четверг, 20 сентября 2018 г.

პიროვნებისა და მასების მანიპულირება (ხელისუფლების მანიპულაციური ტექნოლოგიები ინდივიდისა და მასების ქვეცნობიერებაზე შეტევის განხორციელებისას)

პიროვნებისა და მასების მანიპულირება
(ხელისუფლების მანიპულაციური ტექნოლოგიები ინდივიდისა და მასების ქვეცნობიერებაზე შეტევის განხორციელებისას)

„მრავალი ნიშნის მიხედვით, საზოგადოების ცნობიერებით მანიპულირება ჰგავს უცხო ქვეყნის კარგად ორგანიზებული და შეიარაღებული არმიის მიერ წარმოებულ ომს უზარმაზარი სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ, რომელიც ამისთვის არ არის მზად. ზოგჯერ იმასაც კი ამბობენ, რომ ცნობიერებით მანიპულირება „საკუთარი ხალხის კოლონიზაციას“ ნიშნავს. ამ განსაკუთრებულ ომში თანდათანობით შეიქმნა შეიარაღების სისტემები და თანდათანობით,  ადამიანსა და მისი ქცევის შესახებ ცოდნის დაგროვების შესაბამისად, იქმნებოდა ცნობიერებით მანიპულირების დოქტრინები“ (ს.გ. კარა-მურზა)  [1].
„შემზარავი მთლიანობის მისაღებად ხშირად საკმარისია მრავალი წვრილი ფაქტის შეკრება, რომელიც ძალიან უბრალო და ბუნებრივი ჩანს, თუ მას ცალ-ცალკე განვიხილავთ“ (ა. ჟიდი)[2].

ნაწილი 1.
თავი 1. მანიპულირება, როგორც ინდივიდის ფსიქიკის მიდრეკილების ფაქტორი

უნდა აღინიშნოს, რომ ინდივიდის ფსიქიკა რეალურად უკვე თავიდანვე იყო განწყობილი გარკვეული სახის ამთვისებლობისადმი, რასაც სავარაუდოდ შეიძლება მანიპულირება ეწოდოს.
რა არის მანიპულირება? მანიპულირება არის ერთი ინდივიდის მეორეზე ზემოქმედება, როდესაც ეს უკანასკნელი პირველის ნებას ასრულებს.
მოთხოვნათა ფორმის საკითხი (ამ კონტექსტში ნება და მოთხოვნები ექვივალენტური ცნებებია) უკანა ფონზე გადადის, რადგან ეს საკითხი უნდა განიხილებოდეს ბევრად უფრო ფართო ასპექტში, ვიდრე ეს იგულისხმებოდა ან თავდაპირველად ჩანდა. უპირველეს ყოვლისა, ეს შესაძლებელი ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ მანიპულირებას ყველგან და ყოველთვის აქვს ადგილი. საზოგადოებაში ურთიერთობები შეუძლებელია მანიპულირების გარეშე. ამ შემთხვევაში მანიპულირება შენიღბული იქნება ერთი ადამიანის მცდელობით დაიმორჩილოს სხვა ადამიანი (ფსიქიკაზე ზეგავლენა დამორჩილების მიზნით). ამასთან, უკვე, როგორც მეორეხარისხოვან საკითხს, ჩვენ განვიხილავთ ინდივიდის ან ჯგუფის (მასების, ხალხის) ფსიქიკას. უბრალოდ, მასებში ფსიქიკის ტრანსფორმირება ხდება განსაკუთრებული გზით, იძენს ლებონის, ფროიდის, მოსკოვიჩის, კანეტის და სხვა მკვლევართა მიერ აღწერილ ფორმებს, რომლებიც შეისწავლიან მანიპულირების მეთოდების გავლენას მასებზე.
ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ აბსოლუტურად ნებისმიერი პირის ფსიქიკა ექვემდებარება გარედან მანიპულირებად ზემოქმედებას. (რამდენიმე გამონაკლისის გარდა: პროფესორი ს.გ. ყარა-მურზა, უპირველეს ყოვლისა, ასეთებს მიაკუთვნებდა ჩვეულებრივ ადამიანთა ფსიქიკას, ხოლო  პროფესორი ვ. მედვედევი იმ ადამიანთა ფსიქიკას, რომლებზეც არ განხორციელებულა მასობრივი კომუნიკაციების საშუალებების, და, განსაკუთრებით, ტელევიზიის ზემოქმედება; ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ ტელევიზია დღეს არის ინდივიდის ფსიქიკის კოდირების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საშუალება.)
ანუ ჩვენი ფსიქიკური აპარატი ისეა მოწყობილი, რომ ყოველთვის ვინმე ერთს  შეუძლია სხვების მართვა (შეუძლია და უნარიც აქვს) ამ უკანასკნელის მიდრეკილების გამო შეასრულოს გარედან მიღებული ბრძანება (ანუ ბრძანება, რომელსაც იღებს არა მისი ცნობიერებიდან, ან, უფრო სწორად, ქვეცნობიერებიდან, რადგან ნებისმიერი ბრძანება თავდაპირველად ყალიბდება არაცნობიერში, ქვეცნობიერაში, ხოლო მოგვიანებით გადაეცემა ცნობიერებას, და იქიდან უკვე ფსიქიკის „ყურადღებამდე მიდის“, არამედ გარე მანიპულატორისგან).
მსგავსი რამ შესაძლებელი ხდება მხოლოდ იმის შედეგად, როდესაც თავად ინდივიდი (ინდივიდთა უმრავლესობა) ასეთი მორჩილებით თითქოს ათავისუფლებს თავის ფსიქიკას ნევროზული დამოკიდებულებისგან.
განვიხილოთ აღნიშნული საკითხი უფრო დეტალურად.
ცნობილია, რომ თითქმის ყველა ინდივიდის ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ იძულებულია ყოველთვის ბალანსირებდეს ნევროზსა და ჩვეულებრივ, ნორმალურ მდგომარეობას შორის. ჩვენ ამ შემთხვევაში არ განვიხილავთ აბსოლუტურ ნევროტიკებს, რომლებიც რეალურად გაცილებით უფრო შესამჩნევი არიან, ვიდრე ამას გვაჩვენებს სათანადო პროფილის ექიმთან მიმართვის რაიმე სტატისტიკა. ექიმების გარეშეც ცნობილია, რომ თითქმის ყველა ადამიანის ფსიქიკა, გამონაკლისის გარეშე, ექვემდებარება სპეციფიკურ ზემოქმედებას, რომელიც იწვევს ნევროზისთვის დამახასიათებელ შესაბამის სიმპტომებს  (ფროიდის დროიდან განასხვავებენ ნევროზის სხვადასხვა ფორმას, როგორიცაა: ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (აკვიატებული მდგომარეობის ნევროზი), და სხვ.). ამ დამოკიდებულების მოსახსნელად (რომელსაც ეწოდება ნევროზული) ასეთი ინდივიდი იძულებულია დაემორჩილოს სხვის ნებას. და მაშინ სიმპტომი გაქრება. დაიწყება მდგომარეობის სტაბილური გაუმჯობესება. და გარკვეულწილად, ინდივიდისთვის ყველაფერი უარყოფითი გამოიხატება  მხოლოდ იმ ფაქტში, რომ იგი იძულებული გახდება დაუთმოს სხვა ინდივიდს  (შეასრულოს მისი ნება).
მაგრამ თუ საკითხს განვიხილავთ ფსიქიკაზე ზემოქმედების ასპექტში, აქ, თითქოსდა მისთვის უკეთესი მდგომარეობაა.
ინდივიდის ასეთ კონფრონტაციას საკუთარ ფსიქიკასთან აქტიურად იყენებენ მანიპულატორები. ისინი შეგნებულად ქმნიან დისბალანსს ფსიქიკაში (ამძაფრებენ სიტუაციას), შემდეგ კი სთავაზობენ გარკვეული სახის „წამალს“ (მათ მიერ ადრე გამოწვეული სიმპტომების მოსახსნელად). ეს შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა გზით. მაგრამ მართალია, რომ ყველა მათგანი ვრცელდება ინდივიდის არქეტიპული კომპონენტის ზემოქმედების სიბრტყეში. განვიხილოთ ეს პუნქტი უფრო დეტალურად. როგორ ხდება შესაძლებელი ასეთი ზემოქმედება?
უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავთ, რომ ადამიანის ფსიქიკის სტრუქტურაში მთავარი მნიშვნელობა ეძლევა არაცნობიერს. არაცნობიერშია ინდივიდის ნებისმიერი აზრის სათავე, აქ იბადება მისი სურვილები, რომლის ტრანსფორმირება შემდეგ ხდება უკვე ცნობიერების საშუალებით ქცევებსა და ქმედებებში. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ შემთხვევაში ცნობიერებას აქვს ქვემდგომი ფუნქცია, ანუ არაცნობიერს მთავარი როლი ეკისრება.
როგორ ხდება არაცნობიერის ჩამოყალიბება? ყველაფერი, რაც ერთხელ მოისმინა ან ნახა ინდივიდმა, ყველაფერი, რამაც მის მიღმა დარჩა (მისი თვალების, სმენის, შეხების ორგანოების ...) ილექება მისი ფსიქიკის არაცნობიერში. ამ შემთხვევაში სრულიად არ აქვს მნიშვნელობა  ხანდაზმულობის ვადას. ზოგჯერ, პირიქითაც ხდება: იმისათვის, რომ ქვეცნობიერში მოხდეს აღმოჩენილი ინფორმაციის გადამუშავება, დროა საჭირო.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ „რაღაცას“ (ქვეცნობიერში ჩანერგილ ინფორმაციას) შეუძლია უკვე მეორე დღეს გამოიწვიოს აფეთქება (იშვიათად ხდება უფრო ადრე), შეიძლება წლები გავიდეს ან თუნდაც ათწლეულები [3].
ამ ფაქტის მნიშვნელობა განსაკუთრებით არსებითია, რადგან პირდაპირ გავლენას ახდენს ფსიქიკის მანიპულირებაზე. და მართლაც, თითქმის მთელი  ფსიქოლოგია მთლიანად ეყრდნობა მას. და, რა თქმა უნდა, აქ არის მანიპულირების საიდუმლოების გასაღები, ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანის გაკონტროლების საიდუმლოება. რადგან მანიპულირების უმთავრესი წესია ზემოქმედება მოახდინოს მეორე ინდივიდის ქვეცნობიერებაზე ისე, რომ მან შეასრულოს თქვენი ბრძანება (თქვენი შენიღბული სურვილი), ამავე დროს მას სჯერა, რომ თავად აკეთებს ამას, საკუთარი ნებითა და სურვილით.
როგორ არის ამის გაკეთება შესაძლებელი? მრავალრიცხოვან საშუალებებს შორის არის ერთი, ის თითქოს არ უტოვებს შანს ინდივიდს, რომელზეც ხორციელდება მანიპულაციური ზემოქმედება, არ დაემორჩილოს მანიპულირებას. ასეთი ზემოქმედება შესაძლებელი ხდება იმიტომ, რომ თავდაპირველად ხორციელდება ზემოქმედების პროვოცირება ასეთი ინდივიდის რომელიმე ძირითად ინსტინქტზე (მაგალითად, შიშზე). შემდეგ კი მანიპულატორი გვიჩვენებს თავიდან  აცილების ხერხს იმისა, რამაც გამოიწვია ფსიქიკაში მსგავსი ნეგატივი (და ფსიქო-ნევრო-პათოლოგიური სიმპტომების განვითარების დაწყება).
ეს ხერხი, როგორც წესი, უტყუარად მუშაობს. მაგალითად, თქვენ შეიძლება პირველად მოგათავსონ საკანში, ცემით დაგემუქრონ და ა.შ., დაელოდონ, როცა თქვენი ემოციური მდგომარეობა უკიდურეს ზღვარზე აღმოჩნდება. შემდეგ კი მოვა ვინმე, ვინც თქვენ გადაგარჩენთ, და დაემუქრება მათ, ვინც შეურაცხყოფა მოგაყენათ. თქვენი სურვილის საწინააღმდეგოდ, თქვენ ამ ადამიანის მადლიერი იქნებით. ეს, ასე ვთქვათ, რაც კერძო მასშტაბით ხდება.
აქ კი მოვიყვან მაგალითს ქვეყნის მასშტაბით.
პირველ რიგში, ხელისუფლება მედიის საშუალებით ვითარების ესკალაციას გამოიწვევს, ყოველმხრივ გააშუქებს ტერორიზმის საფრთხეს. და შემდეგ (როდესაც ე.წ. საზოგადოებრივი აზრი იქნება სათანადოდ მომზადებული) - გამოაცხადებს საგანგებო ზემოქმედების ღონისძიებების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ტერორისტული აქტების თავიდან აცილებას. ამ კალკით უკვე შესაძლებელი იქნება ნებისმიერი გამკაცრების შემოღება, დაწყებული სატელეფონო საუბრების მოსმენებით (რომელიც ისედაც ისმინება; თუმცა ეს კეთდება შერჩევით, რობოტი-ავტომატი რეაგირებს საკვანძო სიტყვებზე, რომლის წარმოთქმის შემდეგ საუბრის ჩაწერა ავტომატურად ხდება), საბრალო გასტარბაიტერების მასობრივი დაპატიმრებებით და ქვეყნიდან დეპორტაციით დამთავრებული.
როგორც ჩანს, უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი ზემოქმედების საფრთხის მიმართ ადამიანები მიდრეკილი ხდებიან შედარებითი სტაბილურობის პერიოდში. როდესაც ფსიქიკა არ განიცდის შოკს გარკვეული დროის განმავლობაში. თითქოს ეჩვევა  მშვიდად ყოფნას. ისვენებს. და თუ ამ დროს მას დარტყმას მიაყენებენ, ამას ბევრად უფრო მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვება, ვიდრე მანიპულაციური თავდასხმის განხორციელებას იმ დროს, როდესაც ინდივიდის ორგანიზმი (პირველ რიგში, მისი ფსიქიკა, მისი ემოციური მდგომარეობა) თითქოს გაღიზიანებულ მდგომარეობაშია. გახსოვთ ეს სიტყვები: „პროლეტარიატს არაფერი აქვს დასაკარგი ბორკილების გარდა“? ამავე დროს ინდივიდი, რომელსაც აქვს რაღაც, ყოველთვის ქვეცნობიერად შიშობს მის დაკარგვას. ეს მის ბუნებაშია ჩადებული. ბუნების შესახებ საუბრისას ჩვენ უნდა ანგარიში გავუწიოთ იმ ფაქტს, რომ პრაქტიკულად ყველა, გამონაკლისის გარეშე, ინდივიდს, აქვს საერთო სტრუქტურა, ხოლო ინდივიდის ქცევა შედგება ფსიქიკის მექანიზმებისგან, რომლებიც რეაგირებენ ნებისმიერ გარემოებაზე. სწორედ ასეთი რეაქციის გამოვლინების ზოგად ბუნებას აქვს მსგავსი მიმართულება და თითქმის არ არის დამოკიდებული პიროვნების ხასიათზე. თავად ინდივიდის ხასიათიც კონკრეტულ სოციალურ გარემოში ინდივიდის მყოფობის შედეგად ყალიბდება. ამიტომაცაა, რომ ძირითადად ყველა ინდივიდის ფსიქიკა მსგავსია და აქვს გარკვეული განსხვავება, რაც ძირითადად აიხსნება განსხვავებული აღზრდით ან გარკვეულ სოციალურ პირობებში ყოფნით.
როდესაც წამოიჭრება ფსიქიკის მანიპულირების საკითხი, უეჭველად ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ ფსიქიკით მანიპულირების ფაქტორის განსაზღვრა არც ისე ადვილია. ინდივიდის ფსიქიკა ყველაზე ხშირად ამჩნევს იმას, რაც მანამდე მასში იყო ჩადებული (გავრცელებული) აკვიატებული (ხშირად საზოგადოებით, ანუ კულტურული მემკვიდრეობის სისტემის) სტერეოტიპებით. ამავე დროს ის, რაც უკვე ამოვარდნილია ჩვენს მიერ მონიშნული რეალობის გაგების ჩარჩოებიდან, უკვე თითქმის არ განისაზღვრება ფსიქიკით. არ არის განსაზღვრული, უპირველეს ყოვლისა, არაცნობიერით. ამავე დროს, უნდა ითქვას არაცნობიერის როლის შესახებ იმის გამომწვევ მიზეზებში, რომ ჩვენი ცხოვრების ბევრი მომენტი პოელობს ცხოვრებაში ასახვას სწორედ ფსიქიკაში წინასწარი ასახვის მეშვეობით, რომ გარკვეული გარემოებების შედეგად ინფორმაცია ქვეცნობიერიდან აღწევს (შეუძლია შეაღწიოს) ცნობიერებაში, და შემდეგ უკვე გასაგები ხდება სხვებისთვის (უპირველეს ყოვლისა, მსგავსის აღქმის გზით ინდივიდის სხვადასხვა ორგანოების მიერ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან კონკრეტული ინდივიდის ცალკე ფსიქიკის ურთიერთობაზე გარე სამყაროსთან).
თუ დავუბრუნდებით ფსიქიკით მანიპულირების საკითხს, ყურადღება უნდა მივაქციოთ ისეთ ფაქტს, რომ ასეთი მანიპულირების უხილავი ხასიათი ხშირად წარმოადგენს მსგავსი მანიპულაციის დასაშვებობის მიზეზს. თავისი ბუნებით ადამიანთა უმრავლესობას (აქ შეიძლება შეამჩნიოთ გარკვეული ისტორიული მემკვიდრეობა ცივილიზაციის გავლენის კონტექსტში) გააჩნია ნდობის გამოხატვის მიდრეკილება გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე ეს შეიძლება წარმოვიდგინოთ. და ამ გარემოებაზე თითქოს დადებით გავლენას ახდენს მთელი რიგი ფაქტორი, რომელიც წარმოიშვა ინდივიდის ფსიქიკის სტრუქტურაში. გარკვეულ შემთხვევებში, დროის გარკვეული მონაკვეთის შემდეგ (როგორც წესი, ხშირად ქაოტურად ჩნდება და არ არის ადრე დაგეგმილი), იქმნება ისეთი ვითარება, რომ ინდივიდი განსაკუთრებით მიდრეკილი ხდება გარე გავლენის მიმართ. მომდევნო ზემოქმედების შედარება ზოგჯერ არ შეესაბამება არც მასშტაბებით და არც ფსიქიკაზე მომხდარი ზემოქმედებით იმას, რაც მანამდე არსებობდა. საკმაოდ გონივრულია იმის ვარაუდი, რომ, თუ ჩვენ განვიხილავთ ზრდასრული ადამიანის ფსიქიკას, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს უკვე ჩამოყალიბებული ფსიქიკის გარკვეულ მახასიათებლებთან, რომელსაც აქვს უმეტეს შემთხვევაში კონსტანტური ფორმა (კონსტანტა ნიშნავს მუდმივ სიდიდეს), და, რაც უკვე დაზუსტებულია, - ადრე უკვე გარკვეული სახით ახდენდა გავლენას, როგორც ფსიქიკაზე, ასევე ფსიქიკით განხორციელებულ ქმედებებზე (ყველა ჩვენი ქმედება არის გავლენა იმ ტენდენციისა, რომელიც არსებობს ფსიქიკის არაცნობიერში. ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რომ ინდივიდის არაცნობიერში ინახება აბსოლუტურად ნებისმიერი და სრული ინფორმაცია, რომელთანაც მას ოდესმე ჰქონია შეხება. ცნობიერების მიერ შეუმჩნეველი ფიქსაციის მიუხედავად, ის მთლიანად შემოინახა და ადგილი დაიმკვიდრა  ქვეცნობიერში, რათა შემდეგ აისახოს ცნობიერებაში ან დროებით დარჩეს არაცნობიერში. ის რომ არ ქრება, ეს ფაქტი შენიშნა ფროიდმა და დაადასტურეს ფროიდის მიმდევრებმა).
დავუბრუნდეთ ფსიქიკით მანიპულირების საკითხს და ყურადღება გავამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ ასეთი მანიპულირება ხორციელდება არა მხოლოდ ყველგან და ყოველთვის, არამედ უმეტესად ატარებს არაცნობიერ ხასიათს, თუ ჩვენ განვიხილავთ ინდივიდებს შორის კომუნიკაციის საკითხებს (ინდივიდი - ინდივიდი, ინდივიდი - მასა [4], მასა - მასა) ყოველდღიურ ცხოვრებაში.[5]  სავარაუდოდ, ეს დაკავშირებულია სახეობების გადარჩენის ზოგად თეორიასთან (იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ადამიანი ისეთივე სახეობაა, როგორც სხვა ცხოველი), და ვრცელდება სიბრტყეში, სადაც ერთი თრგუნავს მეორეს, ამყარებს საკუთარ ძალაუფლებას, მოჩვენებით სიდიადეს, და ქმნის სხვა მომენტებს, რომლებიც სიმბოლიზირებენ ასეთი ინდივიდის გონებაში ძალაუფლების და ძალის დემონსტრირებას. იმის გათვალისწინებით, რომ ძალაუფლება და ძლიერება არის გადარჩენის გზა. თქვენ თუ არ აჯობეთ, მაშინ თქვენ გაჯობებენ. თუ არ აჩვენებთ ძალას, სხვები შეეცდებიან თქვენს გადასანსლას. შიშით ჯობია თქვენი ეშინოდეთ  (შიში - როგორც სიფრთხილე), ვიდრე თქვენ განიცდიდეთ შიშის გრძნობას (ვინმეს მიმართ). რადგან თუ თქვენი ეშინიათ, ე.ი. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დაიცვათ თავი შემთხვევითი ან არაშემთხვევითი თავდასხმის მცდელობისგან, და აქედან გამომდინარე, გაქვთ შესაძლებლობა გააგრძელოთ თქვენი საქმიანობა და არ გქონდეთ მისი შეწყვეტის ან დასრულების შიში გარეშე ჩარევის შედეგად. ეს ყოველთვის ყოფილა მნიშვნელოვანი, და შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, 21-ე საუკუნეში, როდესაც საყოველთაო გლობალიზაციამ მნიშვნელოვნად გაამარტივა ადამიანის გადარჩენა ბუნების პირობებში, რაც იმის მანიშნებელია, რომ ადგილი აქვს მისი კუნთოვანი ენერგიის ზოგად არასათანადო გამოყენებას. ეს კი მომავალში იწვევს გარკვეულ ქაოსს ცნობიერებაში (და ცხოვრებაში; ცხოვრება - როგორც ცნობიერების პროექცია), და უკვე გარკვეული სახით ხდება მისი ტრანსპორტირება ინდივიდის და მის გარშემო მიმდინარე ცხოვრებაში.
ამიტომ ხომ არ ხდება, რომ (ფიზიკური ენერგიის ხარჯვის ნაკლებობის და სტრესის მიმართ მიდრეკილების გამო) თანამედროვე ადამიანის ფსიქიკაში გაცილებით მეტად შეინიშნება აგრესიულობის ფაქტორი, რომელიც წარმოიქმნება იმ ფსიქიკური ენერგიის რეალიზაციის ნაკლებობის გამო და ადრე იხარჯებოდა ბუნების სტიქიასთან ან მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში.
სხვათა შორის, მტრის თემა შეიძლება ძალიან საინტერესო აღმოჩნდეს, რადგან ადამიანის არსებობის მანძილზე (ბიბლიური დროიდან დაწყებული), ყოველთვის არსებობდნენ მტრები ზოგიერთი ინდივიდის სხვების მიმართ დამოკიდებულებაში. რას წარმოადენს მტერი? მტერი წარმოადგენს საფრთხეს. არსებობის საფრთხეს, გადარჩენის საფრთხეს, ზოგადად სიცოცხლის საშიშროებას.
და აღმოჩნდება, რომ საზოგადოების მასშტაბები, როგორც ეს წარმოდგენილი ჰქონდათ თომას მურს და შემდგომ მარქსს თავის სწავლებაში (კომუნიზმი, როგორც სოციალიზმის უმაღლესი ფორმა და უტოპია, როგორც საზოგადოების ოპტიმალური, თუმცა მთლად არ შესაძლებელი მოდელი), გარკვეულწილად ერთმანეთის მსგავსია. და, რაც ყველაზე მთავარია, არც ერთსა და არც მეორეში არ უნდა ყოფილიყვნენ  მტრები. ალბათ, გულისხმობდნენ, რომ იმ დროისთვის მტრები განადგურებულები იქნებოდნენ, ან მაკარენკოს კომუნის მსგავსად, გარდაიქმნებოდნენ მშრომელებად. ამის დაჯერება, რა თქმა უნდა, ძნელი იყო, ამიტომ თითქოს საიმედოობისა და დანაშაულის სიმძიმისა და მიყენებული საერთო ზიანიდან გამომდინარე, მტრებს ან ანადგურებდნენ, ან ახლებურად აღზრდიდნენ გამასწორებელ-შრომით დაწესებულებებში (საერთო, გაძლიერებული, მკაცრი და სპეციალური რეჟიმების კოლონიებში).
იმ დროს, როდესაც მასობრივი დაპატიმრებები  აშკარად გამოიწვევდა დესტაბილიზაციას საზოგადოებაში (და ქაოსს ნარინჯისფერი და ხავერდოვანი რევოლუციების მაგალითზე, რომელიც მოხდა ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში), ხელისუფლება (ხელისუფლება, როგორც მასების ძირითადი და მთავარი მანიპულატორი; მასები = ხალხს) იყენებს თავის დროზე ფროიდის მიერ აღწერილ და ვლადიმერ მედვედევის მიერ დეტალურად განხილულ კონტროლის მეთოდს, ანუ ქმნის მტრის სახეს. და არ აქვს მნიშვნელობა ასეთ შემთხვევაში ვინ ითამაშებს მტრის როლს. ეს შეიძლება იყოს იმპერიალისტები (როგორც საბჭოთა კავშირის დროს),  ტერორისტები (როგორც დემოკრატიის დროს), და, საერთოდ, თუ არ იქნება ვინმე, ვისაც დააბრალებენ რეპრესიული ზომების მიღების აუცილებლობას, მას გამოიგონებენ. (გაიხსენეთ მაიაკოვსკი: თუ ვარსკვლავებს ანთებენ, ე.ი. ეს ვიღაცას სჭირდება.)
ამ შემთხვევაში, მტრების არსებობა, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, სრულიად გამართლებულია, თუ განვიხილავთ მათ, როგორც საზოგადოების საერთო მობილიზაციის და ზრდის ფაქტორს, მათ შორის სამეცნიერო ტექნოლოგიების მეშვეობით (როგორც ზოგადი განახლების, კერძოდ, ასევე  პროგრესზე გავლენის გზით). რადგან ცნობილია, რომ სწორედ ომი (და თავდასხმის ზოგადი საშიშროების საფრთხე) ყოველთვის, ყველა დროში იყო პროგრესის ლოკომოტივი. მთელ მსოფლიოში ეს ასე იყო. მხოლოდ საშიშროება, საფრთხე, მტრის მიერ დამონების შიში სტიმულს აძლევდა ინდივიდებს შეექმნათ ისეთი ტექნოლოგიები, როგორიც არ ჰქონდა მოწინააღმდეგეს. მაგალითად, საბჭოთა კავშირის დროს ასეთი მტერი (სავარაუდო მტერი) იყო ამერიკის შეერთებული შტატები, ხოლო აშშ-სთვის - საბჭოთა კავშირი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ხალხის მტრების ღალატის შედეგად, ორიენტირებმა დასავლეთში გადაინაცვლა ისლამური ქვეყნებისკენ, გამოგონილ უსამა ბენ ლადენთან ერთად (უსამა ისევე შევიდა ამერიკელთა ქვეცნობიერებაში, როგორც ბაბა იაგა და უკვდავი კაშჩეი რუსების არაცნობიერში). პოსტსაბჭოთა რუსეთში ასევე არსებობდა ორიენტირები ხალხის მტრების მოსაძებნად. უფრო მეტიც, დასავლეთის შესაძლო აგრესიის გლობალურმა მასშტაბებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მესამე სამყაროს ქვეყნებზე გადაინაცვლა. მაგრამ, რუსეთის საგარეო უწყება აშკარად მიუთითებს ე.წ. ოფიციალურ მტრებზე (ისლამისტი ტერორისტები), ამავე დროს სამოქმედო ხასიათი (თვითმფრინავები საზღვრის გასწვრივ, ბირთვული ქობინის მქონე რაკეტების დემონსტრირება და ა. შ.) ნათლად გვიჩვენებს, რომ რეალურ საფრთხეს ელოდება იგივე ამერიკის შეერთებული შტატებისგან, ან ანტანტის ყოფილი ქვეყნებისგან (ბრიტანეთი ტრადიციულად ფლაგმანის როლშია საბჭოთა კავშირთან-რუსეთთან დაპირისპირებაში, დაწყებული ლიდერობით ანტანტის ბლოკში გასული საუკუნის დასაწყისში, და დამთავრებული პოლიტიკური თავშესაფარის შეთავაზებით რუსი ხალხის მტრებისთვის უკვე დღეს).
ფსიქიკით მანიპულირების საკითხის განხილვისას ჩვენ ასევე უნდა გამოვყოთ მანიპულირების შესაძლებლობის ისეთი უცილობელი ნაწილი, როგორიცაა ინდივიდების დამორჩილების სურვილი.
რას ნიშნავს დამორჩილება? ზოგადად, ეს არის სხვათა ნების შესრულება. ცალკე საკითხია: ნება შეიძლება იყოს ბოროტი ან კარგი, სხვა ინდივიდის ნება-სურვილის (ბრძანების) შესრულება შეიძლება იყოს გაცნობიერებული, ან დამორჩილება არაცნობიერი. ისევე, როგორც ბრძანების  ნებაყოფლობითი ან იძულებითი შესრულება.
უკუვაგდოთ გარემოების ნებისმიერი დაძაბვა, რომელიც შესაძლებელია დაქვემდებარების პოზიციიდან გამომდინარე ბრძანების შესრულების შემთხვევაში. მანიპულირება ზოგადად ხდება შესამჩნევი (ან შეუმჩნეველი, უფრო მეტად შეუმჩნეველი, ან შესამჩნევია მხოლოდ ანალიზის შედეგად) მხოლოდ მაშინ, როდესაც მთავარი მოვლენა უკვე მოხდა. ამასთან ის, ვინც მანიპულატორის მანევრების შედეგად შეასრულა გარკვეული ქმედება, ხშირად ვერ ხვდება ამას. ეს არის მანიპულაციური ზემოქმედების ხელოვნება, როდესაც ჩვენ ფარულად ვაიძულებთ ვინმეს შეასრულოს ჩვენი ბრძანება, მაგრამ ის, ვინც ამას ასრულებს, გულწრფელად სჯერა, რომ ინიციატივა მას ეკუთვნის. აქ ნამდვილად იმალება მანიპულაციური მეთოდების გამოყენების საიდუმლოება და მთავარი უპირატესობა უბრალოდ ძალისა და დაქვემდებარების ტექნოლოგიების წინაშე, მაგალითად, სასჯელის შიშით (მანიპულირების შედეგად შიში ასეთიც შეიძლება იყოს, მაგრამ ამ სახით, ტოტალიტარიზმის გამოვლინებისგან განსხვავებით, მის შესახებ აშკარად არ არის საუბარი, და იგი მხოლოდ იგულისხმება; ანუ ჩვენს წინაშე უმეტესად არის შიში რაღაც ფანტომის წინაშე; რაც ჯერ კიდევ რეალურად არ არსებობს, მაგრამ აუცილებლად წარმოიქმნება, თუ მანიპულატორის ნება არ იქნება შესრულებული).
მანიპულაციების განხორციელების საკითხში ჩვენ თითქოს უნდა ვსაუბრობდეთ იმის შესახებ, რომ  მანიპულატორი თავად თავის მანიპულაციებს არ აღიარებს და ზოგჯერ საკუთარ თავსაც არ გამოუტყდება ამაში. ანუ, მას ესმის, რომ სხვა ინდივიდები ასრულებენ მის გარკვეულ მოთხოვნებს, მაგრამ მიანიშნებს, რომ ეს მისი მოთხოვნა კი არ არის, არამედ თხოვნაა (თუმცა, არსებითად, ერთი მეორეს არ ცვლის; როგორც ამბობენ, მთავარია თავად ფაქტი); და მისი ასეთი გაგება ხშირად უფრო გაუცნობიერებულია (რადგან, თუ წარმოვიდგენთ, რომ მსგავსი რამ ხდება ცნობიერებაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს წინაშე, როგორც მინიმუმ, ნამდვილი არამზადაა). და საერთოდ, მანიპულატორები მანიაკებივით არიან: მათ აქვთ სასიამოვნო გარეგნობა, შემპარავი ხმა, მთელი თავისი იერით თითქოს თავისკენ განაწყობენ ადამიანს ... მაგრამ უფრთხილდით მათ. ისინი ცხვრის ტყავში გადაცმული მგლები არიან. როგორც კი თქვენგან თავისთვის აუცილებელს მიიღებენ, შეიძლება  საერთოდ გაქრეს მათი მანერები. და თუ გაქვთ „გაგების“ გაგრძელების იმედი, -  ძალიან ცდებით. უმეტეს შემთხვევაში, მანიპულატორები სწრაფად წყვეტენ კონტაქტებს, და თქვენ მათ აღარ აინტერესებთ (თუ, რა თქმა უნდა, თქვენ აღარ გაქვთ ის, რაც მანიპულატორებს სჭირდებათ).
ზოგადად,  როდესაც მანიპულაციების შესახებ ვსაუბრობთ, ჩვენ, ნებსით თუ უნებლიეთ ნამდვილად უნდა აღვძრათ ნდობის საკითხი. ის, როგორც არც ერთი, ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მჟღავნდება. ამასთან თავად მანიპულაციის ფაქტის აღმოჩენა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უცბად არ ხდება. ალბათ უნდა გაიაროს საკმარისად ხანგრძლივმა დრომ, სანამ ნათელი გახდება რაღაც ისეთი, რაც ჩვენ ოდესღაც დავკარგეთ. დანაკარგი, ტყუილი, სიცრუე - ეს არის მანიპულირების ერთ-ერთი ნიშანი. თუ რამე უბრალოდ აიღეს და წაგართვეს (ძალით) - ეს არ არის მანიპულირება. თუ თქვენ რამე გაეცით, და თითქმის თხოვდით კიდეც, რომ აეღოთ, - ეს უფრო ჰგავს მანიპულირებას. ყოველ შემთხვევაში მანიპულატორები ამ გზით მოქმედებენ. ისინი არ იტყვიან, რომ ეს (ის, რაც გაქვთ) მათ სჭირდებათ. მაგრამ მთელი თავისი იერით, სიტყვებით, ქმედებებით (ჩვევებით და ა.შ.), ისინი ისე მოიქცევიან, სანამ არ მიხვდებით, რომ მათ სჭირდებათ ის, რაც თქვენ გაქვთ.
მათ შეუძლიათ ისე მოიქცნენ (სიტუაციიდან გამომდინარე), რომ თქვენ ერთი წუთითაც  კი არ მოგეჩვენებათ თქვენთვის საჭიროდ ეს ნივთი (საგანი, საქციელი) .
ეს წამი საკმარისი იქნება ადამიანის იერის მქონე მტრებისთვის. ისინი დაავლებენ ხელს მას, რაც უნდოდათ, და გაიქცევიან. თქვენ მათ ვერ დაეწევით, გაგიჭირდებათ, რადგან ისინი საშიში ადამიანები არიან, და შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში უმჯობესი იქნება მივცეთ მათ, რაც უნდათ, და არ გადავიკიდოთ ისინი. იმიტომ რომ თქვენი მოტყუება ასეთ შემთხვევაში იქნება გარანტია იმისა, რომ გარკვეული დროით (თუ ბედმა გაგიღიმათ - სამუდამოდ) ეს მანიპულატორები თავს აგარიდებენ  (პირველ რიგში, იმის გამო, რომ ნებისმიერი ინდივიდის ფსიქიკაში დროთა განმავლობაში არაცნობიერად გეჩვენებათ ის, რაც მანამდე გაცნობიერებული გქონდათ). თქვენთვის, ალბათ, ასეთი გარანტია არის ის, რაც გჭირდებათ. სხვა შემთხვევაში უფრო ფრთხილად იქნებით. თუმცა, ალბათ, არა. მაგრამ, რაც ნამდვილად დაზუსტებულია, მანიპულატორები ასე მარტივად ვერ შეძლებენ თქვენს შეცდომაში შეყვანას. მათი სქემები კი უნდა იყოს მნიშვნელოვნად სახეშეცვლილი. იქ კი, სადაც სირთულეა, შეცდომაც არის შესაძლებელი. და თუ შეცდომაა, მაშინ არსებობს ალბათობა იმისა, რომ თქვენთვის ნათელი გახდება მათი განზრახვა. და თავიდან აიცილებთ თაღლითობას. ამით საკუთარ თავსაც გადაარჩენთ, და, თუ გაგიმართლად, სხვებსაც. თუმცა უნდა გახსოვდეს, რომ მანიპულატორები მუდმივად სრულყოფენ თავის ოსტატობას. რადგან, ხერხები, რომლებსაც ისინი იყენებდნენ, სხვებისთვის უკვე ცნობილი გახდა და, შესაბამისად, უკვე ვერ შეძლებენ მოქმედებას. მაგრამ ის, ვინც მსგავსი თაღლითობის გზას დაადგა, სხვების მოტყუების ხარჯზე, არ გამოსწორდება, დაიწყებს მიმიკრირებას, მოტყუების ახალი გზების ძებნას. იმიტომ, რომ ეს მისი ცხოვრებაა.

[1] ს.გ. კარა-მურზა. ჩვენ თავად ვითხრიდით საფლავს. „ჩვენი თანამედროვე“, N6, 1999
[2] ა. ჟიდი. ყალბი ფულის მჭრელები. მოსკოვი. 2007. გვ. 38-39
[3]  როგორც ცნობილია, ფროიდის ფსიქოანალიზი სწორედ იმ ფაქტზეა აგებული, რომ იგი ხედავდა ზრდასრულ ინდივიდთა ფსიქიკური ავადმყოფობის მიზეზს რომელიმე არარეალიზებული ბავშვობის კონფლიქტში (სიტუაცია, რამაც გამოიწვია კონფლიქტი ფსიქიკაში და შემდგომ განვითარდა ნევროზის სხვადასხვა სიმპტომებში).
[4] მასა, ბრბო, ამ კონტექსტში, ერთი და იგივეს ნიშნავს.
[5] თითქოს ჩვეულებრივი ცხოვრებისგან განსხვავებით - მანიპულირება მედიის საშუალებით.








The real bread is the words uttered by the breath of god which is ur spiritual/heavenly core/Self u can only find through touching ur shadow. only eating this bread u will aid u to move in rhythm with the rebirth the earth is making"


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised