понедельник, 17 июля 2017 г.

ფსიქიკური აშლილობები რელიგიურ-მისტიკური განცდებით: მოკლე სახელმძღვანელო ექიმებისათვის ნაწილი 5


ფსიქიკური აშლილობები რელიგიურ-მისტიკური განცდებით: მოკლე სახელმძღვანელო ექიმებისათვის


თავი 7
საკულტო ტრავმა (დესტრუქციული კულტების ფსიქიატრიული ასპექტები) 


საკულტო ტრავმებთან დაკავშირებული პრობლემების აქტუალობა გაიზარდა ჩვენს ქვეყანაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ეს განპირობებულია იმით, რომ სტრესული ზემოქმედების ფონზე, რომელიც გამოწვეული იყო ეკონომიკური არასტაბილურობით, ცხოვრების სტერეოტიპების რღვევით და ჩამოყალიბდა საბჭოთა ხელისუფლების წლებში, ბევრი ადამიანი ეძებდა ნუგეშს იმქვეყნიურში. რელიგიასთან ზიარება ხორციელდებოდა წინა რელიგიური გამოცდილების, ოჯახური და სოციალური ტრადიციებისა და რელიგიური განათლების გარეშე. XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იან წლების დასაწყისში უცხოელ მქადაგებელთა შემოსევა, უამრავი რელიგიური სექტის და ე. წ. ქრისტიანული ინსტიტუტების გამოჩენა, სადაც ბიბლიის შესწავლის საფარქვეშ ტარდებოდა ეზოთერული დოქტრინების სწავლება ბიოენერგეტიკული, ექსტრასენსორული და ექსტრემალური ფსიქოთერაპიული პრაქტიკების გამოყენებით, არცთუ უსაფრთხო იყო მიმდევართა ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის. ექიმები წააწყდნენ პათოლოგიის ახალ ტიპს, გაჩნდა „საკულტო ტრავმის“ ცნება, რომელიც გულისხმობს ზემოქმედების კომპლექსს, გამოიყენება დესტრუქციულ კულტებში და მიზნად ისახავს ინდივიდის ცნობიერების შეცვლას.
„საკულტო ტრავმის“ ცნებასთან დაკავშირებული აშლილობის გაჩენას ხელი შეუწყო არა მხოლოდ კვაზირელიგიურმა ინტერვენციამ. საზოგადოებრივი კრიზისის დროს რევიზიას ექვემდებარება ყველაფერი, მათ შორის სამყაროს საბუნებისმეტყველო მეცნიერული სურათი, რომელიც, თითქოსდა, მტკიცედ აითვისა მოსახლეობამ საბჭოთა ხელისუფლების წლებში. შიშმა და შფოთვამ მოიცვა მასები, რომელმაც, ერთი მხრივ, წარმოშვა დამორჩილების სურვილი, ძლიერი ლიდერის, „რკინის ხელის“ ძენბა, ხოლო, მეორე მხრივ, - საკუთარი აზროვნების, კრიტიკის, ინტელექტუალური შიდა დიალოგის შემცირება [12]. ამან ხელი შეუწყო ინტელექტუალური საქმიანობის ისეთ ფორმებზე გადასვლას, რომელიც არ შეესაბამებოდა ლოგიკას და გამოცდილებას. ერთ-ერთი ასეთი ფორმაა მაგიური აზროვნება, როდესაც აზრებს, სიტყვებს და ქმედებებს მიაწერენ ძალას, მაგალითად, უნარს გამოიწვიოს ან თავიდან აიცილოს რაიმე მოვლენა.
რა თქმა უნდა, მაგიური აზროვნების ფენომენი შეინიშნება არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანაში, სხვა ქვეყნებშიც არსებობს ადამიანთა მნიშვნელოვანი რაოდენობა, ვისაც სჯერა მკითხავების, ასტროლოგების. ამ მოვლენას ტ. დმიტრიევამ უწოდა  „შუა საუკუნეების დესანტი XX საუკუნის ბოლოს“  [2].
მაგრამ სწორედ ჩვენ ქვეყანაში ეს ფენომენი დაემთხვა კრიზისს, და აღმოცენდა მოულოდნელად, არაპროგნოზირებადად, რამაც გამოიწვია ინდუცირებული ფსიქიკური აშლილობები და ქცევითი დარღვევა. ამას საკმაოდ შეუწყო ხელი ვიზუალურ  მედიაში შიშის მომგვრელი მკვლელობების, კატასტროფების, წამების ჩვენებამ, ასტროლოგიოს, მისტიციზმის, ჯადოქრობის იდეების პოპულარიზაციამ. შედეგად, ჩამოყალიბდა იდენტობის კრიზისის მაგიური ვარიანტი, როცა ადამიანი  სულიერი და სოციალური პრობლემების ზეწოლის ქვეშ უღრმავდებოდა ოკულტურ წარმოდგენებს  და მისტიკურ განცდებს.

7.1. ტოტალიტარული კულტი

ტოტალიტარული კულტის სოციალური, ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული ასპექტები განიხილება არა მხოლოდ რუსეთში, არამედ ყველა განვითარებულ ქვეყანაში. მათი რაოდენობის და გავლენის მნიშვნელოვანი ზრდა დამღუპველ ზემოქმედებას ახდენს, როგორც ადეპტებზე, ასევე საზოგადოებაზე მთლიანად. ეს განსაკუთრებით ცხადი გახდა 1978 წელს, როდესაც აშშ-ში „სახალხო ტაძრის“ სექტის 900 წევრმა თავი მოიკლა საკულტო რიტუალის დროს. გაურკვეველი კოლიზია „ადამიანის უფლებათა შესახებ საყოველთაო დეკლარაციის“ დებულებასა  და სინდისის თავისუფლების შესახებ და ტოტალიტარული რელიგიური მოძრაობების საქმიანობის მავნე შედეგებს შორის წარმოშობს ახალ და ახალ პრობლემებს, მათ შორის ტერორიზმს.
რელიგიის ისტორიას გააჩნია უამრავი ცნობები სხვადასხვა რელიგიური მოძრაობების წარმოქმნის შესახებ. როგორც ცნობილი რუსი სოციოლოგი პიტირიმ სოროკინი [16] აღნიშნავდა, ათასწლეულების და ასწლეულების განმავლობაში ზოგიერთი რელიგიური კოლექტივი ქრება, ჩნდება სხვა, ამასთან ეს პროცესები მიმდინარეობს პოლიტიკური გადაჯგუფების მსგავსად, არარეგულარულად; რელიგიური მოძრაობის და სტაგნაციის პერიოდების შეცვლა დაკავშირებულია მოსახლეობის სოციალურ წყობის ცვლილებასთან და წარმოადგენს ამ ცვლილების სიმპტომებს. სხვა რელიგიური მოძრაობებისგან ტოტალიტარული კულტი განსხვავდება სპეციფიკური  თვისებებით [26]:
● არის ჯგუფი ან მოძრაობა;
● ახდენს გადაჭარბებული ერთგულების დემონსტრირებას რომელიმე პირის, იდეის, ნივთის მიმართ;
● იყენებს პროგრამას, რომელიც გარდაქმნის აზროვნებას, რათა დაარწმუნოს, კონტროლი გაუწიოს და მოამზადოს კოლექტივში ცხოვრებისათვის (ანუ მოახდინოს მათი ინტეგრაცია ურთიერთობათა, რწმენის, ფასეულობების და პრაქტიკის ჯგუფურ უნიკალურ მოდელში);
● სისტემატურად სტიმულირებს ფსიქოლოგიური დამოკიდებულების მდგომარეობას წევრებში;
● ექსპლუატაციას უწევს წევრებს წარმატების მისაღწევად ლიდერების მიზნების განსახორციელებლად;
●  აყენებს ფსიქოლოგიურ ზიანს წევრებს, მათ ოჯახებს და საზოგადოებას.
რა თქმა უნდა, აღნიშნული ნიშნები არსებობენ არა მხოლოდ რელიგიურ, არამედ პოლიტიკურ, გასამხედროებულ და ფინანსურ ჯგუფებში. მაგრამ სწორედ დესტრუქციული რელიგიური კულტის არსებითი თვისებაა მანიპულაციების უხეში, უკონტროლო გამოყენება, რომლებიც მიზნად ისახავს ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობის და მასთან დაკავშირებული ჰიპერჩაგონების ფენომენის გამოწვევას.
ა. ლუდვიგის აზრით, ჰიპერჩაგონება პარალელურად კრიტიკული აზროვნების გაუარესებასთან ერთად იწვევს სუბიექტური აღქმის და ობიექტური რეალობის დიფერენცირების შესუსტებას [22]. აქედან გამომდინარე ჩნდება შფოთვა და ყალიბდება საკომპენსაციო მოთხოვნა მუდმივი მხარდაჭერის და ხელმძღვანელობის მოსაძებნად. იზრდება ნდობა ჰიპნოტიზიორის, შამანის, ლიდერის, რელიგიური მკურნალის, მქადაგებლის ან ფსიქოთერაპევტის ჩაგონების მიმართ, რომლებიც წარმოდგენილი ჰყავთ, როგორც ყოვლისშემძლე და ავტორიტეტული ფიგურები. თვითიდენტიფიკაციის შესუსტება ქმნის ავტორიტეტულ ფიგურასთან იდენტიფიცირების ტენდენციას, რომლის სურვილები ან მითითებები აღიქმება, როგორც საკუთარი.

 7.1.1. ტოტალიტარულ კულტებში  გამოყენებული მანიპულაციები

საკულტო მანიპულირება, რომელიც იწვევს ცვლილებებს აზროვნების სისტემაში, პირველად რ. ლიფტონმა [20] აღწერა. ისინი ეფუძნება ადამიანის ბუნებრივ მოთხოვნილებებს ჰქონდეს კავშირი სხვა ადამიანებთან, ეკუთვნოდეს რომელიმე სოციალურ გარემოს (ჯგუფს), მიიღოს სოციალური ჯილდო.
საკულტო მანიპულაციებს მიეკუთვნება:
●  კონტროლი გარემოსა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე. პირობების შექმნა, რომლის დროს შეუძლებელია ან ძალიან შეზღუდულია ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, რომელიც ეწინააღმდეგება ჯგუფის ან მისი ლიდერის მითითებებს.
● მისტიკური მანიპულირება.  ჯგუფის მიზნების ჩაგონება, როგორც ერთადერთი სწორის. ლიდერის მორალური უპირატესობის და ზეადამიანური თვისებების მისტიკური აურა.
● აბსოლუტური მორჩილების ჩაგონება ლიდერის და მისი თანაშემწეების მოთხოვნების მიმართ.
● დანაშაულის ინდოქტრინაცია. დანაშაულის გრძნობის ინდუცირება დაუმორჩილებლობისა და წინააღმდეგობის გამო. აღსარების მოთხოვნა, როგორც განწმენდის და საკუთარი ცოდვების აღიარების საშუალება ჯგუფის და მისი ლიდერის წინაშე.
● „წმინდა მეცნიერება“. ჯგუფის ძირითადი დოგმების აღიარება, როგორც ერთადერთი სწორის, რომელიც არ ექვემდებარება ჭეშმარიტების არანაირი კრიტიკის ანალიზს. დოგმები ჯგუფის სწავლებისას მოცემულია მტკიცებულებების სახით. შეკითხვები და კრიტიკა იგნორირებულია, როგორც გამოუსადეგარი, საეჭვო, ცოდვილი მოვლენა.
● „დამუხტული ენა“. სპეციალურად შექმნილი ნაკლებად გასაგები ჟარგონის გამოყენება, საყოველთაოდ ცნობილი ცნებებისათვის ახალი მნიშვნელობის მინიჭება. ახალი მნიშვნელობის მინიჭება ემოციურად დატვირთული ისეთი სიტყვებისათვის, როგორიცაა „დედა“, „მამა“, „და“, „ძმა“, ხელს უწყობს ინდივიდის გამოყოფას მისი ბუნებრივი ოჯახიდან.
● დოქტრინის დომინირება. მის თანახმად, დოქტრინა იქმნება იმისათვის, რომ წაშალოს ყველა ძველი შემეცნებითი გამოცდილება. ჯგუფის სწავლება და მიზანი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ინდივიდის პირადი კეთილდღეობა, წევრები მოითხოვენ თავის მსხვერპლად შეწირვას.
● არსებობის დაყოფა. ტარდება მკვეთრი გამიჯვნა მათ შორის, ვინც უნდა გადარჩეს, და ვინც იქნება დაწყევლილი. არსებობის უფლებით სარგებლობენ მხოლოდ ისინი, ვინც სრულად იზიარებს ჯგუფის მიზნებს და ყველაფერში ემორჩილება ლიდერს.
აზროვნების კონტროლის გზით შექმნილი იზოლაცია იწვევს მორჩილებას, ინდივიდში დაუცველობისა და უმწეობის შეგრძნების ფორმირებას. გარდა რ. ლიფტონის მიერ აღწერილისა, დესტრუქციულ კულტებში გამოიყენება სხვა ტექნიკაც [15]. მათ შორის ყველაზე ექსტრემალურია ისინი, რომლებიც მოიცავენ „შემკავებელი აზროვნების“, მუდმივი მედიტირების, მონოტონური სიმღერის და განმეორებადი მოქმედებების, უჩვეულო რიტუალებისა და ვიზუალური წარმომადგენების უკონტროლოდ თავს მოხვევის ტექნოლოგიებს, იწვევენ  გამწვავებული ჩაგონების მდგომარეობებს.
საკულტო ტრავმის პათოგენეზის სწორი გაგებისათვის უნდა აღინიშნოს, რომ ყოველთვის არა და ყველა შემთხვევაში არა ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობის ინდუცირება არ იწვევს ფსიქიკურ აშლილობას. გამოჯანმრთელების ან გაუმჯობესების მრავალი შემთხვევა ისტერიული ნევროზის ან ფსიქოსომატური დაავადების მკურნალობისას აგებულია ჩაგონების, ემოციური კათარსისის მიდრეკილების უპირატესობებზე. არსებობს მოულოდნელი გონების განათების, შემოქმედებითი ინსაითის მაგალითები, რომელსაც ადგილი აქვს ძილის დროს, ტრანსის, პასიური მედიტაციის მდგომარეობაში. თუ დავუშვებთ, რომ სუგესტური მეთოდები იწვევენ ფსიქოტროპული პრეპარატების ზემოქმედების მსგავსი ბიოქიმიური ანატომიის ცვლილებებს, ნათელი ხდება, რატომ არის, რომ ერთი და იგივე ზემოქმედება ზოგიერთ ადამიანში იწვევს გაუმჯობესებას, ზოგში კი - ფსიქიკის სერიოზულ პათოლოგიას. როგორც ცნობილია, ნებისმიერი ძლიერად მოქმედი პრეპარატი ერთი დოზით იწვევს ორგანიზმის მდგომარეობის გაუმჯობესებას, ხოლო სხვა დოზით - ლეტალურ შედეგს. ასევე ფსიქიკაზე ზემოქმედებას, რომელიც იწვევს ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობას, შეუძლია ზოგიერთ შემთხვევაში გამოიწვიოს განკურნება, ხოლო სხვა შემთხვევებში - დარჩეს უშედეგო, მესამეში კი - გამოიწვიოს სერიოზული დარღვევები, თუნდაც ფსიქოტური. მაგრამ თუ ფსიქიატრი ფსიქოტროპული საშუალებების დანიშვნისას ითვალისწინებს მის ქიმიურ საფუძველს, ფარმაკოდინამიკის თავისებურებებს, რეკომენდებულ დოზებს, ჩამოთვლილ გვერდით მოვლენებს, ფსიქოთერაპევტი კი ეყრდნობა მრავალსაუკუნოვან ემპირიულ გამოცდილებას, კულტის ლიდერი მოქმედებს უხეშად, უკონტროლოდ, არ ითვალისწინებს  შედეგებს.
დესტრუქციული ზემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია სექტის „თეთრი ძმების“ [1] ლიდერთა საქმიანობა. სექტა შეიქმნა კიევში 1990-იან წლებში და სწრაფად გავრცელდა უკრაინაში, ბელორუსიასა და რუსეთში. როგორც თანამედროვე სექტების უმრავლესობა, მისი დოგმატები წარმოადგენდნენ ეკლექტიკურ ნაზავს იოგადან, ბუდიზმიდან, თეოსოფიიდან, ანთროპოსოფიიდან, ქრისტიანული ერესიდან. განსაკუთრებული ადგილი „სწავლებაში“ ეკავა მკაფიოდ ასახული სამყაროს დასასრულის დეტალურად შემუშავებულ საკულტო პრაქტიკას. ყველაზე დიდ საფრთხეს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის წარმოადგენდა მსხვერპლთშეწირვის თემა. დოქტრინის თანახმად, განკითხვის დღის შემდეგ უნდა დადგეს ოქროს ხანა, სადაც აღმოჩნდება 140 000 იუსმალიანი (ასე უწოდებდნენ თავის თავს სექტის მიმდევრები). სექტას ხელმძღვანელობდნენ კრივონოსოვი და ცვიგუნი, რომელიც, როგორც ჩანს, განიცდიდა რელიგიურ-მისტიკურ მდგომარეობას (იხილა ცოცხალი ღმერთი). ნეოფიტებს აკომპლექტებდნენ ძირითადად 15-19 წლის ახალგაზრდებით. თავდაპირველად ლიდერები მიდიოდნენ აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნების, იოგას სექციებში, შემდეგ -  ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, სადაც უყვებოდნენ ბავშვებს  მომავლის, განკითხვის დღის და სხვა საშინელებების შესახებ. მსურველები სათითაოდ გაჰყავდათ დერეფანში და იქვე ნათლავდნენ. თავად მონათვლის რიტუალი მდგომარეობდა იმაში, რომ სექტის ერთ-ერთი „უფროსი ძმა“ ხელს ადებდა შუბლზე მოსანათლს, რაღაცას ქადაგებდა და განუწყვეტლივ უყურებდა მას თვალებში, შემდეგ ხელებით აკეთებდა პასებს ხერხემლის გასწვრივ და აპკურებდა წყალს მათარიდან. სპეციალისტების აზრით, „თეთრი ძმების“ ხელმძღვანელობა აპრობირებას უკეთებდა თავის მიმდევრებზე ფსიქიკის და ქცევის იძულებითი მართვის მეთოდებს, ფსიქოფიზიკურ ზემოქმედებას, ჰიპნოზური ჩაგონების დახვეწილ მეთოდებს. კულტის ზემოქმედება ასევე ხორციელდებოდა ქადაგებათა აუდიოჩანაწერების  მოსმენის გზით. მშობლები და ყოფილი ადეპტები, რომლებმაც დატოვეს „თეთრი ძმები“, საუბრობდნენ ნარკოტიკული საშუალებების გამოყენების შესახებ. სპეციალისტების აზრით, რომლებმაც გამოიკვლიეს ადეპტები, მათ ჰქონდათ დათრგუნული ინდივიდუალურობა, დაქვეითებული კრიტიკული უნარი, დარღვეული ჰქონდათ დიფერენციაციული ემოციები, მოძრაობათა პლასტიურობა, აქტიურობა და სტრესებთან გამკლავების უნარი. 1993 წლის ნოემბერში კიევში აღკვეთილ იქნა „თეთრი ძმების“ მასობრივი თვითმკვლელობა. დაგეგმილი იყო სისხლისმღვრელი შოუ, რომელსაც საშინელი სამსჯავროს დასაწყისის მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა ცვიგუნის ზეცად ამაღლებით, რომელიც თავს უწოდებდა მარია დევი ქრისტეს. კულმინაცია იქცა 1993 წლის 10 ნოემბერს 25 სექტანტის კიევში სოფიას საკათედრო ტაძარში მისვლა. სამართალდამცავი ორგანოების ძალისხმევით  საშინელი მოვლენები აღკვეთილ იქნა.
როგორ მეთოდებსაც არ უნდა იყენებდნენ დესტრუქციული კულტები, ისინი ქმნიან ფსიქიკურ დამოკიდებულებას დაშინების გზით დაუმორჩილებლობის შემთხვევაში. საიენტოლოგების კულტში ფართოდ გამოიყენება თვალთვალი, ერთმანეთის დასმენა, იყენებენ ადეპტთა წინასწარი ტესტირების დროს მოპოვებულ მასალებს. საიენტოლოგთა ეკლესია ამტკიცებს, რომ მათ აქვთ აბსოლუტური ცოდნა ხსნის და თვითგადარჩენის ერთადერთ ჭეშმარიტ გზასთან დაკავშირებით და ამიტომ განიცდიან უსაზღვრო სიძულვილს სამეცნიერო ფსიქიატრიის მიმართ, ამიტომ აგრესიულად ავრცელებენ მედიასა და მოსახლეობაში მასალებს ფსიქიატრიის, როგორც ზიანის მომტანი მეცნიერების შესახებ. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ საიენტოლოგიის დამფუძნებელს რ. ჰაბარდს ჰქონდა გარკვეული სახის ფსიქიკური აშლილობა და მკურნალობას გადიოდა საზღვაოსნო ჰოსპიტლის „ოაკ ქნოლის“ (აშშ) ფსიქიატრიულ პალატაში.

 7.1.2.  საკულტო ტრავმის  შედეგად ფსიქიკური აშლილობის გამოწვევის რისკი

ფსიქიკური აშლილობისადმი მიდრეკილება საკულტო ტრავმის მიღების შედეგად უნდა განიხილებოდეს ინტრაპერსონალური, ინტერპერსონალურ  და ტრანსპერსონალურ კონტექსტში.
ინტრაპერსონალური კონტექსტი.  ფსიქიკური აშლილობების წინასწარგანმწყობი ფაქტორებია პიროვნების ისეთი თვისებები, როგორიცაა  ჩაგონებისადმი გაზრდილი მიდრეკილება, მიმყოლობა, პასიურობა, მაგიური აზროვნებისადმი მიდრეკილება. ჩაგონება წარმოადგენს პრეციპიტირებულ (ანუ დამაჩქარებელ, წამაქეზებელ) ფაქტორს დისოციაციური ფსიქიკური აშლილობების ფორმირებისათვის, განსაკუთრებით გადაჭარბებული ფსიქოფიზიკური დატვირთვის დროს [18].
ინტერპერსონალური  კონტექსტი.   გულისხმობს ახლო წრესთან (მშობლები, თანატოლები, თანაკლასელები და ა.შ.) კავშირის გაწყვეტას ან შესუსტებას. ადამიანი, რომელიც რაიმე მიზეზის გამო გრძნობს თავს არაადეკვატურად  საზოგადოებაში („ამ ქვეყნისა არ არის“), არ არის მიღებული მისი პიროვნული, ფსიქიკური, ფიზიკური ან სხვა თვისებების გამო, განიცდის დიდ შვებას იმ ადამიანებს შორის, ვინც აღიარებს სხვა (მათთან შედარებით, რომელიც არსებობს საზოგადოებაში) ღირებულებებს, იმ გარემოში, სადაც არაადეკვატურობა და უჩვეულობა, პირიქით, დადებითად ფასდება. რადგან წმინდა რელიგიაში უპირისპირდება ამქვეყნიურს, სოციალური დეზადაპტაციის სიმპტომები ხშირად მოიაზრება აქ, როგორც რჩეულობის ნიშანი [17].
ტრანსპერსონალური კონტექსტი.  მოიცავს სოციოკულტურულ ცვლილებებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა რუსეთში 1980-იანი წლების ბოლოს. homo soveticus-ის ტრადიციული ათეისტური მენტალიტეტის მკვეთრმა ნგრევამ გამოიწვია მისთვის უჩვეულო იდეოლოგიური დეზორიენტაცია, დაარღვია დოგმატურ- მატერიალისტური მსოფლმხედველობა, გამოაცოცხლა პოტენციური ინტერესი სულიერი ღირებულებების მიმართ. ბევრი ადამიანისათვის ძველი მსოფლმხედველობის ნგრევა უკვე წარმოადგენდა სტრესულ მდგომარეობას და იმ ფსიქიკური აშლილობების განვითარების წინაპირობას, რომელიც ქმნის წინასწარ განწყობას ნეოოკულტური მოძღვრების აღსაქმელად [7].
ხშირად სექტაში იზიდავენ შიზოფრენიის ინიციალური გამოვლინებების მქონე პაციენტებს, რომლებიც ცდილობენ დაძლიონ გარიყულობის მზარდი გრძნობა. ამ შემთხვევაში, კულტის ზემოქმედება პროვოცირებს და ამწვავებს დაავადების მიმდინარეობას.

დაკვირვება 13.

პაციენტი რ., 24 წლის. მემკვიდროებითობა არ არის დამძიმებული ფსიქიკური დაავადებებით. დედა - აფორიაქებული და ეჭვიანი, საკუთარი ჯანმრთელობის გამო შეწუხებული. მამა ფიცხი, მაგრამ არაგულღრძო. პაციენტი - ერთადერთი შვილია ოჯახში. განვითარებაში თანატოლებს არ ჩამორჩებოდა. ბავშვობაში ხშირად და დიდხანს ავადმყოფობდა. ხშირად ავლენდა ნევროპათიის ნიშნებს - ჭირვეულობას, ცუდ ძილს და მადას. ეშინოდა სიბნელის, ერიდებოდა მარჯვე და ხმაურიან თანატოლებს. სკოლაში წავიდა 7 წლის ასაკში. სწავლობდა კარგად, იყო დამჯერი, არ უყვარდა ხმაური, ჩხუბი შესვენების დროს. გვიანი მოზარდობის ასაკში განიცდიდა სირთულეებს ურთიერთობაში, რომ „არ არის ისეთი, როგორც ყველა“. სწავლას ეკიდებოდა პასუხისმგებლობით, დაამთავრა საშუალო სკოლა, ჩააბარა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. სწავლა უჭირდა, აღენიშნებოდა დაღლილობა, გაღიზიანება, უჭირდა კონცენტრირება, მასალის ათვისება. ინსტიტუტი მიატოვა, მოეწყო ქარხანაში, სადაც მუშაობდა ზეინკლად. ინსტიტუტიდან წასვლის შემდეგ დაკარგა თავისი ჩვეული წრე, ძველი მეგობრები, ახალი არ შეუძენია. განიცდიდა მარტოობის, უსარგებლობის მწვავე გრძნობას, დაიწყო დალევა, მაგრამ სიმთვრალეში   შვებას არ გრძნობდა. დაინტერესდა ასტროლოგიით,  იძენდა წიგნებს ოკულტიზმში. თანდათანობით ჩამოუყალიბდა ინტერესი სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობის მიმართ. ხვდებოდა თეთრი ძმების, კრიშნას საზოგადოების ადეპტებს, სიენტოლოგებს. მაგრამ, რასაც ისინი ლაპარაკობდნენ, მას არ იტაცებდა. განიცდიდა კრიზისს, რაც გამოწვეული იყო არასაინტერესო სამსახურით, უსახსრობით, პრობლემებით ოჯახში (მამის ალკოჰოლიზმი).
ამ დროს შევხვდა ორ გოგონას, რომლებმაც დაარწმუნეს შეერთებულიყო ორგანიზაციას VAIP (უმაღლესი სასწავლო დაწესებულების პრინციპის შესწავლის ასოციაცია -  გაერთიანების ეკლესიის (უნიფიკაციის) ერთ-ერთი განშტოება, რომელიც შექმნა კორეული წარმოშობის ამერიკელმა სან მიერ მუნმა). სექტაში ყოფნის პირველ დღეებში კმაყოფილი იყო იმით, რომ მიიღო ის, რაც მას აკლდა: გაზრდილი ყურადღება, მეგობრული დამოკიდებულება. შემდეგ დაიწყო ხანგრძლივი (12 საათი დღეში), ლექციები, სემინარები, თამაშები, ერთობლივი და ინდივიდუალური ლოცვები, საგალობლები. მეცადინეობის დროს გამუდმებით ასწავლიდნენ, რომ მუნი  ცოცხალი ღმერთია (მეორედ მოსვლა), რომელიც მოავლინეს ამქვეყნად, რათა აზიაროს ხალხი ჭეშმარიტ სიყვარულს. ჩააგონებდნენ, რომ მუნი და მისი მეუღლე მათთვის ნამდვილი მშობლები არიან. საკუთარ მოთხოვნილებებს ხსნიდნენ, როგორც „ეგოიზმს“, რომლის აღმოსაფხვრელად ნეოფიტი უნდა გამხდარიყო  სექტის სამი ოფიცრის მსახური. სწავლების ერთთვიანი კურსის შემდეგ პაციენტი გააგზავნეს მოსკოვში სექტისთვის ფულის შესაგროვებლად, მას უნდა ემათხოვრა (ფანდრაიზინგი). მოსკოვში რამდენიმე კვირა მაწანწალობდა, ცხოვრობდა რკინიგზის სადგურზე, შემთხვევით ბინებში, ცუდად იკვებებოდა და ეძინა. სანქტ-პეტერბურგში დაბრუნდა დაღლილი, იმედგაცრუებული. მთელი შეგროვებული ფული ორგანიზაციას ჩააბარა. შეამჩნია, რომ დამოკიდებულება მის მიმართ შეიცვალა. არავინ აქცევდა ყურადღებას, არ აძლევდა ახალ დავალებას. გაუჩნდა დაბნეულობის გრძნობა, შეეცვალა განწყობა, თითქოს რამეში ყოფილიყო დამნაშავე. მცდელობა „უფროსი ძმების“ დახმარებით გაერკვია სიტუაცია არ ჰქონია, რადგან შიშობდა, რომ რომელიმე მათგანს ზიანს მიაყენებდა, და სიტუაცია კიდევ უფრო რთული და არაპროგნოზირებადი გახდებოდა. თანდათან მას ჩამოუყალიბდა რწმენა, რომ სექტაში მან დაიკავა ადგილი, რომელიც განკუთვნილი იყო სპეცსამსახურების წარმომადგენლებისათვის. ერთ დღეს იგრძნო, რომ ყველაფერი შეიცვალა. ყველაფერი გახდა გაუგებარი, საშიში. ადამიანები, მანქანები მოძრაობდნენ კონკრეტული მიზნით. ხმაურს ქუჩაში, ავტომობილების სიგნალს, საუბრის ნაწყვეტს აღიქვამდა, როგორც „ინფორმაციის მიწოდებას“. შენიშნა, რომ უთვალთვალებდნენ, მიაჩნდა, რომ მანქანებით მას დასდევდნენ გადაცმული სუკ-ის აგენტები შავი ნიღბებით. აღმოაჩინა, რომ ბინაში მოსასმენი აპარატურა დაუყენეს, რათა მიეღოთ ინფორმაცია მის და მისი გადაადგილების შესახებ. განიცდიდა შიშს, შფოთვას, მოუსვენრობას, უძილობას. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნეიროლეპტიკოსებით მკურნალობის ფონზე მდგომარეობა გაუმჯობესდა, გამოწერეს დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. კატამნეზის მონაცემებით, გამოწერის შემდეგ მუშაობდა ქარხანაში ზეინკლად. რელიგიურ სექტებში არ დადიოდა, ეწეოდა იზოლირებულ ცხოვრებას. მოგვიანებით, 1,5 წლის ინტერვალით ჰქონდა ორი დეპრესიულ-პარანოიდული შეტევა, კანდინსკი-კლერამბოს სინდრომის მოვლენების დომინირებით.
დიაგნოზი: F20.02 პარანოიდალური შიზოფრენია პაროქსიზმულ-პროგრედიენტური მიმდინარეობით.

ამ შემთხვევაში, ადვილად შეიმჩნევა საკულტო ტრავმის როლი, როგორც პრეციპიტირებული ფაქტორისა. პიროვნება ხასიათდება ასთენო-სენსიტიური აქცენტით პრემორბიდულ პერიოდში, სექტაში ყოფნის დროს განიცდიდა გადაჭარბებულ ფსიქოფიზიკურ სტრესს. თორმეტსაათიანმა მეცადინეობებმა არაადეკვატურ კვებასა და ძილის დარღვევებთან ერთად გამოიწვია ფიზიკური და ემოციური დაუძლურება, დამოკიდებულების სინდრომის ფორმირება, კრიტიკული აზროვნების შესუსტება. ფანდრაიზინგის შემდეგ, პრემორბიდული პიროვნების თვისებების დამძიმების ფონზე გაჩნდა დეპრესიულ-პარანოიდული სინდრომის მკაფიო ნიშნები სენსორული ბოდვის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ბოდვის, კანდინსკი-კლერამბოს სინდრომის ელემენტების  სახით.


7.2. საკულტო ტრავმის შედეგად გამოწვეული ფსიქიკური აშლილობები

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ფსიქიკურ აშლილობებს, რომლებიც უჩნდებათ ადეპტებს დესტრუქციული კულტიდან გარკვეული მიზეზების გამოსვლის შემდეგ, ყურადღება მიაქციეს ამერიკელმა ფსიქოლოგებმა. ჩვენ ქვეყანაში ამ საკითხს მიეძღვნა რიგი შრომებისა. ამ ნაწილში  გაკეთდა ადგილობრივი [5, 6, 11], საზღვარგარეთის [19, 21, 24, 25] და საკუთარი კვლევების [8—10, 14] მონაცემთა სისტემატიზაციის მცდელობა.
 ქცევითი დარღვევები, რომლებმაც არ მიაღწიეს ფსიქიკური აშლილობის დონეს.  ესენია ოჯახის, მეგობრების, სამსახურის და სწავლის მიმართ ინტერესის შეცვლა, ჩაცმის ახალი მანერა. ყურადღებას იქცევს ცვლილებები მეტყველებაში: განცხადებები ტოვებენ დასწავლებულის შთაბეჭდილებას. პრაქტიკაში ხშირად გამოიყენება, ყოველივე ახსნა-განმარტების გარეშე, სახლიდან წასვლა, ხშირი სატელეფონო საუბრები, ხანგრძლივი კითხვა ან მედიტაცია. იცვლება კვების რეჟიმი, იზრდება აგრესიულობა ან გულგრილობა ახლო ნათესავების მიმართ. შეინიშნება ფულის მნიშვნელოვანი ხარჯვა, სესხის აღება, ფულის შეგროვება ნათესავებსა და მეგობრებში.
ფსიქოსომატური აშლილობა. ყოფილ ადეპტებს საკულტო ტრავმის მიღების შემდეგ შეენიშნებოდათ მიოკარდიუმის ინფარქტი, ბრონქიალური ასთმა, წყლულოვანი დაავადება, ასევე უეცარი სიკვდილის  რამდენიმე შემთხვევა. მაგრამ, ხშირად ფსიქიკური ტრავმის საპასუხოდ, რაც განპირობებული იყო სასჯელის მუქარით დადგენილი ქცევის წესებისგან გადახრის შემთხვევაში, უვითარდებოდათ სომატომორფული ვეგეტატიური დისფუნქცია. აშლილობები ჩნდებოდა მოულოდნელად, თან ახლდა ვეგეტაციური აგზნება, შინაგანი ორგანოების ინტენსიური ტკივილი („გამიჩნდა მწვავე ტკივილი გულის არეში, ვიგრძენი, რომ კვდებოდი, მეშინოდა, რომ ცოდვილი მოვკვდებოდი“). სხვა შემთხვევაში, ტკივილს თან ახლდა აშკარად გამოხატული შიში მომავლის გამო („დავწექი  დივანზე, დამეწყო მწვავე ტკივილი მუცლის ქვევით ... თითქოს ვიღაც ჩემ საშვილოსნოს ამოტრიალებას ცდილობდა ...  ვფიქრობდი, თუ რა გვეშველებოდა ... მათ [კულტის ლიდერებს - ვ.პ.] ისეთ ადამიანებთან აქვთ კავშირი  ... ფულს წამართმევენ, ბინას, ყველას ქუჩაში გაგვყრიან“). ზოგიერთ შემთხვევაში, ტკივილის შეგრძნება სწრაფად გადიოდა და მას ცვლიდა ისტერიული დაბინდული მდგომარეობის მსგავსი სურათები.
ატიპიური დოსოციაციური აშლილობები.  აღნიშნული აშლილობები უფრო ხშირად ვრცელდებოდა ყოფილ ადეპტებში, რომლებიც პრაქტიკაში იყენებდნენ საკუთარი თავის ტრანსში შეყვანის მეთოდს (ხანგრძლივი მედიტაცია მანტრებით, კუნდალინის ენერგიის ზრდა). მიღებულ განცდებს ისინი უწოდებდნენ „გონების გაუცნობიერებელ მდგომარეობაში გასვლას, როდესაც არ გაგაჩნია არც აზრები, არც გრძნობები“. საკულტო ჯგუფში ყოფნის დროს წარმოქმნილ ვიზუალურ წარმოდგენებს, “ზეციური მუსიკის მოსმენას“ ადეპტები უწოდებდნენ რწმენაში დამკვიდრების ნიშნებს. შემდგომ, ჯგუფიდან გასვლის დროს, მათ შიშის და შფოთვის ფონზე უფიქსირდებოდათ ფიზიკური სისუსტე,  დაუძლურება, ზოგადი ხასიათის ჰალუცინაციები: „სხეულის მარჯვენა მხარე თითქოს ცეცხლშია, ხოლო მარცხენა -  ცივი, გაყინული მაქვს“, „ჰაერის ნაკადი აღწევს თავში და იწყებს ტრიალს, მოძრაობას“,  „მთელ სხეულში რაღაც დახოხავს, რაღაც მიჭერს ყელში, მახრჩობს“.  მრავალი რელიგია აღიარებს იმ ფაქტს, რომ ხანგრძლივმა  დაძაბულობამ შეიძლება გამოიწვიოს რიგი დისოციაციური ფენომენისა, როგორიცაა ჰალუცინაციები, დამბლა, და სხვა დარღვევები სენსორულ სფეროში. [3] ზოგიერთ შემთხვევაში, ჰიპნოზს შეუძლია მოახდინოს ტრანსის შეზღუდული, მაგრამ ზოგჯერ ძალიან ხანგრძლივი მდგომარეობის  განვითარების პროვოცირება. ყოფილი ადეპტებისათვის განსაკუთრებით დამახასიათებელია დისოციური „არამყარი“ („floating“) მდგომარეობა, რომელიც ტრიგერის მექანიზმის მსგავსად აბრუნებს მას ისევ საკულტო ცხოვრების წესთან.
პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.  უჩნდებათ ყოფილ ადეპტებს საკულტო ჯგუფთან კავშირის გაწყვეტის შემდეგ. შეესაბამება დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია-10-ს და მოიცავს ტრავმის ხელახლა განცდის ეპიზოდებს  ობსესიური განცდების, რემინესცენციების, სიზმრების, კოშმარების სახით „გაშეშების“  ქრონიკული გრძნობის და ემოციური დაჩლუნგების ფონზე [13]. განსაკუთრებით დამახასიათებელია დეპრესიული განწყობა, აუხსნელი შფოთვა, აღშფოთება, ამნეზია ან ტრავმულ მოვლენებთან დაკავშირებული ჰიპერმნეზია, არასტაბილური დისოციაციური ან დეპერსონალიზაციური ეპიზოდები, უმწეობის გრძნობა, სხვა ადამიანებთან ურთიერთობების შეცვლა, იზოლაციის და გაუცხოების, უნდობლობის, უიმედობის და სასოწარკვეთის გრძნობა.
პიროვნების აშლილობა. დამოკიდებულების სინდრომი (DDD-სინდრომი). ტერმინის აბრევიატურას შეადგენს სამი ინგლისური სიტყვა:  deception - სიცრუე, dependency - დამოკიდებულება და dread - შიში. სინდრომი იჩენს თავს: 1) ადეპტებისათვის ტიპიური საკუთარი ნების და საკულტო მოძღვრების მიმართ ინტელექტუალური კრიტიკულობის დაკარგვაში, 2) სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში მხოლოდ კულტში უფროსის მხრიდან მიღებული რჩევისა და ნებართვის შემდეგ, 3) ლიდერის მიმართ სრულ და არაადეკვატურ მორჩილებაში, 4) დისკომფორტის ან უსუსურობის გრძნობაში მარტოობის დროს გადაჭარბებული შიშის გამო, 5) იმის შიში, რომ მიატოვებს ადამიანი, რომელთანაც დამყარდა მჭიდრო ურთიერთობა. დამოკიდებულების სინდრომი ფსიქიკის დარღვევის საწყისი ეტაპია, რასაც შეიძლება მოჰყვეს ფსიქოზი აგრესიული ქცევით ან სუიციდალური მოქმედებებით.
 საკულტო ტრავმასთან ასოცირებული ფსიქოზი. საკულტო ტრავმასთან ასოცირებული ფსიქოზისათვის დამახასიათებელია ინდუცირებული ხასიათი. ინდუცირებული ფსიქოტური აშლილობის განმარტებისგან განსხვავებით, რომელიც ზღუდავს ფსიქოზის განვითარებას ოჯახის ფარგლებით, კვაზირელიგიური იდეები, რომლებიც ხშირად იღებენ ბოდვის სახეს, ინდუცირებული არიან რელიგიური ქადაგებების, ლიტურგიების, რიტუალების პროცესში. ი. პოლიშჩუკმა, რომელიც აკვირდებოდა რიგი დესტრუქციული კულტების ადეპტებს, გამოჰყო რელიგიური შინაარსის ზეღირებული ფსიქოგენური იდეების სინდრომი, ინდუცირებული რელიგიური ზეღირებული ბოდვა, ინდუცირებული რელიგიური პარანოიდული ბოდვა, ნაკლებად პროგრიენტული შიზოფრენია ზეღირებული, პარანოიდული აშლილობებით, აფექტურ-ბოდვითი ფსიქოზი ფსევდორელიგიური ბოდვით რეკურენტული და ქურგის მსგავსი შიზოფრენიით. როგორც ფ. კონდრატიევმა აღნიშნა, მსგავსი რელიგიური ფსიქოზების დიაგნოსტიკის დროს დიაგნოსტიკურ ნეიტრალურობას იძენს ბოდვითი იდეების ისეთი კლასიკური თვისებები, როგორიცაა მათი შეუსაბამობა რეალობასთან, წინააღმდეგობა გრძნობებსა და ინტელექტს შორის, შემოწმების შედეგებსა და მტკიცებულებებს შორის. დიაგნოსტიკის დროს მიზანშეწონილია აქცენტი გაკეთდეს არა ფაბულის აბსურდულობაზე, არამედ  სხვა ნიშნებზე, რომლებიც მიუთითებენ ამ იდეების წარმოქმნის თავისებურებებზე, მათ კავშირზე სხვა ფსიქოპათოლოგიურ მოვლენებთან.

7.3. ფსიქიკური დახმარების გაწევის პრობლემა დესტრუქციული კულტების ადეპტებისათვის
ფ. კონდრატიევის მიერ ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ახალი კულტების პროზელიტიზმისადმი მიდრეკილებით უმეტესად გამოირჩევიან ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ფსიქოტრავმირებადი პრობლემები, იმყოფებიან პოსტსტრესულ სიტუაციაში, დეკომპენსაციის მდგომარეობაში, ლატენტური ფსიქოპათოლოგიით [4]. თუ დადგინდა საკულტო წარმონაქმთან ნებაყოფლობითი შეერთების ფაქტი და ადეპტს არ აღმოაჩნდება ფსიქოპათოლოგიური დარღვევები, მაშინ რომელიმე ფსიქიატრიული ჩარევა მიუღებელია, როგორი არანორმატიულიც არ უნდა იყოს ადეპტის ახალი ქცევა. ფსიქიატრიის სფეროში რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის თანახმად, ფსიქიატრიული დახმარება შეიძლება ჩაუტარდეს ადეპტს (ექს-კულტისტს), თუ იგი დათანხმდა მკურნალობას. თუ სექტაში ყოფნის დროს შეიქმნა ფსიქოტური მდგომარეობა, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს თავად ადეპტისა და სხვებისათვის, თუ ამას აფიქსირებს მისი მდგომარეობა, რომლის დროსაც ფსიქიატრიული დახმარების არგაწევა იწვევს დაავადების შემდგომ დამძიმებას, იღებენ გადაწყვეტილებას იძულებითი ჰოსპიტალიზაციის შესახებ. განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს ექს-ადეპტების ფსიქოლოგიური კონსულტაცია მათი კულტიდან გამოსვლის დროს. აქ განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს ველსპრინგის მკურნალობის პროგრამა [23].
ველსპტინგის პროგრამის მიზანია დახმარება გაუწიოს კულტის ყოფილ წევრებს, რათა ისინი დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას, რომელიც თავისუფალი იქნება საკულტო გამოცდილების მავნე გავლენისაგან (დანაშაულის ყალბი გრძნობა, დეპრესია, შფოთვა, შიში, უხერხულობა, მრისხანება). ველსპრინგის პროგრამა შედგება ფსიქოლოგიური კონსულტაციებისა და ტრენინგებისგან საკულტო დინამიკაში და საკამათო რელიგიურ და სულიერ საკითხებში. თითოეული ინდივიდისადმი დამოკიდებულება, როგორც ადამიანისადმი, რომელსაც აქვს მოთხოვნილებათა და დამახასიათებელ თვისებათა უნიკალური კომბინაცია, მათ შორის ძლიერი და სუსტი მხარეები.
პროგრამის განმასხვავებელი ნიშანია უარყოფა აზიაროს ექს-კულტისტი რომელიმე სხვა (ტრადიციულ) რელიგიას, თუ თავად არ მოისურვებს ამას. მეცადინეობებს უთავსდება დასვენება, რათა ადამიანს მიეცეს შანსი მოძლიერდეს დამაუძლურებელი საკულტო ცხოვრებისაგან და უზრუნველყოს პოსტსაკულტო ცხოვრებისეული გამოცდილების რეალური მოდელის აგება.

ლიტერატურა
1.  დესტრუქციული რელიგიური ორგანიზაციები და მატრიცის  „სულის ეკოლოგია, ოკულტიზმი და წარმართობა“ ზოგიერთი რელიგიური ჯგუფი.— ომსკი: 1999.- 41 გვ.
2. ტ. დმიტრიევა, ბ. პოლოჟი. რუსების  ფსიქიკური ჯანმრთელობა //ადამიანი. - 2002.- № 6.- გვ. 2-8.
3. გ. კაპლანი, ბ. სედოკი. კლინიკური ფსიქიატრია: თარგმ. ინგლ.—  2 ტომად.- ტ. 1.- მოსკოვი: მედიცინა, 1994.- 672 გვ.
4. ფ. კონდრატიევი. ფსიქიკური აშლილობის მქონე საკულტო ახალწარმონაქმნების („სექტების“") ადეპტათვის დახმარების გაწევის ფსიქიატრიული და სამართლებრივი ასპექტები // კლინიკური მედიცინის ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული პრობლემები. სამეცნიერო შრომების კრებული — სანქტ-პეტერბურგი: ი.პ.პავლოვის სახელობის სანქტ-პეტერბურგის პირველი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, 2000.- გვ. 172-173.
5. ფ. კონდრატიევი. ტოტალიტარული სექტების, როგორც ახალი პათოგენური ფაქტორის,  როლი // რუსეთის ფსიქიატრთა XII ყრილობის მასალები.— მოსკოვი., 1995.— გვ. 77-88.
6. ფ. კონდრატიევი.  თანამედროვე საკულტო წარმონაქმნების საქმიანობის შედეგების ფსიქიატრიული ასპექტი// რუსეთის ფსიქიატრიული ჟურნალი.— 1997,- № 2.- გვ. 25-30.
7. ფ. კონდრატიევი. თანამედროვე საკულტო წარმონაქმნები („სექტები“), როგორც ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული პრობლემა.— მოსკოვი: მოსკოვის საპატრიარქოს გამომცემლობა, 1999.— 55 გვ.
8. ვ. პაშკოვსკი.  საკულტო ტრავმების  გავლენით წარმოქმნილ სომატურ აშლილობათა თავისებურებები // პავლოვის II კლინიკური კითხვები: შრომების კრებული.— სანქტ-პეტერბურგი: პეტროპოლისი, 2001.— გამოც. 2.— გვ. 36-37.
9. ვ. პაშკოვსკი. საკულტო ტრავმასთან  დაკავშირებული მწვავე ბოდვითი მდგომარეობა// კლინიკური და ექსტრემალური ფსიქიატრიის აქტუალური პრობლემები: პროფ. ვ. ნეჩიპორენკოს 60-წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სამეცნიერო კონფერენცია. - სანქტ-პეტერბურგი, 2001.- გვ. 90-93.
10. ვ. პაშკოვსკი. საკულტო ტრავმით  გამოწვეული შიზოაფექტურის მსგავსი რეაქტიული ფსიქოზის შესახებ // თანამედროვე ნევროლოგიის, ფსიქიატრიის და ნეიროქირურგიის აქტუალური პრობლემები:  სრულიად რუსეთის სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მასალები საერთაშორისო მონაწილეობით. 27-28 ნოემბერი.- სანქტ-პეტერბურგი, 2003,- გვ. 120-121.
11. ი. პოლიშჩუკი.  ფსიქიკური დარღვევები, რომლებიც უჩნდებათ დესტრუქციულ რელიგიურ სექტებში ჩართულ ადამიანებს //ფსიქიატრიის და სამედიცინო ფსიქოლოგიის მიმოხილვა.— 1995.— № 1.— გვ. 14-20.
12. ა. პორტნოვი. ზოგადი ფსიქოპათოლოგია,— მოსკოვი: მედიცინა, 2004.— 270 გვ.
13.  რუსეთის ფედერაციაში გამოსაყენებლად ადაპტირებული ფსიქიკური აშლილობები და ქცევითი აშლილობები (f00-F99) (კლასი V) დსკ-10.— სანქტ-პეტერბურდი: სანქტ-პეტერბურგის სამედიცინო აკადემიის გამომცემლობა, 2003.— 588 გვ.
14. ვ. რიჩკოვა, ვ. პაშკოვსკი. ნ. ბონდარევი.  არატრადიციულ საკულტო წარმონაქმნებში ჩართული  ახალგაზრდების ქცევითი და ფსიქიკური აშლილობის სტრუქტურის შესახებ //ახალგაზრდობის დევიანტური ქცევის პრობლემები თანამედროვე საზოგადოებაში: სამეცნიერო კონფერენციის თეზისების კრებული საერთაშორისო მონაწილეობით. 16-17 ოქტომბერი 2001 წ.— სანქტ-პეტერბურგი: ბეხტერევის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტი, 2001.- გვ. 89.
15.  მასალების კრებული ოჯახებისა და ბავშვებისათვის დახმარების გაწევის საკითხში, რომლებიც, მოქალაქეთა და ორგანიზაციათა ოკულტურ და მისტიკურ-რელიგიურ საქმიანობის გამო, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ.— სანქტ-პეტერბურგი., 1997.- 54 გვ.
16. პ. სოროკინი. ადამიანი. ცივილიზაცია. საზოგადოება.— მოსკოვი: პოლიტიზდატი, 1992.— 542 გვ.
17. დ. ტრუნოვი. რელიგიური ორგანიზაციები და ფსიქოთერაპია //პრაქტიკოსი ფსიქოლოგისჟურნალი.— 2000.— № 1—2— გვ. 40—56.
18. Butler L.D., Duran R.E., Jasiukaitis P. et al. Hypnotizability and traumatic experience: a diathesis-stress model of dissociative symptomatology // Amer. J. Psychiatr.- 1996.- Vol. 153, 7 Suppl.- P. 42-63.
19. Castillo R.J. Depersonalization and mediation // Psychiatry.— 1990.— Vol. 53, № 2.- P. 158-168.
20. Lifton R.J. Thought reform and the psychology of totalism: A study of «brainwashing» in China.— N.Y: Norton, 1961.
21. Lowenstein R., Putman F. A comparison study of dissociative symptoms in patients with complex partial seizures, MPD, and Post-traumatic disorder // Dissociation.- 1988.- Vol. 1, № 4.- P. 17-23.
22. Ludwig A.M. Altered States of Consciousness // Arch. Gen. Psych.— 1966.- Vol. 15.- P. 225-234.
23. Martin P., Langone M.D., Dole A. et al. Post-cult symptoms as measured by the MCMI before and after residential treatment // Cultic Studies J.— 1992.- Vol 9, № 2.- P. 219-250.
24. Singer M. Т., Ofshe R. Thought reform programs and the production of psychiatric casualties // Psychiatric annals.— 1990.— Vol. 20.— P. 191-193.
25. Tobias M.L., Lalich J. Captive Hearts, Captive Minds: Freedom and recovery from cults and abusive relationships // Hunter House.— 1994.— P. 258-275.
26. West L.J., Langone M.D. Cultism: A conference for scholars and policy makers // Cultic Studies J.— 1986.- Vol. 3.- P. 117-184.

დასკვნა

ბოლოს მიზანშეწონილად მიგვაჩნია შევჩერდეთ ზოგიერთ მნიშვნელოვან საკითხზე. სპეციალისტებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ ფსიქიკური აშლილობის შინაარსი დიდწილად განპირობებულია კულტურული გარემოს, ეპოქის, ცოდნის დონით. სწორედ ამ დროს ჩნდებიან ახალი რელიგიური მოძრაობები, მიმდინარეობს ოკულტიზმის და მისტიციზმის პოპულარიზაცია, ჩნდებიან ახალი შორსმჭვრეტელები და წინასწარმეტყველები. მსოფლიო ისტორიაში იყო მომენტი, როდესაც თითქმის მთელი მოსახლეობა დარწმუნებული იყო, რომ 1000 წელს ქრისტეს შობიდან დადგება სამყაროს დასასრული. უამრავი ხალხი მიდიოდა მონასტრებში, უარს ამბობდა ამქვეყნიურ ცხოვრებაზე, ინანიებდა ცოდვებს, აღარ ამუშავებდა მიწას, და დადიოდა სამათხოვროდ. ესქატოლოგიურ განწყობათა აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ბევრ ქვეყანაში მეურნეობა პარალიზებულ იქნა. [1] მაგიურ გადახრას, რომელიც მოხდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ცნობიერებაში სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, ჰქონდა ბევრად უფრო მოკრძალებული მასშტაბები, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ  ასეთ განსხვავებულ თავისი გამოხატვითა და გავრცელებით მოვლენებს საფუძვლად ედო შიში. გაცნობიერებულია თუ არა ასეთი მოვლენები ფსიქიატრიის მიერ, განმარტებულია თუ არა ფსიქიატრიულ ტერმინებში, წარმოადგენენ თუ არა ისინი ამ მეცნიერების კომპეტენციას?
რელიგიურ სარწმენოებაში მოქცევის გზა ხანგრძლივი და რთულია. განსაკუთრებით ჰარმონიულად ეს ხდება მაშინ, როდესაც რელიგიურ ჩვევებს ბავშვობიდან უნერგავენ. ეს პროცესი მნიშვნელოვნად რთულ ხასიათს იღებს მაშინ, როდესაც ახალი ხედვა სამყაროსა და ყოფიერებაზე ჩნდება ცხოვრების შედარებით გვიან ეტაპზე, ადრე ათვისებული რელიგიური ტრადიციების გარეშე, სტრესული სიტუაციების ფონზე. რა თქმა უნდა, ფსიქიკური ჩავარდნის მიდრეკილების მქონე ადამიანებში,  ნებისმიერ მკვეთრ ცხოვრებისეულ გარდატეხას შეუძლია გამოიწვიოს ფსიქიკური აშლილობა. მაგრამ რელიგია, რომელიც თავისთავად არ არის პათოგენური და, ხშირ შემთხვევაში, მას მოაქვს შვება, განსაკუთრებულ ვითარებაში მისი ტრანსცენდენტულობის, იდუმალების გამო, იწვევს ურთულეს ფსიქოპათოლოგიურ განცდებს.
რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს დესტრუქციული კულტების მიმართ? არსებობს მოსაზრება, რომ მათი საქმიანობით გამოწვეული ზიანის არაკონტროლირება გამოგონილია, ხოლო ბრალდება მათი მისამართით გამოწვეულია ტრადიციული რელიგიების წარმომადგენელთა ანგარებიანი ინტერესით. ზოგი ფსიქიატრი, რომელიც თავს „დამოუკიდებლად“ თვლის, მიიჩნევს, რომ თავად კითხვა დესტრუქციული კულტების ზიანის შესახებ პიროვნების თავისუფლების ხელყოფაა, ხოლო ადეპტებში ფსიქიკური აშლილობის სპეციფიკურობის შესწავლა, არც მეტი და არც ნაკლები, „სადამსჯელო“ ფსიქიატრიისაკენ დაბრუნებაა. მაშინ რა ვუყოთ დისოციაციურ, დეპერსონალიზებულ, დეპრესიულ და სხვა აშლილობებს, რომლებიც არაერთხელ აღწერეს არა მხოლოდ სამამულო, არამედ უცხოელმა, კერძოდ, ამერიკელმა ფსიქიატრებმა და ფსიქოლოგებმა? როგორც შეიძლება  დავუკავშიროთ რელიგიური გამოცდილება სხვადასხვა გადახრებს ფსიქიკურ საქმიანობაში? პასუხს ამ კითხვებზე იძლევიან ფსიქიატრიული დიაგნოზის დასმის თანამედროვე პრინციპები, რომლებიც წარმოადგენენ მას როგორც რთულ მრავალდონიან პროცესს, რომელიც მოიცავს სიმპტომატურ, სინდრომოლოგიურ, ნოზოლოგიურ დონეს. საერთაშორისო ფსიქიატრიული კლასიფიკაციების (ICD-10 და DSM-IV) ამოქმედებასთან ერთად დიაგნოსტიკას შეემატა სოციალური ფუნქციონირების დონე. ამ კონტექსტში განხილვას ექვემდებარება სამი რიგის ფაქტორი: დაავადება (ფუნქციური დიაგნოზის პათოდინამიური ასპექტი), პიროვნება (ფსიქოლოგიური ასპექტი) და სოციალური გარემო (სოციალური ასპექტი). ამერიკელი ფსიქოლოგების და ფსიქიატრების ამ პრობლემაზე შემდგომი მუშაობის შედეგია DSM-IV-ის კლასიფიკაციაში ახალი კოდის შეყვანა: „V62.89 რელიგიური და სულიერი პრობლემები“. სამწუხაროდ, ICD-10-ში ისეთი კოდი, რომლის შეყვანა ჩვენ მიგვაჩნია მიზანშეწონილად,  არ არსებობს.
 მრავალფეროვანი რელიგიური გამოცდილების შესწავლა იწვევს  დონეების მიხედვით მიდგომის აუცილებლობას, რომელიც შეიმუშავა პროფესორ ბ. ფროლოვის სკოლამ [2] და რომელსაც საფუძვლად უდევს ნორმოცენტრული პრინციპი. ამ თვალსაზრისით, ნორმა და პათოლოგიის თანაფარდობა რელიგიურ გამოცდილებაში წარმოდგენილი შემდეგი სახით:
● ჰარმონიული რელიგიური გამოცდილება.  მას მიეკუთვნებიან ადამიანები, რომლებსაც ღმერთზე ყურადღების ფოკუსირება ხელს არ უშლის, არამედ ხელს უწყობს სოციალური ფუნქციონირების ჰარმონიზაციას. მათთვის დამახასიათებელია თაყვანისცემა და სიყვარული, საკუთარი თავის მიმართ და სხვა ადამიანების შეხედულებებისადმი პატივისცემა, ორიენტაცია ადამიანებს შორის თბილ ურთიერთობებზე.
● რელიგიური გამოცდილება ხანმოკლე რელიგიურ-მისტიკური მდგომარეობით. მათ ეკუთვნიან მორწმუნეები, რომლებსაც ღვთისმსახურების ან ინდივიდუალური ლოცვის დროს უჩნდებათ ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობის ხანმოკლე ეპიზოდები. ისინი შეიძლება ჩაითვალონ პრაქტიკულად ჯანმრთელებად, თუ მდგომარეობიდან გამოსვლა გავლენას არ ახდენს სოციალურ ფუნქციონირებასა და ყოველდღიურ საქმიანობაზე.
●  რელიგიური გამოცდილება, რომელიც დამძიმებულია ნევროტული ფსიქიკური აშლილობებით. ასეთი დარღვევების მქონე ადამიანებს ესაჭიროებათ ფსიქიატრიული და ფსიქოთერაპიული დახმარება, რომელიც ეწევათ მათივე თანხმობით, ძირითადად ამბულატორიულ პირობებში.
●  რელიგიური გამოცდილება, რომელიც დამძიმებულია ფსიქოპათური აშლილობებით (რელიგიური ფანატიკოსები, რეფორმატორები, რომლებსაც აწუხებთ პარანოიდული ფსიქოპათია მოთხოვნის ზეღირებული იდეებით). ესაჭიროებათ ფსიქიატრიული და ფსიქოთერაპიული დახმარება, რომელიც ეწევათ მათივე თანხმობით, ძირითადად ამბულატორიულად. იძულებითი ფსიქიატრიული გამოკვლევა აუცილებელია, თუ მათი ქცევა წარმოადგენს საშიშროებას ახლო გარემოცვისთვის, მაგალითად, შეიცავს მსხვერპლთშეწირვის, თვითმკვლელობის მოწოდებებს და ა.შ.
●  რელიგიური გამოცდილება, რომელიც დამძიმებულია ფსიქოტური დონის ფსიქიკური აშლილობებით. მათ რიცხვს ეკუთვნიან პაციენტები, რომელთა პათოლოგიური პროცესი პასუხობს ფსიქიკური დაავადების განვითარების კანონზომიერებას. რელიგიური შინაარსის ბოდვას და ჰალუცინაციებს შეესაბამებიან სხვა სიმპტომები და სინდრომები, რომლებიც დამახასიათებელია კონკრეტული ნოზოლოგიური ერთეულისათვის. ესაჭიროება მკურნალობა სტაციონარის პირობებში. იძულებით ჰოსპიტალიზაციას იყენებენ იმ შემთხვევებში, როდესაც ფსიქიკური მდგომარეობა წარმოადგენს საფრთხეს პაციენტისა და სხვებისთვის, ან არსებობს დაავადების გამწვავების  მიზეზი, თუ მას გაწეული არ ექნება ფსიქიატრიული დახმარება.
ამდენად, ფსიქიატრიისა და რელიგიის ურთიერთობებთან დაკავშირებული პრობლემები ჯერ კიდევ საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი. მაგრამ ის ფაქტი, რომ ისინი მიმართულია ყველაზე ამაღელვებელი და საიდუმლოებით მოცულის - ადამიანის სულიერ ცხოვრებისაკენ, განსაზღვრავს მათ პერსპექტივებს.

ლიტერატურა
1.  ა.ა. დომანინი. ჯვაროსნული ლაშქრობები. ჯვრის საფარქვეშ.— მოსკოვი: ცენტროპოლიგრაფი, 2003.— გვ. 6-7.
2. ბ.ს. ფროლოვი. ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასებისა და პროგნოზირების სისტემა მასობრივი ფსიქიატრიული კვლევის დროს.— ლენინგრადი: მსოფლიო სამედიცინო ასოციაცია, 1982.— 62 გვ.


ავტორი ვ. პაშკოვსკი

თარგმანი მ.ფ.ლ
2017
(C)
სარედაქციო
გაგრძელება იქნება
https://scisne.net/a-1089

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised