიდად, შერჩევითად, თუმცა თვითონ არაფერს ამბობენ.
ცვილის მოქნილობა - სტუპორის ამ ფორმის დროს ადამიანები ინარჩუნებენ სხეულის იმ პოზიციას, რომელიც მათ მიეცა. მათი კიდურები და მთელი სხეული უჩვეულოდ პლასტიკური, მოქნილი ხდება, მათ შეუძლიათ მიიღონ ნებისმიერი ფორმა, რომელშიც პაციენტი რჩება.
„საჰაერო ბალიში“ - ამ მდგომარეობაში პაციენტს შეუძლია საათობით თავი ჰქონდეს აწეული ბალიშიდან 10-15 სმ-ით. ძილის დროს თავი დამოუკიდებლად იხრება ბალიშზე, შემდეგ ისევ იწევა.
აქტიური ან პასიური ნეგატივიზმი - კომუნიკაციაზე უარის თქმა შეიძლება იყოს სრული ან ნაწილობრივი. პაციენტებს შეიძლება არ ჰქონდეთ რეაგირება სხვებზე, ან მათ უნარჩუნდებათ ცალკეული რეაქცია გამაღიზიანებელზე.
გამაღიზიანებელზე რეაქციის არარსებობა - სრული სტუპორის დროს პაციენტები არ რეაგირებენ ტკივილსა და სხვა გამაღიზიანებლებზე, მაგალითად, თვალის გუგა არ რეაგირებს სინათლეზე.


სტუპორის სახეობები

 არსებობს კატატონური სტუპორის 3 ძირითადი ტიპი ან ფორმა:
სრული გაშეშება - სტუპორის ეს ტიპი ხასიათდება პაციენტის სრული უმოძრაობით, მაღალი კუნთოვანი ტონუსით და ერთი პოზის შენარჩუნებით. ავადმყოფს შეუძლია მოიკუნტოს ან ეძინოს „საჰაერო ბალიშზე“, უარი თქვას ლაპარაკზე და არ რეაგირებდეს გამაღიზიანებლებზე.
ნეგატიური სტუპორი - ამ ტიპის სტუპორის დროს პაციენტი ვერ მოძრაობს და გაშეშებულია, მაგრამ ასევე უარს ამბობს გარე სამყაროსთან კონტაქტზე, ხელს უშლის მცდელობას შეცვალონ მისი პოზა ან აიძულონ მოძრაობა.
„ცვილის მოქნილობა“ ან „კატალეპტიკური სტუპორი“ - ამ ფორმის ძირითადი განსხვავებაა პაციენტის გაშეშება ნებისმიერ პოზაში - თუნდაც მისთვის ძალიან მოუხერხებელში და დიდი ხნის განმავლობაში. მისი სხეული იღებს განსაკუთრებულ „ცვილის“ მოქნილობას. ასეთ სიტუაციაში ადამიანები არ რეაგირებენ ხმამაღალ საუბარზე, მაგრამ შეუძლიათ აღიქვან ჩურჩული და უპასუხონ კითხვებს. ასევე არსებობს შემთხვევები, როდესაც  პაციენტები მოდიან გონს ღამის განმავლობაში, მაგრამ გათენებისას ისევ „შეშდებიან“.
       ცალკე ჯგუფად გამოიყოფა ფებრილური კატატონია ან ფებრილური შიზოფრენია - მწვავე ფსიქიკური აშლილობა, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ცნობიერების შეცვლას და მოტორულ დარღვევებს. ეს მდგომარეობა ძალიან საშიშია და მან შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის გარდაცვალება. ამის თავიდან აცილება შესაძლებელია მხოლოდ გადაუდებელი სასწრაფო დახმარების შემთხვევაში სინდრომის განვითარების პირველი საათების განმავლობაში. ფებრილური კატატონია ვითარდება შიზოფრენიის და თავის ტვინის ზოგიერთი მძიმე ორგანული  დაზიანების შემთხვევაში. ძირითადი სიმპტომებია სხეულის ტემპერატურის ზრდა სუბფებრილური  ციფრებიდან ფებრილურამდე, მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, გონების დაბნელება (ზოგჯერ ბოდვით და ჰალუცინაციებით), კატატონური სტუპორი ან მოტორული აქტივობა. ასევე პაციენტს შეენიშნება ტაქიკარდია, პროფუზული ოფლიანობა, სისხლის ჩაქცევა კანზე და სისხლძარღვთა გარსზე.

კატატონური სტუპორი ბავშვებში
      კატატონური სტუპორი ბავშვებში საკმაოდ იშვიათია, მიმდინარეობს ატიპიურად და მას ჩვეულებრივ მიიჩნევენ სხვა ფსიქიკურ აშლილობად. სტუპორის სიმპტომები  ძალიან განსხვავდება კლასიკურისგან:
მოტორული სტერეოტიპები - ხშირ შემთხვევაში ეს განმეორებადი რიტმული მოძრაობებია: წრეში სირბილი, კიდურებით მოძრაობა და ა.შ..
ექოლალია - გარშემო მყოფთა მიერ ბოლო წარმოთქმული სიტყვების გამეორება ასევე ერთ-ერთი სიმპტომია.
განვითარების რეგრესი - ბავშვი ბრუნდება განვითარების ადრეულ ეტაპებზე: იწყებს თითის წუწნას, ტირილს, უარს ამბობს სიარულზე, ჭამაზე და ა.შ..
„ზრდასრულებთან“ საერთო სიმპტომებია:
მუტიზმი
საკვებზე უარის თქმა
კუნთოვანი ჰიპერტონუსი.
ხანმოკლე ან სუსტად გამოხატული სტუპორი  შეიძლება განუვითარდეს ფსიქიკურად ჯანმრთელ ბავშვებს მძიმე სტრესის ან განცდის გამო. ბავშვი შეშდება, მას შეუძლია დიდი ხნის განმავლობაში იჯდეს გაუნძრევლად, ნაკლებად და არააქტიურად გადაადგილდება,  უარს ამბობს ჭამაზე და ა.შ. ეს მდგომარეობა გრძელდება რამდენიმე საათიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში და შეიძლება დამოუკიდებლად გაქრეს: ნაცმობ გარემოში, ბავშვის ადაპტაციის მიხედვით და ა.შ.
მკურნალობა
        კატატონია, ნებისმიერი ფორმით, სერიოზული ფსიქიკური აშლილობაა, რომელიც მოითხოვს სავალდებულო მკურნალობას ფსიქიატრთან, რადგან დამოუკიდებელი გამოსავალის ძებნა ამ მდგომარეობიდან სახიფათოა ავადმყოფისთვის.
         კატატონური სინდრომის მკურნალობა ხორციელდება მხოლოდ სტაციონარში. იქ პაციენტს სტუპორიდან გამოსაყვანად ამგზნებ საშუალებას - კოფეინის მცირე დოზას უკეთებენ და ბარბამილს - ფსიქოზური აშლილობის სამკურნალო საშუალებას. პაციენტის სტუპორიდან გამოყვანის შემდეგ მას უნიშნავენ ნეიროლეპტიკებით მკურნალობას - შიზოფრენიის გამოსავლენად, შეჰყავთ ბენზოდიაზეპინი, უტარებენ ელექტროკონვულსიურ თერაპიას და ფსიქოთერაპიას.











Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised