воскресенье, 28 мая 2017 г.

"პროპაგანდით გამარჯვება შეუძლებელია. ტექნოლოგიებში დომინირებით - შესაძლებელია"

"პროპაგანდით გამარჯვება შეუძლებელია. ტექნოლოგიებში დომინირებით - შესაძლებელია"

სსრკ სუკ-ის ანალიტიკური სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი ვლადიმერ რუბანოვი საუბრობს მოჩვენებითი და რეალური  საფრთხეების შესახებ. ესაუბრა სვეტლანა სუხოვა
 გვიან საბჭოთა პერიოდში პოპულარულ პროპაგანდისტულ წიგნად მიჩნეული იყო „საიდან ემუქრება მსოფლიოს საფრთხე?“, რომელიც ეხება დასავლეთთან კონფრონტაციის საკითხს. დღეს, სხვადასხვა ეთერში თითქმის პირდაპირ ისმის ციტატები ამ წიგნიდან, რაც იწვევს შეშფოთების გამომწვევ გრძნობებს და კითხვებს: ნუთუ ყველაფერი ასე ცუდადაა, როგორ უნდა გადავრჩეთ ამ „შერკინებაში“ და  მზად თუ ვართ „ახალი გამოწვევებისათვის“?
 ამ საკითხთან დაკავშირებით „ოგონიოკი“ გაესაუბრა სსრკ სუკ-ის ანალიტიკური სამმართველოს ყოფილ ხელმძღვანელს, ინტელექტუალური საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის „ინტელტეკის“ სამეცნიერო ხელმძღვანელს, საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს ერთ-ერთ დამფუძნებელს და პრეზიდიუმის წევრს, ვლადიმერ რუბანოვს.
— ვლადიმერ არსენტიევიჩ, რუსეთი დასავლეთთან საინფორმაციო ომის მდგომარეობაში იმყოფება?
„საინფორმაციო ომის“ ცნებაში დღეს უფრო პოლიტიკურ-პროპაგანდისტული აზრია ჩადებული, ვიდრე პროფესიულ-ტექნიკური. იგი ჯერ კიდევ 1990-იანი წლების დასაწყისში შემოიღეს დასავლური მედიის ჟურნალისტებმა, ერაყში ჩატარებულ ოპერაციასთან „ქარიშხალი უდაბნოში“ დაკავშირებით, როდესაც პირველად კომპლექსურად ამოქმედდნენ ოფიციალური საინფორმაციო-პროპაგანდისტული სტრუქტურები, და პენტაგონის მიერ დაარსებული სტრატეგიული გავლენის განყოფილების ხელმძღვანელობით ფართოდ იქნა გამოყენებული უცხოურ აუდიტორიაზე გათვლილი დეზინფორმაცია. მას შემდეგ მრავალმა წყალმა ჩაიარა: შეიცვალა მეთოდებიც, სტრატეგიებიც და საშუალებებიც. თანამედროვე შეხედულებებს საინფორმაციო სივრცეზე საფუძვლად უდევს დამოკიდებულება, როგორც სამხედრო მოქმედების თეატრისადმი (სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო და კოსმოსურთან ერთად), რომლის ფარგლებში შესაძლებელია ფარული ზეგავლენა მოწინააღმდეგეზე, მაგრამ ისე, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცოდეს და მიიღოს გადაწყვეტილებები ან ჩაიდინოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება მის განზრახვებს, ან ხელს შეუშლის მათ განხორციელებას. საინფორმაციო ომში გამარჯვება ნიშნავს მოწინააღმდეგის დამორჩილებას და აბსოლუტურ ძალაუფლებას მასზე. სწორედ ამაში გამოიხატება ჯორჯ სტეინის კონცეფციის მნიშვნელობა, რომელიც საინფორმაციო ომის მიზნად მიიჩნევდა იმ ადამიანთა გონებასა და ცნობიერებაზე გავლენას, ვინც ღებულობს ომსა და მშვიდობასთან, სტრატეგიული დონის  პოტენციალის და შესაძლებლობების გამოყენებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ამრიგად, საუბარია საინფორმაციო ომის ტრანსფორმაციაზე „ცოდნის ომში“, ანუ, როგორც ეს კონცეფციის ავტორმა განსაზღვრა, „ეპისტემოლოგიურ ომში“. ცხადია, რომ ეს განმარტება შორს დგას „საინფორმაციო ომის“, როგორც ფართომასშტაბიანი,  მასობრივ აუდიტორიაზეა გათვლილი პროპაგანდის გავრცელებულ მნიშვნელობისგან.
 —მაგრამ, როგორც კი ტელევიზორს ჩავრთავთ, იქ ვერაფერს ვხედავთ მაღალტექნოლოგიურს -  პროპაგანდა აფრიკაშიც პროპაგანდაა...
—ამ კუთხით რუსულ მედიას და პროპაგანდის დამკვეთებს დიდი გამოცდილება აქვთ და საგრძნობლად უსწრებენ მსოფლიო დონეს, როგორც პროდუქციის თვალსაზრისით, ასევე ამ პროდუქციის საწარმოებლად გაწეული ხარჯებით. მაგრამ მასობრივ აუდიტორიაზე ზემოქმედების მიზანია არა ცენტრალური ხელისუფლების წაქეზება არასწორი გადაწყვეტილებების მიღებაზე, არამედ ქვეყნის ხელსაყრელი იმიჯის და თავად მედიის რეპუტაციის შექმნა. რაც შეეხება ჩვენი მედიის რეპუტაციას და ქვეყნის იმიჯს, დღეს ამ კუთხით ჩვენ დიდი პრობლემები გვაქვს. დღეს, როდესაც რუსეთს ზოგიერთ რამეში უსამართლოდ ადანაშაულებენ (რაც არც თუ იშვიათად ხდება), უცხოურ აუდიტორიაში ნაკლებად თუ ვინმეს უჩნდება მტკიცებულებათა მოთხოვნის სურვილი: რუსეთია, ისედაც ყველაფერი ნათელია. ირკვევა, რომ  მოწინააღმდეგისათვის (ოპონენტის, კონკურენტის) ჩირქის მოცხობა და სხვადასხვა სახის საფრთხეების დემონსტრირება (მაგალითად, „გამოვრთავთ ბუნებრივ აირს“) კონტრპროდუქტიულია. მედიის მუშაობის შედეგი არ განიზომება პროპაგანდისტული საინფორმაციო ნაკადის გიგაბაიტებით, არამედ ჩვენი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებით, რომელიც მათი გავლენის ქვეშ ყალიბდება. მაგრამ, სამწუხაროდ, ყალიბდება ჩვენთვის არასასურველი კუთხით. არსებობს კიდევ არასასიამოვნო შედეგი, რომელიც თან ახლავს ზომაგადასულ არასარწმუნო ინფორმაციას და, აქედან გამომდინარე, ფაქტების ფალსიფიკაციას, მათ ინტერპრეტაციას, რომელსაც მასობრივი პროპაგანდის სახე ეძლევა. მსოფლიო მიიწევს საინფორმაციო საზოგადოებისაკენ, სადაც წარმოების და მოხმარების ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი ხდება ინფორმაცია, ხოლო მისი მთავარი სიმდიდრე სანდოობაა. ინფორმაციის, როგორც საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ღირებულების, სანდოობაში ეჭვის შეტანა შეიძლება იქცეს „შენელებული მოქმედების ნაღმად“, რომელიც საფუძვლად ედება საინფორმაციო კულტურის ფორმირების პროცესებს. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატო-ს ქვეყნებში მედიის კულტურა და ეთიკა როგორღაც გამოეყო საინფორმაციო ომის ტექნოლოგიებს, როგორც მრავალფუნქციური სისტემის ელემენტს, რომელიც გამიზნულია სამხედრო ოპერაციებში წარმატების მიღწევაზე.
— ესე იგი იქ არ მალევენ, რომ საინფორმაციო ომს ეწევიან?
—რა თქმა უნდა, არა. მაგრამ ასეთი ომი არ შემოიფარგლება პროპაგანდით. პროპაგანდით, რომელიც არცთუ  მაღალი ხარისხისაა და, მით უმეტეს, მოძველებული, გამარჯვებას ვერ მოიპოვებ. საინფორმაციო ომში უპირატესობის მიღწევა შეიძლება საინფორმაციო ტექნოლოგიებში დომინირებით. ჩვენ კი ამ მხრივ დიდი პრობლემები გვაქვს.  საინფორმაციო ომს ვერ მოუგებ მას, ვისზეც ტექნოლოგიურად დამოკიდებული ხარ. წარმატება საინფორმაციო ომში განისაზღვრება გლობალური საინფორმაციო სივრცის და ტრანსნაციონალური სოციალური ქსელების ინფრასტრუქტურის კონტროლის შესაძლებლობებით. ასეთი შესაძლებლობები, პირველ რიგში, იმ ქვეყნებს აქვთ, რომელთა კომპანიები აწარმოებენ კომპონენტურ ბაზას, კომუნიკაციის საშუალებებს და საკომუნიკაციო ქსელების მართვას, პროცესორებს, მობილურ მოწყობილობებს და პროგრამულ პლატფორმებს სოციალური ქსელებისათვის (Intel, Apple, Microsoft, Google, Facebook და ა.შ. სიის მიხედვით). გარდა ამისა, რუსი სტრატეგები კვლავ განიხილავენ „ომის“ ცნებას გეოგრაფიული ტერიტორიების და ფიზიკური სივრცის კონტროლის და არა დროის კატეგორიებში, საინფორმაციო გავლენის და ტექნოლოგიური ლიდერობის, როგორც კონტროლის მეთოდის, კატეგორიებში.
„საინფორმაციო ომის“ მთავარი ტექნოლოგიური მიზანია  საინფორმაციო არხების და ნაკადების ხელში ჩაგდება და მათზე კონტროლი, ასევე მოწინააღმდეგის ანალოგიური ქმედებებისგან თავდაცვა. საშუალებების და მეთოდების გაუმჯობესება აქ მიმდინარეობს საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად: თუ გასული საუკუნის 70-იან წლებში საუბარი იყო აქტიური დაპირისპირების შესახებ რადიოელექტრონული საშუალებების დონეზე (ამით ადრე მეც ვიყავი დაკავებული), დღეს მას დაემატა ფიზიკური (ანტისარადარო რაკეტები, მაგნიტური იმპულსის გენერაციის საშუალებები და ა.შ.) და ფსიქოლოგიური (თანამედროვე მედია და გლობალური საინფორმაციო ქსელები) ზემოქმედების იარაღი, ინფორმაციის გაყალბების ან განადგურების და მონაცემთა ბაზების განადგურების საშუალებები, და ბოლოს, საშუალებები, რომლებიც იწვევენ ინფრასტრუქტურული ობიექტების მართვის უზრუნველყოფის ქსელების მუშაობის დაზიანებას და პარალიზებას და ა.შ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა რეალური საფრთხის თავიდან ასაცილებლად სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში, და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემის ორგანიზაციისათვის. რადიოელექტრონული დაპირისპირების სფეროში რუსული შეიარაღება, სხვათა შორის, საკმაოდ მაღალ დონეზეა, მაგრამ დაუცველია საკუთარი კომპონენტური ბაზის არარსებობის გამო.
— ამ შემთხვევაში რას ნიშნავს საინფორმაციო უპირატესობა?
—ეს ცნება საინფორმაციო ომზე ბევრად უფრო ფართოა და, უსაფრთხოების სამხედრო ასპექტების გადაწყვეტის გარდა, ასევე მოიცავს ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ, სამეცნიერო და კულტურულ კომპონენტს. ასე, მაგალითად, კრიტიკულ სფეროებში ტექნოლოგიური დამოკიდებულების დასაძლევად, ჩვენთან მიმდინარეობს იმპორტის ჩანაცვლების პროგრამების რეალიზაცია. მაგრამ ეს პროგრამები კონცენტრირებულია უკვე არსებული პროდუქტების კოპირებაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ უკვე განწირული ვართ ჩამოსარჩენად. სხვების მიერ შემუშავებული პროდუქტის ან ტექნოლოგიის კოპირება დიდ მიღწევას არ წარმოადგენს. პრობლემა პროდუქტების ხელმისაწვდომობაში კი არ არის, არამედ ინტელექტუალურ-შემოქმედებით პოტენციალში, მათი გამოგონების უნარში. კომპლექსური პროგრამული პლატფორმების დამოუკიდებლად შექმნა შესაძლებელია მხოლოდ განვითარებული ინდუსტრიის, ხარისხის ტესტირების, სუსტი ადგილების აღმოფხვრის და მათი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის გლობალური სისტემების არსებობის შემთხვევაში. წარმოიდგინეთ, რომ ხელმძღვანელის ადგილზე ხართ, რომელსაც, მაგალითად, სჭირდება პროგრამის არჩევა საშიში ქიმიური წარმოების მართვისათვის. რა უნდა აირჩიოს მან:  უცხოელი მწარმოებლის მიერ შექმნილი პროდუქტი, რომელმაც დაამტკიცა თავისი საიმედოობა, თუ სამამულო მწარმოებლის მიერ შექმნილი  პროდუქტი, რომელმაც პრაქტიკულად ვერ დაადასტურა თავისი საიმედოობა. რომელი უფრო სარისკოა: უცხოელი მიმწოდებლის სავარაუდო ბოროტი განზრახვა თუ სამამულო დამწყები მწარმოებლის შეცდომები? მაგრამ, პირველ შემთხვევაში, პროგრამის უზრუნველყოფის ტესტირებას ატარებენ უსაფრთხოების სტრუქტურები არადეკლარირებული თვისებების (სანიშნეების, საეჭვო ბრძანებების) გამოსავლენად, ხოლო პროდუქტის არასრულყოფილების  გამოვლენა შეუძლებელია. ჩვენთან მუდმივად წარმოიქმნება მოთხოვნა აიკრძალოს იმპორტული პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კორპორაციებისათვის. მაგრამ „ადგილობრივი მწარმოებლების მხარდასაჭერად“ ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისთანავე (რომელსაც პროპაგანდისტული ფლერის საკმაოდ დიდი ხვედრითი წილი აქვს), იწყება ცვლილებების შეტანა, და დასაშვებად მიიჩნევა უცხოურ პროგრამის გამოყენება „განსაკუთრებულ შემთხვევებში“. მიზეზი ნათელია: პრაქტიკაში პრიორიტეტი ენიჭება პროგრამის უზრუნველყოფის ხარისხს, და არა მწარმოებელ ქვეყანას. სხვათა შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მიუხედავად საკუთარი განვითარებული IT-ინდუსტრიისა, მართვის სისტემები თავდაცვის სამინისტროსთვის მეტწილად ეყრდნობა კომპანიის SAP (გერმანია) გადაწყვეტილებებს. ხოლო არაპროფესიონალურმა პოლიტიკურმა დემაგოგიურმა მიდგომამ ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხისადმი ნათელი გამოხატულება ჰპოვა სენსაციურ „იაროვაიას კანონში“. რა აზრი აქვს ტრაფიკის მონაცემების ჩაწერას და შენახვას დეშიფრაციის ეფექტური საშუალებების და გიგანტური ინფორმაციული ნაკადის ანალიზის გარეშე?
— მთავარია არსებობდეს ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა, მისი ანალიზი კი...
— ყველაფერი ასე ადვილი რომ იყოს! რა უნდა გამოიყენონ ფილტრად? საკვანძო სიტყვებად? მაგრამ პროგრამებს სიტყვების ამოცნობა შეუძლიათ მხოლოდ ასოების კომბინაციის და არა მათი მნიშვნელობის და კონტექსტის მიხედვით. ჟარგონი? მაგალითად: თქვენ გინდათ მიიღოთ ფულთან დაკავშირებული ინფორმაცია, ამიტომ შეგაქვთ საკვანძო სიტყვები „ფული“, „ფინანსები“, „ანგარიშები“ და ა.შ. რის შესახებ გვაწვდიან ინფორმაციას „ფრენდები“ ქსელში? „მაყუთის“. დაამატეთ სიტყვა „მაყუთი“ როგორც საკვანძო, და იმდენ ნაყარნუყარს მიიღებთ, ცოტა არ მოგეჩვენებათ. ბოროტმოქმედებს კი საერთოდ  შეუძლიათ საკუთარი სლენგის გამოყენება, და ასეთი ანალიტიკის შედეგად ეძებეთ მერე ისინი გიგანტურ ნაკადში! ინფორმატიკისგან შორს მდგომი ადამიანები მიიჩნევენ, რომ რაც უფრო მეტია ინფორმაცია, მით უკეთესია. მაგრამ სპეციალისტებმა იციან, რომ პრობლემას სწორედ ინფორმაციის სიჭარბე წარმოადგენს. წლიდან წლამდე, სიტყვიერი რახარუხის რაოდენობა  დიდი სისწრაფით იზრდება და ამცირებს სასარგებლო ინფორმაციის კონცენტრაციის დონეს. ეს გარდაქმნის „მონაცემთა საცავს“ მათ „სასაფლაოდ“, სადაც, როგორც ჩანს, თავის განსასვენებელს ჰპოვებს „იაროვაიას კანონიც“.
ვლადიმერ რუბანოვი, სსრკ სუკ-ის ანალიტიკური სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი. - რუსეთში დღემდე  მნიშვნელოვნად მიაჩნიათ „ფაბრიკების“, და არა „ლაბორატორიების“ განვითარება. მაგრამ დღეს ეფექტური შეიძლება იყოს მხოლოდ საკუთარი უნიკალური პროდუქტის წარმოება, და არა უცხოური პროდუქტის ტირაჟირება.
— შეუძლიათ კი პროგრამისტებს ამ პრობლემების გადაწყვეტა?
—საქმეც იმაშია, რომ ეს პროგრამისტების კომპეტენცია არ არის, არამედ ე.წ. არქიტექტორების, რომლებიც ახდენენ მართვის სისტემების და პროცესების მოდელირებას. ისინი არიან ანალიტიკოსები, საქმიანობის  შესაბამისი სფეროების აღწერის სპეციალისტები და საინფორმაციო სისტემათა არქიტექტორები. წარმოადგენენ თანამედროვე IT-ინდუსტრიის უმაღლეს დონეს, მის ინტელექტუალურ ბირთვს. ეს ის ტვინია, რომელზეც დღეს გლობალური მასშტაბით მიდის ნადირობა. ჩვენთან არქიტექტორის სპეციალიზაციას და კომპეტენციას ზერელედ და ფორმალურად ეკიდებიან. როგორც წესი, საინფორმაციო სისტემათა არქიტექტორებად და უწყებათაშორის საბჭოების წარმომადგენლებად PR და GR უწყებების ხელმძღვანელთა მოადგილეებს ნიშნავენ, თანამდებობის და არა პროფესიული მომზადების მიხედვით. მაგრამ სწორედ ამ კატეგორიის ადამიანები უსახავენ პროგრამისტებს ამოცანებს. მსოფლიო პრაქტიკაში საინფორმაციო ტექნოლოგიების დონეს განსაზღვრავენ ის პირები, რომლებიც ეწევიან ონტოლოგიურ (აზრობრივ) პროექტირებას და არა ტექნიკური გადაწყვეტილებების შექმნას. მსოფლიოს პროგრამული კომპანიებიც კი იწყებენ პროგრამული პროდუქტიდან მმართველობით კონსალტინგზე გადასვლას და პროგრამირებას ტექნიკურ ნიშას უტოვებენ. ძნელია რუსეთში შთამბეჭდავ წარმატებებს ველოდოთ საინფორმაციო სფეროში, თუ ჩვენთან მთავარ ფიგურად პროგრამისტი დარჩება. მაგალითად, ყაზანის „ინოპოლისში“ რამდენიმე ათას პროგრამისტს იწვევენ და არა სისტემების არქიტექტორებს და მასშტაბური ინოვაციური ამოცანების დამსახველებს. ეს იგივეა, რაც საავიაციო ქარხნის საწარმოო კოლექტივის შექმნა თვითმფრინავის მთავარი კონსტრუქტორის გარეშე, და შემდეგ იმის მოლოდინი, რომ შედეგი თავისთავად გაჩნდება. საქმე ასევე იმაშია, რომ მასშტაბური გლობალური სისტემების შემქმნელებს ასევე შეუძლიათ მათი მართვა ექსპლუატაციის პროცესში. მაგალითად, Facebook-ის შექმნასა და მისი ფუნქციონალურობის განსაზღვრაში თავისი როლი ითამაშეს სპეცსამსახურების და აშშ თავდაცვის სამინისტროს მოწინავე კვლევების პროექტების სააგენტოს (DARPA) წარმომადგენლებმა. უკვე თავად სისტემის არქიტექტურას და ქსელის მართვის, სისტემის ფუნქციონალში მიმდინარე დაცვის ინფორმაციული ნაკადების დახარისხებას და ანალიზის ტექნოლოგიას სახელმწიფოს მოთხოვნით შეუძლია ავტომატურ რეჟიმში საჭირო ანალიზის ჩატარება - იაფად და საიმედოდ. მათ არ სჭირდებათ ამისათვის ძვირადღირებული და არაეფექტური ზედნაშენი, როგორიცაა „იაროვაიას კანონი“, რადგან ასეთი სისტემების და სოციალური ქსელების გამოყენების სცენარი ინფორმაციულ ომში თავიდანვე ჩადებულია მათ არქიტექტურულ გადაწყვეტილებებში.
— როგორ?
— ძალიან მარტივად. მაგალითად, რუსი მეცნიერების გარკვეულ რესურსებზე ხელმისაწვდომობის ფაქტებზე არსებულ მონაცემთა დამუშავების შედეგების თანახმად, საკმაოდ მარტივად შეიძლება რუსეთის თემატიკის, წარმატებების და პრობლემების განსაზღვრა კონკრეტულ ინდუსტრიაში. საკმარისია Facebook-ში აირჩიოთ თქვენთვის საინტერესო პროფესიული საზოგადოება, გაანალიზოთ, თუ რის შესახებ საუბრობენ მისი წარმომადგენლები, მაგალითად, ფიზიკოსები, რის შესახებ წერენ, რა წიგნებს კითხულობენ, და ყველაფერი ნათელი გახდება. ამასთან ინფორმაციული ნაკადებით მსგავსი მართვა და ანალიტიკა შეიძლება ავტომატების და „ჭკვიანი აგენტების“ დახმარებით. ქსელებით შესაძლებელია ცნობიერების მოდიფიკაციის ვირუსების ამოქმედება. მაგალითად, დღეს აქტიური მოთხოვნით სარგებლობს video on demand ტექნოლოგია („კინო მოთხოვნით“): მომხმარებელს, როგორც წესი, არ სურს დროის დაკარგვა კინოშედევრის მოსაძებნად, ხოლო ვიდეონაკადების მართვის პროგრამების მწარმოებლებს შეუძლიათ თავისი „არააბეზარი მომსახურების“ გაწევა კონკრეტული ვიდეოკონტენტის ხელშეწყობით, და ამით მომხმარებლის ცნობიერების დაპროგრამება. ეს საშუალებები ნამდვილად ინფორმაციული არსენალიდან არ არის, არამედ ეპისტემოლოგიური დაპირისპირებიდან. აქ, რა თქმა უნდა, ჩვენი ჭკუით უნდა ვიცხოვროთ, ავაგოთ საკუთარი მოდელები საკუთარი მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება გავიმეოროთ საბჭოთა ელექტრონული ინდუსტრიის სამწუხარო გამოცდილება.
რა დაემართა მას?
მთლიანად დაღუპეს. ჩამორჩენის დაძლევის მცდელობამ სხვისი მოდელების კოპირების გზით და სამეცნიერო-ტექნიკური დაზვერვის დახმარებით დათვური სამსახური გაუწია ელექტრონული ინდუსტრიის განვითარებას. უცხოს კოპირებამ საკუთარი კომპეტენციის გავითარების ნაცვლად გამოიწვია შესაბამისი მათემატიკური სკოლების, მოდელირებისა და დიზაინის უნარის, იმ სამეცნიერო ფონდის, იმ ინტელექტუალური კულტურული ნიადაგის დაკარგვა, რომელზეც ელექტრონული ტექნოლოგიები აღმოცენდება. უცხო მოდელების და ალგორითმების წარმოება ლითონში არ არის ძალიან რთული. ჩინეთმა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებმა, როგორც თანამედროვე ელექტრონიკის „ფაბრიკამ“, შთამბეჭდავი მიღწევები აჩვენეს. მაგრამ ელექტრონული ტექნიკის „ლაბორატორიები“ აშშ-შია კონცენტრირებული, და სწორედ მათზეა დამოკიდებული, რომელი პროდუქტის, როდის, რამდენის და რამდენად წარმოებას შეძლებენ „ფაბრიკები“.  ზოგიერთ შემთხვევაში „ფაბრიკების“ პროდუქციიდან მიღებულ 90 პროცენტამდე მოგებას „ლაბორატორიები“ იღებენ. რუსეთში კვლავ მნიშვნელოვნად მიიჩნევენ „ფაბრიკების“ და არა „ლაბორატორიების“ განვითარებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვიწევს კონკურენცია ფასებში ჩინეთთან, ვიეტნამთან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებთან, ამისათვის კი საჭიროა მუშახელის ღირებულების შემცირება ამ ქვეყნების დონეზე ქვემოთ. როგორ მოგწონთ ასეთი პერსპექტივა? ეფექტური დღეს შეიძლება იყოს მხოლოდ საკუთარი უნიკალური პროდუქტის წარმოება და არა სხვის დუბლირება. ჯერ კიდევ 1970-1980-იანი წლების ზღვარზე ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღეს და განახორციელებს „მსოფლიო მეცნიერების ლაბორატორიის“ პროგრამა. ამ სტრატეგიის ფარგლებში ისინი ეწევიან ტვინების მოზიდვას მთელი მსოფლიოდან, ამის სანაცვლოდ კი სხვა ქვეყნებში ყიდიან ლიცენზიებს იმის საწარმოებლად, რაც მათ ლაბორატორიებში იქმნება. ხედავთ განსხვავებას? მათ გათვალეს, რომ სამეცნიერო მოდელებს ძალიან დიდი მოგება მოაქვთ: ისინი თანამედროვე ეკონომიკური პირამიდის მწვერვალზე არიან, ქვევით კი ტექნოლოგიების გაყიდვაა, ხოლო საფუძვლად წარმოება უდევს. იდეა მარტივია: მეცნიერებაზე კონტროლი ნიშნავს მსოფლიოზე კონტროლს საუკეთესო ტვინების კონცენტრაციის გზით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საწყის ეტაპზე ასეთი სტრატეგია ეჭვს იწვევდა. მახსოვს, როგორ გამოთქვა შეშფოთება აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა იგლბერგერმა იმის გამო, რომ ძალიან ბევრი უცხოელი მეცნიერი მუშაობს აშშ-ს თავდაცვის სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრებში და კარგი იქნებოდა მათი „შენჯღრევა“, თორემ დაგვავიწყდა სიფხიზლეო. ნაცნობი რიტორიკაა?
— და როგორ გამოეხმაურა სამეცნიერო საზოგადოება?
—განაცხადა, რომ სტატისტიკურად მოღალატეები უფრო მრავლადაა მზვერზავებსა და სამხედროებს, ვიდრე მეცნიერებს შორის, ასე რომ, თუ საღერღელი აქვთ აშლილი და სურთ „რიგების გაწმენდა“, საკუთარი თავიდან  დაიწყონ. გარდა ამისა, მეცნიერებმა შეახსენეს, რომ სწორედ მათ მოაქვთ სამხედრო ამოცანების გადასაწყვეტად სასარგებლო იდეები და კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანენ, თუ დაეყრდნობიან მსოფლიოში საუკეთესო ტვინებს. ასეთი მიდგომით დაცვა სამეცნიერო-ტექნიკური დაზვერვისგან პრიორიტეტული არ არის, რადგან ის, ვინც ახორციელებს სხვისას, თავიდანვე განწირულია დამარცხებისათვის. ჩამოყალიბდა პრინციპი: ერთადერთი გზა გამარჯვებისათვის შეჯიბრში - სხვებზე სწრაფად მოქმედებაა. და ისინი მართალი არიან: დღეს IT-ინდუსტრიაში მოდელების განახლება ხდება ყოველი ექვსი თვე, ეს კი ნიშნავს, რომ ამ მოდელების მოპარვა არ ღირს - ისინი პროდუქტის ბაზარზე გასვლამდე ბევრად უფრო ადრე ძველდება. მოწინავე „ლაბორატორიას“ სამრეწველო ჯაშუშობის მეთოდებით ვერ  დაეწევი. შტატებში სწორად გათვალეს: დღეს უმაღლესი ღირებულებაა შემოქმედებითი გონება, ის ბევრად უფრო მაღლა დგას, ვიდრე მის მიერ გუშინ მიღებული შედეგები. მთავარია გქონდეს უნარი პასუხი გასცე დღევანდელ აქტუალურ გამოწვევებს და მიიღო პრინციპულად ინოვაციური გადაწყვეტილებები. ამის გაკეთება კი შეუძლია მხოლოდ შემოქმედებითად მზად მყოფ ადამიანებს. ამაშია აშშ-ს წარმატების მთავარი გასაღები ცოდნის სფეროში დომინირების გზაზე და, აქედან გამომდინარე, გლობალურ საინფორმაციო სივრცეში.
— რუსეთში რა ხდება?
—რუსეთში შექმნეს ფონდი „სკოლკოვო“ და განვითარების რამდენიმე ინსტიტუტი. მე თავად ვარ ამ ფონდის ექსპერტთა კოლეგიის წევრი. თითქოს, თქვეს: ჩვენი პასუხია DARPA. პასუხი კი აღმოჩნდა სუსტი და საერთოდ არა ადეკვატური. ათასობით მცირე ინიციატივიდან არ შეიძლება გაკეთდეს ერთი და მეტ-ნაკლებად მასშტაბური პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს რუსეთს გავიდეს უფრო მაღალ პოზიციებზე მსოფლიო ტექნოლოგიურ და საინფორმაციო სივრცეში.
— როგორ არის ორგანიზებული პროცესი აშშ-ში?
—ავიღოთ, მაგალითად, მობილური ტელეფონი. მას აქვს  მიკროსქემის ფირფიტა და ბატარეა. თანამედროვე მოდელებმა მინიატურიზაციის და ენერგოეფექტურობის სფეროში უკვე მიაღწიეს ატომის დონეს. DARPA-მ წამოჭრა შემდეგი საკითხები: სიბრტყიდან მოცულობაში თუ არის შესაძლებელი გადასვლა? ან ელექტროენერგიის შეცვლა სინათლით? აშშ-ში გამოიყო 25 მიმართულება ფუნდამენტურ მათემატიკურ და ფიზიკურ კვლევებში, რომლებიც გამახვილებულია სწორედ ამ ორი ფუნდამენტური მიმართულების გადასაწყვეტად. ეს საკითხი მეცნიერთა წინაშე სახელმწიფო სააგენტომ დააყენა ეროვნული ინტელექტუალური ლიდერის პოზიციებიდან, რომელიც პასუხისმგებელია მომავალზე. ამავე დროს მე გადავხედე რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სიას, რომელშიც მოცემული იყო 270 სხვადასხვა მიმართულება, ყოველგვარი სისტემატიზირებული იდეის გარეშე და იმის გააზრებისა, თუ რომელი ტექნოლოგიური მიმართულება ჩამოყალიბდება მათი წარმატებით დასრულების შედეგად. მიზანმიმართული სტრატეგიის ნაცვლად მოცემულია ცალკეული მეცნიერისა და სამეცნიერო კოლექტივების ინდივიდუალური გეგმების კომპილაცია. მაგრამ 100 დიდი თაგვიდან ვერ მივიღებთ თუნდაც ერთ პატარა სპილოს! თუმცა, ჩვენთან სპილო არავის აინტერესებს, ყველა თაგვებზე ნადირობითაა დაკავებული. ერთხელ ვესაუბრე ერთ-ერთი სახელმწიფო კორპორაციის მაღალჩინოსანს და ვკითხე, ვინ არიან მათი კონკურენტები. უმსხვილესი ამერიკული კომპანია Northrop Grumman-ი აღმოჩნდა. დამაინტერესა, თუ რა პრობლემები აქვს ჩვენ კორპორაციას. დამისახელეს მფრეზავების და სხვა სამრეწველო პროფესიების ნაკლებობა. ვიკითხე IT-სპეციალისტებისა და მათი წახალისების გზების შესახებ. კითხვა მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. საჭირო გახდა ამეხსნა, რომ მათი გლობალური კონკურენტის მატერიალური წარმოება შეადგენს 17 პროცენტს, ხოლო 34 პროცენტს - საინფორმაციო ტექნოლოგიები. ამერიკელებს აქვთ ციფრული მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს წარმოების გლობალურ კოოპერაციას, რომელიც ციფრულად არის ორგანიზებული.  მატრიცის მიხედვით ფორმის ჩამოსხმა, ნამზადის ჩამოჭრა და დეტალში შაბლონის თანახმად ნახვრეტების გაბურღვა - ადვილი საქმეა. ხოლო იმ სპეციალისტების მოძებნა და სტიმულირება, ვისაც შეუძლია ურთულესი კომპლექსების ციფრული მოდელების აგება და გლობალურად ორგანიზებული ციფრული წარმოების ორგანიზება - ეს არის დღეს ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი. სწორედ სპეციალისტთა ეს ფენაა მთავარი ღირებულება და წამყვანი კონკურენტული უპირატესობა თანამედროვე ეკონომიკაში. ნედლეულს, ენერგიას და პროდუქციას ჩვენ ვვანგარიშობთ  მსოფლიო ფასების, ხოლო უნიკალური კომპეტენციების მქონე სპეციალისტებზე ხარჯებს  - შიდა ინსტრუქციების მიხედვით. ამიტომაც არის, რომ ტვინები კონკურენტებთან მიედინება. ამ უნიკალურმა სპეციალისტებმა ვერ შეძლეს ხმა მიეწვდინათ მათთვის, ვინც სათავეში დგას, როგორც ვერ შეძლო ამის გაკეთება მათმა წინაპარმა ლევშამ: „გადაეცით იმპერატორს, რომ შეუძლებელია იარაღის აგურით გაწმენდა!“ და სანამ „პროფესიული პატრიოტები“ აქტიურად ეძებენ „მეხუთე კოლონას“, ლევშას შთამომავლები საზღვარგარეთ მიდიან.  კონკურენტებისა და მეტოქეებისათვის გაკეთებული გულუხვი საჩუქარია. სამაგიეროდ, ნაკლებად არიან ისინი, ვისაც შეუძლია არასწორად აზროვნება.
— ეს იმის ნიშნავს, რომ იქ არ ვეძებთ საფრთხეს?
—აქტუალური საფრთხე რუსეთისათვის მშვიდობიან კონკურენციაში ჩვენი ჩამორჩენაა, და ამ კონკურენციის გარეშე საეჭვოა წარმატების მიღწევა სამხედრო სფეროში. ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა ასეთი მიდგომისას საკუთარ საინფორმაციო-ტექნოლოგიურ განვითარებაში ხარვეზების აღმოფხვრის აუცილებლობაშია. მაგრამ, როგორც ვ. ჩერნომირდინი აღნიშნავდა, „ვცდილობთ გავაკეთოთ უკეთესად, მაგრამ გამოგვდის, როგორც ყოველთვის“. დავუბრუნდეთ ფონდს „სკოლკოვოს“. იგი შეიქმნა, რათა მას უზრუნველყო შემოქმედების თავისუფლება და შემოქმედებითი ინიციატივის მხარდაჭერა. ფაქტობრივად, მივიღეთ კანტორა ჩვენიანების, ახალი „სამეცნიერო ბიუროკრატიისათვის“: „სკოლკოვოს“ თანამშრომლების  ხელფასზე თითქმის ორჯერ მეტი საბიუჯეტო ფული დაიხარჯა, ვიდრე პროექტების მხარდასაჭერ ყველა გრანტზე. საშუალო ხელფასი ფონდში უახლოვდება 500 ათას რუბლს (მთელ რუსეთში საშუალოზე თითქმის 14-ჯერ უფრო მაღალი). მაგრამ სცადეთ მიუთითოთ ხუთჯერ დაბალი ხელფასი მოწვეული სპეციალისტებისათვის გრანტის მისაღები პროექტის დასასაბუთებლად! ისევ ვმოქმედებთ, როგორც ყოველთვის: არა დამხმარე სტრუქტურებია მეცნიერებისათვის, არამედ მეცნიერება, როგორც გამართლება მათთვის, ვინც განაგებს ბიუჯეტს. გამოდის, რომ რუსეთში სამეცნიერო კვლევებში მთავარი ისევ მოხელეა, თუმცა ხელფასს იღებს „სკოლკოვოში“. ამერიკის შეერთებულ შტატებში - პირიქითაა. DARPA-ში მუშაობის მთავარი პრინციპია: ადამიანის დაკარგვა უფრო საშიშია, ვიდრე ფულის. მეორე: ახალმა პროექტმა ოპონირება უნდა გაუწიოს ტრადიციულ მიდგომებს. თქვენ წარმოგიდგენიათ გრანტის მხარდასაჭერი პროექტის მომავალი, თუ ის ეწინააღმდეგება რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის რომელიმე აკადემიკოსის კონცეფციას? შტატებში მთავარია მეცნიერი, და აქედან გამომდინარე უკვე იქმნება სტრუქტურა. იქ მშვენივრად ესმით განსხვავება, ვთქვათ, კელდიშსა და მისი სახელობის ინსტიტუტის თანამშრომელთა კოლექტივს შორის. ამიტომ უზრუნველყოფენ იდეის მქონე კონკრეტული მეცნიერის და არა  სტრუქტურის დაფინანსებას. ხოლო  მეცნიერი მხოლოდ მეცნიერებაში რომ იყოს ჩართული, მას დასახმარებლად აძლევენ ეკონომისტებს და იურისტებს და  ყოველდღე ანგარიშის ჩაბარებას არ აიძულებენ.
— ვინ მართავს იქ პროცესს?
—გაგიკვირდებათ: ძირითადად სამეცნიერო ფანტასტები. ჰოლივუდი, როგორც „ოცნების ფაბრიკა“ მხოლოდ ხალხის ფართო მასების გართობაზე კი არ არის ორიენტირებული, არამედ მთელ პლანეტაზე სახეებისა და მნიშვნელობების მწარმოებელია. ჰოლივუდთან ერთად და ჰოლივუდისთვის მუშაობენ მსოფლიოში ცნობილი მრავალი სპეციალისტები IT და ხელოვნური ინტელექტის სფეროში. სხვათა შორის, ტიმურ ბეკმამეტოვი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც „სკოლკოვოს“ გრანტი მიიღო პროექტისათვის, რომლის განხორციელება მიმდინარეობს ჰოლივუდის დაკვეთით და მასთან თანამშრომლობით. ასეთი ფუტურისტული მიდგომით ამერიკელები ცდილობენ საიდუმლოთ შეინახონ მათი მეცნიერების მთავარი ნაკლი, რომელიც  მეტისმეტადაა ორიენტირებული მოგებაზე და სწრაფ რეალიზაციაზე. მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე ისწავლეს იმის ინვესტირება, რაც „არ არსებობს“. როდესაც თავის დროზე მე ვესაუბრე ანიტა ჯონსს, რომელიც იმ დროს სათავეში ედგა DARPA-ს, ამერიკული პროპაგანდა თავგამეტებით ამუშავებდა „ვარსკვლავური ომების“ თემას. რუსეთი კი ცდილობდა მთელი მსოფლიოსათვის ეცნობებინა „ვარსკვლავური ომების“ ტექნიკური განუხორციელებლობის შესახებ. ჩვენ აგვიხსნეს: ფულის ბიუჯეტიდან მიღება „იმისათვის, რაც არ არსებობს“ და რაც ათეული წლის შემდეგ რეალობად იქცევა, შესაძლებელია ჰოლივუდის დახმარებით. და ისინი მართლები არიან: „ვარსკვლავური ომების“  ფანტაზიამ DARPA-ს იმდენი ტექნოლოგიები შეაქმნევინა, რომლებიც დღეს  საფუძვლად დაედო ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, და მათ ფართო პრაქტიკული გამოყენება აქვს.
სახელმწიფო საინფორმაციო პოლიტიკის შედეგია რუსი ახალგაზრდების მტკიცე გადაწყვეტილება იმუშაონ მხოლოდ მსხვილ კომპანიებში ან სახელმწიფო სტრუქტურებში. არსებული სიტუაცია პარაზიტულ-სამომხმარებლო განწყობის მქონე სოციალური ჯგუფების დომინირებაა საზოგადოებაში.
— გამოდის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ფსონს დებენ კულტურასა და მეცნიერებაზე?
— დიახ. ეკონომიკა მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში კულტურულ-ცენტრისტული ხდება: სოციალურ-ეკონომიკურ იერარქიაში მწვერვალზე ისინი არიან, ვისაც შესწევს უნარი გამოავლინოს და გადაწყვიტოს ახალი პრობლემები, შექმნას და წინ წასწიოს სიმბოლოები. როგორც სტივ ჯობსმა შეძლო ბრენდის „Apple“-ს შემთხვევაში. პარალელურად მიმდინარეობს ეკონომიკური პროცესების ფორმირების და მართვის ცენტრის გადანაცვლება წარმოების სფეროდან ფინანსების სფეროში. ასე რომ იდეის მომგებიან საწარმოდ გარდაქმნის ამოცანა წყდება კონკურენტულ ბრძოლაში მომხმარებლის, და არა მწარმოებლებისათვის. ტექნოლოგიურად განვითარებულ ქვეყნებში მეცნიერება გარდაიქმნა რთულ სოციალურ ინსტიტუტად, რომელიც განსაზღვრავს საზოგადოების სტრუქტურას და ეროვნულ თვითშეგნებას. დღეს მსოფლიოში არაფერია ღირებულებაზე უფრო ეფექტური, რომელსაც საფუძვლად უდევს ცოდნა.
— ეს არის ციფრული ეკონომიკა?
— ნაწილობრივ. ციფრულ ეკონომიკაში ასევე მნიშვნელოვანია სოციალური მოდელის შექმნა, სადაც მომხმარებელი დაკავშირებული იქნება შუამავალთან და მწარმოებელთან. ეს ე.წ. მრავალმხრივი ბაზრის პლატფორმებია, რომელშიც ფრანგმა ტიროლმა ორიოდ წლის წინ მიიღო ნობელის პრემია ეკონომიკაში. ციფრულ რეალობაში მანქანა უკვე გადაადგილების საშუალება კი არ არის, არამედ ქსელის მიერ მართული რთული კომპიუტერი. „ჭკვიანი მანქანაც“ კი უკვე გუშინდელი დღეა: ვის სჭირდება ის „ჭკვიანი ქალაქის“ გარეშე? ევროკავშირი უკვე ერთი წელია მუშაობს ეკონომიკის ციფრულ ტრანსფორმაციაზე. სამართლიანობის გამო უნდა ითქვას, რომ რუსეთში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა ზოგიერთმა კომპანიამ უკვე შეიტანა ეს პუნქტი თავის გეგმაში, თუმცა ყველაფერი დეკლარაციით შემოიფარგლა. დღეს დასავლეთში წინა პლანზეა არა ტექნოლოგიური იდეები, არამედ სოციალური. განვითარებული ქვეყნების მოსახლეობა ბერდება, ამიტომ სოციალურ ქსელებს იყენებენ არა სალაპარაკოდ, არამედ,  როგორც გარემოს, რომელსაც მათი მონაწილეები იყენებენ ორმხრივი მომსახურების, ფართო დიაპაზონში კი, თვითმომსახურების აღმოსაჩენად - დაწყებული რჩევის მიღებიდან და დახმარების აღმოსაჩენად კონკრეტული ქმედებებით დამთავრებული. ჩვენც  ვცდილობთ შევქმნათ ტელემედიცინის სისტემა, მაგრამ ჯერ კიდევ სხვისი გამოცდილების და ტექნოლოგიების კოპირებას ვახდენთ. ისევ საკმარისად არ გვყავს ქსელის კონსტრუქტორები, რთული სისტემების არქიტექტორები, სამაგიეროდ ჭარბად გვაქვს ადმინისტრაციული ბარიერები.
— რატომ არ გვყავს ისინი?
—იმიტომ, რომ საზოგადოებამ ვერ გააცნობიერა ეს მოთხოვნილება. ეს მასობრივ ცნობიერებაში „წარმოების გარეშე სამომხმარებლო სამყაროს“ 20-წლიანი კულტივირების შედეგია. სოციოლოგთა მონაცემებით, რუსული საინფორმაციო სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია რუსეთის ახალგაზრდობის მტკიცე მცდელობა მიიღოს ხელმისაწვდომობა ადმინისტრაციულ და სანედლეულო რენტაზე, იმუშაოს მხოლოდ მსხვილი კომპანიებსა და სამთავრობო სტრუქტურებში. უპირატესობა ენიჭება „გაზპრომს“, პრეზიდენტის ადმინისტრაციას და სამართალდამცავ ორგანოებს. ეს დისბალანსი ასევე გავლენას ახდენს საწარმოო პროფესიების პრესტიჟზე. არსებული სიტუაცია შედეგია საზოგადოებაში პარაზიტულ-სამომხმარებლო განწყობის მქონე სოციალური ჯგუფების  დომინირებისა. ამიტომ ქვეყნის უსაფრთხოების საშიშროება დღეს მოდის არა  სიტყვამრავალი რუნეტიდან და მით უმეტეს, დაკავშირებულია არა სამრეწველო შპიონაჟთან ან პროპაგანდასთან დასავლეთის მხრიდან, არამედ ასეთ გაუკუღმართებულ განწყობასთან ქვეყნის შიგნით და დღეს ჩვენთვის ასე საჭირო ტვინების გადინებასთან.
ესაუბრა სვეტლანა სუხოვა "

თარგმანი  05.28.17  MFL (C)
სარედაქციო













Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised