понедельник, 17 июля 2017 г.

ფსიქიკური აშლილობები რელიგიურ-მისტიკური განცდებით: მოკლე სახელმძღვანელო ექიმებისათვის 4 ნაწილი

 ფსიქიკური აშლილობები რელიგიურ-მისტიკური განცდებით: მოკლე სახელმძღვანელო ექიმებისათვის  4 ნაწილი

თავი 6
მესიანისტური ბოდვა

6. 1. ისტორიულ-თეოლოგიური ასპექტი

მესიანობა (messianism) ქრისტიანობასა და იუდაიზმში აღინიშნება, როგორც მესიის მოსვლის რწმენა. თავის მხრივ, მესია (ძვ. ებრ. messiah) - ზეგარდმოვლენილი კაცობრიობის ღვთაებრივი მხსნელია. თავდაპირველად, ასე ეწოდებოდა ყველას, ვინც  იყო მირონცხებული, მაგალითად,  მღვდელმთავარი და, განსაკუთრებით, მეფე [2]. მოგვიანებით, ეს სიტყვა აღნიშნავდა მხოლოდ მაცხოვარს, იესო ქრისტეს. ძველი აღთქმის თანახმად, მესია უნდა მოგვევლინოს, როგორც ადამიანთა მხსნელი - მეფე დავითის სახლიდან, დამპყრობელი, რომელიც მოწოდებულია განადიდოს ებრაელთა სამეფო. როგორც ს. ავერინცევი [1] აღნიშნავს, მესიანისტური იდეა სათავეს იღებს ებრალთა ღმერთის იაჰვეს რელიგიის სტრუქტურაში, რომელიც მოითხოვს საკუთარი ხალხისგან უსიტყვო ერთგულებას და განსაკუთრებულ სიწმინდეს მის ისტორიულ გზაზე, რომელიც მიუწვდომელია ბელადის და წინამძღოლის გარეშე. ამიტომ, იუდაიზმის რელიგიურ და მითოლოგიურ წარმოდგენაში, მესია არის ესქატოლოგიური პერიოდის იდეალური მეფე, პროვიდენციალური ორგანიზატორი ღვთის მიერ კურთხეული ხალხის ბედისა, შუამავალი ღმერთსა და ადამიანს შორის, უმაღლესი ავტორიტეტის მატარებელი დედამიწაზე, მხსნელი, რომელსაც მოაქვს თან ახალი, შეცვლილი მდგომარეობა მთელი მსოფლიოს არსებობისა. ქრისტიანულ სარწმუნოებრივ მოძღვრებაში მესიის სახე ახლებურადაა გააზრებული. თავისი ხალხის მხსნელის ნაცვლად იგი ხდება მთელი კაცობრიობის ცოდვების გამომსყიდველი. პირველად ის მოდის მონის სახით, როგორც მასწავლებელი, მკურნალი, რომელმაც აიკიდა ადამიანთა ცოდვების ტვირთი, მეორედ მისი მოსვლა დიდებით იქნება შემოსილი, იგი განსჯის ცოცხლებს და მკვდრებს. მესიის შესახებ წარმოდგენა არ არის მხოლოდ ებრაული და ქრისტიანული კულტურის საკუთრება. ისლამში მას შეესაბამება მაჰდი, შიიტების ფარული იმამი, ბუდიზმში - მაიტრეია ბუდა. ანტიკურ და შუა საუკუნეებში, სახალყო აჯანყებების წინამძღოლები ზოგჯერ თავს მესიად აცხადებდნენ.

6.2. ფსიქოპათოლოგიური ასპექტი

თანამედროვე წარმოდგენა მესიანისტური ბოდვის შესახებ ფსიქიატრიულ ლიტერატურაში ჩნდება XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში.  ქრონიკული ბოდვის ევოლუციაზე საუბრისას, ვ. მანიანმა გამოჰყო  მისი მესამე ეტაპისათვის დამახასიათებელი რელიგიური ბოდვა განდიდებისა „ღმერთის ძიების“ იდეებით და აღნიშნა, რომ  დევნის იდეების შეცვლა განდიდების იდეაზე ხდება, როგორც თანდათანობით, ასევე მყისიერად, „გონების მყისიერი განათების“ შედეგად [27]. პარანოიის დროს ბოდვის აღწერისას, ე. კრეპელინმა აღნიშნა, რომ „რელიგიური აზროვნების მიმართულების მქონე პაციენტები სიზმარში გამოცხადების გავლენის ქვეშ შეიძლება მივიდნენ ოცნებით წინასწარმეტყველების ბოდვამდე, რომ ისინი არიან ღმერთის და მესიის მიერ რჩეულნი, ამასთან მათ უჩნდებათ სურვილი შეასრულონ საჯარო ღვთისმსახურება, შეიძინონ მხარდამჭერები“ [25].
ბოლო წლებში მესიანისტური ბოდვა ძირითადად შეისწავლება ფსიქოპათოლოგიურ და ტრანსკულტურულ ასპექტებში [19,20,23, 26,29, 30]. ლ. პერესის [28] თქმით, მესიანისტური ბოდვითი სინდრომი, რომელიც ხასიათდება პაციენტის რწმენით, რომ იგი რჩეულია ღვთის მიერ სპეციალური მისიის შესასრულებლად, რომლის შესახებ არ შეიძლება ეცნობოს სხვა ადამიანს,  გამოხატავს იდენტურობის სერიოზულ დარღვევას და ასახავს სოციალურ, კულტურულ და რელიგიურ რეალობას. ბოდვით ფაბულას საფუძვლად უდევს პიროვნების საკუთარი გამოცდილების გაცნობიერების აშლილობა, აუტოიდენტიფიცირების მექანიზმების დარღვევა [9].
კლინიკურად ეს გამოიხატება განდიდების იდეიის წარმოქმნაში ზებუნებრივი ღვთიური ძალაუფლების მითვისების ფორმით, რომელსაც თან ახლავს სწორი ორიენტაცია საკუთარ პიროვნებაში (ორმაგი ორიენტაცია), ხოლო, შორს წასულ შემთხვევებში, ღვთაებრივ პერსონებად მთლიანი ტრანსფორმაციის იდეაში. ბოდვა ასახავს რელიგიურ თემატიკას, რომელიც ჩამოყალიბდა ბოლო წლებში პოპულაციაში [5] და მოიცავს არა მხოლოდ ბიბლიურ (ღმერთი, იესო ქრისტე, ქალწული მარიამი, ქრისტეს პატარძალი, ანგელოზები, მოციქულები, წინასწარმეტყველები, ღვთის რჩეულები, ღვთის წარმომადგენლები დედამიწაზე, ანტიქრისტე, ეშმაკი, ბოროტი სული, სამყაროს დასასრული, განკითხვის დღე), არამედ ეზოთერულ შეხედულებებსაც (გარდაცვლილთა სულები, მოჩვენებები, სულების გადასახლება, დიდი მაგები, ჯადოქრები, სპირიტები, ექსტრასენსები, მსოფლიო სული, კოსმიური ძალები, უცხოპლანეტელები).
მამაკაცებისაგან განსხვავებით, რომლებიც არასოდეს არ აიგივებენ თავს ქალთა სახეებთან, პაციენტი ქალები რიგ შემთხვევებში უწოდებდნენ თავის თავს ღმერთს, იესო ქრისტეს, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ღვთისმშობელს, ქრისტეს პატარძალს.
„გონების განათების“ მექანიზმის ან ვერბალური ჰალუცინაციების გავლენის ქვეშ ჩნდებოდა პაციენტებზე ბოროტებასთან ბრძოლის განსაკუთრებული მისიის დაკისრების იდეა, ღვთაებრივი წესრიგის დამყარების,  კაცობრიობის ხსნის. ბოდვითი მსოფლმხედველობა და ქცევა განისაზღვრებოდა აფექტით. მანიაკალური აფექტის დროს საიდუმლო კავშირის წარმოდგენა ღვთაებრივ ძალასთან (მისტიკური ბოდვა), სამყაროს გარდაქმნის, ხალხთა გაერთიანების, ღვთის საუფლოს დამყარების მესიანისტური იდეები, ჩნდებოდნენ ექსტაზამდე მისული განწყობის  ამაღლების, ძალებისა და ენერგიის მოზღვავების შეგრძნების ფონზე. პირიქით, დანაშაულის იდეა შეშფოთებულ-დეპრესიული სინდრომის სტრუქტურაში გარდაიქმნა სამყაროს დასასრულის წინასწარმეტყველების ფაბულაში, რომლის დადგომაში დამნაშავე იყო თავად პაციენტი.
მესიანისტური ბოდვის კლინიკური მახასიათებლები განისაზღვრებოდა ფსიქოზების ნოზოლოგიური კუთვნილებით, რომლის ფარგლებშიც იგი ვითარდებოდა.
უწყვეტი პარანოიდალური შიზოფრენია. პრემორბიდული პიროვნება წარმოდგენილი იყო შიზოიდური და ასთენიური ვარიანტებით. ბავშვობაში პაციენტები იყვნენ გულჩათხრობილი, ნაკლებად გულღია, ამჯობინებდნენ უფროსების საზოგადოებას. მანიფესტამდელი  პერიოდი ხასიათდებოდა შრომის უნარიანობის ეტაპობრივი შემცირებით, ინტერესების სპექტრის შევიწროვებით. ტიპიური იყო „სოციალური დრეიფის“ მოვლენა: პაციენტები იცვლიდნენ სამუშაო ადგილს, ამჯობინებდნენ ნაკლებად კვალიფიციურს. ახლობლების, მეგობრების მიმართ ძველი გრძნობების  დაკარგვას თან ახლდა ადრე უჩვეულო ინტერესების და გატაცებების გაჩენა. გაჩნდა ინტერესი ფილოსოფიური და რელიგიური ლიტერატურის, ღმერთის ძიების, პარანორმალური მოვლენების მიმართ. პაციენტები უგულებელყოფდნენ საკუთარ, ზოგჯერ ოჯახის საქმეებს, მუდმივად დადიოდნენ ეკლესიაში, მოგზაურაობდნენ წმინდა ადგილებში, ხდებოდნენ უცხოელ მქადაგებლებთან სხვადასხვა შეხვედრების ხშირი სტუმრები ან მიჰქონდათ უკანასკნელი ფული  ჯადოქრების და მაგების კურსებზე. გარდა ამისა, აღინიშნებოდა ნევროზის, ფსიქოპათიის მსგავსი, ობსესიურ-ფობიური, დეპერსონალიზაციური აშლილობები.
მანიფესტურ პერიოდში კლინიკური სურათი შეესაბამებოდა პარანოიდული შიზოფრენიის ჰალუცინაციურ ვარიანტს [13]. დაავადების პირველ წლებში ეჭვის, დაძაბულობის, შფოთვის ფონზე ყალიბდებოდა დევნის ბოდვა ფსიქიკური ავტომატიზმის მოვლენებთან ერთად. შიზოფრენიული პროცესის განვითარებასთან ერთად, კანდინსკი-კლერამბოს სინდრომის ფარგლებში იწყებოდა ა. სნეჟნევსკის [11) მიერ აღწერილი ქრონიკული პროტრაგირებული პარაფრენული სინდრომის ფორმირება, რომელსაც თან ახლდა დევნის, ზემოქმედების, ფსიქიკური ავტომატიზმის მოვლენები და განდიდების ბოდვა. მესიანისტურ იდეებს ჰქონდა მეორადი ხასიათი და მჭიდროდ იყო დაკავშირებული ჰალუცინაციების (ჰალუცინაციური ბოდვა) შინაარსთან. ელემენტარული სმენითი და ვიზუალური ჰალუცინაციები (ცალკეული ხმები, არეული წერტილები, ლაქების გაჩენა) აიხსნებოდა „კოსმიური ასტრალის“ ზემოქმედებით. ვერბალური ფსევდოჰალუცინაციები ინტერპრეტირებული იყო, როგორც ღვთის, ღვთისმშობლის, წმინდა სულის ან „არამიწიერი გონების“ ხმა. ვიზუალურ ფსევდოჰალუცინაციურ შინაარსს წარმოადგენდნენ იესო ქრისტეს, ქალწული მარიამის, ანტიქრისტეს, უცხოპლანეტელთა სახეები. სენსუალური ბოდვა გამოიხატებოდა მხოლოდ ცალკეული კომპონენტებით, რომლებიც ექვემდებარებოდა მთავარ ფაბულას. მაგალითად, სახლის გვერდით ორგანიზებული ბრბოს კინოგადაღება „მოსიარულე გვამების“ (ინსცენირების სიმპტომი) სახით ან, პაციენტის აზრით, ბიბლიური ტექსტების (განსაკუთრებული მნიშვნელობის ბოდვა) განსაკუთრებული თანმიმდევრობა შეესაბამებოდა განვითარებად ფაბულას სამყაროს დასასრულის შესახებ და „კაცობრიობის გადარჩენის“ მისიის დაკისრებას. მომავალში პარაფრენიის სურათი სახეს ივლიდა, ხასიათდებოდა განწყობის გაუმჯობესებით, აზროვნების პროცესების ინტენსიფიკაციით, „ნათელმხილველობის“, „ნათელსმენის“, უმაღლესი სფეროებიდან სიგნალების შესაძლებლობების გაჩენით. პარაფრენული სინდრომის განვითარებასთან ერთად იცვლებოდა ბოდვითი ფაბულის შინაარსი. მაგალითად, პაციენტი გამუდმებით უწოდებდა თავს „ცნობილი მწერლის ქალიშვილს“, შემდეგ „რომანოვების გვარის შთამომავალს“ და ბოლოს, „ქრისტეს პატარძალს, რომელსაც აკისრის მისია შვას მეორე ღვთისშვილი“. შიზოფრენიული დეფექტის ზრდასთან ერთად ბოდვის შინაარსი ხდებოდა უფრო და უფრო უცნაური: პაციენტი ერთ და იმავე დროს მიიჩნევდა თავის თავს „ღმერთად“, „ყველა არაბთა მეფედ“, „შრი-ლანკას მეფეს“ და „ცხენ-კვიცად ბიბლიიდან“. სააზროვნო საქმიანობის დეზორგანიზაციას თან ახლდა ბოდვის შინაარსის დაშლა ცალკე, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ფრაგმენტებად, განსაკუთრებული მისიის იდეა იყო არამკაფიო და გაურკვეველი.
ბოდვით ქცევას ბოდვის აქტიური განვითარების პერიოდში ჰქონდა მრავალფეროვანი ხასიათი: პაციენტები დაეხეტებოდნენ, მიდიოდნენ მიტოვებულ ადგილებში, რათა „ლოცვით მიემართათ ღმერთისთვის და მიეღოთ მისგან მითითებები“,  ხშირად გადაეკიდებოდნენ შემთხვევით გამვლელს საუბრით თავისი მისიის შესახებ.
პარანოიდული შიზოფრენია პაროქსიზმული-პროგრედიენტული ტიპის მიმდინარეობით.  საწყის პერიოდში აღინიშნებოდა მერყევი განწყობა, რუდიმენტური ობსესიურ-ფობიური აშლილობები, მეტაფიზიკური ინტოქსიკაციის მოვლენები. ზებუნებრივი შესაძლებლობების, განდიდების, ტრანსფორმაციის იდეებმა მესიანისტური ბოდვის ფარგლებში მიიღეს მნიშვნელოვანი განვითარება მწვავე პარაფრენიის დროს. წინა, შიზოფრენიის ამ ფორმებისათვის ტიპიური შეტევების დროს  ბოდვითმა იდეებმა, მართალია, ვერ მიაღწიეს დასრულებას, შეტევიდან შეტევამდე იძენდნენ უფრო ფანტასტიკურ  ხასიათს.
მწვავე პარანოიდები ინტერპრეტაციულ ბოდვასთან ერთად ვითარდებოდნენ შფოთვის, მოუსვენრობის, ძილის დარღვევის ფონზე, მწვავე სენსორული ბოდვის ისეთი ელემენტების ჩართვით,  როგორიცაა ბოდვითი განწყობა და ბოდვითი აღქმა. კლინიკურ სურათში დომინანტური დევნის და ურთიერთობების იდეებს თან ახლდათ ცალკეული მეტაფიზიკური გონების განათება [24].
მაგალითად, „ცალკეულ პირთა დევნა ზიანის, თვალთვალის მიზნით“ და ა.შ. აიხსნებოდა „ნეგატიური კარმის“ ან „მსოფლიოს სულის“ გავლენით. თავისი ვარაუდის დადასტურებას პაციენტები იღებდნენ ეზოთერული პუბლიკაციებიდან ადამიანის იმქვეყნიურ სამყაროსთან განსაკუთრებული ურთიერთობის შესახებ. პერსეკუტორული ბოდვის ფარგლებში ჩნდებოდა რელიგიური და მისტიკური ხასიათის ცალკეული ინტუიციური ვარაუდი. მაგალითად, პაციენტმა, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ მას ავიწროვებდნენ თანამშრომლები, მათეს სახარებიდან ერთი თავის წაკითხვის შემდეგ მეორედ მოსვლის შესახებ, ივარაუდა, რომ მას შეუძლია შვას ღვთისშვილი. პაციენტები არ გამოხატავდნენ ტრანსფორმაციის მკაფიო იდეებს, მაგრამ მიანიშნებდნენ საკუთარ რჩეულობაზე, სხვებისგან განსხვავებაზე, იმქვეყნიურთან ურთიერთობაზე.
შეტევები კანდინსკი-კლერამბოს მწვავე განვითარებადი სინდრომით, რომლებიც წარმოიქმნებიან მანიაკალური ან დეპრესიული აფექტის ფონზე, გამოირჩეოდნენ კლინიკური მრავალფეროვნებით. ზოგიერთ შემთხვევაში ისინი შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ იდეატორული ავტომატიზმით. უხმოდ აზრების გაცვლა, შინაგანი ჩუმი ხმის შეგრძნება, გულში გავლებული შინაგანი დიალოგები (ჟ. ბაილარგერის ფსიქიკური ჰალუცინაციები [16]) ინტერპრეტირებული იყო, როგორც ტელეპათიური კავშირი ღმერთთან, რომელიც ყველაფერს ხედავს, ყველაფერი იცის, ხელმძღვანელობს ყველა ქმედებას. სხვა შემთხვევაში, ტელეპათიური წარმოდგენილი ხმები გარდაიქმნენ იმპერატიულ ჰალუცინაციებში, რომელთა შინაარსს წარმოადგენდნენ უმაღლეს ძალთა ბრძანებები. ჰალუცინაციურ განცდებს ხშირად თან ახლდა ბოდვითი აღქმა: პაციენტებს ეგონათ, რომ მათ გარშემო ხდება რაღაც არაჩვეულებრივი, საიდუმლო, არამიწიერი. ტოტალური დაუფლების სინდრომი მოიცავდა ავტომატიზმის ყველა სახეს. ღმერთის ხმას, რომელიც სხეულში ისმოდა და ამოძრავებდა მას, თან ახლდა შესაბამისი ბოდვითი  ინტერპრეტაცია: „თუ მარჯვნივ გამაქანა, ესე იგი ყველაფერს სწორად ვაკეთებ, თუ მარცხნივ, - არა“. ჩნდებოდა შეგრძნება, რომ ზებუნებრივ ძალას მოცული ჰქონდა მთელი სხეული, აიძულებდა მას ურთიერთმოქმედებას ნოოსფეროსთან, გავლენა მოეხდინა სხვა ადამიანებზე (ბოდვითი დეპერსონალიზაცია). თუმცა, მიუხედავად დაუფლების ბოდვის კოსმიური მასშტაბისა, ყველა ზემოქმედება აღნიშნული შეტევის სურათში არ ცვლიდა პაციენტის აზრს საკუთარ თავზე, როგორც კონკრეტულ პიროვნებაზე [9].
მესიანისტური ბოდვა, რომელიც იღებდა სულ უფრო და უფრო მეგალომანურ ხასიათს, შეტევის სტრუქტურაში მწვავე პარაფრენიით მოიცავდა განდიდების და გარდასახვის იდეას, რომელსაც თან ახლდა სენსუალური ანტაგონისტური ბოდვა, ფსევდოჰალუცინაცია და ცალკეული კატატონიური ჩანართები. მესიანური იდეები და მათი შესაბამისი ბოდვითი ქცევა განისაზღვრებოდა მანიაკალური, შფოთვითი და სტრესული ან დეპრესიული აფექტით. საყოველთაო შერიგების იდეა ჩამოყალიბდა ეგზალტაციის ფონზე. ხშირად ლოცვის ან ეკლესიაში ყოფნის დროს ჩნდებოდა შეგრძნება, რომ სხეულში შეუსახლდა „წმინდა სული“. ფიქრში გავლებული ღმერთის ხმა ჩააგონებდა პაციენტს, რომ ის არის შუამავალი ღმერთსა და ადამიანებს შორის, რომ მან უნდა გააერთიანოს ისინი,  გახდეს „ზეადამიანური ძლიერი მკურნალი“, იზრუნოს ობლებზე, დაურიგოს ფული ღატაკებს.
ბოროტებასთან ბრძოლის ფაბულას თან ახლდა ექსტაზური-შეშფოთებული აფექტი, ვერბალური ფსევდოჰალუცინაცია. გონებაში უჩნდება ღმერთის, ანტიქრისტეს, რომის პაპის, მღვდლების ხმები, რომლებიც არწმუნებდნენ პაციენტს, რომ ის არის ღვთის რჩეული, მესია, მსოფლიო გონების მაცნე. ხმები იღებდნენ იმპერატიულ ხასიათს და მოუწოდებდნენ განეხორციელა ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის, შებრძოლებოდა ეშმაკს ან ბოროტ უცხოპლანეტელებს, რომლებიც „პროვოცირებენ კონფლიქტს და ბოროტი ენერგიის ამოფრქვევას“. სენსუალური ბოდვა შეიცავდა ინსცენირების  კომპონენტებს, ცრუ აღიარებებს. ნათესავები, მეგობრები, ხალხი ქუჩაში დაყოფილი იყვნენ კეთილსა და ბოროტებზე (ანტაგონისტური ბოდვა). წარმოსადეგობაში, სიარულში, ადამიანების სახის გამომეტყველებაში, რომლებიც  მიაკუთვნეს „ბოროტთა“ კლანს, შეიმჩნეოდა სპეციფიკური „დემონური ელფერი“ (ინტერმეტმეტამორფოზის ბოდვა). ჩამოყალიბდა ეშმაკის განადგურების აუცილებლობის რწმენა. პაციენტები იღებდნენ „ბრძანებებს ზემოდან“ და ცალკეულ შემთხვევებში სჩადიოდნენ სერიოზულ აგრესიულ ქმედებებს იმ რწმენით, რომ მათ წარმართავს  ღვთის ნება.
დეპრესიული აფექტის მიმართ კონგრუენტულ წინასწარმეტყველურ  იდეებს ჰქონდა პესიმისტური ხასიათი. პაციენტები იდანაშაულებდნენ თავს ცოდვაში და ამავე დროს მიიჩნევდნენ, რომ ისინი არიან ღმერთის მიერ გასხივოსნებული წინასწარმეტყველები, რომ მათი ცოდვების გამო „მალე ბოლო მოეღება სამყაროს, გამეფდება წყვდიადი, ხალხი ვეღარ ნახავს სინათლეს, დადგება ეშმაკის სამეფო“. ჩნდებოდაა სუიციდალური  ზრახვები.
რემისიის სურათი გადატანილი შეტევების შემდეგ იყო არაერთგვაროვანი, ხშირად რელიგიური და მისტიკური შინაარსის რუდიმენტული ჰალუცინაციურ-ბოდვითი აშლილობებით.
შიზოაფექტური აშლილობა. მესიანისტური ბოდვითი იდეები შიზოაფექტური ფსიქოზის [7] სხვადასხვა ვარიანტების ფარგლებში ძირითადად ვითარდებოდნენ წარმოსახვის ბოდვის მექანიზმის მიხედვით. ფსიქოზის წარმოქმნაში გარკვეული როლი ითამაშეს, როგორც ადრე გადატანილმა შინაგან ორგანოთა და ნეიროინფექციის დაავადებებმა, თავის ტრავმამ და სხვა ეგზოგენურმა მავნეობამ [15], ასევე ოჯახურ გარემოებებთან დაკავშირებულმა ფსიქოგენიებმა: ცოლ-ქმრის გაყრამ, ახლობლების გარდაცვალებამ და ა.შ. გარკვეული როლი აქ ითამაშა გადაჭარბებულმა ფსიქოფიზიკურმა დატვირთვამ, რაც დაკავშირებული იყო რელიგიური კულტის შესრულებასთან: ხანგრძლივი ლოცვა ღამით, კვების რეჟიმის შეცვლა, ასევე ექსტრასენსორული ზემოქმედება. ყველა ეს მავნეობა ცვლიდა ორგანიზმის რეაქტიულობას, ამცირებდა მის ადაპტაციურ შესაძლებლობებს. რ. ტელეს [14] თქმით, ამ სახის არაკონტროლირებადი გავლენის გამო „მე“-ს ფუნქცია ისე ირღვევა, რომ იწყება ფსიქოტური დეკომპენსაცია.
ვარიანტი წარმოსახვის ინტელექტუალური ბოდვის დომინირებით.   პიროვნების პრემორბიდული მხარე ხასიათდება ფანტაზირების, ოცნებობის, განწყობის უმიზეზოდ ცვალებადობისკენ მიდრეკილებით. მანიფესტური შიზოაფექტური შეტევის განვითარება მიმდინარეობდა მანიაკალური აფექტის ფონზე ფანტასტიკური ბოდვის ფორმირებით აქტიური მონაგონის საფუძველზე, რომელიც დაკავშირებულია წარსულთან, აწმყოსა და მომავალთან [6].
ფაბულა ხასიათდებოდა მოულოდნელი იმპროვიზაციებით, ასოციაციების ნაკადით, სასწაულების და გარდაქმნების კალეიდოსკოპით. ბოდვით იდეებში, რომლის გმირი თავად პაციენტი ხდებოდა, ჩართული იყო მარადიული სიუჟეტების გამოძახილი, რომლებიც ცნობილი იყო ლიტერატურიდან და ფოლკლორიდან. ზნეობრივი განახლების იდეას თან ახლდა სასიყვარულო-ეროტიკული თემატიკა. მაგალითად, პაციენტი ამაყად აღიარებდა, რომ ღმერთმა დააკისრა მას მისია „ქვეყანაზე მოავლინოს სილამაზე“, ამტკიცებდა, რომ რიშელიეს საგვარეულოს პირდაპირი შთამომავალია. წარსულ ცხოვრებაში იგი იყო მარია მაგდალინელი, მან აცდუნა რაფაელი ედემის ბაღში, შემდეგ გარდაისახა გრეთჰენში და აცდუნა ფაუსტი. ამჟამად, მას მიანიჭეს დიდი უფლებამოსილება, და იგი აძლევს ბრძანებებს აფროდიტეს  და ვენერას.
ცრუ ამოცნობა, ინსცენირება, ინტერმეტამორფოზა აქტიური მონაგონის შედეგია. წარმოსახვით მოვლენებში დამდგმელები და როლების გამნაწილებლები იყვნენ თავად პაციენტები. პაციენტი აძლევდა საკუთარ თავს მთავარ როლს, რათა დაემყარებინა მსოფლიო წესრიგი, საავადმყოფოს პალატას უწოდებდა „განსაწმენდელს“, ხოლო  მეზობლებს პალატაში - „XXI საუკუნის ევას“, „ოლგას „ევგენი ონეგინიდან“, „კოსმონავტის ცოლს“. წარმოსახვის ინტელექტუალური ბოდვის სტრუქტურაში შეინიშნებოდა ბოდვითი რეტროსპექცია შინაარსობრივად ფანტასტიკური კონფაბულაციებით.
ბოდვითი აშლილობის რედუქცია მიმდინარეობდა თანდათან, კრიტიკა მწვავე ფსიქოზის პერიოდისთვის იყო არასრული.
 ვარიანტი წარმოსახვის თვალსაჩინო-წარმოსახვითი ბოდვით.  სურათები წარმოსახვის თვალსაჩინო-წარმოსახვითი ბოდვით გამოიხატებოდნენ რელიგიური და ფანტასტიკური ხასიათის ნათელი წარმოსახვითი შეხედულებებით და თავისი სტრუქტურით მიეკუთვნებოდნენ ა. ბარეკოს მიერ აღწერილ მდგომარეობას „ონირიზმი არევის გარეშე“ [18]. წარმოსახვითი ობიექტების ფრაგმენტულობა, ცვალებადობა, პლასტიურობა ანიჭებდა ბოდვით სიუჟეტებს უჩვეულობას და  თავისებურებას. მაგალითად, პაციენტმა, რომელმაც წარმოიდგინა თავი მეორე დედა ტერეზად განსაკუთრებული ქრისტიანული მისიით თესოს სიკეთე,  დაინახა კედელზე, „როგორც ფილმში“, ერთმანეთის მონაცვლეობით, ჰიტლერის, დოსტოევსკის სახეები, დრაკონი, რომელიც ცეცხლს აფრქვევდა, მტირალი გოგონას სახე, შემდეგ თავისი თავი ბიბლიური ქალწულის სახით, რომელიც ებრძოდა დრაკონს. განკითხვის დღის იდეას თან ახლდა ცაზე მოახლოებული რაღაც წითელის და უზარმაზარის ხილვა. ზოგჯერ წარმოსახვითი სურათები ჩნდებოდა ლოცვის დროს ან ლოცვის შემდეგ: „ხატები ცოცხლდებოდნენ, განათდებოდნენ, პაციენტი თავის თავს ხედავდა 12 მოციქულთა შორის, ღამით ხედავდნენ ღმერთს თეთრ სამოსელში, რომელიც ჟესტებით თავისთან უხმობდა“.
ადგილი ჰქონდა თვალსაჩინო-წარმოსახვით წარმოდგენას, რომელიც ეკუთვნოდა შორეულ წარსულს, რაც იძლეოდა იმის საფუძველს, რომ მომხდარიყო ბოდვის კონსტატაცია. მაგალითად, პაციენტი ყვებოდა, რომ ბავშვობაში მან დაინახა მინდორში ფეხით მიმავალი მოხუცი ძალიან ფერმკრთალი სახით, რომელშიც მან შეიცნო ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ბაბუა იაკობი. შემდგომ ბნელმა ძალებმა წაშალეს მისი მეხსიერება, და, მხოლოდ ცოტა ხნის წინ ნახა მან წმინდა სამება - ღმერთი იაკობი, ბუდა და კრიშნა, გაახსენდა, რომ ბაბუამ დააკისრა მისია გაენადგურებინა ყველა, ვისაც ეშმაკი შეუჩნდა. ფსიქოზის გართულების შემდეგ ბოდვამ მიიღო ესქატოლოგიური ხასიათი. მწვავე ფსიქოზიდან გამოსვლა ხშირად იყო კრიტიკული.
რეკურენტული შიზოფრენია (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია-10-ის თანახმად, შეესაბამება რუბრიკას F23.03. მწვავე პოლიმორფული ფსიქოტური აშლილობა) [10]. შიზოფრენიის ამ ფორმის შემთხვევაში, მესიანისტური ბოდვა ყალიბდებოდა ფანტასტიკური აფექტურ-ბოდვითი და ილუზორულ-ფანტასტიკური დერეალიზაციისა და დეპერსონალიზაციის [8] ეტაპებზე, რომლებსაც წინ უსწრებდა გამოხატული აფექტური აშლილობა, სომატოფსიქიური დეპერსონალიზაციის მოვლენები. სენსუალური ბოდვა ხასიათდებოდა განცდების ფართო სპექტრით: ბუნდოვანი მოუსვენრობიდან, შეგრძნებიდან იმისა, რომ რაღაც უნდა მოხდეს, ბოდვითი გონება განათებამდე, საგნებსა და მოვლენებისადმი განსაკუთრებული პირადი მნიშვნელობის მიცემამდე. მცდელობამ გარკვეულიყო იმაში, თუ რა ხდებოდა, გამოიწვია მოვლენების ახლებურად გააზრება. როგორც რეალური სამყაროს, ასევე საკულტო საგნებმა მიიღეს სიმბოლური მნიშვნელობა (განსაკუთრებული მნიშვნელობის ბოდვა), რაც დაფიქსირდა შემდეგ განცხადებებში: „ვუცქერდი ხატს და დავინახე, რომ იესოს თვალები ანთებული ჰქონდა, ხატიდან მომდინარე სხივი იყო არანორმალური, წითელი. მივხვდი, რომ ზოგიერთი რამ ღმერთისგანაა, ზოგი კი ეშმაკისგან“, „რადიოში მოვისმინე რელიგიური გადაცემა და მივხვდი, რომ ღმერთად გარდავიქმენი“. ცრუ გამოცნობა ყველაზე ხშირად გამოიხატებოდა ილუზორულ-ბოდვითი ფორმით: ნათესავები, მეგობრები, ეკლესიის მრევლი იდენტიფიცირებული იყვნენ, როგორც იმიერი სამყაროს წარმომადგენლები.  ფსიქოზის მწვერვალზე ჩნდებოდა სხვა განზომილებაში ყოფნის განცდა, პაციენტები აცხადებდნენ, რომ უფრო მეტი ესმით, ვიდრე სხვებს, რომ ისინი გახდნენ საიდუმლოების მატარებლები, რომელიც სხვებისთვის უცნობია. მწვავე ანტაგონისტურ (მანიქეურ) ბოდვას ჰქონდა ფართო ხასიათი. მოულოდნელად, ინტუიციური ვარაუდის ან გონების განათების მსგავსად, გაუჩნდათ მკაფიო წარმოდგენა იმის შესახებ, რომ არსებობს ღმერთის სამყარო და სატანის ანტისამყარო, რომელსაც უნდა ებრძოლონ. საკუთარი სხეული აღიქმებოდა, როგორც „ნათელი და ბნელი ძალების ბრძოლის პოლიგონი“. ჩამოყალიბდა მტკიცე რწმენა, რომ იგი ეკუთვნის ღვთის რჩეულთა კლანს: „მე უნდა ამოვხსნა ეს თავსატეხი, გავარკვიო სად არის ეს ანტისამყარო, მისი ფესვები, საიდან მოდის. და თუ გავანადგურებთ ბოროტების ფესვს, ყველაფერი კარგად იქნება ამ სამყაროში. მე ვარ იესო  ქრისტეს ბრძოლის იარაღი სატანის წინააღმდეგ“. ხშირად ბრძოლის არენა ხდება ბინა, ხოლო მისი მონაწილეები - ნათესავები, მეგობრები, მეზობლები. პერიოდული შიზოფრენიის შეტევისათვის ტიპიურ ბოდვით დერეალიზაციას თან ახლავს დეპერსონალიზაცია.
განწყობის გაუმჯობესება, გაზრდილი ენერგიულობა, სხვადასხვა ინტერცეფციული სენსაციები და სენესტომათიები, ფსიქიკური ავტომატიზმის მოვლენები აქტუალიზირდებოდნენ ძირითადი ბოდვითი ფაბულის თვალსაზრისით. ქალებში ღვთაებათან შერწყმის განცდას თან ახლდა სიმსუბუქის, მოდუნების, „ენერგეტიკული ცენტრების აღმოჩენის“  განცდა, ბიძგები საშვილოსნოში (ჰაპტიკური ჰალუცინაციები), რომლებიც მოასწავებენ ღვთაებრივი არსების დაბადებას. მამაკაცებში სენესტოალგიას მზის წნულის, ბარძაყების მიდამოებში თან ახლდა უჩვეულო მამაკაცური ძალის შეგრძნება, რომელიც ინტერპრეტირებული იყო,  როგორც გარდაქმნა „უზენაეს ღმერთად, რომელიც ქმნის ახალ სამყაროს“. ონეიროიდულ მდგომარეობაზე გადასვლა გამოიხატებოდა კოსმიური მასშტაბის ცვლილების გრძნობით, გაშლილი, სცენურობის მაგვარი ვიზუალური შეხედულებებით განკითხვის დღის, სამყაროთა ბრძოლის შესახებ. პაციენტებს ჰქონდათ წინათგრძნობა, რომ მომავალში ისინი მიიღებდნენ მონაწილეობას სამყაროს მართვაში, გააერთიანებდნენ გონებაში მთელ მკვდარ და ცოცხალ კაცობრიობას, განაცალკავებდნენ კარგსა და ცუდს, გაანადგურებდნენ ცუდს კოსმოსური აფეთქებით. შეტევის დასასრულს ლითიური ხასიათი ჰქონდა, რომელსაც თან ახლდა სრულფასოვანი კრიტიკა მისი დაავადების მიმართ.

დაკვირვება 12.

       პაციენტი ი-ვა, 62 წლის. მემკვიდრეობითობა არ არის დამძიმებული ფსიქოპათოლოგიით. მამა - საერთო-საჯარისო დანაყოფის მეთაური, ძლიერი ნებისყოფის, მბრძანებლური, დედა - რბილი, ბუტია, ჰქონდა განწყობის ცვალებადობის მიდრეკილება. პაციენტი დაიბადა ნორმალური ორსულობის შემდეგ, განვითარებაში არ ჩამორჩებოდა თანატოლებს. ბავშვობაში ხშირად და დიდიხნობით ავადმყოფობდა გაციების გამო. სკოლაში წავიდა 7 წლის ასაკში, სწავლობდა კარგად. გამოირჩეოდა სტენიური ფსიქიკური იერით. იზრდებოდა აქტიური, მტკიცე, უკმეხი. ცდილობდა ყოფილიყო ყურადღების ცენტრში. 7 კლასის დამთავრების შემდეგ სწავლობდა პედაგოგიურ სასწავლებელში, მიიღო  საბავშვო ბაღის აღმზრდელის სპეციალობა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა პედაგოგიურ ინსტიტუტში, რომლის დამთავრების შემდეგ გათხოვდა, ცოლად გაჰყვა ოფიცერს და მასთან ერთად გაემგზავრა დანიშნულების ადგილას. გარკვეული დროის განმავლობაში მუშაობდა ბიოლოგიის მასწავლებლად, შემდეგ ლაბორანტად. 29 წლის ასაკში შეეძინა ვაჟი. ორსულობამ ჩაიარა პათოლოგიის გარეშე, იმშობიარა დროულად. 5 წლის შემდეგ, ხშირი ოჯახური კონფლიქტების გამო, გაეყარა ქმარს, შვილთან ერთად გაემგზავრა პეტერბურგში, მუშაობდა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ლაბორანტად, შემდეგ ინჟინრად. პროფესიული რისკების გათვალისწინებით (მუშაობდა იზოტოპებთან) 47 წლის ასაკში გავიდა პენსიაზე. დამატებით მუშაობდა სხვადასხვა ადგილზე. ბოლო წლებში დამატებით მუშაობდა მენატურედ ხელოვნების უნივერსიტეტში. მენოპაუზა დაეწყო 48 წლის ასაკში, კლიმაქსი მიმდინარეობდა ნორმალურად. მოზარდობის ასაკიდან ჰქონდა ჰიპერტონიული დაავადება, 49 წლის ასაკში ჰოსპიტალიზირებული იყო  თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებით, ოპერაცია არ გაკეთებულა. ამჟამად ცხოვრობს შვილთან ერთად ცალკე ბინაში, ურთიერთობები ოჯახში მეგობრულია.
52 წლის ასაკში, დედის გარდაცვალების შემდეგ გაუარესდა მატერიალური პირობები, შვებას ეძებდა რელიგიაში. აქტიურად ესწრებოდა პროტესტანტი მღვდლის პ.-ს ქადაგებებს, შემდეგ შევიდა ევანგელისტ-ქრისტიანთა სექტაში. ქადაგებაზე მის პირველ ვიზიტს შვილთან გამართული ჩხუბის შემდეგ, აღწერს შემდეგი სახით: „წავედი გაუცნობიერებლად, შევუერთდი ხალხს, აღმოვჩნდი ქადაგებაზე, ვიგრძენი სიცხე, გავიხსენი ღილები კოფტაზე და ვიგრძენი, როგორ შემოვიდა იესო ჩემ გულში“. მოგვიანებით, ყოველგვარი სისტემის გარეშე, დადიოდა სხვადასხვა რელიგიურ გაერთიანებებში, დიდხანს ვერ შეძლო ჩამოყალიბება. დადიოდა ბაპტისტურ ეკლესიაში, ორმოცდაათიანელთა სექტაში, ქარიზმატულ ევანგელისტურ ეკლესიაში, „ძალის და სულის მოვლენის“ ეკლესიაში.  შვილის აზრით, მას შემდეგ, რაც ეზიარა რელიგიას, დედა გახდა უფრო რბილი, ტოლერანტული სახლში, მაგრამ ცდილობდა შვილი გადაეყვანა თავის სარწმუნოებაში მისი წინააღმდეგობის მიუხედავად, რის გამოც ხშირად იქმნებოდა კონფლიქტური სიტუაცია. სახლში ხშირად იკრიბებოდნენ მორწმუნეები, რომლებსაც დედა უწოდებდა „ძმებსა და დებს“. ისინი ლოცულობდნენ, ფსალმუნებს მღეროდნენ. შემდეგ შვილმა შეამჩნია, რომ ლოცვის  დროს დედა თითქოს სადღაც შორს იყო, აგზნებული, ხელებს ზეცისკენ აღაპყრობდა, და ამავე დროს ამბობდა, რომ „ეშმაკს განდევნის“. წარმოთქვამდა სხვებისთვის გაუგებარ სიტყვებს, ამბობდა, რომ „ღვთიურ“ ენაზე ლაპარაკობდა.
2000 წლის ოქტომბერში ფსიქიკური მდგომარეობა მკვეთრად შეეცვალა. იმყოფებოდა მხიარულ, აღტკინებულ განწყობაზე, გრძნობდა ენერგიის მოზღვავებას, დადიოდა ბინაში, მღეროდა საგალობლებს. შვილს ეუბნებოდა: „შენ ჩვენთან ერთად იქნები“. ამტკიცებდა, რომ ერთობლივი ლოცვებით „გადაარჩენდნენ დას, თამარს“. პირველი ჰოსპიტალიზაციის წინ დაწვა საწოლზე, ხელები სხეულის გასწვრივ ჩამოუშვა, ყვიროდა: „დიდება ღმერთს!“  საწოლიდან არ დგებოდა, უარს ამბობდა საკვებზე. ღამით ლოცულობდა, მუშტებად შეკრულ ხელებს აღაპყრობდა ზეცისკენ, თვალებს ხუჭავდა, თითქმის ორი დღე არ ეძინა და არც ჭამდა. მიხვდა, რომ სახლში ეშმაკია, კატაში დაიმკვიდრა ადგილი. ხელებით აკეთებდა უცნაურ მოძრაობებს. ამტკიცებდა, რომ მისი შვილი იქცა სიკეთისა და ბოროტების ბრძოლის ველად.
საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოში მიღების დროს ნაკლებად იყო კონტაქტური, არსებითად არ პასუხობდა დასმულ კითხვებს. წამოიძახებდა სტერეოტიპულ ფრაზებს: „ანტონს (პაციენტის შვილის სახელი) დიდება!“, თან მუშტებს ირტყავდა მკერდზე. არ აძლევდა შეხების ნებას,  ეწინააღმდეგებოდა სომატურ გამოკვლევას .
განყოფილებაში გარკვეული დროის განმავლობაში არ დგებოდა საწოლიდან, არავის ელაპარაკებოდა. სტაციონარში შემოსვლიდან 2 დღის შემდეგ მდგომარეობა გაუმჯობესდა, უფრო ხალისით ესაუბრებოდა ექიმს. როდესაც საქმე ეხებოდა რელიგიურ თემებს, ემოციური ფონი იძენდა ეიფორიულობის ელფერს, საუბრობდა პათეტიკური, აღფრთოვანებული ინტონაციებით. ისაუბრა თავისი მდგომარეობის შესახებ ჰოსპიტალიზაციამდე. მან განმარტა, რომ ჩვეულებრივ ლოცვა ტარდებოდა დაუბრკოლებლად, მაგრამ ბოლო ლოცვა მძიმედ წარიმართა. ლოცვის დროს გრძნობდა, რომ ყველა „ძმა და და“ მასთან ერთად ლოცულობდა საკუთარ ბინებში, მაგრამ ყველა ერთიანი არიან:  „ხელში ბიბლია მქონდა, და ყურში ჩამესმა ღმერთის ხმა. ვიგრძენი, რომ  ვიყავი კეთილი და ბოროტი ძალების ბრძოლის ცენტრში. ლოცვის დროს დაღლა ვიგრძენი, რადგან ხმამაღლა უნდა მეყვირა, მუშტები შემეკრა, არ მიმეცა ბოროტი ძალებისთვის სამყაროში შეღწევის საშუალება. მუშტში მომწყვდეული მყავდა გრძნეული სული. მეგონა, რომ პასტორ უ.-ს ბრძანებებს ვასრულებდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეშმაკის ხმა მესმოდა. ხმა მეუბნებოდა: „შენ მარადისობის გზას ადგახარ, დაიყვირე: „დიდება ანტონს!“ ღმერთი მთხოვდა მომეკრიბა უკანასკნელი ძალა შვილის, ანტონის გადასარჩენად ცოდვის ტვირთისგან“.
ჰოსპიტალიზაციამდე ბოლო საათებში მომხდარი მოვლენები ბუნდოვნად ახსოვდა. თავის მდგომარეობას სტაციონარში ყოფნის პირველ დღეებში ახსნის იმით, რომ მასში შეაღწია მტრულმა ხმამ და ასეთი ბრძანება მისცა. მდგომარეობას საუბრის დროს აფასებდა, როგორც კარგს: „ვგრძნობ სიხარულს, მინდა ყველა მიყვარდეს“. ცდილობდა არ ეხსენებინა ეშმაკის სახელი, ამის ნაცვლად თქვა: „ის, რომელიც“. საავადმყოფოში ყოფნის პირველ დღეებში იღებდა კლოპიქსოლს. მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდა. აღარ ესმოდა ღმერთის ხმა, გარემომ რეალურობა შეიძინა. ხალისით ეხმარებოდა განყოფილებაში, დადიოდა თერაპიულ სახელოსნოებში. ამავე დროს, როგორც რელიგიური ადამიანი, მომხდარს ახსნიდა, როგორც ღვთის მიერ მოვლენილ განსაცდელს.
გამოწერის შემდეგ დადიოდა ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში, იღებდა მხარდამჭერ მკურნალობას, აგრძელებდა მუშაობას მენატურედ. გარკვეული დროის განმავლობაში არ დადიოდა ეკლესიაში. შემდეგ შეწყვიტა მედიკამენტების მიღება, კვლავ აქტიურად დადიოდა სექტაში. პირველი ჰოსპიტალიზაციიდან ერთი წლის შემდეგ მდგომარეობა კვლავ გაუარესდა. ესმოდა ეშმაკის ხმა, რომელსაც უწოდებდა „მატყუარას“. სახლში ხმამაღლა ყვიროდა, ფსალმუნებს მღეროდა, იატაკზე ეცემოდა, თავის თავს ელაპარაკებოდა. იმყოფებოდა ნათლად გამოხატულ ფსიქომოტორული აგზნების მდგომარეობაში, ქცევაში იყო უმართავი, თავს უწოდებდა  „ღმერთის დესპანს“.
25.09.2001 წ. მიმღებში დავარდა იატაკზე, ყმუოდა, ყვიროდა: „უფალო, შემიწყალე!“ განყოფილებაში მთელი დღის განმავლობაში უარს ამბობდა ჭამაზე, არ დგებოდა საწოლიდან, უარს აცხადებდა ექიმთან ურთიერთობაზე. ესმოდა ეკლესიის მოძღვრის რ.-ს ხმა, რომელიც ლაპარაკობდა ღმერთის სახელით, ყვებოდა ზეცაში და დედამიწაზე ცხოვრების შესახებ. შემდეგ მას შეუერთდა ეშმაკის ხმა, რომლის განდევნასაც ლოცვებით ცდილობდა. ეშმაკის ხმა გაქრა, შეცვალა ღმერთის ხმამ, რომელიც მოუწოდებდა გადაერჩინა სამყარო და განუწყვეტლივ ეკითხა ლოცვები. დაინახა მფრინავი თეფში უცხოპლანეტელებით, რომელიც გამოგზავნეს ადამიანების გადასარჩენად მომავალი აპოკალიფსისგან, შემდეგ თავისი თავი დაინახა ზეცაში, ერთი მხრიდან ანგელოზებით გარშემორტყმული, ხოლო მეორე მხრიდან ეშმაკებით. მიხვდა, რომ ზეცაში მიმდინარეობს ომი სიკეთესა და ბოროტებას შორის, აგროვებენ ახალ ჯარს დედამიწასა და ზეცაში საბრძოლველად, თავად კი დედამიწაზე გამოაგზავნეს, რათა სამყაროს  გაეწმინდა ეშმაკისაგან.
კლოპიქსოლით და ჰალოპერიდოლით ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ მდგომარეობა გაუმჯობესდა. მან განაცხადა, რომ ეშმაკი ცდილობდა, რომ მას მისებურად ეფიქრა, და მაშინ გრძნობდა, რომ მას საკუთარი აზრი აღარ გააჩნდა. აბსოლუტურად დარწმუნებული იყო იმიერი ჯოჯოხეთური ძალის არსებობაში, რომელსაც შეეძლო ადამიანის ბედის გადაწყვეტა. მიაჩნდა, რომ ეკუთვნოდა ღმერთის მიერ რჩეული ხალხის კლანს. ექიმს განუმარტავდა, რომ ნებისმიერ ადამიანს, თუ მას კეთილი ზრახვები აქვს, შეიძლება ასწავლო გაიგოს ღვთის ხმა, როგორც ამას ასწავლის ევანგელისტური ეკლესია, რადგან ბოროტი აზრები და უარყოფით ემოციები შინაგანად ანადგურებენ ადამიანს. მან თქვა, რომ ადრე ეკუთვნოდა ორმოცდაათიანელების სექტას, რომელთა რწმენის არსი  მქადაგებელთა განდიდებაში იყო, რომლებსაც მოევლინა ღვთაებრივი ხსნა.
ექიმის თხოვნით წარმოგვიდგინა „ორმოცდაათიანელთა ანგელოზების ენა“. ამ ენაზე საუბარი შეუძლია მხოლოდ ჭეშმარიტ მორწმუნეს. ამისათვის საჭიროა სრული კონცენტრაცია, რომ გონებრივად დაამყარო კავშირი ღმერთთან და მისი დახმარებით თარგმნო სიტყვები ჩვეულებრივი ენიდან ღვთაებრივზე. მან დახუჭა თვალები, იღიმოდა, სიმღერით დაიწყო უაზრო სიტყვების წარმოთქმა, თან  რიტმულად აქნევდა ხელებს: „დარა-დიახ, დაქტა-გჯეროდეს, სარწმუნოება დაქტა“. რაც განყოფილებაში ხდება, მკურნალობის აუცილებლობას აფასებს შემდეგი სახით: „დაე, ასე იყოს, თუ  ღვთის ნებაა“.
 გამოწერის შემდეგ იყო მოწესრიგებული, აგრძელებდა იგივე საქმიანობას, რაც სტაციონარში შემოსვლამდე.
მესამე კლიშეს ტიპის შეტევა განვითარდა ერთი წლის შემდეგ. 2002 წლის 30 ოქტომბერს აღენიშნებოდა ფსიქომოტორული აგზნება, მისი შვილის თქმით, დაიწყო ყვირილი: „უფალო, შემიწყალე!“. გაიქცა კიბეზე, მეზობლებს თხოვდა დახმარებას, ყვიროდა, რომ სახლს ცეცხლი უკიდია, რომ სახლში ეშმაკია. ისევ მის თვალწინ გაჩნდა ზეცაში დიადი ბრძოლის სურათები, გრძნობდა კვამლის სუნს. თავის თავს ღმერთის დესპანს  უწოდებდა. ამბობდა: „ახლა უკანასკნელი დრო დადგა, მწუხრის დრო, ბევრი ადამიანი უკვე დაიღუპა, მორგები გადატვირთულია, ჩემ ეკლესიაში წყვდიადია, ცოცხალი არავინ გადარჩა. განყოფილებაში პერიოდულად იყო აგზნებული, მაგრამ აფექტს უფრო ხშირად ჰქონდა ექსპანსიური ხასიათი. საუბრობდა სიკეთისა და ბოროტების საყოველთაო ბრძოლის და ამ ბრძოლაში მისი მონაწილეობის შესახებ.
ამინაზინით და ჰალოპერიდოლით მკურნალობის ფონზე განწყობა გამოსწორდა, აღარ ესმოდა ღმერთის და ეშმაკის ხმა, მუშაობდა სახელოსნოებში, ეხმარებოდა პერსონალს. რაც თავს გადახდა არ განიხილავდა, როგორც ფსიქიკურ დაავადებას.
ელექტროენცეფალოგრამა: ირიტაციის მკაფიო ნიშნები თავის ტვინის ქერქსა და ღეროვან წარმონაქმნში, სავარაუდოდ ჰიპოთალამუსის დონეზე.
 ნევროლოგიური გამოკვლევა: აქტიური კერებიანი სიმპტომატიკა არ არის გამოვლენილი.
 თერაპევტის მიერ ჩატარებული გასინჯვა: გულის იშემიური დაავადება, აღეროსკლეროზული კარდიოსკლეროზი.
დიაგნოზი: რეკურენტული შიზოფრენია (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია-10-ის მიხედვით, შეესაბამება F23.03. მწვავე პოლიმორფული ფსიქოტური აშლილობა).

აღნიშნულ დაკვირვებაში ყურადღებას იქცევს დაავადების შედარებით გვიან დაწყება. ეს, ალბათ, დაკავშირებულია ორგანიზმის რეაქტიულობის ცვლილებასთან, რომელიც განპირობებულია, როგორც სომატური (გულის იშემიური დაავადება), ასევე ფსიქოტრავმირებადი ფაქტორებით. ამასთან ერთად მნიშვნელოვანი როლი ფსიქოზის წარმოქმნაში ითამაშეს უკონტროლო გავლენებმა, რომლებიც ინდუცირებულია არატრადიციული საკულტო გავლენებით და იწვევს ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობას. დაავადება მიმდინარეობს შეტევების სახით, ხასიათდება მანიაკალური აფექტით, ძილის დარღვევით, აღენიშნება ფსიქიკური ავტომატიზმი, მწვავე ანტაგონისტური სენსორული ბოდვა, ილუზორულ-ფანტასტიკური დერეალიზაციის და დეპერსონალიზაციის მოვლენები, ცალკეული კატატონურ-ონეროიდული ჩანართები. შეტევის პიკზე რელიგიური და მისტიკური შეხედულებები, ნათელი და ბნელი ძალების ბრძოლა განცდილია, როგორც პაციენტის თვალწინ მიმდინარე მოვლენები. მათ აერთიანებს საერთო სიუჟეტური ხაზი განსაკუთრებული ღვთაებრივი მისიის სახით, რომელიც დააკისრეს პაციენტს უზენაესმა  ძალებმა.

                                                        * * *
ამრიგად, მესიანისტური ბოდვა წარმოადგენს განდიდების ბოდვის ნაირსახეობას და ხასიათდება „მე“-ს დესტრუქციით წარსულთან კავშირის გაწყვეტის, მითოლოგიურ პერსონაჟებად (ტოტალური დეპერსონალიზაცია) გარდაქმნის და ზებუნებრივი უფლებამოსილების მითვისების სახით. თავისი შინაარსით მას აქვს მსგავსება აპოკალიფსურ, მისტიკურ, ანტაგონისტურ (მანიქეური) ბოდვასთან. ზოგჯერ მას წინ უსწრებს მაღალი წარმოშობის ბოდვა. მესიანისტური ბოდვითი ფაბულის ფორმირება მიმდინარეობს ჰალუცინაციურ-პარანოიდული სინდრომის ფარგლებში და მნიშვნელოვნად ვლინდება პარაფრენული და ონეროიდული სინდრომების სტრუქტურაში. მისი შინაარსის მოცულობა, ხანგრძლივობა, ბოდვის წარმოქმნის მექანიზმები (ჰალუცინაციური, სენსუალური და წარმოსახვითი ბოდვა) განისაზღვრება შიზოფრენიული ფსიქოზის ფორმით.
პარანოიდული შიზოფრენიის დროს მესიანისტური ბოდვა ჩნდება პარაფრენული სინდრომის სტრუქტურაში, რომელიც ყალიბდება წინა პარანოიდული ეტაპის შემდეგ, და შედის ფსიქიკური ავტომატიზმის მქონე რთული სინდრომის კლინიკურ სურათში [9].
დაავადების რემიტირიული ფორმების შემთხვევაში, როდესაც პარაფრენული სინდრომი განსაზღვრავს ინტენსივობას და, გარკვეულწილად, შიზოფრენიის მწვავე შეტევების სიღრმეს, განსაკუთრებული მისიის იდეა იღებს მწვავე ფანტასტიკური ბოდვის შინაარსს. მას წინ უძღოდა ბოდვის განსაკუთრებული მნიშვნელობა, ინსცენირება, ექსტაზურად აღფრთოვანებული აფექტი [10]. მნიშვნელოვანი როლი დელუზიაში მიუძღვის აფექტურ აშლილობებს და ცნობიერების დარღვევას, როგორც  ამას მიიჩნევს  Н.Еу [21].
შიზოაფექტური ფსიქოზის შემთხვევაში ბოდვითი ფაბულის განვითარების დროს  აღინიშნება წარმოსახვითი ბოდვის მექანიზმების სიჭარბე. მესიანისტურ იდეებს თან ახლავს ზემოქმედების, ტელეპატიური კავშირის, სულირი კავშირის, როგორც პერსეკუტორულის, ასევე კეთილგანწყობილი ბუნების იდეები  [3].
მესიანისტურ ბოდვას ხშირად თან ახლავს ბოდვითი ქცევა. მდგომარეობები, რომლებიც ხასიათდება ექსტაზურ-შფოთვითი აფექტით, განსაკუთრებული მისიის ფაბულით ბოროტებასთან საბრძოლველად, ეშმაკის შესაძლებლობების რწმენით მიიღოს სხვა ადამიანების ფიზიკური იერი იმპერატიული ჰალუცინოზით და ფსიქიკური ავტომატიზმთან შედარებით, წარმოადგენს დიდ სოციალურ საშიშროებას და მოითხოვს ფსიქიატრების დიდ ყურადღებას.

6.3. იერუსალიმის სინდრომი

მესიანუისტური ბოდვის კონკრეტული შინაარსი დიდწილად დაკავშირებულია კულტურულ ტრადიციებთან, რომელიც შემოგვრჩა წარსული რელიგიური გამოცდილებიდან. როგორც ნაჩვენებია ლ. პერესის მიერ, იგი არ სცილდება პაციენტის კულტურული და რელიგიური იდენტურობის ფარგლებს [28]. მისი დაკვირვებით, პაციენტები, რომლებიც აღზრდილი არიან ებრაული და მუსულმანური ტრადიციებით, სადაც არ არის გაადამიანების იდეა, არ გამოხატავდნენ ფსიქოზის დროს ღმერთად გარდაქმნის იდეას. ქრისტიანი პაციენტები, პირიქით, აიგივებდნენ თავს იესო ქრისტესთასთან. თავის მხრივ, მუსულმანები თავის თავს იდენტიფიცირებდნენ წინასწარმეტყველ მუჰამედთან, მეომრებთან, ბელადებთან.
სპეციალური ფსიქოპათოლოგიის კულტურულად განპირობებული განსაკუთრებული ტიპი ასევე ასოცირდება გეოგრაფიულ ფაქტორთან და აღწერილია, როგორც „იერუსალიმის სინდრომი“ [4, 17, 22]. ტერმინი მეცნიერებაში შემოღებულია 1990-იანი წლების დასაწყისში, როგორც რეაქცია შეტყობინებებზე ფსიქოპათოლოგიის თავისებურებების შესახებ ტურისტებსა და მომლოცველებში, ძირითადად ქრისტიანებში ამერიკიდან და ევროპიდან, რომლებიც ინახულებენ წმინდა ადგილებს. მათი პათოლოგიური განცდების არსებითი ასპექტი შეიცავდა რელიგიურ და მითოლოგიურ იდეებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდებოდნენ წმინდა ადგილებს. ებრაულ კულტურასთან დაკავშირებული პაციენტები ყველაზე ხშირად გამოხატავდნენ ფსიქოტურ აგზნებას ძველ ქალაქში, ტირილის კედელთან  ან სხვა ადგილებში, რომლებსაც განსაკუთრებული რელიგიური მნიშვნელობა აქვთ ებრაელებისათვის. ქრისტიანი პაციენტების ბოდვითი ქცევის რეალიზება ხდებოდა იმ ადგილებში, რომლებიც, ლეგენდის თანახმად, დაკავშირებული იყო ქრისტეს ცხოვრებასთან, ჯვარცმასა და აღდგომასთან (საიდუმლო სერობის ადგილი, გეთსიმანიის ბაღი, უფლის საფლავის ტაძარი).

იერუსალიმის სინდრომის ტიპოლოგია

ტიპი 1. ფსიქოტური.  გამოიხატება იმ ადამიანებში, ვისაც ადრე დაუსვეს ენდოგენური ფსიქოზის დიაგნოზი. მათი ჩამოსვლა იერუსალიმში პირდაპირ უკავშირდება ფსიქიკური აშლილობის თავისებურებებს, კლინიკურ სურათში რელიგიური ბოდვის არსებობას. მაგალითად, პაციენტი, რომელმაც გააიგივა თავისი თავი სამსონთან (ძველი აღთქმის ლეგენდების გმირი, რომელიც დაუმარცხებელი ფიზიკური ძალით იყო დაჯილდოვებული), შეპყრობილი იყო ერთ-ერთი გიგანტური ქვის ბლოკის გადაადგილების იდეით, რომელიც დასავლეთის კედლის საყრდენს წარმოადგენს. მიყვანილი  იყო ჰოსპიტალში უკიდურესი აღგზნების მდგომარეობაში, როდესაც ცდილობდა სისრულეში მოეყვანა თავისი გეგმა. გარდა განსაკუთრებული მისიის იდეისა, აღენიშნება იდეები რელიგიური რეფორმებისა, სასწაულებრივი განკურნებისა და ა.შ.
ტიპი 2. მოსაზღვრე.  ვლინდება იერუსალიმში ჩასული არატრადიციული რელიგიური ჯგუფების წევრებში, ან მარტოხელა მომლოცველებში. ისინი გამოირჩევიან მაგიური აზროვნებით, სწამთ ბიბლიაში მოხსენიებული სასწაულების განხორციელებისა, მაგალითად, მკვდრეთით აღდგომის ან მესიის მოსვლის. მათ აცვიათ სამოსი, რომელშიც, მათი აზრით, გამოწყობილი იყვნენ მოციქულები. ზოგჯერ ისინი იპყრობენ მედიის ყურადღებას. ამასთან ერთად, ამ ადამიანთა ქცევა მოკლებულია ფსიქოტურ სიმპტომებს, აქვს შედარებით მოწესრიგებული ხასიათი, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, როგორც წესი, არ ყოფილან გადაყვანილი.
ტიპი 3. დისკრეტული.  ვლინდება ადამიანებში, რომლებსაც ანამნეზში არ ჰქონიათ  ფსიქიკური აშლილობები. ისინი რეგულარულად ჩადიან იერუსალიმში, როგორც ტურისტები, რომლებსაც არ აქვთ კონკრეტული მისია ან მიზანი, ხშირად მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად. იერუსალიმში მისვლისას მათ ეუფლებათ მოუსვენრობა, აჟიტირება, დაძაბულობა. ისინი ცდილობენ ჩამოშორდნენ ჯგუფს ან ოჯახს, და დამოუკიდებლად მოინახულონ წმინდა ადგილები. სასტუმროში იპყრობენ პერსონალის ყურადღებას, რადგან აქვთ სურვილი გამოიყენონ თეთრეული, როგორც ქიტონი. აშლილობის პიკში აღინიშნება ფსალმუნების, ლოცვების, ქადაგების ხმამაღალი შესრულება, რომელიც ეფუძნება ცხოვრების გაუმჯობესების არარეალურ მოწოდებებს. ჰალუცინაციური და ბოდვითი აშლილობა ამ ტიპის დროს არ შეინიშნება. ადრეული ჩარევა იძლევა უფრო სერიოზული ფსიქოტური აშლილობის თავიდან აცილების შესაძლებლობას.

გაგრძელება ნაწილი 5

ავტორი პაშკოვსკი
თარგმანი

მ.ფ.ლ. 2017
(C)
სარედაქციო


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised